ასპინძის ბრძოლა
რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი
თარიღი 20 აპრილი, 1770
მდებარეობა ასპინძა
შედეგი ქართლ-კახეთის გამარჯვება
მხარეები
 ქართლ-კახეთის სამეფო  ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ერეკლე II გოლა ფაშა †
ძალები
3000 8000
დანაკარგები
25 6000

ასპინძის ბრძოლა1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან.

1770 მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი გოტლიბ ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (დაახლოებით 7 ათასი კაცი) - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპრილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. აქ ერეკლე II-მ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვეტდა აწყურის საკითხს. ტოტლებენი შეუძლებლად თვლიდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის მისეული გეგმა არასწორი იყო. ამით ისარგებლა ახალციხის ფაშამ და 18 აპრილს აწყურის ციხეში 2000-კაციანი დამხმარე რაზმი შეგზავნა.

19 აპრილს ტოტლებენი თავისი რაზმითურთ მოულოდნელად უკან დაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა, ციხიდან გამოიჭრა და თავს დაესხა ქართველებს. ერეკლე II-მ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. ქართველთათვის გზა რომ გადაეჭრა, ახალციხის ფაშამ 1500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან, მაგრამ ერეკლემ ეს რაზმი დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალები გამოჩნდა. ოსმალ-ლეკთა 8-ათასიანი კორპუსის დიდ ნაწილს ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორბაჩალოელს მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები ("ისრები"). ამით მტერს უკანდასახევი გზა მოეჭრა. 20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას - გიორგი ბატონიშვილი (შემდგომში გიორგი XII), ცენტრს – ერეკლე II, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასაც ახორციელებდა.

ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისაკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით ოსმალ-ლეკი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი. ერეკლემ ორთაბრძოლაში მოკლა ლეკთა ბელადი მალაჩილა (კოხტა-ბელადი). ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, დროშები, ცხენები და დიდძალი იარაღი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება