ზესტაფონის კრება
ზესტაფონის კრება 1892 წელს — მარქსისტულად განწყობილი ინტელიგენციის არალეგალური კრება. შედგა ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით 1892 წლის 25 დეკემბერს დაბა ყვირილაში, ილია კაკაბაძის ბინაში. კონსპირაციული მოსაზრებით კრებას საშობაო დღესასწაულის შეკრების ხასიათი მიეცა. ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, მიხა ცხაკაია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ჟორდანია, ილია კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, კარლო ჩხეიძე, ისიდორე კვიცარიძე, არსენ წითლიძე, ისიდორე რამიშვილი, ევგენი ვაწაძე და რაჟდენ კალაძე.
კრებაზე განიხილეს ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციის შექმნის პროგრამის პროექტი, რომელიც ნოე ჟორდანიამ წარადგინა. იგი მკაცრად გააკრიტიკა და უარყო დამსწრეთა უმრავლესობამ, თუმცა კრების მონაწილენი ჯერ კიდევ გარკვევით არ იდგნენ სოციალ-დემოკრატთა პოზიციებზე, მათ გადაჭრით გამოთქვეს აზრი სოციალიზმის იდეების პროპაგანდის სასარგებლოდ. ზესტაფონის კრება გაგრძელდა 3 დღეს. მას არ მიუღია პროგრამა და რაიმე დადგენილება, მაგრამ სამაგიეროდ აქ საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველ მარქსისტულ, სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას რომელსაც შემდეგში „მესამე დასი“ ეწოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გეგეშიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 515.
- ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 1, თბ., 1971;
- საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები (1883-1970), თბ., 1971;
- ცხაკაია მ., რუსეთის კომპარტიის არსებობის 25 წლისთავი (მოგონებები), «რევოლუციის მატიანე», 1923, № 2;