ამიერკავკასიის სეიმი

ამიერკავკასიის სეიმიამიერკავკასიის კომისარიატის წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანო.

სეიმში ჩამოყალიბდა სამი ფრაქცია:

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში განუკითხაობამ დაისადგურა. არ არსებობდა ცენტრაური ხელისუფლება და შესაბამისად ვერ ხდებოდა რეგიონებზე კონტროლი. უკონტროლობის გამო რეგიონებშიც რომ არ წარმოქმნილიყო ქაოსი, აუცილებელი გახდა ყველას თავის გადასარჩენად თავისი ზომები მოეძებნა. ამიერკავკასიაში, მალევე ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც დროებითი მთავრობის ფუნქციას ითავსებდა. ამის გარდა საჭიროებამ მოიტანა, ხახლის მიერ არჩეული სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიის დეპუტატებით დაკომპლექტებულიყო წარმომადგენლობითი ორგანოც[1].

1918 წლის 22 იანვარს თბილისში სასახლის დარბაზში გაიხსნა სრულიად რუსეთის დამფუძნებელ კრების ამიერკავკასიის დეპუტატთა კრება (ესწრებოდა 26-მდე დეპუტატი). კრება გახსნა ამიერკავკასიის კომისარიატის სახელით ევგენი გეგეჭკორმა. კომისარიატი მთელი შემადგენლობით დაესწრო. კრებას ესწრებოდნენ, როგორც რევოლუციურ ორგანიზაციების წარმომადგენლები ისე გარეშე პირებიც. თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კარლო ჩხეიძე, რომელმაც მოკლე სიტყვით მიმართა კრებას. მიღებულ იქნა ნოე ჟორდანიას წინადადება, რომლის თანახმად პირველად უნდა განეხილათ საკითხი კრების კონსტრუქციის შესახებ, ანუ უნდა გამოერკვიათ მისი უფლება-მოვალეობანი. ამ საკითხის შესახებ სიტყვა წარმოსთქვა ნოე ჟორდანიამ. მისი აზრით კრების შემადგენლობა უნდა გადიდებულიყო, ხოლო სახელად კი „ამიერკავკასიის სეიმი“ დაერქვათ, რომელიც გადაჭრიდა ადგილობრივ საკითხებს. კრება დასრულდა მეორე დღის პირველ საათამდე, რათა სხვა ფრაქციებსაც მისცემოდათ საშუალება ამ საკითხის შესახებ თავისი აზრი ჩამოეყალიბებინათ[2].

მორიგ შეხვედრაზე გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმი გაფართოებული შემადგენლობით 10 თებერვალს შეკრებილიყო. ასევე საუბარი შედგა სეიმისა და საბჭოების უფლება-მოვალეობების გადანაწილების თაობაზე[3].

სეიმის წინააღმდეგ გამოდიოდა ორი ბანაკი. ესენი იყვნენ: ადგილობრივი ნაციონალისტები და ბოლშევიკები. ნაციონალისტები (ეროვნული დემოკრატებიდან დაწყებული სოციალისტ-ფედერალისტებამდე) თვლიდნენ, რომ „რევოლუციის განვითარება ფედერალიზმის დროშის ქვეშ მიმდინარეობს, რუსეთი დანაწილდა მრავალ ერთეულებად და ახლა ჯერი ამიერკავკასიაზე მიდგა, უნდა დანაწილდეს ეს კუთხეც ეროვნულ ერთეულებად. თითოეულმა ეროვნებამ ცალკე უნდა მოიწვიოს საკუთარი ეროვნული დამფუძნებელი კრება, ამ გზით დამყარდება ცალკე სახელმწიფოები და შემდეგ ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეუკავშირდებიან ერთმანეთს და შექმნიამ ამიერკავკასიის ფედერალურ საბჭოს. ბოლშევიკების პოზიცია მიუხედავად მათი არაერთი განცხადებისა, მდგომარეობდა იმაში რომ ხედავდნენ საფრთხეს ამიერკავკასიის რუსეთიდან გამოყოფისა. მიღებული იყო ფორმულირება, რომ ამიერკავკასიის სეიმს უნდა ეფუნქციონერა რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევამდე. იმ შემთხვევაში თუ რუსეთში არ ან ვერ შეიკრიბებოდა დამფუძნებელი კრება, მაშინ ამიერკავკასიაში სეიმს უნდა აეღო დამფუძნებელი კრების ფუნქცია“[4].

10 თებერვალს დღის 1 საათსა და 10 წუთზე გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმის პირველი სხდომა, რომელიც დაკომპლექტდა რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩეული ამიერკავკასიელი დეპუტატებით.

სხდომის გახსნისას სიტყვა წარმოსთქვა კარლო ჩხეიძემ. დასასრულ, წინადადებით გამოვიდა შეემუშავებინათ დღის წესრიგი. სიტყვა ითხოვა სულთანოვმა. მან განაცხადა, რომ „მუსავათის“ დელეგატები, რიცხვით 33 კაცი, ჯერ არ იყვნენ ბაქოდან ჩამოსულნი და ამისათვის კრება გადადებულიყო მომდევნო დღისათვის. წინადადებას „დაშნაკიუცუნის“ ფრაქციის სახელით მიემხრო ხატისოვი, ეროვნულ-დემოკრატების — გვაზავა.

სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით ნ. რამიშვილმა წინადადება შეიტანა გადადებულიყო კრება 13 რიცხვისათვის, როცა ყველა დელეგატი ადგილზე იქნებოდა[5].

13 თებერვალს დღის პირველის ნახევარზე გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმის მეორე სხდომა.

სხდომა გახსნა კ. ჩხეიძემ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიღებული იქნა შემდეგი დღის წესრიგი:

  • სეიმის თავმჯდომარის არჩევა;
  • პრეზიდიუმის არჩევა;
  • ამიერკავკასიის კომისარიატის მოხსენება;
  • სხვადასხვა კომისიების არჩევა.

ამიერკავკასიის მეორე სხდომაზე აირჩიეს განსაკუთრებული კომისია, რომელიც ოსმალეთთან ზავის პირობებს შეიმუშავებდა, ხოლო შეიმდეგ სეიმს წარუდგენდა დასამტკიცებლად[6].

ამიერკავკასიის სეიმის 13 თებერვლის სხდომა

თავმჯდომარე კ. ჩხეიძე — ვხსნი სეიმის კრებას. დღიური წესრიგი ასეთია: პრეზიდიუმის არჩევა, ამიერკავკასიის კომისარიატის მოხსენება და სხვადასხვა კომისიების არჩევნები და სხვა. გთხოვთ დაასახელოთ თავმჯდომარე.

ყველა ფრაქციის წარმომადგენელნი ერთსულოვნად აცხადებენ, რომ ხარს უჭერენ ჩხეიძის კანდიდატურას თავმჯდომარის ადგილზე.

თავმჯდომარე — კანდიდატი დასახელებულია. ეხლა როგორ გნებავთ, აირჩიოთ ფარული კენჭის ყრით თუ უბრალოდ ხელის აწევით.

კრება სურვლის აცხადებს ხელის აწევით აირჩიონ თავმჯდომარე.

ერთხმად ირჩევენ ამხ. კ. ჩხეიძეს.

კ. ჩხეიძე. მოქალაქენო და სეიმის წევრნო! გულწრფელ მადლობას გიცხადებთ, რომ ასეთი ერთსულოვანი ნდობა გამომიცხადეთ და ასეთი მძიმე საქმე დამავალეთ. ვკისრულობ ამ მძიმე მოვალეობას იმ იმედით, რომ თქვენ დამეხმარებით პირნათლად შევასრულო ეს მოვალეობა. სიტყვა ეკუთვნის ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარეს ევ. გეგეჭკორს.

ტრიბუნაზე ადის გეგეჭკორი.

ე. გეგეჭკორი. მოქალაქენო და სეიმის წევრნო! გამოვდივარ თქვენს წინაშე, როგორც ამიერკავკასიის მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც მოიწვია ყველა რევოლუციურმა ორგანიზაციებმა ასეთ საშინელ დროს. არ დავფარავ, რომ აღელვებული ვარ. როგორც ვსთქვი ჩვენ მოგვიწია ამიერკავკასიის ყველა რევოლუციურმა ორგანიზაციებმა სათავეში ჩავდგომოდით კავკასიის მთელ ცხოვრებას ისეთ დროს, როდესაც მთელი რუსეთის და ამიერკავკასიის საზოგადო ცხოვრება ძირიან ბუდიანათ შერყეული იყო, და არ გვქონდა აქ საარსებო საშუალება, ასეთ დროს არა თუ ძნელი იყო ჩვენთვის მუშაობა, პირდაპირ შეუძლებელი იყო რამეს გაკეთება. არავითარი საშუალება არ გვქონდა შემოქმედებითი მუშაობისათვის მიგვეყო ხელი. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვალდებული ვიყავით გვემუშავნა, რადგან ამას გვავალებდა ჩვენი სინდისი და რევოლუციური დემოკრატია. კასა ცარიელი გვქონდა, ყოველ დღე მოდიოდნენ ჩვენთან მუშები და თავიანთ ხვედრ ფულებს გვთხოვდნენ. როცა არ გვქონდა აბა რა უნდა მიგვეცა? ცენტრიდან არაფერს მოველოდით. და აი ასეთ საშინელ დროს ჩვენ მაინც არ დაგვიყრია ძირს ფარ-ხმალი და როგორც შეგვეძლო ისე ვაკეთებდით დავალებულ საქმეს.

ჩვენ ვმუშაობდით მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოსთან სრულ შეთანხმებით. ეხლა თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდთ მთელ რუსეთში და აგრეთვე ჩვენშიაც. მე მოგახსენებთ ზავის შესახებ. თქვენ კარგად იცით თუ რა ცეცხლში გაიარა ამ საკითხმა. იცით რუსეთის რევოლუციური ლოზუნგი —ზავი უანექსიო და უკონტრიბუციო. ბევრი ლაპარაკით თავს არ მოგაწყენთ, მოგახსენებთ მხოლოდ უკანაკსნელ ამბავს. ლენინის მთავრობამ შეჰკრა ზავი გერმანიასთან, ამით რუსეთის რევოლუცია საბოლოოდ დაიღუპა და გერმანიის იმპერიალიზმს გამარჯვების ფრთები შეასხა. სახალხო კომისრების საბჭომ ხელი მოაწერა ისეთ სამარცხვინო ზავის პირობებს, რომლითაც გაამზადეს კუბო და ეხლა შიგ მათ მიერ გულ-განგმირული რევოლუცია უნდა ჩაასვენონ. რუსეთი გერმანიის ახალშენად გადაიქცა, მას ხელ-ფეხი შეუკრეს ეკონომიურად, რასაც პოლიტიკური დამოკიდებულებაც თან მოჰყვება. ამ გვარ ზავით ჩვენც დიდი საფრთხე მოგვიმზადეს. ეხლა ჩვენს გამჭრიახობაზე და ენერგიაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოვახერხოთ ოსმალეთთან ზავის შეკვრა. ზავის საკითხს დიდი საფრთხე მოელის, ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტის დაყოვნება ყოვლად შეუძლებელია. სეიმმა უპირველეს ყოვლისა ზავის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

ეხლა მოგახსენებთ რა გავაკეთეთ ჩენ ამ მხრით. (ის კითხულობს ვეხიბ-ფაშასთან მიწერ-მოწერის დეპეშას). უკანასკნელ დეპეშით ჩენ ვაცნობეთ ვეხიბ-ფაშას, რომ ჩვენი დელეგატები 17 თებერვალს წავლენ მოსალაპარაკებლად. კიდევ ვამბობ, რომ ეს საკითხი ფრიად საჩქაროა, რადგან ცნობები მივიღეთ, რომ შესაძლებელია ფრონტზე შეტაკება მოხდეს. თუ გსურთ ახლა გაგაცნობთ კავკასიის ფრონტის მდგომარეობას. ჯერ კიდევ ზავზე მოლაპარაკება არ დაწყებულიო, რომ ჯარმა თავისი ნებით წამოსვლა იწყო, პირველად წამოვიდა ცნობილი 39 დივიზია. ჯარების წამოსვლამ სტიქიური ხასიათი მიიღო, ყველაფერი იქ დაყარეს, რის წამოღებაც არ შეეძლოთ, აუარებელი სიმდიდრე ფრონტზე დატოვეს და სახლისკენ გამოიქცნენ. ფრონტი გატიტვლდა. ოსმალთა ჯარი წინ წამოვიდა და დაიჭირა ერზინჯანი, არდასუ და ტრაპიზონსაც მალე ხელში ჩაიგდებენ. ვეხიბ-ფაშა თავის ასეთ მოქმედების საბუთად იმას ასახელებს, რომ რუსის ჯარმა ყველაფერი ოხრად დასტოვა და მოვლა-პატრონობა უნდაო.

ასეთია ფრონტზე მდგომარეობა და კიდევ ვიმეორებ ზავის საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადასჭრათ. 17 თებერვალი შორს არ არის, როცა თქვენ აუცილებლად უნდა გაგზავნოთ დელეგატები.

ეხლა შევეხები საზოგადო მდგომარეობას. როგორც ზემოთ ვთქვი ამიერკავკასიის კომისარიატს აუტანელ პირობებში მოუხდა მუშაობა, რუსეთში გამეფებულმა ანარქიამ აქაც იპოვა სამკალი. ამის ნიადაგი აქ უკვე იყო თუ სახეში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ კავკასია მრავალ სხვადასხვა ერებით არის დასახლებული და მათში დიდი განსხვავებაა განვითარების მხრით. აქ იყო რუსის ჯარი, რომელიც სახლში ბრუნდებოდა და ყოველ ნაბიჯზე უწესობას ახდენდა. ის ლაპარაკობს ბაქოს გზაზე მომხდარ შეტაკებების შესასებ, იგონებს შამქორის ამბავს და ამბობს: ამ ამბავის შესასებ ბევრს ლაპარაკობენ, იქ მომხდარ სისხლის ღვრას უკავშირებენ კომისარიატის და რევოლიუციონურ ორგანიზაციების სახელს. ეს ფრიად სამწუხარო ფაქტია, კომისარიატმა ყოველი საშუალება მიიღო, რომ ამ ამბავს ნათელი მოეფინოს, დაინიშნა გამოძიება და მალე გვეტყვიან ვინ არის დამნაშავე ან შამქორზე ხოცვა-ჟლეტაში რაიმე წილი უდევს თუ არა ამიერკავკასიის კომისარიატს. საგამომძიებლო კომისია იტყვის თავის უკანასკნელ სიტყვას, მე თქვენ წარმოგიდგენთ და თქვენ იტყვით ვართ დამნაშავე თუ არა. ადგილობრივმა უპასუხისმგებლო ერთმა ჯგუფმა პირად თუ ინტერესების გულისთვის მიზნად დაისახა მთელი ამიერკავკასიის ეროვნების არევ დარევა. ანარქიის მოხდენა და სამოქალაქო ომის გაჩაღება. ეს ჯგუფი არავითარ საშუალებას არ ერიდებოდა, ოღონდ კი თავის გულის ზრახვანი სისრულეში მოეყვანათ, მათ მიძინებულ სინდისს ვერ აღვიძებდა მოსალოდნელი ძმათა სისხლისღვრა, რევოლიუციის დაღუპვა და ამიერკავკასიის კომისარიატის და რევოლიუციური ორგანიზაციების წინააღმდეგ ათასგვარ პროვოკაციულ ხმებს ავრცელებენ. რუსეთი დაღუპვის კარამდე მიიყვანეს და უნდოდათ ჯერ კიდევ რამდენათმე გადარჩენილი კავკასიაც დაეღუპათ. ჩვენ, როგორც რევოლიუციურ ორგანიზაციების მიერ არჩეული, არ შეგვეძლო რეპრესიულ ზომებისთვის მიგვემართა, ამის ნებას არ გვაძლევდა ჩვენი სოციალისტური შეხედულება. ისეთი ზომა არაფერი მიგვიღია, რომ შეგვევიწროებია თავისუფლება, მაგრამ ბოლშევიკების მოქმედებამ ყოველივე საზღვარს გადააჭარბა. ნამდვილი საბუთები გვაქვს იმისი, რომ ისინი გადაცმულები მიდიოდენ ფრონტზე განაწამებ რუსის ჯარებთან და ეპატიჟებოდნენ თბილისზე თავდასასხმელად, რომ სისხლით მოერწყოთ ქალაქი და დამტკბარიყვნენ თავიანთ ნამოქმედარით. ჩვენ ყოველივე საშუალებას ვხმარობდით, რომ უვნებლად გაგვეტარებია მიმავალი ჯარები ბაქოს გზაზე. ამ მხრით პირველი ნაბიჯი გადავდგით 9 იანვარს. გავგზავნეთ ეშელონი და თან გავაყოლეთ 40 საუკეთესო მუშა ჯავშნიან მატარებელზე, რომ ისინი სამშვიდობოზე მიეყვანათ. ჩვენ გვეგონა ბოლშევიკები ამით დაკმაყოფილდებოდენ და პროვოკაციას თავს დაანებებდენ. მაგრამ ამის მაგიერ ჩვენ აი რას ვკითბულობთ მეორე დღეს იმათ გაზეთ „კავკაზსკი რაბოჩიში“ (კითხულობს ამიერკავკასიის კომისარიატმა, თათრებს და ბეგებს იარაღი დაურიგა და მიმავალ ჯარს ხოცავს. როდის იქნება საბრალო ჯარისკაცთა სისხლში ბანაობას თავი დაანებოსო და სხვა. ისმის ხმები: „სამარცხვინოა, სამარცხვინო!“). მეორე დღეს ჩემთან მოვიდენ ჯარისკაცები და ამ გაზეთის ნომერი მომიტანეს. სადაც ასეთი სიტყვები იყო დაბეჭდილი და გულუბრყვილოდ შემეკითხენ, მართლა ამიერკავკასიის კომისარიატი, ასეთ ამბებს ახდენს და ჩვენი სისხლი სწყურიაო? ეხლა მითხარით განა უფლება გვქნდა ეს გაზეთი არ დაგვეხურა? არ გვქონდა და დავხურეთ კიდეც. (მქუხარე ტაში). ამ ჯგუფის წყალობით საშინელი ამბავი დატრიალდა გორში, ხაშურში, ქუთაისში და სხვაგან. გორის მაზრის სოფლებში ისეთი ამბები ხდება, რომელიც ადამიანს სისხლს უყინავს. ხოცვენ ხალხს ყოვლად უმიზეზოთ, კლაკენ მთელ ოჯახებს, არ ინდობენ არც მოხუცებს და არც ძუძუმწოვარა ბავშვებს, დახოცილთა დამარხვის ნებას არ აძლევენ და ქაღლებს უსევენ შესაჭმელად. ჩვენ გვქონდა საბუთი, რომ ამ საზიზღარ სისსლის ღვრაში დამნაშავე იყვნენ ზოგიერთი პირები, და განა ჩვენ უფლება გვქონდა გულ-ხელ დაკრეფილი გვეცქირა მათთვის განეგრძოთ ასეთი მხეცური და საზიზღარი მოქმედება? არა, ჩვენც დავიჭირეთ ეს პირები და სატუსაღოში დავამწყვდიეთ, რომ ხოცვა-ჟლეტის საშუალება მოგვესპო მათთვის, (ტაში), აი მათი მოქმედების უტყუარი საბუთი: (კითხულობს) „გორის ბოლშევიკთა კომიტეტისაგან ბოლშევიკთა კრაევოი ცენტრი. ქართული პოლკის ჯარი ჩვენ მხარეზეა და გამოგზავნეთ ინსტრუქტორები რომ მოქმედებას შევუდგეთ“. გაგზავნეს ეს ინსტრუქტორები და მოახდინეს ის, რაც გულით უნდოდათ. ასეთივე ამბავი დატრიალდა ქუთაისში, მაგრამ წითელმა გვარდიამ მათ ლაგამი ასდო და მოსპო ხოცვა-ჟლეტა და დარბევა. ქუთაისში ეხლა მშვიდობიანობაა.

შემდეგ გეგეჭკორი ეხება შაუმიანის სასაცილო მდგომარეობას, როგორ გამოაცხადა მან თავი კავკასიის საგანგებო კომისრად, როგორ იწვევდა ეს „ეხლანდელი ნამესტნიკი“ დაწესებულებათა წარმომადგენლებს და კერძო პირთ მიემართათ მისთვის კოჩუბეის ქუჩაზე. რა ზომა მიიღო ამის შესახებ ამიერკავკასიის კომისარიატმა, რომელმაც გადაწყვიტა შაუმიანის გაძევება და არ წავიდოდა დაეჭირა, მაგრამ ის მიიმალა. დასასრულ ის ეხება 10 თებერვალს ალექსანდროვის ბაღში მომხდარ შეტაკების ამბებს და ამბობს: 10 თებერვალს, როცა ამივრკავკასიის სეიმის კრება იყო დანიშნული, ალექსანდროვის ბაღში გამართეს კრება. დაცვის შტაბმა გაიგო, რომ იქ იყევნ დასაჭერი პირები, რომლებიც მოუწოდვბდნენ კრებას გაემართათ მანიფესტაცია და შეიძლება კიდევ სხვა რადაც. იქ გაგზავნეს მილიციონერი ამ პირთა დასაჭერათ. მილიციონერი მოკლეს. მეორეს იარაღი აჰყარეს და მესამე დაჭრეს. მერე რაც მოხდა, თქვენც იცით. სამწუხარო ამბავია, მაგრამ ის კი უტყუარი ფაქტია, რომ ამ ჯგუფს უნდოდა სისხლის ღვრა მოეხდინა. გუშინ ჩემთან მოვიდენ ახლოს მდგარ მიმავალ ეშელონების წარმომადგენელნი და მომთხოვეს გამეშვა დაჭერილები ღა გაზეთების გამოცემის ნება მიმეცა. მე მათ ავუხსენი, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი ცდილობს დაეხმაროს მას ყოველის მხრით და უზრუნველყოს მათი უვნებლად მოგზაურობა. მე ვურჩიე მათ არ აყოლოდნენ პროვოკაციას და მშვიდობიანად თავიანთ გზას გასდგომოდენ. გარწმუნებთ, რომ ეს ჯგუფი იქ ბოჭკებით ეზიდება ღვინოს და არაყს, რობ ამ გზით მოახერხოს თავის სამარცხვინო საქმის გაკეთება, მთვრალი ხალხი მოგვისიოს და თბილისში სისხლის ტბები დააყენოს.

ამგვარათ, მოგახსენებთ, რომ ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურავს და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, როგორც პატიოსანმა რვვოლუციონერებმა. ეხლა კი, როცა სეიმი შესდგა, ჩვენ ვანებებთ თავს ჩვენს მოვალეობას და ვაბარებთ სეიმს. (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე — კითხულობს კომისარიატის განცხადებას გადადგომის შესახებ.

ნ. ჟორდანია ამბობს, რომ ზავის საკითხი სასწრაფოა და ის უნდა გადაწყვიტოს უპირველეს ყოვლისა სეიმმა. უნდა აირჩიონ კომისია, რომელიც დელეგაციას აირჩევს და 17 თებერვალს გაგზავნის. კომისარიატის შვსახებ თქვა, რომ მისი განცხადება სეიმმა უნდა მიიღოს, რადგან ის სეიმის მოწვევამდე, იყო დაყენებული, მაგრამ სანამ ახალი მთავრობა მედგებოდეს სთხოვოს სეიმმა დარჩეს.

ამის შემდეგ მოხდა პატარა ინციდენტი, რამაც ხმაურობა და აურზაური გამოიწვია. ტრიბუნაზე ავიდა გვაზავა და დაიწყო: ამიერკავკასიის კომისარიატმა ითხოვა გადადგომა, ეხლა ვიკითხოთ, როდის უნდა გადადგეს „მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო“... (სიტყვა აღარ დააცალეს, ატყდა ხმაურობა და ყვირილი „ძირსო“, გვაზავა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, მას უნდოდა განეგრძო სიტყვა, მაგრამ თავმჯდომარემ შეაჩერა და სთხოვა პირდაპირ საკითხს შეხებოდა). გვაზავამ განაცხადა, რომ სანამ ზავს შევკრავდეთ კავკასიის დამოუკიდვბლობა უნდა გამოვაცხადოთო.

კრება 15 წუთით შეწყდა.

კრების განახლვბისას აირჩიეს ზავის, სარეგლამენტო და სამანდატო კომისიები.

ზავის კომისიაში: სოციალ-დვმოკრატი მენშევიკებისაგან — ნ. რამიშვილი და ა. ზურაბოვი; მუსულმანთა პარტია „გუმეტისაგან“ — შეიხ-ულ ისლამოვი, მუსულმანთა სოციალ. ბროკისგან პიპინოვი, მუსავათისგან — მამედ გარანგანჯინსკი და ხან ხოისკი; დაშნაკცაკანებიდან — ტიგრანიანი და ხატისოვი, ფედერალისტებისაგან — ლასხიშვილი, ნაციონალ დემოკრატებისაგან — გვაზავა და სხვა. აირჩიეს აგრვთვე სამანდატო და სარეგლამენტო კომისიები.

კრება დაიხურა. შემდეგი კრება დღეს დილის თვრთმეტ საათზე სასახლეში.“

14 თებერვალს შემდგარ სხდომაზე დრო მთლიანად დაეთმო პარტიათა დეკლარაციებისა და მათი სამოქმედო გეგმების განხილვას.

15 თებერვალს 11 საათზე დანიშნული სხდომა სახელმწიფო თეატრის დარბაზში ორი საათის დაგვიანებით შედგა. თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. სიტყვით გამოვიდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, მ. ცხაკაია, ხუდადოვი და ი. ბარათაშვილი[7]. ზავის დასადებად გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმის წარმომადგენლების გაგზავნა ტრაპიზონში[8].

17 თებერვალს სხდომა გვიან 15:15 საათზე გაიხსნა. საუბარი შეეხო ოსმალეთთან დადებულ ზავსა და არჩეულ დელეგატებს.

18 თებერვალს მოწვეულ იქნა საგანგებო სხდომა, რომელიც საღამოს 5 საათის მაგივრად 10 საათზე შედგა სასახლის დარბაზში. საუბარი ეხებოდა ამიერკავკასიაში მოვლენების განვითარებას და საზავო ხელშეკრულებას. სხდომა დაიხურა 11 საათზე[9].

19 თებერვალს სხდომა 14:40 საათზე გაიხსნა. მოხსენებით გამოვიდა სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ალ. ლომთათიძე. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ და კამათობდნენ ნ. ჟორდანია, ე. გეგეჭკორი, გობეჩია და ჯაფაროვი. კამათის გაგრძელება შემდეგი დღისთვის გადაიდო. სხდომა დაიხურა[10].

20 თებერვალს სხდომა დღის 1 საათზე გაიხსნა. სიტყვით გამოვიდნენ არზუმოვი და რამიშვილი. დასასრულ სხდომა დაიხურა[11].

22 თებერვალს სხდომა დღის 1 საათზე გაიხსნა. კენჭის ყრის შედეგად მდივნად არჩეულ იქნა კანტემიროვი. აირჩიეს კომისიები. სიტყვით გამოსული იყო ნ. რამიშვილი[12]. სესიაზე დაისვა საკითხი ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყდა შექმნილიყო სპეციალური კომისია. სხდომა დაიხურა[13].

ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო ოსმალეთის წინადადება ზავის ჩამოგდების შესახებ[14].

26 თებერვალს სეიმის სხდომაზე სიტყვით იყო გამოსული ლებედინსკი, ხან ხოისკი, სემიონოვი, გეგეჭკორი და ნ. ჟორდანია[15].

27 თებერვალს დაიწყო შეხვედრა ამიერკავკასიისა და ოსმალეთის დელეგაციების შეხვედრა ზავის თაობაზე.

28 თებერვლის სხდომას თავმჯდომარეობდა კ. ჩხეიძე[16].

5 მარტის სხდომას თავმჯდომარეობდა კ. ჩხეიძე. სიტყვით იყვნენ გამოსულები არსენიძე, ლომთათიძე, მანდაშიანი, რეუსტამბეკოვი, გეგეჭკორი, კანტემიროვი, აგაევი, მახმუდოვი და სხვები[17].

7 მარტის დილის სხდომას თავმჯდომარეობდა კ. ჩხეიძე. სიტყვით გამოვიდნენ ნ. ხომერიკი, ი. სემიონოვი, ი. გობეჩია, შახატუნი, კანტემიროვი, დ. ონიაშვილი და სხვები[18].

7 მარტს საღამოს დაინიშნა საგანგებო სხდომა. განხილულ იქნა ერევანში მომხდარი ამბები[19].

13 მარტის სხდომაზე ე. გეგეჭკორმა სეიმის მინდობით შეადგინა და წარუდგინა ახალი მთავრობა თავისი მომავალი სამოქმედო გეგმით[20].

17 მარტის სხდომას თავმჯდომარეობდა კ. ჩხეიძე. სიტყვით იყვნენ გამოსულები სხვადასხვა დეპუტატები[21].

20 მარტის სხდომას თავმჯდომარეობდა კ. ჩხეიძე. სიტყვით იყვნენ გამოსულები სხვადასხვა დეპუტატები[22].

24 მარტის სხდომას თავმჯდომარეობდა კ. ჩხეიძე. სიტყვით იყვნენ გამოსულები სხვადასხვა დეპუტატები[23].

ამიერკავკასიის სეიმის 22 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ჩამოაყალიბა სამთავრობო კაბინეტი აკაკი ჩხენკელის მეთაურობით. 1918 წლის 26 მაისს სეიმმა თვითლიკვიდაცია და ადფრ-ის ლიკვიდაცია გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სურგულაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 389.
  • ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 1, თბილისი, 1972
  • სურგულაძე ა. „ნარკვევები რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში (1917-1921)“, თბილისი, 1954

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 24 იანვარი
  2. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 23 იანვარი
  3. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 25 იანვარი
  4. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 27 იანვარი
  5. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 13 თებერვალი
  6. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 15 თებერვალი
  7. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 17 თებერვალი
  8. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 18 თებერვალი
  9. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 20 თებერვალი
  10. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 21 თებერვალი
  11. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 22 თებერვალი
  12. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 24 თებერვალი
  13. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 25 თებერვალი
  14. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 27 თებერვალი
  15. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 1 მარტი
  16. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 2 მარტი
  17. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 7 მარტი
  18. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 9 მარტი
  19. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 10 მარტი
  20. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 15 მარტი
  21. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 20 მარტი
  22. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 22 მარტი
  23. გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 27 მარტი