ნიკოლოზ ჩხეიძე
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (დ. 9 აპრილი, 1864, ფუთი, შორაპნის მაზრა — გ. 13 ივნისი, 1926, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე.
ნიკოლოზ ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 აპრილი, 1864[1] |
დაბადების ადგილი | ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) |
გარდაცვალების თარიღი | 11 ივნისი, 1926 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლევილის მამული |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საფრანგეთი |
პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაწყებითი განათლება მიიღო სოფლის სკოლაში. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მერვე კლასიდან. იყო ოდესის უნივერსიტეტის და ხარკოვის ვეტერინალური ინსტუტის თავისუფალი მსმენელი. სტუდენტობის დროს დაინტერესებული იყო ხალხოსნობითა და მარქსიზმით. 1887 წელს ორივე სასწავლების დატოვება მოუწია სტუდნეურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო.
საქართველოში დაბრუნებულმა ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში მუშაობისას გაიცნო ეგნატე ნინოშვილი. 1892 წელს ნინოშვილთან, ნოე ჟორდანიასთან და სილიბისტრო ჯიბლაძესთან ერთად ესწრებოდა ზესტაფონის კრებას და ჩამოაყალიბა სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფი მესამე დასი. შემდგომში ეს ჯგუფი გადაიქცა მძლავრ პარტიულ ორგანიზაციად, რომელიც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩხეიძე რსდმპ-ს წევრი გახდა 1898 წლიდან. 1899-1901 წლებში მუშაობდა ბათუმში და იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, ბათუმის საქალაქო საავადმყოფოს ინსპექტორი, რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტის წევრი. ბათუმში ისიდორე რამიშვილთან ერთად ნავთობქარხნების მუშებისთვის დააარსა საკვირაო სკოლა, არალეგალური სოციალ-დემოკრატიული წრეები და ჩამოაყალიბა მუშათა ძლიერი პარტიული ორგანიზაციები. 1903 წლიდან მიეკუთვნებოდა პარტიის მენშევიკურ ფრთას. 1905-1906 წლებშიო თანამშრომლობდა გაზეთ „სხივთან“. 1905 წლის რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა გამოსვლებს ბათუმში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის წლებში არალეგალურად მუშაობდა გურიაში.
1907 წელს გადავიდა თბილისში, სადაც არჩეული იყო ქალაქის საბჭოს ხმოსნად ნაძალადევიდან 1907-1911 წლების მოწვევის საბჭოში. 1907 წელს ტფილისის გუბერნიიდან აირჩიეს ჯერ რუსეთის იმპერიის III მოწვევის,[2] ხოლო 1912 წელს — რუსეთის იმპერიის IV მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად,[3] სადაც იგი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციასაც თავმჯდომარეობდა 1913 წლიდან. ფრაქციაში განხეთქილების შემდეგ იყო „მენშევიკების“ ფრაქციის თავმჯდომარე და „ტრუდოვიკების“ გაერთიანების წევრი. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ცენტრისტი.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი, აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. თებერვლიდან აგვისტომდე პეტერბურგის და რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობდა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვალში კარლო ჩხეიძე გახდა ახლადარჩეული ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ამავე დღიდან 1919 წლის მარტამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
1919 წლის დასაწყისში კარლო ჩხეიძე ირაკლი წერეთელთან ერთად იმყოფებოდა პარიზის საზავო კონფერენციაზე, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სადაც მან ოფიციალურად დააყენა საქართველოს ცნობისა და მისი ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი. ჩხეიძე 1920 წლამდე განაგრძობდა საქართველოს სახელით დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ევროპაში. 1919 წლის 12 მარტს კარლო ჩხეიძე დაუსწრებლად აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ, რომლის მოვალეობის შესრულებასაც კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეუდგა.
1921 წლის მარტიდან საბჭოთა ოკუპაციის გამო იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაკითხულობდა საჯარო მოხსენებებს საქართველოს ოკუპაციის გასაშუქებლად და ბოლშევიკური პროპაგანდის გასაფანტად. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ ფონდში დაცულია მასალები 1921 წლის დანიის სოციალ-დემოკრატიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კოპენჰაგენის სოციალისტურ კონფერენციაზე და ბერლინში „ამსტერდამის პროფესიონალური ინტერნაციონალის“ კონფერენციაზე კარლო ჩხეიძის მონაწილეობის შესახებ; ინტერვიუები, ფინურ, დანიურ და გერმანულ ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტებთან; ჩანაწერები ევროპის სოციალისტური პარტიებისა და II ინტერნაციონალის მოღვაწეებთან: ველსთან, მიულერთან, ლობესთან, ებერტთან და სხვა წევრებთან გამართული შეხვედრების შესახებ; ამავე ფონდში ინახება 1924 წლის 31 მაისს ჟენევის უნივერსტეტში გამართულ მიტინგზე კარლო ჩხეიძის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტი ფრანგულ ენაზე.
კარლო ჩხეიძის ფონდის ემიგრანტული პერიოდის მასალებში ასახული მისი შეხედულებები სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, საქართველოს ბედსა თუ უბედობაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნების თვითგამორკვევასა და გათავისუფლებაზე. ამ მხრივ საყურადღებოა მისი შრომები: „მარქსიზმი და ლენინიზმი“, „ბოლშევიზმის დახასიათება“, „ხუთი წელია ბოლშევიკები აბედნიერებენ საქართველოს“, სხვადასხვა წერილები, სადაც კარლო ჩხეიძე ეხმაურება საქართველოში 1924 წელს მომხდარ აჯანყებას, ბოლშევიკების რუსიფიკატორულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, საქართველოს სოციალურ მდგომარეობას და სხვა უამრავი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩანაწერი.
უკანასკნელი წლები
რედაქტირებაემიგრაციაში მყოფი კარლო ჩხეიძე პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ ლევილში, ქართველთა მამულში მეუღლესა და უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. საწყის პერიოდში იგი დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, შეძლებისდაგვარად ზრუნავდა საქართველოში მოშიმშილე მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად, მისი ინიციატივით ჟენევაში დაარსდა საქართველოს დახმარების საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც შვეიცარიელი ჟან მარტინი ხელმძღვანელობდა.
1924–1925 წლებიდან კარლო ჩხეიძის, ისევე, როგორც ლევილში მყოფი ქართველების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდში ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელისთვის გაგზავნილი წერილებიდან. შიმშილი, უსახსრობა და უიმედობა კარლო ჩხეიძეს ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას ანიჭებდა, უკმაყოფილო იყო საბინაო პირობებითაც. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კარლო ჩხეიძემ 1926 წლის 7 ივნისს სცადა თვითმკვლელობა, სამზარეულოს დანით გამოიჭრა ყელი. სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“. მეზობლებმა, მეუღლემ და ნოე რამიშვილმა შეძლეს მისი გადარჩენა და გადაიყვანეს პარიზის საუნივერსიტეტი კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. სისხლჩაქცევის გამო განუვითარდა ფილტვების ანთება და 11 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალეს პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
არქივში ინახება მის დაკრძალვაზე დამსწრე საზოგადოების მიერ სამგლოვიარო წიგნში გაკეთებული ხელმოწერები, უშუალოდ დაკრძალვის ამსახველი 11 ფოტოსურათი და საქმე პერ-ლაშეზის სასაფლაოზე კარლო ჩხეიძის საფლავის კეთილმოწყობის შესახებ. კარლო ჩხეიძის მოღვაწეობის დოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ მის პირად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდებში . მასალა გამოვლინდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის ამსახველ ე. წ. „ჰარვარდისა“ და „ლევილის“ დოკუმენტურ კოლექციებში. აღნიშნული კოლექციები 2000 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოიტანა და ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივს შესანახად გადასხა პროფესორმა გურამ შარაძემ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 431-433, ISBN 978-9941-0-9318-0.
- სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174.
- შარაძე გ., საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბილისი, 2003
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლოზ ჩხეიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკოლოზ ჩხეიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკოლოზ ჩხეიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკოლოზ ჩხეიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ნიკოლოზ ჩხეიძე — ბიბლიოვიკი
- ნიკოლოზ ჩხეიძე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1054310696 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) третий созыв, М., 1913, ст. 427
- ↑ Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) четвертый созыв, М., 1918, ст. 427