საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს ეროვნული პარტია)

დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიასაქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანება 1918-1921 წლებში.

დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი გრიგოლ ვეშაპელი
ისტორია
დაფუძნდა 1918
პოზიციები
იდეოლოგია ქართული ნაციონალიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე
წარმომადგენლობითობა
საქართველოს დამფუძნებელი კრება
2 / 130
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

დაარსდა 1918 სექტემბერში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას (ედპ) ჩამოშორებული ჯგუფის (გიორგი მაჩაბელი, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, შალვა ქარუმიძე, ი. ელიაშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი) ძალისხმევით. ორგანიზაციის ხელმძღვანელად გ. ვეშაპელი აირჩიეს, მასვე მიანდეს ახალდაარსებული გაზეთ „კლდის“ გაძღოლაც. გ. ვეშაპელი იყო რედაქტორი პარტიის ყველა პერიოდული გამოცემისა — „სალი კლდე“, „პიტალო კლდე“, „ნაციონალისტი“, „მიწა“, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით 1918–1921 წლებში გამოდიოდა.

ეროვნულ-დემოკრატთაგან გამოყოფის მიზეზი გახდა საქართველოს ეროვნულ საბჭოში ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის რეორგანიზაცია. მსოფლმხედველობრივად როგორც ედპ, ისე მისგან გამოყოფილი ნაციონალ-დემოკრატები ერთსა და იმავე საფუძველზე იდგნენ, სხვაობა უმთავრესად ტაქტიკურ საკითხებში შეიმჩნეოდა. დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატები იცავდნენ ქართველ მიწათმოქმედთა — სოფლის მეურნეთა და მიწის მესაკუთრეთა — ინტერესებს. პარტიის პირველადი ორგანიზაციები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოქმედებდა. 1919 წლის თებერვალში დამფუძნებელი კრების არჩევნბში პარტიამ ცალკე მიიღო მონაწილეობა ეროვნული პარტიის სახელწოდებით. ის არჩევნებში მე-8 ნომრით იღებდა მონაწილეობას და 25-კაციანი სია ჰქონდა წარდგენილი. მიიღო 1532 ხმა და სადეპუტატო მანდატის მოპოვება ვერ შეძლო. 1919 წლის სექტემბერში გამართულ დამატებით არჩევნებში პარტიამ მიიღო 7300-ზე მტი ხმა დადამფუძნებელი კრების წევრი გახდა გრიგოლ ვეშაპელი. 1920 წლის მაისის დამატებით არჩევნებში კი — შალვა ქარუმიძე.

1920 წლის 23-24 ოქტომბერს მოიწვიეს პარტიის პირველი კონფერენცია, მიიღეს პროგრამა და აირჩიეს მთავარი კომიტეტი (გრიგოლ ვეშაპელი, შალვა ქარუმიძე, მიხეილ იშხნელი, გიორგი წინამძღვრიშვილი, ნ. მაღალაშვილი, სარგის კაკაბაძე და სხვ.). თბილისის ორგანიზაციას სათავეში ედგა პოეტი გიორგი ლეონიძე, ქუთაისისას — მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე. კონფერენციის შემდეგ პარტიას სახელი შეუცვალეს და მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია უწოდეს.

1921 წლის იანვარში მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა, ედპ-სა და უპარტიოთა კავშირთან ერთად საქართველოს დემოკრატიულ პარტიაში გაერთიანდა.

ეროვნული პარტიის სია დამფუძნებელი კრების 1919 წლის არჩევნებისთვის

რედაქტირება
  1. ვეშაპელი (ვეშაპიძე) გრიგოლ გიორგის ძე — პარლამენტის წევრი, გაზეთ „კლდის“ რედაქტორი
  2. ქარუმიძე შალვა ალექსანდრეს ძე — პარლამენტის წევრი, განათლების კომისიის წევრი
  3. ვაჩნაძე დავით ვლადიმერის ძე — პარლამენტის წევრი, სამხედრო კომისიის წევრი
  4. გაბაშვილი რევაზ (ლეონიდე) ალექსანდრეს ძე — პარლამენტის წევრი, გზათა კომისიის წევრი
  5. მაჩაბელი მიხეილ ვახტანგის ძე — პარლამენტის წევრი, აგრარული კომისიის წევრი
  6. ჯავახიშვილი დიმიტრი ვასილის ძე — პარლამენტის ყოფილი წევრი
  7. ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე — პროფესორი
  8. სარაჯიშვილი ალექსანდრე თედორეს ძე — მრეწველი
  9. გაბაშვილი ნიკოლოზ სოლომონის ძე — ინჟინერ-ქიმიკოსი, კომერსანტი
  10. ორბელიანი გიორგი ილიას ძე — გენერალი
  11. ჯანდიერი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე — ექიმი
  12. ელიაშვილი ივანე სპირიდონის ძე — ექიმი
  13. კაპანელი (ჭანტურაია) კონსტანტინე გრიგოლის ძე — ლიტერატორი
  14. ეკალაძე ია (ცინცაძე იაკობ თომას ძე) — ლიტერატორი
  15. ღოღობერიძე დავით სიმონის ძე — კოოპერატორი
  16. კელენჯერიძე დავით ბესარიონის ძე — პედაგოგი
  17. ციციშვილი ივანე გიორგის ძე — მიწის მესაკუთრეთა კავშირის წევრი
  18. იშხნელი მიხეილ ნიკოლოზის ძე — ექიმი
  19. ღუდუშაური ბართლომე — მღვდელი
  20. ივანიცკი ტარასი — დეკანოზი
  21. მამრაძე გიორგი გრიგოლის ძე — ლიტერატორი
  22. სიდამონ-ერისთავი ვალერიან — მხატვარი
  23. ნიჟარაძე რაფაელ — პედაგოგი
  24. კიკაბიძე ლადო სპირიდონის ძე — სტუდენტი
  25. ქასრაშვილი კსენეფორე ნიკოლოზის ძე — მეურნე

ლიტერატურა

რედაქტირება