კრწანისის ბრძოლა
კრწანისის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
საქართველო-სპარსეთის ომების ნაწილი | |||
კრწანისის ბრძოლა, სევერიან მაისაშვილი. | |||
თარიღი | 1795 წლის 8 - 11 სექტემბერი | ||
მდებარეობა | კრწანისი, საქართველო | ||
შედეგი | ქართველთა დამარცხება; თბილისის აღება და გაძარცვა; 15 000 ქართველის ტყვედ წაყვანა სპარსეთში. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
კრწანისის ბრძოლა ვიკისაწყობში |
კრწანისის ბრძოლა — 1795 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველების სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა.
პირველი ბრძოლები
რედაქტირებაქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და ეიძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ამასთან, ქართველებმა, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ II მეთაურობდა. 9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია.
10 სექტემბერს, სპარსელებმა ჩათვალეს, რომ სოღანლუღის მხრიდან, ვიწრო საქარავნე გზით წასვლა თბილისისკენ რთული იყო და ამიტომ სომეხი მელიქების რჩევით გადაწყვიტეს თელეთიდან შინდის-ტაბახმელისაკენ ასვლა, იქიდან კი დაშვება კრწანისის ველზე, საიდანაც, სეიდაბადის გავლით იოლად მიადგებოდნენ თბილისს. ამ გზით თაბორის ქედიდანაც შეიძლებოდა პირდაპირ აბანოთუბანში დაშვება. მტრის მეწინავე რაზმმა (3–4 ათასი კაცი) მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის.
10 სექტემბერს, ერეკლეს ბრძანებით ბრძოლას დავით ბატონიშვილი სარდლობდა. მისი რაზმი და არტილერია, თაბორის ქედის სამხრეთ ფერდობებთან, შინდისის მიდამოებში განლაგდა და მიზანში თელეთის ქედის ჩრდილო ფერდობები ამოიღო, რადგან მტერი აქედან უნდა დაშვებულიყო კრწანისის ველისაკენ. კრწანისის ველის მიდამოებში (დაახლოებით იქ, სადაც ახლა ე.წ. სამთავრობო აგარაკები, ოფტალმოლოგიური კლინიკა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებია), მოხერხებულად განთავსდა ოთარ ამილახვრის, იოანე მუხრანბატონის, ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმები, იმერელთა რაზმი ზურაბ წერეთლის მეთაურობით. ერეკლე, თავისი მებრძოლებით სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა. როდესაც მტერმა თელეთის ქედზე გადმოსვლა დაიწყო, დავითმა მათ მეწინავე რაზმებს ზარბაზნის ცეცხლი დააყარა და დიდად დაზარალებული მტერი რამდენიმეჯერ უკან შეაბრუნა. თუმცა სპარსელებს ახალი, დასვენებული, დიდი ძალა ემატებოდა თელეთის ქედის მეორე მხრიდან. მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა ქართველთა სხვა რაზმებსაც მოუწია. ბოლოს 75 წლის ერეკლემ ბაირაღი აიტაცა, იშიშვლა ხმალი და მომხდური მტრის რაზმების შუაგულში შევარდა, მას შვილიშვილი, სოლომონ მეორეც მიჰყვა. ქართველებმა საღამოსათვის მრავალრიცხოვან მტერს დიდი დანაკარგით უკან დაახევინეს. მათი განახევრებული რაზმები თელეთის ქედის მეორე მხარეს, თავიანთ ბანაკისკენ გადადევნეს. 10 სექტემბერს ქართველები გამარჯვებული მობრუნდნენ თბილისში.
ღალატი
რედაქტირებაგადმოცემით, პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში, თუმცა სათუოა, რომ აღა-მაჰმად-ხანს უკან გაბრუნება გადაეწყვიტა, რადგან ბრძოლებში გამოცდილ, თბილისთან ახლოს მოსულ შაჰს, პოზიციური, თუნდაც დამარცხებული ბრძოლის შემდეგ უარი, რომ ეთქვას წინსვლაზე, ძნელად წარმოსადგენია.
აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ჯარი 14 ნაწილად დაჰყო. მისი ჯარი, წინა დღის მარცხის მიუხედავად, რაოდენობრივად 6-ჯერ თუ 7-ჯერ მეტი იყო ქართველთა ჯარზე. ძალები მეტად უთანასწორო იყო. შაჰმა თავის ჯარს უკან 6 ათასი თურქმენი ჩაუყენა და უბრძანა – უკანდახეული სპარსელი მებრძოლები ადგილზე გაენადგურებიათ.
11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწროებით თბილისისაკენ დაიძრა და საათნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციებს შეუტია. შაჰმა გადაწყვიტა, რომ შეტევა თბილისზე, ორივე მხრიდან ეწარმოებინა, ამისათვის 5 ათასამდე კაცი, ისე, როგორც 10 სექტემბერს, თბილისთან ზურგიდან მისავლელად თელეთის მიმართულებით გაგზავნეს. თავად შაჰმა, ძირითადი ძალებით სოღანლუღის ვიწრო, კლდოვან ფერდობებზე განლაგებულ საქარავნე გზით გადაწყვიტა თბილისისაკენ წამოსვლა.
11 სექტემბერს ქართველთა ჯარს ერეკლე სარდლობდა. წინა დღის მსგავსად, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, შინდის-ტაბახმელადან გადმოსასვლელ გზებზე მდგარ ჯარს დავით ბატონიშვილი მეთაურობდა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიდამოებში გალაგებულ ქართველთა მარცხენა ფრთას იოანე მუხრანბატონი უფროსობდა. თვით ერეკლე ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობის გარდა, იცავდა სეიდაბადისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას, ის თავისი რაზმით შემაღლებულ ადგილზე განთავსდა. ოთარ ამილახვრისა და თავისი ვაჟიშვილის, ვახტანგის რაზმები, როგორც სარეზერვო, თავისთან ახლოს იახლა მეფემ. იმერელთა ათასკაციანი რაზმი ერეკლესაგან მარჯვნივ განლაგდა, ხოლო 500 იმერელი მებრძოლი აბანოს კარის მიდამოებში დარჩა, რათა საჭიროების შემთხვევაში მეზარბაზნეებს დახმარებოდნენ. ამინდი ღრუბლიანი და წვიმიანი იყო.
სოღანლუღის გზით წამოსული შაჰი თბილისისკენ მომავალ საქარავნე გზის მთიან ნაწილს მოადგა (დაახლოებით იქ სადაც დღეს მარნეულისა და რუსთავის გზები იყოფა). გზის ერთ მხარეს თელეთის ქედის კლდოვანი ფერდობები იყო, მეორე მხარეს ადიდებული მტკვარი. მთებზე ჩასაფრებულმა ქართველებმა ასეულობით მებრძოლი დაუხოცეს მტერს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. შაჰი დარწმუნდა, რომ წინსვლა ამ გზით შეუძლებელი იყო.
ბრძოლაში გამოცდილი შაჰი უკან დახევას არ აპირებდა, უეცრად მან ცხენი შეაბრუნა ადიდებული მტკვრისაკენ და თავისიანებს შესძახა: „ვინც ჩემი ერთგულია მომყევითო, თუ მტკვარმა წამიღო ჩემი გვამი ამოიღეთ და მიწაში დაფალითო“. შაჰმა მდინარე გადაცურა,მებრძოლთა ნაწილი უკან მიჰყვა. 300-მდე სპარსელი დაახრჩო ადიდებულმა მტკვარმა. ნავთლუღისკენ გასული შაჰი, რამდენიმე ათასი კაცით მტკვრის მარცხენა ნაპირს აღმა აჰყვა და გაღმიდან თელეთის ქედის ფერდობები დაათვალიერა. ნახა, რომ ქართველებს ძალზე მცირე რაოდენობით ჰყავდათ მებრძოლები. ქართველთა მეწინავე რაზმის მებრძოლებმა, რომელნიც საქარავნე გზას იცავდნენ ჩათვალეს, რომ ალყაში ექცეოდნენ და უკან, თბილისისკენ დაიხიეს. გზა განთავისუფლდა და მტკვრის მარჯვენა მხარეს დარჩენილი სპარსელთა ჯარის ნაწილიც ამ გზით დაიძრა. შაჰმა კი თავისი ჯარი, უკან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოღალატეების მიერ ნაჩვენები ფონით გადმოიყვანა ორთაჭალის მიდამოებში და აქ გაერთიანებული სპარსელები ბრძოლით წამოვიდნენ სეიდაბადისკენ.
იმ მომენტში, როდესაც მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისაგან ერთი პატარა ხევი და ბაღნარები ყოფდათ, სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი, რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის უკუგდებაზე დააბანდა. სასტიკი ბრძოლა გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანის ცხენს ზარბაზნის ტყვია მოხვდა და სისხლისმსმელი შაჰი ატალახებულ მიწაზე გაგორდა. ვინ იცის როგორ შეიცვლებოდა ომის ბედი, ტყვია რომ მის მხედარს მოხვედროდა. ამ დროს ერეკლე II-მ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში, ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი თავის პირველ პოზიციას, მესამე სანგრის მიდამოს დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება.
ამავე დროს, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, თელეთის მიდამოდან შინდის-ტაბახმელასთან ამოსულმა სპარსელებმა უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე, ქართველთა მხრიდან ხანგრძლივი და თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, გადმოლახეს ეს წინაამღდეგობა. დავით ბატონიშვილმა, მტერს რომ ხელში არ ჩავარდნოდა, ზარბაზნები წყლიან ხევში გადაყარა და მისმა რაზმმა ეს პოზიცია დატოვა. ამის შემდეგ, ქართველებისათვის ზურგიდან შემოსავლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად, რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებიდან თავისუფლად დაიძრა, რათა თაბორის ქედით პირდაპირ აბანოთუბანში დაშვებულიყვნენ. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს. ქართველები ალყაში ექცეოდნენ.
ქართველთა წარუმატებლობა
რედაქტირებაგმირულად იბრძოდნენ ქართველები. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ 300 არაგველი, ქიზიყელნი, თბილისელი მებრძოლები, მათ შორის მსახიობები – მაჩაბელას სიმღერით გამხნევებულნი, თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ სიმღერით შეხვდნენ სიკვდილს. ერეკლეს ერთგული 200 თათარი განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა მტერმა. არაგველები იქითკენ მიიწევდნენ, სადაც შაჰის ბანაკი იყო და თვალწინ დაუხიეს დროშები შაჰს. საკვირველი გმირობა გამოიჩინეს ქართველმა არტილერისტებმა მაიორ გურამიშვილის მეთაურობით. ერთი საათის ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, აქაც ერთი საათი იბრძოდა და შემდეგ უკან დახევა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვები ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე ალყაში ექცეოდა, მტერი დაატყვევებდა ან მოკლავდა მეფეს, მაგრამ ერთგულმა თანამებრძოლებმა, მათ შორის შვილიშვილმა, იოანე ბატონიშვილმა, მედგარი ბრძოლით მოაშორეს სპარსელები და ძალით გამოიყვანეს მეფე ბრძოლის ველიდან. მან და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 46-47.
- კაკაბაძე ს., „კრწანისის ომი“, თბილისი, 1991.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
- შაიშმელაშვილი ი., "კრწანისის ომი", თბილისი, 1965;
- ცინცაძე ი., აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე (1795 წ.), თბილისი, 1963;
- ორბელიანი ა., „აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ ტფილისში“, ტფილისი, 1895
- თეიმურაზ ბატონიშვილი, „ახალი ისტორია“, თბილისი, 1983
- თეიმურაზ პეტრიაშვილი, "კრწანისის ბრძოლა", თბ., 2016; გამომცემლობა "ინტელექტი".
- თეიმურაზ პეტრიაშვილი, "კრწანისის ბრძოლა", დოკ. მოთხრობა, ჟურნალი "ისტორიანი",თბ.,2012,N9 (21).~
- თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისი, ჟურნალი "მნათობი" N3. გვ. 58–79, თბ., 2007.
- თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა, თბ., 2006.
- თეიმურაზ ბაგრატიონი,"მეფე ერეკლე".გაზ. ივერია, თბ.,1891.51–56.
- თბილისის აღება აღა–მაჰმად–ხანისაგან1795წ. (მოთხრობა თვალით მნახველისა), ჟურნალი "ივერია", თბ.,1885წ. N2.