არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბათუმის ოკრუგი.

ბათუმის ოლქი (რუს. Батумская область; 1878-1883, 1903-1921) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული რუსეთის იმპერიაში, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ბათუმის ოლქი
ოლქი

18781921
გერბი
დედაქალაქი ბათუმი

1878-1917 წლები

რედაქტირება
 
1878 წლის რუსეთ ოსმალეთის საზღვარი ბერლინის კონგრესის მიხედვით

შეიქმნა 1878 წელს, საქართველოს იმ ისტორიულ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთმა შეიერთა ბერლინის 1878 წლის ტრაქტატით. ბათუმის ოლქი ადმინისტრაციულად დაიყო ბათუმის, ართვინისა და აჭარის ოკრუგებად. სამხედრო და ადმინისტრაციულ საქმეებში კავკასიის არმიის მთავარსარდალს ექვემდებარებოდა. ადგილობრივი მმართველობას სათავეში ედგა ბათუმის სამხედრო გუბერნატორი. 1878 წლის 12 ოქტომბერს ქალაქებში არტაანსა, ბათუმსა და ყარსში მოეწყო სახელმწიფო ხაზინა[1]. 1878 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით ბერლინის ტრაქტატით მიერთებულ თურქეთის აზიურ ნაწილში დაიგეგმა სატრანსპორტო გზების მოწყობა[2]. 1878 წლის 11 დეკემბერს ბათუმისა და ყარსის ოლქებში გაიმართა მთელს კავკასიაში მოწყობილი სასამართლო სისტემა[3].

ბათუმის ოლქის შემოერთებიდან მალევე ბრიტანელთა მოთხოვნით ბათუმი პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა, რაც უბაჟო ეკონომიკურ ურთიერთობას ნიშნავდა. მაქსიმალურად ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის გამო ამ განაპირა პროვინციით დიდი ნავთობწარმოებლები დაინტერესდნენ: ლუდვიგ ნობელი, ძმები როტშილდები, ალექსანდრე მანთაშევი და სხვები. 9 წელი მოქმედებდა პორტო-ფრანკოს სტატუსი ბათუმში, რომელმაც თავისი ეკონომიკური კვალი დატოვა ქალაქზე. რკინიგზის დასრულებით ბათუმი კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა დანარჩენ იმპერიას.

1883 წლის 26 აპრილს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ბრძანებით კავკასიის მხარის რეფორმირებისას ამიერკავკასია ფორმირდა გუბერნიებად და მათში შემავალ ოლქებად, რომელთაგან ერთ-ერთს ბათუმის ოლქი წარმოადგენდა[4]. 12 ივლისის დადგენილებით ბათუმის ოლქი გაუქმდა და ქუთაისის გუბერნიას შეუერთდა ბათუმისა და ართვინის ოკრუგების სახით[5].

1883-1903 წლებში შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში, ბათუმისა და ართვინის ოკრუგების სახით. 1903 წლის 17 მარტის დადგენილებით ბათუმის ოლქი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო ქუთაისის გუბერნიას[6]

1917-1921 წლები

რედაქტირება
 
ბათუმის ოლქი

1917 წლის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა შეადგენდა 82 ათას ადამიანს, მათ შორის 74 ათასი ქართველი იყო. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ოსმალები გააქტიურდნენ და 1918 წლის მარტის ბოლოდან დაიწყეს ბათუმის ოლქის ტერიტორიის დაკავება. ამიერკავკასიის ჯარმა აღნიშნულ შეტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. 1 აპრილს ოსმალებმა ბათუმი დაიკავეს. ოსმალებზე გავლენა მხოლოდ გერმანულმა არმიამ იქონია, რომელმაც ქართულ მხარეს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოთხოვა. 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ბათუმისა და აჭარის ბედი კვლავინდებურად გაურკვეველი ჩანდა.

ოკუპაციის ქვეშ არსებულმა ბათუმის ოლქის მოსახლეობამ გადაწყვიტა გადაედგა რიგი ნაბიჯები, რომლებიც უფრო დაახლოვებდა მათ საქართველოს და შემდგომში საქართველოს შეერთებოდა ავტონომიის სახით. აღნიშნული მიზნებისათვის შეიქმნა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, რომლის თავჯდომარედ არჩეული იქნა ადგილობრივ მოსახლეობაში გამორჩეული, აჭარელი ბეგების შთამოვაალი მემედ აბაშიძე.

1918 წლის მარტიდან ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მიხედვით საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთს ბათუმის ოლქი დაუთმო ამიერკავკასიის სეიმის თანხმობის გარეშე. მიუხედავად ამიერკავკასიის წინააღმდეგობისა, ნოემბრის ჩათვლით დაკავებული ჰქონდა ოსმალეთის იმპერიას.

1918 წლის 14 ივლისს ოსმალეთმა ოლქში რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმი ქობულეთში ჩატარდა, რომელშიც ქართულმა მხარემ გაიმარჯვა.

1918 წლის ნოემბერში გერმანიაში მომხდარმა რევოლუციამ საბოლოოდ დაასრულა გერმანიის იმპერია, შეიქმნა საპარლამენტო რესპუბლიკა. ბათუმის ოლქი დატოვებულ იქნა გერმანელების მიერ.

1918 წლის 30 ოქტომბერს საბერძნეთის კუნძულ ლემნოსის პორტ მუდროსში ინგლისურ სამხედრო გემ აგამემონზე გაიმართა ანტანტისა და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებს შორის გაფორმდა მუდროსის დროებითი ზავი. ზავის მიხედვით თურქეთი თმობდა ყველა მიტაცებულ ტერიტორიას მათ შორის ბათუმის ოლქსაც. 1919 წლის იანვარში ბათუმში გაერთიანებული სამეფოს ჯარი შემოვიდა. ამ პერიოდში ბათუმის ოლქს მართავდა ბრიტანელების მიერ ჩამოყალიბებული „ბათუმის ოლქის მართვის საბჭო“, რომელსაც რუსი ოფიცერი პრილიდიან მასლოვი ედგა სათავეში.

1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა მოიწვია მუსლიმ ქართველთა ყრილობა. ყრილობამ აირჩია მეჯლისი და მიიღო დადგენილება, რომ „ბათუმის ოლქის მუსლიმანები, თავისი სისხლის, ენისა და წესჩვეულების გათვალისწინებით ქართველები არიან, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ ამ დღეს ჩემ საყვარელ სამშობლოს. გაუმარჯოს მთლიან საქართველოს! გაუმარჯოს სამუსლიმანო საქართველოს ფართო ავტონომიას დედასამშობლოს — საქართველოს ფარგლებში“.

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ გაიზიარა მეჯლისის დადგენილება და ცნო ბათუმის ოლქის ავტონომია.

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანი გასაბჭოვდა, რამაც ბაქო-ბათუმის ნავთობსადენს სტრატეგიული მნიშვნელობა დაუკარგა. 1920 წლის ივნისს ინგლისმა და მოკავშირე ქვეყნებმა დააკმაყოფილეს საქართველოს მოთხოვნა და ბათუმი საქართველოს დმეოკრატიულ რესპუბლიკას გადმოსცეს. მის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა ბენიამინ ჩხიკვიშვილი.

1921 წლის 14 თებერვალს საქართველოს ბოლშევიკებმა სომხეთიდან შემოუტიეს. ომის მიუხედავდ, 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია მიიღო, რომლის 107-ე მუხლში ეწერა: „საქართველოს განუყოფელ ნაწილებს, აფხაზეთს, სამუსლიმანო აჭარას და ზაქათალას ენიჭება ავტონომიური მმართველობა“. 24 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ვერ გაუძლო საბჭოთა არმიის შემოტევას და ბათუმში გადაინაცვლა. ჟორდანიას მთავრობა 10 მარტს ჩავიდა ბათუმში. 11-ში თურქებმა დაიწყეს შემოსვლა და 16 რიცხვისთვის ბათუმში მრავალათასიანი ჯარი იდგა ბათუმში. მათ დაიკავეს ყველა სტრატეგიული ობიექტი: ფოსტა-ტელეგრაფი, ყაზარმები, პორტი. თურქეთის ჯარების უფროსმა ქიაზიმბეიმ ბათუმი ოსმალეთის შემადგენლობაში გამოაცხადა, თავი კი ოლქის სამხედრო გუბერნატორად დანიშნა.

საბჭოთა საოკუპაციო ძალები რუსეთ-თურქეთს შორის გაფორმებული ზავის გამო არ ცდილობდნენ ბათუმის გათავისუფლებას. 18 მარტს აღნიშნულის გამო ქართულმა მხარემ დაიწყო ბათუმის სტრატეგიული წერტილების დაკავება. მალე წარმატებასაც მიაღწიეს, ქართულმა ჯარებმა დაიკავეს ბარცხანის სიმაღლე. 19 მარტის მდგომარეობით თურქებს რჩებოდათ მხოლოდ ფოსტა-ტელეგრაფისა და მილიციის შენობები. 20 მარტს ბათუმის ოლქი თურქეთმა სრულად გაათავისუფლა.

გაუქმდა 1921 წელს საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ. მისი მცირე ნაწილი დარჩა საქართველოს სსრს შემადგენლობაში, ხოლო დიდი ნაწილი გადაეცა თურქეთს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. LIII, указ 58904, ст. 181-182
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. LIII, указ 58936, ст. 194
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. LIII, указ 59114, ст. 298-299
  4. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. III, указ 1522, ст. 187-205
  5. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. III, указ 1636, ст. 300-301
  6. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIII, ბრძ. 22663, გვ. 156-157