მდინარე

ბუნებრივი წყლის ნაკადი

მდინარე — წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს. მდინარეებს მეცნიერულად შეისწავლის დედამიწის ჰიდროლოგიის ერთ-ერთი დარგი — მდინარეთა ჰიდროლოგია.

მდინარე დუნაი (ულმი, გერმანია)
ბუნებრივი ნაკადის მაგალითი
მდინარე ინი
მდინარე პოლონეთში

მდინარეს აქვს სათავე — ადგილი, საიდანაც იწყება, და შესართავი — ადგილი, სადაც ის ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება. მდინარე, რომელიც უშუალოდ ერთვის ზღვას, ტბას, ჭაობს ან ქვიშებში იკარგება — მთავარი მდინარეა. მდინარეს ერთვის შენაკადები.

მთავარი მდინარე თავის შენაკადებთან ერთად ქმნის მდინარეთა სისტემას. ხმელეთის ზედაპირი, საიდანაც მდინარის სისტემა წყალს იკრებს, არის წყალშემკრები აუზი. ამა თუ იმ მდინარის სისტემის წყალშემკრებ აუზს, რომელიც სხვა მდინარეთა სისტემებისაგან გამოყოფილია წყალგამყოფებით, ეწოდება მდინარის აუზი.

მდინარე ხეობაში მიედინება. ხეობის ძირის ყველაზე დაბალი ნაწილია კალაპოტი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ წყალდიდობის დროს იფარება წყლით — ჭალაა. სათავისა და შესართავის სიმაღლეთა სხვაობას მდინარის ვარდნა ეწოდება.

მდინარე გარემოს მნიშვნელოვანი ელემენტებია: სიგრძე, სიგანე, სიღრმე, წყლის დონე, დინების სიჩქარე, წყლისა და ნატანის ხარჯი. რელიეფის შესაბამისად არსებობს მთისა და ვაკის მდინარე. მთის მდინარე მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში, გამოირჩეოდა მჩქეფარე დინებით, კალაპოტი ჭორომიანი აქვს და აჩენს ჩანჩქერებს. ვაკის მდინარე განიერ, კარგად გამომუშავებულ ხეობაში მიედინება, კალაპოტი დაკლაკნილი და დატოტვილი აქვს, დახრილობა — უმნიშვნელო, დინება — წყნარი.

მდინარის ხასიათი და განვითარება დამოკიდებულია კლიმატზე, რელიეფზე, გეოლოგიურ სტრუქტურასა და აუზის სიდიდეზე. დროებით, სეზონურ მდინარეებს უადებს უწოდებენ (არაბულად Wadi). ისინი მდებარეობენ საჰარაში და მსგავსი კლიმატური პირობების რეგიონებში. მათი კალაპოტები მშრალია, ივსება მხოლოდ დიდი წვიმების შემდეგ.

დედამიწის ზედაპირზე მდინარეები არათანაბრადაა განაწილებული. მდინარეთა ქსელი ხშირია ჭარბად ნესტიან მხარეებში და მეჩხერდება ჰავის სიმშრალის ზრდის შესაბამისად. უდაბნოში მხოლოდ დროებითი (ეპიზოდური) და ტრანზიტული მდინარეებია. დედამიწის მთავარი წყალგამყოფი კონტინენტების ზედაპირს ორ ძირითად აუზად ჰყოფს: ატლანტიკურ-არქტიკული აუზის წყალი ერთვის ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეებს, წყნაროკეანური აუზისა — წყნარსა და ინდოეთის ოკეანეებს. პირველი აუზის ჩამონადენი ბევრად მეტია, ვიდრე მეორისა.

მდინარეები საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით მდინარეთა საზრდოობა ძირითადად შერეულია (მაგ., მდ. რიონი ქვემოთში წვიმის წყლით საზრდოობს, ზემოთში — თოვლისა და მყინვარული წყლით). საზრდოობის თავისებურების მიხედვით დადგენილია მდინარის წყლის რეჟიმის სამი ძირითადი ფაზა: წყალდიდობა — მყინვარული წყლით მოსაზრდოვე მდინარეების ზაფხულის ხანგრძლივი უხვწყლიანობა, მაღალი დონეები, ზოგჯერ ნაპირებზე გადმოსვლა; წყალმოვარდნა — თავსხმით ან თოვლის სწრაფი დნობით გამოწვეული მდინარის წყლიანობის ერთბაშად გაზრდა; წყალმცირობა — წლის ცივ პერიოდში ძირითადად მიწისქვეშა წყლით საზრდოობაზე გადასვლით განაპირობებული მდინარის დაბალი დონე და მცირე ხარჯი (არანაკლებ 10 დღე-ღამის განმავლობაში). ზომიერი და ცივი სარტყლის მდინარეებს ახასიათებს ყინულოვანი მოვლენები: გაძგიფვა, თოშხერგილი, ყინულსვლა და სხვა.

მეტად დიდია მდინარეთა როლი სახალხო მეურნეობაში. იგი არის სასმელი და ინდუსტრიული წყლის მომწოდებებელი, ბუნებრივი წყლის გზა, ჰიდროენერგიის წყარო, თევზების და სხვა ორგანიზმების საცხოვრებელი. მდინარეთა ერთი ნაწილი, ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში, დაბინძურებულია. ამ ქვეყნების მთავრობები მიმართავენ ყოველ ღონეს - საკანონმდებლოს, სანიტარულს, ტექნიკურს, რათა შეზღუდონ ან თავიდან აიცილონ მდინარეებში სამრეწველო ნარჩენების მოხვედრა. მდინარეები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინებიან (დუნაი, რაინი, კონგო) შეზღუდულნი არიან კომერციული გემების მიმოსვლისათვის. აქ ნავიგაციის წესები დადგენილია საერთაშორისო შეთანხმებებით. მდინარის ალუვიონში ვხვდებით სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, პლატინა, ალმასი და სხვა) ქვიშრობულ საბადოებს.

საქართველოზე გამავალი უდიდესი მდინარეები

რედაქტირება
მდინარე სიგრძე (კმ) რომელ მხარეში მიედინება
1 მტკვარი * 1364 სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი
2 თერგი * 623 მცხეთა-მთიანეთი
3 ჭოროხი * 438 აჭარა
4 ალაზანი 351 კახეთი
5 რიონი 327 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი
6 იორი 320 მცხეთა-მთიანეთი, კახეთი
7 ენგური 213 სამეგრელო-ზემო სვანეთი, აფხაზეთი
8 ხრამი 201 ქვემო ქართლი
9 ცხენისწყალი 176 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი
10 ხობისწყალი 150 სამეგრელო-ზემო სვანეთი

* - მდინარის დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს.

მსოფლიოს უდიდესი მდინარეები

რედაქტირება
მდინარე სიგრძე (კმ) რომელ ქვეყანაში მიედინება
1 ნილოსი 6671 ბურუნდი, ტანზანია, რუანდა, უგანდა, სუდანი, ეგვიპტე
2 ამაზონი 6280 პერუ, კოლუმბია, ბრაზილია
3 მისისიპი * 5970 აშშ
4 იანძი 5800 ჩინეთი
5 ობი * 5410 ჩინეთი, ყაზახეთი, რუსეთი
6 ხუანხე 4845 ჩინეთი
7 მეკონგი 4500 ჩინეთი, ბირმა, ლაოსი, ტაილანდი, კამბოჯა, ვიეტნამი
8 ამური * 4416 მონღოლეთი, რუსეთი, ჩინეთი
9 ლენა 4400 რუსეთი
10 კონგო 4374 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, ანგოლა

* - მდინარეთა სიგრძეები ნაჩვენებია შენაკადებითურთ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება