ეს სტატია დედამიწის მცენარეულ საფარს ეხება. ფლორის სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ფლორა.

ფლორა (გვიანდ. ლათ. flora < ლათ. flora – ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთი) — გარკვეული ტერიტორიის — ქვეყნის, ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა.

ფლორა

სახელწოდება ფლორას ძირითადად თესლოვანი და გვიმრანაირი მცენარეებისათვის იყენებენ. უმდაბლესი მცენარეებისა და უმაღლეს მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფის (ხავსები) ფლორა შესატყვისი სახელწოდებით აღინიშნება. მაგალითად: სპოროვან მცენარეთა ფლორა, წყალმცენარეთა ფლორა ან ალგოფლორა, ხავსების ფლორა, ან ბრიოფლორა და სხვ. ამა თუ იმ მხარის ფლორის შესწავლის ძირითადი არსია სახეობრივი და გვარობრივი შემადგენლობის გამოვლინება. ზოგჯერ ფლორაში გაერთიანებულია ბაქტერიული ორგანიზმები.[1][2]

ფლორა როგორც მცენარეთა ერთობლიობის ტერმინი პირველად იხმარა მიხალ ბოიმმა (1614-1659) ნაშრომში „Flora Sinensis“, რომელიც გამოიცა ქალაქ ვენაში 1656 წელს.[3] მეორედ ასეთი მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ ნაშრომში „ლაპლანდიის ფლორა“. მსოფლიო ფლორის კომპენდიუმი შეადგინა დევიდ ფროდინმა.

გამოიყოფა ფლორის რამდენიმე ტიპიფიკაცია:

  1. ალგოფლორა – წყალმცენარეების ფლორა;
  2. ბრიოფლორა – ხავსების ფლორა;
  3. დენდროფლორა – მერქნიანი მცენარეების ფლორა;
  4. ლიქენოფლორა – ლიქენების ფლორა;
  5. მიკოფლორა – სოკოების ფლორა;
  6. მიქსოფლორა – მიქსომიცეტების ფლორა.

საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. ძალიან ღარიბია მონაცემები პალეოგენში საქართველოს ადგილას არსებული იაფეტიდის და ტეთისის სხვა კუნძულების მცენარეულობის შესახებ. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა. რელიეფისა და მცენარეული საფრის ცვლილება ბოლო ათეული მილიონი წლის განმავლობაში ძალიან რთულად მიმდინარეობდა. საქართველოში გვხვდება 4200-დან 4500-მდე უმაღლესი მცენარეთა სახეობა, რომელთაგან 380 საქართველოს ენდემია (9%). აქედან 600 (14,2%) სახეობა კავკასიის ენდემებს განეკუთვნება.[4] ენდემები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

  1. ლოკალური ენდემები;
  2. შედარებით ფართოდ გავრცელებული სახეობები.

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია მცენარეთა 150-ზე მეტი სახეობა. საქართველოს ბუნებრივი ფლორის ინვენტარიზაცია ასახულია კაპიტალურ 8-ტომიან გამოცემაში „საქართველოს ფლორა“ (1941-1952). საქართველოში შესწავლილია რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არაგვის ხეობის, მესხეთის, თრიალეთის, კახეთის, აჭარის, აფხაზეთის ფლორა, მათი სისტემატიკური სტრუქტურა, ბოტანიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი; ჩატარდა ფლორის ანალიზი.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • რ. გაგნიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 345.
  • Гроссгейм А. А., Анализ флоры Кавказа, Баку, 1936;
  • Говорухин В. С., География растений с основами ботаники, 2 изд., М., 1961.

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-30. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-15. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
  3. Flora Sinensis (access to the facsimile of the book, its French translation, and an article about it)
  4. საქართველოს ფლორა (მოკლე მიმოხილვა)[მკვდარი ბმული]