საქართველოს დამფუძნებელი კრება
საქართველოს დამფუძნებელი კრება — წარმომადგენლობითი დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე შეემუშავებინა სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია. დამფუძნებელ კრებას ასევე უნდა მიეღო კანონმდებლობა და ჰქონოდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ძლიერი მექანიზმები. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით დამფუძნებელი კრების შეკრებამდე საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე.
საქართველოს დამფუძნებელი კრება | |
---|---|
![]() | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე | ნიკოლოზ ჩხეიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტია |
თავმჯდომარის პირველი მოადგილე | ალექსანდრე ლომთათიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტია |
თავმჯდომარის მოადგილე | ექვთიმე თაყაიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია |
თავმჯდომარის მოადგილე | სიმონ მდივანი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია |
სტრუქტურა | |
წევრები | 130 |
![]() | |
პოლიტიკური ჯგუფები | (109) (8) (8) (5) |
სხდომების ადგილი | |
![]() | |
დამფუძნებელი კრების პლენარულ სხდომათა დარბაზი ეროვნული სასახლე თბილისი, რუსთაველის გამზირი, N6. | |
საიტი |
უფლებამოსილებები
რედაქტირებადამფუძნებელი. კრების უფლებამოსილებას შეადგენდა კონსტიტუციის შემუშავება და დამტკიცება, რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, ომის გამოცხადება, საერთაშორისო ხელშეკრულება]]თა დამტკიცება, მთავრობის კონტროლი.
არჩევნები
რედაქტირება1918 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამფუძნებელი კრების დებულება. არჩევნების ჩასატარებლად გამოიყო 4 მილიონი მანეთი. დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 14-17 თებერვალს საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით.
დეპუტატებს შეეძლოთ, აღმასრულებელ ორგანოებსა და თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობა შეეთავსებინათ, თუკი ისინი მხოლოდ ერთ სახელმწიფო ხელფასს აიღებდნენ.
მონაწილე სუბიექტები
რედაქტირებაპირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური ორგანიზაცია, ესენია:
- 1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
- 2. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
- 3. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
- 4. სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკციუთუნი“
- 5. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
- 6. საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო
- 7. საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
- 8. საქართველოს ეროვნული პარტია
- 9. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია
- 10. შოთა რუსთაველის ჯგუფი
- 11. დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
- 12. ბორჩალოს მაზრის მუსულმანები
- 13. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ)
- 14. „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“
- 15. ელინთა დემოკრატიული პარტია
არჩევნების შედეგი
რედაქტირებამათგან გავიდა მხოლოდ 4. დამატებით არჩევნებში კრებას შეუერთდა ეროვნული პარტია და დაშნაკციუთუნი. საბოლოოდ კრებაში 6 ფრაქცია შეიქმნა. მიიღო ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი, და ქვეყნის კონსტიტუცია (1921). დამფუძნებელი კრების შემადგენლობა 1919-1921 წლებში ამგვარი იყო[1]:
- სოციალ-დემოკრატიული პარტია — 109 დეპუტატი;
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია — 8 დეპუტატი;
- სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია — 8 დეპუტატი;
- სოც. რევოლუციონერები — 5 დეპუტატი.
კრების მუშაობა
რედაქტირებაკრება საზეიმოდ გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს მეფისნაცვლის სასახლეში. კრების გახსნა გადაიღო გერმანე გოგიტიძემ.[1] კრების გახსნას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის , საფრანგეთის, აშშ-ის, შვეიცარიის, ესპანეთის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, პოლონეთის, სპარსეთის, ჩეხოსლოვაკიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლიტვის, უკრაინის წარმომადგენლები. პირველ სხდომას ესწრებოდა კრების 99 დეპუტატი.
12 საათზე კრება გაიხსნა მისი უხუცესი წევრის, სოციალ-დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით. კრების მდივნობას წევდა ყველაზე ახალგაზრდა წევრი გოგიტა ფაღავა. საზეიმო ნაწილის შემდეგ სხდომის დღის წესრიგში დადგა თავმჯდომარის არჩევის საკითხი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, კრების წევრმა, ნოე ცინცაძემ თავმჯდომარის კანდიდატად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ნიკოლოზ ჩხეიძე დაასახელა. ჩხეიძე სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა კრებამ ის ერთხმად აირჩია.[2]
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა ალექსანდრე ლომთათიძე (სოციალ-დემოკრატი), ხოლო მოადგილეებად ექვთიმე თაყაიშვილი (ეროვნულ-დემოკრატი) და სიმონ მდივანი (სოციალისტ-ფედერალისტი); მდივნებად გრიგოლ ნათაძე (სოციალისტ-რევოლუციონერი) და ქრისტინე შარაშიძე (სოციალ-დემოკრატი). კრებამ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ხომერიკი, კონსტანტინე კანდელაკი (ყველა სოციალ-დემოკრატი).
დამფუძნებელი კრების ბოლო ორი სხდომა გაიმართა თბილისს გარეთ წითელი არმიის საქართველოში შეჭრის გამო. 1921 წლის 28 თებერვალს სხდომა გაიმართა ქუთაისში, ხოლო 16 მარტს ბათუმში. ბოლო სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ მიანიჭა უფლებამოსილება ნოე ჟორდანია]]ს, რომ წასულიყო საზღვარგარეთ საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. სხდომის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ უნდა წასულიყო კრების პრეზიუმიც.
დამოუკიდებლობის აქტის დადასტურება
რედაქტირებაპირველივე სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ, როგორც ხალხის მიერ არჩეულმა ლეგიტიმურმა ორგანომ დაამტკიცა დამოუკიდებლობის აქტი. მიღებული დოკუმენტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილია „საქართველოს დამოუკიდებლობა“, მეორე კი „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. პირველ ნაწილში მოთხრობილია, თუ როგორ აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრება და როგორ ადასტურებს იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. მეორე ნაწილი კი 1918 წელს მიღებული აქტის ტექსტს იმეორებს.
საქართველოს დამოფუძნებელი კრება, — არჩეული პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, — თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს
საკანონმდებლო საქმიანობა
რედაქტირებასაქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. დამფუძნებელი კრების მიერ გამართულ 169 სესიაზე ორი წლის განმავლობაში 265 კანონი და დებულება მიიღეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული 1990 წელს ცალკე წიგნად გამოიცა. [3]
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.
კონსტიტუციის მიღება
რედაქტირებადამფუძნებელი კრების მიერ მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს დაამტკიცა.
კომისიები
რედაქტირებადამფუძნებელ კრებაში მოქმედებდა შრომის, თვითმმართველობის, აგრარული, განათლების, ჯანმრთელობის, სამხედრო, იურიდიული, ხელოვნების და საგზაო კომისიები.
საგარეო საქმეთა კომისია დამტკიცდა 11 ივლისის კრებაზე. მის შემადგენლობაში შევიდა ყველა ფრაქციის წარმომადგენელი. კომისიის თავმდჯომარედ დაინიშნა სიმონ მდივანი (სოციალისტ-ფედერალისტი). წევრები: დიომიდე თოფურიძე, გერასიმე მახარაძე, იოსებ სალაყაია, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი გვაზავა, ივანე გობეჩია, ნიკოლოზ ელიავა, აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი. კომისიის შემადგენლობაც ბევრჯერ შეიცვალა, რადგან კომისიის არაერთი წევრი გაიგზავნა დიპლომატიურ სამსახურში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 358.
- ჯონსი ს., დემოკრატიის ფორმირება საქართველოში 1918-1921 // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 31-66, ISBN 978-9941-13-771-6.
- ჯანელიძე ო., საქართველოს დამფუძნებელი კრება და ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2018. — გვ. 207-229, ISBN 978-9941-8-0034-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს დამფუძნებელი კრება – 1919 წ. (შემადგენლობა). საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები (1919-1992 წწ.). საქართველოს პარლამენტი.
- პირველი რესპუბლიკის დარბაზი. ექსკურსია საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი.
- საქართველოს დამფუძნებელი კრება. საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი (1919 1920 1921). დოკუმენტები, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სამართლებრივი აქტები. რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-26. ციტირების თარიღი: 2009-05-28.
- სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვა დამფუძნებელი კრების გახსნაზე