საქართველოს ისტორია
საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში, რომლის ასაკი 1 800 000 წელია. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ. წ. II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა. ძვ. წ. VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ. წ. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია, ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზების, აფშილების, აბაზგებისა და სანიგების. განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.
VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებმა დაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888 წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.
XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა სამეფო. საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთში მეფობდა დავით ულუს შთამომავლები ხოლო მეორეში დავით ნარინის. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს მმართველობის დროს საქართველო კვლავ გაერთიანდა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა. ამას, შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ. XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო: სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანს, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ. 1633 წელს ქართლის მეფე ხდება როსტომ-ხანი, ამის შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთი ერთიანდება და დამოუკიდებელი ხდება ირანელებისაგან. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა.
1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეიერთა იგი რიგითი გუბერნიის სატატუსით. იმავე წლებში რუსეთის პროტექტორატი აღიარეს სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც, რასაც მოგვიანებით მათი სრული გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. 1918 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა (პირველი რესპუბლიკა). 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქვეყანაში შეიქმნა სამი ახალი პოლიტიკური ერთეული - აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა (1931 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
საქართველო პრეისტორიულ ხანაში
რედაქტირებაძვ. წ. V ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითურმა რევოლუციამ გამოიწვია დემოგრაფიული ზრდა, ჭარბი მოსახლეობა გადავიდა აღმოსავლეთით და აითვისა მანამდე სუსტად დასახლებული ტერიტორიები. არქეოლოგიური თვალსაზრისით ამ პერიოდს უწოდებენ „სიონის კულტურას“, რომლიც ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში გავრცელდა დღევანდელი ქართლისა და კახეთის ტერიტორიებზე. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში ჩნდება შულავერ-შომუთეფეს კულტურა. ძვ. წ. IV ათსწლეულის შუა ხანებიდან აღნიშნული კულტურები ჩაანაცვლა მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების შედეგად მოსახლეობა ბარში გაიზარდა და უფრო მჭიდრო გახდა. ნამოსახლარები ხშირად ჯაჭვისებურადაა განლაგებული ერთმანეთისგან 2-3 კმ-ის დაშორებით. ამ პერიოდის ნაოსახლარებია ქვაცხელები, ხიზანაანთ გორა, იმირის გორა. მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა იყო მიწათმოქმედება. ძვ. წ. III ათასწლეულში დაიწყო განვითარება მეცხვარეობამ, რაც აისახა თრიალეთის, ზურტაკეტის, ჯავახეთის ყორღანულ კულტურებში. გვიანი ბრინჯაო-ადრე ული რკინის ხანაში ჩამოყალიბდა ეთნოგრაფიული ქართლი, რომელიც შენარჩუნდა შემდეგ საუკუნეებშიც. ამავე დროს ჩამოყალიბდა ხევების სისტემა. ხევი წარმოადგენდა შემაღლებულ ბორცვზე განლაგებულ სოფელთა სოციალურ-ეკონომიკურ გაერთიანებას.
ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უკვე საუბრობდა ზანურ და სვანურ ენებზე. ამ დროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხური კულტურა. მისი ჩამოყალიბება დაიწყო ძვ. წ. XVI-XV საუკუნეებიდან. ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარების მაღალ დონეზე მეტყვებს კოლხური ცული და სხვა ნაკეთობები.
პირველი ქართული სახელმწიფოები
რედაქტირებაძვ. წ. XII საუკუნეში შეიქმნა პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი. ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის წარწერაში ნახსენებია ძვ. წ. XII საუკუნის შუაში მუშქებთან ბრძოლის ისტორიები. იმავე მეფის წარწერაშია ნახსენები დაიაენის (იგივე დიაოხის) მეფე საენი. დიაოხი იყო მდიდარი ქვეყანა, განვითარებული ბრინჯაოს მეტალურგიითა და მესაქონლეობით. დიაოხი ოთხი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ჯერ ასურეთს, შემდეგ კი ურარტუს, სანამ ამ უკანასკნელმა არ გაანადგურა. ძვ. წ. VI-VI საუკუნეებში დიაოხის დაცემის შემდეგ მოხდა მუშქების იმიგრაცია ჩრდილო–აღმოსავლეთ ანატოლიიდან სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
დიაოხის ჩრდილოეთი ნაწილები დაიკავეს კოლხებმა და ისინი დაუმეზობლდნენ ურარტუს. ძვ. წ. VIII საუკუნეში წარმოიქმნა კოლხეთის სამეფო. კოლხეთი იყო განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო მესაქონლეობითა და რკინის მეტალურგიით. ძვ. წ. VIII საუკუნეში მას ომი ჰქონდა ურარტუსთან. ამ დროს იხსენიება კოლხეთის დედაქალაქი ილდამუსა. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს მოხდა კავკასიაში სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები. ამ შემოსევების შედეგად კოლხეთის სამეფომ დაკარგა ჭოროხის აუზი. ძვ. წ. VII საუკუნეში ჩამოყავლიბდა ხალიბებისა და ხალდების სახელმწიფოებრივი გაერთიანებები, რომლებსაც ასევე ურარტუსთან ჰქონდათ საომარი ურთიერთობები. ძვ. წ. VI საუკუნეში ხალიბები შეცვალეს სასპერებმა. სასპერებს პირველად ასახელებს ჰეროდოტე, რომლის მიხედვით ისინი კოლხეთსა და მიდიას შორის მოსახლეობდნენ. ჩრდილოეთით მათი განსახლების არეალი აღწევდა შავ ზღვამდე.
კოლხეთის სამეფო
რედაქტირებაასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ძვ. წ. XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები „ათეულობით მეფეს“ (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ. ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან, როგორც ერთ გაერთიანებად. დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო. კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ, რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას. აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია, განსაკუთრებით - რკინის წარმოება. რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო. აქაური ქართველი ტომები მაგალითად ხალიბები, სახელგანთქმულები იყვნენ რკინის დამუშავებით.
კოლხეთის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები. ასევე თანდათანობით, ძვ. წ. XI-IX სს-ის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო. ძვ. წ. IX-VIII სს-ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებ.
ნაწყვეტი ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის პოემიდან „არგონავტიკა“:
„როდესაც იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ ... ისინი გააოცა მეფის გალავანმა, ფართო ჭიშკრმა და სვეტებმა, რომლებიც მწკრივად იყო აღმართული კედლის გარშემო. სასახლის თავზე, სპილენძის ქონგურებზე, ქვის კოშკი იდგა. იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლად დააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს. რომელთანაც მაღალი ამართული მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყო, ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა. ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან... ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთა დახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში. ამის გარდა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძის ფეხებიანი ხარები, რომელთაც სპილენძისვე ხახები ჰქონდათ, საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ. მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან... “
|
ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა ძვ. წ. VIII ს-დან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს ურარტუ, რომლის მეფემ სარდურ II-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია, დაიპყრო სამეფო ქალაქი „ილდამუსა“. ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხა, რასაც დაერთო ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე მეომარი ტომების - კიმერიელების, მოგვიანებით კი კასპიის ზღვის სანაპიროთი და დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შემოჭრილი სკვითების შემოსევები.
ძვ. წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურა მიდიელებმა. მისი მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადაასახლეს. ისინი თანდათან შეერივნენ იქ მცხოვრებ ქართველ ტომებს და მათ კულტურას და მეტყველებაში ბევრი საგულისხმო ელემენტები შეიტანეს.
ძვ. წ. VI საუკუნის განმავლობაში ბერძნენთა კოლონიზაციის პროცესი თანდათან შენელდა. გაძლიერებულმა ეტრუსკებმა, კართაგენმა, ეგვიპტემ და სპარსეთის იმპერიამ წერტილი დაუსვეს ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას. ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ახალშენი დააარსეს, მაგალითად ფაზისი (ქ. ფოთის მახლობლად), გიენოსი (ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია (ქ. სოხუმთან) აგრეთვე ბერძნული დასახლებები იყო ფიჭვნარში (ქობულეთის მახლობლად).
ბერძნებმა ახალშენები დააარსეს ასევე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (პანტიკაპეონი, ოლბია, ქერსონესი, და სხვა). ხშირად ბერძნები ადგილობრივ მოსახლეობას იპყრობდნენ, მაგრამ კოლხეთში ყველაფერი პირიქით მოხდა, მათ არა თუ ვერ შესძლეს კოლხებზე თავიანთი გავლენის მოხდენა, პირიქით ისინი მოექცნენ კოლხების გავლენის ქვეშ.
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნული ახალშენების გარდა არაერთი ქალაქი იყო. არქეოლოგებმა დღევანდელი ქალაქ ვანის, სოფელ დაბლაგომის და საირხეს ტერიტორიაზე გათხარეს იმდროინდელი ნაქალაქევები. ასევე კოლხეთის დედაქალაქი იყო დღევანდელი ქუთაისის მახლობლად, რომელსაც კუტაიას ან კვატაიას სახელით იხსენიებდნენ. კოლხეთში ამ პერიოდში იჭრებოდა ფული, რომელსაც მეცნიერებმა კოლხური თეთრი შეარქვეს. საკმაოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი კოლხეთის პოლიტიკური ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობილების და სოციალური ურთიერთობების შესახებ. უდავოა, რომ ამ პერიოდში კოლხეთის სათავეში მეფე დგას, რომლებიც ბერძნების ცნობებით ლეგენდარული აიეტის შთამომავლები იყვნენ. კოლხი წარჩინებულები მკვეთრად განსხვავდებოდნენ უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობით ქვეყნის რიგითი მოსახლეობისაგან, ამას მოწმობს უხვი არქეოლოგიური მასალა, განსაკუთრებით სამარხისეული ინვენტარი. თუკი ერთ შემთხვევაში გვაქვს საზოგადოების რიგით წევრთა უაღრესად ღარიბი სამარხები, მწირი ინვენტარით, მეორე მხრივ გვხვდება ოქროს ინვენტარი და სხვა ძვირფასი ნივთები.
კოლხეთის სამეფო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც საბერძნეთთან, ისე წინა აზიაში, სადაც გაბატონებული მდგომარობა ეკავათ მიდიელებსა და სპარსელებს. ჰეროდოტე ახასიათებს რა წინა აზიის პოლიტიკურ მდგომარეობას, აღნიშნავს:
მიდია და სპარსეთი ამ პერიოდში უძლიერესი სახელმწიფოები იყვნენ და მათ გვერდით დამოუკიდებლად კოლხეთის არსებობა მის სიძლიერეზე მიუთითბს. ამას ისიც მოწმობს, რომ სპარსელებმა ვერ შესძლეს კოლხეთის სრული დაპყრობა და დახარკვა, კოლხები ნებაყოფლობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთს უგზავნიდნენ 100 გოგონას და 100 ბიჭს. როგორც ჩანს ეს ხარკი კი არა თავისებური კონტრიბუცია იყო. კოლხეთი ამ ვალდებულებას იღებდა მძლავრი მეზობლის სასარგებლოდ, რათა თავიდან აეცილებინა მისი აგრესია.
კიდევ უფრო მცირე ინფორმაციებია სასპერების შესახებ. როგორც ჩანს ეს აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანება იყო, რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყო განსახლებული. სამხრეთ-დასავლეთით იგი აღწევდა მდინარე ჭოროხსაც და მოიცავდა იმ უძველეს ოლქს რომელმაც დღემდე შემოინახა სასპერების სახელი - სპერი.
ქართლის სამეფოს წარმოქმნა
რედაქტირებაქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის შესახებ ქართულ საისტორიო მწერლობაში არსებობს ორი თვალსაზრისი. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ალექსანდრე მაკედონელმა მცხეთის მმართველად დატოვა არიან-ქართლის მეფის ძე აზო, რომელმაც არიან-ქართლიდან მცხეთაში მიიყვანა მდაბიოთა ათასი სახლი და მამამძუძეთა ათი გვარი, ასევე კერპები გაცი და გაიმი. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით აზონი იყო პირველი მეფე ქართლში, ხოლო ქართველები იბერიაში სხვა ქვეყნიდან, არიან-ქართლიდან მოსული ხალხია. მანამდე ამ ტერიტორიაზე ჰუნები ცხოვრობდნენ. არიან-ქართლი მეცნიერთა მოსაზრებით აქემენიდური ირანის XIX სატრაპიაა, სადაც მოსხები ცხოვრობდნენ.
ლეონტი მროველის მიხედვით ქართლის სამეფოს დამაარსებელია ფარნავაზ I. ლეონტი მროველი არ ახსენებს არიან ქართლს, აზო კი მისი ცნობით ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი იყო, რომელმაც დაიპყრო ქართლი და ეგრისი, შეავიწროვა ადგილობრივები, დახარკა ოსები, ლეკები და ხაზარები. აზოს დაუპირისპირდა მცხეთის მამასახლისის ძმისწული ფარნავაზი, რომელიც 3 წლის ასაკიდან მთიულეთში იყო გახიზნული.
ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ ფარნავაზს გააცნო აზოს წინააღმდეგ გამოსვლის გეგმა და შესთავაზა მას პირველობა. ფარნავაზმა დაიხმარა ლეკები და დურძუკები. ამისთვის მან ცოლად შეირთო დურძუკთა მეფის ასული. გამარჯვებულმა ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა. აზო კლარჯეთში გამაგრდა. ფარნავაზს მხარი დაუჭირა სელევკიდების მეფე ანტიოქოს I-მა, გაუგზავნა მას სამეფო ნიშნები და დაახმარა სომხეთის ერისთავები. გადამწყვეტ ბრძოლაში აზოს ჯარი დამარცხდა, ხოლო აზო მოკლეს.
ფარნავაზმა ქვეყნის მმართველობის მოსაწესრიგებლად სამეფო დაყო 8 საერისთავო: მარგვეთის, კახეთის, ხუნანის, სამშვიდლის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის და ეგრისის. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შექმნა ქართლის სასპასპეტო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპასპეტი — სამხედრო სარდფალი. საერისთავოს სათავეში მეფის მოხელე ერისთავი იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი, რომელთა მეშვეობით იკრიფებოდა „ხარკი სამეუფო და საერისთავო“.
ფარნაავაზმა გააშენა ქალაქი მცხეთა და სხვა ქალაქები. მცხეთის მნიშვნელობას განაპირობებდა სავაჭრო გზა, რომელიც ევროპას აკავშირებდა ინდოეთთან. მანვე შექმნა მთავარი ღვთაება - არმაზის კულტი, არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს. არმაზთან ერთად, რომელიც მთვარის ღვთაება იყო, შენარჩუნდა გაცის და გაიმის კულტი. ფარნავაზის შემდგომმა მეფემ საურმაგმა აღმართა აინინას კერპი, ხოლო მირიან I-მა დანინას კერპი. კერპების აღმართვას თან სდევდა ციხესიმაგრეების მშენებლობა. არმაზის კერპის სიახლოვეს აშენდა არმაზის ციხე, ხოლო მეფე ფარნაჯომმა აღმართა ზადენის კერპი და ციხე. ამ კერპებთან ერთად იბერიის სამეფოში გავრცელებული იყო მზის კულტიც.
ფარნავაზს ლეონტი მროველი ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართულის შემოღებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს. ქართლის სამეფომ ფარნავაზისა და მისი უშუალო მემკვიდრეების - საურმაგისა და მირიან I-ის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა. სამეფოს ფარგლები საკუთრივ ისტორიული ქართლის გარდა მოიცავდა, კახეთის დიდ ნაწილს, სამცხეს, ჯავახეთს, კოლა-არტაანს, კლარჯეთს, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს (აჭარას, არგვეთს, ეგრისს, სვანეთს). ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად შორაპნის და დიმნის ციხეები ააგო. ქართლი თავის გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა. ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები კავკასიონის ქედზე. ამ გადმოსასვლელების გამაგრებით დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც, რადგან აქედან მუდმივად მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე იყო. ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მმართველები კარგად იყენებდნენ.
„ოცდაშვიდი წლის გამეფდა და სამოცდახუთ წელს მეფობდა ნებიერად. და ემსახურებოდა ანტიოქოსს, ასურასტანის მეფეს... და ეს ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლში, ქართლოსისა ნათესავთაგანი. მან განავრცო ენა ქართული და იზრახებოდა სხვა ენა ქართლში, თვინიერ ქართლისა და შექმნა მწიგნობრობა ქართული. და მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს არმაზის კერპის წინ“
| |
.
საქართველო ანტიკურ ხანაში
რედაქტირებაურთიერთობები რომთან
რედაქტირებაძვ. წ. II საუკუნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოხდა ახლო აღმოსავლეთში, რამაც შეცვალა ქართული სახელმწიფოების სამხრეთ საზღვრებთან არსებული ვითარება. აღმოსავლეთით ექსპანსია დაიწყო რომის რესპუბლიკამ. იბერიის მოკავშირე სელევკიდების სამეფომ დაიწყო დასუსტება რომთან დამარცხების შემდეგ. მას გამოეყო და ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა პართია. შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო - მცირე სომხეთი და დიდი სომხეთი. ამ სამეფოებმა დასუსტებულ ქართლის სამეფოს წაართვეს ტერიტორიები, სტრაბონის მიხედვით ეს იყო ჭოროხის ხეობა, ტაო-კლარჯეთ-არტაანი და გუგარქი. ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ალბანეთის სამეფო.
დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ქართლისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული მეფით სათავეში. მას დაუმეზობლდა პონტოს სამეფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მითრიდატე VI ევპატორის მმართველობის დროს. მან დაიპყრო შავი ზღვის სანაპიროები, მათ შორის ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს და I საუკუნის დასაწყისში დაიპყრეო კოლხეთის ტერიტორიებიც. მითრიდატემ დაიწყო ბრძოლა რომის წინააღმდეგ. რომსა და პონტოს შორის პირველი ომი ძვ. წ. 89-84 წლებში მიმდინარეობდა. რომმა სულას მეთაურობით პონტოს სამეფო დაამარცხა. ძვ. წ. 83 წელს კოლხეთსა და ბოსფორში პონტოს საწინააღმდეგო აჯანყება დაიწყო. აპიანეს მიხედვით კოლხები მითრიდატეს სთხოვდნენ მისი შვილი, ასევე სახელად მითრიდატე დაენიშნა კოლხეთის მეფედ. მითრიდატე VI ჯერ დათანხმდა, თუმცა შემდეგში შვილი გაიწვია და სიკვდილით დასაჯა, მან ჩათვალა, რომ კოლხეთის აჯანყება მისი შვილის მიერ იყო დაწყებული.
რომის წინააღმდეგ მეორე ომში მითრიდატეს ეხმარებოდნენ ქართლის და ალბანეთის სამეფოები, ასევე სომხეთის მეფე ტიგრან II. რომაელთა სარდალმა ლუკულუსმა აიღო სომხეთის დედაქალაქი ტიგრანაკერტი. მითრიდატე მაინც აგრძელებდა ბრძოლას. რომის სარლად დაინიშნა გნეუს პომპეუს მაგნუსი. პომპეუსმა ძვ. წ. 66 წელს სასტიკად დაამარცხა პონტოელები მითრიდატე VI გაიქცა კოლხეთში, გამოიზამთრა დიოსკურიაში და შემდეგ გაემგზავრა ბოსფორში, საიდანაც ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ძვ. წ. 63 წელს იქვე თავი მოიკლა. გნეუს პომპესუი ჯერ დაიძრა სომხეთისკენ, სადაც ტიგრან II-მ დანებება ამჯობინა. ძვ. წ. 65 წელს პომპეუსი შეიჭრა ქართლში, სადაც ამ დროს მეფობდა არტაგ II. არტაგი კარგად ხვდებოდა, რომ ძალები უთანაბრო იყო და მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია რომაელთა უძლეველი არმიისთვის. ამიტომ მან პომპეუსს დესპანი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა. რომაელთა სარდალი ზავს არ დასთანხმდა და არმაზის ციხეს მიადგა. არტაგი გადავიდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და დაწვა მდინარეზე გადებული ხიდი, შემდეგ კი არაგვის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა. პომპეუსი არაგვის ხეობაში შეიჭრა და ტყეების გაკაფვა და გადაწვა დაიწყო. ამის შემდეგ არტაგი დანებდა, მან საჩუქრები და მძევლები გაუგზავნა პომპეუსს, დადო ჩრდილოეთ კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავების და რომისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა. ზავის პირობების თანახმად, ქართლში რჩებოდა მეფის ხელისუფლება. თავის მხრივ რომი ქართლის მიმართ არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდნენ. ქართლის სამეფო რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. რომის ვასალად იქცა კოლხეთისც, სადაც პომპეუსმა მმართველად დანიშნა ადგილობრივი წარჩინებული არისტარქე.
ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში მითრიდატე VI ევრპატორის შვილმა ფარნაკე II-მ სცადა ეარგებლა რომში არსებული სამოქალაქო ომით პომპეუსსა და იულიუს კეისარს შორის და მამის სახელმწიფოს აღდგენა სცადა. მან დაიკავა პონტო, კოლხეთი და მცირე სომხეთი. ძვ. წ. 47 წელს ზალესთან ბრძოლაში კეისარმა დაამარცხა ფარნაკე, რაც რომის სენატს სამი სიტყვით აცნობა veni, vidi, vici (მიველ, ვნახე, გავიმარჯვე). კეისარმა კოლხეთი მითრიდატე II პერგამონელს გადასცა. ძვ. წ. 37 წელს რომმა აღადგინა პონტოს სამეფო და მის მეფედ პოლემონ I დასვა. პონტოს სამეფოში შევიდა კოლხეთიც.
ძვ. წ. 36 წელს ქართლში შევიდა პუბლიუს კანიდიუს კრასუსი მარკუს ანტონიუსის დავალებით, რომელიც პართიის წინააღმდეგ ლაშქრობდა. ისტორიკოს კასიუს დიონ კოქცეიანუსის ცნობით რომაელებმა დაამარცხეს იბერების მეფე ფარნავაზ II და ალბანეთის მეფე ზობერი.
I საუკუნეში დიდი სომხეთი მნიშვნელოვნად დასუსტებული იყო და მის დასაუფლებლად რომის იმპერია და პართია ერთმანეთს ებრძოდნენ. ქართლი იყენებდა რომის მოკავშირეობას სომხეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და სამხრეთით საზღვრების გასაფათოებლად. ჩრდილოეთ კავკასიის გასასვლელების კონტროლი ქართლის სამეფოს დიდ უპირატესობას ანიჭებდა. 35 წელს დაიწყო შიდა აჯანყება პართიაში. მასში ჩაერია რომის იმპერატორი ტიბერიუსი. ქართლის მეფემ, რომელიც ტიბერიუსის მოკავშირე იყო, პართიის შემადგენლობაში მყოფ სომხეთში საკუთარი ძე მითრიდატე გაამეფა.
ქართლის მომდევნო მეფემ ფარსმან I-მა რომისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან სომხეთის უშუალოდ შეერთება სომხეთის სამეფო ტახტიდან მისი ძმის ჩამოგდება გადაწყვიტა. მან ამ მიზნით სომხეთში ვაჟი რადამისტი გაგზავნა, რომელმაც ბიძა დაამარცხა და ტახტი დაიკავა, მაგრამ რადამისტი დაამარცხა პართიის მეფემ. დამარცხებული და ქართლში დაბრუნებული რადამისტი ფარსმანმა მოაკლვევინა. ფარსმანის მოქმედებებმა სომხეთი რომს დააკარგვინა და ის კვლავ პართიას დაემორჩილა. სომხეთის დაბრუნება სცადა რომის იმპერატორმა ნერონმა, რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა ფარსმანი. სომხეთი საბოლოოდ პართიას დარჩა, თუმცა ფარსმანმა მოახერხა და ქართლს დაუბრუნა ჭოროხის ხეობა, ტაო-კლარჯეთ-არტაანი და გოგარენე. დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას აგრძელებდა ფარსმანის ძე მითრიდატე II. მან ჩრდილო კავკასიიდან გადმოიყვანა ალანები და ისინი სომხეთსა და პართიას შეუსია. ამისთვის რომის იმპერატორი ვესპასიანე მას არმაზციხის გამაგრებაში დაეხმარა.
63 წელს რომის იმპერიამ საბოლოოდ გააუქმა პონტოს სამეფო და ის პროვინციად აქცია. კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში რომაული გარნიზონები ჩადგა.
ქრისტიანობის გავრცელება
რედაქტირებაI საუკუნეში პალესტინაში გაჩნდა ახალი რელიგია ქრისტიანობა. ქრისტიანული სწავლება მოციქულების ქადაგების შედეგად გავრცელდა. იბერია მარიამ ღვთისმშობელის წილხვედრი გახდა, მაგრამ აქ ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა იქადაგეს. მოციქულთა ქადაგებამდე ქართლში უკვე ინახებოდა ქრისტეს კვართი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ქართლელმა ებრაელებმა, ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა მცხეთაში ჩაიტანეს. კვართი გულში ჩაიკრა ელიოზის დამ, წმინდა სიდონიამ, რომელიც კვართთან ერთად მცხეთაში დამარხეს.
ანდრია მოციქული ტრაპიზონის გავლით შევიდა და იქადაგა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და შავიზღვისპირეთში. მან დააარსა პირველი საეპიკოსპოსო აწყურში. ანდია მოციქულმა შემდგომში კიდევ ორჯერ იმოგზაურა და იქადაგა საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული წყაროების მიხედვით ანდრია მოციქულმა საქართველოში ჩაიტანა აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ღვთისმშობლის კვართი, მაცხოვრის ჯვრის ფიცრები სამსჭვალები და სხვა რელიკვიები. მასთან ერთად ქადაგებდნენ სვიმონ კანანელი და მატათა, რომლებიც საქართველოშივე არიან დაკრძალულნი. სხვადასხვა ცნობებით საქართველოში ქადაგებდნენ თომა მოციქული, ბართლომე მოციქული და თადეოზი (სამოცდაათთაგანი). ქრისტიანობა ქართლში სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხადდა, მაგრამ II-III საუკუნეების არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ამ პერიოდის ქართლში არსებობდა ქრისტიანული სამარხები და ცხოვრობდნენ ქრისტიანები.
II-III საუკუნეები
რედაქტირება113 წელს რომის იმპერატორმა ტრაიანემ პართიის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. მისი მოკავშირეები იყვნენ ქართლის მეფე მითრიდატე III და მისი ძმა ამაზასპი. ტრაიანეს მემკვიდრე ადრიანემ პართიასთან მშვიდობის დამყარება გადაწყვიტა. 128 წელს მან მცირე აზიაში ყოფნისას თავისთან მიიწვია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მეფეები და მმართველები, მათ შორის ქართლის მეფე ფარსმან II ქველი. ქართლი იმდენად გაძლიერებული იყო, რომ ფარსმანი იმპერატორთან არ გამოცხადდა. ამ დროისთვის ფარსმან ქველს დაპყრობების შედეგად გაფართოებული ჰქონდა საკუთარი ქვეყნის საზღვრები. მან დაიმორჩილა ძიდრიტები, რომლებიც მდინარე ჭოროხის სამხრეთით ცხოვრობდნენ, მოიპოვა გასასვლელი შავ ზღვაზე, დაიკავა არგვეთი.
134 წელს ფარსმანმა გახსნა დარიალის კარი, გამოიყვანა ალან-ოსთა მეომარი ტომები და რომისა და პართიის პროვინციებს შეუსია. რომისა და ქართლის დაძაბული ურთიერთობა მოწესრიგდა ადრიანეს სიკვდილის შემდეგ. ახალმა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ცნო ქართლის სამეფოს მიერ შავიზღვისპირა ტერიტორიების შეერთება. მან ფარსმანი რომში სტუმრად მიიწვია. ფარსმან II დიდი ამალით და ცოლ-შვილით ჩავიდა რომში, სადაც მონაწილეობა მიიღო დიდ ასპარეზობაში. იმპერატორმა ნება დართო ქართლის მეფეს კაპიტოლიუნმში მსხვერპლი შეეწირა, რაც დიდი პატივი იყო უცხოელებისათვის. ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება ომის ღმერთის, მარსის ტაძარში დაიდგა.
ფარსმან II-ის დროს იბერიის სამეფომ საკუთარი სიძლიერის ზენიტს მიაღწია. ქვეყნის სათავეში იდგა ფარნავაზიანების დინასტიის მეფე, მისი ხელისუფლება შეუზღუდავი იყო. მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სპასპეტი — უზენაესი მთავარსარდალი და მოსამართლე. სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობდნენ ქურუმები. არსებობდა ეზოსმოძღვრის, პიტიახშისა და ერისთავის თანამდებობები.
განსხვავებული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც პირდაპირი რომაული მმართველობა ხორციელდებოდა. II საუკუნის დასავლეთ საქართველო აღწერა კაპადოკიის მმართველმა ფლავიუს არიანემ, რომელმაც შემოიარა და აღწერა შავი ზღვის სანაპირო. მისი ცნობით რომაული გარნიზონებიდან ყველაზე დიდი, 5 კოჰორტა (დაახლოებით 3000 კაცი), იდგა გონიოს ციხეში. ამ დროს გონიოს ციხე უშუალოდ ესაზღვრებოდა იბერიის სამეფოს. ფასისში იდგა 400-კაციანი გარნიზონი, ხოლო სებასტოპოლისშიში ერთი კოჰორტა ცხენოსანი რაზმი. ფლავიუს არიანე ასახელებს II საუკუნეში დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ხალხებს: ძიდრიტები, ლაზები, აფშილები, აბაზგები, სანიგები. ამ ტომებს საკუთარი სამთავროები ჰქონდათ შექმნილი, რომელთა მთავრებს რომის იმპერატორი ამტკიცებდა.
III საუკუნეში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში. 224 წელს ფარსის პროვინციის ქურუმთა საგვარეულოს, სასანიანთა წარმომადგენელმა არდაშირ I-მა დაამარცხა უკანასკნელი პართიის მეფე არტაბან V და სათავე დაუდო სასანიანთა დინასტიას. სასანიდური ირანი პართიასთან შედარებით უფრო ცენტრალიზებული და მტკიცე სახელმწიფო იყო. თუმცა III საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფოს ირანი არ დამუქრებია, რადგან სასანიდი შაჰები საკუთარი ძალაუფლების გამყარებით იყვნენ დაკავებულნი. აქტიური საგარეო პოლიტიკა დაიწყო შაპურ I-მა, რომელმაც 260 წელს რომის იმპერატორი ვალერიანე დაამარცხა და დაატყვევა. სასანიდურმა ირანმა დაიპყრო სომხეთი. ქართლის მეფე ამაზასპ II-მ შაჰის ვასალობა აღიარა. III საუკუნის 80-90-იან წლებში ირანმა რომთან რამდენიმე მარცხი იწვნია. 298 წელს დადებული ნასიბინის ზავით ქართლზე პოლიტიკური გავლენა რომის იმპერიამ შეინარჩუნა, მაგრამ ირანს კავკასიაში გაბატონების მცდელობაზე ხელი არ აუღია და ახალი შეტევებისთვის ემზადებოდა.
ამავდროულად ძლიერდებოდა კრიზისი რომის იმპერიაში. მუდმივ სახელმწიფო გადატრიალებებს და აჯანყებებს თან ერთვოდა გერმანული ტომების თავდასხმები. III საუკუნის 40-იან წლებში რომმა ბოსფორის სახელმწიფო დატოვა და ბოსფორის ფლოტი გუთებმა ჩაიგდეს ხელში. 252 წელს გუთები თავს დაესხნენ პიტიუნტს, მაგრამ ქალაქის გარნიზონმა მათი დამარცხება შეძლო. ცოტა ხნის შემდეგ გუთებმა სცადეს ფასისის დარბევა, თუმცა დამარცხდნენ. ამის შემდეგ გუთები კვლავ პიტიუნტს დაესხნენ თავს და დაარბიეს ის. 258 წელს გუთებმა დაარბიეს ტრაპიზონი. დასავლეთ საქართველოში ამ დროს ძლიერდებოდნენ ლაზები, რაც მისაღები იყო რომისთვისაც, რადგან ლაზები რომის ფორპოსტის მოვალეობას შეასრულებდნენ და კავკასიონზე არსებულ გადმოსასვლელებს გააკონტროლებდნენ.
საქართველო IV-VIII საუკუნეებში
რედაქტირებაწმინდა ნინოს მოღვაწეობა
რედაქტირებაწმინდა ნინომ ქრისტიანობა საქართველოში IV საუკუნეში იქადაგა. წარმოშობით ის რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან, კაბადოკიიდან იყო. წმინდა ნინო საქართველოში ფარავნის ტბის მხრიდან შევიდა, იქიდან ურბნისში არმაზობაზე მოზეიმე ხალხს შეუერთდა და მცხეთაში ჩავიდა. აქ მან ნახა კერპების მსახური მეფე მირიან III. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით წმინდა ნინომ ლოცვით სთხოვა ღმერთს კერპების დამსხვრევა და ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა. მან გააქრისტიანა დედოფალი ნანა და მეფე მირიანი. ახლადგაქრისტიანებულმა მირიან მეფემ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. წმინდა ნინომ მცხეთაში, წმინდა სიდონიას დაკრძალვის ადგილას ააგებინა სვეტიცხოველი. ქართლში ეკლესიის პირველი მამამთავარი გახდა იოანე, რომელიც ქართლში ორ მღვდელთან და სამ დიაკონთან ერთად კონსტანტინე იმპერატომა გაგზავნა. წმინდა ნინომ და იოანემ ქრისტიანობა ქართლის მთიანეთსა და კახეთში იქადაგეს. კახეთში, ბოდბეში გარდაიცვალა წმინდა ნინო.
„წარვიდა წმინდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე და მათ თანა წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. მოვიდეს და დადგეს წობენს და მოუწოდეს მთიელთა, პირუტყვთა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყარელთა და უქადაგეს მათ რჯული ქრისტინეთა ჭეშმარიტი... ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება. მაშინ ერისთავმა მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა და ძლევით შემუსრა კერპი მათნი“
| |
(„ქართლის ცხოვრება“)
|
ამ პერიოდისთვის ეგრისის სამეფოში ქრისტიანობა უკვე კარგად იყო გავრცელებული. 325 წელს ქალაქ ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე. ქრიტიანობა მწიგნობრული რელიგია იყო. მისმა დამკვიდრებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ ქრისტიანულ კულტურას და მწერლობას.
საქართველო IV საუკუნეში
რედაქტირებაIV საუკუნის 30-იან წლებამდე ნისიბინის ზავი არ დარღვეულა. რომს აკმაყოფილებდა არსებული მდგომარეობა, რადგან გაქრისტიანებულ ქართლს მოკავშირედ მიიჩნევდა. მცირეწლოვანი სასანიდი შაჰი შაპურ II კი აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვერ ახორციელებდა. 325 წელს რომის იმპერიის დედაქალაქად კონსტანტინოპოლი გამოცხადდა. ამან რომის აღმოსავლური პოლიტიკა გაააქტიურა. მიუხედავად ამისა 330-იან წლებში შაპურ II-მ წამოიწყო ომი რომის წინააღმდეგ, რომელიც 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 363 წელს დადებული ზავის მიხედვით რომმა საბოლოოდ დაუთმო ირანს ხუთი პროვინცია, მათ შორის სომხეთი. სომხეთში შესულ ირანს ქართლის სამეფო დაუპირისპირდა. ირანელები ქართლში შეიჭრნენ, გადააყენეს რომის მოკავშირე მეფე საურმაგ II და მის ნაცვლად გაამეფეს ვარაზ-ბაკური. მცირე ხნით რომმა და ირანმა ქართლი გაიყვეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირი რომს, ხოლო მარცხენა ნაპირი ირანს ერგო. ეს დაყოფა მცირე ხანს გაგრძელდა. ირანმა ქართლზე კონტროლი დაამყარა და იქ ირანელი მოხელე პიტიახში დანიშნა. ქართლს ირანის სასარგებლოდ ხარკი დაეკისრა.
დასავლეთ საქართველოში ლაზთა მეფეებმა დაიმორჩილეს აფშილები, სანიგები და აბაზგები, ქართლს წაართვეს არგვეთი და ფაქტობრივად დაიკავეს მთელი დასავლეთ საქართველო. ამ სამეფოს ბიზანტიელი ისტორიკოსები ლაზიკას, ხოლო ქართველები ეგრისს უწოდებდნენ. ეგრისი ფორმალურად ინარჩუნებდა რომისადმი მორჩილებას, იცავდა კავკასიონის გადმოსასვლელებს, რაც საკუთრივ ეგრისის ინტერესებშიც შედიოდა.
ვახტანგ გორგასალი
რედაქტირებაV საუკუნის I ნახევარში სასანიანთა ირანმა გააქტიურა დამპყრობლური პოლიტიკა. 428 წელს ირანმა გააუქმა მეფობა სომხეთში. იეზდიგერდ II-მ დაიწყო კავკასიაში ზოროასტრიზმის გავრცელება. მან ამ მიზნით დაიბარა კავკასიის ქვეყნების დიდებულები, მათ შორის ქართლის პიტიახში არშუშა. არშუშა შაჰმა მძევლად დაიტოვა, ხოლო კავკასიაში გაგზავნა მოგვები ზოროასტრიზმის საქადაგებლად და ქრისტიანული ტაძრების დასანგრევად. ამას სომხეთსა და ალბანეთში 450-451 წლებში დიდი აჯანყება მოჰყვა. ქართლში აჯანყებას სათავეში არავინ ჩადგომია, რადგან გავლენიანი ქართველი დიდაზნაური არშუშა შაჰის მძევალი იყო. 451 წელს გაიმართა ქალკედონის საეკლესიო კრება, რომელმაც ერთადერთ ჭეშმარიტ რწმენად დიოფიზიტობა აღიარა. ქართლსა და აღმოსავლეთ რომის იმპერიაში (ბიზანტია) დიოფიზიტობა დამკვიდრდა. ირანმა, ბიზანტიის საპირისპიროდ, მხარი მონოფიზიტობას დაუჭირა. ასეთ სიტუაციაში ქართლში გამეფდა ვახტანგ გორგასალი.
ვახტანგ გორგასლის დაბადების თარიღი ქართულ ისტორიოგრაფიაში სადავოა. ძირითადი გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მან ტახტი V საუკუნის შუა წლებში დაიაკავა და II ნახევარში მეფობდა. მისი მცირეწლოვანობის დროს სამეფოს ვახტანგის დედა საგდუხტი მართავდა. ვახტანგის მცირეწლოვნობის დროს ჩრდილოეთ კავკასიიდან ქართლში შეიჭრნენ ალანები და ქართლის დიდი ნაწილი ააოხრეს, თუმცა ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. ალანებმა მხოლოდ კასპის აღება მოახერხეს და ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი გაიტაცეს. 15 წლის ასაკში ვახტანგმა სათათბიროდ მოიწვია ერისთავები და ჯუანშერ სპასპეტი. მათთან ერთად ვახტანგმა ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობა დაგეგმა. ლაშქრობა წარმატებით დასრულდა, მის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველო დალაშქრა და იქიდან ბიზანტიელები განდევნა, მან ბიზანტიელებს უკან დაახევინა სამხრეთ საქართველოდანაც. აქ ვახტანგმა ციხე-ქალაქი არტანუჯი დააარსა. ვახტანგი პირველი და მეორე ცოლების მეშვეობით დაუზავდა ბიზანტიასა და ირანს. მან ირანს ქართლში ქრისტიანობის დევნაზე უარი ათქმევინა ქართლის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. ვახტანგი ირანს შუა აზიაში კიდარიტებთან, ჰეფთალითებთან და ქუშანებთან ბრძოლაში დაეხმარა. სამშობლოში დაბრუნებულმა ვახტანგმა დაიწყო მეფის ხელისუფლების განმტკიცება.
ვახტანგს კონფლიქტი მოუვიდა მცხეთის მთავარეპისკოპოს მიქაელთან. ქართულ ისტორიოგრაფიაში კონფლიქტის მიზეზებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ფაქტია, რომ ვახტანგმა მოახერხა მიქაელის ნაცვლად პეტრეს დანიშნვნა. პეტრე უკვე კათოლიკოსის სტატუსით დაინიშნა ქართლში, რაც ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიას ნიშნავდა.
ქართველ დიდებულთა ნაწილი ღიად უჭერდა მხას ირანს. მათ შორის ყველაზე გავლენიანი იყო ვარსქენ პიტიახში, რომელიც საკუთარი ნებით ეახლა შაჰ პეროზს და მიიღო ზოროასტრიზმი. 482 წელს ვახტანგ გორგასალმა დაიწყო ირანის წინააღმდეგ აჯანყება ვარსქენ პიტიახშის მოკვლით. ვახტანგს მხარი დაუჭირეს სომხებმა ვაჰან მამიკონიანის მეთაურობით, ასევე მას ჰქონდა ჰუნების მხარდაჭერის იმედი, თუმცა მხოლოდ 300 ჰუნი მეომარი გამოვიდა მის დასახმარებლად. 483 წელს გამართულ ბრძოლაში ქართველთა და სომეხთა გაერთიანებული ჯარი დამარცხდა. 484 წელს ქართლში ირანის ჯარი შევიდა ჰაზარავუხტის სარდლობით. ვახტანგმა თავი დასავლეთ საქართველოს შეაფარა. შაჰ პეროზის გარდაცვალების გამო ჰაზარავუხტი უკან დაბრუნდა. ვახტანგი ქართლში დაბრუნდა და აჯანყება განაგრძო. სამგორის ვაკეზე გამართულ ბრძოლაში ვახტანგი სასიკვდილოდ დაჭრეს იღლიის ქვეშ. ის უჯარმაში გარდაიცვალა და დაკრძალეს სვეტიცხოველში, სადაც მისივე ბრძანებით ბაზილიკის ტიპის ტაძარი იყო აშენებული.
ვახტანგ გორგასლის დროს ქართლის სამეფოს საზღვრები საკმაოდ გაფართოებული იყო. მასში შედიოდა ჰერეთი და დასავლეთ საქართველოს ნაწილი (სვანეთი, თაკვერი და არგვეთი). ვახტანგ გორგასალი აშენებდა ქალაქებს. გარდა არტანუჯისა, მან ააშენა უჯარმა, ხორნაბუჯი, ნეკრესი და დაიწყო თბილისის მშენებლობა. ვახტანგის ძემ დაჩიმ დაასრულა თბილისის მშენებლობა ქართლის დედაქალაქი თბილისში გადაიტანა.
ეგრისის დიდი ომი
რედაქტირებაV საუკუნის II ნახევარში ეგრისის მეფე გუბაზ I-მა მოინდომა ბიზანტიის იმპერიის მორჩილებიდან გამოსულიყო და ტახტზე თანამოსაყდრედ შვილი აიყვანა. ბიზანტიის იმპერატორმა მარკიანემ ლაზების წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა. მან ახალი ლაშქრობისთვის მზადება დაიწყო. გუბაზმა სცადა ირანის შაჰ იეზდიგერდ II-სთან კავშირის დამყარება, მაგრამ ირანს ომი ჰქონდა ჰუნებთან და ეგრისისთვის არ ეცალა. საბოლოოდ, ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნით გუბაზი გადადგა და ტახტი შვილს დაუთმო.
VI საუკუნეში ირანმაც და ბიზანტიამაც მიაღწია საკუთარი სიძლიერის ზენიტს. ირანი იბრძოდა ეგრისის სამეფოს დასაკავებლად და შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად. VI საუკუნის I ნახევარში წათე I-მა და იუსტინიანე I-მა ირანელები დაამარცხეს. იუსტინიანემ ეგრისის ციხეებში სკანდასა და შორაპანში ბიზანტიური გარნიზონები ჩააყენებინა. მანვე ააგებინა ძლირი ციხესიმაგრე პეტრა.
542 წელს ირანის შაჰი ხოსრო I ლაზების მეფე გუბაზ II-ს მიწვევით ეგრისში დიდი ჯარით შევიდა. ირანელთა და ლაზთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო ბიზანტიელთა უმთავრესი დასაყრდენი პუნქტი პეტრას ციხე.
ირანის შაჰმა ეგრისში თავისი საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო. მან ლაზი დიდებული ფარსანსი შეარჩია და მას გუბაზის მკვლელობა დაავალა. ფარსანსმა მეფეს ყველაფერი მოახსენა. გუბაზმა გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ და დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. 549 წელს ბიზანტიელთა ლაშქარი დაგისთეს სარდლობით პეტრას ციხეს მიადგა. ხოსრომ თავისი გარნიზონის დასახმარებლად დიდი ლაშქარი გაგზავნა მერმეროეს სარდლობით. ლაზებმა გუბაზის მეთაურობით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ირანელებს. ირანელებმა ლაზიკა დატოვეს და ქართლში დაბრუნდნენ. 550 წელს შაჰმა ლაზიკაში ახალი ჯარი გაგზავნა. ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ირანელთა სარდალი ხურიანე. ირანის ჯარი აირია, ლაზების შეტევას ვერ გაუძლო და დამარცხდა. ბიზანტიელებმა ამის შემდეგ შეძლეს პეტრას აღება, მაგრამ არ დაიკავეს და დაანგრიეს.
ხოსრომ ლაზიკაში ახალი ჯარი გაგზავნა მერმეროეს სარდლობით. ლაზმა დიდებულმა თოეფობით ირანელებს უქიმერიონის ციხე გადასცა და თაკვერისა და სვანეთისკენ გზა გაუხსნა. ირანელებმა სვანეთი დაიკავეს და იქ თავისი ჯარი ჩააყენეს. ამავდროულად ბიზანტიელთა წინააღმდეგ დაიწყო აბაზგების აჯანყება 550 წელს და მისიმიელთა აჯანყება 555 წელს. ბიზანტიელთა სარდლებმა 554 წელს მოკლეს გუბაზ II, რადგან ის ადგილობრივი სარდლების მოქმედების შესახებ იმპერატორს ატყობინებდა. გუბაზის მკვლელობამ ლაზების სასტიკი აღშფოთება გამოიწვია. ლაზი დიდებულების შეკრებაზე ორი თვალსაზრისი გამოიკვეთა. ნაწილი აიეტის მეთაურობით ირანული ორიენტაციის მომხრეები იყვნენ. ნაწილი კი ფარტაზის მეთაურობით კი კვლავ ბიზანტიელბს უჭრდნენ მხარს. საბოლოოდ ბიზანტიის მომხრე აზრმა გაიმარჯვა იმ პირობით, რომ გუბაზის მკვლელები დაისჯებოდნენ. იუსტინიანემ ეს პირობა შეასრულა. ლაზიკის მეფე გახდა გუბაზის ძმა წათე II. 562 წელს ომი დასრულდა. ირანელებმა დასავლეთ საქართველო ბიზანტიას დაუთმო, თუმცა სვანეთი VI საუკუნის 70-იან წლებამდე შეინარჩუნა.
ოცწლიანმა ომმა ააოხრა და გაანადგურა დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ამასთან ეს ომი უშედეგოდ დასრულდა ლაზებისთვის, მათ ვერ მოახერხეს ბიზანტიის იმპერიის გავლენისგან გათავისუფლება.
მეფობის გაუქმება ქართლში
რედაქტირებაVI საუკუნე კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 510 ირანმა წელს გააუქმა მეფობა ალბანეთში, ხოლო სომხეთის სამეფო წინა საუკუეში იყო გაუქმებული. ცხადი იყო, რომ ირანი ქართლშიც იმავეს აპირებდა. ირანის შაჰმა ქართლის მეფე გურგენს ქრისტიანობის უარყოფა და ზოროასტრიზმის მიღება მოსთხოვა. გურგენის აჯანყება 523 წელს დამარცხებით დასრულდა, მეფემ თავი ბიზანტიას შეაფარა. ამით ქართლში მეფობა გაუქმდა. ქართლის მმართველი გახდა ირანელი მოხელე მარზპანი.
533-537 წლებში ქართლში მივიდნენ ასურელი მამები: იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი და ისიდორე სამთავრელი. მათი მიზანი ქართლში ქრისტიანობის განმტკიცება იყო. მათ ჩაუყარეს საფუძველი სამონასტრო ცხოვრებას. მათ მიერ დაარსებული მონასტრები ქართული მწიგნობრობის და კულტურის კერებად იქცნენ.
VI საუკუნის II ნახევარში ეგრისში განცდილმა მარცხებმა შეასუსტა ირანელთა პოზიციები აღმოსავლეთ საქართველოში. ქართლში მეფობის გაუქმებას ხელი დიდად შეუწყო დიდაზნაურთა პოზიციამ, რომლებსაც სურდათ სამუდამოდ დაუფლებოდნენ იმ მიწებს, რომლებიც მეფისგან დროებით მიიღეს. ამიტომ დიდაზნაურებმა ირანს დაუჭირეს მხარი. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ დიდაზნაურებმა ხელში ჩაიგდეს მიწების ძირითადი ნაწილი და უკვე მზად იყვნენ დაპირისპირებოდნენ ირანს.
571 წელს სომხეთში ვარდან მამიკონიანის მეთაურობით დიდი ანტიირანული აჯანყება დაიწყო. სომხებს ქართველებიც მიემხრნენ. აჯანყებულებმა დახმარება ბიზანტიას სთხოვეს. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინე II დიდი ხანია ზავის დარღვევისთვის საბაბს ეძებდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქართლელებმა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინეს. ერისთავებს მეფე აღარ სურდათ, რადგან ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო ერისთავების უფლებები დასაკუთრებულ მიწებზე. ამიტომ ქვეყნის ნომინალურ მმართველი გახდა ერისმთავარი, რომელიც იყო პირველი თანასწორთა შორის. მისი ხელისუფლება მხოლოდ სიმბოლურად ითვლებოდა უზენაესად. ერისმთავრს არ ჰქონდა ურჩი ერისთავის გადაყენების უფლება. პირველი ერისმთავარი გუარამი გახდა, რომელიც ბაგრატიონების საგვარეულოდან იყო. ბიზანტიის იმპერატორმა გუარამს კურაპალატის ტიტული უბოძა.
579 წელს ხოსრო I გარდაიცვალა, ახალი შაჰი ჰორმიზდ IV იძულებული გახდა შეგუებოდა ქართლში ადგილობრივ მმართველობას. თუმცა ქართლის ერისმთავარი შაჰის ვასალი გახდა. ამას ქართლში მოჭრილი მონეტებიც ადასტურებს, მათზე გამოსახულია ჰორმიზდ IV და ცეცხლის ემბლემა.
VI საუკუნის ბოლოს ირანში შიდაარეულობის გამო ხოსრო II იძულებული გახდა ბიზანტიისთვის დაეთმო ზოგიერთი პროვინცია, მათ შორის ქართლი და სომხეთი. ქართლი მთლიანად გათავისუფლდა ირანის ბატონობისგან. ამ დროს ერისმთავარი იყო სტეფანოზ I. ბიზანტიის იმპერატორმა მას პატრიკიოსის ტიტული უბოძა. ბიზანტიის ტიტულებს ატარებდნენ სტეფანოზის ძმა, შვილი და შვილიშვილიც. სტეფანოზ I შეეცადა ძალაუფლება განემტკიცებინა, მაგრამ ირანელთა შიშით მეფობის ტიტული ვერ მიიღო. სტეფანოზის მმართველობის დროს აიგო მცხეთის ჯვარი.
VII საუკუნის დასაწყისში ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ დაირღვა კავკასიის სახელმწიფოების რელიგიური ერთობა. სომხეთში მონოფიზიტობა დამკვიდრდა, ქართლსა და ბიზანტიაში კი დიოფიზიტობა. ცურტაველი ეპისკოპოსი მოსე, წარმოშობით სომეხი, რომელიც მონოფიზიტობას უჭერდა მხარს, გაიქცა სომხეთში და დახმარება ითხოვა. სომხეთის კათალიკოსსა და ქართლის კათოლიკოს კირონ I-ს შორის გაიმართა წერილობითი პოლემიკა. საბოლოოდ ყველააფერი 608 წლის საეკლესიო განხეთქილებით დასრულდა.
VII საუკუნის დასაწყისში ხოსრო II-მ ბიზანტიის იმპერიას ომი გამოუცხადა და თავდაპირველად წარმატებებს მიაღწია. VII საუკუნის 10-იან წლებში ირანისგან შევიწროებული ერისმთავარი ადარნასე და კათალიკოსი კირონი იძულებულები შეიქმნენ ქართლი დაეტოვებინათ. ადარნასე კახეთში გაიხიზნა, ხოლო კირონის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ ჯერ ფაზისში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ალექსანდრიის პატრიარქი გახდა.
ირანთან ომში მდგომარეობა შეცვალა ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა ჰერაკლემ. 627 წელს ჰერაკლე ეგრისში შეიჭრა, დაუკავშირდა ჩრდილო კავკასიელ ხაზარებს და მათთან ერთად გაილაშქრა თბილისზე. ხანგრძლივი ალყის მიუხედავად ჰერაკლემ და ხაზარებმა ქალაქის აღება ვერ შესძლეს. 628 წელს ხაზარები კვლავ მიადგნენ თბილისს, აიღეს ქალაქი და საშინლად ააოხრეს იგი. იმავე წელს დაიდო ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის. ჰერაკლემ დაიბრუნა: სომხეთი, სირია, მესოპოტამია და ეგვიპტე. მასვე ერგო ქართლიც.
არაბობა
რედაქტირებაVII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო არაბთა დაპყრობითი ომები, რომლის შედეგადაც მათ უზარმაზარი იმპერია შექმნეს. კავკასიაში არაბები VII საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდნენ. მათ იღეს დვინი, ხოლო ქართლში ლაშქრობაში არაბებს დიდთოვლიანმა ზამთარმა შეუშალა ხელი. 654 წელს არაბებმა სომხეთში დაამარცხეს ბიზანტიელები და ქართლს მიადგნენ. ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II-მ არაბთა სარდალ ჰაბიბ იბნ მასლამას დაზავება შესთავაზა. ქართლსა და არაბთა სახალიფოს შორის დაიდო დაცვის სიგელი. ქართლის მოსახლეობას დაეკისრა გადასახადი (ჯიზია) ერთი დინარი ერთ კომლზე. თუ ქართველი მიიღებდა ისლამს ის თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან.
VII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს არაბთა სახალიფოში ატყდა შინაომები, რომელიც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ამით ისარგებლა ქართლის ერისმთავარმა ნერსე I-მა და არაბები არამარტო ქართლიდან არამედ სომხეთიდანაც განდევნა. არაბთა დროებითმა დასუსტებამ ბიზანტიას საშუალება მისცა დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა. 697 წელს ბიზანტიამ ეგრისის სამეფო გააუქმა და მის მმართველს პატრიკიოსის ტიტული მისცა. ბიზანტიის ამ ქმედებამ ლაზიკაში აჯანყება გამოიწვია. პატრიკიოსმა სერგი ბარნუკის ძემ არაბები დასავლეთ საქართველოში გადაიყვანა. VIII საუკუნეში საქართველო მთლიანად არაბთა სახალიფოს გავლენის ქვეშ მოექცა. არაბთა გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე გოჯში. ბიზანტიამ შესძლო თავისი პოზიციების შენარჩუნება მხოლოდ აბაზგიასა და აფშილეთში.
აღმოსავლეთ საქართველოში ხაზარები მუდმივად აწყობდნენ ლაშქრობებს არაბებისაგან თავის დასაცავად. ხაზარების დასამარცხებლად ქართლში არაბებმა რამდენჯერმე ილაშქრეს. ქართლი ააოხრა ჯარაჰისა და ჰაბიბ იბნ მასლამას შემოსევებმა. ყველაზე მძიმე იყო 735-737 წლებში მურვან ყრუს შემოსევა.
მურვან ყრუმ 120 000-იანი არმიით ააოხრა ქართლი, გადავიდა არგვეთში, სადაც შეიპყრო და აწამა ადგილობრივი მთავრები ძმები დავითი და კონსტანტინე მხეიძეები, აიღო ციხეგოჯი და ცხუმი. მურვან-ყრუმ ვერ შეძლო აეღო ანაკოფია, რომლსაც ქართლის ერისმთავარი მირი, მისიმ ძმა არჩილ სტეფანოზის ძე და აფხაზთა ერისთავი ლეონ I იცავდნენ. მურვან ყრუს სამწლიანი ლაშქრობის შემდეგ არაბებმა საქართველოში მტკიცედ მოიკიდეს ფეხი. მათ თბილისში თავიანთი მოხელე ამირა დანიშნეს. ამირას დაექვემდებარა ქართლის ერისმთავარიც. უმნიშვნელოვანეს ციხეებში არაბთა გარნიზონები ჩადგა. ერისმთავრებს მხოლოდ ხარკის აკრეფა და ქართული ჯარის სარდლობა ევალებოდათ.
VIII საუკუნის მეორე ნახევარში არაბების წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაიდგა ერისმთავარი ნერსე II. 772-773 წლებში ხალიფამ ის თავისთან სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადში დაიბარა და სამი წლით დააპატიმრა. ქართლში დაბრუნებულ ნერსეს თან გაჰყვა არაბი აბო თბილელი, რომელიც ქართლში გაქრისტიანდა. თბილისის ამირას ბრძანებით აბო შეიპყრეს, აწამეს და 786 წელს სიკვდილით დასაჯეს. აბოს წამება აღწერა იოანე საბანისძემ. VIII საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა შეირყა.
ქართული კულტურა V-VIII საუკუნეებში
რედაქტირებაV-VIII საუკუნეების რთული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ვითარდებოდა ქართული კულტურა. V საუკუნეში დაიწერა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „შუშანიკის წამება“, რომლის ავტორია იაკობ ცურტაველი. VI საუკუნეში უცნობმა ავტორმა დაწერა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. VII საუკუნეში ბასილი ზარზმელმა დაწერა „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“. VIII საუკუნეში დაიწერა აბო თბილელის მარტვილობა“.
ქრისტიანობამ განავითარა ქართული არქიტექტურა. თავდაპირველად შენდებოდა ბაზილიკის ტიპის ტაძრები. ქართველი ხუროთმოძღვრები ცდილობდნენ ბაზილიკის ფორმა დაეკავშირებინათ ქართულ ტრადიციებთან. V საუკუნეში აშენდა ბოლნისის სიონი, ურბნისი, ანჩისხატი. გაჩნდა ბაზილიკის სახესხვაობა სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელშიც ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო არა სვეტებით, არამედ კედლებით. ამ ტიპის იყო ნეკრესისა და ქვემო ბოლნისის ეკლესიები. VI საუკუნეში დაიწყო გუმბათიანი ტაძრების მშენებლობა. ამ დროს აიგო შიომღვიმე და ძველი გავაზის ეკლესია. VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში აშენდა ქართული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლი მცხეთის ჯვარი. აშენდა მცხეთის ჯვრის მსგავსი ტაძრები: ატენის სიონი, მარტვილის მონასტერი და ძველი შუამთა. ამ ტაძრებში გუმბათი ემყარებოდა კედლებს. უკვე წრომის ტაძარში გუმბათი ეყრდნობოდა არა კედლებს, რამედ სვეტებს. ამავე პერიოდში აიგო იშხანი და ბანა.
საერო დანიშნულების შენობა-ნაგებობებიდან აღსანიშნავია უჯარმის ციხე, ნარიყალა და ციხეგოჯი.
დაიწყო განვითარება რელიეფურმა ქანდაკებამ. ერთ-ერთი პირველი ძეგლი, სადაც რელიეფური ქანდაკების ნიმუშებია შემორჩენილი, არის ბოლნისის სიონი. იქ გამოსახულია ხარის თავი რქებს შუა ჯვრით. რთული კომპოზიციებია გამოსახული მცხეთის ჯვარზე. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული არიან ქართლის ერისმთავრები. შთამბეჭდავია „ჯვრის ამაღლების“ სცენა კარიბჭის თავზე. მაღალ დონეზე იყო შესრულებული მოზაიკები პალესტინის და ბიჭვინთის მონასტრების იატაკებზე (V-VI საუკუნეები) და წრომში (VII საუკუნე).
საქართველო IX-XI საუკუნეებში
რედაქტირებაქართული სამეფო-სამთავროები VIII-IX საუკუნეებში
რედაქტირებაVIII საუკუნის ბოლოს არაბთა სახალიფოს დასუსტების პროცესი დაემთხვა საქართველოში სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბების პროცესს. ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო, რომელიც ქართლის საერისმთავროს გამოეყო. კახეთის სამტავროს დაარსება წანარებს უკავშირდება. კახეთის სამთავროს ცენტრი იყო თიანეთი, ხოლო სამთავროს სათავეში ქორეპისკოპოსი ედგა. თავდაპირველად ქორესპიკოპოსი არჩევიტი იყო, შემდგომში ეს თანამდებობა ორი საგვარეულოს, დონაურების და არევმანელების საგვარეულოს ეკავა. VIII საუკუნის II ნახევარში კახეთის აღმოსავლეთით ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო. IX საუკუნის ბოლოს ჰერეთის მთავარმა „რანთა მეფის“ ტიტული მიიღო. ჰერეთის სამთავრი ცდილობდა ძველი ალბანეთის ტერიტორიების დაკავებას.
VIII საუკუნის დასაწყისში დაიწყო აფხაზეთის საერისთავოს გაძლიერება. მურვან-ყრუმაც ვერ შეძლო ანაკოფიის აღება. აფხაზეთმა დაიწყო გაფართოება და დაიკავა აფშილეთი. VIII საუკუნის II ნახევარში ლეონ II-მ ისარგებლა ბიზანტიის დასუსტებით და ხაზარების დახმარებით საკუთარი ხელისუფლება მთელ ეგრისზე გაავრცელა და აფხაზთა სამეფოს პირველი მეფე გახდა. აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი. ის დაყოფილი იყო საერისთავოებად. აფხაზთა მეფეები იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისთვის.
ივანე მარუშის ძე აფხაზეთის მეფის ერისთავი იყო. მან კარგად იცოდა, რომ შექმნილ ვითარებაში ვისაც შეეძლო საქართველოს გაერთიანება იყო დავით III ბაგრატიონი. დავით ბაგრატიონი, რომელიც კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, ტაოს მფლობელი იყო. ამ დროს ქართველთა სამეფოს მმართველი იყო ბაგრატ II. მიუხედავად ამისა დავით კურაპალატს გაცილებით დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა. ივანე მარუშის ძემ დავითს შესთავაზა ან თვითონ დაეკავებინა ქართლი ან მისი მემკვიდრე ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. დავით კურაპალატს შვილი არ ჰყავდა. დავითმა იშვილა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა ბაგრატ II-ის შვილიშვილი ბაგრატ III. დავით კურაპალატი და ივანე მარუშის ძე სწორედ ბაგრატში ხედავდნენ საქართველოს გამაერთიანებელს. ბაგრატ III-ს სრული კანონიერი უფლება ჰონდა ყოფილიყო საქართველოს გამაერთიანებელი. გარდა იმისა რომ ბაგრატი დავით კურაპალატის და ბაგრატ II-ის მემკვიდრე იყო, ის ამავდროულად აფხაზეთის მეფის უსინათლო თეოდოსის დის შვილი იყო. ამიტომ მას ეკუთვნოდა აფხაზეთის მეფის ტახტიც.
975 წელს დავით კურაპალატმა შეკრიბა ჯარი და შიდა ქართლში შევიდა. გაიგეს თუ არა მისი მოსვლა, კახელებმა სასწრაფოდ დატოვეს ქართლი. დავითმა შეკრიბა უფლისციხეში ქართლის აზნაურობა და განუცხად რომ ბაგრატ III არის მისი შვილი და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. დავითმა ქართლის მმართველად ბაგრატი დატოვა, მეურვედ კი მისი მამა გურგენი დაუნიშნა. ქართლის აზნაურობა არ აპირებდა ასე მარტივად დამორჩილებოდნენ ბაგრატს. როდესა დავითმა დატოვა ქართლი, ქართლის აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის ქორეპისკოპოს და ქართლის დაკავება შესთავაზეს. კახელებმა მართლაც ილაშქრეს ქართლში, დაიკავეს უფლისციხე. ტყვედ იგდეს ბაგრატ III, მისი მამა გურგენი და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი. როგორც კი გაიგო ქართლის დაკავების ამბავი დავითმა, ჯარით დაიძრა კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ. კახელებმა ვერც ამჯერად გაბედეს დავითთნ დაპირისპირება და ქართლი დატოვეს.
ამავე პერიოდში დაიძაბა ვითარება ვითარება დასავლეთ საქართველოში. უსინათლო თეოდოსის მმართველობამ აფხაზეთში შფოთი და არეულობა მოიტანა. ასეთ ვითარებაში ისევ ივანე მარუშის ძის ინიციატივით გადაწყდა რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატ III გამხდარიყო. 978 წელს ქუთაისში ბაგრატი აფხაზთა მეფედ აკურთხეს. თეოდოსი ტაოში გაგზავნეს. ბაგრატმა მიიღო მეფე აფხაზთა ტიტული. ვიდრე დავითი ბიზანტიას ეხმარებოდა, ბაგრატ III-ს მოუწია ქართლის აჯანყებული აზნაურების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრება.
978 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოეწყო, ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა. აჯანყებას მხარი დაუჭირა დავით კურაპალატმა, რადგან ის უკმაყოფილო იყო იმ პირობებით რა პირობითაც მას ახალი ტერიტორიები გადაეცა. დავითს ბასიანის ბაგრატისთვის გადაცემის სურვილი ჰქონდა. ბასილი II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და დავით კურაპალატის წინააღმდეგ დაიძრა. იმპერატორთან შერკინებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ დავითმა თავი დამარცხებულად გამოაცხად და თავისი მიწები ბიზანტიის იმპერატორს უანდერძა.
ამ პერიოდში ბაგრატი თავისი ძალაუფლების გაფართოებით იყო დაკავებული. ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფის ძალაუფლებას არ ცნობდა. ბაგრატ III კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ დაიძრა. რატი მიხვდა, რომ ბაგრატს ვერ დაუპირისპირდებოდა, ამიტომ მან ეშმაკობას მიმართა. მან დავით კურაპალატს შეატყობინა ბაგრატი ჩემს წინააღმდეგ კი არა, შენს წინააღმდეგ მოდისო. დავითმა დაიჯერა და ჯარის შეკრება დაიწყო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დავითის და ბაგრატის შერკინება საქართველოს დამარცხებას ნიშნავდა. დავითი და ბაგრატი მიუხვდა შექმნილ ვითარებას. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კუტაპალატი. სავარაუდოა რომ ის ბიზანტიელებმა მოწამლეს. ბასილ II-მ სასწრაფოდ დაიკავა დავითის ტერიტორიები. როდესაც მასთან ბაგრატ III გამოცხადდა იმპერატორთან, ბასილმა მას მხოლოდ კურაპალატის ტიტული უბოძა. ბაგრატმა დავითისგან მიიღო ტიტული მეფე ქართველთა. ამიერიდან ბაგრატ III იწოდებოდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა“.
1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი. და მისი სამფლობელოებიც ბაგრატს დარჩა. ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთის და ჰერეთის შემოერთება განიზრახა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოს დამორჩილება შესთავაზა, მან უარი განაცხადა და ბაგრატს შეუთვალა, ჩვენს შორის ყველაფერი ომმა გადაწყვიტოსო. ბაგრატი შევიდა კახეთის სამთავროში და მალევე დაიმორჩილა. ამის შემდეგ მან ჰერეთის დამორჩილებაც შესძლო. თუმცა კახეთ-ჰერეთის შემოერთება მან საბოლოოდ მხოლოდ 1010 წელს შესძლო. ბაგრატ III უკვე იწოდებოდა „მეფე აფხათა, ქართველთა, რანთა და კახთა“.
1014 წელს გარდაიცვალა საქართველოს სამეფოს პირველი მეფე ბაგრატ III. მეფე მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს.
საქართველო XI საუკუნეში
რედაქტირებაბაგრატ III–ის შვილმა, გიორგი I-მა პრეტენზია განაცხადა დავით III კურაპალატის მემკვიდრეობაზე. ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II 1021 წელს შეიჭრა საქართველოში და დაიწყო საქართველო-ბიზანტიის ომი (1021-1023). საქართველოს სამეფო დამარცხდა შირიმნის ბრძოლაში და დაკარგა ჯავახეთი, კოლა, არტაანი და ტაო. საქართველო-ბიზანტიის შემდეგი ომით დაიწყო გიორგი I-ის მემკვიდრის, ბაგრატ IV–ის მეფობა. ბაგრატის მეფობის დროს ბიზანტიის იმპერიას ემხრობოდა გავლენიანი ფეოდალი ლიპარიტ IV, დემეტრე უფლისწული და სხვები. დემეტრე უფლისწულმა და დედოფალმა ალდემ ბიზანტიას გადასცეს საქართველოს ჩრდილო–დასავლეთში მდებარე ანაკოფიის ციხე. ბაგრატმა სულა კალმახის ერისთავის დახმარებით შეძლო ლიპარიტ IV–ს დამორჩლება და ის ბიზანტიაში გააძევა. დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ კახეთ–ჰერეთის სამეფო, თბილისის საამირო და სომხითის სამეფო. 1045 წელს ბაგრატ IV-ს სომეხმა დიდებულებმა გადასცეს ქალაქი ანისი, მაგრამ ბაგრატმა ანისი ვერ შეინარჩუნა და ის ბიზანტიამ შეიერთა. გიორგი I, ბაგრატ IV და გიორგი II კურაპალატის ბიზანტიურ სამოხელეო ტიტულს ატარებდნენ.
XI საუკუნეში საქართველოს სიახლოვეს გაჩნდა სელჩუკთა სახელმწიფო. 1064 წელს მოხდა ალფ-არსლანის ლაშქრობანი საქართველოში. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტია და შეუდგნენ კავკასიის დაპყრობას. მომთაბარე სელჩუკები საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ფეოდალური სოფლის მეურნეობისთვის. XI საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები, რაც დიდი თურქობის სახელითაა ცნობილი. საქართველოს მეფის ხელისუფლება პრაქტიკულად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. გიორგი II–მ იკისრა სელჩუკთა სახელმწიფოს მოხარკეობა, მაგრამ ამან საქართველო ვერ იხსნა შემოსევებისგან. მომთაბარე სელჩუკები სულთანს არც ემორჩილებოდნენ. გიორგი II-მ 1089 წელს საკუთარ ვაჟი 16 წლის დავითი მეფედ აკურთხა. გიორგი მეფე ფაქტობრივად ქვეყნის მართვას ჩამოსცილდა. მან ამის შემდეგ დიდხანს იცოცხლა, მაგრამ ქვეყნის მართვაში აღარ მონაწილეობდა, თუმცა მეფის ტიტულს ინარჩუნებდა.
ქართული კულტურა IX-XI საუკუნეებში
რედაქტირებაIX-XI საუკუნეებში ქართულმა კულტურამ კიდევ უფრო მაღალ დონეს მიაღწია. შეიქმნა ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლები: უცნობი ავტორის „კოსტანტი კახის მარტვილობა“ (IX ს.), „კოლაელ ყრმათა წამება“ (IX ს.), სტეფანე მტბევარის „მიქელ-გობრონის მარტვილობა“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფები: იოანე-ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი და სხვა. იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ქართული ენის სადიდებელი ჰიმნი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. XI საუკუნე ნაყოფიერი იყო ისტორიული მწერლობისთვის. ამ დროს დაიწერა ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“, უცნობი ავტორის „მატიანე ქართლისა“ და სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. ეს ნაწარმოებები XII საუკუნეში „ქართლის ცხოვრების“ კრებულში შევიდნენ.
ორიგინალური ნაწარმოებების შექმნა, ძველი ხელნაწერების გადაწერა, თარგმნა ძირითადად ხდებოდა ეკლესია-მონასტრებში. მათი სიმრავლით გამოირჩეოდა სამხრეთ საქართველო. ამაში დიდი წვლილი შეიტანა გრიგოლ ხანძთელმა, რომელიც სათავეში ედგა სამონასტრო ცხოვრებას ამ მხარეში. იქ მდებარეობდა ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული კრები, როგორიც იყო ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა. შატბერდის მონასტერში შეიქმნა შატბერდის კრებული, თხზულებათა კრებული, რაც უნდა სცოდნოდა იმ დროის ყველა განათლებულ ადამიანს.
IX-XI საუკუნეებში ქართული ეკლესია-მონასტრები არსდებოდა საზღვარგარეთაც. ერთ-ერთი პირველი იყო პალესტინაში საბაწმიდის ლავრა. X საუკუნის მეორე ნახევარში დაფუძნდა ქართული სამონასტრო კოლონია სინის მთაზე. სწორედ აქ მოვაწეობდნენ იოანე-ზოსიმე და იოანე მინჩხი. მნიშვნელოვანი ცენტრი იყო ილარიონ ქართველის მიერ მცირე აზიაში დაარსებული ულუმბოს მონასტერი. საქართველოს სამეფოს გარეთ 50-მდე მონასტერი იყო დაარსებული. მათ ხელმძღვანელობდა ათონში, სოფელ ერისოში დაარსებული საეპისკოპოსო კათედრა. X საუკუნის ბოლოს ათონის მთაზე იოანე მთაწმინდელის თაოსნობით დაიწყო ქართული ონასტრის მშენებლობა. ივერთა მონასტრის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე ერისთავმა. იოანე მთქმინდელის შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა მისი ძე ექვთიმე. ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა ქართულიდან ბერძნულად „სიბრძნე ბალავარისი“, ხოლო ბერძნულიდან ქართულად „დავითნი“, სახარება, წმინდა მამების თხზულებანი. მისი საქმიანობა განაგრძო გიორგი მთაწმიდელმა (1009-1065). მან 1057 წელს ანტიოქიის პატრიარქის წინაშე დაიცვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. მანვე დატოვა 60-ზე მეტი ნათარგმნი შრომა. 1083 წელს ბიზანტიაში მყოფი ქართველებისთვის გრიგოლ ბაკურიანის ძემ დააარსა პეტრიწონის მონასტერი. ქართული მონასტერი არსებობდა ანტიოქიის მახლობლად, შავ მთაზე. აქ მოღვაწეობდა ეფრემ მცირე. მან სხვადასხვა სახის 70-მდე თხზულება თარგმნა. XI საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მშენებლობა. მას ხელს უწყობდნენ ბაგრატ IV და მისი დედა მარიამი.
IX-XI საუკუნეებში შეიქმნა ქართული არქიტექტურის რამდენიმე უნიკალური ძეგლი. VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა გურჯაანის ყველაწმინდა, საქართველოში ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი. შემდგომში ამ მიმართულებამ განვითარება არ ჰპოვა. ქსნის ხეობაში აშენდა წირქოლისა და არმაზის ეკლესიები, რომლებსაც გუმბათი ორფერდა სახურავის ქვეშ აქვთ მოყოლილი. X საუკუნეში აშენდა ოპიზა, კუმურდოს ტაძარი, ოშკი, ხახული, ბედია, კვეტერა. XI საუკუნეში აშენდა საქართველოს სამი ყველაზე დიდი ტაძარი: ქუთაისში ბაგრატის ტაძარი (1003) მცხეთაში სვეტიცხოველი (1010-1029), კახეთში ალავერდი. ბაგრატის ტაძარშია დაფიქსირებული საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების პირველი შემთხვევა. XI საუკუნეში აიგო ასევე სამთავისი, ნიკორწმინდის ტაძარი, მანგლისის სიონი და სხვა. X-XI საუკუნეებში აშენდა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ხერთვისი და აწყური.
განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ოქრომჭედლობამ. ამ პერიოდის საუკეთესო ნიმუშია ბედიის ბარძიმი. აღსანიშნავია ატენის სიონის მოხატულობა, ადიშისა და ჯრუჭის სახარებების მინიატურები.
ოქროს ხანა
რედაქტირებადავით აღმაშენებლის მეფობა
რედაქტირებადავით აღმაშენებელმა მეფობა დაიწყო ლაშქრის ორგანიზებით. მან ჩამოაყალიბა ქრათული ლაშქრის ის სახე, რომლემაც შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში იარსება. 1092 წელს მელიქ-შაჰის სიკვდილის შემდეგ სელჩუკთა სახელმწიფო დასუსტდა. დავითმა დაიწყო ასევე ბრძოლა დიდი ფეოდალების წინააღმდეგ. 1094 წელს მან შეიპყრო ლიპარიტ V და ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა. 1096 წელს დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. ჯვაროსნებმა დიდად შეავიწროვეს სელჩუკები. ჯვაროსნების მიერ ედესის, ანტიოქიისა და იერუსალიმის აღების შემდეგ, 1099 წელს, დავითმა ამით ისარგებლდა დავით IV-მ, შეწვყიტა ხარკის გადახდა და დაიწყო თავდასხმები ქართლში მომთაბარე სელჩუკებზე ის მცირე რამზებით მოულოდნელად ესხმოდა თავს სელჩუკებს.
დავით IV-მ 1104 წელს მოიწვია ადგილობრივი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. კრებას ესწრებოდა მეფე, კათალიკოსი იოანე VI, ეპისკოპოსები და სხვა საეკლესიო პირები. კრებამ დიდგვაროვანი საეკლსიო იერარქები თანამდებობებიდან გადააყენა და მათ ნაცვლად მეფის ერთგული პირები დანიშნა. ფეოდალურ ოპოზიციას გამოეცალა დიდი იდეოლოგიური და მატერიალური ძალის მქონე საეკლესიო დასი. ამავე კრებაზე მიიღეს საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებელი დადგენილებები. რუის-ურბნისის კრებიდან ცოტა ხნის შემდეგ დავითმა შექმნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა. მან გააერთიანა მწიგნობართუხუცესის საერო თანამდებობა ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსის, ჭყონდიდელის, თანამდებობასთან. - ეს თანამდებობა დაიკავა გიორგიმ, რომელიც მეფის უახლოესი მრჩეველი და რუის-ურბნისის კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. საეკლესიო რეფორმამ განამტკიცა მეფის ძლიერი და ცენტრალიზებული ხელისუფლება. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსტოვართა ინსტიტუტის შექმნას, რაც საშუალებას აძლევდა მეფეს ცოდნოდა ყველაფერი რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ამ საპოლიციო ინსტიტუტის სათავეში იდგა მანდატურთუხუცესი. აღმაშენებელმა შექმნა 5-ათასი მხედრისგან შემდგარი სამეფო გვარდია მონასპა.
1104 წელს დავითმა საქართველოს სამეფოს შეუერთა კახეთ-ჰერეთის სამეფო. იმავე წელს ერწუხის ბრძოლაში მან დაამარცხა განძის ამირა. 1110 წლიდან აღმაშენებელმა დაიწყო აშკარა სამხედრო დაპირისპირება სელჩუკთა სახელმწიფოსთან. იმავე წელს მან აიღო სამშვილდის ციხე, დაამარცხა სელჩუკების საპასუხო ლაშქრობა თრიალეთის ბრძოლაში, 1115 წელს აიღო რუსთავი, 1117 წელს — გიში, 1118 წელს აგარანი და ლორე. იმავე წელს აღმაშენებლი გასცა საქართველოს ფარგლებს და სელჩუკები დაამარცხა რახსის ბრძოლაში.
1118 წელს მეფემ საქართველოში გადმოასახლა 40 000 ყივჩაყის ოჯახი იმ პირობით, რომ თითო ოჯახიდან ერთი მეომარი უნდა გამოსულიყო. დავითმა ყივჩაყებთან მოკავშირეობისთვის ცოლად ყივჩაღთა ერთ-ერთი მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი. ყივჩაყებებსა და ოსებს დავითი იყენებდა როქის სპაში, როგორც დაქირავებულ მეომრებს და დამხმარე ძალას და ისინი ძირითად დასაყრდენ ძალად არასდროს გამოუყენებია.
1110-1118 წლებში დავით IV-მ სხვადასხვა ციხე-ქალაქების აღებით თბილისი პრაქტიკულად ალყაში მოაქცია. თბილისი იმ დროს ქალაქ-რესპუბლიკას წარმოადგენდა საკუთარი თვითმმართველობა ჰქონდა. ქალაქის ზედა ფენამ იგრძნო დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხე და ისლამურ სამყაროში დამახმარე ძალების ძებნა დაიწყო. მათ ჯერ განძისა და არანის მმართველ თოღრულ მუჰამედის ძეს მიმართეს, შემდეგ კი სელლჩუკებს დაუკავშირდნენ. სელჩუკები, თავისმხრივ, შეწუხებულნი იყვნენ საქართველოს გაძლიერებით. შეიქმნა კოალიციური ლაშქარი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სელჩუკი სარდალი ილღაზი. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელის წინამძღოლობით ქართველებმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს.
1122 წელს დავითმა თბილისი აიღო, გააუქმა ქალაქის თვითმმართველობა და ის სამეფო ქალაქად გამოაცხადა — დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა. 1124 წელს დავითმა აიღო დმანისი. თბილისისა და დმანისის აღების შემდეგ დავითმა დაიწყო სელჩუკების განდევნა მეზობელი ქვეყნებიდან. მან სამჯერ ილაშქრა შირვანში და ის საქართველოს შეუერთა. ამავე პერიოდში იბრძოდა დარუბანდის საამიროს წინააღმდეგ და ისიც საქართველოს დაუმორჩილა. 1124 წელს მას ეახლა ანისის დელეგაცია და ქალაქის თურქ-სელჩუკებისგან გათავისუფლება სთხოვა. დავითმა დაიკავა ანისი, დაატყვევა ანისის ამირა, ხოლო მის გამგებლად აბულეთი და მისი ვაჟი ივანე დატოვა. დავითმა საქართველოს შუერთა ვანანდისა და არარატის ოლქებიც. საქართველოს საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან სპერამდე და არაგაწამდე შემოიფარგლა.
გარდა სამხედრო და პოლიტიკური წარმატებებისა, დავით IV-მ შთამომავლობას დაუტოვა გელათის აკადემია და პოეტური ქმნილება „გალობანი სინანულისანი“. დავით IV, რომელსაც მეტსახელად აღმაშენებელი უწოდეს, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა და გელათის მონასტერში დაკრძალეს.
თამარ მეფე
რედაქტირებადავითის მემკვიდრეების, დემეტრე I–სა და გიორგი III-ის დროს გრძელდებოდა ბრძოლა სელჩუკთა სახელმწიფოსთან. დავითის მემკვიდრეები აფართოვებდნენ სამეფოს საზღვარს. 1155 წელს დემეტრემ გაანაწილა შირვანი, რომელიც აღმაშენებელს სრულად ჰქონდა დაპყრობილი. მისი ერთი ნაწილი საქართველოს სამეფოში დარჩა, მეორე კი საქართველოს მოხარკე დარუბანდის სახანოში. 1161 და 1173 წლებში გიორგი III–მ ხელახლა შემოიერთა ანისი, ხოლო 1162 წელს აიღო დვინი. გიორგი III–ის დროს საქართველო დატოვეს ყივჩაყებმა. 1177 წელს გიორგიმ დაამარცხა დიდგვაროვანი ფეოდალების, ორბელების, აჯანყება და დააწინაურა დაბალი წოდების ერთგული ადამიანები. დიდგვაროვანთა წინააღმდეგობა გაგრძელდა გიორგი III–ის შვილის, თამარის დროსაც.
თამარი გამეფდა 1184 წელს. საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მმართველი პირველად გახდა ქალი. მისი გამეფებისთანავე მოხდა ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა. ყუთლუ–არსლანის დასი თამარმა დიდი ფეოდალების დახმარებით დაამარცხა. თამარი იძულებული გახდა, დაჰყოლოდა ამავე დიდებულების ნებას და 1185 წელს ქმრად მოიყვანა ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს ტახტის მემკვიდრე იური ბოგოლიუბსკი, რომელსაც საქართველოში გიორგი რუსი უწოდეს. გიორგი რუსი 1187 წელს საქართველოდან ბიზანტიაში გააძევეს ცუდი პიროვნული თვისებებისა და სოდომური ცოდვის ბრალდებით. 1188 წელს თამარმა ხელმეორედ იქორწინა დავით სოსლანზე. გიორგი რუსისგან განსხვავებით დავით სოსლანს ქართველები კარგად იცნობდნენ. ის იყო ოსი, მაგრამ აღზრდილი იყო თამარის მამიდის - რუსუდანის მიერ. ქართული წყაროების მიხედვით დავით სოსლანი დემეტრე უფლისწულის შთამომავალი იყო.
ბიზანტიაში გაძევებული გიორგი რუსი არ აპირებდა შეგუებოდა მის ბედს. 1191 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. მას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა, განსაკუთრებით დასავლეთ და სახმრეთ საქართველოს დიდებულები. დაიწყო იური ანდრიას ძის აჯანყება. დიდებულებმა გიორგი რუსი გეგუთში მეფედ აკურთხეს. თამარმა მომხრეებად შემოიკრიბა მხარგრძელები, ახალციხელები, სურამელები და დაამარცხა აჯანყებულები. გიორგი რუსი საქართველოდან გააძევა, მის თანამზრახველებს კი თანამდებობები ჩამოართვა.
XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში საქართველომ საკუთარი ძლიერების ზენიტს მიაღწია. საქართველოს სამეფომ შეიერთა სივნიეთი და ხაჩენი. 1195 წელს ქართველთა ლაშქრამა გაიმარჯვა სელჩუკების წინააღმდეგ შამქორის ბრძოლაში, 1202 წელს კი ბასიანის ბრძოლაში. 1204 წელს ქართველთა სამხედრო ლაშქრობის შედეგად შეიქმნა ბუფერული სახელმწიფო ტრაპიზონის იმპერია. 1205 წელს საქართველომ აიღო ყარსი. საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადიოდა მდინარე არაქსზე. 1204-1210 წლებში მიმდინარეობდა ქართველთა ლაშქრობები ხლათში. ქართველთა მცდლეობა, დაუფლებოდნენ ხლათის სასულთნოს, დასრულდა ოცდაათწლიანი ზავით 1210 წელს. იმავე წელიწადს განხორციელდა ქართველთა ლაშქრობა ირანში.
სოციალ–ეკონომიკური მდგომარეობა
რედაქტირებაXIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს სამეფოს რთული პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტრუქურა ჰქონდა. ქრისტიანული თემები უშუალოდ შედიოდნენ სამეფოს შემადგენლობაში. მუსლიმურ ტერიტორიებს საქართველო იმორჩილებდა ვასალიტეტის სხდასხვა ფორმით: მოხარკეობით, ყმადნაფიცობით და ა.შ. სამხრეთის მუსლიმური სახელმწიფოები: ერზურუმის საამირო, ერზინკის სასულთნო, ნახიჩევანის საამირო, განძის საამირო საქართველოს ხარკს უხდიდნენ. ჩრდილოეთ კავკასიის თემებთან (დურძუკები, ხუნძები, დიდოელები, ლეკები) ურთიერთობა ვალდებულებით სამხედრო მოკავშირეობით ხასიათს ატარებდა.
დავით აღმაშენებლის მეფობის დროს ჩამოყალიბდა და მომდევნო პერიოდში დაიხვეწა საქართველოს ფეოდალური მონარქიის სამოხელეო წყობა. ქვეყნის სათავეში იდგა თვითმპყრობელი მეფე. მისი ტიტულატურა იყო „მეფე აფხაზთა, ქრთველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა“. ვეზირის თანამდებობას ფლობდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები იყვნენ ამირსპასალარი (სამხედრო უწყების ხელმძღვანელი), მანდატურთუხუცესი (საპოლიციო უწყების ხელმძღვანეი), მეჭურჭლეთუხუცესი (საფინანსო უწყების ხელმძღვანელი), მსახურთუხუცესი (მეფის პირადი მეურნეობის ხელმძღვანელი), ათაბაგი (ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი). უმაღლესი სათათბირო ორგანო იყო დარბაზი, რომელიც მეფის თავმჯდომარეობით იკრიბებოდა. დარბაზის ფუნქციები გაიზარდა თამარ მეფის პერიოდში. ადგილებზე მართავდნენ ერისთავები და ციხისთავები. ქალაქებს მართავდნენ მეფის მიერ დანიშნული მოხელე ამირა. სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა სააჯო კარი, რომელიც დავით აღმაშენებლის რეფორმების შედეგად შეიქმნა.
XII-XIII საუკუნეებში საქართველოს სამეფოს სიძლიერეს განაპირობებდა არამხოლოდ სამხედრო წარმატებები, არამედ ეკონომიკური წინსვლაც. მაღალ დონეზე იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა. იზრდებოდა ქალაქები და საქალაქო მეურნეობა. ხელისუფლება ზრუნავდა ქალაქების განვითარებაზე და ახალი ქალაქების მშენებლობაზე. XI-XII საუკუნეებში წარმოიშვა ახალი ქალაქები გორი, ჟინვალი, ბარალეთი, სურამი, ახალქალაქი, თმოგვი, ალი. ქვეყნის მთავარ ქალაქებად რჩებოდა თბილისი და ქუთაისი. ქალაქები წარმოადგენდნენ ხელოსნური წარმოების და ვაჭრობის ცენტრებს. ამ დროის ქართულ ქალაქებს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ბიზანტიასთან, ხვარაზმთან, არაბებთან. საქართველოში შემოდიოდა ჩინური ნაწარმოც კი.
საქართველო XIII-XV საუკუნეებში
რედაქტირებაXIV საუკუნეში გაჩნდა საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის პირველი ნიშნები. დასავლეთ საქართველოში გაჩნდა ცალკე სამეფო, რომელსაც დავით VI ნარინი ედგა სათავეში. გაჩნდნენ ცალკეული პროვინციების მეფეები, მაგალითად დავით ნარინის ძე მიქელი იყო თვითგამოცხადებული მეფე რაჭა-ლეჩხუმ-არგვეთისა. აღმოსავლეთ საქართველოში ერთდროულად მეფობდა სამი მეფე, დავით VIII, ვახტანგ III და გიორგი V. ცალკე გამოიყო სამცხე-საათაბაგო, რომელიც ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ყაენის პირად სამფლობელოდ, ხასინჯუდ იყო დადგენილი.
საქართველოს სამეფოში მეფის უფროს ვაჟს სამეფო სახასო დომენიდან გამოეყოფოდა საუფლისწულო. XIV საუკუნეში გაჩნდა ტერმინი საბატონიშვილო. საბატონიშვილოები გახდა „პროვინციების მეფეთა“ გაჩენისა. ამავდროულად, არსებობდნენ ბაგრატიონების გვარის გვერდითი შტოების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ ამა თუ იმ პროვინციაში გამეფებას. დავით VIII-ის ძე მელქისედეკი იყო ერთ-ერთი ასეთი პროვინციის მეფე. ასევე მეფეებად იწოდებოდნენ მელქისედეკის ძმა ანდრონიკე, მისი შვილი გიორგი ალასტანელი. XV საუკუნეში ალექსანდრე I დიდის დროს ასევე მეფეები იყვნენ მისი ბიძა გიორგი და ძეები, ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი. იმერეთში მიქელის გარდაცვალების (1329) შემდეგ მეფეებად იხსენიებიან მისი ძე ბაგრატ I, ბაგრატის შვილები ალექსანდრე I და გიორგი I, თუმცა ისინი მხოლოდ სამეფოს ამა თუ იმ ნაწილს ფლობდნენ. „პროვინციების მეფეები“ ასუსტებდნენ ცეტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც ამ მეფეებთან ბრძოლის ძალა არ ჰქონდა. XIV-XV საუკუნეებში გაჩნდა რამდენიმე პროვინციული სამეფო შტო.
საქართველო XVI-XVIII საუკუნეებში
რედაქტირებაXVI საუკუნის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდა სამი დამოუკიდებელი სამეფო ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო და იმერეთის სამეფო, ასევე სამცხის სამთავრო. ამ სახელმწიფოებში შეიქმნა საკუთარი ადმინისტრაციული აპარატი. მოგვიანებით იგივე განმეროდა გურიის სამთავროსა და ოდიშის სამთავროში. ამ სამეფო-სამთავროებმა საქართველოს სამეფოს დროინდელი სამოხელეო აპარატი გადაიღეს. განსხვავებები იყო თანამდებობათა დასახელებებში, ასევე თანამდებობათა დაკავების პრინციპში. ესა თუ ის თანამდებობა გახდა ამა თუ იმ საგვარეულოს პრივილეგია და მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე. ხშირად თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა გვარად გადაიქცეოდა. ასეთი გვარები დღესაც არსებობენ, მაგალითად ამირეჯიბი, მეღვინეთუხუცესი, მდივანი და სხვა. თანამდებობათა მემკვიდრეობით გადაცემა ასუსტებდა ცენტრალურ ხელისუფლებას. სამეფოს სათავეში იდგა ფორმალურად შეუზღუდავი, მაგრამ რეალურად სუსტი და ფეოდალთა მიერ შებოჭილი მონარქი. თითქმის ყველა მეფე სამივე სამეფოში ცდილობდა თავადების ალაგმვას და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. შენარჩნებული იყო სამეფო დარბაზის ინსტიტუტი. უმაღლეს სახელმწიფო მოხელეს წარმოადგენდა არა მწიგნობართუხუცესი, არამედ სახლთუხუცესი. იმერეთის სამეფოსა და ოდიშის სამთავროში პირველ მინისტრს ხშირად ვეზირს უწოდებდნენ. სახლთუხუცესის ხელში ერთიანდება საფინანსო-სამეურნეო და ადმინისტრაციული ფუნქციები. მას ექვემდებარებოდნენ სასახლის კარის სხვა მოხელეები, მეღვინეთუხუცესი, მოლარეთუხუცესი, მესტუმრეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი. წესრიგის დაცვა და პოლიციური აპარატის გამგებლობა მანდატურთუხუცესის ხელში იყო. მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ ბოქაულთუხუცესი, მსახურთუხუცესი და მონათუხუცესი. მეფის დარბაზობებსა და წვეულებებს განაგებდა ეჯიბთა უფროსი ამირეჯიბი. ქართულ სამეფო-სამთავროებში უმაღლეს მსაჯულებად ითვლებოდნენ მეფე-მთავრები, მათ თანაშემწეებად კი მსაჯულთუხუცესები.
უმაღლეს მთავარსარდლებლად მეფე-მთავრები ითვლებოდნენ. სამეფოები იყოფოდა სამხედრო ერთეულებად სადროშოებად. ქართლისა და იმერეთის სამეფოში სადროშოებს სათავეში ედგნენ თავადები ბარათაშვილები, ყაფლანიშვილები, ამილახვრები, მუხრანბატონები, ჩხეიძეები, აბაშიძეები, წერეთლები, გამონაკლისი იყო კახეთის სამეფო, სადაც ოთხი სადროშოდან სამს ეპისკოპოსი სარდლობდა, ერთს კი მეფე. XVII საუკუნეში ქართლში სამეფოში „უხუცესების“ და სხვა თანამდებობის პირების სახელწოდებები შეიცვალა სპარსულ ყაიდაზე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა როსტომ მეფის დროს. როსტომმა მსაჯულთუხუცესის თანამდებობას მდივანბეგი უწოდა, მსახურთუხუცესს ყორჩიბაში, მანდატურთუხუცესს ეშიკაღასბაში, მონათუხუცესს ყულარაღასი.
XV საუკუნემდე ფეოდალური საზოგადოების ზედაფენის საერთო სახელწოდება იყო აზნაური. იყვნენ დიდი, საშუალო და წვრილი აზნაურები. XV საუკუნეში ბევრი ფეოდალური გვარი გახდა თავადი. თავადთა წოდების გაჩენას მოჰყვა სათავადოების ჩამოყალიბება. ქართლში წარმოიშვა საამილახორო, საბარათიანო, საციციანო, სამაჩაბლო და სხვა, იმერეთში ჩიჯავაძეთა სათავადო, აბაშიძეთა სათავადო, აგიაშვილთა სათავადო, საწერეთლო და სხვა, გურიის სამთავროში ნაკაშიძეთა სათავადო, კობალაძეთა სათავადო, გურიის ერისთავთა სათავადო, თავდგირიძეთა სათავადო, ოდიშის სამთავროში ფაღავათა, გოშაძეთა, ჯაიანთა და სხვა სათავადოები. სათავადოს სახლის უფროსი იწოდებოდა თავადად და მას მეფე ნიშნავდა, ხოლო გვარის დანარჩენი წევრები იწოდებოდნენ თავადიშვილებად. თავადებს ჰქონდათ ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები. თავადები მეფის ვასალები იყვნენ, ეკავათ მაღალი საკარისკაცო თანამდებობები და სათავეში ედგნენ სადროშოებს. სათავადოების ადმინისტრაციული აპარატის სამეფოების მსგავსად იყო მოწყობილი.
თავადების შემდეგ მეორე პრივილეგირებულ წოდებას წარმოადგენდა აზნაურობა. გამოიყოფოდა სამეფო, საეკლესიო და სათავადო აზნაურები. აზნაურობა, ისევე როგორც თავადობა, იყო მემკვიდრეობითი, მაგრამ შეიძლებოდა გააზნაურებაც და გათავადებაც, რაც მეფის სამსახურში დაწინაურებით ხდებოდა. აზნაურის მთავარი მოვალეობა იყო პატრონისადმი სამსახური: მოხელეობა, ლაშქრობა და ნადირობა. მსახურთა ფენა გლეხობის ზედაფენაში შედიოდა, მაგრამ უფლებებით არ განსხვავდებოდა მისგან. მსახურს ჰქონდა მამული, მაგრამ არ ჰქონდა მისი გასხვისების უფლება. მათ ეჭირათ მოურავის, მამასახლისის, მდივნის, მოლარის და სხვა თანამდებობები, იყვნენ ე.წ. ხელოსანი მსახურებიც: მჭედლები, მზარეულები, ხაბაზები და სხვა.
მთავარ მწარმოებელ ძალას წარმოადგენდნენ გლეხები, რომლებიც ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე იდგნენ. გლეხებს არ ჰქონდათ პირადი თავისუფლება და მიმაგრებული იყო ბატონის მიწას, საიდანაც წასვლა ბატონის ნება-სურვილის გარეშე არ შეეძლო. გლეხობაშიც, ისევე როგორც სხვა წოდებებში, რამდენიმე ფენა არსებობდა: მებეგრე, ნასყიდი, ნებიერი, ხიზანი, მოჯალაბე და სხვა.
XV-XVII საუკუნეებში მოხდა ქალაქების დაქვეითება, შემცირდა მათი მოსახლეობა. ზოგი ქალაქი სოფლად გადაიქცა, ზოგი საერთოდ განადგურდა. შაჰ აბასის ლაშქრობების გამო მთლიანად განადგურდა კახეთის ქალაქები. საქალაქო ცხოვრება მკვეთრად დაეცა დასავლეთ საქართველოშიც. 1670-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდ ქალაქ ქუთაისში 200 კომლი ცხოვრობდა, 1760-იანი წლების ბოლოს კი მხოლოდ 50. პატარა სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნე ჩიხორი და ჩხარი. შედარებით მსხვილი სავაჭრო პუნქტები იყო ანაკლია და ფოთი. არაერთგზისი შემოსევების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა თბილისი. შემცირდა მისი მოსახლეობა, განადგურდა ზოგიერთი უბანი. 1580-იან წლებში თბილისი პატარა და მცირერიცხოვანი ქალაქი იყო. მისი განაშენიანება და აღმავლობა დაიწყო ქართლის მეფე როსტომის დროს. XVII საუკუნის ბოლოს თბილისის მოსახლეობა 12 ათასს აღწევდა. ვაჭრობა წარმოებდა მხოლოდ ირანთან და ოსმალეთის იმპერიასთან.
ეკონომიკა გვიან ფეოდალურ ხანაში
რედაქტირებააღმოსავლეთ საქართველოში მარცვლეულ კულტურებში მთავარი ადგილი ეჭირა ხორბალს. გავრცელებული იყო დოლის პური, დიკა და თავთუხი. ფართოდ იყო გავრცელებული გაზაფხულის ქერი. მთაში მოჰყავდათ შვრია. დასავლეთ საქართველოში პურეული ნაკლებად იყო გავრცელებული და გაბატონებული კულტურა იყო ღომი. თესდნენ ბრინჯსაც, რომლის მოსავალი სამეგრელოს ჭაობიან ადგილებში იმდენად დიდი იყო, რომ ოსმალეთშიც ყიდდნენ. XVII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში გამოჩნდა ახალი კულტურა სიმინდი, რომელმაც როგორც უხვმოსავლიანმა კულტურამ მალე დაიკავა გაბატონებული ადგილი სოფლის მეურნეობაში. ამავე პერიოდში გამოჩნდა პარკოსანი კულტურა ლობიო, რომელიც გავრცელდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი დარგი იყო მევენახეობა და მეღვინეობა. ქართული ღვინო ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა. მევენახეობა-მეღვინეობის ცენტრი იყო კახეთი. გავრცელებული იყო როგორც დაბლარი, ისე მაღლარი ვაზი. ქართლის სამეფოში მევენახეობა განვითარებული იყო მტკვრის სამხრეთით ტაშისკარიდან თბილისამდე. განსაკუთრებით განთქმული იყო ატენური. კარგად იყო განვითარებული მევენახეობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, სადაც ყურძნის მრავალი ჯიში არსებობდა, მაგრამ XVI საუკუნიდან ოსმალეთის ბატონობის შედეგად მევენახოება აქ გადაგვარდა.
სოფლის მეურნეობაში დიდი ადგილი ეკავა მესაქონლეობას. საყოველთაოდ ცნობილი იყო კახეთის ცხენის ჯიში „გურჯი“. მეცხვარეობით ცნობილი იყო თუშეთი. განვითარებული იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება. საკვები პროდუქტის მოპოვების ერთ-ერთი წყარო იყო ნადირობა, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში მისდევდნენ. ცალკეულ კუთხეებში, მაგალითად კახეთსა და სამეგრელოში, განვითარებული იყო მეაბრეშუმეობა. კახეთის აბრეშუმი ექსპორტზეც გაჰქონდათ. მეფუტკრეობის მხრივ ცნობილი იყო სამეგრელო.
XVI-XVII საუკუნეებში საქართველოში, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში გავრცელებულმა ტყვის სყიდვამ დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანას. დატყვევებული ქართველი ახალგაზრდა ქალ-ვაჟები იყიდებოდნენ ოსმალეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე. ტყვედ გაყიდული ქართველებიდან ზოგიერთი ახერხებდა სხვა ქვეყანაში წარმატებული კარიერის მოწყობას, ქართველები დაწინაურებულნი იყვნენ ეგვიპტის მამლუქებად, ბაღდადისა და ტუნისის საფაშოებში, ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციაში.
საქართველო რუსეთის იმპერიაში
რედაქტირებასაქართველოს ანექსიის შემდეგ რუსები ძალას არ იშურებდნენ, რათა ამოეძირკვათ საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა ნაშთი და ქართველი ხალხის რუსიფიკაციისთვის მიეღწიათ. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მათ შეიმუშავეს კოლონიური პოლიტიკის ძირითადი კურსი დაპყრობისთანავე, მაგრამ ისინი წააწყდნენ ქართველთა მტკიცე ნებას ტრადიციების, ენისა და ცივილიზაციის შენარჩუნებისა. ხოლო XIX საუკუნის ბოლოსთვის ამ ბრძოლამ ახლებური, რევოლუციური ხასიათი შეიძინა. დაიწყო სოციალიზმის განვითარება და სოციალისტური დოქტრინები სწრაფად გავრცელდა საქართველოში. ეროვნული მოძრაობა სოციალისტურ იდეებს შეერწყა და ამგვარად სათავე დაუდო გამათავისუფლებელ მოძრაობას, რაც სააშკარაოზე იმის შემდეგ გამოვიდა, როცა პირველი მსოფლიო ომით დასუსტებულმა რუსეთმა თანდათან დაკარგა გავლენა მის მიერ დაპყრობილ ხალხებზე. მათი გათავისუფლება რუსეთის რევოლუციის შედეგად, 1917 წელს გახდა შესაძლებელი.
რუსეთის რევოლუცია პეტროგრადში, 1917 წლის მარტში დაიწყო. მეფე ჩამოაგდეს და შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და მოეწვია ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტდა რუსეთისა და იმპერიაში შემავალი ყველა არარუსული ქვეყნის სტატუსს.
ქართველები და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები ცარიზმის დამხობას დიდი სიხარულით შეხვდნენ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი ახალი დემოკრატიული მთავრობის ერთგულნი დარჩნენ. ქართველებს არ უცდიათ გამოყოფა, ისინი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით და თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნითაც დაკმაყოფილდნენ. მაგრამ 1917 წლის ნოემბერში, რუსეთში ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში, რის შედეგადაც სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ქართველებმა და სხვა კავკასიელმა ხალხებმა უარი თქვეს ბოლშევიკური რეჟიმის ცნობაზე და 1917 წლის 22 ნოემბერს დაარსდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის პრეზიდენტი ნოე ჟორდანია გახდა. იმავე გზას დაადგნენ სომხები და აზერბაიჯანელები.
1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული (ბათუმი და არტაანის ოკრუგი) და ერთი სომხური (ყარსი) ოლქის თურქეთისთვის გადაცემას. კავკასიელმა ხალხებმა, რა თქმა უნდა, არ აღიარეს ეს შეთანხმება და 1918 წლის 9 აპრილს ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. ეს იყო პირველი ნებაყოფლობითი ფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის ისტორიაში.
რევოლუციის დაწყების დღიდან, განსაკუთრებით ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაიწყო კავკასიის ფრონტზე თურქებთან მებრძოლი რუსეთის არმიის დაშლა. ჯარისკაცებმა ოფიცერთა დიდი ნაწილის ამოხოცვის, აღჭურვილობისა და იარაღის თურქებისთვის მიყიდვის შემდეგ დატოვეს ფრონტი და რუსეთში დაბრუნება დაიწყეს. საქართველო და სომხეთი თითქმის მთლიანად დაუცველი აღმოჩნდა ძლიერი თურქეთის პირისპირ. რუსეთის ჯარში გაწვეული 200 000 ქართველიდან საქართველოში მხოლოდ 15 000-დან 18 000-მდე სამხედრო მსახურობდა; დანარჩენები გერმანიისა და ავსტრიის ფრონტზე რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, კავკასიელებმა, ყოველ შემთხვევაში – ქართველებმა და სომხებმა მაინც – გადაწყვიტეს, წინ აღდგომოდნენ თურქეთის წინსვლას. როგორც კი თურქეთის ჯარები საქართველოს და სომხეთის ჯარებს წააწყდნენ, გაჩაღდა ბრძოლა. მაგრამ ეს ბრძოლა დასაწყისშივე განწირული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის მესამე წევრმა, აზერბაიჯანმა, რომელიც თურქების მონათესავე ხალხით არის დასახლებული და მაჰმადიანურ რელიგიას აღიარებს, თურქეთის მხარე დაიჭირა. 26 მაისს ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა. იმავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა.
ამგვარად, 116 წლის შემდეგ, საქართველომ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი თავისუფალ ხალხთა ოჯახში.
XX საუკუნე
რედაქტირებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
რედაქტირებასაქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც 1919 წლის 12 მარტს ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადება მიმდინარეობდა ოსმალეთის მხრიდან მიმდინარე მძლავრი ზეწოლის ფონზე, რომლის ჯარიც საქართველოს ტერიტორიის შუაგულში იყო შემოჭრილი და ტიფლისამდე რამდენიმე კილომეტრი აშორებდა. ოსმალეთის ინტერვენციის შეჩერება მხოლოდ გერმანიის დემარშის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელსაც თავისი ინტერესები გააჩნდა საქართველოსთან მიმართებაში. 1918 წლის 4 ივნისს გაფორმდა ბათუმის ხელშეკრულება, რომელმაც დაადგინა საზღვრები ოსმალეთსა და საქართველოს შორის: ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები. ივნისის ბოლოს ფოთში ჩამოვიდა გერმანიის სამხედრო ექსპედიცია. გერმანელებმა საქართველოს მთავრობისგან მიიღეს ადგილობრივი რესურსების ექსპლუატაციის უფლება განუსაზღვრელი რაოდენობით. მაისიდან სექტემბრამდე მათ საქართველოდან გაიტანეს 30 მილიონი მარკის საფასურის მარგანეცი, სპილენძი, თამბაქო, პური, ჩაი, ხილი, ღვინო და სხვა.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. გერმანიის და ოსმალეთის იმპერიები ომის დასრულებისთანავე დაიშალნენ. ოსმალეთისადმი მიკუთვნებული ტერიტორიები კვლავ სადავო გახდა. 15 დეკემბერს ბათუმის პორტში შევიდა ბრიტანეთის ფლოტი. აჭარა ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაციის კონტროლს დაექვემდებერა. ახალციხის და ახალქალაქის მაზრები საქართველოს დაუბრუნდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებდა მეზობელი სომხეთის მთავრობას, რაც სომხეთ-საქართველოს ომის მიზეზი გახდა. ამ ომის შედეგად ორ ქვეყანას შორის გამყოფი ზონა გახდა ბორჩალოს მაზრა, ისტორიული ჩრდილოეთ ლორე, რომელიც ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდა.
თავისი ოთხწლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მუდამ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული, რაც საზღვრების დადგენის პროცესის ნაწილი იყო. თუმცა შეიარაღებული დაპირისპირებები არა მხოლოდ მეზობელ ქვენებთან, არამედ რესპუბლიკის შიგნითაც მიმდინარეობდა. აფხაზეთში, სამეგრელოსა და სამხრეთ ოსეთში აჯანყებული ბოლშევიკების მიზანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და საბჭოთა რუსეთთან შეერთება იყო, თუმცა საქართველოს ჯარმა მოახერხა მათი განეიტრალება. 1920 წელს თბილისში ბოლშევიკებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამავდროულად საქართველოს ჯარმა დაამარცხა აზერბაიჯანთან საზღვარზე დაბანაკებული საბჭოთა არმია, რის შემდეგაც საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, რაც აისახა 7 მაისს გაფორმებულ მოსკოვის ხელშეკრულებაში.
საქართველოს ახალ მთავრობას ოთხი წლის მანძილზე ომის, რევოლუციის, კონტრრევოლუციის, სამოქალაქო ომის, ანარქიის, ეროვნული ვალუტის დაცემის და ეკონომიკური კრიზისის, რევოლუციის შედეგად რეგიონებში კრიმინალთა თარეშის გადატანა მოუხდა. წესრიგის დამყარებისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის მზადება დაისახა მიზნად. არჩევნები გაიმართა 1919 წლის თებერვალში, პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ხმის მიცემის უფლება მიენიჭა რესპუბლიკის ყველა 20 წლის და უფროს მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 77 %-მა მიიღო, ზოგიერთ უბანში მათი რაოდენობა 80 %-ს შეადგენდა. არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრება შემდეგნაირად დაკომპლექტდა: სოციალ-დემოკრატები – 103 ადგილი; ეროვნულ-დემოკრატები – 11 ადგილი, ფედერალისტები – 8 ადგილი; სოციალური რევოლუციონერები – 5 ადგილი; სომეხი „დაშნაკების“ პარტია – 3 ადგილი.
კომუნისტებმა ერთი ადგილიც კი ვერ მოიპოვეს, რადგან ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. კრების წევრები იყვნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. გარდა ქართველებისა 130 წევრიან კრებაში წარმოდგენილი იყვნენ უმცირესობებიც, კერძოდ: სომხები (10), აზერბაიჯანელები (4), რუსები (2), ებრაელები (2), ბერძნები (1), გერმანელები (1).
დამფუძნებელი კრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება. ამ დავალების შესრულება საგანგებო კომიტეტს მიანდეს.
საქართველოს კონსტიტუცია საბოლოო ფორმით მიიღეს 1921 წლის 21 თებერვალს. ამ დროს თბილისის მისადგომებთან ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა ქართველებსა და საბჭოთა არმიას შორის. 25 თებერვალს წითელმა არმიამ აიღო თბილისი და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმში გადაინაცვლა და იქიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯარს. მარტში აჭარაში თურქეთის არმია შეიჭრა. საქართველოს მთავრობამ დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში გაემგზავრა. საქართველოს პირველმა რესპუბლიკის არსებობა წარსულს ჩაბარდა.
საბჭოთა საქართველო
რედაქტირება1921 წლის მარტის ბოლოს წითელი არმია მთლიანად აკონტროლებდა საქართველოს ტერიტორიას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა ბათუმი და ემიგრაციაში წავიდა.
1922 წელს საქართველო გახდა საბჭოთა კავშირშის წევრი. 1920-30-იანი წლები საქართველოში საბჭოთა სისტემის დამკვიდრების პერიოდია. საბჭოთა ხელმძღვანელობამ გაატარა მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმების, რომლის მიზანი იყო ნახევრად-აგრარული ქვეყნის სწრაფი ინდუსტრიალიზაცია. საქართველოში ინდუსტრიალიზაციამ სერიოზული წარმატება ვერ მოიპოვა. მრეწველობის დონე 1925 წლისათვის 1914 წლის დონეს ვერ უტოლდებოდა. ამავდროულად ხდებოდა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, რაც გულისხმობს სოციალისტური წყობისთვის დამახასიათებელი გლეხების გაერთიანებების დამკვიდრებას. კოლექტივიზაციამ მდიდარი და შეძლებული გლეხების (ე. წ. „კულაკების“) დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. „განკულაკება“ საქართველოში ძალზე მწავავედ წარიმართა.
1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც საბჭოთა კავშირმა უდიდესი მატერიალური და ადამიანური ზარალი განიცადა. საქართველოდან ომში გაიწვიეს 700 ათასი მამაკაცი.
1950-იან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვმა გაატარა რეფორმები. საქართველოში სოციალისტურ ეკონომიკასთან ერთად თანაარსებობდა ფსევდო-კაპიტალისტური ჩრდილოვანი ეკონომიკა. მაღალი იყო კორუფციის დონე.
1985 წელს საბჭოთა კავშირში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ქვეყნის მმართველი გახდა მიხეილ გორბაჩოვი. ხდებოდა საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება საბჭოთა კავშირის ეკონომიკაში. გორბაჩოვმა ქვეყნის ღრმა კრიზისი აღიარა და მის გამოსწორებას შეუდაგა, მაგრამ ეს შუძლებელი იყო. საქართველოში და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში ეროვნულმა მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა თბილისში დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. რეფერენდუმის მონაწილეების 98 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
თანამედროვე საქართველო
რედაქტირებაპირველი წლების სიძნელეები
რედაქტირება1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ახალი მთავრობისთვის ცხადი იყო, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა საბჭოთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების დალაგება. ის ფაქტი, რომ საქართველოს საზღვრებს სსრკ-ს ჯარი იცავდა, ხოლო ქვეყანაში სსრკ-ს სამხედრო ბაზები იყო განლაგებული, დამატებით პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, მოსკოვს შეეძლო საქართველოში ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების შექმნა. ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება იყო. ამავდროულად იზრდებოდა სეპარატისტული განწყობები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 1990 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ეს აქტი მისი მიღებიდან მეორე დღესვე გააუქმა. მიუხედავად ამისა, ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართულმა მოსახლეობამ მონაწილეობა არ მიიღო. სეპარატისტების ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამო საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერშივე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობები დაიძაბა. გახშირდა სისხლიანი შეტაკებები, რომლებსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სულ უფრო მცირდებოდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსი.
თანდათანობით იძაბებოდა ვითარება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. 1990 წლის აგვისტოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო ანტიკონსტიტუციური დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა ეს უკანონო აქტი.
ასეთ მძიმე ვითარებაში საჭირო იყო საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და ეროვნული ძალების გაერთიანება, თუმცა ეს არ მოხდა. 1991 წლის დეკემბერში გამოცხადდა საბჭოთა კავშირის დაშალა. ამ ყველაფერმა საქართველოში ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
1991 წლის დეკემბერში თბილისის ცენტრში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად დაემხო არჩევნებში გამარჯვების გზით მოსული ხელისუფლება და ძალაუფლება გადავიდა სამხედრო საბჭოს ხელში. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა თავი.
ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციისთვის
რედაქტირებასამხედრო საბჭოს მმართველობის დროს კრიზისი ქვეყანაში სულ უფრო მწვავდებოდა. დევნილ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას. ქვეყანა დაიყო ორ ნაწილად – დევნილი პრეზიდენტის მომხრეებად (ზვიადისტები) და სამხედრო საბჭოს მხარდამჭერებად (პუტჩისტები). ვითარება კვლავ დაძაბული იყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზად ქართულმა ინტელიგენციამ მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანა დაისახა. სამხედრო საბჭომ ანგარიში გაუწია მათ მოთხოვნას. 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა. მისი ჩამოსვლის შემდეგ სამხედრო საბჭომ ძალაუფლება გადააბარა სახელმწიფო საბჭოს, რომელშიც შედიოდნენ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე გახდა. შექმნილ ვითარებაში აუცილებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან ძალაუფლება იყო არალეგიტიმური ორგანოს ხელში. 1992 წლის ოქტომბერში არჩეული პარლამენტი აღმოჩნდა ყველაზე მრავალპარტიული საქართველოს ისტორიაში. ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.
კრიზისი საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ნაწილს აკონტროლებდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრე ძალები. ამ მძიმე ვითარებაში სეპარატისტები ამზადებდნენ აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფის აქტს. დაიწყო ადამიანთა გატაცება და თავდასხმები აფხაზეთიდან საქართველოში მიმავალ სატვირთო მატარებლებზე მათი გაძარცვის მიზნით. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის აგვისტოში სატრანსპორტო მაგისტრალის გაკონტროლების მიზნით აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი. ამ პერიოდისთვის საქართველო როგორც სახელმწიფო პრაქტიკულად ჩამოყალიბებული არ იყო, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ორგანოები ან არ არსებობდა, ან ჩამოყალიბების პროცესში იყო, სუსტი და არაორგანიზებული ჯარი სათანადოდ შეიარაღებული არ იყო. უდისწიპლინო სამხედრო ნაწილები ხშირად თვითნებურადაც მოქმედებდნენ, ამის მაგალითია სოხუმის დაკავება. ასე დაიწყო აფხაზეთის ომი. სისხლიანი შეტაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 1993 წლის ივლისში სოჭში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა დაარღვიეს და საომარი მოქმედებები განაახლეს. ამ ომში აფხაზთა მხარეს იბრძოდნენ დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები და აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო შენაერთები. მათი დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს გაგრა, შემდეგ დიდი ბრძოლების შედეგად სოხუმი, ოჩამჩირე, გალი და 1993 წლის სექტემბრის ბოლოს საზღვარი გაავლეს მდინარე ენგურზე. აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთი დატოვა 300 000 ქართველმა და სხვა ეროვნების მოქალაქემ. მათი უდიდესი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.
აფხაზეთში მარცხს ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა მდგომარეობამ. ვერ მოხერხდა მთელი ძალების მობილიზება ომისთვის. კერძოდ, შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში შეუძლებელი იყო საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედრო ფორმირებების და სამთავრობო ჯარების გაერთიანება. უფრო მეტიც, ქვეყანაში პრაქტიკულად დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მარცხით დასრულდა. 1993 წლის დეკემბერში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია. მისი სიკვდილი ცნობილი გახდა ფართო მასებისთვის 1994 წლის თებერვალში, როდესაც იპოვეს მისი გვამი.
1994 წელს ისევ გრძელდებოდა ანარქია და უწესრიგობა. სახელმწიფო ორგანოები ფაქტობრივად ჩამოშლილი იყო. საქართველოს ეკონომიკა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ჩამოიშალა დაახლოებით 75 %-ით. ასეთი რეცესია ძალიან მძიმედ ასიახა ქვეყნის ცხოვრებაზე. მომძლავრდა კრიმინალი, რომლის წინააღმდეგ პოლიცია უძლური, ზოგ შემთხვევაში კი მასთან შეკრული იყო. გახშირდა ტერორისტული აქტები. 1994 წლის 3 დეკემბერს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას. ამ ტერორისტული აქტის დროს გიორგი ჭანტურია დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირინა სარიშვილი მძიმედ დაჭრა. ეს ფაქტობრივად ნიშნავდა პოლიტიკური ტერორის დასაწყისს.
ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც ფაქტობრივად ასლან აბაშიძის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ იყო. 1997 წელს აჭარა მიიღეს ევროპის რეგიონთა ასამბლეაში.
ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევისთვის აუცილებელი იყო კონსტიტუციის მიღება. საქართველოს კონსტიტუციის მისაღებად შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია ედუარდ შვარდნაძის თავმჯდომარეობით. კომისიამ შეიმუშავა პროექტი და განსახილველად პარლამენტს გადასცა. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციის საფუძველზე დაინიშნა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუცია ოფიციალურად ძალაში შედიოდა ახალი პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის შემდეგ. ქვეყნის დესტრუქციულ ძალებს ხელს არ აძლევდა ქვეყანაში მდგომარეობის სტაბილიზაცია. 1995 წლის 19 აგვისტოს მოეწყო ტერორისტული აქტი, რომლის მიზანიც იყო ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაცია, თუმცა ედუარდ შევარდნაძე სიკვდილს გადაურჩა.
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის (სსრკ-ის დაშლის) მდგომარეობით. საქართველოს პარლამენტი იყო ორპალატიანი, იგი შედგებოდა ეროვნული საბჭოსა და სენატისგან. პარლამენტს მიენიჭა საკანონმდებლო ფუნქციები. კონსტიტუციის ძალით საქართველო გახდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტი იყო საქართველოს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური. 1995 წლის შემოდგომაზე გაიმართა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა მოქალაქეთა კავშირმა.
1995 წლიდან დაიწყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებებს ალაგმვა, რამაც ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა. 1995-1997 წლებში მიმდინარეობდა ეკონომიკური რეფორმები, რომლის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკამ გარკვეულწილად აღმავლობა დაიწყო. 1998 წლის აგვისტოს რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო არნახულმა კორუფციამაც. ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა 1998 წლის მაისში გალის რაიონში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმაც. ამ კონფლიქტს მოჰყვა ლტოლვილების ახალი ნაკადის გადმოსვლა სამეგრელოში.
1998 წლის ოქტომბერში მოეწყე ბუნტი ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დასამხობად. ამბოხება გადაიზარდა სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში. მისი ხელმძვანელების უმრავლესობა დააკავეს, ხოლო ამბოხების მთავარი სულისჩამდგმელი აკაკი ელიავა მძევლების გათავისუფლების მიზნით მოწყობილი სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
1999 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტი ხმა მოქალაქეთა კავშირმა მიიღო, მოქალაქეთა კავშირის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ბლოკმა საქართველოს აღორძინებამ დააგროვა (ბლოკის ლიდერი იყო ასლან აბაშიძე). პარლამენტში აგრეთვე მოხვდა პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (მისი თავმჯდომარე იყო გოგი თოფაძე). პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ჟვანია. 2000 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. ქვეყანაში კვლავ უმძიმესი მდგომარეობა იყო. არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, პრეზიდენტის და მისი პარტიის რეიტინგი მცირდებოდა. ედუარდ შევარდნაძემ სცადა მოქალაქეთა კავშირის რეფორმირება და ამომრჩევლის თვალში რეაბილიტაცია, თუმცა უშედეგოდ. 2003 წლის 2 ნოემბერს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. ცესკოს მონაცემებით, პირველ ადგილზე გავიდა სახელისუფლებო ბლოკი ხმების 21,3 %-ით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი ხალხში ძალიან დაბალი იყო. გაჩნდა ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბდა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, არჩევნები მთელი რიგი სტანდარტების დარღვევით და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. 4 ნოემბერს თბილისში დაიწყო საპროტესტო აქციები არჩევნების ბათილად ცნობის და მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. აქციებს ხელმძღვანელობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მომიტინგეთა რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა. 23 ნოემბერს საჯარო გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ, რადგან „ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში უდავოდ გამოიწვევდა სისხლისღვრას“. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო პროპორციული სისტებით ჩატარებული არჩევნების შედეგები. შემდგომში ამ მოვლენებს საქართველოს ისტორიაში ეწოდა ვარდების რევოლუცია. ხელახალი საპარლამენტო არჩევნები 2004 წლის 28 მარტს დაინიშნა.
რევოლუციის შემდგომი პერიოდი
რედაქტირება2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ხმების 96,29% მიიღო.[1] 2004 წლის 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო, ხმების 66,4% მოიპოვა და პარლამენტში 150 ადგილიდან 135 დაიკავა.[2] არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდა,[3] ვინაიდან მანამდე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნითი აქტი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ პროპორციული სისტემით, და ამასთანავე არჩევნების შედეგები მაჟორიტარული სისტემით ძალაში დატოვა.[4]
2004 წლის 6 მაისს აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე თანამდებობიდან გადადგა და საქართველო დატოვა.[5] აჭარა საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. 20 ივნისს რეგიონში უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა, რომელშიც პარტიამ „სააკაშვილი - გამარჯვებული აჭარა“ გაიმარჯვა და ხმების 72,1% მოიპოვა.[6] 1 ივლისს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ავტონომიაში ფუნქციონირებს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და მთავრობის მიერ წარმოდგენილი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინაშე.[7]
ახალმა ხელისუფლებამ გაატარა რეფორმების მთელი სერია.[8] მოხდა პოლიციის თანამშრომლების გადარჩევა[9] და ეკონომიკის ლიბერალიზაცია. გამოცხადდა ბრძოლა კორუფციისა და კრიმინალის წინააღმდეგ,[10] გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.[11]
2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ვითარება დაიძაბა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა საქართველოს შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინისტროს ძალების მონაწილეობით. 5 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს შორის მოლაპარაკებების მსვლელობისას ხელი მოეწერა შეთანხმებას კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ.[12]
2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში პოლიციის სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც განაიარაღეს ”მონადირე“-ს გასამხედროებული ანტისამთავრობო ჯგუფის წევრები.[13] ხეობა საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. 27 ივლისის საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოდორში ოპერაციის დასრულება გამოაცხადა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ განდევნილი აფხაზეთის მთავრობა და პარლამენტი ხეობაში გადმოვა.[14]
2007 წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აგორდა პოლიტიკური სკანდალი. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზიდენტი[15] პოლიტიკური ოპონენტის, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის[16] მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა. ოქრუაშვილი მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს.[17] 7 ნოემბერს პოლიციამ ცრემლსადენი აირის[18], ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა საპროტესტო მსვლელობა თბილისში, რის შემდეგაც ნიღბიანმა პირებმა „იმედისა“ და „კავკასიის“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიების მაუწყებლობა გამოირთო.[19] 25 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ნებაყოფლობით გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა.[20]
2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 53,47 %-ის შედეგით მოიგო.[21] ოპოზიციის ინიციირებით თბილისში მოეწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.[22]
2008 წლის 7 აგვისტოს ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი გამწვავდა. აქტიური საომარი მოქმედებები 8 აგვისტოს ღამეს დაიწყო და 12 აგვისტომდე გაგრძელდა.[23] 14 აგვისტოდან 16 აგვისტომდე აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთის, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმას, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების - დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის - შეხვედრაზე მოსკოვში მოლაპარაკებების დროს.[24] 26 აგვისტოს რუსეთმა ოფიციალურად ცნო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.[25]
2009 წლის 5 მაისს მუხროვნის სამხედრო ბაზაზე დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის სატანკო ბატალიონის მეთაური.[26] შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაიხსნა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.
2011 წლის მაისში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები გაიმართა.[27] 26 მაისს თბილისის ცენტრში აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, არეულობის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.[28]
2012 წლის 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიციამ „ქართული ოცნება“,[29] ხმების 54,97% მოიპოვა და 150 ადგილიდან 85 მიიღო.[30] დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არჩევნების გზით. 2010 წელს შეტანილმა[31] საკონსტიტუციო ცვლილებებმა გაზარდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, რადგან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტის კონტროლის ქვეშ მოექცა.
2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა და ხმების 62,12% მოიპოვა.[32] ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგად შემცირდა პრეზიდენტის ძალაუფლება და გაზარდა პარლამენტის უფლებები.[31]
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 48,7 %-ით გაიმარჯვა მმართველმა კოალიციამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და 150 ადგილიდან 115 მიიღო.[33]
2018 წლის 28 ოქტომბერს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა და დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა, მათ შორის, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად (2003-2005 წ.).[34] ის საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა[35] და ამომრჩეველთა ხმების 59,52% მოიპოვა.[36]
2017 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად, ეს არჩევნები იყო ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები: მომდევნო არჩევნებზე ხმას მისცემს ამომრჩეველთა კოლეგიის 300 წევრი, რომელიც ნახევრად პარლამენტის დეპუტატებისგან და ამდენივე დელეგატისგან რეგიონებიდან შედგება.[37]
2019 წლის 20 ივნისს პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ.[38] საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის მოვლენები შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.[39] საპროტესტო აქციები დეკემბრამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დემონსტრანტთა მოთხოვნები.
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელზეც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-მ გაიმარჯვა და 150 ადგილიდან 90 მიიღო.[40] ოპოზიციამ უარი განაცხადა ცესკოს ოფიციალური შედეგების აღიარებაზე და ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.[41] საპროტესტო აქციები ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ დაანონსა ორთვიანი საერთო ეროვნული შეზღუდვების გეგმა ქვეყანაში COVID-19-ის ახალ გაჩენასთან საბრძოლველად.[42]
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის[43] გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს.[44]
2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე.[45] 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ უარი თქვა საქართველოს კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციაზე და განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.[46] 20 ივნისს ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად თბილისში გამართეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“.[47]
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებასაბჭოთა კავშირის დაშლა გააადვილა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პირველ დიდ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს 1992 წლის ივლისში საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკუირი კურსის შემუშავება და მისი რეალიზაცია დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ცხადია რუსეთი ყველა საშუალებით შეეცდებოდა საქართველოს მის გავლენის სფეროში დაბრუნებას. მოსკოვს საქართველოზე ზეწოლის მრავალი საშუალება გააჩნდა. ედუარდ შევარდნაძე პროდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრე იყო, მაგრამ 1992-1993 წლებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელი გახდა. სწორედ ამიტომ 1993 წლის დეკემბერში საქართველო გაწევრიანდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მიუხედავად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაერთიანებისა საქართველომ მაინც არ თქვა უარი პროდასავლურ ორიენტირზე. 1994 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატოს) პროგრამას პარტნიორობა მშვიდობისთვის. 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს (ევროსაბჭო) სრულუფლებიანი წევრი გახდა. საქართველო გაწევრიანდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში. 2000 წლის 1 იანვარს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული ჰქონად 110 ქვეყანასთან. ასევე საქართველო ასზე მეტი საერთაშორისო თუ სამთავრობო ორგანიზაციის მათ შორის აღსანიშნავია: გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ტრასეკა, ბისეკი, სუამი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013, ISBN 978-9941-0-5498-3.
- მუსხელიშვილი დ., სამსონაძე მ., დაუშვილი ა., „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე“, თბილისი, 2012, ISBN 978-99410-4195-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს მეფეები
- საქართველოს სამეფო სახლი
- საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა
- ისტორია, საქართველოს წარსული
- ე. ს. თაყაიშვილი „საისტორიო მასალები“ წიგნაკი პირველი
- ე. ს. თაყაიშვილი „საისტორიო მასალები“ წიგნაკი მეორე
- ისტორიის ფურცლებიდან...
- Antony Eastmond "Royal Imagery in Medieval Georgia". Penn State Press, 2010 M11 1.
საქართველოს ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს ისტორიის შესახებ. |
- ↑ Georgia: Regional Reaction Generally Cautious About Saakashvili's Election Victory. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ ELECTIONS IN 2004. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ 6/31 INTRODUCTION AND ACKNOWLEDGMENTS. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgian supreme court rejects Shevardnadze poll results. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgian standoff ends peacefully. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Results of Adjara Polls Announced. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ On the Status of the Autonomous Republic of Ajara. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Reform in Georgia. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Seizing the moment: rebuilding Georgia's police. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgian President Saakashvili's Campaign Against Corruption. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ 2004 Budget Approved. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Settlement of the Georgian-Ossetian conflict: Mixed control commission meets in extraordinary session in Moscow. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ ემზარ კვიციანი ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgia: Abkhaz government-in-exile to move to Kodori gorge. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. ციტირების თარიღი: 2023-02-03[მკვდარი ბმული]
- ↑ Praise, Scorn For Accusations Against Georgia President. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgia's Ex-Defense Minister Arrested in Germany. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgia: Police Beat Peaceful Protesters for Second Day. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Crossing the Line. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Saakashvili Steps Down, as Parliament Calls for Early Polls. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ 3/6 Results and Assessments. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Huge turnout to protest Georgia vote. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ 2008 Georgia Russia Conflict Fast Facts. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Sarkozy and Medvedev agree on peace plan. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Russia Recognizes Abkhazia, South Ossetia. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgian troop rebellion 'over'. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Protests in Georgia. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ ორი ადამიანია გარდაცვლილი აქციის დაშლის შემდეგ. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgia’s President Concedes Defeat in Parliamentary Election. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Final Georgian Election Results Released. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ 31.0 31.1 Key Points of Newly Adopted Constitution. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ [https://www.robert-schuman.eu/en/doc/oee/oee-1474-en.pdf Giorgi Margvelashvili elected as president of the Republic of Georgia]. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgia's Ruling Party Wins Constitutional Majority. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ French-born woman frontrunner to become Georgia's new president. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ფოტო თელავიდან. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 59,52 პროცენტით გაიმარჯვა. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Parliament adopts constitutional amendments. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Ночь Гаврилова - как начался рейд и сколько людей пострадало. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgian Prosecutors Allege Mass Protests Were Part Of Attempted Coup. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgian Dream Claims Win In 'Competitive' Parliamentary Vote Rejected By The Opposition. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgian Dream wins a third term as the opposition calls for a boycott of parliament. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgia Puts Largest Cities into 2-Months Partial Lockdown. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Thousands rally in Georgia demanding release of Saakashvili. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Exiled Ex-President Saakashvili Says He’s Back in Georgia. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ Georgia formally applies for EU membership. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ EU Commission recommends denying Georgia candidate status. ციტირების თარიღი: 2023-02-03
- ↑ “Georgian, Therefore European” — Thousands Rally for Europe in Tbilisi. ციტირების თარიღი: 2023-02-03