ვალერიან სიდამონ-ერისთავი
ვალერიან სიდამონ-ერისთავი (დ. 20 ივნისი, 1889, სოფ. ყვარელი, სიღნაღის მაზრა — გ. 9 ივნისი, 1943, თბილისი)[1] — ქართველი მოდერნისტი მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი (1938).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1889 წ. 20 ივნისს სოფ. ყვარელში. თბილისში მხატვრობას ეუფლებოდა კერძო სამხატვრო სტუდიაში ალექსანდრე მრევლიშვილისა და ბორის ფოგელის ხელმძღვანელობით. 1909–1915 სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. საქართველოში დაბრუნდა 1915 წელს. 1915-1916 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოსთან“. ამ დროს მისი რედაქტორია სანდრო შანშიაშვილი. ის გამოსცემდა სიდამონ-ერისთავის კარიკატურებსა და ჩანახატებს ყოფით და ალეგორიულ თემებზე. ამავდროულად მუშაობდა წიგნის დიზაინერად. 1917 წელს იმოგზაურა ქ. ერზრუმში, ქმნიდა ტიპაჟების, ყოფითი სცენების ჩანახატებს. ამავე წლებში ქმნიდა ისტორიული ჟანრის ფერწერას („თამარ მეფე“ (1917 წ.), „კრწანისის ბრძოლა“ (1919 წ.), „ერეკლე II ბრძოლა ლეკებთან“ (1921 წ.) და სხვ.), აგრძელებს რა თემატური თვალსაზრისით XIX ს.-ის დასასრულისა და XX საუკუნის პირველი ათწლეულის ქართული ფერწერის ტრადიციას; აღინიშნება, რომ მისი მხატვრობა უახლოვდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველი ათწლეულების რუსულს ისტორიულ ფერწერას, თუმცა კონტექსტური განსხვავება აშკარაა: მას მიზნად აქვს არა რუსულის მსგავსად ასახოს ერთი მხრივ სოციალური კონფლიქტი, მეორე მხრივ მის შემოქმედებას არც ეროვნულ-რელიგიური განდიდების ამბიცია უდევს საფუძვლად. სიდამონ-ერისთავთან კონტექსტი აშკარად ეროვნულ-ისტორიულია, რაც დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და კულტურის ახალი, ევროპული ორიენტაციის პირობებში ისტორიულ-კულტურული თვითიდენტიფიკაციის პროცესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ფერწერული ენის თვალსაზრისით მისი მხატვრობა ატარებს ამ წლებში პოსტიმპრესიონისტული და ფოვისტური ნიშნებს. ამ მხრივ ისტორიულ ფერწერასთან ერთად ნიშანდობლივია მისი პორტრეტები.[1] 1922 წლიდან 1935 წლამდე მუშაობს კინოს მხატვრად. იგი დაახლოვებით 35 ფილმის მხატვარია, მათ შორის ამო ბეკ-ნაზაროვის ფილმისა “მამის მკვლელი”, (1923 წელი); კოტე მარჯანიშვილის ფილმებისა “კრაზანა” (1928) და “კომუნარის ჩიბუხი” (1929 წელი); კოტე მიქაბერიძის ფილმისა “ჩემი ბებია” - ირაკლი გამრეკელთან ერთად (1929 წელი); მიხეილ ჭიაურელის ფილმისა “უკანასკნელი მასკარადი” (1934 წელი).[1] 1925–1943 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ავტორია თბილისისადმი მიძღვნილი ნახატებისა: „ძველი თბილისი“, „სასახლის წინ“, „უი, ქა!“. შექმნა ისტორიული ჟანრის ფერწერული ტილოები („თამარ მეფე“, 1917, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი; „კრწანისის ბრძოლა“, 1919, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) და პორტრეტები („ივანე ჯავახიშვილი“,1941) და სხვა. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები; ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ (1922, კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ცნობილი სპექტაკლი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკად. თეატრი), ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ (1923, პირველი დადგმა–თბილისის საოპერო თეატრი) და სხვა. 1943 წ. 9 ივნისს ვალერიან სიდამონ-ერისთავი გარდაიცვალა
გალერეა
რედაქტირება-
ვალერიან სიდამონ-ერისთავის ავტოპორტრეტი (1921წ.)
-
ვახუშტი კოტეტიშვილის პორტრეტი
-
მწერალ დავით კლდიაშვილის პროტრეტი
-
ქალის პორტრეტი
-
მონადირე
-
ლაშქარი
-
ძველი თბილისი – მილიციელი
-
განახლებული თბილისის დილა
-
თამარ მეფე (1917 წ.)
-
პაემანი
-
კორიდა
-
წითელი მთესველები
-
ალავერდობა
-
სინათლე (ესკიზი ოპერისა და ბალეტის თეატრისათვის)
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 34