საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია

საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია — პოლიტიკური პარტია საქართველოში, საარჩევნო სუბიექტი. პარტია გამოეყო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას 1917 წლის ოქტომბერში. მის მთავარ კომიტეტში შედიოდნენ თედო სახოკია, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი დეკანოზიშვილი. პარტია გამოსცემდა გაზეთს „ჩვენი რესპუბლიკა.“ პარტია მემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკურ სუბიექტს წარმოადგენდა და ამომრჩეველთა ძლიერი ბაზა გააჩნდა სიღნაღის მაზრაში. 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე პარტიამ კანდიდატად დაასახელა მიხეილ წერეთელი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა კანდიდატობაზე. 1919 წლის 12 თებერვალს პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად საერთო სიით მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. იმავე თვეში დამფუძნებელი კრების არჩევნებში პარტია მე-7 ნომრით იღებდა მონაწილეობას. 1919 წელს საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის საარჩევნო სიაში 50 კანდიდატი იყო შეყვანილი, მათ შორის იყვნენ დავით ჩიქოვანი, თედო სახოკია, სანდრო ახმეტელი, შიო არაგვისპირელი, კონსტანტინე ტყავაძე, სანდრო შანშიაშვილი და სხვ. საარჩევნო სიაში 1 ქალი კანდიდატიც იყო. არჩევნებში პარტიამ 3 000-ზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში. 1921 წელს ეროვნულ-დემოკრატებთან და ეროვნულ (ნაციონალისტურ) პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური ტიპის „საქართველოს დემოკრატიული პარტია“.

საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი თედო სახოკია
ისტორია
დაფუძნდა ოქტომბერი, 1917
პოზიციები
იდეოლოგია მემარჯვენე
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

ლიტერატურა

რედაქტირება