სათავადო
სათავადო — მსხვილი ფეოდალური მიწისმფლობელობისა და ფეოდალთა იერარქიულ-პოლიტიკური ორგანიზაციის გარკვეული ფორმა XV-XVIII საუკუნეების საქართველოში. აღმოცენდა საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა-დაქვეითების, ყმა გლეხთა ექსპლოატაციის ზრდის, კლასობრივი ბრძოლის კიდევ უფრო გამწვავების, მსხვილ ფეოდალთა შეუვალობის (იმუნიტეტის) გაფართოებისა და ცალკე - თავადთა წოდებად ჩამოყალიბების პირობებში. სათავადოების აღმოცენება შესაძლებელი და გარკვეულად აუცილებელი შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხოელ დამპყრობთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად ქვეყანა ეკონომიკურად დაეცა, უკიდურესად შესუსტდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება, სამეურნეო დეგრადაციამ გამოიწვია საქართველოს ცალკეულ კუთხეებს შორის ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობის შეწყვეტა, ქვეყანაში გაძლიერდა ფეოდალური ანარქია, დასუსტებული სახელმწიფო და მეფის ხელისუფლება ვეღარ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას — მორჩილებაში ჰქოლოდა ყმა გლეხობა, ქვეყანაში დაეცვა ფეოდალური წესრიგი.
სათავადო ფეოდალური სახლების გარკვეული პრინციპით გაერთიანების (გაუყრელობა, შეყრილობა, ფიცით გაერთიანება...) საფუძველზე აღმოცენდა. სათავადოში გაერთიანებულმა მსხვილმა ფეოდალებმა მიიტაცეს ყოფილი სამეფო-სახასო ან მათთვის საგამგებლოდ (საერისთავო, საციხისთავო და ა. შ.) გადაცემული მიწები, დაიქვემდებარეს აზნაურები და სახელმწიფო-სახასო ყმა გლეხები, შექმნეს მმართველობისა და ყმა გლეხთა ექსპლუატაციის უზრუნველყოფის საკუთარი აპარატი (მოხელეები, მხლებელ-მოლაშქრენი) და ამით დაუპირისპირდნენ ცენტრალური მმართველობის სისტემას, სამეფო ხელისუფლებას.
ერთიან საქართველოში (XI-XIII საუკუნის I ნახევარი), ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის, მეფის ხელისუფლების ძლიერების პირობებში, ასეთი ფეოდალური ინსტიტუტის არსებობისათვის საფუძველი არ არსებობდა. სათავადო სამფლობელო-მამული ხანგრძლივი, რთული პროცესის შედეგად იყო შექმნილი. მასში შედიოდა ნაწყალობევი, ნაჯილდოები, ნამზითვი, მინატაცები („ხმლით ნაშოები“) და სხვა სახის ყმა-მამული. სათავადოს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ყოფილი სახელმწიფო-სახასო მამულები, რომლებიც ადრე ამა თუ იმ ფეოდალს ჰქონდა გადაცემული სამფლობელოდ ან საგამგებლოდ. ნაწილი სათავადოებისა ყოფილი საერისთავოების ბაზაზე ჩამოყალიბდა (ქსნის, არაგვის, რაჭის და სხვა „საერისთავო“-სათავადოები). აქაც ამ ყოფილმა მოხელე-ფეოდალებმა სახელმწიფო-სახასო მიწები მიისაკუთრეს.
სათავადოში მიწისმფლობელობის 3 ძირითადი ფორმა არსებობდა:
- სახასო ან საერთო მამული,
- საუფლისწულო
- სათავისთაო
სახასო ეწოდებოდა სათავადოს სამფლობელოს ნაწილს, რომელიც სათავადოში შემავალი ოჯახების საერთო მფლობელობაში იყო. სახასი მამულს განაგებდა თავადი სხვა სახლიკაცებთან შეთანხმებით. აქედან მიღებული შემოსავლიდან აძლევდნენ ისინი „სახელმწიფო ხარჯს“, დანარჩენს კი ოჯახებს შორის იყოფდნენ. თავადს სახასო შემოსავლიდან შემოსავლის 2 წილი ეკუთვნოდა („საუფროსო“), დანარჩენ ოჯახებს — თითო წილი („საუმცროსო“).
საუფლისწულო მამული თავადიშვილის ოჯახს მიცემული ჰქონდა დროებით — სარჩოდ და საცხოვრებლად. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს საუფლისწულო შეიძლებოდა სხვა ოჯახს გადასცემოდა. საუფლისწულოდან მის დროებით მფლობელს არც რაიმეს გაყიდვა შეეძლო, არც რაიმე ცვლილების შეტანა ყმა გლეხთა ფეოდალურ ვალდებულებაში (მაგ., გააზატება-გათარხნება, გადასახადის შეცვლა-შემცირება და სხვა). ასეთი რამ მხოლოდ სათავადოს სხვა წევრების დაკითხვით და საერთო თანხმობით შეიძლებოდა მომხდარიყო. სათავადოს უფროსს (თავადს) ხელი არ მიუწვდებოდა საუფლისწულოს შინაურ საქმეებზე, მისი გამგებლობა თავადიშვილს ეკითხებოდა.
ყველაზე უფრო პროგრესული ფორმა სათავადოს სამფლობელოში ე. წ. სათავისთაო — ამა თუ იმ ოჯახის ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ქონება იყო, რომელიც მიღებული ჰქონდათ მემკვიდრეობით, პირადი გარჯით ან სხვა გზით (ნასყიდობა, ნამზითვი, ნასისხლი და სხვა). სათავისთაო იყო თავადისა თუ თავადიშვილის უცილობელი ქონება, რომელზეც სათავადოს სხვა წევრებს ხელი არ მიუწვდებოდათ. სათავისთაოს პატრონს შეეძლო თავისი ქონების გაყიდვა, მზითევში მიცემა და სხვა. საკუთრების ეს ფორმა ინტენსიური მეურნეობის განვითარებას უწყობდა ხელს, ყმა გლეხთა ექსპლუატაცია აქ უფრო ზომიერი იყო, ვიდრე სახასო და საუფლისწულო სამფლობელოებში. სათავისთაო საქონებელი საერთო სათავადო მამულს უპირისპირდებოდა და ხელსაყრელ პირობებში მის რღვევას იწვევდა, როგორც ეს კახეთის სინამდვილეში მოხდა. საქართველოს უმეტეს ნაწილში კი სათავისთაო მიწისმფლობელობის განვითარებისათვის პირობები ერთობ შეზღუდული იყო, ამიტომ ხშირად სათავისთაო მამულებიც შვილებისა და შვილიშვილების ხელში საერთო ან საუფლისწულო ქონებად იქცეოდა.
სათავადოს აზნაურები კუთვნილების მიხედვით სახასო, საუფლისწულო ან სათავისთაო ყმები იყვნენ. აზნაურებს თავიანთ საკუთარ ყმა-მამულთან ერთად თავადისაგან მიღებული ჰქონდათ სამფლობელოს მნიშვნელოვანი ნაწილი. მიწისმფლობელობის აღნიშნული ფორმები იყო საფუძველი სათავადოში ფეოდალურ-იერარქიული ურთიერთობისა თავადსა და თავადიშვილთა, აგრეთვე თავად-თავადიშვილთა და აზნაურთა შორის. ქართლის უმთავრესი სათავადოები იყო: ქსნისა და არაგვის საერისთავოები, სამუხრანბატონო, საამილახვრო, საციციანო, საბარათიანო და სხვა. იმერეთში — მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, აბაშიძეთა, წერეთელთა და სხვა; გურიაში — ნაკაშიძეთა, თავდგირიძეთა, ბერიძეთა, მაჭუტაძეთა და გურიის ერისთავთა[1], ხოლო ოდიშში — ჭილაძეთა, გოშაძეთა, ჯაიანთა, ჩიჩუათა, ჩიქვანთა და სხვა.
სათავადოთა სისტემა თიშავდა ფეოდალურ საქართველოს და შეუძლებელს ხდიდა ქვეყნის ერთიანობის აღდგენას. იგი ხელს უწყობდა უცხოელ დამპყრობთა გავლენისა და ბატონობის შენარჩუნებასა და გავრცელებას საქართველოში, ამიტომ ისინი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ყოველმხრი ხელს უწყობდნენ სათავადოთა სისტემის განმტკიცებას. სათავადოების გაუქმება მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთბის შემდეგ მოხდა, როდესაც მათი არსებობისათვის აღარ იყო არც სოციალურ-ეკონომიკური და არც პოლიტიკური პირობები. სათავადოები დაიშალა ცალკეულ თავად-თავადიშვილთა სახლების კერძო სამფლობელო მამულებად. სათავადოთა სისტემის რაობისა და მნიშვნელობის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს სხვა თვალსაზრისებიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანთელავა ი., XI-XV საუკუნეები საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 1980;
- ასათიანი ნ., საადგილმამულო ურთიერთობისა და სათავადოების არსებობის საკითხისათვის XVI-XVII საუკუნეების კახეთის სამეფოში, „თსუ შრომები“, 1959, ტ. 77;
- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ.2, თბ., 1965;
- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1-2, თბ., 1973-1981;
- მისივე, ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან (სათავადოების სისტემა), თბ., 1966;
- ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII საუკუნეები (საამილახვრო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35;
- ჯამბურია გ., სათავადოთა საკითხისათვის, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1970;
- მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სომხით-საბარათიანოს სათავადოები), თბ., 1955;
- Какабадзе С., Черты феодального строя и крестьянская повинность в Грузии в конце средних веков, Тфл., 1912;
- ასათიანი ნ., ქსე, ტ. 8, გვ. 655, თბ., 1984
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნიკო დადიანი, "ქართველთ ცხოვრება"