ნაძალადევი

რაიონი თბილისში

ნაძალადევი — ძველი უბანი თბილისში, ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ახლანდელი ნაძალადევის რაიონში. საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა. თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის (1872) შემდეგ დიდუბის ტერიტორიაზე 2 ნაწილად გაიყო; რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა, ახალ უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება. ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები გახდა თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლა. აქ 1900 წლის ზაფხულში რევოლუციურად განწყობილი მუშის ს. აზმაიფარაშვილის სახლის სარდაფში მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი არალეგალური სტამბა, სადაც იბეჭდებოდა საბრძოლო მოწოდებები და პროკლამაციები. 1905 წლის დეკემბერში საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან ნაძალადევში ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით „რესპუბლიკა“ გახდა. მუშები იარაღდებოდნენ, გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა — რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარებმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. მუშების თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, აჯანყება დამარცხდა.

ლიტერატურა

რედაქტირება