წყალმოვარდნა
წყალმოვარდნა — მდინარის წყლის რეჟიმის ფაზა; მდინარის ნებისმიერ ფიქსირებულ კვეთში წყლის დონის შედარებით ხანმოკლე, სწრაფი და არაპერიოდული მატება, რომელიც თითქმის ასეთივე სწრაფი ვარდნით სრულდება. ძნელად პროგნოზირებადი მოვლენაა. ჩვეულებრივ, წარმოიქმნება თავსხმა წვიმების შედეგად; წყალმოვარდნა არამდგრადი ზამთრის პირობებში შეიძლება განპირობებული იყოს სწრაფი თოვლდნობით, მყინვარების დნობითა და წყალსაცავებიდან წყლის გაშვებით.[1]
წყალდიდობისგან განსხვავებით წყალმოვარდნა არარეგულარულად, წელიწადის ნებისმიერ დროს შეინიშნება და შეიძლება გადააჭარბოს მის მაქსიმალურ დონესა და ხარჯს. ხშირი წვიმების დროს ცალკეული წყალმოვარდნა შეიძლება ერთმანეთზე იყოს გადაფარებული, რითაც მრავალპიკურ, რამდენიმეთვიან წყალმოვარდნას აყალიბებს.[1]
თუ წყალმოვარდნა წყლის ხარჯის სწრაფი მატებისას წარმოიქმნება მდინარისა და მისი შენაკადის ცალკეულ მონაკვეთზე, მაშინ იგი ვრცელდება დიდი სისწრაფით ქვემოთ, დინების მიმართულებით, რომელიც მდინარეთა ვაკე მონაკვეთებზე 5 კმ/სთ, ხოლო მთიან მონაკვეთებზე 45 კმ/სთ აღწევს; ასეთი წყალმოვარდნის სიმაღლე ქვემოთ, დინების მიმართულებით ჩვეულებრივ მცირდება, ხოლო სიგრძე და ხანგრძლივობა იზრდება, მიმდინარეობს წყალმოვარდნის ტალღის ფენებად დაშლა.[1]
მნიშვნელოვანმა წყალმოვარდნამ შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს. დასავლეთ ევროპაში წყალდიდობას დუნაიზე, მაინზე, მოზელზე, პოზე, რაინზე, რონაზე, სონაზე და სხვებზე ხშირად წყალმოვარდნა იწვევს; აზიაში — ბრაჰმაპუტრაზე, განგზე, ხუანხეზე, იანძიზე და სხვა; ჩრდილოეთ ამერიკაში მისისიპიზე, ოჰაიოზე და სხვა; სამხრეთ ამერიკაში ამაზონზე და სხვა; ავსტრალიაში აღმოსავლეთ სანაპიროს მდინარეებზე. მდინარეზე წყალმოვარდნის გადაადგილების პროცესში იქმნება წყალმოვარდნის ტალღა.[1]
სტიქიურ-კატასტროფულ მოვლენებს შორის წყალდიდობებსა და წყალმოვარდნებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. მათზე მოდის მსოფლიოში სტიქიურ უბედურებებისაგან მიყენებული ზარალის 40%.[2]
საქართველო წყალმოვარდნების მაღალი სიხშირით გამოირჩევა. წყალმოვარდნა საქართველოში ინტენსიური წვიმებით წარმოქმნილი ერთიანი ჩამონადენის უეცარი ზრდის შედეგია, რაც შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე კაშხლის გარღვევით, მეწყრული სხეულით ხეობის ჩაკეტვის შედეგად და სხვა. მდინარეები, რომლებიც სათავეს იღებენ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, სადაც თოვლიანობა სეზონური მოვლენაა, ხასიათდებიან გაზაფხულის წყალდიდობებითა და ზაფხულ-შემოდგომის წყალმოვარდნებით.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Паводок | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2021-02-27.
- ↑ როგორ დავიცვათ თავი წყალდიდობისაგან. ქუთაისი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2021-02-27.
- ↑ წყალდიდობები და წყალმოვარდნები