ეს სტატია ისტორიული კუთხის შესახებაა. ასევე, იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ აჭარა (მრავალმნიშვნელოვანი)

აჭარასაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში.

აჭარა
კუთხის ცენტრი ქედა და ხულო
ქვეყანა საქართველო
ფართობი 1873,4
ეროვნება ქართველები
აჭარა მესხეთის დანაყოფში
აჭარა მესხეთის დანაყოფში
აჭარა მესხეთის დანაყოფში

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს — აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება „ჭანს“ და ნიშნავს „საჭანოს“.

მხარის აღწერა

რედაქტირება

ვახუშტი ბატონიშვილი თავის „გეოგრაფიულ აღწერაში“ აჭარას აღწერს შემდეგნაირად:

 
„ხოლო ჭოროხს მოერთვის აჭარის წყალი აღმოსავლეთიდამ, და გამოსდის ზარზმა-აჭარას შორის მთასა, აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ამ წყლის კიდეზედ, ამ ჴეობის საშუალს, არს მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, ქედა. მოსახლენი არიან ვაჭარნი. ხოლო მოერთვიან ამ აჭარის მდინარეს, გურიის მთიდამ და აჭარას და ლიგანისჴევის შორისის მთებიდამ, ჴევნი და მათ ზედა არიან დაბნები შენნი. არამედ მზღვრის: აღმოსავლით მთა აჭარასა და ზარზმას შორისი, და გარდავალს მას ზედა გზა სამცხეს; სამჴრით — მთა აჭარასა და ლიგანისჴევს შორისი; დასავლით — მდინარე ჭოროხი; ჩრდილოთ — მთა გურიასა და აჭარას შორისი, სადა გარდავლენან გზანი გურიას. და არს აჭარის ჴეობა ვენახოვან ხილიანი, მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბანბისა, ყოვლითა მარცვლითა, არს ტყიანი, კლდიანი, იწრო, ჴრამოვან-ღრატოიანი. მთანი ტყიან-ნადირიანი, კაცნი ჴელოვანნი ხის მუშაკობითა. აქ აკეთებენ ყველს: ერთი იქმნების , იე და ლიტრა, არაოდესვე წახდების, არცა დაობდების, რაჟამს გნებავს, შემგბარი კეთილ-სახმარ არს.“

ხოლო თედო სახოკია კი წერს შემდეგს:

 
„აწინდელი ახალციხის მაზრის დასავლეთით და გურიის, ანუ ოზურგეთის მაზრის, სამხრეთით, აჭარის-წყლის ხეობაში მდებარეობს ღრანტოვანი და ხევიან-კლდიანი კუთხე საქართველოსი — აჭარა.“

აჭარა როგორც მდინარე ჭოროხის აუზის განუყოფელი ნაწილი, მესხეთში შედიოდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდაჭარა იყო, შემდეგ — ხიხანი, მოგვიანებით — ხულო) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.

 
„აჭარა, ანუ აწინდელი ბათუმის ოლქის ერთი ნაწილი, მდებარეობს გურიის სამხრეთით. მისი საზღვრებია: აღმოსავლეთით — არსიანის მთა, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის მდინარეებს ჰყოფს ერთმანეთისაგან. გარდა ამისა, არსიანი მთაა საზღვარი აჭარისა და ახალციხის მაზრისა; ჩრდილოეთით — აჭარის ქედი, რომელიც არსიანის მთის გაგრძელებას შეადგენს და რომელიც გურია აჭარას ერთმანეთისაგან საზღვრავს; სამხრეთით — შავშეთის ქედი, ისიც არსიანის მთის შტოა და ჰყოფს აჭარისწყალს და მის შტოებს იმ მდინარეებისაგან, რომელნიც ერთვიან მდინარე ჭოროხს მარჯვნით. ხოლო, დასავლეთ აჭარა თავდება სოფელ კიბესთან, ერთი კილომეტრის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მდ. აჭარისწყალი მდ. ჭოროხს ერთვის.“
 
აჭარა 1883 წლის კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკაზე

ზემო აჭარა

რედაქტირება

ზემო აჭარის მმართველებად ითვლებოდნენ ჯერ ერისთავთერისთავი აბუსერისძენი, ბოლოს კი სანჯაყ-ბეგი ხიმშიაშვილები.

ქვემო აჭარა

რედაქტირება

ქვემო აჭარის სანჯაყ-ბეგებად ითვლებოდნენ აბაშიძეები.

ერთვერსიანი რუკა (1914-15) თედო სახოკია (1897)[1] დღეს
კიბე კიბე კიბე
რუს. Пост Аджарис-цкали აჭარისწყალი
კაპნის-თავი კაპნისთავი კაპნისთავი
ჭინკაძე ჭინკაძე ჭინკაძეები
დოლოგანი
ზუნდაგა ზუნდალა ზუნდაგი
ბაბუჩ-ოღლი
მაღლაკონი მაღლაკონი მაღლაკონი
ჭალახმელა ჭალახმელა ჭალახმელა
უჩხითი უჩხითი უჩხითი
ქვედა მილისი ნამლისი ნამლისევი
ზედა მილისი მილისი მილისი
კოსოსოფელი ქოსოფელი
ქვედა-ბზუბზო ბზუბზუ ქვედა ბზუბზუ
ზედა-ბზუბზო
შოთიძე-გოგაძე
შოთიძე-გოგაძე ზედა ბზუბზუ
დერე-ხოხნა დერე-ხოხნა კოლოტაური
ორთა-ხოხნა ორთა-ხოხნა
დუეთი
საღორეთი საღორეთი პირველი მაისი
მახუნცეთი-სუპლა ქვედა-მახუნცეთი ქვედა მახუნცეთი
მახუნცეთი-ულია ზედა-მახუნცეთი ზედა მახუნცეთი
ცხემლო ცხემლა ცხემნა
კორომხეთი კორომხეთი კორომხეთი
ძენუ მანი ძენიამანი ძენწმანი
ორცვა ორცვა ორცვა
კაკა-ოღლი კაკა-ოღლი არსენაული
სამზიარ-შავაბური სამზიარ-შავაბური შევაბური
აჯაშპირი
კუჭულა კუჭულა
გოგნიძეები გოგინიძეები
ალიკ-ოღლი ალი-ოღლი ოქტომბერი
ასამბაძე
მეძიბნა მეძიბნა მეძიბნა
მერისი მერისი მერისი
ჭალათი ჭალა
გარეტყე
ნამონასტრევი ნამონასტრევი
ქვედა აგარა
აგარა აგარა ზედა აგარა
ზენდიდი ზენდიდი ზენდიდი
გულები გულები გულები
ქედა ქედა ქედა
ხუნკუდა
აკუცა აკუწა აქუცა
ზესოფელი ზესოფელი ზესოფელი
ვაიო ვაიო ვაიო
ზვარი ზვარე ზვარე
კვაშტა კვაშტა კვაშტა
ტიბეთა ტიბეთა
ვაჯანისი ვარჯანისი
სოცხარია
სასადილოყელი
წონიარისი წონიარისი წონიარისი
კანტაური კანტაური კანტაური
აბუკეთი აბუქეთა აბუქეთა
ცხმორისი ცხმორისი ცხმორისი
კოკოტაური კოკოტაური კოკოტაური
ახო ახო ახო
გეგელიძე გოგელიძე გეგელიძეები
ბალაძე ბალაძეები
გორგიული
მუსიაშვილები მოსიაშვილები
დანდალო დანდალო დანდალო

აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა. აჭარა როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული მხარე გვხვდება XI საუკუნის წყაროში, კერძოდ ლეონტი მროველის თხზულებაში, ფარნავაზ მეფის მიერ (ძვ.წ. IV-III სს.), ქვეყნის საერისთავოებად დაყოფისა და ერისთავების განწესების შესახებ ცნობაში:

 
„მეექუსე გაგზავნა ოძრხის ერისთავი, და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელი არს სამცხე და აჭარა“
(ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24)

საეკლესიო ისტორია მიიჩნევს, რომ საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა და გავრცელდა აჭარის მხრიდან, კერძოდ დიდაჭარიდან. იგი სამცხესთან და საქართველოს სხვა ისტორიულ კუთხეებთან ერთად ქრისტიანობაზე მოაქცია ანდრია პირველწოდებულმა. ამის შესახებ მასალებს იძლევა ევსევი კესარიელი (IV ს.). შემდეგ XI საუკუნეში, ამ საკითხს შეეხნენ მთაწმინდელები, რომელთაც გადმოგვცეს მოციქულების განვლილი გზა, რაც აისახა „ქართლის ცხოვრების“ ჩანართებში. ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში კერძოდ აჭარაში რამდენიმეჯერ იმოგზაურა, როგორც მარტო ასევე სხვა მოციქულებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ გადმოცემის თანახმად ქრისტეს მე-12 მოციქული მატათა გონიოში განისვენებს. ანდრია მოციქულის მიერ იქნა დაარსებული პირველი ეკლესია დიდაჭარაში.

 
„...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა“ “
(ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.39)

ვახტანგ გორგასლის დროს აჭარა სავარაუდოდ იგივე ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული, როგორც VIII საუკუნეში მაშინ, როდესაც იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს „ქართველთა სამეფოს“ შემადგენლობაში იყო. ბიზანტიელი მწერლები მაგალითად კონსტანტინე პორფიროგენეტი (X ს.) მას იცნობს აჭარის სახელით, რომელიც აჭარას Αδραρἃ-თი იხსენიებს წერს, რომ აჭარა იყო ერთი იმ ოთხ საპრეფექტოთაგანი (ბერიაზახი, კარნატი, კუელი და თვით აჭარა), რომელნიც შეადგენდნენ სუმბატ კურაპალატის სამფლობელოს[2]. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ზემო ქართლი და ჭანეთი ჯაყელების ხელში გადავიდა.

XI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ერთიანი ფეოდალური საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ამ პერიოდში ზემო აჭარა კლარჯეთთან ერთად აბუსერიძეთა საერისთავოში შედიოდა და მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. XIII საუკუნის შუა წლებიდან აჭარა მის მეზობლად არსებული სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენს, მაგრამ XV საუკუნის შუა ყვარყვარე II ჯაყელმა აჭარა გადასცა გურიის მთავარს, რომელიც ეხმარებოდა, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფესთან, გიორგი VIII-სთან ბრძოლაში. ბრძოლა 1465 წელს გაიმართა. ყვარყვარე ათაბაგსა და გიორგი მეფეს შორის. ყვარყვარემ შველა და დახმარება სთხოვა კახაბერ გურიელს, რის სანაცვლოდაც საჩუქრად მისცა აჭარა და ჭანეთი.

 
„ამისთვისცა მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთის ადგილნი გურიელ კახბერს, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა სამცხისა და კლარჯეთისათა. ხოლო გურიელმა კახაბერ სიხარულით მიიღო ქვეყანანი...“

XVI საუკუნის დასაწყისში მზეჭაბუკ ათაბაგმა აჭარა გურიელს წაართვა, მაგრამ 1535 წლიდან ეს მხარე კვლავ გურიელის ხელში გადავიდა. გვიანფეოდალურ ხანაში აჭარა ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო (მაღალმთიანი) აჭარა და ქვემო (ზღვისპირა) აჭარა, მის ცენტრალურ ნაწილს კი შუახევი წარმოადგენდა.

XVI საუკუნის შუა წლებში ოსმალეთის იმპერიამ სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად აჭარაც დაიპყრო. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დააარსეს და ახალციხის (ჩილდირის) ვილაიეთს შეუერთეს. აჭარელმა ფეოდალებმა ოსმალეთის სუზერენობა აღიარეს.[3] თავდაპირველად აჭარა სპერის მმართველებს ემორჩილებოდა, 1563 წელს ადგილობრივი ფეოდალების მიერ ისლამის მიღების შემდეგ კი დამოუკიდებელ სანჯაყად ჩამოყალიბდა. XVII-XVIII საუკუნეებში აჭარა ადმინისტრაციულად შედიოდა ხან ისპირის სანჯაყში, ხან ჩილდირის, ყარსის თუ გურჯისტანის ვილაიეთში.

აჭარის გლეხობა ინარჩუნებდა ქრისტიანობას. ქრისტიანობა აჭარაში XVIII საუკუნის მიწურულამდე შემორჩა. ოსმალეთის ბატონყმობის ხანაში ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგები იყვნენ ხიმშიაშვილები, რომლებიც გარეგნულად სულთნის მორჩილები იყვნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ავტონომიას და ფაქტობრივად დამოუკიდებლად განაგებდნენ მათზე დაქვემდებარებულ მხარეს. აჭარაში ოსმალეთის მმართველობა ნომინალური იყო: მოსახლეობა არ იხდიდა ოსმალურ გადასახადებს, არ გადიოდა რეგულარულ სამხედრო სამსახურს, მხოლოდ ომის დროს გამოჰყავდათ მოლაშქრეები, შენარჩუნებული იყო მიწათმფლობელობის ძველი ქართული ფორმები.

ახალი ისტორია

რედაქტირება

1828-1829 წლებში აჭარა ოსმალეთ-რუსეთის ომის პოლიგონად იქცა. ომის დროს აჭარას შეაფარა თავი აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილმამ. 1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა და ახმედმა კვლავ აჭარაში დაიხია უკან.[4]რუსეთს განზრახული ჰქონდა აჭარის დალაშქრვაც, მაგრამ ზამთრის კლიმატისა და რთული რელიეფის გამო თავი შეიკავა. ამან საშუალება მისცა ხიმშიაშვილს მოლაპარაკებები გაემართა ბებუთოვთან. მოლაპარაკებები შედიოდა რუსეთის ინტერესებშიც, რადგან ის უომრად მიიღებდა აჭარას. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაჭიანურდა.

1829 წლის 27 ივნისს რუსეთმა აიღო არზრუმი. გენერალი ბებუთოვი სომხეთის ოლქის უფროსად გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი დანიშნეს ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც ხიმშიაშვილი არ ენდობოდა. ოსტენ-საკენმა ხიმშიაშვილს მისცა ოთხი დღის ვადა, რათა თავად, ან მისი შვილი გამოცხადებულიყვნენ რუსეთის ბანაკში და მიეღოთ ქვეშევრდომობა. ხიმშიაშვილმა არ მიიღო ეს პირობა და ოსტენ-საკენი 12 აგვისტოს შევიდა ზემო აჭარაში სამი ქვეითი ბატალიონით, 2700 ხიშტით, კაზაკთა პოლკით, სამი სამთო და ოთქი მცირე ქვემეხით. ასე მივიდა ხულომდე. ოსტენ-საკენი წინააღმდეგობას შეხვდა, ამიტომ იძულებული გახდა დიდი დანაკლისით უკან გაბრუნებულიყო 28 აგვისტოს.[5]

საქართველოს მთავარმმართებელმა გენერალმა პასკევიჩმა გენერალ გესეს დაავალა, აეღო ბათუმი. გესემ დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა ადგილობრივ ბეგებთან. ოსმალეთის ხელისუფლებამ იცოდა რა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, იქ გაგზავნა რვა ათასი ასკერი ტუსჩიოღლის მეთაურობით, რომელმაც დაარწმუნა ადგილობრივი ბეგები, რომ მართალია, ოსმალეთი ახლა ომს აგებდა, მაგრამ მთელი ევროპა ოსმალეთს უჭერდა მხარს და მალე ყველაფერი შეიცვლებოდა. 1829 წლის 4 აგვისტოს რუსეთის ჯარი ორი მიმართულებით დაიძრა ბათუმისკენ: ერთი შეკვეთილიდან ქობულეთისკენ პოლკოვნიკ პატოვსკის ხელმძღვანელობით და და მეორე ოზურგეთიდან მუხაესტატეს გავლით გესეს ხელმძღვანელობით. მუხაესტატესთან გამაგრებული ოსმალები გესემ პირწმინდად დაამარცხა. ქობულეთში გამაგრებულმა ოსმალებმა უკან დაიხიეს და ციხისძირის პოზიციებიც მიატოვეს. ქობულეთიდან ზღვით გაიქცა სოფიო გურიელი. გესემ არ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, ბათუმზე შეტევის ნაცვლად კინტრიშზე გამაგრდა და კვლავ დაიწყო მოლაპარაკებები. ამან საშუალება მისცა ოსმალებს ხელახლა გაემაგრებინათ ციხისძირი. 17 სექტემბერს გესემ იერიში მიიტანა ციხისძირზე, მაგრამ დაკარგა ცოცხალი ძალის ორი მესამედი. ეს ამ ომში კავკასიის ფრონტზე რუსების ყველაზე დიდი მარცხი იყო. გესე იძულებულ ხდებოდა დაეთმო უკვე დაკავებული ტერიტორიები, მაგრამ ამასობაში მოუსწრო ადრიანოპოლის ზავმა.

რუსეთმა ამიერკავკასიაში მიიღო ანაპა, ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი. ოსმალეთს დარჩა ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ყარსი, არტაანი, ბაიაზეთი. საზღვარმა კავკასიაში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გაიარა მდინარე ჩოლოქზე. [6]საზღვარის ჩოლოქზე გავლება მხოლოდ ტექნიკურმა ლაფსუსმა გამოიწვია. საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას გურიის მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.[7][8] აჭარის მოსახლეობა ოსმალეთის ბატონობის ხანაში გამაჰმადიანდა, მაგრამ არ გათურქებულა და შემოინახა ქართული ენა, ქართული გვარები და ქართული იდენტობა. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ აჭარაში, განსხვავებით მესხეთისაგან, ისლამი მოგვიანებით და ზედაპირულად გავრცელდა.

1834 წლიდან ოსმალებმა აჭარა ლაზისტანის სანჯაყს დაუქვემდებარეს.[9] 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე აჭარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლად შემოერთებული აჭარა ადმინისტრაციულად ბათუმის ოკრუგის სახით გამოიყო. 1883 წელს ბათუმისა და ართვინის ოკრუგები გაერთიანდა და ბათუმის ოლქი შეადგინა, რომელიც ადმინისტრაციულად ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა. დიმიტრი ბაქრაძე 1874 წელს აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა შემონახული მეხსიერება ქრისტიანობის შესახებ, ახსოვდათ ქრისტიანული დღესასწაულები და მისდევდნენ ზოგიერთ ტრადიციას, მაგ. სააღდგომოდ კვერცხის შეღებვას. ტაძარი შემორჩენილი იყო მხოლოდ სოფელ სხალთაში, ხოლო ხულოს ეკლესია ხიმშიაშვილებს დაუნგრევიათ. ბაქრაძის ცნობით აჭარლები თავს გურჯებად მოიხსენიებდნენ. 1886 წელს რუსეთის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საოჯახო სიებში აჭარლები და შავშელები ჩაწერილნი არიან, როგორც ქართველი მაჰმადიანები. [10]

აჭარის კუთვნილების საკითხი არაერთხელ წამოიჭრა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგაც, 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების შედეგად ოსმალეთმა მიიღო ბათუმის ოლქი, ყარსის ოლქი და არტაანის ოკრუგი, რამდენიმე დღეში ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასიის კომისარიატისა და ოსმალეთის დელეგაციათა მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც იყო ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხის გარკვევა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება შეწყდა. ოსმალეთმა შეტევები განაახლა, ქართულმა მხარემ ოსმალეთის ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქთან შეძლო.

1918 წლის 4 ივნისს ქ. ბათუმში საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აღსდგა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომამდე არსებული საზღვრები. ე.ი. ოსმალეთს დარჩა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი. მოგვიანებით 1918 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ოსმალეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი მოეწერა მუდროსის ზავზე (ფაქტობრივად კაპიტულაციაზე) საქართველოსა და ოსმალეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა.

მას შემდეგ რაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო ამიერკავკასია და კვლავ დაუმეზობლდა თურქეთს დღის წესრიგში დადგა სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით, დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ოსმალეთის საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფთან, შემდეგ მიუყვებოდა ქედისმთას, შავშეთსა და კინნი-დაღის მთების წყალგამყოფ, არტაანის და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს, მდინარეების არპა-ჩაისა და არაქსის ხეობებს. ამრიგად საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო საქართველოს ისტორიული ტერიტორია: ართვინის, არტაანის და ყარსის ოკრუგები.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის დეკრეტით აჭარა თანამედროვე საზღვრებით ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ აჭარის ა/რ-მ შეინარჩუნა პოლიტიკური სტატუსი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი: ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ბათუმი.

1897 წელს როდესაც თედო სახოკიამ აჭარაში იმოგზაურა, აღწერა აჭარაში შემავალი გზები:

 
„აჭარა შემოსასვლელი გზები აქვს შემდეგი მხრიდან: ერთი — ბათუმის მხრიდან, ეგრეთ წოდებული ბათუმ-ახალციხის შარა-გზით, მეორე — ამავე გზით ახალციხიდან (ყანლის მთაზეა გადმოსასვლელი); გურიიდან სამი გზა შემოდის: ბჟუჯის-წყლის ხეობით თაგინურზე (2918 მ.), აჭარის-წყლის ხეობითა და ბახვის-წყლის ხეობით ბადიშზე. ამ სამში ბადიშის გზა ყველასა სჯობია. შავშეთიდან სამი მხრივ შემოდის გზა: ერთია, მთა კორდა (2640 მ.), მეორე — ხევა (3073 მ.) და მესამე — ყვირილა.“

აჭარული სახლი

რედაქტირება

ზემო აჭარისათვის დამახასიათებელია ჯარგვლისებური ხის სახლები, ან, როგორც აქ ეძახიან კონღები. კონღა იგივე საზაფხულო სოფელია. სოფლის შესასვლელში განმარტოებით დგას ხის დაბალი, მხარნახევრის სიმაღლე, ჯარგვალი, ორ-თვლიანი, რომელიც წარმოადგენდა სოფლის სასტუმროს. სასტუმროს ერთი თვალი ადამიანისთვის იყო, რომლის შიგნით აქეთ-იქით ფართო, მაგრამ ძალზე დაბალი (ერთი მტკაველი სიმაღლე) ტახტები იყო შეკრული, ხოლო შუაში მიწურზე ცეცხლი ენთო. მეორე თვალი-კი ცხენის დასაბმელად იყო მიდგმული.

აჭარული სახლი ორსართულიანია. ზედა სართულში ცხოვრობს ჯალაბი, ქვედაში — თავლა და ბოსელია ერთად. გარედან სახლს სიგრძე და სიგანე 4 მხარი აქვს. ფანჯრები იხურება დარაბებით. ზედა სართული სამ განყოფლებიანია. ერთი რომელიც ამავდროულად სასტუმროცაა, საჯალაბო იმავდროულად სამზარეულოცაა. აქეთ-იქით დაბალი, მტკაველ-ნახევარის სიმაღლე ტახტებია მიკრული, განივრები, ცარიელი და ძალზედ შავი. ტახტებს შუა ქვედა სართულის ჭერზედ მიწა აყრია და კერა არის გამართული: ზემოდან საკიდელა ჰკიდია რკინისა, რომელზედაც საჭიროების დროს ქვაბებს კიდებდნენ. საჯალაბოში ქალია ბატონი, მამაკაცს შიგ შესვლა ეკრძალება. აქ ამზადებდა ქალი საჭმელს, აკეთებდა საოჯახო ხელსაქმეს და აქვე იძინებდა.

საჯალაბოდან დაბალ კარშია გასასვლელი და შევდივართ მესამე განყოფილებაში — სარძევეში. ეს ოთახი მარტო რძისათვის არის მიჩენილი და სარძევეც მაგიტომ დაერქვა. რძის ჭურჭელი ნაძვის მასალის იყო. ესენია:

  1. გვარდა — ნაძვის თხელ ყავრისაგან აკეთებდნენ მრგვლად, იყენებდნენ კარაქის საზიდად, ცხენს აქეთ-იქიდან დაჰკიდებდნენ.
  2. საწველელი — წააგავს გვარდას.
  3. ხელგობი — თელისაა, მაგარი, შიგ ყაიმაღი დგას კარაქის ამოღებამდე.
  4. ვარია — მაწვნის სადღვებელი, წააგავს ქართლურს, ხის მრგვალი ძელია ამოშიგნული რომელიც თოკებით არის დაკიდული და როცა მაწონს ჩაასხამენ, აქეთ-იქით აქანებენ.

სარძევის იატაკი ერთ ადგილას გამოჭრილია, რომელზეც მიდგმული ჰქონდა საცალფეხო კიბე, ერთი ძელისა (როგორც მეგრული ტკვა). აქედან ჩადიან ქვედა სართულში ბოსელში, სადაც საქონელია დაბმული.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

ხვნა-თესვა

რედაქტირება

მესაქონლეობა

რედაქტირება

მებაღეობა

რედაქტირება

მევენახეობა

რედაქტირება

მეფუტკრეობა

რედაქტირება

მეფუტკრეობა აქ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგია. მართალია ის ისევე არაა განვითარებული, როგორც მესაქონლეობა მაგრამ მოსახლეობა მაინც ინარჩუნებს მას. XX საუკუნის შუა ხანებამდე აჭარაში იყენებდნენ, გურია-სამეგრელოში არსებული სკების მსგავს: მეტრი-მეტრანახევარი სიგრძის ხის ძელი შუაზე იყო გაპობილი. ორივე ნაწილს გული ამოღრუტნული ჰქონდა. ეს ორი გულამოღებული ნახევარბოძი შეერთებულია. ქვეშიდან დასაჭერად თავსა და ბოლოში კაპიანი სარები ერჭოთ ხეზე დასაკიდებლად. სახლის გარდა ასეთი სკები ტყეშიც იდგმევა.

მეფუტკრეობას განსაკუთრებით მისდევენ მაღალმთიან აჭარაში. თედო სახოკიამ აღწერა მაშინდელი მეფუტკრეობა:

 
„მთელს აჭარაში ას-ოც კომლამდე იქნება სკების პატრონი. განსაკუთრებით ბევრი ჰყავთ ზემო-აჭარის ორ საზოგადოებაში: ფუშრუკაულისა და ინწკირვეთისაში. ჰყოლიათ სულ 900 სკა (ზემო-აჭარაში — 360 და ქვემოში — 540). გამოუღიათ თაფლი — 820 (ზემოში — 360, ქვემოში — 460) ფუთი და სანთელი — 400 (ზემოში — 180, ქვემოში — 220) ფუთი. ერტი ფუთი სანთელი იყიდებოდა — 16 მანეთად, ხოლო თაფლი — 3 მანეთად. თაფლს უმეტეს შემთხვევაში არა ჰყიდიან, უფრო ოჯახში ხარჯავენ.“

მეთევზეობა

რედაქტირება

მოსახლეობა

რედაქტირება

აჭარის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველთვის წარმოაგდენდნენ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა — აჭარლები. სხვადასხვა დროს აჭარაში ცხოვრობდა სომეხი და ბერძენი მცირერიცხოვანი მოსახლეობაც, რომელთა ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა წარმოადგენდა.

 
„ხულოში, ჯამეს ცოტა მოშორებით ათიოდ დუქანია ხისა, პატარები, საწვრილმანოები, საყასბო, სამჭედური. ვაჭრები ბერძნები და სომხებია.“

1897 წლისათვის აჭარისა და შავშეთის საზღვარზე, სარიჩარაის მთებში ცხოვრობდა რამდენიმე ასეული კომლი ლტოლვილი ქურთი.

საუკუნეების მანძილზე აჭარაში სარწმუნოება იმის და მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის გავლენის ქვეშ ექცეოდა აღნიშნული რეგიონი. აჭარლები, როგორც ქართლის სხვა კუთხე მისდევდა მრავალღმერთიანობას. I საუკუნეში ქრისტეს მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგებიდან ის ნელ ნელა გადადიოდა ქრისტიანობის რჯულზე. წმინდა ნინოს დროს, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა აჭარა ქრისტიანობის ერთ-ერთ კერად იქცა. მასში დაარსდა საეპისკოპოსოები და აშენდა არაერთი ეკლესია. მოგვიანებით ოსმალური იმპერიის მიერ რეგიონის ხელში ჩაგდებიდან, აჭარაში ფეხი მოიკიდა მუსულმანურმა სარწმუნოებამ. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ რაც რეგიონი რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის იმპერიაში არ იდევნებოდა მუსულმანობა, ხელი ეწყობოდა ქრისტიანობის გავრცელებას. საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის გვრცელებასთან ერთად ხალხში მცირედ ანთებული ნაკვერჩხალი კიდევ უფრო შემცირდა. რეგიონი ითვლებოდა სასაზღვრო ტერიტორიად და იქ მისვლა მოსვლა გართულებული იყო. საბჭოთა წყობის დანგრევის შემდეგ ვითარება რელიგიის აღმსარებლობის თავისუფელბის კუთხით შეიცვალა. ქრისტიანულ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი საკულტო ნაგებობები, მუსულმანებმა ააშენეს ჯამეები თავიანთი მრევლისათვის. ასევე გააქტიურდნენ სხვა როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული რელიგიის მიმდევრები.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

ეკლესიები

რედაქტირება

მეჩეთები

რედაქტირება

ციხე-კოშკები

რედაქტირება

ხირხათის ციხე, ბეგოშვილების ციხე, ცივასულას ციხე, საღორეთის ციხე, გულების ციხე, ზესოფლის ციხე[11], ტაკიძეების (დანდალოს) ციხე, კავიანის ციხე, ჭვანის (ტაკიძეების) ციხე, ოქროპილურის ყალაბოინი, მთისუბნის ციხე, ნიგაზეულის ციხე-გალავანი.

სასახლეები

რედაქტირება

ქვისთაღოვანი ხიდები

რედაქტირება

1897 წელს თედო სახოკიამ შემდეგი ხიდები დააფიქსირა აჭარაში, ესენია:

ზემო აჭარაში:

სახელწოდება კოორდინატები ფოტო
განახლების (ყადიოღლები)ს ხიდი
შანთაძეების ხიდი დანგრეულია
ურხოს ხიდი
ფურტიოს ხიდი 41°39′16″ ჩ. გ. 42°15′48″ ა. გ. / 41.6544917° ჩ. გ. 42.2635111° ა. გ. / 41.6544917; 42.2635111  

ქვემო აჭარაში:

სახელწოდება კოორდინატები ფოტო
მახუნცეთის ხიდი 41°34′15″ ჩ. გ. 41°51′36″ ა. გ. / 41.5710278° ჩ. გ. 41.8601639° ა. გ. / 41.5710278; 41.8601639  
ცხმორისის ხიდი დანგრეულია
დანდალოს ხიდი 41°38′48″ ჩ. გ. 42°06′27″ ა. გ. / 41.6469278° ჩ. გ. 42.1075778° ა. გ. / 41.6469278; 42.1075778  

1895 წლის წყალდიდობის შედეგად დაინგრა შანთიძეების, მახუნცეთისა და ცხმორისის ხიდები, ხოლო ყადიოღლების ხიდი დაზიანდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962
  • თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985
  • ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, ტფ., გვ. 225
  • გოგოლიშვილი ო. „რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი და აჭარა“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N18 2016 წ. გვ. 174-181 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 წ. ISSN 1512-3154
  1. დასახ. ნაშრომი, გვ. 207-208
  2. К. Ган, «Извѣстiя древнихъ греческихъ и римскихъ писателей о Кавказѣ». Часть II, გვ. 2.
  3. შაშიკაძე ზ. „ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი XVI საუკუნის აჭარის ისტორიიდან“ გვ. 151-152 — ბსუ კრებული ტ III ბათუმი 2002
  4. ახვლედიანი ხ. „ნარკვევები აჭარის ისტორიიდან“ გვ. 47-56 — ბათუმი 1944 წ.
  5. ტივაძე გ. „ოსმალეთის დერვიშობა და გლეხთა აჯანყებანი XVI საუკუნეში“ გვ. 88 — თბილისი, 1946
  6. ხაჭაპურიძე გ., „გურიის აჯანყება 1841 წელს“, 1931 წ.
  7. ნოზაძე ვ. „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, გვ. 8 — თბილისი, 1989
  8. Edward Backhouse Eastwick, Journal of a Diplomate's Three Years' Residence in Persia (1864) - Part 1
  9. რუსლან ბარამიძე. (2019-03-04) „ისტორიული პროცესების გავლენა მუსლიმ თემზე აჭარაში“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-28. ციტირების თარიღი: 2021-01-22.
  10. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 49 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  11. ზესოფლის ციხე