კახეთი
კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში.
კახეთი | |
---|---|
კახეთი, გრემი | |
კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია-მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია-მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის. მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III–II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.
გეოგრაფია
რედაქტირებაკახეთს დასავლეთიდან ესაზღვრება ქართლი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი დაღესტნიდან ჰყოფს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4 °C, ხოლო ზაფხულში +23–25 °C-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნოები, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა (90–150 მ. ზღ. დ.), ხოლო უმაღლესი — თებულოსმთა (4493 მ.).
ისტორიული გეოგრაფია
რედაქტირებაკახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრისა და ალაზნის ქვემო წელს შორის), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).
სახელწოდება „კახეთი“ პირველად ძველ ქართულ საისტორიო წყაროში — „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში გვხვდება. ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპარს ქართლოსს ხუთი შვილი — მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი და გაჩიოსი ჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს მისი სამფლობელო დაუნაწილებელიათ. კახოსს რგებია მიწა-წყალი „კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვიდგან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. ისტორიული კახეთი თავისი არსებობის მანძილზე დღევანდელისაგან განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით თავდაპირველად კახეთი წარმოადგენდა მდინარეების არაგვის, იორისა და ალაზნის ხეობების მაღალმთიან რეგიონს, რომლის დედაქალაქი ქართლოსის ცოლის მიერ დაარსებული ქალაქი — დედაციხე იყო. იმავე „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ძმების კახოსისა და კუხოსს შორის მიწების გადანაწილების შედეგად, კუხოსს, კახეთის ახალი დედაქალაქის — ჟალეთის აშენების სანაცვლოდ, დაეთმო მიწების გარკვეული ნაწილი (ალაზნისა და ივრის ხეობები). აღნიშნულის შემდეგ კახეთის შემდგომი ლოკალიზაცია უკვე წარმოადგენდა ივრის პირას მდებარე ჟალეთიდან მდინარეების არაგვისა (ჭართალი, მთიულეთი, გუდამაყარი, ფხოვი) და თერგის (წანარეთი) ზემო ხეობები.
შემდგომ, IV საუკუნეში კახეთ-კუხეთის საერისთავოს დედაქალაქმა უჯარმაში გადმოინაცვლა. აღნიშნული საერისთავოს შექმნა პირველი მცდელობა იყო კახეთ-კუხეთ-ჰერეთის მიწების გაერთიანებისა.
მოგვიანებით დედაქალაქის ისტორიული ჰერეთის ქალაქ თელავში გადატანით მოხდა აღნიშნული სამი რეგიონის მიწების გაერთიანება საერთო სახელწოდებით — კახეთი.
კახეთში პოლიტიკური ცვლილებების შედეგად სხვადასხვა დროს შედიოდა სამხრეთით — მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გარდაბნის ქვეყანა; ჩრდილოეთით ხევი, თუშეთი, პირიქითა ხევსურეთი.
აღმოსავლეთიდან კახეთს ჰერეთის სამთავრო ესაზღვრებოდა. მათ შორის საზღვარი ვეჯინისა და გავაზის დასავლეთით, ალაზნის ველს მიუყვებოდა. დასავლეთით საზღვარი მდინარე ქსანზე გადიოდა, სამხრეთ-დასავლეთით კი — მდინარე მტკვარზე. ისტორიულ პროცესში კახეთი კულტურულად და პოლიტიკურად თანდათან ფარავს ჰერეთს. საერთოდ, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს — „ტერმინებს „კახეთს“, „კუხეთს“ და „ჰერეთს“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, „ქვეყანათა“ საზღვრებიც საკმაოდ ძნელი დასადგენი და არამყარია“.
ისტორიული კახეთი
რედაქტირებაისტორიული კუხეთი
რედაქტირებაისტორიული ჰერეთი
რედაქტირებაისტორიული ჰერეთის ტერიტორია XVIII საუკუნისათვის მოიცავდა შემდეგ რაიონებს, ესენია: პანკისი, გაღმა მხარი, შიგნით კახეთი, გარე კახეთი, ქისიყი, ჭარი, კაკი და ელისენი.
კახეთის ძველი გზები
რედაქტირებაკახეთის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა გზები და სატრანსპორტო საშუალებები. ამ მხრივ, კახეთში კეთილმოწყობილი გზები უძველესი დროიდან საკმაოდ იყო როგორც გარე კავშირურთიერთობისათვის, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. კახეთის ბარის რელიეფი ამის კარგ შესაძლებლობას იძლეოდა. შედარებით სხვაგვარი მდგომარეობა იყო მთიან რაიონებში, მაგრამ უგზოდ არ დარჩენილა თვით ხევსურეთი და თუშეთი. ამას მოწმობს ის ძველი გზების ნაკვალევი, რომლებიც შემორჩენილია ამ რეგიონებში. ამასთან, ამ რეგიონის გზები მალე გამოდიოდნენ მწყობრიდან, რადგან აქ გზები უმთავრესად ადვილად შლად ქანებზე გადიოდა, ხოლო მათი შეკეთება ხშირად არც ისე ადვილი იყო.
კახეთის ძირითადი გზები მდინარეთა გაყოლებით მიემართებოდა, რომლებიც აკავშირებდა მრავალ დასახლებულ პუნქტს. ამასთან, მსხვილი დასახლებული პუნქტები უმთავრესად გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა. ეს, ერთის მხრივ, ხელს უწყობდა მოსახლეობის მოზიდვასა და დასახლებული პუნქტების ზრდას, მათი ეკონომიკის აღმავლობას, საშინაო და საგარეო კავშირის გაფართოებას, მაგრამ ამ გზებს უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდათ. სწორედ ამ გზებით შემოდიოდა მტერი, რომელიც გზად აოხრებდა და ანგრევდა დასახლებულ პუნქტებს.
XII-XIII საუკუნეებში, საქართველოს აღმავლობის პერიოდში, კახეთში მძლავრი სატრანსპორტო ქსელი იყო განვითარებული. მოგვიანებით მრავალი მტრის შემოსევის შედეგად, ამ გზების საკმაო ნაწილი დაინგრა, მოიშალა, მაგრამ ძირითადი არტერია შენარჩუნებულ იქნა. XVIII საუკუნის ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი იშვიათად უთითებს გზებს, მაგრამ მის მიერ აღწერილი ქალაქები და დასახლებული პუნქტების სიხშირე და განლაგება თვით გზების მიმართულებასა და სიხშირეს გვამცნობს. იგი ყოველი ხეობის აღწერისას აღნიშნავს: „და არს ხეობა იმიერ და ამიერ შენობა-დაბნებიანი“, რაც გზების განვითარებაზე პირდაპირ მიგვითითებს. თიანეთში ჟალეთის ადგილას არის ტოპონიმი „საყარაულო“, ასეთივე სახელწოდება დაფიქსიირებულია ქვემო ხოდაშნის ახლოს „ადგილი საყარაულო“ (რუს. Урочище Сакарауло). ასეთი საყარაულო საქართველოში არაერთია სხვაგანაც (ლეკიანობის ხანაში), გზა აღარაა თავისუფალი. ძველი ქალაქი საყარაულოდ ქცეულა[1].
კახეთში გზები საქართველოს ყველა რეგიონიდან შედიოდა. ერთი გზა შიდა ქართლს აკავშირებდა, საიდანაც ყველა გზა მიემართებოდა როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ლიხთიქიდან კახეთში მიმავალი გზები თიანეთშა და თელავში მიემართებოდა, შემდეგ ზაგემსა და გრემში. ამ გზით წავიდა ფერსათ-სამცხით შემოსული გურიელი 1520 წელს, რომელმაც დაამარცხა მოხისს ქართლის მეფე დავით და მუხრანს შეეყარა სტუმრის შესახვედრად წამოსულ კახთა მეფე ლევანს[2]. ამავე გზით კახეთს იმერეთიდან 1615 წელს მოვიდა შაჰ-აბასისაგან ლტოლვილი თეიმურაზი. იმერთა ლაშქარმა ის არაგვის პირამდის მიაცილა[3].
შუა საუკუნეებში შიგნით და გარე კახეთი ერთი მეორის მიმართ პირმოქცეული მხარეები იყო. იმ დროს გომბორის ქედი შიდა და გარე კახეთის მოსახლეობას ერთმანეთს კი არ აშორებდა არამედ აახლოვებდა. კახეთის მოსახლეობა სწორედ ამ ქედის ორივე მხარეს სახლობდა მთიანეთში და ორივე კახეთი ურთიერთს მრავალრიცხოვანი ცხოველი გზებით უკავშირდებოდა[4].
კახეთში გზები შედიოდა ქვემო ქართლიდან თრიალეთ-რუსთავის გავლით. ქვემო ქართლიდან კი დაკავშირება შეიძლებოდა როგორც სამცხე-ჯავახეთიდან, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცირე აზიისა და ევროპის ქვეყნებთან.
ჩრდილო კავკასიას კახეთი რამდენიმე გზით უკავშირდებოდა. ერთი გზა თვით შიდა ქართლიდან არაგვის ხეობაში მიემართებოდა. დამოუკიდებელი გზები მიემართებოდა თიანეთიდან ბოდავის ხევით ფუძნარზე გავლით ჟინვალთან, შემდეგ კი ქართლის გზას უკავშირდებოდა. საქართველოს რიგი რაიონები კახეთის მეშვეობით უკავშირდებოდა ლეკეთს. ხევსურეთისა და თუშეთის გზებით ჩრდილოკავკასიის ქვეყნებს პირდაპირი გზით უკავშირდებოდა კახეთი. ცხადია გზა მიემართებოდა აღმოსავლეთითაც საიდანაც გზები მიემართებოდა ირანსა და ინდოეთში.
ბუნებრივი რესურსები
რედაქტირებაკავკასიის გეოკლიმატური პირობები და მისი ბუნებრივი სიმდიდრე ათასწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა და არეგულირებდა აქ მთისა და ბარის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების ძირითად მიმართულებებს. ამ მატერიალურ ბაზაზე წარმოიშვა კავკასიაში (მათ შორის კახეთშიც) ერთიმეორესთან მრავალმხრივ დაკავშირებული, არქეოლოგიური კულტურები, ჩამოყალიბდა აქ მცხოვრებ ადამიანთა უნიკალური ყოფა-ცხოვრებითი ერთიანობა.
კახეთი მდიდარია როგორც მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, ისე ნოყიერი ნიადაგებით, ნიადაგისეული საფარით — ტყის მასივებით, საძოვრებით და წყლის რესურსებით. ყოველივე ეს ზომიერ ჰავასთან ერთად, ადამიანის საცხოვრებლად და მისი სამეურნეო ცხოვრების განვითარებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
როგორც ჩანს, კავკასიის ეს კუთხე ოდითგანვე გამოირჩეოდა ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობებით. ამის საუკეთესო მანიშნებელი უნდა იყოს კახეთის სხვადასხვა მხარეში, უფრო კი ივრის ხეობაში (ვაშლოვნის ნაკრძალი, ტარიბანას ველი, დავითგარეჯის უდაბნო, გომბორის ქედის სამხრეთი ფერდები), აღმოჩენილი განმარხებული ცხოველების ძვლები, რომელთა შორის ინდივიდების მთელი ჩონჩხებიც გვხვდება (სპილო, მარტორქა და სხვა.). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დავითგარეჯის უდაბნოში, ლავრის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად აღმოჩენილი პრიმატის კბილი, რომლის ასაკიც მეოტური პერიოდით განისაზღვრება.
ამ თვალსაზრისით ისიც მნიშვნელოვანია, რომ ვაშლოვნის ნაკრძალის ტერიტორიაზე მასიური ტყის სახით, ცოცხლად არის გადარჩენილი მილიონობით წლის წინანდელი ხის ჯიშები, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.
ისტორია
რედაქტირებაუძველესი ნამოსახლარები კახეთის ტერიტორიაზე
რედაქტირებაკახეთში საუკეთესო ბუნებრივი პირობები იყო ქვის ხანის ადამიანის ცხოვრებისთვისაც. ამაზე უმთავრესად მიგვითითებს ივრის ხეობაში, გომბორის ქედის სამხრეთ ფერდობებზე და ივრის ზეგანზე აღმოჩენილი ქვის ხანის ადამიანის რამდენიმე ათეული ღია სადგომი, სადაც მრავლად გამოვლინდა კაჟისგან დამზადებული იარაღები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიართან აღმოჩენილი ადრინდელი ქვის ხანის ადამიანის ნაბინავარი, სადაც კულტურული ფენა დაურღვევლად, თავდაპირველ მდგომარეობაშია გადარჩენილი. მონაპოვარი მასალის მიხედვით, კახეთის ტერიტორიაზე ქვის ხანაში ადამიანი მუდმივად სახლობდა. აქ მისი ცხოვრების კვალი დაახლოებით ძვ. წ. 2 მილიონ 300 ათას წელსა და 10.000 წელს შორის უნდა განისაზღვროს.
კახეთში ქვის ხანის ძეგლებიდან ნეოლითის (ახალი ქვის ხანა) ხანის ძეგლები ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი. ამ მხარეში მათ არსებობაზე მხოლოდ რამდენიმე შემთხვევითი აღმოჩენა მიგვანიშნებს. საზოგადოების განვითარების შემდგომი საფეხურის, ენეოლითის (სპილენძის-ქვის ხანა) ხანის ნამოსახლარები კახეთში აღმოჩენილია მდ. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელგორის მახლობლად; გურჯაანის მუნიციპალიტეტში — სოფელ ჯიმითთან და სოფელ ჭერემთან. აქ აღმოჩენილია შენობათა მცირე კვალი და დიდძალი არქეოლოგიური მასალა (ხელით ნაძერწი თიხის უხეში ჭურჭელი და ნახეხ-ნაპრიალები ქვის იარაღი), რომლებიც დათარიღებულია ენეოლითური ხანის დასასრულით. ამ ძეგლებზე გამოვლინდა წმინდა სპილენძისგან დამზადებული ნივთის ერთადერთი ფრაგმენტიც, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ მხარეში მეტალურგიულ წარმოებას შესაძლოა ძვ. წ. 6 ათასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
დავითგარეჯის უდაბნოს სამხრეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირას, ჯანდარის ტბის პირას, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე, აღმოჩნდა თიხის მრგვალი და ოთხკუთხა შენობებიანი დიდი ნამოსახლარი. მოპოვებული მაღალხარისხოვანი თიხის ჭურჭელი, რომლის უმეტესობა სამეთუნეო მორგვზეა დამზადებული (მცირე ტერაკოტული ქანდაკებები, თიხის საბეჭდავები და წმინდა სპილენძისგან დამზადებული იარაღები), იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქ ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში შესაძლოა მესოპოტამიიდან ემიგრირებული ხალხის დიდი ჯგუფი სახლობდა საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში.
კავკასიაში სპილენძ-ქვის ხანის ეპოქის შემდგომი პერიოდი (ადრინდელი ბრინჯაოს ხანა) ძვ. წ. IV ათასწლეულის II და III ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება. ამ დროს სამხრეთ კავკასიის მთელ ცენტრალურ ნაწილში გავრცელებულია ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელშიც ერთიანდება იორ-ალაზნის აუზიც, დღევანდელი კახეთის ტერიტორია.
კახეთში ამ დროის ბევრი ნამოსახლარია ცნობილი, თუმცა ისინი ჯერჯერობით სრულად გამოკვლეული არ არის. უკეთ არის შესწავლილი აქ გამოვლენილი სამარხეული ძეგლები. ძირითადად გათხრილია გორასამარხები დიდი ქვაყრილით, რომლის ცენტრალური ნაწილის ქვეშ უორმო, საოჯახო, კოლექტიური სამარხებია განლაგებული, ხშირად მიცვალებულების ფერფლით. ზოგჯერ დასაკძალავ დარბაზებს აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს ქვის ფილებით ნაგები გრძელი დერეფნები — დრომოსები, რომლებშიც შეწირული ადამიანების მთლიანი ჩონჩხები ან ჩონჩხების ნაწილებია მოთავსებული. კახეთში შესწავლილია იმდროინდელი გრანდიოზული კატაკომბური სამარხებიც, რომლებიც ქვის დიდი ყრილის ქვეშ არის განლაგებული.
სამარხებში დიდი რაოდენობით გვხვდებდა მიცვალებულისათვის ჩატანებული მაღალხარისხოვანი თიხის ჭურჭელი, შედარებით იშვიათად — ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ამ დროიდან სამარხეულ ინვენტარში გვხვდება ოქროს ნივთებიც, ძირითადად სასაფეთქლე ხვიების სახით.
ცნობილია, რომ ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის შემდგომ, ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში და მის მეორე ნახევარში, სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მის ადგილს იმკვიდრებს ე. წ. მარტყოფული და ლაზან-ბედენური (ადრინდელი ყორღანული) კულტურები, რომლებიც მთლიანად მოიცავს თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას (კახეთის ჩათვლით) და დღევანდელი სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილს.
კახეთი ამ კულტურების გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მხარეა და ნიშანდობლივია, რომ პირველად სწორედ კახეთის მასალების მიხედვით დაისვა საკითხი ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული და მარტყოფული კულტურების ქრონოლოგიური და გენეტიკური სიახლოვის შესახებ. ამ ორი ჯგუფის ძეგლების ქრონოლოგიური სიახლოვე დაადასტურა ივრის ზემო დინებაში, სიონის ნამოსახლარზე აღმოჩენილმა მასალებმა, სადაც მათთვის დამახასიათებელი კერამიკული ნაკეთობანი ერთი და იმავე კულტურულ ფენაში აღმოჩნდა. შემდგომ უკვე მათ გენეტიკურ კავშირზე საუბრის საფუძველი მოგვცა ანანურის გორსამარხების კერამიკულმა მასალამ, ვინაიდან ეს ნაკეთობები ერთდროულად შეიცავდა ორივე კულტურის დამახასიათებელ ნიშნებს.
კახეთში როგორც მარტყოფული, ისე ალაზან-ბედენური კულტურების სამარხეული მასალა განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა. ამ დროის სამარხებში, როგორც წესი, მოზრდილ მიწისზედა ან ორმოში არსებულ დასაკრძალავ დარბაზზე მოზვინულია ქვისა და მიწის დიდი ბორცვი, რომელიც სიმაღლით ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს, მისი დიამეტრი კი 200-250 მეტრამდეა. არის მათი თანადროული, არის მცირე ზომის გორასამარხებიც, რომელთა კონსტრუქცია ჩვეულებრივ დიდი გორასამარხების იდენტურია. სამარხის ყრილის ქვეშ გამართულია ხის დიდი მორებით ნაგები, მიწისზედა, ჯარგვალური დასაკრძალავი დარბაზი (ხშირად 10X10 მ.), რომლის იატაკი და გადახურვა ხის მორების რამდენიმე ფენისგან შედგება.
შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახ.) კახეთი თრიალეთური კულტურის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მხარეა. ამ დროის სამარხეული ძეგლები კახეთის ყველა კუთხეშია აღმოჩენილი. ეს ძირითადად ხის მორებით გადახურული, ორმოებიანი გორასამარხებია სხვადასხვა ზომის მიწაყრილით და აღმოსავლეთის მხრიდან დრომოსის იმიტაციით. მათ შორის გვხვდება როგორც მდიდარი, ისე შედარებით ღარიბული ინვენტარის შემცველი სამარხები. მდიდრულ სამარხებში მიცვალებული ხშირად ოთხბორბლიან ხის ურემზეა დასვენებული (მარჯვენა გვერდზე, მოხრილი კიდურებით), ღარიბულ სამარხებში კი მიცვალებული დასვენებულია დასაკრძალავი ორმოს ფსკერზე. იშვიათად — ხის სარეცელზე. სამარხებში დიდი რაოდენობით არის ჩატანებული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. მიცვალებულებს ასევე დიდი რაოდენობით ატანდნენ საგზალს სხვადასხვა ზომის შავპრიალი თიხის ჭურჭლით. ძალიან იშვიათია წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. სამარხებში მიცვალებულება ატანდნენ აგრეთვე ბრინჯაოს მახვილებს, ბრინჯაოს ჭურჭელს, სხვადასხვა სახის მძივებს, კაჟისა და ოფსიდიანის ისრისპირებს, ვერცხლისა და ოქროს მრავალნაირ სამკაულს და სხვა. ამ დროის სამარხებში მიცვალებულთა კრემაცია არ დადასტურებულა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროსთან ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ დაიწყო არქეოლოგიური ძეგლის „ტახტისფერდას“ შესწავლა. იგი ივრისა და ალაზნის აუზების დამაკავშირებელი გზების გადაკვეთაზე მდებარეობს და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. მისი ცენტრალური, შემაღლებული ადგილი და ჩრდილო ფერდი დიდი სამლოცველოა. ქვედა ფენა შუა ბრინჯაოს ხანისაა. იგი ხის კონსტრუქციების გალავნით არის დაცული. ზედა ფენა კი ძვ. წ. II ათასწლეულის ტაძარია. იგი შემოსაზღვრულია სათავდაცვო კედლით (სიგანე 5 მ), რომელსაც ორი, ოთხკუთხა კოშკით დაცული კარიბჭე დასავლეთიდან აქვს. მისი საძირკველი ქვის დიდი ლოდებით არის ნაგები. ზედა ნაწილი კი ხის მორების ბადურ წყობას წარმოადგენს, რომელთა შორის ღიობები წვრილი ქვა-ღორღით არის შევსებული. არსებითია, რომ ივრის ზეგანსა და გარეჯის მრავალმთაში ამ დროის ყველა დასახლება მსგავსი კონსტრუქციის გავლენითაა დაცული. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საფორტიპიკაციო ნაგებობები გეგმარებით, მასშტაბურობით და სამშენებლო ტექნიკით წინა აზიის თანადროული ცივილიზაციების შესაბამისი ძეგლების იდენტურია.
როგორც ჩანს, ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის მიწურულს, ჩვენში მკვიდრდება საფორტიპიკაციო ნაგებობების მშენებლობის წინააზიური ტრადიციები, რომლებიც ძვ. წ. II ათასწლეულის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის კულტურებისათვის დამახასიათებელი ხდება.
კახეთში აღმოჩენილიარქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგად კავკასიოლოგიურ მეცნიერებაში ერთმანეთს გენეტიკურად დაუკავშირდა ორი დიდი ეპოქა — შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ეს მიღწეულ იქნა მათ შორის დამატებითი განვითარების სამი შუალედური რგოლის გამოყოფის შედეგად, რის საფუძველზეც შემუშავდა სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. II ათასწლეულის კულტურების თანმიმდევრობის სრულიად ახალი ქრონოლოგიური სქემა. კახეთში აღმოჩენილია ამ დროის როგორც ნამოსახლარების, ისე სამლოცველოებისა და სამაროვნების მთელი სერია.
გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრინდელ საფეხურზე გორასამარხთა კონსტრუქციები მხოლოდ მდიდრულ სამარხებს ახასიათებს. მასობრივად კი ამ პერიოდიდან მთელ ცენტრალურ ამიერკავკასიაში, მათ შორის კახეთშიც, ორმოსამარხებია გავრცელებული. შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულიდან მოკიდებული, მთლიანად ბრინჯაოს ადრინდელი რკინის ხანაში, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის კულტურისატვის, მათ შორის კახეთშიც , სამარხები მხოლოდ ინჰუმაციურია და ინდივიდუალური. ძალიან იშვიათია წყვილადი დაკძალვა. როგორც წესი, კიდურმოხრილი მიცვალებულები დასვენებულნი არიან მრჯვენა არ მარცხენა გვერდზე, სამარხი ორმოს ფსკერზე, იშვიათად ხის სარეცელზე.
გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრინდელი საფეხურის სამარხეული მასალა წარმოდგენილია, ძირითადად, შავპრიალა თიხის ჭურჭლით, რომელიც როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ისე გარეგნული სახით აგრძელებს შუა ბრინჯაოს ხანის ადგილობრივ ტრადიციებს, თუმცა ამ დროს ჩნდება შემკობის თავისებური წესიც, კერძოდ, გამოწვის შემდეგ შავზედაპირიანი თიხის ჭურჭლის თეთრი ან წითელი საღებავით შემკობა. ამ დროიდან შედარებით ხშირია სამარხში უხეშზდაპირიანი თიხის ჭურჭლის ჩატანების ტრადიცია, რომელიც პირველად შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულს იჩენს თავს. მათი კეცი უმეტესწილად კვლავ წმინდაა და ორფენოვნად გამომწვარი, ზედაპირი დარარული აქვს კონცენტრული ხაზებით, რაც სწრაფად მბრუნავი სამეთუნეო ჩარხის კვალს წარმოადგენს. ეს კი სამეთუნეო წარმოებაში უდიდესი წინსვლის ნიშანია. სწორედ ამგვარად შემკული ჭურჭელია გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნაწარმი. გვაიანდელი ბრინჯაოს ხანის პირველ საფეხურზე ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს წინააზიური პროტოტიპების სახეს, რომლებიც კავკასიაში შუა ბრინჯაოს ხანის IV საფეხურზე ჩნდება. გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მეორე საფეხურზე კი მათ საფუძველზე უკვე ტიპური კავკასიური საბრძოლო იარაღის ფორმები ყალიბდება. მსგავსი სურათი გვაქვს ლითონის სამკაულის მიხედვითაც.
კახეთში ძვ. წ. II ათასწელულის შუა ხანების მრავალი ძეგლია (ნამოსახლარი, სამლოცველო, სამარხეული კომპლექსი) შესწავლილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვაინდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული I საფეხურის ე. წ. ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის გრანდიოზული სამლოცველოები, რომლებიც სამოსახლოებს გარეთ, განცალკევებით არსებობდა და რამდენიმე დასახლების სალოცავ ცენტრს წარმოადგენდა, რაც ამ დროის საზოგადოების მაღალ სოციალურ განვითარებაზე უნდა მიგვითითებდეს.
მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული I და II საფეხურის ნამოსახლარებში კახეთში საგანგებოდ არ არის შესწავლილი, ვაისწყლისა და უდაბნოს ნამოსახლარებზე ჩატარებული მცირე სამუშაოებით სრულიად აშკარად გამოიკვეთა ერთი არსებითი ცვლილება ნამოსახლართა მშენებლობის ტექნიკაში. გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურიდან როგორც საცხოვრებელი, ისე სათავდაცვო ნაგებობების საძირკველი ქვით არის ნაგები. ზედა კი ხის მორების ბადური წყობით. მშენებლობის ეს ტექნიკა და ხშირად გეგმარებაც შესაძლოა, მცირეაზიული ცივილიზაციების ზეგავლენის შედეგად, სწორედ ამ დროიდან ჩნდება სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში. შემდგომ კი ამ მხარეში, ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულის ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, საკმაოდ გავრცელებული ქვის არქიტექტურა მისი წინამორბედი ტერიტორიის, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის ტრადიციაზე უნდა იყოს დაფუძნებული. როგორც კახეთის ძეგლების შესწავლისას დადგინდა, ალაზნის ველზე, მის მარჯვენა ნაპირას, ბრინჯაოს ხანის ყველა საფეხურის ნამოსახლარის კულტურული ფენები ერთიმეორეზეა დაფენილი. აქ განსაკუთრებული ხელსაყრელი სამეურნეო პირობები უნდა ყოფილიყო, რამაც განსაზღვრა ადამიანის ცხოვრება ერთი და იმავე ადგილზე თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში. ალაზნის ველზე ბრინჯაოს ხანაში არსებული კულტურები მთელი ამ ხნის განმავლობაში გენეტიკურად იყო ერთიმეორესთან დაკავშირებული.
იმავე ინფორმაციას გვაწვდის ივრის ხეობაში არსებული ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების ტოპოგრაფია, თუმცა აქ იგი ალაზნის ველისგან რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, ივრის აუზში შუა ბრინჯაოს ხანის ადრინდელი საფეხურის ნამოსახლარები, ჩვეულებრივ დაბლობ ადგილებშია განლაგებული, უფრო მეტად მდინარეების თუ ღელეების პირას, მდიანრეულ ტერასაზე. მაგრამ საგანგებო კველავ ძიების შედეგად, ისიც ცხადი გახდა, რომ დაბლობში განლაგებული ნამოსახლარებიდან, ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულში, თითქმის ყველგან, მოსახლეობა იქვე, მახლობლად მდებარე მთის თხემზე ადის საცხოვრებლად, სადაც უფრო მოსახერხებელია მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობის გამართვა. ეს, გარდა შიდა განვითარების შედეგად გამოწვეული აუცილელობისა, გარე საშიშროებით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი. ნიშანდობლივია ისიც რომ, სწორედ ამ დროიდან შეინიშნება კახეთის ძეგლებზე ბრინჯაოს საბრძოლო იარაღის განსაკუთრებული სიმრავლე.
ივრის ხეობაშიც შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლართა ტოპოგრაფია აქ არსებულ კულტურათა გენეტიკურ კავშირზე მიგვითითებს და ძვ. წ. II-I ათასწლეულში კულტურის თანმიმდევრულ უწყვეტ განვითარებას გვიდასტურებს.
იმავე დასკვნის საფუძველს გვაძლევსკახეთის შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებზე პირველად დადასტურებული საფორტიპიკაციო ნაგებობების სამშენებლო ტრადიცია (ხის მორების ბადისებრი წყობა, რომელშიც მორებს შორის არეები რიყის წვრილი ქვითა და ღორღით არის შევსებული). გამაგრების ამ სისტემით მშენებლობა იორ-ალაზნის აუზის ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებისთვის ტრადიციული ხდება მთლიანად გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანაში.
არსებული მონაცემების მიხედვით, კახეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში, გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელ რკინის ხანაში უმაღლეს განვითარებას აღწევს ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიული წარმოება, რაც აშკარად დასტურდება ამ კულტურისათვის დამახასიათებელი ლითონის ინვენტარის მიხედვით.
ამ დროს უმაღლეს განვითარებას აღწევს აგრეთვე სამეთუნეო წარმოება და ხელოსნობის სხვა დარგები. საზოგადოების სამეურნეო ცხოვრების ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედება და მესაქონლეობა კარგად არის ორგანიზებული. ამ დროიდან მიწათმოქმედება ხელოვნურ რწყვაზეა დაფუძნებული, მესაქონლეობა კი კვლავ სამომთაბარო ხასიათს ატარებს.
ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულს და I ათასწლეულის დასაწყისში კავკასიის ამ რეგიონში განვითარების ზოგად სურათს კარგად შეეფარდება დაგეგმარებული დამძლავრი სათავდაცვო სისტემით გამაგრებული, ქალაქური ტიპის დასახლებების აღმოჩენა დავითგარჯის უდაბნოში, რაც იმაზე მიგვინიშნებს, რომ ამ საზოგადოებას სოციალური თვალსაზრისითაც, მაღალი განვითარებისათვის მიუღწევია. ამის დასტურია ნამოსახლარებიდან გამოყოფილი სამლოცველოებიც (მელაანი, მელიღელე, არაშენდა, შილდა, ბაკურციხე) და იქ აღმოჩენილი უმდიდრესი ინვენტარი: საბრძოლო იარაღი, სამკაული, კერამიკული ნაწარმი.
კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში, შირაქის პლატოზე და მის მიმდებარე ალაზნის ველის დიდ მონაკვეთზე არსებული ძვ. წ. IX-VIII საუკუნეების მცირე ქალაქური დასახლებების არსებობა რეგულარული გეგმარებით, თიხის ნაშენი საცხოვრებელი უბნებით, მოკირწყლული ქუჩებით და საკანალიზაციო ქსელით, ამ დროს აქ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის არსებობაზე უნდა მიგვითითებდეს. როგორც ჩანს, ყველა ეს დასახლება განადგურებულია ერთდროულად ძვ. წ. VII საუკუნეში, ჩრდილოეთიდან მომხდური სკვითური ტომების მიერ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ შირაქის პლატოზე აღმოჩენილია „დიდი რუის“ სახელწოდებით ცნობილი საწრწყავი სისტემის არსებობის კვალი. პალინოლოგიურმა კვლევამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის საწყის საუკუნეებში შირაქის პლატოს სამხრეთ ნაწილში მდებარე მთები უღრანი ტყის მასივებით უნდა ყოფილიყო დაფარული. სარწყავი არხი — „დიდი რუიც“ სწორედ ამ მთებიდან იღებდა სათავეს.
აღსანიშნავია ისიც რომ, შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში მდებარე, „გოხების“ სახელწოდებით ცნობილ, ერთ-ერთ მაღალ მთის თხემზე აღმოჩნდა სამლოცველო, სადაც სხვა ნივთებთან ერთად, შეწირული იყო საბრძოლო ეტლის ბრინჯაოს მოდელი, რომელიც შირაქის ამ მცირე ქალაქების თანადროულია. საბრძოლო ეტლის არსებობა კი თავისთავად გულისხმობს ამ დროის საზოგადოებაში შესაბამისი რეგულარული, საჯარისო შენაერთების არსებობასაც.
ამასთან შირაქის უკლევლივ ყველა ნამოსახლარზე განსაკუთრებით მრავლად აღმოჩნდა კამეჩის თავის გამოსახულების მქონე თიხის ნიღბები. გამორიცხულიარ არის , რომ იგი აქ წმინდა ცხოველად ითვლებოდა, რაც თავისთავად ასოცირდება ამ მხარის უძველეს სახელწოდებასთან - კამბეჩოვანთან. კამბეჩოვანი კი შემდგომი დროის ქიზიყია.
კახეთში მოპოვებულმა არქეოლოგიურმა მასალამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებაც მოგვცა. კერძოდ, გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულისა და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური მასალების თავისებური ჯგუფები, მკვეთრად გამოყოფილი გავრცელების საზღვრებით, დავაკავშიროთ კონკრეტულ ქართულ ერთეულებთან. ეს თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია, რადგან მასზე დაყრდნობით შეიძლება სარწმუნოდ ვისაუბროთ არქეოლოგიური კულტურების ეთნიკურ კუთვნილებაზე.
კახეთის ისტორია
რედაქტირებაუძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა, კერძოდ ერწო-თიანეთსა (მდ. ივრის ზემო წელი) და ფხოვს (მდ. არაგვის მარცხენა სანაპირო), რომლის ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი) იყო. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით:
მას შემდეგ რაც ქართლოსის მეუღლემ თავის ძეებს ქართლის ტერიტორია გადაუნაწილა, კახოს წილად ხვდა ზემოდხსენებული საზღვრები. მაგრამ იგივე კახოსის პერიოდში მან თავის ძმა კუხოსს დაუთმო მდინარე ივრის მარცხენა ნაპირი ლაფიანხევიდან ბოჭორმის ციხის ჩათვლით. როგორც ქართლის ცხოვრება იუწყება აღნიშნული დათმობა მოხდა მას შემდეგ, რაც კუხოსმა დაეხმარა კახოსს კახეთის დედაქალაქის ჩელეთის აშენება-მოწყობაში.
„ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათჳს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა[5].“
|
IV საუკუნიდან კახეთის ცენტრი იყო უჯარმა. კახეთის ეთნოგრაფიული საზღვრები კი აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა. VIII საუკუნისთვის მან კუხეთი და ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაფარა. შუა საუკუნეებში კახეთის მცხოვრებნი ჰერკახებად მოიხსენიებოდნენ. XI საუკუნიდან კახეთის ცენტრი თელავია. XV საუკუნის მეორე ნახევარში ყალიბდება ცალკე პოლიტიკური ერთეული კახეთის სამეფო. ამ დროიდან კახეთის ცენტრი არის გრემი. ჰერეთის სახელის გაქრობა XV საუკუნეში კახეთის მეფე გიორგი VIII-ს უკავშირდება. XVI-XVII საუკუნეებში კახეთს ჩამოსცილდა ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც დღეს საინგილოს სახელს ატარებს და ადმინისტრაციულად აზერბაიჯანში შედის. XVII საუკუნის II ნახევრიდან კახეთის ცენტრი ისევ თელავია. XVII საუკუნეში ყიზილბაშთაგან ამოწყვეტილი კახეთი იმერეთიდან, ქართლიდან და მთიდან ჩასახლებულებმა მოაშენეს.
კახეთის ხუროთმოძღვრება
რედაქტირებადარბაზული და გუმბათოვანი ეკლესიებია: ნეკრესის მონასტერი, ძველი შუამთა, ცხრაკარის მონასტერი, კაწრეთის სამება, ნატკორის ეკლესია, კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია, ხირსის მონასტერი, ახმეტის ღვთაება, ვაზისუბნის ეკლესია, ბოდბის მონასტერი, გორის-ჯვარი, ბაიხოს სამება, ალვანის ნათლისმცემელი, ზედაზნის მონასტერი, აკურის დავით გარეჯელის ეკლესია, სანაგირეს ეკლესია, ერწოს სიონი, კარდანახის საბაწმინდა.
ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.
ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.
დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დააარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.
ტრადიციები
რედაქტირებაკახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.
დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.
ეკონომიკა
რედაქტირებაქართლისგან განსხვავებით კახეთში გვიან შუა საუკუნეებში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი სახნავ-სათესი მიწების საერთო-სასოფლო (თემური) მფლობელობა. კახეთი დაწინაურებული მეურნეობის ქვეყანა იყო. კახეთში განსაკუთრებით მაღალგანვითარებას მიაღწია მევენახეობა-მეღვინეობამ. დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებით გავრცელებულია რქაწითელი და საფერავი, ასევე მანავის მწვანე. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. მუშაობს ღვინის ტურიზმი. კახეთის ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელია ისეთი ტკბილეული, როგორიცაა ჩურჩხელა და თათარა. კახეთში განსაკუთრებით განვითარებული იყო მესაქონლეობა. ამ მხრივ გამოირჩეოდა პანკისის ხეობა, რომელიც ცნობილი იყო თავისი მდიდარი ტყეებით, სადაც ღორისთვის მოიპოვებოდა უხვად საკვები. კახეთში მაღალ დონეზე იყო მეაბრეშუმეობაც.
კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეურის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 447.
- თ. დვალი, კ. კახაძე, კ. ფიცხელაური, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 8-43.
- საქართველოს ატლასი მოზარდთათვის გვ.30 „კახეთი“, გამომემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2005,
- თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 109-111 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები. წ. 3, [ფეოდალური ხანა], თბ., 1966, გვ. 116
- ↑ „საქართველოს ცხოვრება“, წიგნი II - ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 29
- ↑ ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები. წ. 3, [ფეოდალური ხანა], თბ., 1966, გვ. 25
- ↑ ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები. წ. 1, ისტორიული გეოგრაფია, თბ., 1964, გვ. 356
- ↑ "ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955