იმერეთის სამეფო
იმერეთის სამეფო — ქართული ფეოდალური სახელმწიფო XV−XIX საუკუნეებში. წარმოიქმნა საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად. ეს პროცესი საქართველოში მონღოლთა ბატონობის დამყარებიდან, XIII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და XV საუკუნის II ნახევარში დასრულდა, როცა 1490 წელს საქართველოს დაშლა იურიდიულად გაფორმდა. ჯერ კიდევ დავით ნარინი XIII საუკუნის II ნახევარში არსებითად იმერეთის მეფე იყო. იმერეთის სამეფოში შემავალი ოდიშისა და გურიის სამთავროები XVI საუკუნის შუა წლებში ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად ჩამოყალიბდა. XVI საუკუნის დამდეგს იმერეთის სამეფოს აფხაზეთის სამთავრო ჩამოსცილდა, უფრო გვიან კი — სვანეთისა. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთითა და რაჭით შემოიფარგლა. ლეჩხუმი ხან იმერეთის მეფეს ეპყრა და ხან ოდიშის მთავრებს.
იმერეთის სამეფო | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ქართული სამეფო სამთავროების რუკა | |||||||||
დედაქალაქი | ქუთაისი | ||||||||
უდიდესი ქალაქები | დიდი ქალაქები: ბიჭვინთა, ანაკოფია, ზუფუ, სოხუმი, ანაკლია, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი. საშუალო ქალაქები: ზუგდიდი, რუხი, საჩხერე, შორაპანი, ონი, ბაღდათი, ლაილაში, ოზურგეთი. მცირე ქალაქები: ხონი, ჩხარი, ჩიხორი[1]. | ||||||||
ენა | ქართული | ||||||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | ||||||||
მოსახლეობა | 120 000 (XVIII-XIX სს. მიჯნა) | ||||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
დინასტია | ბაგრატიონები | ||||||||
მეფე | |||||||||
- 1463–1478 | ბაგრატ II | ||||||||
- 1789–1810 | სოლომონ II | ||||||||
ისტორია | |||||||||
- ჩიხორის ბრძოლა | 1463 | ||||||||
- არადეთის ბრძოლა | 1483 | ||||||||
- მურჯახეთის ბრძოლა | 1535 | ||||||||
- ქარაღაქის ბრძოლა | 1543 | ||||||||
- გოფანთოს ბრძოლა | 1588 | ||||||||
- ხრესილის ბრძოლა | 1757 | ||||||||
იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, დასავლეთით ოდიშის სამთავროსაგან — მდინარე ცხენისწყალი, სამხრეთით გურიის სამთავროსა და ახალციხის საფაშოსაგან — ფერსათის ანუ მესხეთის მთები, ჩრდილოეთით კი — კავკასიონის ქედი საზღვრავდა. იმერეთის სამეფოს დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები ხშირად იცვლებოდა: დასავლეთით იმერეთის მეფეს საჭილაო-სამიქელაოს ოდიშის მთავარი ეცილებოდა, სამხრეთით საჯავახოს გურიელი ითვისებდა. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისი იყო. აქვე იყო მეფის მთავარი რეზიდენცია. XVII საუკუნეში იმერეთის სამეფოს 40 ათასი მეომრის გამოყვანა შეეძლო.
XVIII–XIX საუკუნეთა მიჯნაზე ამ სამეფოში დაახლოებით 120 ათასამდე მცხოვრები იყო. იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში, ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. არსებობდა მრავალი სათავადო, რომელთაც საგადასახადო, ადმინისტრაციული და ნაწილობრივ სასამართლო იმუნიტეტი ჰქონდათ მოპოვებული და ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკავებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. XVIII საუკუნის შუა წლებში იმერეთის სამეფოში 100-მდე თავადი იყო. ისინი მეფის ან უფლისწულის ვასალები იყვნენ.
1651–1661 წლებში იმერეთის სამეფო ოთხ სამხედრო-ტერიტორიულ ერთეულად — სადროშოდ ანუ სასარდლოდ დაიყო: რაჭის, არგვეთის, ვაკისა და ოკრიბა-ლეჩხუმის.
იმერეთის სამეფოს უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო, რომელშიც ხშირად „ჩრდილოსა და აფხაზეთის“ ან „აფხაზ-იმერთა“ ან კიდევ „პონტო ჩრდილოით აფხაზ-იმერთა და ყოვლისა ქვემოისა ივერიისა კათალიკოსად“ იწოდებოდა. მისი რეზიდენცია XVI საუკუნის II ნახევარში ბიჭვინთაში იყო, ხოლო შემდეგ — გელათში.
1555 წელს სპარსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით იმერეთის სამეფო ოსმალეთს ერგო. ამას თან დაერთო გამწვავებული გარე და შინაომები და სამეფო დაკნინების გზას დაადგა. იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I-ის მეფობაში (1752- 1784 წწ.). სოლომონ I ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას, ხოლო ქვეყნის შიგნით — ფეოდალურ რეაქციას.
სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრეტენდენტთა შორის ბრძოლა. ფეოდალური შინაომები კვლავ განახლდა. 1784 წელს გამეფებული დავით II (გიორგის ძე) მალე ტახტიდან გადააგდო დავით არჩილის ძემ და 1789 წელს თვითონ გამეფდა სოლომონ II-ის სახელით. 1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ 1804 წლის 25 აპრილს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა. ელაზნაურის შეთანხმებით, იმერეთის მეფე ყველაფერში რუსეთს უნდა დამორჩილებოდა. სოლომონი კი საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და რუსეთის იმპერატორის ვასალობას თხოულობდა. ურთიერთობა იმერეთის მეფესა და ცარიზმის ადგილობრივ მოხელეებს შორის თანდათან მწვავდებოდა. სოლომონი დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ 1810 წელს რუსეთის თვითმპყრობელობამ გააუქმა იმერეთის სამეფო და იქ თავისი მმართველობა დაამყარა.
იმერეთის სამეფოს წარმოქმნა
XV საუკუნის II ნახევარში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო საბოლოოდ დაიშალა და დაიყო რამდენიმე სამეფო-სამთავროდ. ივანე ჯავახიშვილის დასკვნით:
„საქართველოს დაყოფა სამეფოებად და სამთავროებად ხანგრძლივი პროცესისა და ბრძოლის შემდეგ მომხდარა. ამასთანავე ერთბაშად კი არა, არამედ თანდათანობით. პირველად სამცხე-საათაბაგო ჩამოშორდა, შემდეგ სამეგრელო-აფხაზეთი და გურია, მერე კახეთის სამეფოც დაარსდა, მალე ქართლი და იმერეთიც ცალკე სამეფოებად გაიყვნენ, მაგრამ ეს მდგომარეობა საბოლოო არ ყოფილა: ბრძოლა საქართველოს მთლიანობის აღსადგენად შემდეგშიაც არ შეწყვეტილა. ამიტომ საქართველოს პოლიტიკური სურათი ცვალებადი იყო და ახლად შექმნილი ერთეულების სივრცე-საზღვრებიც მრავალჯერ შეცვლილა[2]“
|
ცნობები საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შესახებ მოგვეპოვება XVIII საუკუნის I ნახევარში შექმნილ ისეთ საისტორიო თხზულებებში როგორიცაა ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“[3] და ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“[4].
ჯერ კიდევ XVI საუკუნეში კახეთში ყოფილა დაცული გადმოცემა, რომ ალექსანდრე I-მა (1412-1442 წწ.) საქართველო თავის შვილებს დაუნაწილა: ერთს კახეთი მისცა, მეორეს — ქართლი, მესამეს — იმერეთი და თითქოს ამის ნიადაგზე წარმოიქმნა სხვადასხვა სამეფოები. ვახუშტი ბაგრატიონმა უარყო კახეთში გავრცელებული გადმოცემა საქართველოს დაყოფის შესახებ. მისი თქმით საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაყოფა მოხდა არა ალექსანდრეს, არამედ გიორგი ალექსანდრეს ძის დროს. გიორგი VIII-ის დროს ცენტრალურ ხელისუფლებას აშკარად დაეტყო დასუსტება. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ მთავრები აღარ ემორჩილებიან მეფეს და იწყება ბრძოლა მათ შორის[5].
სამცხის ათაბაგი ყვარყვარე პირადული მიზეზის გამო გიორგი მეფის უკმაყოფილო იყო (გიორგიმ თავდაპირველად მხარი დაუჭირა ყვარყვარეს მეტოქეს, აღბუღას, ათაბაგის ტახტზე), ამიტომ იგი იმერეთის ერისთავ ბაგრატს უკავშირდება და ასეთ გეგმას შესთავაზებს: თუ ბაგრატი გიორგი მეფეს აუჯანყდება, იგი ბაგრატს დაახმარს გურიელს, დადიანს და სვანთა ერისთავს; გამარჯვების შემთხვევაში მან მთავრები უნდა გაათავისუფლოს სამეფო ვალდებულებებისაგან. ბაგრატი ამ პირობაზე თანხმდება.
1463 წელს ჩიხორს (იმერეთში) მოხდება გადამწყვეტი ბრძოლა მეფე გიორგი VIII-სა და ბაგრატ იმერთა ერისთავს შორის. ამ ბრძოლაში გიორგი მეფე მარცხდება, ხოლო ბაგრატი გამარჯვებული ბრუნდება ქუთაისში:
„აქა მოერთვნენ დადიან-გურიელი, აფხაზნი და სვანნი და აკურთხეს, სრულიად იმერთა სათნო ჩინებითა, მეფედ. აღასრულა თავადთა მათ აღქმული თავისი და განათავისუფლდნენ, თვინიერ ლაშქრობისა და ქვეგანაწესებისა მეფისა და იმერეთი მიერით ერთ მეფედ და ოთხ სამთავროდ ანუ სათავადოდ, რამეთუ მიიღო დადიანმან ოდიში, გურიელმან გურია, შარვაშიძემ აფხაზნი და ჯიქნი, და გელოვან სვანეთი[4]“
|
ამრიგად, ჩიხორის ბრძოლის შემდეგ დადიანმა, გურიელმა, შერვაშიძემ და გელოვანმა კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ისინი კვლავ აგრძელებენ ბრძოლას სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ეს ბრძოლა შემდეგ საუკუნეებშიც გრძელდება.
როგორც ირკვევა ბაგრატი ქუთაისში მეფედ კურთხევამდეც ატარებდა მეფის ტიტულს[6] ამას ადასტურებს ლათინურ ენაზე შემონახული ცნობა; დასავლეთ ევროპაში 1460 წელს საქართველოდან მისულ დესპანებს ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეთა შორის დაუსახელებიათ აგრეთვე „ბაგრატ იბერთა, რომელნიც აწ გიორგიანებად იწოდებიან“[2][7]. ევროპიდან დაბრუნებული დესპანის ცნობამ, რომ კოალიციის შექმნას განხორციელება არ ეწერა, საქართველოს მეფე-მთავრებს შორის ისევ ომი გამოიწვია. პირველი ათაბაგი იყო, რომელმაც ომი გააჩაღა და 1465 წელს ფარავანთან საქართველოს მეფე გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამ მდგომარეობით ისარგებლა ბაგრატ II-მ და ქართლში გადმოვიდა, თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა ბაგრატ VI-ის სახელწოდებით.
ათაბაგი მიხვდა თავის შეცდომას, რომ სუსტი მეფის ნაცვლად ტახტი ხელში ჩაუგდო ძლიერ ბაგრატს. იგი სასწრაფოდ ათავისუფლებს გიორგი მეფეს ტყვეობიდან, მაგრამ უკვე გვიანღაა. გიორგი მეფე ტახტისთვის ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა — სამეფო ტახტს ვეღარ იბრუნებს. იგი იძულებული გახდა კახეთში წასულიყო, სადაც მას ფეოდალთა გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მაინც უხდება ბრძოლა კახეთის მთავარ დავითთან. ამ ბრძოლაში გიორგი იმარჯვებს და 1466 წლიდან კახეთის მეფობას სჯერდება. ასე ჩაყარა საფუძველი კახეთის სამეფოს[8]. ბაგრატ VI-ის სამეფო მისი გამეფების მომენტში ერთიანი საქართველოს აჩრდილსღა წარმოადგენდა. მას ჩამოცილებული იყო კახეთი და სამცხე-საათაბაგო, ხოლო საბედიანო (აფხაზეთი და სამეგრელო) განკერძოების გზაზე იყო შემდგარი.
1477 წელს უზუნ-ჰასანის შემოსევის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე ხდება. შემდგომმა მოვლენებმა ნათლად დაადასტურა, რომ ეს შემოსევა იყო საქართველოს საბოლოოდ დაშლის ერთ-ერთი მიზეზი.
1478 წელს გარდაიცვალა ბაგრატ მეფე. ტახტზე ასვლა ვერ მოახერხა მისმა ძემ ალექსანდრემ და ქართლ-იმერეთში გამეფდა კონსტანტინე II. ალექსანდრე იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო და იქ ეცადა სამეფო ტახტზე მომძლავრება, თუმცა მას აღარ ეხმარებიან გურიელი და დადიანი. ამით ისარგებლა კონსტანტინემ და 1479 წელს სასწრაფოდ გადადის დასავლეთში. კონსტანტინე უბრძოლველად იკავებს იმერეთის სამეფოს. კონსტანტინეს წარმატებულ გამეფებას მალე მოჰყვა წარუმატებლობები და საქართველო ისევ დაშლას იწყებს, რაშიც ისევ და ისევ სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს მიუძღვის ბრალი. 1483 წელს არადეთის ბრძოლაში სამცხის მთავარი ამარცხებს კონსტანტინეს. ამით ისარგებლა ალექსანდრე II-მ და 1484 წელს თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა, მაგრამ მისი მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა. დადიანმა კონსტანტინეს მხარი დაიჭირა და 1487 წელს მოიწვია იმერეთში. ალექსანდრე ვერ გაუმკლავდა კონსტანტინესა და დადიანს და „წავიდა სიმაგრეთა შინა“. კონსტანტინემ კვლავ გააერთიანა იმერ-ამერი, თუმცა ხანმოკლედ. საქართველოს ირანის ჯარი შემოესია. კონსტანტინე იძულებული გახდა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ქართლში. შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს ალექსანდრე, უზავდება დადიანსა და გურიელს და იბრუნებს სამეფო ტახტს.
1489 წლიდან იმერეთი საბოლოოდ ჩამოცილდა ქართლის სამეფოს. კონსტანტინე მეფე ძალისხმევას არ იშურებდა საქართველოს გაერთიანებისათვის. მან 1490 წელს დარბაზის სხდომაც მოიწვია და დასვა საკითხი, თუ რა იღონონ საქართველოს კვლავ გაერთიანებისათვის. დარბაზმა უარი უთხრა მეფეს ბრძოლაზე და მოცდა არჩია. ფაქტობრივად, ის რაც მომხდარი იყო, დარბაზმა იურიდიულად დაადასტურა და გააფორმა. ამის შემდეგ 1491 წელს კონსტანტინე მეფე უზავდება იმერთა მეფეს[5].
იმერეთის სამეფოს ცალკე ერთეულად ჩამოყალიბება, თვით ქართლის მეფის ტიტულატურაშიც აისახა. ადრე საქართველოს მეფე თავის თავს ლიხთიმერისა და ლიხთამერის მეფეს უწოდებს, ხოლო 1491-1492 წლების სიგელებში კონსტანტინე თავს იმერეთის მპყრობელად აღარ ასახელებს[9].
იმერეთი XVI საუკუნეში
ოსმალეთის აგრესიის დასაწყისი
XVI საუკუნის დამდეგისათვის ოსმალეთის იმპერია ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა მსოფლიოში. ამ პერიოდიდან იწყება ოსმალეთის შეტევა ამიერკავკასიის ქვეყნების წინააღმდეგაც. ყველაზე საშიში მტერი დასავლეთ საქართველოსთვის ოსმალეთი იყო. მას შემდეგ, რაც 1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაანადგურეს, ხოლო 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს, საქართველოს საზღვრებს უშუალოდ მოადგნენ. საქართველოს მეზობლად ქრისტიანული სახელმწიფოების გაქრობამ სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველოს უდიდესი საფრთხე შეუქმნა.
პირველად ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგოზე გაავრცელა თავისი გავლენა, შემდეგ კი იმერეთის სამეფოს შეუტია სამი მხრიდან: ჯიქეთ-აფხაზეთიდან, გონიის გზიდან და სამცხე-საათაბაგოდან. სწორედ სამცხე-საათაბაგოდან, ზეკარის გზით მოხდა თურქთა პირველი შემოსევა დასავლეთ საქართველოში. მათ მეგზურობას სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი უწევდა.
1510 წელს ოსმალთა ჯარი ტახტის მემკვიდრე სელიმის მათაურობით მოულოდნელად დაეცა ქუთაისს. მოსახლეობამ გახიზვნა ძლივს მოასწრო. ოსმალებმა აიღეს და ააოხრეს ქალაქი და მიმდებარე სოფლები, დაწვეს ეკლესიები. იმერეთი საომრად ემზადებოდა, მაგრამ მტერი როგორც მოულოდნელად შემოიჭრა, ასევე მოულდნელად გაბრუნდა უკან, ვინაიდან ზამთარი ახლოვდებოდა და შესაძლოა ზეკარის უღელტეხილი ჩაკეტილიყო[5].
1510 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ადის ბაგრატ III ალექსანდრეს ძე, რომელიც აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე გადადის. 1514 წელს ოსმალეთ-სპარსეთის ომში ქართველებიც ჩაებნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. ოსმალებმა ომის დასაწყისშივე დიდ წარმატებებს მიაღწიეს, მათ გაანადგურეს სპარსეთის ჯარი და დედაქალაქი თავრიზი აიღეს. სელიმ I (1512-1520 წწ.) თავრიზში დიდხანს არ გაჩერებულა და თავისი ჯარი ამასიისაკენ დაუძრავს, სწორედ ამ დროს ქართველმა მხედრობამ მრავალგზის შებრძოლებით დიდი ზიანი მიაყენა ოსმალებს[10]. იტალიელ დიპლომატთა ამ ცნობებში მოხსენიებულ ქართველთა მხედრობაში თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ იგულისხმება იმერეთის ლაშქარი, რადგან ამ პერიოდისათვის ქართლი და კახეთი ერთმანეთთან ბრძოლითაა დაკავებული, ხოლო სამცხე-საათაბაგო ოსმალეთთან კავშირშია.
დასავლეთ სააქართველოში თურქთა პირველი გამოჩენის შემდეგ ოსმალეთის სულთნები სელიმ I (1512-1520 წწ.) და მისი მემკვიდრე სულეიმან I (1520-1566 წწ.) ევროპაში ომის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი. იმერეთის სამეფო კარი ოსმალთა მოუცლელობის გამო აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე გადავიდა და მოაწყო ლაშქრობები ჯერ ჯიქეთზე, შემდეგ სამცხეზე. ბაგრატ III კარგად ხედავდა, რომ თურქები მის ქვეყანას სამი მხრიდან უტევდნენ. თურქთა შემოსევისაგან, რომ ქვეყანა ეხსნა, ამისათვის საჭირო იყო სამივე გზის ჩაკეტვა. 1533 წელს ჯიქეთში სალაშქროდ, ჯიქთაგან შეწუხებული მამია დადიანი და მამია გურიელი გაემართნენ. პირველ ბრძოლაში, რომელიც გაგრასთან გაიმართა ჯიქები დამარცხდნენ, მეორე დღეს ღალატის გამო დადიან-გურიელის ჯარი სასტიკად დამარცხდა. თვით დადიანი ამ ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო გურიელი ტყვედ ჩავარდა.[4]
ამის შემდეგ ბაგრატ მეფემ ყურადღება სამხრეთისაკენ გადაიტანა. თურქთა შემოსევის მთავარი საფრთხე სწორედ სამცხე-საათაბაგოს მხრიდან იყო. მეფე ბაგრატმა კვლავ დადიანისა და გურიელის ჯართან ერთად შეუტია სამცხე-საათაბაგოს. ბრძოლა მოხდა 1535 წელს მურჯახეთთან. მურჯახეთის ბრძოლა დამთავრდა ბაგრატ მეფის სრული გამარჯვებით ყვარყვარე ათაბაგი ტყვედ ჩავარდა. სამცხე-საათაბაგომ დამოუკიდებლობა დაკარგა და იმერეთს შეუერთდა 10 წლით, 1545 წლამდე.
სამცხე-საათაბაგოს ფეოდალების ერთი ნაწილი უკმაყოფილო იყო იმერეთის მეფის გამგებლობაში მათი სამფლობელოების მოქცევით და მომხდარ ფაქტს ვერ ურიგდებოდნენ. ისინი ოთარ შალიკაშვილის მეთაურობით, ოსმალეთში გადაიხვეწნენ, ყვარყვარე III-ის ვაჟიშვილი ქაიხოსრო სულთანს წარუდგინეს და დახმარება სთხოვეს იმერეთის მეფის წინააღმდეგ. თურქები დროს არ კარგავდნენ. ისინი კარგად ხედავდნენ, რომ ბაგრატ მეფე სამცხე-საათაბაგოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე მდებარე ციხეებს ამაგრებდა:
„ამისათჳს განარისხნა სულთანი სულეიმან და წარმოატანა მუსტაფა ფაშა სპითა დიდითა და ზარბაზნებითა დიდ-დიდითა[4]“
|
1543 წელს თურქთა 22 ათასიანი ლაშქარი ტაოში შემოიჭრა, ოლთისის ციხეს მიადგა და საშინლად ააოხრა. ბაგრატ მეფემ, როგორც კი მიიღო მტრის შემოსევის ცნობა, მაშინვე დადიანსა და გურიელს მიმართა დახმარების სათხოვნელად, გურიელი გამოცხადდა, ხოლო დადიანმა უარი შემოუთვალა. ბაგრატ მეფისა და გურიელის გაერთიანებულმა ლაშქარმა ქარაღაქთან სასტიკად დაამარცხა ოსმალები, ხოლო მუსტაფა-ფაშა ბრძოლაში დაიღუპა[11]
სულთანი სამცხე-საათაბაგოში თავის პოზიციების დათმობას არ აპირებდა. ორი წლის შემდეგ მან დიდძალ ჯარს მოუყარა თავი, მთავარსარდლობა არზრუმისა და დიარბექირის ფაშებს ჩააბარა და საქართველოზე თავდასასხმელად გამოაგზავნა. ბაგრატ მეფემ კვლავ დადიანსა და გურიელს სთხოვა დახმარება. დადიანმა კვლავ უღალატა საერთო საქმეს და მეფეს უარი შემოუთვალა. ბაგრატ მეფემ თავის სიძეს, ქართლის მეფე ლუარსაბსაც სთხოვა დახმარება. ლუარსაბმა შეჰყარა ქართლის ჯარი და იმერეთის ჯარს შეუერთა. ბაგრატის, ლუარსაბისა და როსტომ გურიელის ლაშქარს მესხი აზნაურები შეუერთდნენ და მტრის ჯარს ბასიანში მიეგებნენ. ბრძოლა მოხდა 1545 წელს სოხოისტას ველზე. ბრძოლის ბედი მესხთა ღალატმა გადაწყვიტა. სოხოისტის ბრძოლის შედეგად იმერეთ-სამცხე-საათაბაგოს ერთიანი სახელმწიფოს არსებობას ბოლო მოეღო[12].
ერთი წლის შემდეგ ბაგრატ მეფე ისევ გადავიდა ლაშქრით სამცხეში, მაგრამ ამაოდ, ოსმალებს მთლიანად დაეპყროთ სამცხის ციხე-სიმაგრენი და იქ თავიანთი მეციხოვნეები ჩაეყენებინათ.
„მერმე კუალად გადავიდა მეორესა წელსა ბაგრატ მეფე სამცხეს, წარმოასუენა აწყუერისა ღუთისმშობელი ციხეჯუარს და ვერღარა დაიპყრა სამცხე, ვინაჲთგან ციხენი სრულიად დაეპყრათ ოსმალთა, უკუმოიქცა და მოვიდა ქუთაისს[13]“
|
1555 წლის 29 მაისს ქ. ამასიაში დაიდო ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის, რომლითაც დამთავრდა ამ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, თითქმის 40-წლიანი ომი. დამპყრობლებმა საქართველო ორ ნაწილად გაიყვეს: დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ოსმალეთმა ირგუნა, ხოლო ქართლ-კახეთი და აღმოსავლეთი სამცხე ირანმა. ამ ზავის მიხედვით საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა გაუარესდა. 1555 წლის ამასიის ზავის პირობები გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნიდა საქართველოს გაერთიანების ყოველგვარ ცდას. ფაქტობრივად ამასიის ზავმა დააკანონა საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა[14].
ბაგრატ III-ის საშინაო პოლიტიკა
ბაგრატ მეფე კარგად ხედავდა, რომ ოსმალების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისათვის აუცილებელი იყო ქვეყნის ძალების გაერთიანება, განდგომის გზაზე დამდგარი მთავრების დამორჩილება. საამისოდ მას სხვა საშუალება არა ჰქონდა, თუ არა თვითონ მთავრებს შორის დაპირისპირების გამოყენება. როგორც დავინახეთ მას განუდგა სამეგრელოს მთავარი ლევან I დადიანი, რომელიც მეფეზე იმის გამო იყო განაწყენებული, რომ მურჯახეთის ბრძოლაში მონაწილეობისათვის მეფემ გურიელს დაუბრუნა აჭარა და ჭანეთი, მას კი არაფერი ერგო[5].
მეფემ განაწყენებული თავადი ნადირობის საბაბით თავისთან მიიწვია და დააპატიმრა. ასევე განიზრახა გურიელის ხელში ჩაგდება, მეფემ ის თავისთან მიიწვია ოდიშზე ლაშქრობის მიზნით, მაგრამ გურიელი მეფეს არ ენდო და არ ეახლა. ქაიხოსრო ათაბაგს ხელსაყრელი დრო დაუდგა. მან გურიელისა და დადიანის გადაბირება გადაწყვიტა, ამასაც არ დასჯერდა და მეფის ერთგულ მომხრეთა ბანაკშიც დაიწყო მსგავსი ქმედებები. მან მოისყიდა ხოფილადრე ჩხეიძე, რომელსაც გელათის სამრეკლოში გამოკეტილი ლევან დადიანის დარაჯობა ჰქონდა დავალებული, დადიანი გამოაპარებინა და ახალციხეში გადაიყვანა. მალე მათ გურიელიც შეუერთდა და მათი დახმარებით ლევან დადიანმა სამეგრელოში ხელისუფლება დაიბრუნა[15].
სათავადოთა სისტემის ბატონობა იმერეთის ამ ენერგიულ მეფეს ხელს უშლიდა შეექმნა მეფის ძლიერი ხელისუფლება. ამის მიუხედავად ბაგრატმა შეძლო გაეტარებინა მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომლებმაც დროებით მაინც გამოიღეს დადებითი შედეგები. ბაგრატ მეფემ იმერეთში აღადგინა ან შექმნა ახალი საეპისკოპოსო ცენტრები. დააარსა გელათისა (1529 წ.) და ხონის (1529 წ.) საეპისკპოსო კათედრები, ხოლო მესამე საეპისკოპოსო კათედრა აღადგინა ნიკორწმინდაში[16]. ახალი საეპისკოპოსო კათედრების განმგებლობას მეფე ერთგულ ფეოდალებს ანდობდა. მის სახელთანვეა დაკავშირებული დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსო ცენტრის ბიჭვინთიდან გელათში გადმოტანა (სავარაუდოდ გადმოტანა მოხდა 1545-1569 წლებს შორის)[17]). ამ გზით ეკლესია მან თავის გავლენას დაუქვემდებარა და ურჩ თავადებს დაუპირისპირა.
ბაგრატ მეფემ გარკვეული ადმინისტრაციული რეფორმა ჩაატარა იმერეთის სამეფოში. ვახუშტის მიხედვით XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან იმერეთი ოთხ სადროშოდ არის დაყოფილი: პირველი სადროშოა – ვაკის იმერეთი, მეორე – არგვეთის, მესამე – რაჭის და მეოთხე – ოკრიბა-ლეჩხუმის[4].
ბაგრატ მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც უაღრესად საჭირბოროტო საზოგადოებრივი საკითხები განიხილა. კრებას დაესწრო აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი, ქართლის კათალიკოსი მალაქია და დასავლეთ საქართველოს 10 ეპისკოპოსი:ქუთათელი, გენათელი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი, ცაგერელი, ხონელი, ნიკორწმინდელი და ცაიშელი. კრებამ მიიღო დადგენილება ქვეყანაში ძალზედ გავრცელებული „ტყვეთა სყიდვის“, ქურდობა-ავაზაკობის, მკვლელობის, ეკლესიების ძარცვის და სხვა ბროტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ. საეკლესიო კრებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ტყვეთა სყიდვის“ საკითხს და მკაცრი სასჯელი განაწესა მათთვის, ვინც ამ საქმიანობაში იქნებოდა შემჩნეული — ტყვის გამყიდველი სიკვდილით უნდა დასჯილიყო. მაგრამ ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება თავადთა მძლავრობის ვითარებაში მეტად გაძნელებული იყო და თუ ბაგრატის დროს ამ გადაწყვეტილებას რაიმე ფასი ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ვითარება კვლავ საწინააღმდეგოდ შეიცვალა, რადგან ტყვის გამყიდველებს უძლიერესი მფარველი, ოსმალეთი, გამოუჩნდათ, რომელიც სულ უფრო და უფრო აძლიერებდა თავის გავლენას დასავლეთ საქართველოზე[18].
ამასიის ზავის შემდეგ
ბაგრატ მეფემ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარ ზომებს მიმართავდა სამეფოს გასაძლიერებლად, ვერ შეაჩერა იმერეთის სამეფოს უკან სვლა. ნელი ნაბიჯით მიმდინარე დაცემის პროცესი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც თავისებურ გამოხატულებას პოვებდა.
1565 წელს ბაგრატ III გარდაიცვალა. სამეფო ტახტი მისმა მემკვიდრემ გიორგი II-მ (1565-1583 წწ.) დაიკავა. მეფობის დასაწყისში გიორგი მეფემ შეძლო მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა გურიელთან და დადიანთან. მაგრამ გიორგი თანდათან კარგავს მეფურ ავტორიტეტს და დასავლეთ საქართველოში იწყება გაუთავებელი შინა ომები. ბაგრატ III-ის შემდგომი დროიდან XVIII საუკუნის ჩათვლით იმერეთში არსებითად მეფე-მთავართა ურთიერთბრძოლის ისტორიაა. დაუსრულებელმა ომებმა ერთიანად გააჩანაგა ისედაც უკანმავალი ქვეყანა[5]. გიორგი მეფე, გიორგი გურიელი, ლევან დადიანი, აფხაზეთის მთავრები და სხვა თავადები იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ და აოხრებენ ქვეყანას.
1568 წელს მოეწყო მეფე გიორგის საწინააღმდეგო შეთქმულება, მაგრამ მეფემ სძლია მოწინააღმდეგეებს და გურიელთან კავშირით სცადა დადიანის განდევნა. დადიანმა ოსმალები დაიხმარა დაიბრუნა სამთავრო ხელისუფლება გურიელიც დაამარცხა და მიიმხრო. გიორგი მეფე ცდილობს მათ შორის შუღლის ჩამოგდებას და იმოყვრებს გურიელს. ამის შემდეგ მალევე მეფე და გურიელი ოდიშის სამთავროს იკავებენ. ლევან დადიანი სტამბოლში გადაიხვეწა, რათა დახმარება ეთხოვა სულთნისათვის. სულთანმაც სიამოვნებით მისცა არზრუმ-ტრაპიზონის საფაშოების ლაშქარი. ლევან დადიანმა გურიელის მიმხრობა შეძლო და მარტივად შემოიმტკიცა ოდიში.
1572 წელს გარდაიცვალა ლევან დადიანი, იმავე წელს მთავრის ტახტი დაიკავა მისმა ძემ გიორგიმ. დადიანი და გურიელი რომ გაეთიშა გიორგი მეფე დადიანს დაემოყვრა და მისი და თავის შვილს, ტახტის მემკვიდრე ბაგრატს შერთო ცოლად. გურიელმა ამის პასუხად დადიანის ძმას მამიას (სამეგრელოს თავადი 1573-1578 და 1582-1590 წწ.) შერთო თავისი და ცოლად, 1573 წელს თავს დაესხნენ გიორგი დადიანს და დამარცხებული აფხაზეთში გააქციეს.
რადგან მეფის ხელისუფლება დასუსტებულია, მას ხშირად უწევს მთავრებთან ურთიერთობაში ხშირად შეიცვალოს მათდამი დამოკიდებულება. ცდილობს მთავრებს შორის უთანხმოება ჩამოაგდოს და ისინი გათიშოს. თავის მხრივ თავადებიც გაერთიანებული ძალებით გამოდიან მეფის წინააღმდეგ, რადგან იციან რომ ცალ-ცალკე ბრძოლით მიზანს ვერ მიაღწევენ[5].
1578 წელს ოსმალეთის ლაშქრის მთავარსარდლად დაინიშნა მუსტაფა ლალა-ფაშა. მას დავალებული ჰქონდა ამიერკავკასიის ქვეყნების დაპყრობა. მან ჩილდირის ბრძოლაში ირანელების დამარცხების შემდეგ თბილისი დაიკავა და იმერეთის დასაპყრობად გაემართა.
„ამის მცნობი გიორგი მეფე წარვიდა სპითა მოსწრაფედ და შეუკრა მთა ლიხისა და მოვიდნენ ოსმალნიც, დაუწყეს ბრძოლა იმერთა სიმაგრით-გამო და მოსვრიდნენ მრავალთა ოსმალთა. შემდგომად იძლივნენ ოსმალნი და მოსწყვეტდიან იმერნი, აღიღეს ალაფი და მოვიდა გამარჯვებული მეფე ქუთაისს.[4]“
|
სულთანმა განიზრახა დასავლეთ საქართველოსათვის შავი ზღვიდან შეეტია და ასე დაეპყრო. 1579 წელს ადმირალი კილიჩ ალი-ფაშა 60 ხომალდისაგან შემდგარი ფლოტით მდინარე ფაზისის შესართავში შევიდა და ფოთში ციხის აშენებას შეუდგა. ფოთის დაპყრობის შემდეგ ოსმალები მდინარე რიონით ქუთაისისაკენ დაიძრნენ და მისი დაპყრობა სცადეს, თუმცა უშედეგოდ[12]. თურქეთის სულთანი მურად III უკმაყოფილო იყო 1579 წლის ლაშქრობით, ამიტომ მან მთავარსარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა გადააყენა.
დასავლეთ საქართველოში ახალი ძალით იფეთქა ფეოდალურმა შინა ომმა. 1582 წელს გარდაიცვალა გიორგი III დადიანი. მთავრად მისი ძმა მამია დაჯდა. მამია ოდიშის ჯარით გურიელს მიუხდა. გურიელი ბრძოლაში დამარცხდა და სტამბოლში გაიქცა. გამარჯვებულმა დადიანმა გურიელის გვარიდან გამოძებნა ვინმე ვახტანგი და გურიელად დასვა 1583 წელს. ამავე წელს იმერეთის მეფე გიორგიმ დაიჭირა თავისი ძმა კონსტანტინე და მის შვილთან, როსტომთან ერთად ციხეში გამოკეტა, რათა მის მცირეწლოვან მემკვიდრე ლევანს ტახტში არ შეცილებოდნენ.
გიორგი II 1583 წელს გარდაიცვალა. ტახტი მისმა 12 წლის შვილმა ლევანმა დაიკავა. კონსტანტინე ბატონიშვილმა ციხიდან გამოსვლა მოახერხა და აუჯანყდა ლევანს. დაიპყრო არგვეთი, ციხეები სკანდა და კაცხი. ლევან მეფემ ცოლად შეირთი მამია დადიანის ასული მარეხი და სიმამრის დახმარებით 1587 წელს დაამარცხა აჯანყებული ბიძა.
ლევანის მეფობის დროს (1583-1590 წწ.) იმერეთში სრული ანარქიაა გამეფებული. თავადები ერთმანეთს მტრობენ, ეს იმ დროს, როდესაც იმერეთს ოსმალეთისაგან განადგურება ემუქრება. ოსმალების წინააღმდეგ წარმატებით იბრძვის ქართლის მეფე სიმონ I, რომელსაც მხარს უჭერს იმერეთის თავად-აზნაურობის ნაწილი. სიმონ მეფე იმერეთის შემოსამტკიცებლად გაემართა, ლევან მეფემაც იმერეთის ჯარი შეკრიბა და დადიან-გურიელს მოუწოდა დასახმარებლად. მთავრები ერთმანეთის შურით ლევანს არ ეახლნენ. ბრძოლა გაიმართა 1588 წელს გოფანთოსთან, სადაც ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმში გადაიხვეწა. სიმონ მეფემ ქუთაისი დაიკავა და თავისი მოხელეები განაწესა, თავად კი ქართლში დაბრუნდა.
ქართლში სიმონის გაბრუნების შემდეგ ლევანი ლეჩხუმიდან ჩამოვიდა და მომხრე თავადების დახმარებით ტახტი ისევ დაიკავა. გოფანთოს ბრძოლაში დადიანის გამოუცხადებლობის გამო ლევანი უკმაყოფილო იყო და დასასჯელად ხელსაყრელ დროს უცდიდა. დადიანმა დასწრება ამჯობინა. 1590 წელს თავს დაესხა იმერეთს დაატყვევა ლევან მეფე და შხეფის ციხეში გამოკეტა, სადაც ძალიან მალე გარდაიცვალა კიდეც.
იმერეთის ტახტზე მამია დადიანისა და იმერელი თავადების ნაწილის დახმარებით მეფედ აკურთხეს ლევანის ბიძაშვილი როსტომი (1590-1605 წწ.), რაც დადიანების გაძლიერებას ნიშნავდა. 1590 წელს მამია დადიანი გარდაიცვალა, მთავრის ტახტი დაიკავა მისმა ძმამ მანუჩარმა (1590-1611 წწ.). მანუჩარიც როსტომის მომხრე იყო და შემდეგშიც მისი დასაყრდენი გახდა.
გურიის მთავარს არ მოსწონდა დადიანის გაძლიერება, ამიტომ გურიელი თავს დაესხა იმერეთის მეფეს, განდევნა იგი და ტახტზე თავისი სასურველი კანდიდატურა — ბაგრატ თეიმურაზის ძე დასვა. იმერეთის ამბებში ქართლის მეფე სიმონ I ჩაერია. აიღო ქუთაისი დაატყვევა ბაგრატი და ბაგრატითურთ გადავიდა ქართლში. სიმონის გაბრუნებით ისარგებლა მანუჩარ დადიანმა და იმერეთში კვლავ როსტომი გაამეფა. სიმონი იძულებული გახდა კვლავ ჩარეულიყო იმერეთის საქმეებში და იმავე 1590 წელს კვლავ ილაშქრა იმერეთის სამეფოში. როსტომ მეფემ დადიანს შეაფარა თავი. სიმონი ოდიშს გაემართა როსტომ მეფის დასატყვევებლად და იმერეთის საბოლოოდ შემოსაერთებლად. ოფშკვითთან მდგარ სიმონ მეფეს მანუჩარმა დაზავება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
გარიჟრაჟზე დადიანისა და როსტომის ჯარი თავს დაესხა სვიმონ მეფის ჯარს. იმერელი თავადების ღალატის შედეგად სიმონ მეფე ოფშკვითის ბრძოლაში დამარცხდა. მეფე გაბრუნდა ქართლში.
„ხოლო დადიანმან აღიღო ალაფი დიდი და ზარბაზნები წარიღო ოდიშს. მოიყვანა როსტომ და აკურთხეს ქუთათისს მეფედ[4].“
|
იმერეთის შეერთების ცდა ქართლის სამეფოსთან მარცხით დამთავრდა. ამის შემდეგ სიმონ და როსტომ მეფეები დაზავდნენ, სიმონმა დააბრუნა წაყვანილი მძევლები, ხოლო როსტომმა ტყვედ ჩავარდნილი ქართლელები. მეტოქეობა დადიანებსა და გურიელებს შორის დადიანების გამარჯვებით დასრულდა. ოდიშის სამთავრო ძალიან ძლიერდება და XVII საუკუნეში, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი და ძლიერი პოლიტიკური ძალა გახდა.
იმერეთი XVII საუკუნეში
XVII საუკუნის I ნახევარი
XVII საუკუნე იმერეთის სამეფოში „საკადრო ცვლილებებით“ დაიწყო: 1600 წელს გარდაიცვალა გიორგი II გურიელი, მთავრად მის ძე მამია II გურიელი დაჯდა (1600-1625 წწ.). 1605 წელს გარდაიცვალა იმერეთის მეფე როსტომი[19]. მას მემკვიდრე არ დარჩენია. გავლენიანმა ფეოდალებმა ქუთაისში მეფედ აკურთხეს როსტომ მეფის ნახევარძმა გიორგი კონსტანტინეს ძე (1605-1639 წწ.). 1611 წელს გარდაიცვალა ოდიშის მთავარი მანუჩარ I დადიანი და მთავარი ხდება მისი მცირეწლოვანი შვილი ლევან II დადიანი (1611-1657 წწ.). პირველ ხანებში დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებს შორის დამოკიდებულება კარგი იყო.
კარგი იყო დამოკიდებულება აღმოსავლეთ საქართველოს მმართველებთანაც, როდესაც შაჰ-აბას I შემოესია საქართველოს, კახეთისა და ქართლის მეფეებმა თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ იმერეთს შეაფარეს თავი. მიუხედავად შაჰის მუქარისა, თუ მეფეებს არ გადასცემდნენ ის იმერეთს დაარბევდა, გიორგი III-მ შაჰის წინაშე წარავლინა ელჩები — აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია და პაატა აბაშიძე. მათ შაჰ-აბასს მეფის დანაბარები გადასცეს, რომ არ აპირებდა მეფეების გადაცემას. შაჰ-აბასი შეეგუა აღნიშნულ ფაქტს და იმერეთშიც ვერ გადავიდა, რადგან ირან-თურქეთის ზავით იმერეთი ოსმალეთის გავლენის სფერო იყო და იქ შეჭრა ირან-ოსმალეთის ახალი ომის დაწყების საბაბი გახდებოდა. მეორე მიზეზი, რამაც შაჰი შეაჩერა იყო დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებს შორის დადებული ხელშეკრულება მტრის ერთობლივი ძალით მოგერიების თაობაზე[20].
XVII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა რუსეთთან დაამყარეს კავშირები. კახთა მეფის თეიმურაზ I-ის ინიციატივით 1618 წელს იმერეთის მესვეურებმა რუსეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომობა ითხოვეს. საქართველოდან წარგზავნილ ელჩებს თან მიჰქონდათ თეიმურაზ I-ის, გიორგი III-ისა და გურიელის წერილი, რომელშიც რუსეთის მეფეს ჯარით დახმარებას სთხოვდნენ ირანის შაჰის წინააღმდეგ. ამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია. ვინაიდან რუსეთი თავისი საშინაო და საგარეო საქმეებით იყო დაკავებული[21].
იმერეთის სამეფოში ამის შემდეგ ფეოდალური შინააშლილობა იწყება, რომლის სათავეშიც დგას სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი. მას ვახუშტი ბატონიშვილი ასე ახასიათებს:
„ესე ლევან იყო ბოროტი, ხუანჯიანი, ამაყი, მზაკუარი და ძვირის მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა[22].“
|
დიდი ნიჭისა და ალღოს მქონე ლევანი ისწრაფოდა სადადიანოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისაკენ. ამავე დროს მიზნად ისახავდა განედევნა იმერეთის მეფე და თავად გამეფებულიყო დასავლეთ საქართველოში[23]. ამ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხს იყენებდა, ამიტომ თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში
„ლევან დადიანის მოქმედება რეაქციონერი ფეოდალის მოღვაწეობად არის შეფასებული.[24]“
|
1616 წელს ლევან II დადიანი საკუთარი ბიძა-რეგენტ გიორგი ლაპარტიანისაგან ძალაუფლებას იღებს და ამ დროიდან იწყება ფეოდალური ანარქია დასავლეთ საქართველოში, რაც ორი საუკუნე გაგრძელდა[25].
1618 წელს გიორგი III-მ თავის შვილს ალექსანდრეს ცოლად შერთო მამია გურიელის ასული თამარი, რომელთანაც ალექსანდრეს შეეძინა ბაგრატი, მაგრამ მრუშობის ბრალდებით თამარი მამის გურიელის კარზე გააბრუნეს ბაგრატთან ერთად. ამ ამბით შეურაცხყოფილმა გურიელმა გადაწყვიტა დამოყვრებოდა ლევან II დადიანს. 1621 წელს მეფე-მთავარს შორის უთანხმოებით სარგებლობს ლევანი და თავის დას მარიამს ცოლად ატანს გურიელის ძეს სიმონს. თვით ლევან დადიანი დაქორწინებული იყო აფხაზეთის მთავარ სეტემან შარვაშიძის ასულ თანურიზე (ან დარუნდიზე)[26]. ამგვარად დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ორი, ერთმანეთს დაპირისპირებული ბანაკი: ერთ მხარეს გიორგი III, ხოლო მეორე მხარეს — დადიანი, გურიელი და შერვაშიძე. ძალთა თანაფარდობა ლევან დადიანის მხარეზე იყო. მეფის მოწინააღმდეგეთა ბანაკს მალე დაემატა იმერელი ფეოდალი პაატა წულუკიძე, რომელმაც გარკვეული, ნეგატიური როლი ითამაშა მეფე-მთავართა ურთიერთობებში. სწორედ მისი შეგონებით გაუჩნდა ლევან დადიანს პრეტენზია იმერეთის სამეფოს ტახტზე[25].
გიორგი მეფეს ბუნებრივია არ მოსწონდა დადიან-გურიელ-შერვაშიძის კავშირი და დაიწყო საომარი სამზადისი. ეს არ გამოპარვია ლევან დადიანს და მანაც ლაშქარი შეკრიბა. 1623 წელს გოჭოურასთან გაიმართა ბრძოლა, რომელშიც გიორგი დამარცხდა და ბრძოლის ველიდან გაქცევით უშველა თავს.
1623 წლის შემდეგ დადიანსა და შერვაშიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, როგორც ჩანს მთავრის აფხაზ მეუღლეს დაუახლოვდა ვეზირი პაპუნა, რის გამოც ლევან დადიანმა ცოლი გააგდო, მასთან შეძენილი ორი ვაჟიშვილი მოწამვლით მოაკვლევინა, ხოლო პაპუნა გურიელს დააპატიმრებინა. თვით ლევანმა კი ბიძას გიორგი ლიპარტიანს წაართვა ახალგაზრდა ცოლი, ჭილაძის ასული ნესტან-დარეჯანი და ცოლად შეირთო[27].
ლევანის ამ საქციელმა ოდიშარნი ორ სამტრო ბანაკად დაყო. დავა ბიძა-ძმისშვილს შორის ბრძოლაში უნდა გადაზრდილიყო, მაგრამ მოულოდნელად გიორგი ლიპარტიანი გარდაიცვალა. ლევან დადიანის მოწინააღმდეგეთა ბანაკი ზრდას განაგრძობდა, გიორგი მეფე, შერვაშიძე, დადიანის გაძლიერებით შეშფოთებული გურიელი... ამით ისარგებლა პაპუნა ვეზირმა, რომელიც გურიელთან იმყოფებოდა პატიმრობაში და განიზრახა ლევანის მოკვლა, ხოლო მის მაგივრად მისი ძმის იოსების გამთავრება, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა, მისი მოთავე პაპუნა ზარბაზნის ლულაში ჩადეს და ნაკუწებად აქციეს[27], ხოლო იოსებს თვალები დასთხარეს[25].
ამ პერიოდში გურიაშიც მნიშვნელოვანი ამბები ხდება. 1625 წელს მამია გურიელი მოკლა თავისმა ძემ სიმონმა, რომელმაც გამთავრებისთანავე ცოლისძმის, ლევან დადიანის, საწინააღმდეგო კურის აიღო და შეთქმულებაშიც მიიღო მონაწილეობა. ამის გამო, მამის მკვლელის დასჯის საბაბით, გურიაში შეიჭრა და ლანჩხუთთან ბრძოლაში გურიელი ტყვედ ჩაიგდო. არქანჯელო ლამბერტის ცნობით დადიანმა სიმონს
„დასთხარა თვალი, წაართვა ცოლი, შვილი და სამთავროც[27].“
|
გურიის მთავრად ლევანმა მამიას ძმა, დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მალაქია (1625-1639 წწ.) დასვა.
XVII საუკუნის დასაწყისისათვის ოსმალეთის ბატონობა, მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ბარის გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, მთებზე კი მათ ხელი არ მიუწვდებოდათ[28]. ამ პერიოდში ოსმალთა პასიურობის ძირითადი მიზეზი მაინც ის იყო, რომ სულთნის ხელისუფლება ტახტისათვის ატეხილი ბრძოლის გამო საგრძნობლად შესუსტდა. 1622-1623 წლებში სულთნის ტახტზე სამი ადამიანი შეიცვალა. ეს ყველაფერი შეღავათს უქმნიდა დაპყრობილ ქვეყნებს, მათ შორის იმერეთის სამეფოსაც[25].
XVII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფე გიორგი III-სთან ნათესაური კავშირის დამყარებას ცდილობს ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე, გიორგი III-ის შვილი ხვარამზე, სააკაძის შვილს, ავთანდილს გააყოლეს ცოლად. გიორგი სააკაძე ქართლში იმერეთის ტახტის მემკვიდრის ალექსანდრეს გამეფებას ითხოვდა. გიორგი მეფისა და სააკაძის კავშირი ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ გიორგი სააკაძის ოსმალეთში გადახვეწამ ჩაშალა. ახლა უკვე დამოყვრება თეიმურაზ I-მა განიზრახა და საკუთარი შვილი, ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი დარეჯანი ქმრის ოჯახიდან გამოიტაცა, მუხრანს მიიყვანა და 1629 წელს ცოლად შერთო იმერეთის ტახტის მემკვიდრეს ალექსანდრეს[25].
1632 წელს ქართლში შაჰის ხელდასხმით გამეფდა როსტომ-ხანი, თეიმურაზ I იმერეთში გადაიხვეწა. ქართლის მეფე როსტომი ლევან II დადიანს დაუმოყვრდა და მისი და, სიმონ გურიელის ცოლყოფილი მარიამი შეირთო ცოლად. როსტომი და ლევანი შეთანხმდნენ, რომ ლევანი იმერეთში მივიდოდა დიდი ლაშქრით, როსტომიც იქ უნდა გადასულიყო და მეფე დედოფალი საჩხეიძეოში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. შეთანხმების თანახმად, როსტომ მეფე ჯარით წავიდა და იმერეთის საზღვარზე სურამში დადგა. გიორგი მეფემ როსტომ მეფეს გზა არ მისცა და როსტომის შესახვედრად წამოსულ დადიანს გზა გადაუჭრა. როსტომმა და ლევანმა განაპირა გზით სვლა არჩიეს, როსტომი ახალციხე-ზეკარით ბაღდათში ჩავიდა, კაკასხიდთან, ლევან დადიანი კი სამიქელაძეოზე გავლით დანიშნულ ადგილს გაჩნდა. დადიანის დასაზვერად წასული გიორგი მეფე ლევანის ხალხმა ტყვედ ჩაიგდო. გიორგი მეფის დატყვევების შემდეგ 1634 წელს, მოხდა ბრძოლა იმერთა და ოდიშართა შორის, რომელშიც იმერეთის ჯარი დამარცხდა[29].
ლევან დადიანმა და მისმა თანამზრახველებმა გიორგი მეფის დატყვევებისთანავე მოიწვიეს თათბირი და გადაწყვიტეს იმერეთში ქაიხოსრო გურიელი გაემეფებინათ, მაგრამ განზრახვა ჩაეშალათ, რადგან იმერეთში უკვე ალექსანდრე III უკურთხებიათ მეფედ[30]. მეფე გიორგი ორი წელი დადიანს ჰყავდა ტყვედ და დიდი „სახსრის“ გაღებით დაიხსნეს ტყვეობიდან.
1639 წელს გარდაიცვალა გიორგი III და იმერეთის სამეფო ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ალექსანდრე III-მ (1639-1660 წწ.). ამ დროისათვის ქვეყანა მეტად დაუძლურებული იყო. ამ სავალალო მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა ალექსანდრე მეფეს არ შეეძლო, ვინაიდან დადიანისაგან მუდამჟამს თავდასხმებს განიცდიდა. იგი იძულებული გახდა დადიანის წინააღმდეგ ბრძოლაში ოსმალეთისათვის ეთხოვა დახმარება. ოსმალებმაც არ დააყოვნეს მაჰმად-ფაშას ჯარმა მოარბია სამეგრელო და გაძარცვა დრანდის მონასტერი[31]. დადიანი იძულებული გახდა რამდენიმე ხნით შეეწყვიტა იმერეთზე თავდასხმები.
მიუხედავად ამისა, რაც დრო გადიოდა მით უფრო მწვავდებოდა დადიანსა და ალექსანდრეს შორის ურთიერთდამოკიდებულება. ლევან დადიანმა 1645, 1646 და 1647 წლებში სამჯერ დალაშქრა იმერეთი და სამივეჯერ გამარჯვებული დაბრუნდა სამეგრელოში. ასევე გამარჯვებით დასრულდა მისი ლაშქრობა გენათელ ეპისკოპოსთან. როდესაც ცხადი გახდა, რომ დადიანი და ალექსანდრე ვერ შერიგდებოდნენ, ალექსანდრე ტყვეებს ვერ დაიბრუნებდა და თეიმურაზიც იმერეთისაგან დახმარებას ვეღარ მიიღებდა, სიძე-სიმამრმა ალექსანდრემ და თეიმურაზმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართეს. 1649 წელს ელჩები გაგზავნეს რუსეთის სამეფო კარზე. თეიმურაზის მხრიდან თავადი ივანე და არქიმანდრიტი პახომი, ხოლო ალექსანდრეს მხრიდან — მღვდელ-მონაზონი ვასილი და დავითი. თეიმურაზი ირანელებთან შუამდგომლობას ევედრება რუსთ ხელმწიფეს, ხოლო ალექსანდრე ლევან II დადიანს უჩივის და მის წინააღმდეგ დახმარებას სთხოვს რუსეთს. ამ ელჩობის შემდეგ რუსეთი საპასუხო ელჩობას (ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობა იმერეთში) აგზავნის იმერეთში (1650-1652 წწ.). იმერეთში რუსი ელჩები 1651 წელს ჩავიდნენ. ალექსანდრე III საზეიმო ვითარებაში მოსკოვის ელჩთან ფიცს დებს ალექსი I-ის „ყმობის“ შესახებ:
„დიდ მთავარს ალექსი მიხეილის ძეს სრულიად რუსეთისას სამუდამოდ ვეყმე, ჩემი შვილით ბაგრატით, ჩემი ძმით მამუკათი, მთელი ჩემი იმერეთის ქვეყნით[32].“
|
1652 წელს იმერეთის მეფე რუს ელჩებს თავის ელჩებს აყოლებს: მოლარეთუხუცესს ლომკაც ჯაფარიძეს და არტიმონ არქიმანდრიტს, მაგრამ, ისე როგორც წინა ელჩობას, ამჟამადაც იმერეთის სამეფოსათვის მას რეალური შედეგი არ მოუტანია.
1657 წელს ლევან II დადიანი უეცრად გარდაიცვალა. მას პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ მისი გარდაცვალებისთანავე მეგრელებმა ერთხმად გაამთავრეს ლიპარიტ დადიანი, ლევანის ძმის, იესეს ვაჟი[33]. შექმნილი სიტუციით ისარგებლა ალექსანდრე III-მ, დიდი ლაშქრით გაემართა ოდიშისაკენ, ტახტიდან ჩამოაგდო ლიპარიტ დადიანი და გაამთავრა თავისი ერთგული კაცი ვამეყ დადიანი. ვამეყის გამთავრებას ვერ შეეგუენ ტახტიდან ჩამოგდებული ლიპარიტ დადიანის მომხრეები. 1658 წელს მათ შორის ბანძასთან გაიმართა ბრძოლა. ბრძოლაში იმერეთის მეფემ გაიმარჯვა. დამარცხებული ქაიხოსრო I გურიელი და ლიპარიტ III დადიანი სტამბოლში გადაიხვეწნენ. ბანძის ბრძოლის შემდეგ ლიპარიტ დადიანი მალევე გარდაიცვალა, ხოლო აშლილობამ გურიაში გადაინაცვლა, სადაც მთავრის ტახტისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ ქაიხოსრო და დემეტრე. აღნიშნული ბრძოლა დემეტრე გურიელის (1658-1664 წწ.) სასარგებლოდ დასრულდა. დაქირავებული მკვლელის ხელით მოკლული ქაიხოსრო გურიელის შვილები გიორგი და მალაქია ახალციხის ფაშას შეეკედლნენ[25].
იმერეთის მეფე ალექსანდრე III თავის ძის მემკვიდრეობას არ ცნობდა. მან იშვილა ცოლის ძმის შვილი ლუარსაბი, რომელსაც ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა, მაგრამ ლუარსაბი გარდაიცვალა და ალექსანდრე უმემკვიდრეოდ დარჩა, ამიტომ იმერეთის მეფემ 1659 წელს რუსეთში ელჩობა გაგზავნა და რუსეთის ხელმწიფეს სთხოვა ნიკოლოზ (იგივე ერეკლე I) უფლისწულის გამოშვება და იმერეთის ტახტზე გამეფება, რაზეც რუსეთისაგან უარი მიიღო. იმერთა მეფე იძულებული იყო ისევ თავისი შვილი ბაგრატი გამოეთხოვა გურიიდან და ტახტის მემკვიდრედ ეცნო. ალექსანდრემ გურია-ოდიშის დამორჩილებით კვლავ აღადგინა ის პრესტიჟი, რაც სამი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული იმერეთის სამეფოს, მაგრამ იმერეთის ჰეგემონობა დასავლეთ საქართველოზე ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა[25].
ალექსანდრე გარდაიცვალა 1660 წლის მარტში, თავის მემკვიდრე ბაგრატს (1660-1661, 1663-1668, 1669-1678, 1679-1681 წწ.) სამეფო დაუძლურებული დაუტოვა. არეულობა, შფოთი და აშლილობა, რომელიც დამახასიათებელი იყო ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოსთვის, კვლავ გრძელდებოდა.
XVII საუკუნის II ნახევარი
XVII საუკუნის 60-იანი წლების შემდგომ პერიოდს ნიკო ბერძენიშვილი შემდეგანაირად ახასიათებს:
„60-იანი წლებიდან მთელი დასავლეთ საქართველო საშინელმა ანარქიამ მოიცვა. მეფის თუ მთავრის ხელისუფლება კიდევ უფრო დაეცა, ქვეყანა თავადების სათარეშოდ იქცა. დადიანი, გურიელი, ქართლის ბატონიშვილი, აბაშიძე თუ იმერეთის ბატონიშვილი თავადების სურვილით წარამარა ცვლიდნენ ერთიმეორეს სამეფო ტახტზე (40 წელიწადში ოცჯერ შეიცვალა მეფე. ამათგან მხოლოდ ერთი შერჩა მეფობას ბუნებით სიკვდილამდის)... თავადებმა მიიტაცეს და დაისაკუთრეს სამეფო ყმა-მამული. ერისთავ-მოურავებმა ხელმწიფობა დაიჩემეს. მთავრები აუქმებდნენ საეპისკოპოსოებს, საწინამძღვროებს და იტაცებდნენ საეკლესიო მამულებს, საერო ფეოდალებმა დაიტაცეს საკათალიკოსო სოფლები[34].“
|
ამ ფეოდალურმა ანარქიამ მთლად დასცა და დააუძლურა ქვეყანა, შეძლებული მოსახლეობის უმეტესობა გარბოდა და აღმოსავლეთ საქართველოში სახლდებოდა, სადაც ამ დროს შედარებით სიმშვიდე სუფევდა.
იმერეთში ახლადგამეფებულ ბაგრატს დედინაცვალმა დარეჯანმა ცოლად შერთო თავისი ძმის თეიმურაზ I–ის ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი. დარეჯანი ბაგრატს უკვე აღარაფერს ეკითხებოდა, იმერეთის ფაქტობრივი გამგებელი თავად გახდა[30]. დარეჯანმა თავის გერს ჯერ შესთავაზა ცოლად მოეყვანა, მაგრამ რადგან ამაზე აღშფოთებული ბაგრატისაგან უარი მიიღო, შეიპყრო იგი და თვალები დასთხარა. დარეჯანმა სკანდის ციხეში მდგომ მამამისს, თეიმურაზ I-ს შესთავაზა იმერეთის ტახტი, მაგრამ თეიმურაზმა უარი შემოუთვალა. ამის შემდეგ დარეჯანმა ქმრად შეირთო ვახტანგ ბაგრატიონი და ის იმერეთის მეფედ აკურთხებინა. ამან უკმაყოფილება გამოიწვია დასავლეთ საქართველოს მთავრებში, რომელთაგან ზოგიერთი დადიანის გამეფებას უჭერდა მხარს, ზოგიერთი კი ქართლის მეფე ვახტანგ V-ს ეპატიჟებოდნენ იმერეთში. იმერეთის მეფის ტახტი ვამეყ დადიანმა მიიღო. ვახტანგ მეფე იმერეთში გადადის და დადიანთან შეთანხმებით იმერეთს შუაზე იყოფენ, საზღვრად მდინარე ბუჯისწყალი დადვეს. ვამეყი დაპირდა ვახტანგ მეფეს, რომ თავის ქალიშვილს მის ვაჟს არჩილს მიათხოვებდა.[30]. ამის შედეგად იმერეთის სამეფო არჩილის ხელში გადავიდოდა. ვამეყ III დადიანს კი იმერეთი თავისთვის უნდოდა. მან პირობა დაარღვია და თავისი ასული სხვას მიათხოვა. ამას მოყვა ვახტანგ V-ის მეორე ლაშქრობა. ვამეყ III დადიანს იმერეთისა და ოდიშის დიდებულთა დიდი ნაწილი გადაუდგა. მან ჯერ ოდიშს მიაშურა, მაგრამ როცა ოდიშის ციხესიმაგრეებიც ვახტანგ V-ის ლაშქარმა დაიპყრო, სვანეთში გაიქცა. ვახტანგ V-მ ოდიშში ლევან II დადიანის ძმისწული შამადავლე დასვა მთავრად. ვამეყ III დადიანი 1661 წელს სვანეთში ვახტანგ მეფის ბრძანებით, ხოსია ლასხიშვილმა მოკლა. ვახტანგი იმერეთში დაბრუნდა და აქ თავისი ვაჟი არჩილი გაამეფა, ციხიდან გამოიყვანა უსინათლო ბაგრატ IV და მასთან ერთად ქართლში დაბრუნდა[25].
ქართლის მეფე ვახტანგ V-ის მიერ იმერეთის სამეფო ტახტზე თავისი შვილის არჩილის აყვანა, ოსმალეთმა შეაფასა, როგორც ირანის ჩარევა საკუთარ საქმეებში. სულთანმა მეჰმედ IV-მ (1648-1687 წწ.) იმერეთში სალაშქროდ გაგზავნა ახალციხის, ყარსისა და არზრუმის ფაშები, რომელთაც სულთნის უფლება უნდა აღედგინათ დასავლეთ საქართველოში. პარალელურად ელჩი მიავლინა ირანში, რათა გაეპროტესტებინა ირანის ჩარევა მის საშინაო საქმეებში. არჩილის მეფობა იმერეთში ხანმოკლე აღმოჩნდა, 1663 წელს შაჰ აბას II-ის ბრძანებით იგი იძულებული გახდა დასავლეთ საქართველო დაეტოვებინა[25].
იმერეთიდან არჩილის წასვლის შემდეგ სამეფო ტახტი ერთ ხანს თავისუფალი იყო. მეფე გახდებოდა ის ვინც მეტ თანხას გადაიხდიდა სულთანთან. ამჯერად დემეტრე გურიელმა შეძლო სულთნის გულის მონადირება და სამეფო გვირგვინს დაეუფლა. სულთნის მიერ წარმოგზავნილმა საფაშოების ჯარმა ლევან III დადიანი გადააყენა, როგორც ვახტანგ V-ის მიერ დანიშნული პირი და დადიანობაც დემეტრეს ჩააბარეს. დემეტრე გურიელს იმერეთის ტახტზე დიდხანს არ უმეფია, როგორც კი თურქთა ჯარმა იმერეთის ტერიტორია დატოვა, იმერეთის თავადებმა იგი გააძევს. მათივე თხოვნით 1663 წელს ვახტანგ V-მ იმერეთის სამეფო ტახტზე ბაგრატ IV დააბრუნა[25].
გურიელის განდევნისა და ბაგრატ IV-ის გამეფების შემდეგ გურიელად დაჯდა გიორგი ქაიხოსროს ძე, ხოლო ლევან III დადიანმა ისევ დაიბრუნა ოდიშის მთავრობა. ლევან დადიანმა, რომელიც ვახტანგ V-ს ენათესავებოდა, არ ინება ბაგრატ IV-ის გამეფება იმერეთის ტახტზე და ომი აუტეხა მას. ამ ომში ლევან დადიანი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. შინა ომები რომ შეწყვეტილიყო, იმერეთის დიდებულებმა კათალიკოს სვიმონ ჩხეტიძის მეთაურობით უცნაურ საშუალებას მიმართეს: მათ ლევან დადიანი დააშორეს თავის ცოლ — თამარს და ეს უკანასკნელი ბაგრატ მეფეს შერთეს, ხოლო ლევანი ბაგრატის დაზე — თინათინზე — გოშაძის ნაცოლარზე დააქორწინეს[35]. ბაგრატ მეფემ დადიანს ქორწილი გადაუხადა და ისევ ჩააბარა სამეგრელო სამართავად.
ბაგრატს ახალი მეტოქე გამოუჩნდა გიორგი გურიელის სახით, რომელიც ცდილობდა მეფისათვის წაერთმია ცოლი და ტახტი. თუმცა მას არც ერთი საწადელი არ ასრულებია. ბაგრატ მეოთხემ მას თავისი ასული დარეჯანი მისცა ცოლად. ურთიერთდამოყვრების ნიადაგზე მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობიანობა დამყარდა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. უსინათლო მეფეს ახლა სახლთუხუცესი სეხნია ჩხეიძე განუდგა, 1666 წელს ჩხეიძის ინიციატივით ქუთაისის ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1667 წელს მოურავმა ბეჟან ლორთქიფანიძემ ქუთაისის ციხე ისევ აიღო და ბაგრატს გადასცა[36].
იმერეთის პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ ჩნდება დარეჯან დედოფალი, რომელიც მეამბოხე მთავრებს ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. იგი მიუხედავად თავისი ადრინდელი რუსული ორიენტაციისა დახმარებას ახლა ოსმალეთს სთხოვს, რათა ტყვეობიდან დაიხსნას. წარმოშობით ქართველი ასლან-ფაშა (სამცხის მთავრის, როსტომ-ფაშას შვილი) თურქთა ჯარით გადადის იმერეთში ტყვეობიდან ათავისუფლებს დარეჯანს, რომელიც თურქეთის დახმარებით ტახტის დაბრუნებას ცდილობს[35]. დარეჯანმა ფაშას 20 000 მარჩილი აღუთქვა თუ მისი უსინათლო ქმრის ვახტანგის გამეფებაში დაეხმარებოდა. 1668 წელს ახალციხის ფაშა მართლაც ჩადის იმერეთში თურქთა ჯარით. მას მიეგებნენ დადიან-გურიელი და სეხნია ჩხეიძე, ბაგრატ IV კი ლეჩხუმში გადაიხვეწა. იმერეთის ტახტზე კვლავ დასვეს ვახტანგი, ოსმალებმა კი მოარბიეს იმერეთი და აუარებელი ტყვით დაბრუნდა უკან.
დარეჯანს და ვახტანგს დიდხანს არ უმეფიათ. ბაგრატ IV-ის მომხრეებმა მის გარემოცვაში შეაპარეს ხოსია ლაშხიშვილი, რომელიც დარეჯანმა იშვილა ჩვეულების თანახმად ძუძუზე კბილის დადებით და ფიცის წარმოთქმით, რის შემდეგაც დედოფალი ძალზედ ენდობოდა მას, თუმცა ხოსიამ 1668 წელს, დარეჯანი შუბით განგმირა, იქვე მოკლეს დედოფლის მეუღლე უსინათლო ვახტანგიც[30].
დარეჯან დედოფლის სიკვდილის შემდეგ იმერეთის წარჩინებულებმა ბაგრატიც აღარ ინდომეს მეფედ და მცირე ხნით გაამეფეს დემეტრე გურიელი, რომელსაც იგივე თავადებმა ვინც გამეფებაში შეუწყო ხელი, თვალები დასთხარეს და ტახტიდან ჩამოაგდეს. 1669 წელს ბაგრატ IV-მ კვლავ დაიბრუნა ტახტი, ხოლო გურიელი ხდება გიორგი III გურიელი.
ახლად გამეფებულ ბაგრატ IV-ს კვლავ ეურჩებიან სეხნია ჩხეიძე, ლევან III დადიანი და გიორგი III გურიელი. მათ შორის ბრძოლა გარდაუვალი ხდება. 1669 წელს ჩხართან ხდება ბრძოლა. ამ ბრძოლაში სეხნია ჩხეიძე მოკლეს, ხოლო დადიანი გაიქცა ოდიშში. ბაგრატმა იმერეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაიმორჩილა. დადიანი მაინც არ ისვენებდა და ორი წლის შემდეგ კვლავ ილაშქრა ბაგრატის წინააღმდეგ, იმერეთის თავადთა უმეტესობა დადიანს მიემხრო, ბაგრატ მეფე იძულებული გახდა რაჭაში წასულიყო. მან შემოიკრიბა რაჭა-ლეჩხუმის ჯარი და დადიანს 1671 წელს ბრძოლა გაუმართა გეგუთში. ამ ბრძოლაშიც დადიანი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. დატყვევებული დადიანი ბაგრატ მეფემ ფიცით შემოიმტკიცა და ოდიშში გაუშვა[25].
ახლა უკვე პოლიტიკის ავანსცენაზე გამოდის გიორგი გურიელი, რომელიც ლევან III დადიანის ნაცოლარის, იმჟამად ბაგრატ IV-ის ცოლის ულამაზესი თამარის ხელჩი ჩაგდების მიზნით უკავშირდება ახალციხის ფაშას და ბაგრატის ცოლის წართმევაში დახმარებას სთხოვს. 1672 წელს გურიელი იმერეთში შემოიჭრა. გიორგი გურიელმა და ახალციხის ფაშამ უსინათლო ბაგრატ მეფე დაამარცხეს და ტყვედ ჩაიგდეს. რაც შეეხება თამარს, გურიელმა საწადელი ვერ აისრულა, რადგან მეფემ დედოფალი თამარი კვარის ციხეში გახიზნა, რომლის აღებაც თურქებმა ვერ შეძლეს[37]. ბაგრატმა ქრთამის სანაცვლოდ თავი დაიხსნა და ფაშას მძევლად გააყოლა თავისი უკანონო შვილი ალექსანდრე.
იმერეთში ლაშქრობის შემდეგ ახალციხის ფაშა თურქთა ჯარით გიორგი გურიელთან ერთად ოდიშის სამთავროს შეესია და ისედაც გაპარტხებული მხარე მთლად აიკლო. თურქთა წასვლის შემდეგ (1672 წ.) ბაგრატ მეფემ იმავე წელს შურისძიების გამო გაილაშქრა გურიელის წინააღმდეგ. დაამარცხა, ააოხრა გურია და ალაფით ქუთაისში დაბრუნდა.
ამ პერიოდში რუსეთიც გაქტიურდა. რუსეთის სამეფო კარზე იმერეთის მეფედ ერეკლე I-ს ამზადებდნენ, სწორედ ამიტომ იმერეთიდან 1669 წელს წასული 26 კაციანი ელჩობა, ერეკლეს გადაწყვეტილებით და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით რუსეთის შორეულ მონასტრებში პატიმრობაში გააგზავნეს. ამ აქტით რუსეთის სამეფო კარმა აღიარა, რომ იმერეთის მეფედ არ ცნობდა ბაგრატ IV-ს და გზას ერეკლეს უკაფავდნენ. ასეთ ვითარებაში ბაგრატ მეფემ გადაწყვიტა, როგორმე შემოემტკიცებინა და თავის მოკავშირედ ექცია გიორგი გურიელი და მას 1674 წელს თავისი ქალიშვილი, თამარის შვილი, დარეჯანი მისცა ცოლად, მაგრამ ტახტის დაკარგვის საშიშროება მაინც ვერ აიცილა.
1678 წელს ახალციხის ფაშის, ლევან III დადიანისა და იმერეთის თავადების დახმარებით არჩილ მეფემ კვლავ დაიკავა იმერეთის სამეფო ტახტი. ბაგრატ მეფემ სიძეს — გიორგი გურიელს მიაშურა, ხოლო ცოლი — თამარი სკანდის ციხეში დატოვა. არჩილ მეფემ გამოიყვანა ციხიდან თამარ დედოფალი და თავის პირველ ქმარს ლევან III დადიანს დაუბრუნა. ბაგრატ მეფემ და გურიელმა დახმარებისათვის ოსმალეთის სულთანს მიმართეს. ოსმალებმა საჭიროდ ჩათვალეს ისევ ბაგრატის გამეფება და არზრუმის ფაშას დაავალეს იმერეთში წესრიგის დამყარება. არზრუმის ფაშა ასლანი იმერეთში შეიჭრა, მას თან ახლდნენ ბაგრატი და გიორგი გურიელი. იმერეთის თავადებმა ახლა არჩილ მეფეს უღალატეს და ბაგრატის მხარეზე გადავიდნენ. 1679 წლის აგვისტოში ბაგრატმა კვლავ დაიკავა იმერეთის ტახტი, ხოლო არჩილმა რაჭას შეაფარა თავი. ლტოლვილ მეფეს ფეხდაფეხ მიჰყვა ოსმალთა ჯარი და რაჭა მოაოხრა[30].
1681 წელს გარდაიცვალა უსინათლო მეფე ბაგრატ IV, მას კანონიერი მემკვიდრე არ დარჩენია, ხოლო უკანონო შვილი ალექსანდრე ქართლში ჰყავდა ტყვედ გიორგი XI-ს. ამით ისარგებლა გიორგი გურიელმა და სიმამრის ტახტი დაიკავა (1681-1683 წწ.). თავისი მეფობის დასაწყისი მან იმით აღნიშნა, რომ გაუშვა თავისი კანონიერი ცოლი, ასული ბაგრატ მეფისა და თამარისა — დარეჯანი და ცოლად შეირთო თავისი სიდედრი დედოფალი თამარი.
„გურიელმან სწვალა ღმერთი და ჰგმო თავისი რჯული და ნაქორწილევი ცოლი გაუშვა და თავისი სიდედრი ცოლად შეირთო[30].“
|
გურიელის წინააღმდეგ უკმაყოფილება დროთა განმავლობაში იზრდებოდა. იმერეთის თავადების ერთი ჯგუფი ახალციხის ფაშას ეახლა და სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა იმერეთის ტახტზე ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი ალექსანდრე გაემეფებინათ. სულთნის ბრძანებით 1683 წელს ალექსანდრე გადმოიყვანეს ქართლიდან და იმერეთის ტახტზე დასვეს ალექსანდრე IV-ის (მეფობდა 1683-1690 და 1691-1695 წლებში) სახელწოდებით, რომელსაც ბერი ეგნატაშვილი ასე ახასიათებს
„იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა[38]“
|
ალექსანდრე იმ ეპოქის ღვიძლი შვილი იყო, რომელ ეპოქაშიც უწევდა მოღვაწეობა.
ალექსანდრე IV-ს იმერეთის დიდი თავადების მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამ მიზნით პაატა აბაშიძეს ცოლად შერთო თავისი და დარეჯანი, გიორგი გურიელის ნაცოლარი. პაატა აბაშიძე თავის მხრივ გიორგი მიქელაძის, ერთ-ერთი ძლიერი თავადის, დისწული იყო. ამ მოყვრობით მეფემ იმერეთი შემოიმტკიცა, მაგრამ სხვა გავლენიანმა ერისთავებმა შოშიტა რაჭის ერისთავმა და ბეჟან ლორთქიფანიძემ მის წინააღმდეგ კოალიცია შექმნეს, მათ მიიმხრეს ოდიშის ფაქტობრივი მმართველი გიორგი ლიპარტიანი (რომლის გეგმაშიც მეფის დასუსტება შედიოდა) და შეუერთდნენ გურიელს, რომელსაც გეგმაში იმერეთის ტახტის დაკავება ჰქონდა. მასვე შეუერთდნენ ჩიჯავაძეები. გიორგი გურიელის ჯარი იმერეთში 1684 წელს შეიჭრა. მათ შორის ბრძოლა გაიმართა როკითს. გამარჯვება ალექსანდრე მეფეს დარჩა. ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა პაატა აბაშიძე, ხოლო გიორგი გურიელი და შოშიტა რაჭის ერისთავი ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. გიორგი ლიპარტიანმა გაქცევით უშველა თავს[25].
როკითის ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა ძებნაში ალექსანდრე მეფემ ქართლის მეფე გიორგი XI-ს მოციქული გაუგზავნა და ქალიშვილი სთხოვა ცოლად, მაგრამ იგი სხვაზე აღმოჩნდა დანიშნული. მაშინ ალექსანდრემ გიორგის ძმისშვილი — ლუარსაბის ასული ელენე სთხოვა ცოლად, მაგრამ ეს საქმე რაჭის ერისთავმა პაპუნამ (1684–1696 წწ.) ჩაშალა, რომელიც მეგობრობდა გიორგი XI-სთან. ამის გამო ალექსანდრე მეფის ჯარი რაჭაში შეიჭრა და გადაწვა მრავალი სოფელი. გიორგი XI-მ პაპუნას თავისი ჯარი მიაშველა, ალექსანდრემ უკან დახევა ამჯობინა.
1688 წელს სპარსეთის შაჰმა სულეიმან I-მა (1666–1694 წწ.) გიორგი XI ტახტიდან გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I გაამეფა. გიორგი XI-მ თავი რაჭის ერისთავ პაპუნა II-ს შეაფარა. ალექსანდრემ პაპუნას უბრძანა არ შეეხიზნა გიორგი მეფე. რაჭის ერისთავმა არ შეასრულა მეფის ბრძანება, რის გამოც იმერეთის მეფე თავისი ჯარით რაჭას შეესია. რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობამ იმერეთის მეფის მხარი დაიკავა. პაპუნა ერისთავი და გიორგი მეფე გლოლაში გაიქცნენ. ალექსანდრემ უწერა მოაოხრა და უკან გამობრუნდა. პაპუნამ ისევ დაიპყრო რაჭა. გიორგი XI რუსეთში გადახვეწილ ძმას არჩილს დაუკავშირდა, დაბრუნება და იმერეთში გამეფება ურჩია[39]. 1688 წელს არჩილი საქართველოში გამოემგზავრა. რაჭაში მივიდა და გველისთავს დადგა, მასპინძლობა რაჭის ერისთავმა, პაპუნამ, გაუწია და დახმარებასაც დაპირდა. არჩილის ხელახლა გასამეფებლად დაირაზმნენ გიორგი ლიპარტიანი, ჭილაძე-მიქელაძენი და ბეჟან ლორთქიფანიძე, ხოლო ალექსანდრეს მხარეზე დარჩნენ გიორგი აბაშიძე და სვიმონ ქუთათელი. ალექსანდრე გაემართა გველისთავისაკენ. არჩილის მომხრეებმა შებრძოლება ვერ გაბედეს. ალექსანდრე მეფეს დახმარება თურქთა ჯარმაც აღმოუჩინა. ასეთ პირობებში მოკავშირეებმა გაცლა ამჯობინეს და არჩილი და გიორგი ჯერ ოდიშში, შემდეგ აფხაზეთში გადავიდნენ.
ამავდროულად არჩილ მეფეს კაცი ჰყავდა გაგზავნილი ყირიმის ხანთან, რომელსაც სულთანთან უნდა ეშუამდგომლა იმერეთში არჩილის გამეფების შესახებ. არჩილმა მიიღო ცნობა ელჩის ყირიმის ხანამდე მშვიდობით ჩაღწევის შესახებ და მობრუნდა სამეგრელოში, მაგრამ გიორგი ლიპარტიანი უკვე ალექსანდრე მეფეს დაზავებოდა. არჩილ მეფე საჭილაო-სამიქელაოში მივიდა და ალექსანდრე მეფეს გზა სთხოვა. ალექსანდრემ პირობა ჩამოართვა, რომ მეფობას აღარ შეეეცილებოდა. არჩილი რაჭაზე გავლით დიგორში ჩავიდა და დაბინავდა. გიორგი მეფე გურიელს ესტუმრა, მაგრამ გურიელის კარზე გაბმული ინტრიგების წყალობით, მალევე ახალციხის ფაშასთან გადავიდა და ახლა იქიდან იღვწოდა იმერეთში არჩილის გასამეფებლად[25].
1690 წელს თურქთა ჯარი იმერეთში შევიდა და ფერსათის მინდორზე დაბანაკდა. დიგორში მყოფი არჩილ მეფეს ეს აცნობეს და იმერეთის ტახტზე მოიწვიეს. რაჭის ერისთავის ჯარის თანხლებით არჩილი იმერეთში ჩამოვიდა და გამეფდა (მესამედ, 1690-1691 წწ.). ალექსანდრე მეფემ შებრძოლება ვერ გაბედა და ქართლის მეფე ერეკლე I-ს შეაფარა თავი.
თურქთა ჯარის წასვლის შემდეგ გიორგი აბაშიძე და გიორგი ლიპარტიანი არჩილ მეფის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. ქართლში მყოფი ალექსანდრეც მოიწვიეს. მეფემაც არ დააყოვნა და იმერეთში გადავიდა. არჩილ და ალექსანდრე მეფეებს შორის ბრძოლა გაიმართა გოდოგანში:
„იქმნა ბრძოლა ძლიერი, იძლია ალექსანდრე და ივლტოდა ქართლს[40].“
|
არჩილმა გამეფებისთანავე წესრიგის დამყარება სცადა, ფეოდალებს მამულები ჩამოართვა და მათ წინანდელ მფლობელებს დაუბრუნა. ამან ბევრი ძლიერი თავადი გაუორგულა მეფეს და ალექსანდრეს მხარეზე გადაიყვანა. ამასთანავე ქართლის სამეფოში მყოფმა ალექსანდრე მეფემ ერეკლე I-ს სთხოვა შუამდგომლობა ირანის შაჰთან, რათა იმერეთის ტახტზე კვლავ გამეფებულიყო. შაჰმა ელჩი გაუგზავნა სულთანს და ალექსანდრეს იმერეთში გამეფება სთხოვა[30]. სანამ შაჰის ელჩი სტამბოლში ჩავიდოდა, სულთანი სულეიმან II გარდაიცვალა, ტახტი აჰმედ II-მ (1691–1695 წწ.) დაიკავა. ელჩმა ძღვენი მას მიართვა. სულთანმა დიდი სიამოვნებით შეუსრულა თხოვნა ირანის ელჩს — გამოსცა ბრძანება იმერეთში კვლავ ალექსანდრეს გამეფებისა. ახალციხეში მყოფი გიორგი XI დაპატიმრეს. არჩილ მეფემ ქუთაისის ციხეში მყოფ თურქების გარნიზონს ალყა შემოარტყა. გიორგი ლიპარტიანმა არჩილ მეფეს უღალატა და თურქებს დაეხმარა. თურქები გამოვიდნენ ციხიდან და 1691 წელს დაანგრიეს ბაგრატის ტაძარი:
„იქმნა საგლოველი, რამეთუ გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლად წმიდისა, დიდ შუენიერად გებული[41].“
|
1691 წელს ალექსანდრე თურქთა ჯარის თანხლებით ახალციხიდან გადმოვიდა დასავლეთ საქართველოში და იმერეთის სამეფო ტახტი დაიკავა, არჩილმა კი უომრად დატოვა იმერეთი.
ამასობაში ახალციხის ფაშასთან ტყვედ მყოფი გიორგი XI ადგილობრივი ქართველების წყალობით პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გიორგი XI-მ ტახტისთვის ბრძოლა დაუწყო ერეკლე I-ს. ერეკლე მეფე თბილისის ციხეში შეიკეტა და გარეთ ვეღარ გამოდიოდა გიორგის შიშით. ალექსანდრე IV შეუთანხმდა ერეკლე მეფეს და იმერეთის ჯარით გადავიდა აღმოსავლეთ საქართველოში, ააოხრა სოფელი ალი და ნადავლით დატვირთული უკან გაბრუნდა. ეს რომ ტაშისკარს მდგომმა არჩილ მეფემ გაიგო, დაედევნა მარბიელ ჯარს და ალაფი დააყრევინა, იმერეთის მეფემ კი სკანდის ციხეს შეაფარა თავი.
არჩილ და გიორგი მეფეებმა იმერეთის გავლენიან თავადებს უსაყვედურეს ალექსანდრეს მიერ სოფელ ალის დარბევა. თვით იმერეთის თავადებიც არ იყვნენ კმაყოფილნი ალექსანდრე მეფისა. მრავალი პირადი მანკიერი თვისებების გამო თვით საკუთარმა ცოლმა თამარ გიორგი აბაშიძის ასულმაც კი შეიჯავრა და განქორწინების საბაბსღა ელოდა. თამარმა მამას, გიორგი აბაშიძეს სთხოვა ალექსანდრე გადაეცა გიორგისათვის. შვილის თხოვნის შესრულების მიზნით აბაშიძემ შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. სკანდას მყოფი ალექსანდრე მეფე შეიპყრეს და გადასცეს გიორგი მეფეს. მიიყვანეს რუისში, მოკლეს და დაასაფლავეს იქვე[42].
1695 წელს არჩილი ისევ გამეფდა იმერეთში (მეოთხედ, 1695-1696 წწ.). იმერეთის ყოფილმა დედოფალმა თამარ აბაშიძემ გიორგი XI-ს საკუთარი თავი ცოლად შესთავაზა და სამაგიეროდ იმერეთში გამეფებას შეპირდა. გიორგი მეფემ ეს წინადადება არ მიიღო. გიორგი აბაშიძემ ახლა არჩილ მეფეს შესთავაზა საკუთარი ასული ცოლად, რაზედაც ასევე უარი მიიღო. მეფეების უარით შეურაცხყოფილი აბაშიძე შეუთანხმდა გიორგი ლიპარტიანს, მათ გამოძებნეს ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი ვინმე გიორგი, დაცინვით „გოჩიად“ წოდებული და 1696 წელს იმერეთში გაამეფეს გიორგი IV-ის სახელით (1696-1698 წწ.). მას ცოლად შერთეს აბაშიძის ასული, დედოფალი თამარი. ერთი წლის შემდეგ თამარ დედოფალმა ისევ შეიძულა მეფე და მისი გაშვება გადაწყვიტა. იმერლებმა შეთქმულება მოაწყვეს გიორგი აბაშიძისა და შოშიტა III რაჭის ერისთავის (1696–1731 წწ.) მეთაურობით და 1698 წელს გიორგი IV გოჩია იმერეთის ტახტიდან გააძევეს[16].
ამ დროს არჩილ მეფე დიგორში იმყოფებოდა და რუსეთში წასასვლელად ემზადებოდა. თავადებმა იგი იმერეთის სამეფო ტახტზე მოიწვიეს. არჩილ მეფე ძალზედ უარობდა იმერეთის ტახტის დაკავებას, თუმცა მაინც დაითანხმეს და 1698 წელს იგი მეხუთედ და საბოლოოდ გაამეფეს. მისი ეს მეფობა ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა, მან 6 თვე დაჰყო სამეფო ტახტზე. სულთანმა ახალციხის ფაშის ჩარევის შედეგად ბრძანება გამოსცა მისი ტახტიდან ჩამოგდებისა და მის მაგივრად ალექსანდრე IV-ის უკანონო შვილის სიმონის გამეფების შესახებ, რომელიც ქართლში ნაზარ-ალი-ხანის კარზე იმყოფებოდა. ახალციხის ფაშამ სიმონი ჯერ ახალციხეში მიიყვანა, შემდეგ იმერეთში გადაიყვანა და 1699 წელს ქუთაისში გაამეფა. არჩილ II-მ საბოლოოდ დაკარგა იმერეთის ტახტი, რუსეთში გადასახლდა და იქვე გარდაიცვალა 1713 წელს[25].
გიორგი აბაშიძემ სვიმონის გამეფებით ისარგებლა და თავისი სხვაზე დანიშნული ასული ანიკა სვიმონს შერთო ცოლად. თამარს შეშურდა დის დედოფლობა და თავად გიორგი ლიპარტიანს გააშვებინა ცოლი, შვიდი შვილის დედა და თვითონ გაჰყვა ცოლად. ამიერიდან მისი წოდება იყო იმერეთისა და ოდიშის დედოფალი, რადგან მამასთან ერთად განაგებდა იმერეთის საქმეებსაც. სვიმონ მეფე, ვერ შეურიგდა ამ სიტუაციას და ქართლში ერეკლე I-თან გაიქცა. საქმეში მამია გურიელი ჩაერია, იგი ახალციხის ფაშას შეუთანხმდა, ქართლიდან მოიყვანეს სიმონ მეფე, გააშვებინეს ანიკა და ცოლად შერთო თავისი და. ამ ამბით შეურაცხყოფილმა აბაშიძემ დახმარება სიძეს — გიორგი ლიპარტიანს სთხოვა. ორივე მამია გურიელს ეთათბირენ და შეუთანხმდნენ, თუ მამია სიმონ მეფეს მოკლავდა, მას გაამეფებდნენ იმერეთში. მამია დათანხმდა ამ წინადადებას და შეთქმულებმა ღალატით მოკლეს სიმონ მეფე 1701 წელს[25].
იმერეთი XVIII საუკუნეში
XVII საუკუნის II ნახევარი დასავლეთ საქართველოში მკაცრი შინაფეოდალური ომებით აღინიშნა. 40 წლის მანძილზე (1660-1701 წწ.) იმერეთში ჩვიდმეტჯერ გადააგდეს ტახტიდან მეფე, ამათგან 4 მოკლეს, ხოლო 13 გააძევეს. პოეტი-მეფე არჩილი ხუთჯერ დასვეს ტახტზე და ხუთჯერვე გადმოაგდეს[43].
ფეოდალური ანარქია XVIII საუკუნის I ნახევარშიც გრძელდებოდა. მეფის ხელისუფლება თავადების ხარჯზე, უკიდურესად დაეცა. ციხესიმაგრეები თავადებს ჰქონდათ მიტაცებული. ძლიერდებოდა ოსმალთა გავლენა იმერეთში, რაც ძალზედ სახიფათო ხდებოდა. ციხეები ტყვის მსყიდველთა თავშესაფრად და ბუნაგად იქცა. ციხის გარშემო მდებარე სოფლები თანდათან მაჰმადიანდებოდა. ქვეყანას ძირითადად თავადები და მთავრები მართავდნენ: ლიპარტიან-დადიანი, აბაშიძე, გურიელი, რაჭის ერისთავი ჩხეტიძე, მიქელაძე, წერეთელი, წულუკიძე, ჩხეიძე, ჩიჯავაძე და სხვ.
ამ თავადებსა და მთავრებს შორის გრძელდებოდა დაპირისპირება. მშვიდობა არც მათ შორის იყო. ერთი გვარისშვილები ხშირად არბევდნენ ერთმანეთს:
„მოწინააღმდეგენი ყოვლად დაუნდობელნი იყვნენ: აქცევდნენ ციხეებს, სასახლეებს, ძარცვავდნენ ეკლესია-საგანძურებს, ბუგავდნენ ურთიერთის სოფლებს, ატყვევებდნენ მოსახლეობას და ჰყიდდნენ ოსმალეთში. საუკუნოვან ანარქიაში გახვეულ საზოგადოებას მორალური გადაგვარების საშიში ნიშნები ახლდა...[44]“
|
გაძლიერებული იყო ტყვეთა სყიდვა. ტყვეს ყიდდა ყველა: მეფე, მღვდელმთავარი, მთავარი, თავადი, აზნაური....
ამ ყველაფერში აშკარად შეიმჩნეოდა ოსმალეთის დიდი როლი, რომელთა აგენტი ახალციხის ფაშა მუდამ ცდილობდა დასავლეთ საქართველოში მტკიცე ხელისუფლება არ შექმნილიყო. შედეგიც სახეზე იყო, 1690-1720 წლებში დადიანმა, გურიელმა, აბაშიძემ და რაჭის ერისთავმა 11-ჯერ გამოცვალეს მეფე იმერეთის ტახტზე, ამათგან სამი მოკლეს, დანარჩენები განდევნეს.
შინაფეოდალური ომები
სიმონ მეფის მოკვლის შემდეგ (1701 წ.) იმერეთის დიდი თავადების შეთანხმების მიხედვით სამეფო ტახტზე მამია III გურიელი (პირველად, 1701-1702 წწ.) დასვეს. მისი მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. გიორგი აბაშიძემ სამეფო შემოსავალი არ უწილადა იმერეთის მეფე გურიელს, რის გამოც გურიელი იძულებული გახდა ტყვეები გაეყიდა გურიიდან და ამით გაესწორებინა ხარჯები. 1702 წელს ამ ყველაფრით გაბეზრებულმა გურიელმა თვითონ თქვა უარი სამეფო ტახტზე. იმერეთის გამგებლობა მეორე უზურპატორის, გიორგი აბაშიძის (1702-1707 წწ.) ხელში გადავიდა. 1703 წელს მან უარი განაცხადა ოსმალეთის მორჩილებაზე და ახალციხის ფაშას უარი უთხრა ხარკის გადახდაზე. მის მაგალითს მიბაძეს დადიანმა და გურიელმა[43].
ქართველი მეფე-მთავრების მსგავის მოქმედებით აღშფოთებულმა სულთანმა მუსტაფა II-მ (1695-1703 წწ.) 1703 წლის იანვარში გამოსცა ბრძანება დასავლეთ საქართველოში დამსჯელი ექსპედიციის მოწყობისა. მთავარსარდლად დაინიშნა არზრუმის ბეგლარბეგი ხალილ-ფაშა[45]. თურქეთის ლაშქარს იმერეთში გასამეფებლად თან მოჰყავდა მოკლული სიმონ მეფის ძმა გიორგი, რომელიც ჯერ ქართლში, შემდეგ კი ახალციხეში იზრდებოდა.
თურქთა ჯარი 1703 წლის აგვისტოში იმერეთს სამი მხრიდან მოადგა: მთავარსარდალი ხალილ-ფაშა გურიაში შეიჭრა, მისი მოადგილე და ახალციხის ფაშა ზეკარის გადასასვლელით იმერეთს მიადგნენ, ხოლო ოსმალეთის ფლოტმა სამეგრელოში გადმოსხა ჯარი. ლიპარტიანზე და აბაშიძეზე განაწყენებული შარვაშიძე თურქებს ეახლა და ქართველების წინააღმდეგ გაილაშქრა. ასეთ კრიტიკულ მომენტში გიორგი აბაშიძემ მხნეობა გამოიჩინა და გურიელ-დადიანის დახმარებით გზები შეუკრა მომხდურთ. თავდაპირველად ამან შედეგი გამოიღო, მაგრამ მამია III ეახლა ხალილ-ფაშას და მორჩილება განუცხადა. მალე მას მიყვა ლიპარტიანზე განაწყენებული მიქელაძეც, რომელმაც იმერეთში მეგზურობა გაუწია ომალეთის ჯარს. ზეკარის გზით გადმოსულმა ოსმალებმა გავლეს ხანისწყლის ხეობა, ბრძოლით აიღეს კაკასხიდთან მდგომი ციხესიმაგრე და ბაღდათში შევიდნენ, იქ თხმელის ციხე ააგეს და შიგ ოსმალური გარნიზონი ჩააყენეს[43].
თურქთა ჯარმა დიდ წარმატებას მიაღწია სამეგრელოშიც. აიღეს რუხის ციხე, ააშენეს ანაკლიის ციხე და იქაც თავისი მეციხოვნეები ჩააყენეს, რითაც შავი ზღვის სანაპიროზე ახალი დასაყრდენი პუნქტი გაიჩინეს.
1703 წელს თურქეთის ხელისუფლება დამატებით ჯარს გზავნიდა დასავლეთ საქართველოს სრული დამორჩილების მიზნით, მაგრამ საქართველოში გამოსაგზავნ ჯარში მოხდა აჯანყება. აჯანყებულებმა სტამბოლი აიღეს, სულთანი მუსტაფა II ტახტიდან ჩამოაგდეს და სულთნად მისი ძმა აჰმედ III (1703-1730 წწ.) დასვეს. ახალმა სულთანმა აჯანყება ჩააქრო და აჯანყებულებს ისედაც ღარიბი ხაზინიდან ხელფასი გადაუხადა. ამის შემდეგ ოსმალეთის მთავრობას ძალა აღარ შესწევდა ლაშქრობის გაგრძელებისა და იმერეთის ლაშქრობა მოიშალა. ოსმალები სამშობლოში დაბრუნდნენ. მანამდე თურქებმა რამდენიმე პირობა წამოაყენეს: შორაპნის ციხის დანგრევა, მძევლების მიცემა და გიორგის გამეფება, ხოლო გიორგი აბაშიძე მეფის მეურვედ უნდა დანიშნულიყო. ამ პირობებზე გიორგი დასთანხმდა. შორაპნის ციხე დაანგრია, მძევლები მისცა და გიორგი VI-მ (პირველად, 1703-1711 წწ.) იმერეთის სამეფო ტახტი დაიკავა, ხოლო სამეფოს ფაქტობრივ გამგებლად გიორგი აბაშიძე დარჩა. დასავლეთ საქართველო თურქთაგან დაპყრობას გადაურჩა[43].
გიორგი VI-ის გამეფებამ და ოსმალების წასვლამ იმერეთს მშვიდობა ვერ მოუტანა. გიორგი VI ქუთაისის ციხეში იყო ჩაკეტილი და ქვეყნის საქმეებს არავინ ეკითხებოდა. ქვეყანას გიორგი აბაშიძე განაგებდა და მეფედაც ის იწოდებოდა. აბაშიძით უკმაყოფილო დასავლეთ საქართველოს ყველა გავლენიანი პიროვნება მეფეს მიემხრო. ამაში დიდი როლი ითამაშა ქართლის ჯანიშინმა ვახტანგმა, რომლის ძმის შვილი ცოლად ჰყავდა გიორგი VI-ს. 1707 წელს თავადებით ზურგგამაგრებულმა მეფემ აბაშიძეს მეურვეობის უფლება ჩამოართვა და თვითონ შეუდგა დამოუკიდებელ მართვას. გიორგი აბაშიძე ვერ შეეგუა ხელისუფლების დაკარგვას, ამავე დროს ლიპარტიანსაც არ მოსწონდა მეფის გაძლიერება და რაჭის ერისთავი შოშიტა III დაითანხმეს ერთობლივი ძალით ებრძოლათ მეფის წინააღმდეგ. 1709 წელს ლიპარტიანისა და შოშიტას გაერთიანებული ჯარი ფარცხანაყანევში შეიყარა და აბაშიძეს ელოდებოდნენ, რათა მეფეს დასხმოდნენ თავს. გიორგი VI-მ დაასწრო მათ, მოულოდნელად დაესხა თავს მოკავშირეებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. ტყვედ ჩავარდნილები მეფემ გაყიდა. ამ ამბების გამგები აბაშიძე კი სვერის ციხეში ჩაიკეტა[4].
გამარჯვებული მეფე კაცხის ციხეს მიადგა აბაშიძის შვილმა პაატამ იგი უომრად დასთმო. შემდეგ სვერის ციხეს შემოარტყა ალყა, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. აქედან მეფე სასწრაფოდ გადავიდა რაჭაში და ხოტევის ციხის აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. უკან გამობრუნებული ნავარძეთის ციხეს შემოადგა. ამ დროს მეფეს ეახლნენ ლიპარტიანის შვილები კაცია და ბეჟანი. მათ მეფეს სთხოვეს ლიპარტიანი გაეგდო და კაცია დაესვა ოდიშის მთავრად. მეფე დასთანხმდა და იმერეთის ჯარით სამეგრელო დალაშქრა. გიორგი ლიპარტიანი აფხაზეთში გაიქცა. სამეგრელოს მთავარი კაცია გახდა. იმერეთის მეფე უკან დაბრუნდა და ისევ ნავარძეთის ციხეს შემოადგა და აიღო კიდეც[4].
მეფის სამეგრელოში ლაშქრობის პერიოდში რაჭის ერისთავი შოშიტა III იმერეთში ლაშქრობს. ააოხრებს ჭალატყეს, კიდევ რამდენიმე სოფელს და უკანვე ბრუნდება. იმერეთის მეფე გურიაში გადადის და მასაც მოაოხრებს.
კაცხისა და ნავარძეთის ციხეების დაკარგვის და ტახტზე გიორგის მომაგრების შემდეგ გიორგი აბაშიძე 1711 წელს თავს ქართლის ჯანიშინს ვახტანგს აფარებს. კაცია დადიანი 1710 წელს გარდაიცვალა და სამეგრელოს ისევ გიორგი ლიპარტიანი იკავებს. მეფე და ლიპარტიანი დაზავდნენ. 1711 წელს მათ ერთად ილაშქრეს რაჭაში და თითქმის სხვავამდე დაიპყრეს იგი. მაგრამ კვლავ ლიპარტიანის ღალატის გამო მეფე იძულებულია უკან დაბრუნდეს.
იმერეთში არეულობას ბოლო არ უჩანს. ისევ შეთქმულებამ იჩინა თავი: ლიპარტიანი, გურიელი, რაჭის ერისთავი, ბეჟან ლეჩხუმის ერისთავი და ზურაბ აბაშიძე შეითქვნენ და 1711 წელს მეფე გიორგი იმერეთიდან განდევნეს, ხოლო იმერეთის ტახტზე მამია III გურიელი დასვეს. ლტოლვილი მეფე ქართლში გადავიდა და ვახტანგ VI-ის სარეკომენდაციო წერილით ახალციხის ფაშას ეახლა. გიორგი აბაშიძე კვლავ იმერეთში დაბრუნდა. ზურაბ აბაშიძე უკმაყოფილო იყო გურიელის მეფობით. იგი ახალციხეში გიორგი VI-ს დაუკავშირდა და ლეჩხუმის მთავარ ბეჟანთან ერთად გურიელის წინააღმდეგ გაემართნენ. ბრძოლა მოხდა ჩხარში 1712 წელს. ამ ბრძოლაში მამია III გურიელი დამარცხდა, გიორგი მეფემ (მეორედ, 1712-1713 წწ.) კვლავ დაიკავა სამეფო ტახტი[43].
ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოხდა შეთქმულება მეფის წინააღმდეგ. შეთქმულების ორგანიზატორები იყვნენ გურიელი, დადიანი, ერისთავი, აბაშიძე და ლეჩხუმის მთავარი ბეჟანი. 1713 წელს გაიმართა ბრძოლა ოკრიბაში მეფესა და მოკავშირეებს შორის. ამ ბრძოლაში გიორგი მეფე დამარცხდა და მეფედ ისევ მამია III გურიელი დასვეს. 1714 წელს, ორთვიანი მეფობის შემდეგ მამია გარდაიცვალა, ამით ისარგებლა გიორგი VI-მ და ოსმალების დახმარებით კვლავ იმერეთის მეფე ხდება (მესამედ, 1714-1716 წწ.), რასაც მოჰყვა მოწინააღმდეგეებთან ანგარიშის გასწორება.
გიორგი მეფე რაჭის ერისთავის თანხლებით თავს დაესხა ზურაბ აბაშიძეს და მამული დაულაშქრა. ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე ახალციხის ფაშას შეევედრნენ, რათა ჯარით დახმარებოდა გიორგი მეფის განდევნაში. ოსმალეთმა კვლავ დიდი სიამოვნებით ისაყ-ფაშა გამოაგზავნა იმერეთში ჯარით. მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა გაიმართა სიმონეთში 1716 წელს[4]. ამ ბრძოლაში მეფე დამარცხდა და მესამედ დატოვა იმერეთის ტახტი, მან თავი ქართლს შეაფარა. ტახტზე მოკავშირეებმა მამია გურიელის ვაჟი გიორგი IV გურიელი აიყვანეს. ბეჟანმა და ზურაბმა მალე თავისკენ გადაიბირეს შოშიტა რაჭის ერისთავი, შოშიტას ასული ცოლად შერთეს ბეჟანის შვილ ოტიას. ამის შემდეგ მცირე ხნით მშვიდობა დამყარდა.
გიორგი გურიელმა მხოლოდ სამი თვე იმეფა. მან გურიიდან თავისი სიმდიდრის ჩამოტანა განიზრახა, მაგრამ რაჭველები თავს დაესხნენ სოფელ სალომინაოში. ეს რომ გურიელმა გაიგო გურიაში გაიქცა, ხოლო იმერეთის სამეფო დარჩა სამ თავადს: ზურაბ აბაშიძეს, ბეჟან დადიანს და შოშიტა რაჭის ერისთავს. მათ იმერეთი სამად გაიყვეს და თავიანთ სამმართველო ტერიტორიებს შეუერთეს[4].
იმერეთის ლტოლვილი მეფე ქართლიდან ახალციხეში გადავიდა, იქიდან კი სტამბოლში წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ისაყ-ფაშას სულთნის ბრძანება მოუვიდა გიორგის იმერეთში კვლავ გამეფების შესახებ.
1719 წელს ახალციხის ფაშის ჯარით გიორგი VI იმერეთში ჩამოვიდა. მას ქუთაისში მდაბიო ხალხის გარდა არავინ მიგებებია, აბაშიძე, ერისთავი და დადიანი ოკრიბაში იდგნენ. გიორგიმ მათ შეუთვალა იგი მეფედ ეცნოთ, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ იგი ოსმალთა ჯარით თავს დაესხა თავადებს, დაამარცხა ისინი, ააოხრა ოკრიბა და იქიდან სამეგრელოში წავიდა. დადიანმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. სამივე თავადი მეფეს დამორჩილდა. გიორგი VI (მეოთხედ, 1719-1720 წწ.) კვლავ იმერეთის მეფე გახდა.
1720 წელს ზურაბ აბაშიძის, ერისთავისა და დადიანის წაქეზებით სიმონ აბაშიძემ გიორგი მეფე თხმელისციხეში დაპატიჟა და ნადიმის დროს მსახურებს მოაკვლევინა, მისი ყველა მხლებელი კი ტყვედ დაყიდა[4]. იმერეთი კვლავ დადიანს, აბაშიძესა და შოშიტა რაჭის ერისთავს დარჩა. მალევე თავადთა კავშირში ბზარი გაჩნდა, შოშიტა და ზურაბი ერთმანეთს დაემდურნენ. ამ დროს სულთნის ბრძანება მოუვიდა ახალციხის ფაშას იმერეთში გიორგი VI-ის შვილის, ალექსანდრეს გამეფების შესახებ. ისაყ-ფაშამ ქართლიდან გამოითხოვა იმერეთის უფლისწული და 1720 წელს სამეფო ტახტზე აიყვანა ალექსანდრე V-ის (პირველად, 1720-1741 წწ.) სახელწოდებით[43].
ალექსანდრე მეფე, როგორც ვახტანგ VI-ის კარზე აღზრდილი, მის პოლიტიკას იზიარებდა და ქვეყნის გაძლიერებისათვის იბრძოდა, მაგრამ იძულებული იყო ორმაგი პოლიტიკა გაეტარებინა: იძულებული იყო თურქეთისათვის ეამებინა, რადგან მეფობა არ დაეკარგა, მაგრამ მეორე მხრივ ქართლის მეფის გეგმებსაც უნდა გამოხმაურებოდა, რაც რუსეთთან კავშირს გულისხმობდა. 1722 წელს ქართლთან ერთად ალექსანდრემაც დაამყარა რუსეთთან დიპლომატიური კავშირი[46].
ოსმალებმა 1723 წელს დაიკავეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ციხეები და საქართველო ზღვას მოსწყვიტა. მათ გარნიზონები ჩააყენეს ციხისძირის, ქობულეთის, სეფის, გრიგოლეთისა და ანაკლიის ციხეებში, გაამაგრეს ბათუმის, ჩაქვის, ფოთის, ბიჭვინთისა და ანაკოფიის ციხეები[45]. ოსმალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ 1725 წელს. მათ ფოთში ორთუღიანი ფაშა დასვეს და მას შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს გამგებლობა ჩააბარეს. ოსმალებმა რუხის ციხე დაანგრიეს და მისი ქვებით ანაკლიის ციხე ააშენეს. 1728 წელს ზურაბ აბაშიძემ იმის შიშით, რომ ალექსანდრე მეფე შორაპნის ციხეს წაართმევდა, შიგ ოსმალთა მეციხოვნეები ჩააყენა. ამავე პერიოდში ოსმალებმა ხელთ ჩაიგდეს ბაღდათის ციხეც. თურქთა ასეთ წარმატებას ქართველ ფეოდალთა შუღლიც უწყობდა ხელს. გურიის სამთავროში ოსმალთა მხარდამჭერად თავადი ნაკაშიძე გამოვიდა.
შუღლის ნიადაგზე ზურაბ აბაშიძემ დადიანის საწინააღმდეგოდ იმერეთში ისაყ-ფაშა მოიწვია. მან თავისი შვილი უსუფი გამოგზავნა. ეს უკანასკნელი ეთათბირა ალექსანდრე მეფეს და მისი თანხმობით 1728 წელს გეგუთის სასახლეში ბეჟან დადიანი მიიპატიჟა და თავის საჭურველთმტვირთველს ხანჯლით მოაკვლევინა. მისმა შვილმა ოტიამ გაქცევით უშველა თავს[4].
მიუხედავად ამისა, ოსმალები ქვეყნის დაპყრობის საქმეში არ აქტიურობდნენ. არც იმერეთის მესვეურთ წარმოედგინათ უშუალო საფრთხედ ოსმალთა მიერ ქვეყნის დაპყრობა. ოსმალები ენერგიულად იბრძოდნენ შავი ზღვის ზოლის დასაპყრობად. მათ გეგმაში მთელი სანაპირო ზოლის დაპყრობა შედიოდა ბათუმიდან აზოვის ზღვამდე. გარდა ამისა, ისინი ჯიქების დამორჩილებასაც გეგმავდნენ. ამ მიზნით 1730 წელს[43] (ვახუშტის მიხედვით 1733 წელს[4]) მათ დიდი ლაშქრობა წამოიწყეს ფოთის ფაშას მეთაურობით. ამ ლაშქრობაში ფაშას მოწოდებით ალექსანდრე V-ც იღებდა მონაწილეობას, რათა ოსმალებისათვის ერთგულება ეჩვენებინა და ოდიშისათვის ზიანი მიეყენებინა. ოტია დადიანმა უარი განაცხადა ლაშქრობაში მონაწილეობაზე. ოსმალებმა გაძარცვეს და გადაწვეს ილორის ეკლესია. შერვაშიძემ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამარცხდა და ფაშამ იძულებით გაამაჰმადიანა.
ლაშქრობისას ალექსანდრე დარწმუნდა, რომ ოსმალთა გამარჯვება მნიშვნელოვნად გაართულებდა იმერეთის მდგომარეობას, ამიტომ, როცა ფაშამ მეფეს ჯიქეთზე და აზოვამდე ლაშქრობა მოსთხოვა, იგი თურქთა ბანაკიდან გამოიპარა. აფხაზები ფაშას აუჯანყდნენ და პარტიზანული თავდასხმებით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მის ჯარს. თავად ფაშამ კი გაქცევით უშველა თავს.
მიუხედავად იმისა, რომ 1728 წელს ბეჟან დადიანის მოკვლის შემდეგ მთელი ძალაუფლება ალექსანდრე მეფის ხელში გადავიდა, უთანხმოება მეფე-მთავრებს შორის მაინც გრძელდებოდა. დადიანი, რაჭის ერისთავი და აბაშიძე ჩვეული მზაკვრობით განაგრძობდნენ მეფესთან ბრძოლას. ასეთ მდგომარეობაში მეფე იძულებული ხდებოდა ოსმალებს დაყრდნობოდა[43].
ოტია დადიანმა (1728-1758 წწ.) განიზრახა მეფის ტახტიდან ჩამოგდება: მეფის ძმას მამუკას ცოლად შერთო თავისი და და მისი მეფედ დასმა განიზრახა. დადიანმა გეგუთს მოიყვანა ოდიშ-აფხაზეთის ლაშქარი, მას შეუერთდნენ ერისთავი და აბაშიძე. მეფე ქუთაისის ციხეში შეიკეტა. მოკავშირეებმა ოსმალეთის შიშით ვერ შეძლეს ციხის აღება და ალყა მოშალეს. 1732 წელს მეფე ალექსანდრემ ცოლად შეირთო ლევან აბაშიძის ასული, ხოლო თავისი ქალიშვილი პირველი ცოლისაგან მამია გურიელს მიათხოვა[4]. ამ დამოყვრებების სერიით მეფემ განიმტკიცა სამეფო ტახტი.
ოტია დადიანმა არ აპატია ოდიშის ლაშქრობაში მონაწილეობა ალექსანდრე მეფეს, მეორედ განიზრახა მის წინააღმდეგ შეთქმულება და ტახტზე მამუკა ბატონიშვილის აყვანა. დადიანმა მიიმხრო გრიგოლ რაჭის ერისთავი და ზურაბ აბაშიძე, მეფის მხარეს კი იდგნენ მამია გურიელი, ლევან აბაშიძე, დადიანის ძმა კაცია, ბარის ერისთავი გედევანი, მერაბ წულუკიძე და სხვ. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ ჩიხორთან 1732[43][47] წელს. ოტია დადიანი ტყვედ ჩაიგდეს ხელთ, ხოლო კაცია დადიანი მოკლეს. ოსმალეთს ხელს არ აძლევდა მეფის გაძლიერება და მას კატეგორიულად მოსთხოვა ოტია დადიანის გათავისუფლება. მეფე იძულებული გახდა დათანხმებულიყო.
ურთიერთრბევა და ღალატი მაინც გრძელდებოდა. ალექსანდრე V-მ თავის დის ქმარს დავით აბაშიძეს და პაპუნა წერეთელს ღალატით მოკვეთა თავები ვარციხის სასახლეში[48] თვითონ კი მოდინახეს ასაღებად გაემართა, მაგრამ წერეთლის ქვრივმა და მისმა ძემ ციხე გაამაგრეს და ალექსანდრეს ლაშქრობა უშედეგო აღმოჩნდა.
მეფის წინააღმდეგ კვლავ შეითქვნენ ზურაბ აბაშიძე, გრიგოლ რაჭის ერისთავი და ოტია დადიანი. მეფემ დახმარებისათვის შანშე ქსნის ერისთავს მიმართა, 500 ლეკიც იახლა და მოაოხრა ოდიში. იმერეთისა და ოდიშის დარბევის შემდეგ მეფემ თავისი ნახევარ ძმა გიორგი და ლევან აბაშიძე წარგზავნა ქართლში ვახუშტი აბაშიძის (ზურაბ აბაშიძის ძმის) შესაპყრობად. ისინი თავს დაესხნენ ტეზერს მყოფ ვახუშტის, შეიპყრეს და მეფეს მიგვარეს. მეფემ იგი ნავარძეთის ციხეში გამოკეტა, 500 ქისა თეთრი და ვახანის ციხის მოცემა მოსთხოვა, რაზეც ვახუშტიმ უარი განაცხადა. მეფეს ქართლის კათალიკოსი დომენტი ეახლა და ტყვის გათავისუფლება სთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ვახუშტის გათავისუფლებაზე უარი შეუთვალა იუსუფ-ფაშასაც. როგორც კი იუსუფ-ფაშასადმი უარის შესახებ გაიგეს კვლავ შეითქვნენ მეფის წინააღმდეგდ ოტია დადიანი, ზურაბ აბაშიძე და გრიგოლ რაჭის ერისთავი. მათი მარბიელი რაზმი თავს დაესხა ვარციხის სასახლეში. მეფემ და დედოფალმა ძლივს მასწრეს გაქცევა, სასახლე დაწვეს და ციხე დააქციეს. ეს მოხდა 1740 წელს[49].
განაწყენებულმა იუსუფ-ფაშამ 1741 წელს ოსმალთა ჯარიც გამოგზავნა ალექსანდრე მეფის წინააღმდეგ. ოსმალებს დადიანი, აბაშიძე და ერისთავი შეუერთდნენ. მეფეს სხვა გზა აღარ ჰქონდა, უბრძოლველად დათმო ტახტი და ქართლში გადაიხვეწა. გამარჯვებულებმა იმავე წელს სამეფო ტახტზე დასვეს ალექსანდრე V-ის უმცროსი ნახევარძმა გიორგი VII (1741 წ.).
ლტოლვილ მეფეს თან გაჰყვნენ ლევან აბაშიძე (სიმამრი), ძმა მამუკა ბატონიშვილი, ბარის ერისთავი და სხვა დიდებულები. მათ თან წაიყვანეს პატიმარი ვახუშტი აბაშიძე. ქართლის ხანმა მეფური პატივით მიიღო ალექსანდრე, მაგრამ შემდეგ დაატყვევა. ბარის ერისთავი დარუბანდში ეახლა ირანის მმართველს ნადირ-შაჰს და მეფის თხოვნა მიართვა. ნადირ-შაჰმა ახალციხის ფაშას სთხოვა ალექსანდრე მეფის დაბრუნება იმერეთის მეფის ტახტზე. იუსუფ-ფაშამ ნადირ-შაჰის თხოვნა გაითვალისწინა და ალექსანდრე V (მეორედ, 1741-1746 წწ.) თურქეთის ცენტრალური ხელისუფლების უკითხავად ტახტზე დააბრუნა. იუსუფ-ფაშამ დასავლეთ საქართველოს დიდებულები შეარიგა მეფესთან და უკან გაბრუნდა, მაგრამ მოკლე ხანში დადიანი, აბაშიძე და ერისთავი ისევ განუდგნენ მეფეს. ეს ამბავი მეფემ თავის დედინაცვალს — თამარს დააბრალა და თავი მოჰკვეთა. შემდეგ გიორგის მომხრენი დააწიოკა და ოსმალეთში დაყიდა. ზურაბ აბაშიძის მიმართ გვარში უკმაყოფილება გაჩნდა. მეფემ ისარგებლა აბაშიძეებში ატეხილი დავით და ზურაბ აბაშიძეს ლევან აბაშიძე დაუპირისპირა. ზურაბი ქართლში გადაიხვეწა, ხოლო აბაშიძეთა სახლის უფროსად ლევანი დასვეს[16].
ლევან აბაშიძე იმერეთის ყოფილი მეფის გიორგი აბაშიძის შვილი იყო. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე V-მ მისი შვილი შეირთო ცოლად, მას იგივე პრეტენზიები გაუჩნდა რაც მის მამას ჰქონდა.
1743 წელს მეფის წინააღმდეგ დადიანი და რაჭის ერისთავი კვლავ მცირე გამოსვლას აწყობენ, რომლის დროსაც გეგუთში გამართულ ბრძოლაში იღუპება გრიგოლ რაჭის ერისთავი. მოკავშირეებმა 1746 წელს ერთხელ კიდევ მოახერხეს ალექსანდრეს ტახტიდან გადაგდება. ამჯერად იმერეთის სამეფო ტახტს იკავებს ალექსანდრეს ძმა მამუკა ბატონიშვილი (1746-1749 წწ.), მაგრამ 1749 წელს მეფე ალექსანდრემ ახალციხის ფაშის ლაშქრით კვლავ დაიბრუნა სამეფო ტახტი. 1752 წელს ალექსანდრე V გარდაიცვალა და ტახტი დაიკავა მისმა შვილმა სოლომონ I-მა[43].
სოლომონ I-ის გამეფება
სოლომონ I-მა (1752-1766 და 1768-1784 წწ.) მემკვიდრეობით მიიღო შინაფეოდალური ბრძოლებისაგან დაუძლურებული სამეფო. იმერეთის მთავარი ციხეები: ქუთაისი, ბაღდათი, შორაპანი და ცუცხვათი თურქებს ეკავათ. მათ ხელში იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლიც. გურია, სამეგრელო და აფხაზეთი მეფისაგან დამოუკიდებელ სამთავროებს წარმოადგენდნენ და მათ ოსმალები იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ იყენებდნენ[50][51].
სოლომონის ტახტზე ასვლისთანავე ფეოდალურმა ომმა იჩინა თავი: ლევან აბაშიძე — სოლომონის ბაბუა, როსტომ რაჭის ერისთავი, მეფის ორი ბიძა მამუკა და გიორგი ბატონიშვილები და თვით მეფის დედა თამარი ახალგაზრდა მეფეს აუჯანყდნენ და ტახტიდან გადააგდეს. სოლომონმა ახალციხეში გაქცევით უშველა თავს. აჯანყებულთა მხარეზე იყვნენ ასევე მამია IV გურიელი და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბესარიონი[43].
იმერეთიდან დევნილმა მეფემ ახალციხის ფაშას აჰმედს (1745-1758 წწ.) მიმართა დახმარებისათვის. აჰმედ-ფაშამ სიამოვნებით იკისრა იმერეთის საქმეების მოგვარება და სოლომონი ტახტზე დააბრუნა. სოლომონმა მის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების მოთავეები დასაჯა. ღვიძლი დედა და ბიძა მამუკა იმერეთიდან გააძევა. მეფემ თავის ბაბუას, ლევან აბაშიძეს, სამკვიდრო სოფელი კაცხი ციხესიმაგრით და მონასტრითურთ ჩამოართვა და იმერეთის მეფის საკუთრებად გამოაცხადა[50].
სოლომონმა აჯანყებაში მონაწილე მამია IV გურიელიც დასაჯა, ოსმალთა ჯარის დახმარებით გურია დალაშქრა, მამია იქიდან გააძევა და მის ნაცვლად გურიელად მისი უმცროსი ძმა გიორგი V გურიელი დასვა[16]. აჯანყებულთაგან დასჯას გადაურჩნენ როსტომ რაჭის ერისთავი და მისი ძმა კათალიკოსი ბესარიონი, რაც იმ პერიოდში მეფის სისუსტით იყო გამოწვეული[45][50].
მეამბოხეებთან ანგარიშსწორების შემდეგ მეფე სიფრთხილით შეუდგა თავისი პოლიტიკის წარმოებას. უპირველეს ყოვლისა ძლიერი მოკავშირის მოძებნის მიზნით გაეყარა ცოლს, აფხაზეთის მთავრის შერვაშიძის ასულ თინათინს და ჯვარი დაიწერა ოტია დადიანის ასულ მარიამზე. ამავე დროს მოხერხებულად შემოირიგა გურიელიც. ამას მოჰყვა წვრილი ფეოდალების მომხრობა თუ განეიტრალება.
„თავისი მოღვაწეობა მეფემ მაჰმადიანობის გავრცელებისა და ტყვის სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო... მეფემ თავის მოღვაწეობას ამით მტკიცე იდეური დასაყრდენი მოუპოვა: ის ქართველობისათვის მებრძოლის მეთაურად გამოდიოდა[52].“
|
მაჰმადიანობის გავრცელებისა და ტყვის სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტიანობის განმტკიცებას მოითხოვდა, ეს საქმე კი ეკლესიას უნდა ეკისრა, მაგრამ ამ დროს ეკლესიაც უიმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა[53]. ამიტომ სოლომონ მეფემ დიდი ყურადღება დაუთმო ეკლესიის საკითხს: უპირველეს ყოვლისა, მან ეკლესიას დაუბრუნა წინა მეფეების მიერ ერისკაცებზე გაცემული საეკლესიო ყმა-მამული. ამავე დროს საეკლესიო ყმა-გლეხობა ყოველგვარი გადასახადისაგან გაათავისუფლა, გარდა ლაშქრობა-ნადირობისა. ასეთი მოქმედებით მეფე ეკლესიის ავტორიტეტს ამტკიცებდა, ძლიერ თავადებს ასუსტებდა და თავის მომხრეთა რიგებს ზრდიდა.
ქვეყნის ყველაზე უმთავრეს საჭირბოროტო საკითხად მაინც მაჰმადიანობის გავრცელება და ტყვეთა სყიდვა რჩებოდა. სოლომონ მეფემ სწორედ ამ ორი მოვლენის წინააღმდეგ გააჩაღა ბრძოლა. მან გამეფებისთანავე სასიკვდილო განაჩენის დაწესებით აკრძალა ტყვეთა სყიდვა, რამაც იმერელი თავადების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ხელიდან ეცლებოდათ შემოსავლის წყარო[53]. მეფეს საზოგადოების დაბალი ფენები უდგნენ მხარში ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყმა-გლეხობის ასაღორძინებლად მეფეს აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. აუცილებელი იყო გადასახადების რაოდენობის შემცირება. უპირველეს ყოვლისა აღსაკვეთი იყო „საძალადო“ გადასახადი. ერთი ხელის მოსმით ამ გადასახადის გაუქმება რთული იყო, მაგრამ ყმა-გლეხობა ხედავდა სოლომონის თავდაუზოგავ ბრძოლას მათი კეთილდღეობისათვის[50]. მეფემ შეღავათები დააწესა თავადებისაგან შევიწროებულ აზნაურებზეც, ამიტომ ისინიც მეფის მხარეზე იდგნენ. მეფე ნელ-ნელა წვრილი თავადების მომხრობას განაგრძობდა. ამავე დროს იგი სარგებლობდა დიდი სათავადოების შიგნით არსებული დაპირისპირებებით და მათ შორის მომხრეებს უყრიდა თავს[43].
მეფე აქტიურად მოქმედებდა ციხესიმაგრეების ხელში ჩასაგდებად, რადგან ფეოდალის სიძლიერეს ციხესიმაგრის ფლობა განაპირობებდა. ციხის მფლობელი ადგილობრივი მოსახლეობის მბრძანებელი იყო. აღნიშნულ პერიოდში იმერეთის ციხეები დიდი თავადების ან თურქთა ხელში იყო. ამიტომ მეფე უპირველეს ყოვლისა სტრატეგიული ციხესიმაგრეების ხელში ჩაგდებას შეუდგა. მან ისარგებლა აბაშიძეებს შორის ატეხილი მტრობით და 1754 წელს გიორგი აბაშიძე-მამუკიშვილისაგან ხარაგაულის ციხე იყიდა. სვერის ციხე ჯერ კიდევ სოლომონის მამამ, ალექსანდრე V-მ მიისაკუთრა. კაცხის ციხეც 1753 წლიდან მეფის ხელში ჩანს[16]. უფრო მოგვიანებით, 1762 წელს მეფემ ნიკო ფინეზიშვილი-აბაშიძისაგან ჩხერის ციხე შეისყიდა. მეორე მხრივ, აბაშიძეების მეზობელი წერეთლები გაიერთგულა. მეფის ყველა ღონისძიება ლევან აბაშიძის წინააღმდეგ იყო მიმართული. აბაშიძეს ძლიერი მოკავშირე ჰყავდა რაჭის ერისთავების სახით. მეფემ ერისთავის მოწინააღმდეგე ჯაფარიძეები და წულუკიძეები გაიერთგულა. სოლომონმა ზოგადად დაიახლოვა იმერეთის წარჩინებული თავადაზნაურობა: აგიაშვილები, იაშვილები, ლორთქიფანიძეები, მაჭავარიანები და სხვ[43].
მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე. წ. „ფიცის კაცნი“. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები, ღოღობერიძეები, მიქაბერიძეები, ყიფიანები, ქოქრაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები, ჭაბუკიანები და სხვა[54].
ამრიგად მეფემ ორი მოწინააღმდეგე, აბაშიძე და რაჭის ერისთავი, გაიმარტოვა. ამიერიდან მათ მხოლოდ ახალციხის ფაშის იმედიღა ჰქონდათ. ორივე მხარე გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინში იყვნენ.
ხრესილის ბრძოლა
სოლომონ მეფის მოქმედებას თვალს ადევნებდა ახალციხის ფაშა აჰმედი. იგი დარწმუნდა მეფის ორგულობაში და თავისი დახმარება მის მიმართ დიდ შეცდომად ჩათვალა[50]. აჰმედისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლა. ფაშამ არაერთხელ შემოუთვალა მეფეს, რათა ტყვის სყიდვა იმერეთში ძველებურად ნებადართული ყოფილიყო. ბუნებრივია, სოლომონმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა და პირიქით მკაცრი სასჯელი დაუწესა ტყვეთა მსყიდველებს. ამან შედეგი გამოიღო. იმერეთი თითქმის მთლიანად გათავისუფლდა ამ უბედურებისაგან.
ფაშამ ერთგული თავადების ძებნა დაიწყო იმერეთში. მეფის ბიძა მამუკა ბატონიშვილი, რომელიც იმერეთიდან გააძევეს ამბოხებისათვის, ფაშამ კვლავ იმერეთში დააბრუნა, ასევე დააბრუნა მან გურიელის ტახტზე მამია, რომელიც ასევე ამბოხებისათვის იყო განდევნილი[43].
სოლომონ მეფის წინააღმდეგ გამოსასვლელად თურქებს ბევრი მიზეზი ჰქონდათ: მეფე-მთავრების შეთანხმება, მეფის ხელისუფლების გაძლიერება, ძლიერი ეკლესიის აღდგენის მცდელობა, ბრძოლა მაჰმადიანობის გავრცელებისა და ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ახალციხის ფაშამ ურჩი ქვეშევრდომის დასჯა ბრძანა. როგორც მოსალოდნელი იყო ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი ახალციხის ფაშას დაუკავშირდნენ[55].
იმერეთის ასაოხრებლად გამზადებულ ოსმალთა ჯარს ახალციხეში ლევან აბაშიძე ეახლა და მეგზურობა გაუწია. მტერი ოკრიბაში (ამჟამად ტყიბულის მუნიციპალიტეტი), ხრესილის მინდორზე დაბანაკდა. ამ დროს თურქებს იმერეთში ეკავათ ცუცხვათის, ბაღდათის, შორაპნისა და ქუთაისის ციხეები. მეფის მდგომარეობა მძიმე იყო: მთელი ზემო იმერეთი ლევან აბაშიძეს გადაებირებინა, რაჭველი თავადი წულუკიძეც მტრის მხარეზე გადავიდა. სოლომონმა სიმამრს, ოტია დადიანს სთხოვა დახმარება. ოტია საკმაოდ მოხუცებული იყო, წამოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ საბრძოლოდ თავისი შვილი კაცია გამოგზავნა ოდიშ-ლეჩხუმ-აფხაზთა ჯარით. მეფის დასახმარებლად გამოეშურა ასევე მამია IV გურიელი[43].
იმერეთის მეფისთვის მოულოდნელი არ ყოფილა მტრის შემოსევა. მან 1757 წლის ბოლო თვეებში ფარულად დიდი სამზადისი დაიწყო იმერეთიდან თურქების განსადევნად. ახალგაზრდა მეფე შესანიშნავი სარდალი და უშიშარი მეომარი გამოდგა[43].
სოლომონ მეფემ თავადაზნაურობიდან ბრძოლაში გაიწვია ყველა, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ხოლო ყმა-გლეხობიდან — კომლზე კაცი. მეფის ლაშქარში დიდი ერთსულოვნება იყო.
1757 წლის 14 დეკემბერს სოლმონ მეფე თავს დაესხა მტრის ლაშქარს. მტერი არ დაბნეულა, რადგან ამის მოლოდინში იყო. მათ პირველ ხანს წარმატებასაც კი მიაღწიეს. ოსმალებმა ხელთ იგდეს სამეფო დროშა, მაგრამ ქართველთა ლაშქრის სულიერმა მხნეობამ ომის ბედი შემოაბრუნა. თვით როსტომის და ლევან აბაშიძის ჯარიდან ცალკეულმა რაზმებმა მეფის მხარეზე იწყეს გადმოსვლა. მტრის ჯარის დიდი ნაწილი გაიჟლიტა, ნაწილი დაატყვევეს, მცირე ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, მაგრამ იმერეთის ტერიტორიას მაინც ვერ გაცილდა, მათ გზადაგზა ხოცავდნენ და ატყვევებდნენ. ხრესილის ბრძოლაში დახოცეს ოსმალეთის ჯარის მხედართმთავრები: გოლა-ფაშა, ქემხა-ფაშა და ბაშა-აღა[43].
ბრძოლაში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე, ხოლო როსტომ ერისთავმა გაქცევით უშველა თავს[56]. ზარალი მეფის მხრიდანაც დიდი იყო. დიაღუპა სამურზაყანოს მფლობელი ხუტუნია შერვაშიძე.
ხრესილის ბრძოლა დასაწყისი იყო დასავლეთ საქართველოს გამათავისუფლებელი ბრძოლისა. სოლომონ მეფე პირველად აქ შეხვდა დამპყრობლებს. აქედან მოყოლებული მას ხმალი არ ჩაუგია ქარქაშში იმერეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში[50].
სოლომონ მეფემ გადამწყვეტი ზომები მიიღო მოღალატეთა დასასჯელად: აბაშიძეებს ჩამოართვა ლევან აბაშიძის წილი მამული და სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო დანარჩენი აბაშიძეები ფიცით შემოიმტკიცა და სააბაშიოს ნაწილი მათ წყალობად მისცა. ამიერიდან აბაშიძეთა საგვარეულო მეფის წინააღმდეგ ბრძოლისათვის უძლური იყო. ახლა როსტომ რაჭის ერისთავის დათრგუნვა იყო საჭირო, რათა მეფეს მტერთან ბრძოლაში ზურგი საიმედო ჰქონოდა[43].
საეკლესიო კრება
ხრესილის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ სოლომონ მეფესა და ოსმალებს შორის 1758 წელს ორჯერ მოხდა ბრძოლა. პირველში ოსმალებმა გაიმარჯვეს, ხოლო მეორეში სოლომონმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. მეფის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა. სოლომონმა ისარგებლა ამ გამარჯვებით და მეფის ხელისუფლების გაძლიერების მიზნით ახალი ნაბიჯი გადადგა, 1759 წლის დეკემბერში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. მასში მონაწილეობდნენ: მეფე, კათალიკოსი და დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელოება, იმერეთის ბატონიშვილები და თავადაზნაურობა, დადიანი და გურიელი ბატონიშვილებით და თავადაზნაურობით. კრება მთელ თვეს გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დასრულდა. მსჯელობის საგანი მთელი დასავლეთ საქართველოსთვის საერთო საჭირბოროტო საკითხები იყო[57]:
- ეკლესიის საქმეების მოწესრიგება.
- ტყვეთა სყიდვის აკრძალვა.
XVIII საუკუნის შუა წლებისათვის ეკლესია ძალზედ უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყმა-მამულის უდიდესი ნაწილი საერო ფეოდალებს მიეტაცნათ, მრავალი მონასტერი და საეპისკოპოსო კათედრა გაუქმებულიყო. ოსმალეთი მაჰმადიანობას ავრცელებდა, ანგრევდნენ ეკლესიებს და მათ ადგილას მეჩეთებს აშენებდნენ[58].
მეფის ხელისუფლების ძლიერებისათვის ბრძოლაში ეკლესია დიდ როლს ასრულებდა. იგი იყო სარწმუნოების, ენისა და კულტურის შენარჩუნების ერთ-ერთი გარანტი და ბურჯი. შინაპოლიტიკურ ბრძოლაში იგი ძირითადად მეფის ხელისუფლების მხარეზე იდგა და თავადების გაძლიერების წინააღმდეგ გამოდიოდა, ებრძოდა მაჰმადიანობის დამკვიდრებას. კრძალავდა ადამიანებით ვაჭრობას.
1759 წლის 9 დეკემბერს, საეკლესიო კრებაზე მეფემ სხდომას დადგენილება მიაღებინა საქუთათლოს აღდგენისა და ქუთათელის დასმის შესახებ. ამავე დროს ქუთათელს, მანამდე მის ხელთ არსებული ყველა მამული დაუმტკიცა. მეფეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ეკლესიის გაძლიერება, ამიტომ საეკლესიო პოლიტიკა მან შემდეგი ღონისძიებებით განახორციელა:
- ერისკაცებისაგან მიტაცებული ყმა-მამული ეკლესიას დაუმტკიცა;
- საეკლესიო ყმები გაათავისუფლა ზედმეტი გადასახადებისაგან და საეკლესიო გადასახადები დააკანონა;
- საერო ფეოდალებს აუკრძალა ეკლესიის სამეურნეო საქმეებში ჩარევა;
- საეკლესიო თანამდებობიდან უღირსი პირები გადააყენა და მათ ადგილზე ღირსეული პირები მიიწვია;
- ააგო და აღადგინა ეკლესია-მონასტრები[43][50]
1759 წლის კრების დადგენილებებმა დასაბამი მისცა ახალ პერიოდს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში, აქედან იწყება თურქეთის აგრესიისაგან თავდახსნა და ფეოდალურ ურთიერთობათა მოწესრიგება. ამ კრებაზე აღდგენილ იქნა ხონის საეპისკოპოსო კათედრა[43].
საეკლესიო რეფორმის შემდეგ ეკლესია სათანადო სიმაღლეზე იდგა. მისი ავტორიტეტი და გავლენა აღდგენილ იქნა. ეკლესიის აღორძინების შემდეგ მეფემ დიდი მოკავშირე შეიძინა მისი სახით.
საეკლესიო კრებაზე მეფე სოლომონი დასავლეთ საქართველოში საერთო საქმეების ხელმძღვანელად გამოდიოდა. მთავრები და თავადები მას მორჩილებდნენ. იმერეთის თავადები შიშით უყურებდნენ მეფის ასეთ გაძლიერებას. განსაკუთრებით აქტიურობდა როსტომ რაჭის ერისთავი. მას ამის საფუძველიც ჰქონდა. აბაშიძის სახლის დამდაბლების შემდეგ ჯერი სწორედ მასზე იყო მიმდგარი. ამის პირველი ნიშანი კი მეფის მიერ ერისთავის მოქიშპე წულუკიძეების დაახლოება იყო[43].
ბრძოლა თურქებთან 1758-1768 წწ.
ხრესილთან ოსმალთა მარცხს და სოლომონ მეფის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის თურქეთის ხელისუფლება ვერ ურიგდებოდა. ახალციხის ფაშას ჰაჯი-აჰმედს სტამბოლიდან ბრძანება მოუვიდა იმერეთის სამეფოს დამორჩილების შესახებ. საბრძოლველად წამოსვლამდე ფაშამ სოლომონ მეფეს ხარკის გადახდა და ტყვეებით ვაჭრობის აღდგენა მოსთხოვა. ქვეყნის აოხრების თავიდან აცილების მიზნით სოლომონ მეფე პირველ პირობას დასთანხმდა, მეორეზე კი უარი შეუთვალა. ოსმალთა ჯარი ხუნძახის ბატონთან და ლეკებთან ერთად 1758 წელს იმერეთის დასალაშქრავად გადმოვიდა. მეფე მოუმზადებელი დახვდა. მტერმა ქვეყანა ააოხრა და გაძარცვა. მათ შორის გელათის მონასტერიც. სოლომონ მეფე იძულებული იყო ყველა წამოყენებულ პირობაზე დათანხმებულიყო. მტერი უკან გაბრუნდა, ხოლო ხარკის აკრეფა იმერეთის ციხეებში მდგარ თურქ მეციხოვნეებს დაავალეს. მათ მიერ ხარკის აკრეფა უფრო ძარცვას ჰგავდა, რის გამოც მოსახლეობამ ახალციხის ფაშას შესჩივლა. თავად სოლომონიც ეახლა ახალციხის ფაშას და იმერთა მეფეს სამი ათასი თურქი მებრძოლი გააყოლეს თვითნებურად მოქმედი თურქი მეციხოვნეების დასასჯელად. თუმცა ამ ჯარმა იმერეთამდე ვერ ჩააღწია, სოლომონ მეფემ ისინი გზაშივე გაანადგურა ფიცის კაცების ჯარით. ამ მარცხის გამო თურქეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჰაჯი-აჰმედი თანამდებობიდან გადააყენა და სიკვდილით დასაჯა[50].
1758 წელს ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებმა გორში თავდაცვითი კავშირის ხელშეკრულება დადეს, რაც მტრის შემოსევის დროს ურთიერთდახმარებას ითვალისწინებდა. ეს შეთანხმება რამდენიმე წლის მანძილზე სრულდებოდა და ქართლ-კახეთის მეფეებმა არაერთხელ აღმოუჩინეს დახმარება სოლომონ მეფეს თურქი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე დახმარებას უწევდა სოლომონ მეფე ერეკლე II-ს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ორჯერ 9-9 ათასი კაცი მიახმარა. მესამედ თავისი ძმა არჩილი გააგზავნა, ხოლო 1760 წელს სოლომონ მეფე ერეკლეს ეხმარებოდა განჯის აღებაში 15 000-იანი ჯარით. სამწუხაროდ მეფეებს ხშირად და აშკარად არ შეეძლოთ ერთმანეთის დახმარება, რადგან 1555 წლის ამასიის ზავი ჯერ კიდევ ძალაში იყო[59].
თურქეთის სულთანმა მუსტაფა III-მ (1757-1774 წწ.) ახლად დანიშნულ ჰასან-ფაშას (1758-1759 და 1761-1767 წწ.) დაავალა იმერეთის დამორჩილება. 1758 წელს მან ორჯერ ილაშქრა იმერეთში და ორჯერვე დამარცხდა[60].
1759 წელს ჰასან-ფაშა იბრაჰიმ-ფაშამ (1759-1761 წწ.) შეცვალა. მას იმერეთის მეფემ დედოფალი მარიამი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა. ფაშამ სანაცვლოდ ტყვეთა სყიდვის აღდგენა მოითხოვა. რაზეც უარი მიიღი და მოლაპარაკება ჩაიშალა[50]. 1760 წელს ოსმალებმა ხარკის დაკისრებისა და ტყვეთა სყიდვის აღდგენის მიზნით კვალავ შემოუტიეს. სოლომონ მეფე ამ ლაშქრობას მომზადებული დახვდა და მტერი სასტიკად დაამარცხა. ასევე დაამარცხა ოსმალები 1761 წლის ლაშქრობის დროს.
1763 წელს ახალციხის ფაშა 13 000-იანი ლაშქრით ორ ტალღად შემოიჭრა იმერეთში და წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ იანიჩარებსა და ქურთ მებრძოლებს შორის წამოჭრილი კონფლიქტით ისარგებლეს ქართველებმა და მუსრი გაავლეს მტერს. იმავე 1763 წელს თურქთა ლაშქარი კვლავ დაესხა მტერს, ამჯერადაც მათ მწარე მარცხი იწვნიეს. ამის შემდეგ თურქებმა აღმოსავლეთიდან სცადეს ზემო იმერეთში შეჭრა, მაგრამ ერეკლე II-მ მათ ამის უფლება არ მისცა[61].
თურქეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ნაცად ხერხს მიმართა. ძალით რომ ვერაფერს გახდა, ისევ სოლომონ მეფის მოწინააღმდეგეებთან გააბა კავშირი. ტახტის მაძიებელი მეფის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე ოსმალეთის სულთანს იმერეთის ტახტზე გამეფებას სთხოვდა და სამაგიეროდ „ტყვეთა სყიდვის“ აღდგენას აღუთქვამდა. ბუნებრივია, თურქეთისათვის ეს წინადადება მისაღები აღმოჩნდა. 1764 წელს ოსმალეთის მთავრობამ დიდი ლაშქრის შეყრის ბრძანება გასცა. 1765 წელს ჰასან-ფაშა დიდი ლაშქრით დასავლეთ საქართველოს დასარბევად გამოემართა და თან ტახტის პრეტენდენტი თეიმურაზი იახლა. სოლომონის მხარეზე დადგნენ დადიანი და გურიელი, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავი კვლავ თურქეთის მხარეზე აღმოჩნდა. ფაშა პირველად გურის შეესია მამია IV-მ მწვავე ბრძოლა გაუმართა, მაგრამ დამარცხდა. ფაშამ იგი განდევნა და მისი ძმა გიორგი V დასვა გურიელად. ამს შემდეგ ფაშა ოდიშში შევიდა. კაცია დადიანმა სამთავროს აოხრებისაგან გადარჩენის მიზნით მტრის წინაშე ქედი მოიხარა და ოსმალთა ჯარის სურსათით მომარაგება იკისრა. ეს წელი მომხდურმა ოდიშში გამოიზამთრა. სოლომონ მეფე იზოლირებული აღმოჩნდა[50].
1766 წელს ჰასან-ფაშა იმერეთს შეესია. მარტოდ დარჩენილი მეფის დამარცხება არ გაჭირვებიათ. ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ ფაშამ სვერის ციხე აიღო და იქიდან სოლომონ I განდევნა. ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. გამარჯვებული ჰასან-ფაშა ქუთაისში შევიდა და თეიმურაზი (1766-1768 წწ.) იმერეთის მეფედ გამოაცხადა. სოლომონ მეფემ თავი მოდინახეს ციხეს შეაფარა.
მიუხედავად გამარჯვებისა, თურქები ციხეებიდან გამოსვლას ვერ ბედავდნენ, რადგან დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა რიგები იზრდებოდა და ძლიერდებოდა. თვით თეიმურაზ მეფე თურქებთან გადასახლდა ქუთაისის ციხეში და გარეთ გამოსვლას ვერ ბედავდა. მოსახლეობის ქვედა ფენა მას მეფედ არ აღიარებდა.
1766 წელს ოსმალეთის მთავრობამ კვლავ იმერეთში ლაშქრობა ბრძანა, მაგრამ ლაშქრობის უსარგებლობაში დარწმუნდნენ და სოლომონთან ზავი ითხოვეს. სოლომონმა ოსმალებთან მოლაპარაკებაში შუამდგომლობა ერეკლე II-ს სთხოვა. საზავო მოლაპარაკებას ერეკლე მეფის ელჩთან ერთად სოლომონის ძმა, გენათელი იოსები ხელმძღვანელობდა. ელჩები 1766 წელს ჩავიდნენ სტამბოლში. ერეკლეს ელჩმა სულთანს მოახსენა, რომ სოლომონი მზად იყო ყოველწლიურად ხარკის ანგარიშში ეძლია მისთვის 60 ქალი, ხოლო სულთანი იმერეთის საშინაო საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო. ზავის დადება გაჭიანურდა, რადგან ტახტზე თეიმურაზი იჯდა და ხარკსაც თურქთა მოთხოვნილებისამებრ იხდიდა. ელჩობამ მიზანს ვერ მიაღწია — 1767 წელს ზავი დაიდო, რომლის პირობებით ძველი მოხარკეობა აღსდგა. თურქეთი არ ჩქარობდა სოლომონისათვის ტახტის დაბრუნებას[43].
1768 წელს სოლომონ მეფემ გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა მოწინააღმდეგეებს. ჩხარის მახლობლად ადგილ ცხრაწყაროსთან სოლომონ მეფემ ერთგული იმერლებით და დაქირავებული ლეკებით დაამარცხა თეიმურაზი და მისი მოკავშირე დადიანი, გურიელი და რაჭის ერისთავი[62]. ამ გამარჯვებით იმერეთის ტახტზე კვლავ სოლომონი ავიდა. თეიმურაზ ბატონიშვილი შეიპყრეს და მუხურის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც ცოცხალი აღარ გამოსულა[50]. ასევე დაპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს თეიმურაზის ძმა გიორგი ბატონიშვილი[45].
ტახტის დაბრუნების შემდეგ სოლომონ მეფეს თურქეთთან დადებული ზავის პირობები უკვე მიუღებლად მიაჩნდა და ხარკზე უარი განაცხადა. ოსმალეთმა მისი უარი ახალციხის ფაშის პირით შეიტყო, მაგრამ რაიმე საწინააღმდეგო ღონისძიებას ადგილი არ ქონია.
მიუხედავად იმისა, რომ იმერეთის ციხეებში კვლავ თურქები იდგნენ, სტამბოლი მაინც შეშფოთებული იყო იმერეთის სამეფოს მცდელობით კავშირი დაემყარებინა რუსეთთან. თუკი თურქეთი იმერეთს დაკარგავდა, მათ ხელიდან ეცლებოდათ შავ ზღვაზე და კავკასიაში ბატონობის ერთ-ერთი დასაყრდენი. ამიტომ სულთანი იძულებული იყო სოლომონისათვის დაეთმო. ასევე მხედველობაშია მისაღები ის, რომ ახლოვდებოდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი და პორტასაც კარგად ესმოდა ამ ომში იმერეთის მნიშვნელობა[43].
სულთანმა მუსტაფა III-მ 1768 წლის აგვისტოში სოლომონ მეფის მიმართ წყალობის ფირმანი გამოსცა, რომლის ძალითაც „ქრისტიან მეფეთა შორის სახელგანთქმული სოლომონი“ იმერეთის ტახტზე აღადგინა. ეს დაგვიანებული თანხმობა სოლომონ მეფის დიდი გამარჯვება იყო. ამ ფირმანის გამოცემამ დააჩქარა მაქსიმე ქუთათელის ელჩობა რუსეთში[53].
ათი წლის მანძილზე (1758-1768 წწ.) იმერეთის ხალხი სოლომონ მეფის ხელმძღვანელობით გმირულად ებრძოდა თურქ დამპყრობლებს და მათ დამხმარე თავადებს.
სოლომონ მეფე და როსტომ რაჭის ერისთავი
ისტორიულ წყაროებში რაჭის საერისთავო XI საუკუნეში მოიხსენიება, მაგრამ მისი დაარსების თარიღად ქართულ ისტორიოგრაფიაში X საუკუნეა მიღებული. რაჭის ერისთავები კახაბერიძეები იყვნენ, რომლებიც ბაღვაშთა გვარის წარმომადგენლებად ითვლებიან. XIII საუკუნის II ნახევარში დავით ნარინმა (1247-1293 წწ.) გააუქმა საერისთავო, რომელიც XIV საუკუნეში იმერეთის მეფეებმა კვლავ აღადგინეს. XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან რაჭის ერისთავები უკვე ჩხეტიძეები არიან. XVIII საუკუნის შუა წლებისათვის რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდათ 56 სოფელი, მათი ყმების რაოდენობა 1250 კომლით განისაზღვრებოდა. საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი წესი, კარის ეკლესია ბარაკონი, ხოლო საგვარეული ციხესიმაგრე მინდა ციხე[16].
იმერეთის სამეფო კარზე რაჭის ერისთავები დიდი პატივით სარგებლობდნენ და იმერეთის მეფის მოკავშირეებიც იყვნენ, მაგრამ თავადურ გათიშულობას ერისთავები ალექსანდრე III-ის სიკვდილის (1660 წ.) შემდეგ იწყებენ: შოშიტა II (1661-1684 წწ.), პაპუნა II (1684-1696 წწ.), შოშიტა III (1696-1731 წწ.), გრიგოლ შოშიტას III-ის ძე (1732-1743 წწ.), ვახტანგ შოშიტა III-ის ძე (1743-1749 წწ.), როსტომ შოშიტა III-ის ძე (1749-1769 წწ.) ებრძვიან ხელისუფლებას და ამ ბრძოლაში მხარდამხარ უდგანან აბაშიძეს, დადიანს, გურიელს და სხვა თავადებსა და მთავრებს[16].
ფეოდალური შინაომების შედეგად იმერეთის მეფის ხელისუფლება ძალზედ დაკნინდა. ეს განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე გამოვლინდა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავები სხვა მთავრებთან ერთად თავიანთი სურვილის მიხედვით წყვეტენ თუ ვინ ავიდოდა იმერეთის მეფის ტახტზე. მათ წინააღმდეგ მრავალჯერ გაულაშქრია იმერეთის მეფეს, მაგრამ ამოდ. პაპუნასთან ბრძოლაში ალექსანდრე IV-მ ორჯერ დაკარგა სამეფო ტახტი. საბოლოოდ პაპუნამ და მისმა მომხრეებმა შეიპყრეს მეფე და რუისში მოაკვლევინეს. ერისთავმა და მისმა მომხრეებმა სამჯერ ჩამოაგდეს გიორგი V (1707-1720 წწ.) ტახტიდან. 1716 წელს აბაშიძემ, დადიანმა და რაჭის ერისთავმა იმერეთის სამეფო სამად გაიყვეს, ხოლო 1720 წელს მეფეც მოკლეს. არც გიორგის მემკვიდრეს ალექსანდრე V-ს ჰქონდა მოსვენება რაჭის ერისთავისაგან. იგი რამდენიმეჯერ გააძევეს იმერეთიდან[43].
არც როსტომ ერისთავი უდებდა ტოლს სოლომონ პირველს. გაძლიერებული ქვეშევრდომი მეფეს აშკარა ბრძოლას უცხადებდა. სამაგიეროდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეებთან. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი, რომ რუსეთის საიმპერატორო კარზე რაჭის ერისთავ როსტომს იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებელ სუბიექტად ცნობდნენ.
რაჭის ერისთავების განდიდებას გამოხატავდა მათი ტიტულატურა, რომელიც XVIII საუკუნეში გაჩნდა: „ლიხთ იმერისა და ამერის მთავარი და მსაჯული, მპყრობელი რაჭისა“ ან „ლიხთ იმერთა სარდალი... მპყრობელი რაჭისა“[63].
XVIII საუკუნის I ნახევარში ერისთავებმა წერეთლების კუთვნილი მდინარე ჯრუჭის ხეობა დაიკავა. ამ საქმეში სოლომონ მეფე ჩაერია, ჩამოართვა ხეობა ერისთავებს და ჯრუჭის მონასტერს შესწირა. მეფემ წერეთლების მხარე დაიკავა და ერისთავი გაანაწყენა. ერისთავმა სულ მალე მთელი რაჭა შემოიმტკიცა. მიიტაცა ჯაფარიძეების, იაშვილების, ყიფიანების, ლიპარიშვილების, გამრეკელიძეებისა და წულუკიძეების მამულები.
როსტომ ერისთავი აღმშენებლობით საქმიანობასაც ეწეოდა. 1753 წელს ააგო ბარაკონის ახალი ეკლესია, 1754 წელს — ველტყევის მონასტერი[64], 1755 წელს იერუსალიმში თავისი ხარჯით ააშენა დედათა მონასტერი, გარდა ამისა მრავალი დანგრეული ციხე და ეკლესია გაამაგრა და აღადგინა. ასეთი სწრაფი და გრანდიოზული მშენებლობა საქართველოს მეფეებსაც კი უჭირდათ[43]. გარდა ამისა, რაჭის ერისთავის კარი კულტურის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა.
მიხეილ თამარაშვილის ცნობით, როსტომმა, მისმა ძმამ ბესარიონ კათოლიკოსმა და შვილმა გიორგიმ 1751 წელს კათოლიკობა მიიღეს და ამ სარწმუნოებაზე დარჩნენ სიცოცხლის ბოლომდე[65].
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სოლომონ I გამეფდა 1752 წელს, მაგრამ იმერეთის ფეოდალებმა იგი მაშინევე ჩამოაგდეს ტახტიდან და იმერეთიდან გააძევეს. ამ აჯანყებაში რაჭის ერისთავის წვლილი მეფის დედასთან, პაპასთან და ბიძებთან ერთად განუზომელი იყო. მომდევნო წელს ოსმალთა ჯარის დახმარებით მეფე კვლავ იბრუნებს ტახტს და აჯანყების მონაწილეებს მკაცრად სჯის, მაგრამ დასჯას გადაურჩა მთავარი მონაწილე როსტომ რაჭის ერისთავი, რაც იმ პერიოდისათვის მეფის სისუსტის მანიშნებელი იყო.
მეფობის პირველ ხანებში სოლომონს ოსმალების გარეშე არ შეეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ იგი თანდათან ძლიერდებოდა. მასთან მოეყარათ თავი ერისთავის მიერ შევიწროებულ თავადებს და ხსნას მისგან ელოდნენ. ამ პერიოდში დადიანი მეფის მომხრე იყო, ხოლო როსტომს მხარს უჭერდა სოლომონის ბაბუა ლევან აბაშიძე (როსტომის და ლევან აბაშიძის მოკავშირეობა ალბათ ნათესაური კავშირითაც აიხსნებოდა ისინი დედით ძმები იყვნენ. შოშიტა III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე მეორედ გათხოვდა არგვეთის მფლობელზე)[43].
ტყვეთა სყიდვის აკრძალვა ოსმალეთს არ მოეწონა და ჯარი გამოაგზავნა იმერეთის სამეფოს ასაოხრებლად. 1757 წელს ხრესილის მინდორზე გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა ოსმალეთი და მისი მომხრეები. ლევან აბაშიძე ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო როსტომმა გაქცევით უშველა თავს. მიუხედავად ბრძოლაში გამარჯვებისა, იმერეთიდან აგრესორების განდევნამდე ჯერ კიდევ შორი იყო, ამიტომ მეფემ არჩია როსტომი შემოერიგებინა. როსტომიც ხედავდა მეფის გაძლიერებას და დაზავება არჩია. ერთხანს მათ შორის მშვიდობა დამყარდა[16]. ეს დაზავება მარტო მეფის პოლიტიკურ სისუსტეს არ ნიშნავდა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ამ დროს იმერეთის კათალიკოსად როსტომის ძმა ბესარიონი ზის. მეფე ანგარიშს უწევდა კათალიკოსის ავტორიტეტს და ერისთავის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა[43].
1757–1761 წლებში მეფესა და ერისთავს შორის უთანხმოება არ შეიმჩნევა. 1759 წლის საეკლესიო კრების დროს როსტომი პატივით მოიხსენიება, ხოლო 1760 წელს ქალაქ განჯის აღებისას მეფესთან ერთად, როსტომიც ეხმარება ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს. მაგრამ მშვიდობა დროებითი იყო. 1761 წელს ოსმალთა მორიგი ლაშქრობის დროს როსტომმა მეფის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. ამ დროიდან მოყოლებული როსტომი განუხრელად იბრძვის სოლომონ მეფის წინააღმდეგ. იგი ოსმალთა ლაშქრობების პერიოდში ან მათი მეგზურია ან მათი შემოსვლისთანავე მტრის მხარეზე დგება და მეფეს ებრძვის. მასთან ერთად იბრძვის ოდიშის მთავარი კაცია II დადიანი[16].
1765 წლამდე სოლომონ მეფე მტერს ყოველთვის ამარცხებდა მაგრამ როსტომ ერისთავი ყოველთვის დაუსჯელი რჩებოდა, რადგან საგარეო და საშინაო მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. აბაშიძის სახლის დამდაბლების შემდეგ ჯერი როსტომ რაჭის ერისთავზე მიდგა. ამის პირველი ნიშანი ის იყო, რომ მეფემ ერისთავის მოწინააღმდეგე რაჭის თავადები დაიახლოვა, ამავე დროს დამდაბლებული აბაშიძეების ნაცვლად წერეთლები და წულუკიძეები წამოსწია.
მეფის საპირისპიროდ ერისთავმა ძველ ფანდს მიმართა, მან თავისი სიძე, მეფის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე გადაიბირა და სოლომონის წინააღმდეგ აამხედრა. ამჯერად გაუმართლა ერისთავს. 1766 წელს თეიმურაზმა ორი წლით ტახტი წაართვა სოლომონს. მიუხედავად ტახტიდან სოლომონის გადაგდებისა ის მაინც შიშის ზარს სცემდა თეიმურაზსაც და მის მომხრე თავადებსაც. 1767 წელს სოლომონმა ლეკები დაიქირავა და რაჭას შეუსია. მანამდე მტრისაგან მიუწვდომელი რაჭა ლეკებმა აოხრეს.
ხრესილის ბრძოლიდან მოყოლებული სოლომონ მეფე თანდათან ძლიერდებოდა, როსტომ ერისთავმა მეფესთან შერიგება ამჯობინა. მეფური მოსაკითხი წინა დღეს გაუგზავნა, მეფემ მეორე დღეს ერისთავების ოჯახი სადარბაზოდ მიიწვია. როსტომ მეფემ იგრძნო რომ მეფე ხრესილის ომში ღალატს არ აპატიებდა და თავის დაძვრენა გადაწყვიტა. მეფეს ბარაკონში, ონში და ამბროლაურში მდებარე ციხე და სასახლეები გადასცა. მეფემ სამაგიეროდ მას ვეზირობა უბოძა, მის შვილს, გიორგის სარდლობა, ხოლო მეთოდეს — მდივანბეგობა. ერისთავმა მადლობა შესწირა მეფეს და სთხოვა მეციხოვნეები გაეტანებინა რაჭაში ციხეების ჩასაბარებლად. მეფე დასთანხმდა და ბასილა და კვირიკე იამანიძეები გააყოლა. ერისთავი რაჭაში წავიდა. თუმცა რაჭაში ჩასულმა როსტომმა ციხეების დათმობაზე მეფეს უარი შემოუთვალა. განაწყენებულმა მეფემ დარბაზის სხდომა მოიწვია, სადაც განიხილეს ეს საკითხი. დიდებულთა უმრავლესობამ დაცდა და შესაბამის მომენტში ერისთავის წინააღმდეგ ლაშქრობა გადაწყვიტეს[43].
ცხრაწყაროსთან გამარჯვების შემდეგ, ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლ მეფემ კარგად ესმოდა, რომ სათავადოების სისტემის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. უპირველეს ყოვლისა როსტომის დამორჩილება იყო საჭირო, მაგრამ ეს ადვილი საქმე არ ჩანდა. რაჭის დაპყრობის წინააღმდეგი იყო კაცია II დადიანი, რომელიც პირად საფრთხეს ხედავდა მეფის გაძლიერებაში და იცოდა რაჭის შემდეგ ჯერი ოდიშზე მიდგებოდა. ამ ბრძოლაში დადიანს გვერდით ედგა აფხაზეთის მთავარიც, ხოლო გურიაში ოსმალების მომხრე მთავარი იჯდა გურიელად.
1768 წელს, მეორედ გამეფებისთანავე, სოლომონ მეფე რაჭაში შეიჭრა დაქირავებული ლეკების თანხლებით, მაგრამ ერისთავი ხელში ვერ ჩაიგდო. ერისთავი დადიანთან გაიქცა. მეფემ ლეკთა რაზმებით რაჭის აოხრებას მოუხშირა, მაგრამ ერისთავის შეპყრობას ვერ ახერხებდა. ბოლოს დარწმუნდა, რომ ერისთავს ხელში ვერ ჩაიგდებდა და შერიგება არჩია[16].
სანამ მეფე და როსტომ ერისთავი დაზავდებოდნენ, როსტომმა ყველგან მოსინჯა ნაიდაგი მოკავშირეების მოსაძებნად. დადიანმა და როსტომმა კათალიკოსი ბესარიონი და ქაიხოსრო აბაშიძე მალულად გააგზავნეს ახალციხის ფაშასთან რათა ჯარი გამოეთხოვათ და ტახტიდან ჩამოეგდოთ სოლომონი. ამასობაში სოლომონმა დაღესტნიდან ლეკები ჩამოიყვანა და დალაშქრა რაჭა. ბესარიონ კათალიკოსი ფაშას აჩქარებდა. ამ დროს ახალციხეში ფარულად ჩავიდა მეფის ძმა იოსები, იგი მეფემ დასაზავებლად გამოაგზავნა, იმ პირობით თუ ბესარიონს დატყვევებულს გააყოლებდა იმერეთში. ამ დროს რუსეთ-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა და ახალციხის ფაშამ იმის შიშით, რომ რუსეთს არ მიმხრობოდა სოლომონს არ აწყენინა. კათალიკოსი ბესარიონი დაპატიმრა და ციხეში გამოამწყვდია[43].
კათალიკოსმა ბუხრის კედელი გაანგრია და თავი დააღწია პატიმრობას, მას იმერეთში მისასვლელი პირი არ ჰქონდა და თავი შეაფარა ოდიშს თავის დისშვილ, კაციას დადიანთან. 1769 წლის 10 მაისს მეფემ ბესარიონი გადააყენა და მის მაგივრად თავისი ძმა იოსები დანიშნა.
რაჭის ერისთავმა დახმარებისათვის ჯერ ყაბარდოს მთავარს, ხოლო შემდეგ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს მიმართა. მაგრამ ორივემ უარით გაისტუმრა. ერეკლე მეფის უარი განპირობებული იყო 1758 წლის სამოკავშირეო ხელშეკრულებით. როსტომი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მაინც გადარჩა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთ-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა, სოლომონ მეფე რუსეთის მხარეზე აპირებდა გამოსვლას. ამას დაემთხვა რუსეთის წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველოში, რომელმაც სოლომონ მეფე სამხედრო კავშირის დასადებად მიიწვია ერეკლე მეფესთან, რათა საქართველოს მეფეებს ომი გაეჩაღებინათ თურქეთის წინააღმდეგ. შექმნილ ვითარებაში შეუძლებელი იყო შინაომის გაჩაღება და როსტომის დასჯა, სოლომონ მეფემ ერისთავთან კვლავ ზავი დადო და მორჩილებაზე დააფიცა. ეს მოხდა 1769 წელის მაისში[5].
1769 წელს დაზავებიდან რამდენიმე თვეში, კარისკაცთა რჩევით მეფემ მოიხმო კათალიკოსი იოსები და დაავალა როსტომ ერისთავთან შუამავლობა მისი საბოლოო შემორიგების მიზნით. იოსებმა შუამავლობა იკისრა და ბარაკონში გაემგზავრა. ბარაკონში, მეფური პატივით მიღებულმა ერისთავს შერიგება აღუთქვა და ბარძიმზე დაიფიცა. მეფის უღალატობაში დარწმუნებული ერისთავი თავისი შვიდი ვაჟიშვილით მეფესთან გაემგზავრა ვარციხეში. სიფრთხილის გამო საკმაო რაოდენობის ჯარი იახლა. მეფე დიდი ჯარით მიეგება. ზეიმით მიიწვიეს ვარციხეს, სადაც ლხინი 20 დღე გაგრძელდა. ერისთავი კურდღლებზე ნადირობის ტრფიალი იყო, მეფემ გეგუთში იაშვილის მამულში ნადირობა შესთავაზა. ნადირობისათვის მდინარე რიონზე უნდა გადასულიყვნენ, ჯერ მეფე გადავიდა, შემდეგ როსტომი თავისი შვიდი შვილით და რვა აზნაურით. ერისთავის ჯარის რაიონსგაღმა გადაყვანა წინასწარ გაგზავნილმა პაპუნა წერეთელმა დააყოვნა. იაშვილების მამულში ერისთავებს რამდენიმე კაცი მიეგება ვითომდა პატივისცემის ნიშნად, მაგრამ დამხდურები უკან მოექცნენ სტუმრებს და მოულოდნელად ხელფეხშეკრული ერისთავები ეზოში დაყარეს. მეფის ბრძანების თანახმად მამა-შვილებს თვალები დასთხარეს. ასე სასტიკად დასაჯა სოლომონ მეფემ როსტომ რაჭის ერისთავი. მეფემ რაჭის საერისთავო გააუქმა, მიწების უდიდესი ნაწილი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, ციხეებში თავისი ხალხი ჩააყენა, ხოლო ნაწილი სოფლებისა თავის ძმას — იოსებს გადასცა. მეფემ რაჭიდან გამოდევნილ ძმებ წულუკიძეებს მამა-პაპური სამკვიდრებელი დაუბრუნა. ასევე წილი დაუდო წერეთლებს, რომლებიც მეფეს დიდ დახმარებას უწევდნენ ერისთავის დახმარებაში[43].
სოლომონ მეფემ ორი დიდი სათავადო გააუქმა (აბაშიძეებისა და ერისთავის) და მათ ადგილზე ისევ ორი, მაგრამ ბევრად განსხვავებული სათავადო (წულუკიძეების და წერეთლების) შექმნა. 17-წლიანი ბრძოლა, რომელიც ხან ფარულად და ხან აშკარად მიმდინარეობდა მეფესა და ერისთავს შორის, სოლომონ მეფის გამარჯვებით დასრულდა.
რაჭის საერისთავოს გაუქმებამ დააფრთხო დადიანი, რომელსაც იგივე მოლოდინი ჰქონდა ოდიშის სამთავროს მიმართაც. ამის გამო დადიანი მკვეთრად დაუპირისპირდა სოლომონ მეფეს. კაცია დადიანი კვლავ ძველ გზას დაადგა და იბრძოდა ოდიშის სამთავროს დამოუკიდებლობისათვის. ორივე მოწინააღმდეგე ცდილობდა ამ შინაფეოდალურ ბრძოლაში თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა გარეშე მტრები ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიები.
მეფე-მთავარს შორის ურთიერთობა ისე გამწვავდა. რომ კაცია დადიანმა ოდიში ეკლესიურადაც ცალკე გამოყო. ბესარიონი, რომელიც სოლომონმა იმერეთის კათალიკოსობიდან 1769 წელს გადააყენა, ოდიშში გაიხიზნა. კაცია დადიანმა იგი ოდიშის კათალიკოსად დანიშნა. დასავლეთ საქართველოში ორი კათალიკოსი იჯდა. იმერეთში მეფის ძმა იოსები და ოდიშში როსტომ ერისთავის ძმა ბესარიონი. მაგრამ ორხელისუფლებიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1773 წელს ბესარიონი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ოდიშში კათალიკოსი არ აურჩევიათ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ერთ ხანს დადიანმა თურქეთსაც შეაქცია ზურგი და რუსეთთან დიპლომატიური კავშირების დამყარება სცადა. 1773 წელს დადიანი არ შეუერთდა სოლომონისა და ერეკლეს სამეგობრო ხელშეკრულებას, მაგრამ საბოლოოდ იმერთა მეფემ მაინც გატეხა დადიანის წინააღმდეგობა და 1776 წელს მორიგების საფუძველზე იგი სოლომონს დამორჩილდა[43].
სასტიკი სასჯელის შემდეგ ერისთავის შვიდი შვილიდან ოთხი ცოცხალი დარჩა და სტამბოლში გადაიხვეწნენ. როსტომი 1770 წელს გამოუშვეს ციხიდან და 1790 წლამდე იცოცხლა[43].
მეთოდე ერისთავმა რომელსაც მხედველობა დაუბრუნდა, ოსმალთა და ლეკთა ჯარით ორჯერ ილაშქრა იმერეთში (1772 და 1774 წწ.) სოლომონ მეფის ტახტიდან ჩამოგდების მიზნით, მაგრამ ორივეჯერ ჩხერთან დამარცხდა, ტყვედ ჩაუვარდა სოლომონს და მას ისევ დასთხარეს თვალები, რის შემდეგაც იმერეთიდან გააძევეს. თვალებდამწვარი მეთოდე ერეკლე მეფემ შეიფარა, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთში დაბრუნდა სოლომონ II-მ მას ბარაკონი დაუბრუნა. როსტომის მეორე ვაჟი გიორგი, რომელიც 1769 წელს ცალი თვალით დაბრმავდა, ოსმალეთის სულთნის სამსახურში იყო ქიორბეის სახელით. 1784 წელს სოლომონის გარდაცვალების შემდეგ სულთანმა აბდულჰამიდ I-მა (1774-1789 წწ.) იგი იმერეთში გამოგზავნა გასამეფებლად, მაგრამ როდესაც მან გაიგო ტახტზე თავისი ცოლის, ელენეს, ძმის დავითის ტახტზე ასვლის ამბავი, უკან გატრიალდა[43].
როგორც კი დავით II ტახტზე ავიდა სოლომონის მიერ გაუქმებული რაჭის საერისთავო აღადგინდა და იგი როსტომის შვილიშვილებს, თავის დისშვილებს, ანტონსა და ლევანს უწყალობა. ერისთავობა ანტონს ერგო, მაგრამ იგი სუსტი მმართველი აღმოჩნდა, ამიტომ დავით მეფემ ოსმალეთში მყოფი სიძე დააბრუნა და ერისთავობა ახლა მას ჩააბარა. გიორგის დიდხანს აღარ უცოცხლია, იგი ოსებთან შეტაკებისას დაიღუპა გლოლაში 1787 წელს. გიორგის სიკვდილის შემდეგ ერისთავად ისევ ანტონი დაჯდა. სოლომონ II-მ ანტონის ერისთავობა, როგორც დავით II-ის ნათესავისა, აღარ ინდომა და მას სხვა მამულები უბოძა[5].
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774) და იმერეთის სამეფო
სოლომონ მეფე მუდმივად ცდილობდა ესარგებლა თურქეთში შექმნილი რთული ვითარებით და მოეძებნა ძლიერი მოკავშირე, რათა თავი დაეცვა თურქეთის აგრესიისაგან. იმერეთის მეფეს, მიუხედავად არაერთგზის იმედის გაცრუებისა, ორიენტაცია ისევდაისევ რუსეთისაკენ ჰქონდა აღებული, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიწევდა კავკასიისაკენ და ოდესმე აუცილებლად გადაკვეთდა თურქეთის ინტერესებს.
XVIII საუკუნეში შესამჩნევად დასუსტებული ოსმალეთის იმპერია თვალს ადევნებდა რუსეთის პოლიტიკას კავკასიაში. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარება ძალზედ აშფოთებდა ოსმალეთის ხელისუფლებას. ამიტომ სოლომონ მეფის მიმართ პორტა დათმობებზე მიდიოდა.
ძლიერი მოკავშირის ძებნის მიზნით 1768 წელს რუსეთში კვლავ გაიგზავნა საგანგებო უფლებით აღჭურვილი ელჩი მაქსიმე ქუთათელი, ამ ელჩობაზე სოლომონი ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ 4 ოქტომბრისათვის ყიზლარში ჩასულ მაქსიმე ქუთათელს კომენდანტი მოსკოვში წასვლის ნებას არ აძლევდა, რადგან იცოდა, რომ რუსეთის მთავრობა ერიდებოდა საქართველოსთან ოფიციალურ ურთიერთობას თურქეთის გაღიზიანების შიშით.
რუსეთი რომელიც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამეფო-სამთავროებს, ახლა დაინტერესდა საქართველოთი, რადგან 1768 წელს სამხედრო საგარეო კოლეგიაზე თურქეთთან ომის დაწყება გადაწყდა და საგანგებო მოხსენება მომზადდა იმასთან დაკავშირებით რამდენად სასარგებლო იქნებოდა თურქეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს პოლიტიკური ერთეულების ჩაბმა.
თურქეთთან ომის სამზადისში იმერეთის ელჩის გამოჩენა ფრიად სასურველი იყო რუსეთის იმპერიის მესვეურთათვის. ყიზლარის კომენდანტმა ბრძანება მიიღო სასწრაფოდ გაეგზავნათ ელჩი დედაქალაქში[53].
1769 წელს პეტერბურგს ჩასულმა იმერეთის ელჩმა მაქსიმე ქუთათელმა დაარწმუნა რუსეთის მესვეურნი საქართველოში ჯარის გამოგზავნის სარგებლობაში და დაითანხმა ისინი იმერეთში სამხედრო ძალის გამოგზავნაზე. 27 მარტს ეკატერინე II-მ ხელი მოაწერა იმერეთში სამი ასეულისაგან შემდგარი ჯარისა და არტილერიის სამი ქვემეხის გამოგზავნის ბრძანებას. კორპუსის უფროსად დაინიშნა გენერალი ტოტლებენი, ხოლო რწმუნებულად ანტონ მოურავოვი (ვახტანგ VI-ის დროს რუსეთში გადასახლებული თარხან-მოურავების შთამომავალი). მას დავალებული ჰქონდა საქართველოს მეფე-მთავრების გაერთიანება და ერთიანი ძალით თურქეთში შეჭრა.
რუსეთის სამეფო კარმა კარგად იცოდა, რომ სოლომონ მეფე საკუთარი ძალებით კავკასიის ფრონტზე წარმატებას ვერ მიაღწევდა თუ მას ქართლ-კახეთის მეფე არ დაეხმარებოდა. ამავე დროს ეკატერინე II დაინტერესებული იყო კავკასიის ფრონტის გახსნით და ტოტლებენის თხოვნით დამატებით 3700 კაცი გამოაგზავნა[66]. თან საიდუმლო დავალება ჰქონდა ტოტლებენს, ქართველ მეფეებს რუსის ჯარი საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოეყენებინათ.
ერეკლე მეფესთან მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ ტოტლებენი იმერეთში დაბრუნდა და სოლომონ მეფეს განუცხადა, რომ მას დავალებული აქვს იმერეთის ციხეებიდან თურქთა განდევნა და მეფისათვის ქვეშევრდომების დამორჩილება, ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებდა სოლომონს ოჯახით რუსეთში წაიყვანდა[66].
საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლამ კავკასიის მაჰმადიანობა შეაშფოთა. ახალციხის ფაშა ნემანმა ერეკლეს ელჩი გაუგზავნა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა ითხოვა.
1769 წლის 3 ოქტომბერს რუსეთ-იმერეთის ერთიანი ჯარი შორაპნის ციხეს მიადგა, სადაც 25 თურქი მეციხოვნე იყო გამაგრებული. ტოტლებენმა ციხის უბრძოლველად გადაცემაზე უარი მიიღო. ამავდროულად ფაშამ დადიანი და შერვაშიძე წააქეზა და იმერეთს შეეუსია. სოლომონ მეფემ იმერეთის ლაშქარი მოხსნა ციხის ალყიდან და მტერს შეეგება. მეფემ დაამარცხა დადიანი და შერვაშიძე და იმერეთიდან გარეკა. ტოტლებენმა ოთხდღიანი უშედეგო ალყის შემდეგ მოხსნა ალყა, ქართლში გადავიდა და ცხინვალში დაბანაკდა.
ტოტლებენის მიერ იმერეთის დატოვებით სოლომონ მეფე შეშფოთებული იყო. ამ საქმეში იგი ერეკლესაც სდებდა ბრალს, რადგან ერეკლე მეფე რუსეთის ჯარს ახალციხეში სალაშქროდ იწვევდა. სოლომონს ერეკლეს მიერ მესხეთის დაპყრობაც არ მოსწონდა, რადგან მესხეთს თავისად მიიჩნევდა. ერეკლეს მიზანი კი ჯერ ახალციხის დამორჩილება იყო, ხოლო შემდეგ იმერეთის გაწმენდა თურქული გარნიზონებისაგან. ერეკლეს გეგმა ტოტლებენისთვისაც მისაღები გახდა, მაგრამ რუსეთიდან დამხმარე ძალა არ ჩანდა. ამიტომ გენერალი თავად გაემგზავრა რუსეთში იქიდან ჯარის გადმოსაყვანად, რის გამოც 1769 წელს ლაშქრობა ახალციხეზე არ შედგა.
1770 წლის დასაწყისში, დამხმარე რაზმის მიღების შემდეგ ტოტლებენმა და ერეკლემ დაიწყეს მზადება ახალციხეზე სალაშქროდ. ლაშქრობას ორი მიზანი ჰქონდა: მტრისათვის ქართლზე თავდასხმის პლაცდარმის მოშლა და ქართული მიწა-წყლის შემოერთება[66]. ამ ლაშქრობის წარმატებით დასრულება იმერეთისთვისაც სასარგებლო იყო. ჯერ ერთი, იგი იმერეთზე თავდასხმის პლაცდარმს მოშლიდა, მეორეც, ახალციხის დაკავება ერეკლეს მიერ იმერეთის თავადებს გარედან დახმარების იმედს მოუსპობდა, მაგრამ სოლომონმა სწორად ვერ განსაჯა და ახალციხეში ლაშქრობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ერეკლე მეფემ სურამში ჩასული სოლომონ მეფის მრჩევლის ქაიხოსრო აბულაძისაგან შეიტყო.
ლაშქრობა მაინც შედგა. 1770 წლის 17 აპრილს აწყურის ციხესთან ტოტლებენის ღალატის მიუხედავად, 20 აპრილს, ასპინძის ბრძოლაში ერეკლე მეფემ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. თუმცა ახალციხისაკენ ლაშქრობაზე, ტოტლებენის ღალატის გამო, უარი თქვა[66].
რუსეთ-ოსმალეთის ომის ცენტრალურ ფრონტზე თურქეთი დამარცხების წინაშე დადგა, ამიტომ მან თავისი პროვინციებიდან უკანასკნელი რეზერვები გაიწვია, რის გამოც იმერეთშიც შემცირდა ციხესიმაგრეთა გარნიზონები. ხელსაყრელი დრო დადგა იმერეთის ციხეებიდან თურქების განსადევნად. 1770 წლის 15 მაისს მეფე სოლომონმა ცუცხვათის ციხე გაათავისუფლა[67]. შემდეგ ქუთაისში შეიჭრა, დაანგრია მეჩეთები, დახოცა მოლები, გააქრისტიანა მაჰმადიანები და ალყა შემარტყა ქუთაისის ციხეს. იმავე დროს მეფემ აიღო შორაპნის ციხე. სოლომონ მეფის ამ წარმატებების შემდეგ ტოტლებენი იმერეთში გადავიდა და ერთობლივი ძალით ბაღდათის ციხეს შემოარტყეს ალყა. 2 ივლისს თურქებმა ციხე ჩააბარეს. აქედან იმერელ-რუსთა ჯარი ქუთაისს მიადგა. ერთთვიანი ალყის შემდეგ ქუთაისის ციხეც ჩაბარდა. სოლმონმა ქუთაისის ციხეც დაანგრევინა ტოტლებენს. ოსმალები იმერეთიდან სრულიად განიდევნენ, სოლომონ მეფის ბრძანებით ყველა აღებული ციხესიმაგრე დაანგრიეს, რადგან მომავალში მტერს ფეხი არ მოემაგრებინათ[66].
ციხესიმაგრეების დაბრუნების შემდეგ სოლომონმა გადაწყვიტა დასავლეთ-საქართველოს გაერთიანება, რადგან შესაძლო იყო შინაფეოდალური აშლილობით კვლავ ესარგებლა ოსმალეთს. უპირველეს ყოვლისა დადიანისა და გურიელის დამორჩილება იყო საჭირო. იგი შეუდგა სამზადისს, მაგრამ აქ წააწყდა რუსეთის წინააღდეგობას. სოლომონ მეფეს კანცლერმა პანინმა მოახსენა, რომ რუსეთის მიზანია მთელი საქართველოს გამოსვლა ომში თურქებზე გამარჯვებისათვის, ამიტომ იგი არ სცნობდა იმერეთის მეფის ბრძოლას სამთავროების შემოერთებისათვის. მაშინ იმერთა მეფემ ტოტლებენს წინადადება მისცა შავი ზღვის სანაპიროზე ელაშქრა, რაზედაც უარი მიიღო. სოლომონს შემომწყრალი ტოტლებენი მის მტერს, დადიანს დაუახლოვდა და მისი მოკავშირეობით ილაშქრა შავი ზღვის სანაპიროსკენ. მათი მიახლოებისთანავე ანაკლიისა და რუხის ციხეებიდან თურქები გაიქცნენ. 1770 წლის 3 ოქტომბერს კი ტოტლებენი ფოთისაკენ დაიძრა და ალყა შემოარტყა. გენერალმა ფოთის ციხე ვერ აიღო. ბათუმიდან თურქების დასახმარებლად წამოსულ ჯარს მეფემ გზა გადაუჭრა გურიაში, დაამარცხა და უკან განდევნა, რუსეთის მოუმზადებელი რაზმი განადგურებას გადაარჩინა და ამასთანავე გადააყენა თურქული ორიენტაციის გიორგი V გურიელი და კვლავ მისი ძმა მამია IV გურიელი გაამთავრა[5].
იმერეთიდან თურქების განდევნამ დააფრთხო კაცია დადიანი. მან გამოიყენა სოლომონისა და ტოტლებენის უთანხმოება და რუსეთის მხარეზე დადგა იმ მიზნით, რომ რუსეთს დაეცვა მისი დამოუკიდებლობა იმერეთის მეფისაგან. დადიანი რუსეთს შავი ზღვის სანაპიროზე ლაშქრობაში დახმარებას პირდებოდა. სოლომონმა თავის ელჩს კვინიხიძეს დაავალა, რომ არ დაეშვა რუსეთთან დადიანის მიმოწერა და გამეოთხოვა სოლომონის პრეტენზიები ოდიშზე და ლეჩხუმზე. რუსეთის მთავრობა ამ მოთხოვნას უკმაყოფილებით შეხვდა. მან კავშირი დაამყარა დადიანთან. ტოტლებენმა ფიციც კი დაადებინა დადიანს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ამ გამთიშველი პოლიტიკის შედეგად ვერ მოხერხდა ერთიანი სამხედრო ოპერაციების წარმოება ოსმალეთის წინააღმდეგ. სწორედ ამის გამო რუსეთის ხელისუფლება სოლომონისა და დადიანის შერიგებას ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა. სოლომონი მტკიცე უარზე იდგა და რუსეთს არწმუნებდა, რომ დადიანს ძველებური მორჩილება უნდა გამოეჩინა მეფისადმი. თავის მხრივ თავის სიმართლეში რუსეთის მეფის დარწმუნებას ცდილობდა კაცია დადიანიც[68]. ამ პერიოდში იმერეთის მეფემ ლეჩხუმში ილაშქრა. დეხვირისა და ჭყვიშის ციხეების ხელში ჩაგდება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
გენერალ ტოტლებენის გაწვევის შემდეგ საქართველოში მის შემცვლელად 1771 წელს ჩამოდის გენერალი ალექსი სუხოტინი, რომელიც 13 მაისს უკვე ქუთაისშია. უპირველეს ყოვლისა სუხოტინმა დასავლეთი საქართველოს მეფე-მთავრები დროებით მოარიგა, იმავე წლის 15 ივნისს ქართველი მეფე-მთავრები ხელთუბანში შეკრიბა და თათბირი გამართა, თუ როგორი გეგმით უნდა ემოქმედათ იმ წელს თურქეთის წინააღმდეგ: ფოთის ციხეს ალყას სუხოტინი შემოარტყამდა, ქართველ მეფე-მთავრებს კი რუსის ჯარი ზურგიდან უნდა დაეცვათ. ერეკლე მეფეს ლეკებისაგან დაცვა ევალებოდა და ჯარის უდიდესი ნაწილით ახალციხეში უნდა გაელაშქრა, ასეთ პირობებში თურქები ვერ შეძლებდნენ ფოთის ციხის მეციხოვნეების დახმარებას. სოლომონს ევალებოდა 6000 ჯარისკაცით ახალციხიდან იმერეთში გადამავალი გზების გამაგრება. გურიელს ტრაპიზონიდან მომავალი ზღვის პირა გზების დაცვა დაევალა. დადიანს უნდა დაეცვა რუსეთის ჯარი აფხაზეთის მხრიდან და უზრუნველეყო ქუთაისისაკენ მომავალი გზის უსაფრთხოება[69].
გეგმის გაცნობის შემდეგ საქართველოს მესვეურები ერთსულოვნებას არ იჩენდნენ. აშკარა იყო, რომ სუხოტინი მათთვის სასარგებლო გეგმას არ სახავდა. ერეკლე მეფე ფოთზე გალაშქრების წინააღმდეგი იყო და საბუთად აქაური ჰავის უარყოფით გავლენას ასახელებდა და ნაცვლად ფოთისა ახალციხეზე გალაშქრებას მოითხოვდა. სოლომონმა მხარი სუხოტინს დაუჭირა, რადგან ცდილობდა რუსეთის ჯარი ახალციხეზე სალაშქროდ არ გამეყენებინათ და წარმატების შემთხვევაში ეს მხარე ქართლ-კახეთისათვის არ შეეერთებინათ. ამით სოლომონმა ახალციხეზე ლაშქრობა აიცილა, ხოლო როდესაც სუხოტინი იმერეთში გადავიდა და ფოთზე სალაშქროდ გაემზადა, სოლომონმა აზრი შეიცვალა და ლაშქრობის წინააღმდეგ წავიდა.
შუა ზაფხულში სუხოტინი ფოთის ციხეს შემოადგა, მაგრამ ამაოდ. მას არ გააჩნდა საალყო ქვემეხები. ტოტლებენის მსგავსად სუხოტინმაც შეცდომა დაუშვა და ქართველი მეფეების რჩევა არ გაითვალისწინა. სუხოტინმა მარცხიანად დაიწყო ციხის აღება და წარუმატებლობა მთლიანად დადიანს დააბრალა. ოქტომბერში ალყა მოხსნა და ქუთაისში დაბრუნდა, თვით მასაც ციებ-ცხელება შეეყარა და ეკატერინე II-ს ორწლიანი შვებულება სთხოვა[70].
1771 წლის დეკემბერში სუხოტინის პატაკის საფუძველზე რუსეთის მთავრობამ რუსეთის ჯარი უკან გაიწვია. 1772 წლის 5 მაისს რუსეთის ჯარმმა ქუთაისიც დატოვა[66]. რუსეთის ჯარმა სოლომონის იმედები ვერ გაამართლა. მან ვერ დაიმორჩილა მთავრები და ვერ გააერთიანა დასავლეთ საქართველო. 1772 წელს რუსთა კორპუსის წასვლის შემდეგ იმერეთში კვლავ შფოთი დაიწყო, მეფესა და მის ძმებს შორის მტრობა ჩამოვარდა.
იოსებ კათალიკოსმა მეფეს მოსთხოვა ეკლესიის დამოუკიდებლობა და საერო ხელისუფლებაში წილის დადება. მეორე ძმამ არჩილმა მეფეს ციხეები და მამული მოსთხოვა. ძმების პრეტენზიებს მეფემ უარით უპასუხა. არჩილმა კავშირი გააბა ახალციხის ფაშასთან და დადიანთან და მათ სამსახური შესთავაზა სოლომონის წინააღმდეგ. ამ ამბის გამგებმა მეფემ ძმები ერთგულებაზე დააფიცა და პრეტენზიებზე უარი ათქმევინა.
ახალციხის ფაშა სულეიმანი (1767-1769 და 1770-1791 წწ.) ახალ სამზადისს აფხაზეთის მხრიდან იმერეთზე თავდასასხმელად, დადიანიც გადაიბირა, მაგრამ სოლომონმა დაასწრო და იმერეთის საზღვარზე დაბანაკებული მათი ჯარი დაამარცხა და ოდიშის სოფლები მოაოხრა. საპასუხოდ კაცია დადიანი რაჭაში შეიჭრა და მეფის კუთვნილი მამულები ააოხრა.
1772 წელს რუსეთ-თურქეთს შორის დროებითი ზავი დაიდო. ახალციხის საფაშოსა და ქართლ-კახეთს შორის მშვიდობა ჩამოვარდა. იმერეთს კი ფაშამ ლეკთა მარბიელი ჯარი მიუსია. სოლომონმა ლეკები დაამარცხა. ამის შემდეგ დროებითი ზავი იმერეთის სამეფოსთანაც შევიდა ძალაში[71].
რუსეთის ჯარის წასვლის შემდეგ საქართველოს მეფეებმა ტოტლებენის მზაკვრული ქმედებებით გამოწვეული მტრობა დაივიწყეს და 1758 წლის კავშირი განაახლეს. 1773 წლის ივლისის ბოლოს ერეკლე II და სოლომონ I ერთმანეთს შეხვდნენ და სამხედრო კავშირი დადეს. 1773 წლის ოქტომბერში ხელშეკრულების ძალით საქართველოს მეფეებმა ერთად გაილაშქრეს ჯავახეთში. იმერეთ-ქართლ-კახეთის 11-ათასიანი ჯარი გორში შეიკრიბა და თრიალეთიდან ჯავახეთში შეიჭრნენ[72]. გაერთიანებულმა ლაშქარმა ყარსსა და არტაანამდე ილაშქრა, მაგრამ იმერთა მეფის ავად გახდომის გამო შემდგომი წინსვლა შეუძლებელი გახდა და უკან დაბრუნდნენ[73].
ჯავახეთის ლაშქრობის საპასუხოდ ახალციხის ფაშამ 4-ათასიანი ჯარი იმერეთის ასაოხრებლად გააგზავნა. სამეგრელოს მთავართან შეთანხმების მიხედვით მათ ორი მხრიდან უნდა შეეტიათ იმერეთისათვის. ვახანის ციხის მფლობელმა აბაშიძეებმა მეფეს უღალატეს და მტერს გზა მისცეს. დადიანიც მოადგა იმერეთის საზღვარს. სოლომონმა დახმარება ერეკლე II-ს სთხოვა. მეფემ არ დააყოვნა და 2000 კაცი მიაშველა, დადიანი კი აიძულა უკან გაბრუნებულიყო. თურქები მიხვდნენ, რომ ხაფანგში გაებნენ და უკან დახევა დაიწყეს, მაგრამ სოლომონ მეფემ უკანდასახევი გზა მოუჭრა, მიიმწყვდია მდინარე ჩხერიმელის ხეობაში და 1774 წლის 6 თებერვალს სასტიკად დაამარცხა. დატყვევებულ იქნა ლეკთა ცნობილი ბელადი რაჯაბი, ქართლ-კახეთის არაერთგზის დამრბევი, რომელიც სოლომონ მეფემ ერეკლეს გაუგზავნა საჩუქრად[74].
ჩხერიმელის ხეობაში გამართული ბრძოლის შემდეგ სოლომონისათვის აშკარა გახდა, რომ თურქეთისაგან თავს ასე ვერ დაიძვრენდა, ამიტომ 1774 წლის ნოემბერში საგანგებო ელჩობა გაგზავნა დავით კვინიხიძის მეთაურობით და ეკატერინე II-ს ოფიციალური თხოვნით მიმართა მფარველობაში მიეღო. მაგრამ ამ დროს ომი უკვე დასრულებული და ზავი დადებული იყო, იმერეთს თხოვნაზე უარით უპასუხეს.
რუსეთ-ოსმალეთის ომი დასრულდა ქუჩუქ-კაინარჯის ზავით, რომელიც დაიდო 1774 წლის 10 ივლისს ქუჩუქ-კაინარჯში. ხელშეკრულების 23-ე მუხლი დასავლეთ საქართველოს ეხებოდა: დასავლეთ საქართველო კვლავ ოსმალეთის ქვეშევრდომად რჩებოდა, მაგრამ ოსმალეთს აღარ უნდა მოეთხოვა ტყვე ადამიანები ან სხვა ხარკი; სულთნის კარი ვალდებულებას იღებდა არ შეევიწროვებინა საქართველოში სარწმუნოება და არ დაესაჯა ქართველები მათ წინააღმდეგ ომში მონაწილეობისათვის. ბაღდათის, შორაპნისა და ქუთაისის ციხეებიც კვლავ პორტას გადაეცა, თუმცა ოსმალეთმა სოლომონ მეფის ბრძანებით ადრევე დანგრეული ციხესიმაგრეები ვეღარ გამოიყენა. ომით დაუძლურებულს კი მისი აღდგენის თავი აღარ ჰქონდა. ამრიგად, რუსეთი ამიერიდან ოფიციალურად გამოდიოდა საქართველოს ინტერესების დამცველად ამიერკავკასიაში და მის ამ უფლებას ოსმალეთიც ცნობდა.[75].
იმერეთის სამეფო 1774-1784 წლებში
იმერეთიდან რუსეთის ჯარის ნაწილების წასვლის შემდეგ სოლომონ მეფემ მტკიცედ გადაწყვიტა გურიელისა და დადიანის დამორჩილება. არამყარი პოლიტიკური ორიენტაციის გურიელი რამდენიმეჯერ დალაშქრა იმერთა მეფემ. 1775 წელს ორჯერ შეესია გურიას და მამია გურიელის წინააღმდეგობა გატეხა. 1776 წელს კი გურიელის მოკავშირეობით ოდიშში შეიჭრა, რამდენიმე ციხე აიღო, თავისი ცოლისძმა კაცია დადიანი აიძულა ქედი მოეხარა მეფის წინაშე, შერიგებოდა მას და მეფის უზენაესობა ეცნო. კაცია დადიანის განკარგულებითვე ოდიშის საეკლესიო ხელისუფალნი იმერეთის კათალიკოსს დამორჩილდნენ. ამის შემდეგ დადიანი და გურიელი მეფის მხარეს იდგნენ, თუმცა დროდადრო მათ კავშირს უმნიშვნელო ბზარებიც შეეპარებოდა ხოლმე[76].
მთავრების დამორჩილებითა და ეკლესიის ერთიანობის აღდგენის შედეგად იმერეთის სამეფო შესამჩნევად გაძლიერდა, რამაც ოსმალეთი აიძულა შეეცვალა სოლომონ მეფესთან დიპლომატიური ურთიერთობის ხასიათი. 1776 წლის ოქტომბერში იმერეთის მეფეს ოსმალეთის ელჩობამ ძვირფასი საჩუქრები მიართვა, რაც იშვიათი მოვლენა იყო.
1778 წელს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო იმერეთის ფეოდალების გარკვეულმა ნაწილმა, მეფის წინააღმდეგ აამხედრა ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი. შეთქმულების ორგანიზატორები იყვნენ სახლთუხუცესი დავით აბაშიძე და მოურავი თამაზა მესხი. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ მერაბ ნიჟარაძე, ევგენი აბაშიძე, სვიმონ მიქელაძე და ალექსანდრე უფლისწულის მამიდაშვილები: ბეჟან, ვახტანგ, გიორგი, დოსითეოს და ქველი წერეთლები. შეთქმულებას თანაუგრძნობდა მეფის ბიძაშვილი დავით გიორგი VII-ის ძე. აჯანყებულებმა დაიკავეს ლომსიანთ-ხევი, ჩხერის ციხე და მთელი ზემო მხარე გარდა პაპუნა და ზურაბ წერეთლების სამკვიდრებელისა. მეციხოვნეებისა და ყმა-გლეხობის მეფის მხარეზე გამოსვლის გამო მეამბოხეებმა მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს. კვარას ციხე რაჭველმა გლეხებმა, მაჭარაშვილებმა არ დაანებს. სოლომონ მეფემ წერეთლებისა და წულუკიძეების დახმარებით აჯანყებულები სასტიკად დაამარცხა და მკაცრდ დასაჯა: დავით აბაშიძე თანამდებობიდან გადააყენა და ეს სახელო ზურაბ წერეთელს გადასცა, ჩამოართვა ყმა-მამული და იმერეთიდან გააძევა. მერაბ ნიჟარაძეს ჯერ მამულები ჩამოართვა მერე დააბრმავა. შეთქმული წერეთლები თავის სამკვიდროდან აჰყარა. თავის ძეს, ალექსანდრეს გაჰყარა ევგენი აბაშიძის ასული, რომელიც მას შეთქმულებმა შერთეს და მას ბერი წულუკიძის ასული დარეჯანი მისცა ცოლად, დავით გიორგის ძე იმერეთიდან გააძევეს. ალექსანდრე ბატონიშვილმა კი ერეკლე II-სთან შეაფარა თავი და შემდეგ სთხოვა მას შეერიგებინა მეფე-მამასთან. იგი 1780 წელს გარდაიცვალა და მწვავედ დადგა იმერეთის მეფის მემკვიდრეობის საკითხი[77].
1779 წლის ბოლოს ოსმალებმა დაიწყეს სამზადისი, რათა იმერეთისათვის აფხაზეთის მხრიდან შეეტიათ. მათ აფიქრებდათ სამეგრელოს სამთავროს სოლომონისადმი დამორჩილება, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებდა იმერეთის მეფეს. ოსმალებმა აფხაზეთში თავი მოუყარეს ჯიქების, ალანების, ჩერქეზებისა და სხვა მთიელების ლაშქარს, ჩართეს ყირიმელი თათრებიც და სამეგრელოს დაპყრობას შეეცადნენ. სოლომონი იმერეთ-გურიის ერთიანი ლაშქრით გაემართა დადიანის დასახმარებლად. ბრძოლა გაიმართა რუხთან 1779 წლის ბოლოს[5], ან 1780 წლის დასაწყისში[78] ქართველთა ლაშქარმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. რუხის ბრძოლამ მეგობრული ურთიერთობა დაამყარა მეფე-მთავრებს შორის. დიადიანმა აღიარა იმერეთის მეფის უზენაესობა, რის შედეგადაც კიდევ უფრო განმტკიცდა საშინაო მშვიდობა.
ამის შემდეგ ოსმალეთი იმერეთს აჭარისა და გურიის მხრიდან დაემუქრა. აქ მან ციხეების გამაგრება და ჯარის თავმოყრა დაიწყო. 1784 წელს, ახლი წლის გამთენიისას, თურქების დავალებით გურიაში, სოფელ აკეთში შემოიჭრა აჭარის ბეგი აბდულა ხიმშიაშვილი. მამუკა თავდგირიძის სარდლობით გურულებმა სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი. თვით აბდულა ბეგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ამ შემოსევის საპასუხოდ და ქვემო გურიის გასათავისუფლებლად მეფე სოლომონმა იმერეთ-გურიის ჯარით ბათუმისკენ ილაშქრა. თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, დადიანის ღალატის გამო, რომელმაც ფოთის ოსმალო ფაშას წინასწარ აცნობა იმერეთის მეფის ამ ლაშქრობის შესახებ, სოლომონმა მწარე მარცხი განიცადა. ოსმალო ფაშამ იმერეთ-გურიის ჯარის ზურგში, ციხისძირთან ჯარი გადასხა და უკან გამობრუნებულ სოლომონ მეფეს ე. წ. ნაჭიშკრევის ვიწრო გასასვლელებში დახვდა. მეფე და მისი ამალა დატყვევებას ძლივს გადაურჩა. ეს ბრძოლა მოხდა 1784 წლის 9 მარტს. ნაჭიშკრევთან დამარცხება მეფემ მძიმედ განიცადა და მცირე ხნის შემდეგ ამავე წლის 23 აპრილს, დღის ორ საათზე, ხონში გიორგობის დღესასწაულზე მიმავალი სოლომონი 49 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად გელათში დაკრძალეს. სოლომონ მეფის გარდაცვალების ცნობას ოსმალეთში სიხარულით შეხვდნენ. საქართველოში კი მან დიდი გლოვა გამოიწვია[79].
ბრძოლა ტახტისათვის
სოლომონ მეფეს ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც 1780 წელს გარდაიცვალა ჰყავდა ქორწინების გარეშე შობილი შვილი გიორგი, მაგრამ ის ტახტზე ვერ ავიდოდა. თავის სიცოცხლეშივე სოლომონ მეფემ მემკვიდრედ თავისი ძმისშვილი, არჩილისა და ერეკლე II-ის ასულის, ელენეს შვილი, დავითი აღიარა, მაგრამ იმერეთის დიდებულებმა სამეფო ტახტზე აიყვანეს არა დავით არჩილის ძე, არამედ სოლომონის ბიძაშვილი დავით გიორგის ძე (1784-1789 წწ.). ეს არჩევანი განპირობებული იყო დიდებულების შიშით არ გაძლიერებულიყო ქართლ-კახეთის გავლენა იმერეთის სამეფოში ერეკლე მეფის შვილიშვილის გამეფებით. ამას შეიძლება ამერ-იმერის გაერთიანების ცდა მოჰყოლოდა, რაც მათთვის ყოვლად მიუღებელი იყო. იმ ჯგუფის მეთაურები, რომლებმაც დავით II გაამეფეს იყვნენ ყველაზე გავლენიანი თავადები იმერეთში, პაპუნა წერეთელი (ახალი მეფის დის ქმარი) და ბოქაულთუხუცესი ბერი წულუკიძე. მათ მხარი დაუჭირა კაცია დადიანმა (ახალი მეფის მამიდაშვილი). დავით არჩილის ძე ამ დროს კახეთში, ერეკლე II-ის კარზე იმყოფებოდა აღსაზრდელად. მისმა მომხრეებმა თავი შეიკავეს აქტიური მოქმედებისაგან, რადგან მომავალი მეფე მცირეწლოვანი იყო და შესაძლოა მის გამეფებას ისევ არეულობა მოჰყოლოდა.
სოლომონ I-ის გარდაცვალების მეოთხე დღეს დიდებულებმა ახალ მეფეს ფიცი ჩამოართვეს, რომლის მიხედვითაც მეფე ივალებდა: ტყვის სყიდვის აკრძალვას, ერთგულ ქვეშევრდომთა პატივსა და მტრის დასჯას, გაძევებულ მოღალატეთა დევნას, ეკლესიის გაძლიერებას და რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას, რაც სოლომონ მეფის პოლიტიკის გაგრძელებას ნიშნავდა[80].
დავით II წინდახედული მმართველი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტახტი ერეკლეს შვილიშვილს წაართვა, რუსეთის მეშვეობით შეეცადა კარგი ურთიერთობა დაემყარებინა ქართლ-კახეთის სამეფოსთან. დავით არჩილის ძის მცირეწლოვნობამდე ერეკლე II დროებით შეურიგდა დავით II-ის გამეფებას. ბუნებრივია, ერეკლე მეფე დავით II-ს სოლომონის ანდერძის შესრულებას მოსთხოვდა. 1784 წლის მაისში ერეკლე მეფემ იმერეთის მეფეს მოსთხოვა დავით არჩილის ძისათვის დაებრუნებინა ყმა-მამულები იმერეთში. ვინაიდან დავით გიორგის ძემ გამეფებისთანავე რუსეთის მფარველობაში შესვლის სურვილი განაცხადა, რუსეთის მთავრობა თავისი წარმომადგენლის, ს. ბურნაშოვის მეშვეობით მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში. თანახმად ერეკლე მეფის მოთხოვნისა, იმერეთის მეფემ დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, ყმა-მამული მისცა და სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ტახტის დათმობა აღუთქვა[81].
იმერეთის სამეფოში სამოქალაქო აშლილობამ იჩინა თავი. ასეთ პირობებში მსხვილი თავადები ადვილად ახდენდნენ ზეგავლენას ახალ მეფეზე და ხელიდან სტაცებდნენ ყმა-მამულებს. პაპუნა წერეთელმა ონი დაისაკუთრა, ხოლო კაცია დადიანმა საჭილაო-სამიქელაო, რამაც იმერეთის სხვა ფეოდალების აღშფოთება გამოიწვია[82].
გართულდა იმერეთის საგარეო მდგომარეობაც. იმერეთის სამეფოს რუსეთთან დაკავშირებამ თურქეთი დააფრთხო. პორტა ცდილობდა იმერეთის ტახტზე მისთვის სასურველი მეფე დაესვა. თურქეთის მთავრობამ თავდაპირველად ორი პრეტენდენტი გამონახა როსტომ რაჭის ერისთავის ძე გიორგი, რომელიც ქიორ-ბეის სახელით ოსმალეთში მოღვაწეობდა და ქაიხოსრო აბაშიძე, ლევან აბაშიძის ძე, რომელიც სოლომონის გამეფებისთანავე სტამბოლში გაიქცა. საბოლოოდ მეფობის ფირმანი ქაიხოსრო აბაშიძემ მიიღო, რომელსაც ჯარი შეუგროვეს და იმერეთზე სალაშქროდ გაამზადეს. ქაიხოსრომ სცადა დადიანისა და გურიელის მომხრობა, მაგრამ მათ აბაშიძე მეფედ არ სცნეს[5].
თურქთა საფრთხემ რუსეთ-იმერეთის დაახლოება დააჩქარა. 1784 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში იმერეთის მეფემ პეტერბურგს ელჩობა გააგზავნა მაქსიმე კათალიკოსის, სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლისა და მდივანბეგ დავით კვინიხიძის შემადგენლობით. ელჩები რუსეთის მთავრობისაგან მოითხოვდნენ: დავით გიორგის ძის მეფედ აღიარებას, იმერეთის სამეფოს მფარველობაში მიღებას და თურქების წინააღმდეგ დახმარებას. რუსეთის მთავრობა კი, სანამ იმერელ ელჩებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა სტამბოლელი ელჩის მეშვეობით ცდილობდა თავიდან აეცილებინა თურქების იმერეთში შემოჭრა[83].
ოსმალეთის სულთანმა აბდულჰამიდ I-მა (1774-1789 წწ.) ყურადღება არ მიაქცია რუსეთის დიპლომატიურ დემარშებს და 1784 წლის 30 ოქტომბერს ქაიხოსრო აბაშიძე 6000-იანი ჯარით გურიაში შეიჭრა. მან ოზურგეთამდე მიაღწია, თუმცა მოსახლეობა გახიზნული დახვდა და ტყვეები ვერ ჩაიგდო ხელში. დავით II 4000-იანი ჯარით სასწრაფო დაიძრა გურიელის დასახმარებლად და საჯავახოში დადგა, აქედან მან დახმარება სთხოვა კავკასიის ხაზის სარდალს პოტიომკინს, მაგრამ უარი მიიღო. მეფემ ყალბი ხმები გაავრცელა, რომ მის დასახმარებლად რუსეთის ჯარის ნაწილები მოდიოდა. თურქები დაფრთხნენ და მთელი საბრძოლო აღჭურვილობა გურიაში დატოვეს. ქაიხოსრო აბაშიძე სტამბოლში გაიქცა. ამ ომში მეფის მხარეზე იდგნენ გიორგი გურიელი, კაცია დადიანი, მთელი იმერეთის ფეოდალები და გლეხობა.
1785 წლის 31 დეკემბერს რუსეთში მყოფი ქართველი ელჩები უკან გამოისტუმრეს. 1786 წლის ზამთარში ისინი მოსკოვში იყვნენ, გაზაფხულზე ასტრახანში ჩამოვიდნენ და ელოდნენ გრიგოლ პოტიომკინის პასუხს. პასუხი იგვიანებდა და 1787 წლის გაზაფხულზე ელჩები იმერეთში დაბრუნდნენ. მათ მოზდოკში დატოვეს მაქსიმე კათალიკოსი პოტიომკინთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად[53].
1787 წლის ივლისში დავით მეფემ ახალი ელჩი ბესარიონ გაბაშვილი გაგზავნა. დავით II იმერეთის სამეფოს კვლავ რუსეთის მფარველობაში მიღებას ითხოვდა. ბესარიონ გაბაშვილი უკრაინაში (კრემენჩუკში) დიდხანს გააჩერეს და 1789 წლამდე ვერ შეძლო პეტერბურგში ჩასვლა[84].
1787 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი. ახალმა გარემოებამ იმედი მისცა დავით მეფეს, რომ იმის მსგავს ტრაქტატს გააფორმებდა რუსეთთან, როგორიც 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფომ გააფორმა. შექმნილმა ვითარებამ იმერეთისათვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.
ამასობაში იმერეთში კიდევ ერთხელ ფეოდალური შინააშლილობა დაიწყო. 1788 წელს ოდიშის მთავარი კაცია დადიანი გარდაიცვალა და მთავრად გრიგოლ დადიანი დასვეს. დავით II-სათვის ეს კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა და განიზრახა ოდიშის დაპყრობა. კაციას გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე დავით მეფემ ოდიში დალაშქრა. გრიგოლ დადიანი ლეჩხუმში გაიქცა, ხოლო მთავრად მანუჩარ II დადიანი დასვეს. გრიგოლის მომხრეთა რიგებში აღმოჩნდა ტახტის პრეტენდენტი დავით არჩილის-ძე, რომელიც ხელსაყრელ მომენტს უცდიდა იმერეთის ტახტზე ასასვლელად. მიწვევის მიღებისთანავე დავით ბატონიშვილი ქართლიდან იმერეთში გადავიდა, შემდეგ მივიდა ლეჩხუმს, სადაც მას ცოლად შერთეს გრიგოლ დადიანის და მარიამი. მოწინააღმდეგე მხარეებმა ლაშქარი შეყარეს და საბრძოლველად გაემზადნენ. ერეკლე II-მ, რომელიც დაინტერესებული იყო იმერეთში თავისი შვილიშვილის გამეფებით, ქართლ-კახეთის ლაშქარი იმერეთის საზღვარს მიაყენა. ბრძოლა მოხდა 1789 წლის 11 ივლისს, ხონი-მათხოჯის ჭალაში. მათხოჯის ბრძოლაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დავით მეფე დამარცხდა და ახალციხეში გაიქცა. იმერეთის ტახტზე დავით არჩილის ძე ავიდა და ბიძის პატივსაცემად სოლომონ II (პირველად, 1789-1790 წწ.) ეწოდა[85].
1790 წელს დავით II ოსმალეთისა და ლეკების ჯარით ისევ შემოიჭრა იმერეთში. სოლომონ II დაამარცხა ზოვრეთის ბრძოლაში და ცოტა ხნით ისევ დაიკავა სამეფო ტახტი. ტახტიდან ჩამოგდებულმა სოლომონმა დახმარებისათვის პაპას, ერეკლე II-ს და ცოლისძმას, გრიგოლ დადიანს მიმართა. ერეკლემ დაეხმარა და ქართლ-კახეთის ლაშქარი დაძრა, რომელსაც იოანე გიორგის ძე უსარდლა, ხოლო დადიანი ოდიშიდან დაიძრა ქუთაისისაკენ. 1790 წელს დავით მეფე ლომსიანთხევის ბრძოლაში დამარცხდა და ისევ ახალციხეში გაიქცა, იმერეთის ტახტი ისევ სოლომონმა დაიკავა (მეორედ, 1790-1810 წწ.)[5].
1794 წელს სოლომონ მეფის მიერ დამარცხებულმა მეამბოხეებმა ისევ ახალციხეში მოიყარეს თავი, მაგრამ მათ რიგებს 1795 წლის 11 იანვარს, ყვავილით გარდაცვლილი დავით მეფე გამოაკლდა. მის გარდაცვალებას იმერეთში მშვიდობა არ მოყოლია. ახლა მეორე პრეტენდენტი გამოჩნდა იმერეთის ტახტზე. ეს იყო 1780 წელს გარდაცვლილი ალექსანდრეს (სოლომონ I-ის ძის) უკანონო შვილი გიორგი, რომელსაც მხარს უჭერდნენ გენათელი ეპისკოპოსი და რამდენიმე იმერელი თავადი[86]. შეთქმულები ახალციხეში მყოფ გრიგოლ დადიანს დაუკავშირდნენ და ისიც სასწრაფოდ გამოემართა ოსმალთა ჯარით, სოლომონმა დაასწრო და შეთქმულები დაპატიმრა. ტახტის მაძიებელი გიორგი ბატონიშვილი კი მუხურის ციხეში გამოკეტა, ხოლო ეფთვიმე გენათელი იმერეთიდან გააძევა.
როდესაც გრიგოლ დადიანმა შეთქმულების გამჟღავნების ამბავი შეიტყო, უკან გაბრუნდა, რადგან ამ დროს მისი ცოლ-შვილი სოლომონ მეფის კარზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ გრიგოლს ახალციხის ფაშამ დახმარებაზე უარი განუცხადა, უარი უთხრა ასევე ერეკლე II-მაც. ერეკლე II-მ თავისი ძე ალექსანდრე და შვილიშვილი იოანე გააყოლა, რათა მშვიდობა ჩამოეგდოთ მეფესა და დადიანებს შორის, მაგრამ იმერეთში ჩასული გრიგოლი მეფემ დააკავა.
გრიგოლ დადიანმა დარწმუნებულმა იმაში, რომ მთავრის ტახტს ვერ დაიკავებდა, საიდუმლო კავშირი დაამყარა თავის ბიძასთან გიორგი დადიანთან და მასთან ერთად შეიმუშავა მოქმედების გეგმა: თავიანთ მხარეზე გადმოებირებინათ ლეჩხუმის მოურავი ქაიხოსრო გელოვანი, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ტახტისათვის ბრძოლაში. გიორგიმ მოიმხრო გელოვანი, ქუთაისიდან გააპარეს დადიანი და ნოღის ციხეში მიიყვანეს. აქედან გრიგოლმა პატიების წერილი გაუგზავნა იმერეთის მეფეს და ზავი ითხოვა, რაც სოლომონმა არ მიიღო. ნოღას ციხეს ალყა შემოარტყა, მაგრამ ვერ აიღო და დამარცხებული დაბრუნდა ქუთაისში. გრიგოლ დადიანი ლეჩხუმში ავიდა და იქაური ციხესიმაგრეები შემოიმტკიცა, თუმცა ოდიშის მთავრის ტახტის დაპყრობა ჯერ კიდევ არ შეეძლო. მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა ბიძა-ძმისშვილის ვერაგულად მოკვლა, მაგრამ გრიგოლმა ეს შეიტყო და უკან გაბრუნდა. სოლომონ მეფეც იძულებული იყო მას დაზავებოდა და ოდიშის მმართველად ეცნო. 1798 წელს სოლომონ მეფესა და გრიგოლ დადიანს შორის ოჯოლაში მშვიდობის ხელშეკრულება დაიდო, ხოლო მანუჩარ დადიანმა საუფლისწულოდ სალიპარტიანო მიიღო[87]. თუმცა მათ შორის უთანხმოება ამით არ დასრულებულა. იმერეთის მეფემ 1802 წელს კიდევ ერთხელ შეძლო გრიგოლისათვის სამთავროს ჩამორთმევა და ამჯერად მისი უმცროსი ძმა ტარიელი (1793-1794 და 1802 წწ.) გაამთავრა. გრიგოლმა დახმარება თურქული ორიენტაციის აფხაზ მთავარს ქელეშ-ბეგ შერვაშიძეს სთხოვა. ამ უკანასკნელმა მძევლად უფროსი შვილი ლევანი და ფული მოსთხოვა, მაგრამ გრიგოლი ამ გარიგებაზე ვერ წავიდა და გადამწყვეტ მომენტში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ამ ნაბიჯით გრიგოლ დადიანი იმერეთის მეფისაგან თავის დახსნას და სამთავროს „დამოუკიდებლობის“ გადარჩენას შეეცადა. სწორედ ამ დროს რუსეთის დიპლომატია კონსტანტინოპოლში ოსმალეთის დაყოლიებას ცდილობდა, ეცნო რუსეთის მფარველობა ოდიშსა და იმერეთზე. დადიანის დაჟინებული თხოვნა რუსეთისათვის სწორედ რომ დროული აღმოჩნდა. პავლე ციციანოვმა კავშირი დაამყარა ოდიშის მთავართან[88].
1803 ივლისში მან სამფარველო ხელშეკრულების ტექსტი შეიმუშავა და დადიანს ერთგულების ფიციც ჩამოართვა. იმავე წლის 2 ოქტომბერს დადიანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. დოკუმენტი ძალაში შევიდა დეკემბერში, როდესაც ოსმალეთმა ოდიში რუსეთს ოფიციალურად „დაუთმო“. მფარველობითი ხელშეკრულება, ალექსანდრე I-მა 1804 წლის ივლისში დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით[88].
უკვე 1804 წელს სამეგრელოში რუსული პოლკი ჩადგა, ზღვიდან კი ყულევის ნავსადგურში რუსებმა გემებით ახალი სამხედრო ძალა შემოიყვანეს. ყულევის სამხედრო ნაწილი უკვე სოლივით იყო შემოჭრილი ოსმალთა გარნიზონებით შავი ზღვის ნაპირზე. ეს იყო რუსეთის უომრად მიღწეული დიდი გამარჯვება კავკასიაში ბატონობისათვის, რაშიც „ლომის წვლილი“ გრიგოლ დადიანს ეკუთვნოდა. იმერეთის დაპყრობა უკვე დროის საქმე იყო. იმერეთის მეფისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. სოლომონი მიხვდა, რომ სამეგრელოს დაკარგვით იმერეთის დაკარგვის საფრთხე ახლოვდებოდა[88].
საქართველოს გაერთიანების ცდა
საქართველოს გაერთიანების აზრმა თავი მკვეთრად იჩინა XVIII საუკუნის 90-იანი წლებიდან, რაც განაპირობა ხელსაყრელმა საგარო თუ საშინაო ვითარებამ. ამ პერიოდისათვის თურქეთი ძლიერ დასუსტებული იყო და მას არ შეეძლო ხელი შეეშალა საქართველოს გაერთიანებისათვის. ირანის მხრიდანაც საქართველოს გაერთიანებას საფრთხე არ ემუქრებოდა. პირიქით, ირანის შაჰი მადლიერიც კი იქნებოდა, თუ მისი ფორმალური ვასალი, ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფოს შემოიერთებდა. რუსეთიც ასევე ხელს შეუწყობდა საქართველოს გაძლიერება, რათა იქ ირანისა და ოსმალეთის გაბატონება არ დაეშვა[89].
ამავდროულად საგარეო პირობებთან ერთად, ხელსაყრელი საშინაო პირობებიც შეიქმნა. 1784 წელს სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტს ორი დავითი ეცილებოდა. იმერეთის თავადების ერთმა ჯგუფმა ერეკლეს წინაშე საქართველოს გაერთიანების საკითხი დასვა. ამ საქმის მოთავენი იყვნენ იმერეთის სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, მღვდელმთავრები: დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე და სხვები. ერეკლეს მოახსენეს, რომ გაერთიანების მომხრე იყო გურიელიც და დადიანიც. როგორც ჩანს, საქართველოს გაერთიანების მომხრენი იყვნენ მშრომელი მასებიც, რომლებზეც დიდ გავლენას ახდენდა ერეკლე II-ის მიერ მოპოვებული გამარჯვებები და ის რეფორმები, რომლებიც მან გაატარა ქართლ-კახეთში.
ერეკლემ დარბაზი შეჰყარა და სამი დღის მსჯელობის შემდეგ ერეკლე მეფემ უარი განაცხადა იმერეთის შემოერთებაზე. მან ჩათვალა, რომ მისი შვილიშვილის გამეფება იმერეთში საქართველოს ერთიანობის გამომხატველი იქნებოდა.
იმჟამად საქართველოს გაერთიანება ვერ მოხერხდა, მაგრამ მოწინავე ძალებმა მაინც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 1790 წლის ივნისში სოლომონ ლიონიძის თაოსნობით გაფორმდა „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქს თფილისს“. ტრაქტატს ხელს აწერდნენ ერეკლე II, სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი. ტრაქტატი მიზნად ისახავდა მტრის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებას[90].
იმერეთის სამეფო კრწანისის ბრძოლაში
სპარსეთის შაჰის, ქერიმ-ხანის (1750–1779 წწ.) გარდაცვალებისთანავე ირანში იწყება ბრძოლა ტახტისათვის, რომელიც ლუთფალი-ხანის (1789–1794 წწ.) გამარჯვებით მთავრდება, რომელიც ცოტა ხნით მომძლავრდა შირაზში შაჰის ტახტზე. ქერიმ-ხანის გარდაცვალებისთანავე მისი საჭურისი ტყვე აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი ასტრაბადში გარბის და იქიდან დაიწყო მზადება ირანის ხელში ჩასაგდებად. 1794 წელს ლუთფალი-ხანი დაამარცხა და მთელი ირანის მბრძანებელი გახდა. თავის დედაქალაქად თეირანი გამოაცხადა. ისევე როგორც ოსმალეთის მმართველები, აღა-მაჰმად-ხანიც დიდ საფრთხეს ხედავდა ამიერკავკასიაში რუსეთის გააქტიურებაში. მან ერეკლე II-ს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური კავშირის გაუქმება და ირანისადმი ძველი მორჩილების აღდგენა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ბუნებრივია მეფის უარი დაუსჯელი არ დარჩებოდა. ერეკლემ ეს კარგად იცოდა და დახმარებისათვის რუსეთს მიმართა, მაგრამ მეფემ ტრაქტატის ძალით მოთხოვნილი დახმარება ვერ მიიღო და 35 000-იანი მტერს 5 ათასი ჯარისკაცით დახვდა. რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი ქნა და მრავალომგადატანილი გმირი მეფე კრწანისის ბრძოლაში დამარცხდა.
კრწანისის ბრძოლაში ერეკლე მეფის ჯართან ერთად მონაწილეობდა იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ჯარიც. რომელთა რიცხვიც ორი ათასი უნდა ყოფილიყო[91]. ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული იყო მოსაზრება თითქოს იმერთა ლაშქარმა ერეკლე მეფეს უღალატა და კრწანისის ომში დამარცხება სწორედ ამის შედეგია, მაგრამ ქართული წყაროების შეჯერების საფუძველზე, იმერლების ღალატი კრწანისის ბრძოლაში არ დასტურდება. ცალკეულ ისტორიკოსებს ყურადღება აქვთ გამახვილებული ზურაბ წერეთლისა და მისი 40-კაციანი ავაზაკთა ჯგუფის ქმედებაზე, რომელიც შემდეგ მთელი იმერეთის სარდლობის სახელის გასატეხად გამოიყენეს. კერძოდ: თბილისიდან წასვლის შემდეგ „ვერცხლით სნეულმა“ და აღვირახსნილმა ფეოდალმა ზურაბ აბაშიძემ თავისი ყმებიდან რამდენიმეს დაავალა ჯარიდან შეუმჩნევლად გაპარულიყვნენ და სოფლები გაეძარცვათ, ნაძარცვი კი მისთვის მიეტანათ. აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა სოლომონ მეფემ. ზურაბ წერეთლის ამ ქმედებამ კი შებღალა კრწანისის ველზე დაღუპული 1500 იმერელი მებრძოლის სახელი და შეარცხვინა თავად სოლომონ მეფე[5].
ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის
1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ. 1802 წლის 9 აპრილს გენერალი კარლ კნორინგი ამ მიზნის შესასრულებლად თბილისში ჩამოვიდა. 12 აპრილს გამოაცხადა მეფობის გაუქმება და რუსული მმართველობის დამყარება.
სოლომონ II თავდაპირველად განუხრელად ადგა რუსეთის ერთგულების გზას. 1796, 1798 და 1801 წლის აგვისტოში მან ელჩობა გააგზავნა რუსეთში და ითხოვდა რუსეთის მფარველობაში შესვლას, მაგრამ იმპერატორმა კნორინგს დაავალა მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა იმერეთის მეფესთან და არ დაერღვია თურქეთთან არსებული შეთანხმება.
ერეკლე II-ის (1798 წ.) გარდაცვალების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის შესუსტდა. გიორგი XII (1798-1800 წწ.) სოლომონ II-ის გამაერთიანებელ პოლიტიკას, რომელიც დადიანთან ბრძოლაში გამოიხატებოდა, არ იზიარებდა და თავის სიძეს დადიანს უმაგრებდა ზურგს. თავის მხრივ სოლომონ I-იც მეტად იყო დაკავშირებული თავის ღვიძლ ბიძებთან, დარეჯან დედოფლის შვილებთან, ვიდრე ნახევარბიძა გიორგი XII-სთან და ტახტის მემკვიდრედ იულონს აღიარებდა და დინასტიურ ბრძოლებში დარეჯან დედოფლის პარტიას ემხრობოდა.
1799 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის ჯარების თანდათანობით მატებამ თავისებური გავლენა მოახდინა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე[92]
სოლომონ მეფის იულონის პარტიასთან და ამ გზით ალექსანდრე ბატონიშვილთან ურთიერთობა, რომელიც თავის მხრივ ირანის მხარდაჭერას ეყრდნობოდა, იმერეთის მეფეს იმთავითვე რუსეთის მიზნების მოწინააღმდეგეთა ბანაკში აქცევდა. რუსეთსა და სოლომონს შორის ურთიერთობა ჩიხში შედიოდა. სოლომონი კარგად ხედავდა, რომ ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმება იმერეთის სამეფოსაც უდიდეს განსაცდელს უმზადებდა.
1801 წლის 4 აგვისტოს იმერეთის მეფემ თავისი ელჩი ჯაფარიძე გააგზავნა რუსეთში, ელჩობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმერეთის მიღება მფარველობაში, ქართლ-კახეთში მეფობის აღდგენა და იულონ ბატონიშვილის გამეფება. გენერალმა კნორინგმა ელჩობა რუსეთში არ გაუშვა, უკან დააბრუნა და მეფეს შეუთვალა, რომ რუსეთ-ოსმალეთს შორის არსებული თანხმობა არ უნდა დარღვეულიყო. რაც შეეხება იულონის გამეფებას, რუსეთის იმპერატორმა ქართლ-კახეთის ბედი უკვე გადაწყვიტა და თქვენი თხოვნა იმპერატორის შეურაცხყოფას ნიშნავსო[92].
სამაგიეროდ რუსეთი აქტიურად ერეოდა იმერეთის სამეფოს საშინაო საქმეებში. 1802 წელს ალექსანდრე I-მა საქართველოში გამოგზავნა საგარეო საქმეთა კოლეგიის მოხელე სოკოლოვი, რომელსაც დაევალა მეფესთან მოლაპარაკება რათა მუხურის ციხეში გამოკეტილი დავით II-ის შვილი კონსტანტინე ბატონიშვილი გაეთავისუფლებინა. სოლომონმა საფრთხეები იგრძნო და იმპერატორის თხოვნას უარით უპასუხა, რაც რუსეთის საწინააღმდეგო აქტად ჩაითვალა. იმერეთის პოლიტიკური მესვეურები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებით ზარალს ნახავდნენ და პოლიტიკა შეცვალეს[5].
1802 წელს კნორინგის ნაცვლად საქართველოში გამოგზავნეს პავლე ციციანოვი, რომელსაც იმპერატორმა ალექსანდრემ დაავალა კონსტანტინეს გათავისუფლება, ხოლო თუ მეფე უარს იტყოდა, ძალა გამოეყენებინა[93]. ციციანოვმა მეფის გასატეხად მრავალგვარ საშუალებას მიმართა, რუსული ჯარიც კი მიაყენა იმერეთის სამეფოს საზღვარს. ოთხი თვის მოლაპარაკების შემდეგ სოლომონ მეფემ კონსტანტინე გაათავისუფლა და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო[94]. გრიგოლ დადიანის მიერ რუსეთის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკება მფარველობაში მიღებაზე შეუმჩნეველი არ დარჩენია სოლომონ მეფეს. იმერეთის მესვეურებმა კარგად იცოდნენ, რომ სამეგრელოს შემდეგ ჯერი მათზე მიდგებოდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს რუსეთის მფარველობაში შესულიყვნენ იმავე პირობებით, რა პირობებითაც ეს მოხდა 1783 წელს ქართლ-კახეთსა და რუსეთს შორის. ამ მიზნით იმერეთის სამეფო კარმა 1803 წლის 5 აგვისტოს პეტერბურგში გააგზავნა სოლომონ ლიონიძე, რომელმაც იმპერატორს შემდეგი ძირითადი მუხლები წარუდგინა:
- თუ რუსეთი მიიღებდა იმერეთის სამეფოს თავის მფარველობაში, რუსეთს ამის შესახებ უნდა ეცნობებინა ყველა სახელმწიფოსათვის;
- იმერეთის მეფის წარგზავნილებს უშუალოდ იმპერატორთან მისვლის უფლება უნდა ქონოდათ, მთავარმართებლის გვერდის ავლით;
- იმპერატორს იმერეთის მეფისათვის სიგელი უნდა ებოძებინა, რომ მთავარმართებელი საჭიროების შემთხვევაში იმერეთში დასახმარებლად 1 000 კაცისაგან შემდგარ რაზმს გაგზავნიდა;
- იმპერატორს სამეფო ტახტი იმისათვის უნდა გადაეცა, ვისაც სოლომონი ინდომებდა.
ვალდებულებები შემდეგი სახით იყო ჩამოყალიბებული:
- სოლომონ მეფე დაიფიცებდა იმერეთის ერთგულებაზე;
- მისცემდა რუსეთს ხე-ტყეს გემების ასაგებად. თევზჭერის ნებას რთავდა რუსეთს შავი ზღვის სანაპიროზე და რუსეთის ნავებს შეეძლოთ რიონით იმერეთში შემოსულიყვნენ;
- ოსმალეთთან ბრძოლის შემთხვევაში იბრძოლებდა რუსეთის მხარდამხარ;
- შეიერთებდა აფხაზეთის სამთავროს, რაც სასარგებლო იყო რუსეთის ბატონობისათვის შავ ზღვაზე[95].
სოლომონ მეფემ პარალელურად ოსმალეთის სულთანთან გააგზავნა ელჩი თხოვნით რუსეთის მძლავრობისაგან დასაცავად დახმარება აღმოეჩინა. ასევე გრიგოლ დადიანს მორიგებისათვის მიმართა. მაგრამ მეფემ ყველა მიმართულებით წააგო. დადიანმა უარი უთხრა მორიგებაზე, ასევე უარი უთხრა დახმარებაზე ოსმალეთის იმპერიამ, რადგან მას საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ I ემუქრებოდა დაპყრობით, ამიტომ ოსმალეთს რუსეთი უფრო სჭირდებოდა ვიდრე იმერეთის სამეფო. სტამბოლის ელჩობის ამბავი ციციანოვმა შეიტყო და იმპერატორის კარს აცნობა, თან ითხოვდა ჯარით შესულიყო იმერეთის სამეფოში. რუსეთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სოლომონ ლიონიძესთან მოლაპარაკება და ფაქტობრივად რუსეთთან იმერეთის სამეფოს შეერთების საქმეში ციციანოვს სრული თავისუფლება მიანიჭა[96].
ციციანოვი თურქეთის გაღიზიანებას ერიდებოდა და გადამწყვეტ ზომებს არ იღებდა, მაგრამ მალე სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლის ანდრეი იტალინსკისაგან მიიღო ცნობა, რომ სულთანი წინააღმდეგი არაა დათმოს იმერეთი, რადგან ოსმალეთი რუსეთს თვლის თავის მფარველად ნაპოლეონის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შემდეგ ციციანოვი აღარ მალავდა, რომ მას ნაბრძანევი ჰქონდა იმპერატორისაგან ძალით დაეკავებინა იმერეთის სამეფო, მაგრამ სისხლისღვრას ერიდებოდა და მშვიდობიანად ცდილობდა ქვეყნის დამორჩილებას.
პავლე ციციანოვმა სოლომონ მეფესთან მოსალაპარაკებლად გააგზავნა მიხეილ ვორონცოვი (შემდეგში კავკასიის მეფისნაცვალი) და თან თავის მიერ შედგენილი ტექსტის პროექტი გაატანა, რომლითაც იმერეთის მეფეს რუსეთის მფარველობაში შესვლა უნდა ეთხოვა. მეფე ვორონცოვის მიღებას აჭიანურებდა, მაგრამ 1804 წლის 20 მარტს იგი მიიღო. მეფემ იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცების სურვილი განაცხადა, მაგრამ სათხოვარ პუნქტებს ხელი არ მოაწერა, სოლომონ ლიონიძეს ელოდებოდა რუსეთიდან[92].
ციციანოვმა გადაწყვიტა ჯარი შეეყვანა, მანამდე კი თავადების მოსყიდვა დაიწყო. მეფის ვითომ ერთგული თავადები სწრაფად გადადიოდნენ ციციანოვის მხარეზე. სოლომონ მეფემ საბოლოოდ მიიღო ციციანოვის წინადადება მოლაპარაკების შესახებ და 1804 წლის 19 აპრილს იმერეთის საზღვარზე სოფელ ელაზნაურში (ახლანდელი სოფ. ვახანის მიდამოებთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში) ერთმანეთს შეხვდნენ იმერეთის მეფე სოლომონ II და გენერალი პავლე ციციანოვი. ციციანოვმა მეფეს შესთავაზა რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომობაში შესვლა. 20 აპრილს რუსეთის ჯარმა იმერეთის საზღვარი გადალახა, დაიკავა სოფლები და მოსახლეობას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე აფიცებდა. იმერეთის მეფე საბოლოოდ გატყდა. 25 აპრილს მეფე და ციციანოვი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ელაზნაურში და ხელი მოაწერეს არა ტრაქტატს, არამედ შეთანხმებას, რომლის ძალითაც მეფე რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომი გახდა, ხოლო იმერეთის სამეფო — რუსეთის შემადგენელი ნაწილი. 1804 წლის 25 აპრილის აქტით იმერეთის სამეფომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, თავისი არსებობა დაასრულა. იმერეთთან და სამეგრელოსთან დადებული ხელშეკრულება იმპერატორმა 1804 წლის 4 ივლისს დაამტკიცა და იმერთა მეფემ ამის ოფიციალურ საბუთად ალექსანდრე I-ის სიგელი მიიღო[97].
რუსეთი დასავლეთ საქართველოში მიღწეულ წარმატებებს მხოლოდ იქ ჯარის გამრავლების გზით შეძლებდა, მაგრამ 1804 წლის მთიულეთის აჯანყების გამო დარიალი ჩაკეტილი იყო. ასეთ პირობებში რუსეთს მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ჯარის ზღვით გადასხმა. ზღვაზე კი ოსმალეთი ბატონობდა. რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ყირიმიდან შავი ზღვით ფოთში ჯარებისა და სურსათ-სანოვაგის შემოტანა, მაგრამ ამისათვის ოსმალეთის თანხმობა იყო საჭირო, რადგან ფოთის ციხე მათ ხელში იყო. ელჩმა იტალინსკიმ დავალება მიიღო მოლაპარაკების თაობაზე. საბოლოოდ ფოთით დროებით სარგებლობის უფლება მიიღეს. ფოთიდან ჯარის შემოყვანა ოსმალეთმა დააფიქსირა და რუსეთს ახსნა-განმარტება მოსთხოვა. რუსეთს აეკრძლა ფოთის დროებით გამოყენებაც კი. რუსეთის მთავრობისთვის ნათელი შეიქმნა, რომ ოსმალეთი ფოთის ნავმისადგომს არ დათმობდა, ამიტომ იმპერატორმა ციციანოვს ფოთის ხელში ჩაგდება უბრძანა. ციციანოვმა დასავლეთ საქართველოში საგანგებო მოხელე პეტრე ლიტვინოვი გააგზავნა. მას ევალებოდა:
- თუ მოხერხდებოდა უხმაუროდ ფოთის ნავსადგურის ხელში ჩაგდება;
- დადიანისა და სოლომონის მორიგება, სანამდე რუსეთის ჯარი შევიდოდა დასავლეთ საქართველოში
- რუსეთის ჯარის ზღვით შესვლა სამეგრელოში.
- მეფე-დადიანის საქმეებში ჩარევა, დადიანის გაძლიერება, მეფის დასუსტება[92].
1804 წლის 4 ივნისს ლიტვინოვი ქუთაისში ჩავიდა და შეეცადა მეფე-მთავართა შორის შეთანხმების მიღწევას. საჭილაოში შეახვედრა მეფე და დადიანი, მათ მშვიდობიანობის დაცვის პირობა დადეს. სოლომონ მეფემ ციციანოვს სთხოვა მანამდე დადიანის მიერ დაკავებული ლეჩხუმი დაებრუნებინა, მაგრამ ციციანოვმა პირიქით მხარი დაუჭირა დადიანს. სოლომონ მეფე იმდენად უკმაყოფილო იყო ლეჩხუმის ჩამორთმევით, რომ შეეშინდა ქუთაისში გაჩერება და სუჯუნის მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც რუსეთის მომხრე ბესარიონ ჭყონდიდელს ეკუთვნოდა.
ელაზნაურის შეთანხმება მეფეს დროის მოგების საშუალებად მიაჩნდა. ბრძოლისათვის ემზადებოდა სპარსეთი, უკვე ოსმალეთიც აქცევდა ყურადღებას კავკასიის ამბებს. მეფეს კავშირი ჰქონდა ქართველ ბატონიშვილებთან, ხანებთან, ფაშებთან, სპარსეთის შაჰთან და ოსმალეთის კართან[98].
თუმცა სოლომონ მეფე დღითიდღე სუსტდებოდა. ლიტვინოვმა მეფის საწინააღმდეგოდ განაწყო გურიელი, ხოლო დადიანის აგენტებმა მეფეს საყრდენი ძალა გამოაცალეს, გადაიბირეს „ფიცის კაცნი“: ავალიანები, მესხები და იოსელიანები. მიუხედავად ამისა, მცირე წარმატება მეფესაც ჰქონდა. 1804 წლის 12 ივნისს თბილისიდან გაიქცა კონსტანტინე ბატონიშვილი და სოლომონ მეფესთან მივიდა. რუსეთს ხელიდან გამოეცალა ტახტის მემკვიდრე და მეფეზე ზემოქმედების იარაღი.
ფოთის ნავსადგური რუსთათვის გამოუსადეგარი გახდა, მათ სხვა ადგილის ძებნა დაიწყეს საიდანაც მოახერხებდნენ ჯარის გადმოსხმას. ასეთი ადგილი აღმოჩნდა მდინარე ხობის შესართავთან მდებარე სოფელი ყულევი, სადაც აგებულ იქნა პატარა სიმაგრე რედუტ-კალე, საიდანაც უკვე 1804 წლის ოქტომბერში გადმოსხეს რუსის ჯარი. რუსეთის ჯარის შემოსვლით საკმაოდ შეშინდა სოლომონ მეფე და ქუთაისიდან საცხოვრებლად გადავიდა. ზამთრობით ვარციხეში, ხოლო ზაფხულობით ოკრიბასა და გოგში იმყოფებოდა[5].
მეფე არ წყვეტდა დამოუკიდებლობისათვის ომს. ახლა იგი რუსეთ-ოსმალეთის მოსალოდნელ ომზე ამყარებდა იმედებს. რუსეთის ძალა თანდათან მატულობდა იმერეთში. მეფე სულ უფრო კრიტიკულ მდგომარეობაში ექცეოდა. სწორედ ამ დროს სოლომონ მეფესთან სულთნის წინადადებით, ახალციხის ფაშის მდიდრული საჩუქრებით დატვირთული წარმომადგენელი მივიდა და წინადადება მისცა, იმერეთი ისევ შესულიყო სულთნის მფარველობაში. ოსმალეთი განაწყენებული იყო იმერეთ-სამეგრელოს დაკარგვით. ახლა მას ყველაზე მეტად რუსების მიერ შავ ზღვაზე ფეხის მოკიდება და რედუტ-კალეს სიმაგრის აგება აშინებდა. ნაპოლეონის წარმატებებმა ოსმლეთი და საფრანგეთი მოკავშირეებად აქცია და სწორედ ნაპოლეონის წაქეზებით 1806 წელს ოსმალეთმა რუსეთს ომი (1806-1812 წწ.) გამოუცხადა. 1807 წელს ოსმალეთის ფლოტი თავს დაესხა რედუტ-კალეს სიმაგრეს, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთის ჯარმა გენერალ რიკჰოფის ხელმძღვანელობით ფოთის ციხეს შეუტია. თუმცა მასაც წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა ციხის დაკავებისა. საომარ მოქმედებებში სოლომონი არ მონაწილეობდა.
1808 წლის მარტში მთავარმმართებელმა გენერალმა ივან გუდოვიჩმა (1806–1809 წწ.) იმპერატორის საიდუმლო ბრძანება მიიღო იმერეთში მეფის ხელისუფლების გაუქმებისა და მისი ოჯახის რუსეთში გადასახლების. იმერეთში დროებითი მმართველობის დაწესების შესახებ. რუსეთ-ოსმალეთს შორის ამ დროს დროებითი ზავი იყო დადებული და გუდოვიჩმა გადამწყვეტი ზომებისაგან თავი შეიკავა.
1808 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოში განლაგებული ჯარების უფროსი გენერალი რიკჰოფი, მის ადგილზე გუდოვიჩმა დანიშნა გენერალი დიმიტრი ორბელიანი, რომელსაც დაავალა ტახტიდან ჩამოეგდო სოლომონ მეფე ზედმეტი სისხლისღვრის გარეშე. ქუთაისში მისული ორბელიანი შეუდგა მისიის შესრულებას. შეეცადა ქუთაისში მიეტყუებინა მეფე, მაგრამ სოლომონმა უარი განაცხადა ქუთაისში მისვლაზე. 1809 წელს გუდოვიჩი შეცვალა ალექსანდრ ტორმასოვმა (1809–1811 წწ.), რომელმაც ორბელიანს ფოთის ციხეზე შეტევის დავალება მისცა. 1809 წლის 14 მაისს ციხეზე რუსების კიდევ ერთი წარუმატებელი შეტევა განხორციელდა. რუსის ჯარი ხანგრძლივი ალყისთვის მეომზადა. ოსმალეთიდან 9 ათასკაციანი ჯარი გამოემართა მეციხოვნეების დასახმარებლად. 1809 წლის 2 ნოემბერს მამია V გურიელი ზურგიდან თავს დაესხა გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკებულ ოსმალთა ჯარს და სრულად გაანადგურა. იმავე წლის 15 ნოემბერს ფოთის ციხის დაცვის უფროსმა ქუჩუკ-ბეი შერვაშიძემ წინააღმდეგობა შეწყვიტა და ციხის გასაღები დიმიტრი ორბელიანს გადასცა[5].
ფოთის ციხის აღება სოლომონ II-ის სერიოზული იმედგაცრუების საბაბი გახდა. 1810 წლის დასაწყისში სოლომონ მეფემ მოლაპარაკება სცადა ტორმასოვთან. მთავარმართებელი კი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. მანამდე მან სოლომონს სამი ძირითადი პირობა წაუყენა:
- მეფემ სამი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს პეტერბურგში გასაგზავნი დესპანები: კონსტანტინე ბატონიშვილი, მეფის სიძე მალხაზ ანდრონიკაშვილი, სოლომონ ლიონიძე, სეხნია წულუკიძე, ქაიხოსრო წერეთელი და როსტომ ნიჟარაძე;
- დაუყოვნებლივ გადავიდეს საცხოვრებლად ქუთაისში;
- გაგზავნოს დესპანთა ხელით უმაღლესი თხოვნა მადლობის გამოსაცხადებლად, რომ იმპერატორმა სამუდამოდ მიიღო იმერეთი ქვეშევრდომად.
ტორმასოვმა სამი დღე მისცა მეფეს. სოლომონ მეფე კარგად მიხვდა ტორმასოვის განზრახვას: პეტერბურგში გასაგზავნი დეპუტაციის შემადგენლობაში მისი უერთგულსი პირები ირიცხებოდნენ, მათი გამგზავრებით მეფის პოზიციებს დაასუსტებდნენ, ხოლო მეფის ქუთაისში გადასვლა მის ხელში ჩაგდებას ნიშნავდა.
სოლომონ მეფე მოლაპარაკების გახანგრძლივებას ცდილობდა. იგი ტორმასოვს დასთანხმდა, რომ დეპუტაციას გააგზავნიდა, მაგრამ გასაგზავნი პირების სიას თავად შეადგენდა. მადლობის წერილსაც გაატანდა, ხოლო მათი დაბრუნების შემდეგ ქუთაისშიც დაბრუნდებოდა. სოლომონ მეფესთან მრავალგზის უნაყოფო მოლაპარაკებების შემდეგ მთავარმართებელმა ტორმასოვმა განკარგულება გასცა, 1810 წლის 20 თებერვლისათვის მზად ყოფილიყვნენ სამხედრო შენაერთები და მათი მოკავშირე დასავლეთ საქართველოს მთავრები, რომ იმერეთის მეფე იარაღის ძალით განედევნათ და ქვეყანა რუსეთისათვის შეეერთებინათ. 20 თებერვალს ქუთაისის ეკლესიებში გამოაცხადეს ტორმასოვის მოწოდება სოლომონ მეფის ხელისუფლების გაუქმების შესახებ[99].
ამავდროულად რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ყველა კუთხიდან შეუტიეს იმერეთის სამეფოს. სოლომონი ვარციხეში იყო გამაგრებული 4 000 მეომრით. მეფის შესაპყრობად ერთდროულად დაიძრნენ: ქართლიდან, ქუთაისიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და ლეჩხუმიდან. ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ მეფემ ვარციხე დატოვა და ხანისწყლის ხეობას მიაშურა, რათა იქიდან ახალციხეში გადასულიყო, მაგრამ ეს გზაც გადაკეტილი დახვდა იმერთა მეფეს. ყველა გზა მოჭრილმა მეფემ თანხმობა განაცხადა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებზე და მოლაპარაკება გამართა რუსის ჯარის ხელმძღვანელებთან. 15 მარტს ქართლის საზღვარზე 500 მეომრით გაემართა სოლომონ მეფე ტორმასოვთან შესახვედრად, გზაში შეიტყო, რომ გადასახლებას უპირებდნენ და გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მას აცნობეს, რომ იგი რუსეთის „საპატიო ტყვე“ იყო. 1810 წლის 28 მარტს სოფელ ვარიანში სოლომონ მეფე და გენერალი ტორმასოვი ერთმანეთს შეხვდნენ. გენერალმა განაცხადა, რომ მეფის ბედის გასარკვევად იმპერატორის პასუხს ელოდნენ, ამიტომ ის თბილისში გადაიყვანეს და ძლიერი დაცვა დაუყენეს.
მეფის დატყვევების შემდეგ იმერეთის ციხეები რუსის ჯარებმა დაიკავეს, რომელთა ნაწილი უსიამოვნო მოულოდნელობებისაგან თავის აცილების მიზნით დაანგრიეს. შეიქმნა დროებითი მთავრობა. იმერეთი დაიყო ექვს ნაწილად: ქუთაისის, ვაკის, ბაღდათის, საჩხერის, ჩხერისა და რაჭის ოლქებად. მოსახლეობა ძალით დააფიცეს რუსეთის ერთგულებაზე[100].
მიუხედავად დიდი სიფრთხილისა და ძლიერი დაცვისა 1810 წლის 10 მაისს, სოლომონ მეფე ქაიხოსრო წერეთლის შემუშავებული გეგმის მიხედვით გაიპარა და ახალციხეში გადავიდა. 13 მაისს ახალციხის საფაშოში თავის ბიძას ალექსანდრე ბატონიშვილს შეხვდა, რომელმაც იმერეთის მოსახლეობას სასწრაფოდ აუწყა მეფის ტყვეობიდან გაქცევა. სოლომონ მეფემ იმერეთის ხალხს აჯანყებისაკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. იმერეთის ქალაქებსა და ციხეებში გამაგრებული რუსთა გარნიზონები ალყაში აღმოჩნდა. იმერეთის მმართველად დანიშნული გენერალი თედორე სიმონოვიჩი (1810–1815 წწ.) ქუთაისიდან თავს ვერ ჰყოფდა. ივნისის შუა რიცხვებში იმერთა მეფე მცირეოდენი ლეკთა ჯარით იმერეთში გადმოვიდა და ტყაჩირში აგიაშვილების სახლში შეჩერდა. მის ირგვლივ თავის მოყრა დაიწყეს აჯანყებულებმა[101].
აჯანყებულებმა ქართლთან დამაკავშირებელი ყველა გზა გადაუკეტეს რუსებს, სიმონოვიჩის გარნიზონი ქუთაისში ჩაიკეტა, ტორმასოვმა მას სასწრაფოდ გაუგზავნა ერთი ბატალიონი. პირველი სისხლიანი შეტაკება მოხდა 22 ივნისს სოფელ საქარაში, ქართველთა ლაშქარმა ქაიხოსრო აბაშიძის ხელმძღვანელობით დაამარცხეს და სიცოცხლეს გამოასალმეს რუსთა ჯარის მეთაური კალატოზოვი. აჯანყება თანდათან ძლიერდებოდა, მისი ცენტრი ლომსიანთხევი იყო. აღმოსავლეთ საქართველოდან რუსთა ჯარის გადმოყვანა ვერ ხერხდებოდა, რუსულ მმართველობას აჯანყების ჩახშობა არ შეეძლო[101].
მთავარმმართებელმა ტორმასოვმა აჯანყების ჩასაქრობად დიმიტრი ორბელიანი გააგზავნა. სურამში მოსულმა ორბელიანმა თავისი ჯარი ორად გაყო. ერთი ბატალიონი ალის გზით გაგზავნა, თვითონ კი ვახანის გზით გაემართა იმერეთისაკენ, რათა ალყაში მოექცია ლომსიანთხევში გამაგრებული აჯანყებულები. ალის გზით წასულ რაზმს აჯანყებულებმა გზა გადაუჭრეს და ამოხოცეს. ალის ხეობა აჯანყებულებმა ჩაკეტეს. ორბელიანის ჯარიც შეაჩერეს აჯანყებულებმა. იგი იძულებული გახდა ალის ხეობაში წასულიყო ჯარის ნარჩენების მისახმარებლად. ბრძოლა გაიმართა ალის ხეობაში, ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ რუსებს მაშველი მოუვიდათ სურამიდან, რომლებმაც დამარცხებას გადაარჩინეს[102].
სურამში მდგომი გენერალი ორბელიანი ტორმასოვს დამატებით ძალას სთხოვდა, მაგრამ იგი უარზე იდგა, რადგან დღედღეზე ელოდა ირანის გაქტიურებას და იმერეთში ამდენი ძალის გადასროლა არასწორ მანევრად მიიჩნია. გენერალი ორბელიანი აჯანყებულებთან დამარცხდა ტორმასოვმა იგი თანამდებობიდან გადააყენა და მის ადგილას ბარონი, გენერალი ივანე როზენი დანიშნა და დაავალა სასწრაფოდ ჩაეხშო იმერეთის აჯანყება. ორბელიანი არ დაელოდა როზენის მოსვლას, იერიშით გაარღვია აჯანყებულთა რკალი და მათ ჩხერთან გაუმართა ბრძოლა. აჯანყებულებმა უკან დაიხიეს. ორბელიანმა ჩხერის ციხე გაათავისუფლა. როზენის სარდლობით აჯანყებულთა და რუსთა ჯარს შორის დიდი ბრძოლები მოხდა ასევე ჩხერთან, ცხრაწყაროსთან, მდინარე ყვირილასთან, სიმონეთთან. როზენმა 29 ივლისს დაამარცხა ქუთაისის მოალყე აჯანყებულები და გენერალ სიმონოვიჩის ჯარს შეუერთდა[103].
ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ჯარი ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებზე გადავიდა. რუსეთის ჯარის მთელი ნაწილი უკვე მეფის შესაპყრობად ამოქმედდა. 3 და 10 აგვისტოს ბრძოლებში (შესაბამისად რიონთან და ნაგარევთან) გენერალმა როზენმა ვერ შესძლო აჯანყებულთა რაზმების განადგურება. 26 აგვისტოს ბრძოლა მოხდა ზედა საქარასთან. რუსეთის ჯარმა გამარჯვებას მიაღწია. თბილისსა და ქუთაისს შორის კავშირი აღსდგა. სექტემბრის დამდეგს მეფე ხანისწყლის ხეობაში გაიქცა და იქ გამაგრდა. იქვე მოუვიდა ახალციხიდან 1500-კაციანი მაშველი რაზმი, მაგრამ 25 სექტემბერს სოლომონ მეფე სიმონოვიჩთან დამარცხდა და ისევ ახალციხეს შეაფარა თავი. ახალციხეს გადასული უგვირგვინო მეფე კვლავ ცდილობდა საქმის შემობრუნებას. კვლავ სთხოვა დახმარება საფრანგეთის იმპერატორს და ოსმალეთის სულთანს, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა საზავო ხელშეკრულებები დადო ოსმალეთთან (ბუქარესტში, 1812 წ.) და ირანთან (გულისტანში, 1813 წ.) და რომლის ძალითაც ამ ქვეყნებმა საქართველო რუსეთის სამფობელოდ აღიარეს, სოლომონს უიმედობა დაეუფლა. განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურმა 1815 წელს უცხოობაში დალია სული, მაგრამ ტრაპიზონის ქართულ მიწაში პოვა განსასვენებელი[104].
ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში
ფეოდალიზმი დასავლეთ საქართველოს პირობებში რიგი თავისებურებებით ხასიათდებოდა. ოსმალების შემოსევებმა და საბოლოოდ 1555 წლის ამასიის ზავით დასავლეთ საქართველოს ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოქცევამ ერთბაშად დააქვეითა საგარეო ვაჭრობა და შინა აღებ-მიცემობა. მოშალა ისტორიული ტრადიციული სავაჭრო გზები და კონტაქტები. ეკონომიკის ასეთმა ვარდნამ განაპირობა მოსახლეობის ეთიკურ-მორალური დაქვეითება. უმთავრესი მანკი, რაც იმ პერიოდის საქართველოს ცხოვრებას ახასიათებდა იყო ტყვეთა სყიდვა. საქართველოში მისი გამოვლინების ფორმები მეტად მძიმეა. ეს არ იყო ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგის დამონება ან ფერადკანიანთა გადაყვანა ახალ მატერიკზე პლანტაციებში სამუშაოდ. ეს იყო ქართველების მიერ ქართველების მოტაცება უცხოეთის მონათა ბაზარზე გასაყიდად. ტყვის სყიდვა ფეოდალთა შემოსავლის წყაროდ იქცა. მას აწარმოებდნენ, როგორც საერო, ისე სასულიერო პირები[43].
ტყვეთა სყიდვა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი თავად-აზნაურები, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ტყვეთა ვაჭრობამ დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო XVII საუკუნიდან. ჟან ბატისტ ტავერნიე წერდა:
„როგორც კი ომებში ტყვეებს იშოვნიან, იმ თავითვე გზავნიან ოსმალეთში გასაყიდად. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვა ამ ქვეყანაში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ცოლს ან ქმარს ფული დასჭირდება, თავის ერთ-ერთ შვილს გზავნის გასაყიდად. ან მეწვრილმანესთან ბაფთებსა, ტილოს ნაჭრებსა თუ სხვა ამგვარ ნივთებზე გადასაცვლელად[105].“
|
ჟან შარდენი, რომელიც დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა 1672 წლის აგვისტო-დეკემბერში, გვამცნობს:
„ტყვეთა სყიდვამ სამეგრელოს 40 000-იანი მოსახლეობა 1640-იანი წლებიდან მოყოლებული სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში 20 000-მდე შეამცირა... ...ერთ-ერთმა მათგანმა (თავად-აზნაურმა) ერთხელ გაჰყიდა რამდენიმე ხუცესი, რომელთაც ზედ მიაყოლა თავისი ცოლი, რათა ამ გზით შეეძინა საშუალება შეყვარებული ახალი საცოლის გამოსასყიდად და საქორწინო ხარჯებისათვის[106].“
|
არქანჯელო ლამბერტი ერთ საყურადღები ფაქტს აგვიწერს:
„იყო ერთი უპირველესი დიდებულთაგანი ოდიშში, გვარად ჭილაძ, რომელიც შეჩვეული იყო ტყვეების გაყიდვასა და ამას ერთ წელიწადს თურქთა გემების მოსვლის დროს დასჭირდა ათორმეტი ტყვე ოსმალებზე გასაყიდად, რათა სამაგიეროდ ეყიდნა მათგან სხვა საქონელი, რომელიც სახლში სჭირდებოდა. ეს შეუტყვეს მისმა ყმებმა და თავს უშველეს გაქცევით, რათა ხელში არ ჩავარდნოდნენ მას და თავისუფლება არ დაკარგვოდათ, მაგრამ ჭილაძემ ეს ხერხი იხმარა საჭირო კაცების მახეში გასაბმელად. გამოაცხადა, რომ ამა და ამ დღესასწაულს დიდებული წირვა უნდა გადავიხადოო და ერთ-ერთ კარის ეკლესიაში უნდა მოვიდნენ მღვდლებიო, რომელთაც წირვის შესრულებისათვის უხვად დავასაჩუქრებ და მდიდრულ ნადიმს გავუმართავო; ამ ცრუ დაპირებამ შეაცდინა მღვდლები და დანიშულ დღეს თორმეტი მღვდელი გამოცხადდა. მათ დიდებულად შეასრულეს წირვა, რომელსაც დიდი ღვთისმოსავობით დაესწრო ჭილაძე. წირვა რომ შეასრულეს და მღვდლებს იმედი ჰქონდათ, თავადი თავის დაპირებისამებრ დაგვასაჩუქრებს და ნადიმს გაგვიმართავსო, ჭილაძემ ეკლესიის კარები დაკეტა, ჯაჭვები მოატანინა, თორმეტივე მღვდელი ჯაჭვებში ჩასვა, თმები და გრძელი წვერები მოაპარსვინა და პირდაპირ წააყვანინა თურქთა გემებზე გასაყიდად[27].“
|
იმ ძალადობასთან ერთად, რომელსაც მთავარი და თავადები მიმართავდნენ ტყვეთა მოსაპოვებლად, იყო კიდევ ერთი სახეობა ტყვეთა სყიდვის. ეს იყო ჩუმად, ქურდულად მოპარული ტყვეების გაყიდვა:
„არიან ისეთი ქურდებიც, რომელნიც იპარავენ კაცებს და ყმაწვილებს და ჰყიდიან ჩუმად თურქეთში[27].“
|
ტყვის ასეთ ვაჭრობას ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლები აწარმოებდნენ.
ჯერ კიდევ XVI საუკუნეში იმდენად გაიზარდა ტყვის სყიდვა, ავაზაკობა, ეკლესიის ძარცვა, რომ აუცილებელი გახდა საეკლესიო კრების მოწვევა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც უაღრესად საჭირბოროტო საზოგადოებრივი საკითხები განიხილა[107]. კრებას დაესწრო აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი, ქართლის კათალიკოსი მალაქია და დასავლეთ საქართველოს 10 ეპისკოპოსი: ქუთათელი, გენათელი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი, ცაგერელი, ხონელი, ნიკორწმინდელი და ცაიშელი. კრებამ მიიღო დადგენილება ქვეყანაში ძალზედ გავრცელებული „ტყვეთა სყიდვის“, ქურდობა-ავაზაკობის, მკვლელობის, ეკლესიების ძარცვის და სხვა ბროტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ. საეკლესიო კრებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ტყვეთა სყიდვის“ საკითხს და მკაცრი სასჯელი განაწესა მათთვის, ვინც ამ საქმიანობაში იქნებოდა შემჩნეული — ტყვის გამყიდველი სიკვდილით უნდა დასჯილიყო. კრებამ შეიმუშავა „სამართალი კათოლიკოზისა“, რომელიც 23 მუხლისაგან შედგებოდა[25].
მაგრამ ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება თავადთა მძლავრობის ვითარებაში მეტად გაძნელებული იყო და თუ ბაგრატის დროს ამ გადაწყვეტილებას რაიმე ფასი ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ვითარება კვლავ საწინააღმდეგოდ შეიცვალა, რადგან ტყვის გამყიდველებს უძლიერესი მფარველი, ოსმალეთი, გამოუჩნდათ, რომელიც სულ უფრო და უფრო აძლიერებდა თავის გავლენას დასავლეთ საქართველოზე[18].
თუ რამდენად ფართო ხასიათი მიიღო ტყვეთა სყიდვამ, ეს თურქი მოგზაურისა და დიპლომატის ევლია ჩელების მიხედვითაც კარგად ჩანს:
„აბაზები მეგრელებს იტაცებენ, მეგრელები — აბაზებს და ვაჭრებს მიჰყიდიან ხოლმე[28].“
|
XVIII საუკუნის I ნახევარში ადამიანებით ვაჭრობამ აპოგეას მიაღწია. ვაჭრობდა ყველა სოციალური ფენა მეფიდან დაწყებული, გაყაზახებული გლეხით დამთავრებული: ალექსანდრე IV, მამია III გურიელი, გიორგია აბაშიძე, გაბრიელ ჭყონდიდელი, სვიმონ ქუთათელი, ხარაგაულელი აზნაური კიკნაძეები, გლეხი ბურჯანაძეები[5].
როდესაც სოლომონ I ავიდა სამეფო ტახტზე (1752 წ.) ზემოთ აღნიშნული მანკიერებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საჭირო იყო მკაცრი ღონისძიებების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდებოდა ადამიანთა საუკეთესო ნაწილის უცხოეთში გადინება. 1759 წლის 4 დეკემბერს სოლომონ მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომლის მეორე დღესაც მიიღეს დადგენილება ტყვეთა სყიდვის აკრძალვის შესახებ. საერო და სასულიერო პირებმა პირობა დადეს, რომ ამიერიდან ტყვეებს არ გაყიდდნენ. კანონის დამრღვევებს ეკლესია შეჩვენებით, ხოლო მეფე სიკვდილით დასჯით დაემუქრა. ტყვეთა სყიდვის ტემპები შენელდა, მაგრამ საფუძვლიანად მაინც არ აღმოფხვრილა. მუსულმანურ ქვეყნებში გაყიდული ტყვეების უმრავლესობა მონებად იქცეოდა ან იანიჩარის (ოსმალეთი), მამლუქთა (ეგვიპტე) და ყულის (ირანი) ჯარში მსახურობდა, ხოლო ქალები ხანების, ფაშებისა და სხვათა ჰარამხანებს ამშვენებდნენ. XVIII-XIX საუკუნეებში ტყვეთა სყიდვის ახალი ეტაპი — ლეკიანობა დაიწყო. რუსეთის ხელისუფლებამაც ვერ შეძლო ლეკთა თარეშის შეჩერება. გარდა ამისა გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ციხესიმაგრეებში, რადგან ისინი ჯერ კიდევ ოსმალების ხელთ იყო[5].
განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში იყო იმერეთის სამეფო. ამდენი უბედურების შემდეგ სამეფოს თავს დაატყდა შავი ჭირი, რომელმაც 1811 წლის განმავლობაში 32 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამავე წელს ამ სენმა შეიწირა ახალციხეში მყოფი სოლომონ ლიონიძეც. შავ ჭირს შიმშილი მოჰყვა. შიმშილი მშობლებს აიძულებდა პურის ნატეხისათვის მონად გაეყიდათ თავიანთი შვილები. ამ შემაძეწუნებელ უბედურებას იმერეთის სამეფოში თან სდევდა ლეკთა თარეში, რომელთაც მფარველობდნენ ყარსის, ახალციხისა და ტრაპიზონის ფაშები. ტყვეთა სყიდვის მფარველები და წამქეზებლები XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან აფხაზეთის მთავრები არიან. ტყვეთა სყიდვას აწარმოებენ რუსეთის სამსახურში მყოფი ქართველი თავადებიც. სხვა კუთხეებთან შედარებით ტყვეთა სყიდვა უფრო მეტად გავრცელებული იყო გურიაში, რადგან ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრებოდა ოსმალეთს. ტყვეებით ვაჭრობა გურიაში XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან შენელდა[5].
სახელმწიფო წყობა
XVIII–XIX საუკუნეთა მიჯნაზე ამ სამეფოში დაახლოებით 120 ათასამდე მცხოვრები იყო. იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში, ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ჩიჯავაძეთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, ლეჩხუმის და სხვ.), რომელთაც საგადასახადო, ადმინისტრაციული და ნაწილობრივ სასამართლო იმუნიტეტი ჰქონდათ მოპოვებული და ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკავებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ.
XVIII საუკუნის შუა წლებში იმერეთის სამეფოში 100-მდე თავადი იყო. ისინი მეფის ან უფლისწულის ვასალები იყვნენ. მაგრამ თავადები, განსაკუთრებით დიდებული თავადები, „ხელმწიფობისაკენ“ (სუვერენობისაკენ) მიისწრაფოდნენ და ამ ნიადაგზე იმერეთის მეფესა და მათ შორის განუწყვეტელი ბრძოლა იყო. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ, დავით ნარინის, შტოს ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდავი იყო, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება-სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა „დარბაზი“ ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი მსხვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ. იმერეთის სამეფოს მართვა-გამგეობის სტრუქტურა ქართლისა და კახეთის სამეფოთა მიმსგავსებით იყო აგებული.
იმერეთის მეფეები (1463- 1810 წლებში)
მმართველობის წლები | სახელი | ოჯახი[108][109][110][111][112] | დაკრძალვის ადგილი |
---|---|---|---|
1463 — 1478 | ბაგრატ II (იმერეთის მეფე 1463-1466; ქართლ-იმერეთის მეფე 1466 – 1478 წწ.) | მამა: გიორგი (კონსტანტინე I-ის ძე) დედა: ? მეუღლე: ელენე შვილები: გიორგი, ალექსანდრე II, ვახტანგი |
გელათის მონასტერი |
1479- 1484 | კონსტანტინე II | მამა: დემეტრე ალექსანდრე I დიდის ძე დედა: ? მეუღლე: თამარი შვილები: დავითი, გიორგი, ბაგრატი, დიმიტრი, ვახტანგი, ალექსანდრე, მელქისედეკი |
|
1484 — 1510 | ალექსანდრე II | მამა: ბაგრატ II დედა: ელენე მეუღლე: თამარი შვილები: ბაგრატ III, ვახტანგი, დავითი, გიორგი, დიმიტრი |
|
1510 — 1565 | ბაგრატ III | მამა: ალექსანდრე II დედა: თამარი მეუღლე: ელენე შვილები: გიორგი II, თეიმურაზი, ვახტანგი, კონსტანტინე, თამარი (ლუარსაბ I-ის ცოლი) |
გელათის მონასტერი |
1565 — 1583 | გიორგი II | მამა: ბაგრატ III დედა: ელენე მეუღლეები: რუსუდანი (ჩერქეზი), თამარ-ყოფილი ქრისტინე დიასამიძე შვილები: ალექსანდრე, ბაგრატი, ლევანი |
|
1583 — 1590 | ლევანი | მამა: გიორგი II დედა: რუსუდანი (ჩერქეზი) მეუღლე: მარეხ დადიანი შვილები: |
|
1590 — 1604 | როსტომი | მამა: კონსტანტინე დედა: ? მეუღლე: თინათინ ათაბაგის ასული, ნესტან-დარეჯანი შვილები: ალექსანდრე |
|
1604 — 1639 | გიორგი III | მამა: კონსტანტინე დედა: ელენე-ყოფილი ელისაბედი მეუღლე: თამარი შვილები: ალექსანდრე III, როსტომი, მამუკა (მამია) |
გელათის მონასტერი |
1639 — 1660 | ალექსანდრე III | მამა: გიორგი III დედა: თამარი მეუღლეები: თამარ გურიელი, ნესტან-დარეჯანი, რუსუდან კახთა მეფის ასული შვილები: ბაგრატ IV, თინათინი (ლევან III დადიანის ცოლი) |
გელათის მონასტერი |
1660 – 1661 | ბაგრატ IV | მამა: ალექსანდრე III დედა: თამარ გურიელი მეუღლე: ქეთევანი (თეიმურაზ I-ის ძის, დავითის ასული), თითია (ვახტანგ V-ის ძმისწული), თამარი (ვახტანგ V-ის ძმისწული), ლეჩხუმელი კოჩილას ცოლი შვილები: დარეჯანი (გიორგი III გურიელი-ისა და შემდეგ პაატა აბაშიძის ცოლი), გიორგი (ორივე თამარისაგან), ალექსანდრე IV (ლეჩხუმელი ქალისაგან), |
გელათის მონასტერი |
1660 | ვახტანგი (ჭუჭუნიაშვილი) (უზურპატორი) | მამა: ? დედა: ? მეუღლე: დარეჯანი შვილები: ? |
|
1660 | ვამეყ III დადიანი (უზურპატორი) | მამა: ლევან I დადიანის შვილი დედა: ? მეუღლე: ელენე გურიელი შვილები: გიორგი და ბაგრატი |
|
1661 – 1663 | არჩილ II | მამა: ვახტანგ V დედა: მეუღლე: ქეთევანი (თეიმურაზ I-ის ძის, დავითის ასული) შვილები: დარეჯანი, ალექსანდრე, დავითი, მამუკა (მათე) |
მოსკოვი, დონის მონასტერი |
1663 | დემეტრე გურიელი | მამა: სიმონ II გურიელი დედა: ? მეუღლე: ? შვილები:? |
|
1663 — 1668 | ბაგრატ IV (ხელახლა) | ||
1668-1669 | დემეტრე გურიელი | ||
1669 — 1678 | ბაგრატ IV (ხელახლა) | ||
1678 — 1679 | არჩილ II (ხელახლა) | ||
1679 — 1681 | ბაგრატ IV (ხელახლა) | ||
1681 — 1683 | გიორგი III გურიელი (უზურპატორი) | მამა: ქაიხოსრო I გურიელი დედა: ხვარამზე მეუღლე: დარეჯანი (ბაგრატ IV-ის ასული), თამარი (ვახტანგ V-ის ძმისწული) შვილები: ქაიხოსრო II გურიელი, მამია III გურიელი |
|
1683 — 1690 | ალექსანდრე IV | მამა:ბაგრატ IV დედა: ლეჩხუმელი კოჩილას ცოლი მეუღლე: თამარ აბაშიძე, ელენე (გიორგი XI-ის ძმის, ლუარსაბის შვილი) შვილები:სიმონი, გიორგი VI |
რუისი |
1690 — 1691 | არჩილ II (ხელახლა) | ||
1691 — 1695 | ალექსანდრე IV (ხელახლა) | ||
1695 — 1696 | არჩილ II (ხელახლა) | ||
1696 — 1698 | გიორგი IV (გოჩია) | მამა: ? დედა: ? მეუღლე: თამარ აბაშიძე შვილები:? |
|
1698 | არჩილ II (ხელახლა) | ||
1698 — 1701 | სიმონი | მამა: ალექსანდრე IV დედა: ელენე (გიორგი XI-ის ძმის, ლუარსაბის შვილი) მეუღლე: ანიკა აბაშიძე, შემდეგ გიორგი გურიელის ასული შვილები: |
|
1701 — 1702 | მამია III გურიელი (უზურპატორი) | მამა: გიორგი III გურიელი დედა: ? მეუღლე: ? შვილები: გიორგი IV გურიელი, ქაიხოსრო III გურიელი, ლევან გურიელი |
შემოქმედის ეკლესია |
1702 — 1707 | გიორგი-მალაქია აბაშიძე (იმერეთის ფაქტობრივი მმართველი) (უზურპატორი) | მამა: პაატა აბაშიძე დედა: ? მეუღლე: 1. მიქელაძის ასული, 2. დარეჯანი, 3. ასული ბეჟან ლორთქიფანიძე პაპუნა II-ის დედა შვილები: ლევანი, ფინეზ, პაატა, თამარ, ანა (ანიკა), ელენე (მამია III გურიელის ცოლი), მარიამი (ვახუშტი ბატონიშვილის მეუღლე) |
კაცხის ტაძარი |
1703 — 1711 | გიორგი VI | მამა: ალექსანდრე IV დედა: ელენე (გიორგი XI-ის ძმის, ლუარსაბის შვილი) მეუღლე: როდამი (გიორგი XI-ის ასული), თამარ გურიელი შვილები: ალექსანდრე V, მამუკა, გიორგი |
გელათის მონასტერი |
1711, ოქტომბერი – 1712, ივნისი | მამია III გურიელი (უზურპატორი) | ||
1712, ივნისი — 1713 | გიორგი VI (ხელახლა) | ||
1713 – 1714 | მამია III გურიელი | ||
1714 — 1716 | გიორგი VI (ხელახლა) | ||
1716 | გიორგი IV გურიელი (უზურპატორი) | მამა: მამია III გურიელი დედა: ? მეუღლე: ? შვილები:მამია IV გურიელი, გიორგი V გურიელი |
|
1719 — 1720 | გიორგი VI (ხელახლა) | ||
1720 — 1741 | ალექსანდრე V | მამა: გიორგი VI დედა: როდამი მეუღლე: ?, თამარ აბაშიძე (ლევან აბაშიძის ასული) შვილები:იოსები, სოლომონი, არჩილი |
გელათის მონასტერი |
1741 | გიორგი VII | მამა: გიორგი VI დედა: თამარ გურიელი მეუღლე: ? შვილები: ? |
|
1741 – 1746 | ალექსანდრე V (ხელახლა) | ||
1746 – 1749 | მამუკა | მამა: გიორგი VI დედა: როდამი მეუღლე:? შვილები:? |
|
1749 – 1752 | ალექსანდრე V (ხელახლა) | ||
1752 — 1766 | სოლომონ I | მამა: ალექსანდრე V დედა: თამარ აბაშიძე მეუღლეები: თინათინ შერვაშიძე, მარიამ დადიანი (ოტია დადიანის ასული), გულქან დედოფალი შვილები: ალექსანდრე, დარეჯანი |
გელათის მონასტერი |
1766 — 1768 | თეიმურაზი | მამა: მამუკა დედა: ? მეუღლე: ? შვილები: ? |
|
1768 — 1784 | სოლომონ I (ხელახლა) | ||
1784 — 1789 | დავით II | მამა: გიორგი VII დედა: ? მეუღლე: ანა ორბელიანი შვილები: კონსტანტინე |
ჯრუჭის მონასტერი |
1789 — 1810 | სოლომონ II | მამა: არჩილი (ალექსანდრე V-ს შვილი) დედა: ელენე ბაგრატიონი მეუღლე: მარიამ დადიანი შვილები: |
ტრაპიზონი, 1990 წლიდან გელათის მონასტერი |
იხილეთ აგრეთვე
წყაროები
- ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, II თბ., 1959
- ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, 4, თბ., 1973
- იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თბ., 1964
- ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973
- არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თბ., 1938
- ევლია ჩელების მოზაურობის წიგნი, ნაკვ. I, თბ., 1971
- ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ს. კაკაბაძის გამოცემა, თბ., 1926
- ნ. ტოლჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, 1650-1652, გამოსცა ი. ცინცაძემ, თბ., 1970
- გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო მ. გელაშვილმა, თბ., 1962
ლიტერატურა
გამოყენებული ლიტერატურა
- ი. ანთელავა, ლევან II დადიანი, თბ., 1990
- ნ. ასათიანი, მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973
- ნ. ასათიანი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან, თსუ შრომები, ტ. 78, 1963
- ნ. ბერძენიშვილი, საქართველო XIX ს. პირველ მეოთხედში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
- შ. ბურჯანაძე, სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752-1768 წწ.), «თსუ შრომები», 1950, ტ. 41;
- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1764 წწ., «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1961, ტ. 3;
- შ. ბურჯანაძე, ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა, თბ., 1959
- დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. II, თბ., 1965
- ვ. გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006
- მ. დუმბაძე, დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში (რუსეთთან შეერთება და სოციალურ-ეკონომიური განვითარება), თბ., 1957;
- ენციკლოპედია საქართველო, ტ. I, თბ., 1997
- ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სენიორები, თბ., 1966
- შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბ., 1975
- ს.მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
- ე. მამისთვალაშვილი, იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თბ., 1975
- ნ. მოლაშვილი, ი. გეგეჭკორი, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ძირითადი მოვლენები და ქრონოლოგიური ცხრილები, თბ., 2000
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. I, თბ. 1991
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, თბ. 1993
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
- მ. რეხვიაშვილი, დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში, თბ. 1978
- მ. რეხვიაშვილი, იმერეთი XVIII საუკუნეში, თბ. 1982
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
- საქართველოს ისტორია, II, თბ., 2008
- საქართველოს ისტორია, ტ. IV, თბ., 2012
- საქართველოს მეფეები, თბ., 2000
- ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973
- მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (მე-16-17 სს.), თბ., 1971
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 113-115.
- ქ. ჩხატარაიშვილი, საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან (XVIII ს. პირველი მეოთხედი), საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, თბ., 1972
- ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. 4, თბ., 1967
- Накашидзе Н., Грузино-русские политические отношения в первой половине XVII века, Тб., 1968;
რეკომენდებული ლიტერატურა
- ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784-1789 წწ., «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1960, ტ. 2;
- ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789-1802 წწ., «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1962, ტ. 4;
- კაკაბაძე ს., საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1920;
- ლომინაძე ბ., გელათი, თბ., 1955;
- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბ., ნეკერი, 2000
- Гнилосаров П., О царе Соломон II и бывшем при нем управлении, Кавказский календаръ на 1859 год, Тфл., 1858;
- Дубровин Н., История войны и владичества русских на Кавказе, т. 2, СПб., 1886;
რესურსები ინტერნეტში
- იმერეთის მეფეები — georoyal.ge
- ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტოს გენეალოგიური სია
- მიხეილ რეხვიაშვილი „იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში (პოლიტიკური ისტორია)“
- ბაგრატ VI ქართლ-იმერეთის მეფე
- ალექსანდრე II იმერთა მეფე
- ალექსანდრე III იმერეთა მეფე (1639-1660)
- ბაგრატ III, იმერეთა მეფე
- სოლომონ I
- სოლომონ II
- Кавказский календарь на 1859 годъ
სქოლიო
- ↑ შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. III, თბ., 1986, გვ.291-300
- ↑ 2.0 2.1 ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. 4, თბ., 1967
- ↑ ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება. [ქართლის ცხოვრება, II თბ., 1959, გვ. 326-442]
- ↑ 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 4.14 ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა [ქართლის ცხოვრება, 4, თბ., 1973]
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 5.16 5.17 5.18 მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ., 1989
- ↑ საქართველოს ისტორიის საკითხები, 2, თბ., 1965
- ↑ მ. თამარაშვილი, კათოლიკობა ქართველთა შორის, 1902, გვ. 66
- ↑ ნ. ასათიანი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან, თსუ შრომები, ტ. 78, 1963
- ↑ ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, III, 1910
- ↑ ე. მამისთვალაშვილი, იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თბ., 1975, გვ. 147
- ↑ იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თბ., 1964, გვ. 26-27
- ↑ 12.0 12.1 მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (მე-16-17 სს.), თბ., 1971
- ↑ ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 813
- ↑ საქართველოს ისტორია, II, თბ., 2008, გვ. 154-155
- ↑ საქართველოს ისტორია, II, თბ., 2008, გვ. 150
- ↑ 16.00 16.01 16.02 16.03 16.04 16.05 16.06 16.07 16.08 16.09 ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1973
- ↑ ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სენიორები, თბ., 1966, გვ. 182
- ↑ 18.0 18.1 საქართველოს ისტორია, II, თბ., 2008, გვ. 151
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973, გვ. 823
- ↑ საქართველოს ისტორია, II, თბ., 2008, გვ. 179
- ↑ Н. Накашидзе, Грузино-русские политические отношения в первой половине XVII века, 1968, стр. 60-63.
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973, გვ. 825
- ↑ ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941, გვ. 104
- ↑ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, 1973, გვ. 341
- ↑ 25.00 25.01 25.02 25.03 25.04 25.05 25.06 25.07 25.08 25.09 25.10 25.11 25.12 25.13 25.14 25.15 მ. რეხვიაშვილი, დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში, თბ., 1978
- ↑ ი. ანთელავა, ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 57
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, იტალიურიდან თარგმნა ალ. ჭყონიამ, თბ., 1991
- ↑ 28.0 28.1 ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, ქართული თარგმანი გ. ფუთურიძისა, თბ., 1971
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 828
- ↑ 30.0 30.1 30.2 30.3 30.4 30.5 30.6 ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ს. კაკაბაძის გამოცემა, თბ., 1926
- ↑ დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. II, თბ., 1965, გვ. 425
- ↑ ნ. ტოლჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, 1650-1652, გამოსცა ი. ცინცაძემ, თბ., 1970, გვ. 37-38
- ↑ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 341
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი VI, თბ., 1973, გვ. 274
- ↑ 35.0 35.1 ნ. ასათიანი, მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973, გვ. 50-52
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973, გვ. 838
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 840
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ. 1959, გვ. 442
- ↑ დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. II, თბ., 1965, გვ. 466
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 853-854
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 854
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 857
- ↑ 43.00 43.01 43.02 43.03 43.04 43.05 43.06 43.07 43.08 43.09 43.10 43.11 43.12 43.13 43.14 43.15 43.16 43.17 43.18 43.19 43.20 43.21 43.22 43.23 43.24 43.25 43.26 43.27 43.28 43.29 43.30 43.31 43.32 43.33 მ. რეხვიაშვილი, იმერეთი XVIII საუკუნეში, თბ. 1982
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973, გვ. 342-343
- ↑ 45.0 45.1 45.2 45.3 ქ. ჩხატარაიშვილი, საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან (XVIII ს. პირველი მეოთხედი), საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, თბ., 1972
- ↑ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 461-462
- ↑ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 465
- ↑ ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, თბ., 1962, გვ. 176
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 891
- ↑ 50.00 50.01 50.02 50.03 50.04 50.05 50.06 50.07 50.08 50.09 50.10 შ. ბურჯანაძე, სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი, თსუ შრომები, ტ. 41, თბ., 1950
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, თბ., 1965, გვ. 213
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, თბ., 1965, გვ. 214
- ↑ 53.0 53.1 53.2 53.3 53.4 ზ. ცქიტიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მოღვაწენი, XVIII ს. II ნახევარი — XIX საუკუნის დამდეგი, თბ., 1980
- ↑ მ. რეხვიაშვილი, იმერეთი XVIII ს-ში, თბ., 1982, გვ. 54-55
- ↑ ს. კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, I, თბ., 1974, გვ. 85
- ↑ იობაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 508
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 415
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო მ. გელაშვილმა, თბ., 1962, ტ. I, გვ. 139
- ↑ მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში, თბ., 1976, გვ. 42-43
- ↑ ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 606
- ↑ შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბ., 1975, გვ. 216-217
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო მ. გელაშვილმა, თბ., 1962, ტ. I, გვ. 169
- ↑ შ. ბურჯანაძე, ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა, თბ., 1959, გვ. 60
- ↑ ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 34–37
- ↑ მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის
- ↑ 66.0 66.1 66.2 66.3 66.4 66.5 ვ. მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, თბ., 1957
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008, გვ. 325
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973, გვ. 428
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008, გვ. 326
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973, გვ. 429
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 326
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ., 2012, გვ. 413
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 327
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 327-328
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 328
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 329
- ↑ შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. III, თბ., 1961, გვ. 131-132
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 329-330
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 330
- ↑ შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784-1789 წწ., ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. II, თბ., 1960, გვ. 43
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 342
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 342-343
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 343
- ↑ ი. ცინცაძე, 1783 წ. მფარველობითი ტრაქტატი, თბ., 1960, გვ. 269-270
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 344
- ↑ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 752
- ↑ შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789-1802 წლებში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. IV, თბ., 1962, გვ. 247
- ↑ 88.0 88.1 88.2 ნ. დადიანი, ქართველთ ცხოვრება, ს. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 344-345
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 346
- ↑ ი. ცინცაძე, აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1969, გვ. 146
- ↑ 92.0 92.1 92.2 92.3 მ. დუმბაძე, დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II, თბ., 1967, გვ. 288
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 643, თბ., 1980 (სტატია კონსტანტინე ბატონიშვილი)
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II, თბ., 1967, გვ. 290
- ↑ შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთთან სოლომონ მეორის დროს, „მაცნე“, № 3, 1967, გვ. 91
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 83, თბ., 1979 (სტატია ელაზნაურის შეთანხმება)
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II, თბ., 1967, გვ. 309
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. IV, თბ., 2012, გვ. 18-19
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. IV, თბ., 2012, გვ. 19
- ↑ 101.0 101.1 მ. გონიკიშვილი, იმერეთი XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1979
- ↑ ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II, თბ., 1967, გვ. 388-389
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. IV, თბ., 2012, გვ. 20
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. IV, თბ., 2012, გვ. 20-21
- ↑ ჟან ბატისტ ტავერნიე, დიდი სენიორის სამეფო კარის ახალი აღწერა, ფრანგულიდან თარგმნა და და გამოსცა კ. გურულმა, თბ. 1974
- ↑ ჟან შარდენი, მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, ფრანგულიდან თარგმნა მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975
- ↑ მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში, თბ., 1976, გვ. 53-57
- ↑ ნ. მოლაშვილი, ი. გეგეჭკორი, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ძირითადი მოვლენები და ქრონოლოგიური ცხრილები, თბ., 2000, გვ. 275-288
- ↑ პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. I, თბ. 1991
- ↑ საქართველოს მეფეები, თბ., 2000 წ.
- ↑ პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, თბ. 1993
- ↑ ენციკლოპედია საქართველო, ტ. I, თბ., 1997