ალაზანი

მდინარე საქართველოში და აზერბაიჯანში

ალაზანი[1] (აზერ. Qanıx) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 98 მ³/წმ. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს აზერბაიჯანის ფარგლებში.[2] წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა. ალაზნის აუზი სამი მხრიდან მაღალი მთებით არის გარშემორტყმული, რომლებიც ვაკეს და მთისწინეთს ჰაერის ცივი მასებისგან იცავენ.[3]

ალაზანი
Alazani River 2.jpg
მდინარე ალაზანი ახმეტის სიახლოვეს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები ახმეტის მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტი
ყვარლის მუნიციპალიტეტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
სათავე კავკასიონი
42°25′18″ ჩ. გ. 45°14′04″ ა. გ. / 42.42167° ჩ. გ. 45.23444° ა. გ. / 42.42167; 45.23444
სათავის მდებარეობა დიდი ბორბალო
სათავის სიმაღლე 2750 მ
შესართავი მინგეჩაურის წყალსაცავი
41°00′28″ ჩ. გ. 46°38′27″ ა. გ. / 41.00778° ჩ. გ. 46.64083° ა. გ. / 41.00778; 46.64083
შესართავის მდებარეობა აზერბაიჯანი
სიგრძე 390 კმ
აუზის ფართობი 11 800 კმ²
მდინარის სისტემა მინგეჩაურის წყალსაცავიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 98 მ³/წმ
ალაზანი — საქართველო
ალაზანი
ალაზანი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg ალაზანი ვიკისაწყობში

საზრდოობა შერეულია. ალაზანი იკვებება მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლის — 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა — შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულში — 29,1%, შემოდგომაზე — 20,3%, ზამთარში — 12,3%. არ იყინება.[2] აუზის საშუალო სიმაღლე 850 მ-ია, ხოლო მდინარის საშუალო ქანობი 2,12%-ია. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის რაიონებია.[3]

ალაზნის მარცხენა შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი და სხვა. მარჯვენა — ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი.[2]

მდინარე ალაზნის აუზი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში. აუზში დაახლოებით 350, 000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 80% სოფლად. აუზში სამუშაო ძალის მთავარი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სექტორია. მდინარე ალაზნის აუზში ფუნქციონირებს გარკვეული რაოდენობის მცირე საწარმოები: ხის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და აღჭურვილობის შემკეთებელი საამქროები. აუზში განვითარებულია კვების მრეწველობა; მთავარ ნაწილს ღვინის წარმოება შეადგენს.[3]

ალაზნის აუზის ბუნებრივი მცენარეული საფარი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, ასახავს რა დიდ სხვაობას ტემპერატურასა, ატმოსფერულ ნალექებსა, ფერდობების დახრილობასა და ნიადაგში. 2600 მეტრის სიმაღლის ზემოთ ალპური მდელოები, ხოლო 2200 და 2600 მ შორის სიმაღლეზე სუბალპური ტყიანი ადგილები და მდელოები ჭარბობს. 400-2200 მეტრზე დომინირებს მუხისა და რცხილის შერეული ტყეები (მუხა, იფანი, თელა და სხვა), ხოლო ალუვიურ სტეპზე ბუნებრივ მცენარეულ საფარს ტყის ელემენტები წარმოქმნის. აუზის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთით დედოფლისწყაროდან, დომინირებს სხვადასხვა ტიპის ველის მცენარეული საფარი.[3]

ალაზნის აუზში რამდენიმე მცირე წყალსაცავი და ტბაა. ფუნქციონირებს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური: ახმეტის მუნიციპალიტეტში: „ხადორჰესი“ (24 მეგავატი), ყვარლის მუნიციპალიტეტში — „ინწობაჰესი“ (1 მეგავატი), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში — „კაბალჰესი“ (1.5 მეგავატი), გურჯაანის მუნიციპალიტეტში — „ალაზანჰესი“ (1.5-2.5 მეგავატი).[3]

გალერეარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება