მენშევიკები (რუს. меньшеви́к, წარმოებული სიტყვიდან „меньшинство“, „უმცირესობა“) — რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკთა ფრაქციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იული მარტოვი. ორ ფრაქციად გაყოფა მოხდა პარტიის მეორე კონგრესზე ლონდონში 1903 წელს.

პავლე აკსელროდი, იულიუს მარტოვი და ალექსანდრე მარტინოვი, სტოკჰოლმში (16 მაისი, 1917.)

რსდმპ-ს მეორე ფრაქცია იყო ბოლშევიკების ფრაქცია, ლენინის ხელმძღვანელობით. მენშევიკებისგან განსასხვავებლად, ბოლშევიკებმა ოფიციალურად აიღეს აკრონიმი „რსდმპ (ბ)“ („РСДРП (б)“). თუ ბოლშევიკების რიგებში მარქსიზმის თეორიტიკოსები იყვნენ მხოლოდ ლენინი, სტალინი და ნიკოლოზ ბუხარინი, მენშევიკების წამყვანი იდეოლოგები იყვნენ გიორგი პლეხანოვი, ლ. მარტოვი, ნიკოლოზ ჩხეიძე, ფიოდორ დანი. მენშევიკების გავლენა რუსეთში ბოლშევიკებისაზე სუსტი იყო, მაგრამ თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებით მთავრობაში მოიპოვეს დიდი უმრავლესობა (განსაკუთრებით აღსანიშნავია ირაკლი წერეთლის, ფ. დანისა და მიხეილ ლიბერის როლი). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკების გამარჯვებამ სერიოზულად დათრგუნა მათი გავლენა მასებზე. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში მათი საქმიანობა ხან აკრძალული, ხან დაშვებული იყო. საბოლოოდ აკრძალვის შემდეგ, ნაწილი მენშევიკებისა წითელი ტერორის მსხვერპლი გახდა, ნაწილი თეთრ ტერორს შეუერთდა, ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. წერტილი ამ ყველაფერს დიდმა წმენდამ დაუსვა. თუმცაღა მეშევიკების იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბოლშევიკების სასარგებლოდ შეიცვალეს პოლიტიკური შეხედულებები, არა თუ გადარჩენა შეძლეს, შემდგომში სერიოზული კარიერის გაკეთებაც შეძლეს. მაგალითად ანდრეი ვიშინსკი, რომელიც გენერალური პროკურორი იყო, შემდეგ კი სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი და სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. დიპლომატიური კარიერა გაიკეთეს ასევე ივანე მაისკიმ და ალექსანდრე ტროიანოვსკიმ.

განსაკუთრებულ წარმატებას რსდმპ მენშევიკებმა მიაღწიეს საქართველოში, მოვიდნენ რა ჯერ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის და შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების სათავეებში. ქართველმა მენშევიკებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1918 წელს, შექმნეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Меньшевики в 1918 году / Отв.ред. З. Галили, А. Ненароков; Отв.сост. Д. Павлов. — М.: РОССПЭН, 1999. — 798 с.
  • Меньшевики в 1922—1924 гг. / Ответ. ред.: Галили З., Ненароков А.; Сост. А. Ненароков. — М.: РОССПЭН, 2004. — 728 с.
  • Liebich A. From the Other Shore. Russian Social Democracy after 1921. — Harvard: Harvard University Press, 1997. — 476 p.
  • Brovkin V. The Mensheviks after October: Socialist Opposition and the Rise of the Bolshevik Dictatorship. — Ithaca and London: Cornell University Press, 1987. — 329 p.