გარე კახეთი[1], გარეთ კახეთი, გარეკახეთი[2][3] — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ივრის შუა დინებაზე, ერწოდან ქიზიყამდე. ტერიტორიულად დაახლოებით ემთხვევა ახლანდელ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს.

გარე კახეთი

კახეთის რუკა XVIII საუკუნის I ნახევარი

გეოგრაფიული აღწერა

რედაქტირება

გარეთ კახეთი ანუ გარე კახეთი, გვიანდელი სახელწოდებაა და კახეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილს მოიცავს. მისი ტერიტორია ვრცელდება ცივ-გომბორის ქედის თხემის დასავლეთით ივრის ხეობაში. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებიდან მასში მთლიანად შედის საგარეჯოს რაიონის დიდი ნაწილი, გურჯაანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მცირე ნაწილები. ვახუშტი ბაგრატინონი შემდეგნაირად აღნიშნავს გარეთ კახეთის შესახებ: „ხოლო შემდგომად განდგომილებისა. ქრისტესა ჩუჲვ (1466), ქართული რნდ (154), მოისპო სახელი ჰერეთისაცა, და იწოდნენ საკუთრად კახთ მეფედ; და ჰერეთს უწოდებენ შემდგომად აწამდე განყოფით ესრეთ: გაღმა მხარს, ელისენსა, შიგნით კახეთს, ქისიყს და გარეთ კახეთს“. ამდენად, განსაზღვრულია თარიღი, საიდანაც ჰერეთის ტერიტორიაზე გამოიყო გარე კახეთი და წარმოიშვა ტერმინი. გარეთ კახეთის საზღვრები ვახუშტი ბაგრატიონს განსაზღვრული არ აქვს, მაგრამ მის მიერვე აღწერიდან და სოფლების სიიდან გარეთ კახეთის საზღვრები შემდეგნაირად წარმოგვიდგება. აღმოსავლეთი საზღვარი ქიზიყიდან ლაკბისხევზე გადის, ისე, რომ ლაკბისუბანი გარეთ კახეთში შედის. დასავლეთი საზღვარი მარტოფის ადმინისტრაციულ ერთეულს გამოყოფს, კუხეთის (ზედაზენ-იალნოს ანუ საგურამოს ქედი) ქედის გასწვრივ ჩამოუყვება მდინარე იორს, ხოლო შემდეგ სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი საზღვარი იორ-მტკვრის წყალგამყოფს მიუყვება. რაც შეეხება ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს, იგი უჯარმის თავზე გაივლის იორ-ალაზნის წყალგამყოფზე, ანუ ცივგომბორის ქედის თხემზე ბაკურციხის ხაზამდე.

როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, გარე კახეთი, კახეთის განაპირა მხარეა, ისე როგორც გარეთუბანი, გარეუბანი, გარეჯვარი, გარეჯა და სხვა. სახელწოდება გარეთ კახეთი დამოწმებულია, აგრეთვე იოანე ბაგრატიონის შრომებში. 1637 წლის მამულების წყალობის წიგნში „გამოღმა კახეთია“ დასახელებული, რაც გარე კახეთს შეესაბამება.

1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გარე კახეთის რაიონი შედიოდა თბილისის ოლქში. 1933 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებით გარე-კახეთის რაიონს საგარეჯოს რაიონი ეწოდა.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ვახუშტი ბაგრატიონი გარეთ კახეთის მხარეში ასახელებს 45 დასახლებულ პუნქტს, მაგრამ მასში მითვლილი არის მარტყოფის სოფლებიც. მეცნიერის ტექსტსა და რუკებზე კი მარტყოფი ცალკე არის გამოყოფილი, ხოლო სოფლები სიაში ისინი გაერთიანებულია გარე კახეთის სოფლებში. იოანე ბაგრატიონის სოფლებში მარტყოფის სოფლები გარე კახეთშია შეტანილი.

იოანე ბაგრატიონთან გარე კახეთში მარტყოფთან ერთად 57 პუნქტია აღნიშნული. 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში 43 დასახლებული პუნქტია დაფიქსირებული. ვახუშტისეული ჩამოთვლილი დასახლებული პუნქტების სახელწოდებები ძირითადში ემთხვევა იოანე ბაგრატიონის მიერ ჩამოთვლილ სოფლების სახელწოდებებს. ერთადერთი პუნქტი, რომელიც აღარ ფიგურირებს, ესაა ლაკბისუბანი. ჩანს, რომ იგი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნასოფლარად იქცა და ამჟამადაც ნასოფლარს ლაგბე ეწოდება.

გარეთ კახეთის მთავარი ცენტრიუჯარმა ყოფილა. იგი ივრის ხეობის შუა ნაწილში, სამი პროვინციის — კახეთის, კუხეთის და ჰერეთის მიჯნაზე მდებარეობდა. ასფაგურის უჯარმა თანამედროვე სუფელ უჯარმის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო გაშენებული, ციხე-ქალაქი უჯარმა კი შენდება მოგვიანებით სხვა მიზნით, როგორც პოლიტიკური ცენტრი[4].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ხარაძე კ., „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 80-90
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 559.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 700.
  4. ჭილაშვილი ლ., „ქალაქები ფეოდალურ საქართველოში“, I. თბ., 1968, გვ. 35, 40, 41