საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია — ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა ისტორიკოსების, ჟურნალისტების, მკვლევრებისა და საბჭოთა წარსულით დაინტერესებული სხვა პირების მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას სურს შექმნას თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია | |
---|---|
შეიქმნა | 30 მარტი 2010 |
ტიპი | არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი |
მიზანი | ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას |
მდივანი | ირაკლი ხვადაგიანი |
ქვეყანა | საქართველო |
sovlab.ge |
2009 წლის 9-10 ნოემბერს კავკასიაში გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის „ტერორის ტოპოგრაფია - საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრება - (სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი, რეპრესიები)“ შედეგად, კონფერენციის უშუალო მონაწილეთაგან ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის პირველ პროექტად დაისახა სტალინიზმის, ტერორის და რეპრესიების ტოპოგრაფის თემის დამუშავება და კვლევების დაწყება თბილისში საბჭოთა ტერორის და რეპრესიების სადოკუმენტაციო და საგანმანათლებლო მარშრუტის შესაქმნელად.
საინიციატივო ჯგუფმა 2010 წლის 30 მარტს გაიარა რეგისტრაცია, როგორც არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.
ხედვა და მისია
რედაქტირებასაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხედვაა დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლებული საზოგადოება, რომელსაც შესწევს უნარი გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, იყოს ცვლილებების მიმართ მოქნილი და ადეკვატური; საზოგადოება, სადაც უპირველესი ღირებულება თითოეული ადამიანის თავისუფლება და ღირსებაა, სადაც ინფორმირებული მოქალაქეები გააზრებულად და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მისიაა ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას სურს შექმნას თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.
პროგრამები
რედაქტირებაკვლევითი პროგრამა
რედაქტირება- საქართველოში არსებული საბჭოთა არქივების ეტაპობრივი შესწავლა, დოკუმენტირება და მათი საჯაროობის ხელშეწყობა.
- საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით პუბლიკაციების მომზადება და მკითხველთა ფართო წრისათვის წარდგენა.
- საბჭოთა ისტორიის კვლევისა და შესწავლის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარება და ინიციირება. დასავლეთისა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში დაგროვილი ცოდნისა და მეთოდოლოგიის ათვისება და დანერგვა.
- ახალი კადრების დაინტერესება და ჩართვა საბჭოთა მემკვიდრეობის შესწავლისა და არქივების კვლევის საქმეში.
საგანმანათლებლო პროგრამა
რედაქტირება- ტოტალიტარიზმისა და მისი შედეგების გააზრების ხელშეწყობა პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
- კვლევითი საქმიანობების შედეგად შექმნილი პროდუქტების ადაპტირება და საზოგადოების ფართო ფენებისათვის მიწოდება.
- ელექტრონული ბიბილოთეკის, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის შექმნა.
საზოგადოებრივი არქივი
რედაქტირება- დაფუძნდეს საზოგადოებრივ სარგებლობაში არსებული ელექტრონული არქივის დაფუძნება, სადაც თავმოყრილი იქნება საქართველოს საბჭოთა ისტორიასთან დაკავშირებული უნიკალური აუდიო-ვიზუალური მასალა და არტეფაქტები.
- მსგავსი მასალების შენარჩუნება და მისი ხელმისწავდომობის უზრუნველყოფა.
არტ პროგრამა
რედაქტირება- ხელოვნების და კულტურული პროექტების საშუალებით საზოგადოებაში წარსულის კრიტიკულად გააზრება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, რამდენადაც ხელოვნება ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის შეხედულებების პროექციას და გაცვლას.
- კულტურული მრავალფეროვნების მიზნით, სახელოვნებო სივრცისათვის სოციალური და პოლიტიკური თემების მიწოდება, რათა სოციალური და ისტორიული ტრანსფორმაცია აისახოს თანამედროვე შემოქმედებით კონცეფციებსა და პროექტებზე.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტები
რედაქტირებაწითელი ტერორის ტოპოგრაფია
რედაქტირება2010 წელს ორგანიზაციამ dvv international და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ”წითელი ტერორის ტოპოგრაფია”, პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგანმანათლებლო ტური ქალაქის ძველ უბანში (მთაწმინდა, სოლოლაკი), გამოიცა სპეციალური რუკა. 2011 წელს dvv international მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა რუკის ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადებაც.
ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება
რედაქტირება2011 წელს ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ”ვირტუალური პლატფორმა - საბჭოთა წარსულის გააზრება”, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა თბილისის ვირტუალური რუკა, სადაც ტერორის და რეპრესიების კვალია დატანილი; ჩატარდა თემატური დისკუსიები საბჭოთა პერიოდის შესახებ და ჩაიწერა 10 ზეპირი ისტორია რეპრესირებული ოჯახების შთამომავლებთან.