გიორგი XII
გიორგი XII (დ. 10 ოქტომბერი, 1746 — გ. 28 დეკემბერი, 1800, თბილისი) — ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798—1800), ერეკლე II-ის ძე. ლიტერატურაში ზოგჯერ გიორგი XIII-ის სახელით იხსენიება.
გიორგი XII | |
---|---|
ქართლ-კახეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1798 |
მმართ. დასასრული: | 1800 |
წინამორბედი: | ერეკლე II |
მემკვიდრე: | დავითი (გიორგი XII იყო უკანასკნელი მეფე) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 ოქტომბერი, 1746 |
გარდ. თარიღი: | 28 დეკემბერი, 1800 |
მეუღლე: | ქეთევან ანდრონიკაშვილი[1], მარიამ ციციშვილი |
შვილები: | იოანე, დავითი, ნინო, ბაგრატი, გაბრიელი, ოქროპირი, თეიმურაზი, ილია, ერეკლე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ერეკლე II |
დედა: | ანა |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებააღიზარდა სამეფო კარზე. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. 1765 წელს მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას, რაც მამა-შვილს შორის უთანხმოების საფუძველი გახდა. ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებდა გიორგი XII-ის დედინაცვალი დარეჯან დედოფალი, რომელიც გიორგი XII-ს საკუთარ შვილებს უპირისპირებდა. როცა ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1798 წლის იანვარში, გიორგი XII გამეფდა, იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო.
მოღვაწეობა
რედაქტირებამისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო ვითარება შეიქმნა. გიორგი XII ზრუნავდა ირანელთა 1795 წლის შემოსევის შედეგად დანგრეული თბილისის აღდგენაზე. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ შეკრებილი თანხა ეკლესიების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა. დაიწყეს სტამბის აღდგენა. გიორგი XII ცდილობდა ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენას, ებრძოდა ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს, ფიქრობდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ერთობაზე (სომხებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დანერგვით). შეეცადა მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა პარტიის დამორჩილებას და შინაური მოღალატეების ალაგმვას, მაგრამ ვერ შეძლო.
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებასაგარეო პოლიტიკაში გიორგი XII რუსეთთან ტრადიციული ურთიერთობის კურსს იცავდა. იგი მოითხოვდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანას, რომლის დახმარებით ფიქრობდა საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიძნელეებიდან თავის დაღწევას. მაგრამ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ (1799 წლის 26 ნოემბერი) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა.
გიორგი XII გარდაიცვალა თბილისში 1800 წლის 28 დეკემბერს, დილის 11 საათზე, დასაფლავებულია სვეტიცხოველში.
მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დუმბაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 161-162.
- დუმბაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 24.
- Утверждение русского владычества на Кавказе. Том 1
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑
„3 ივნისს 1782 წლისა მშობიარობისა გამო თეიმურაზზედ, მეფის რძალი ქეთევან გარდაიცვალა.“(ცხოვრება გიორგი XIII-სა, 1936, აკ. გაწერელიას რედაქციით, გვ. 10)
გიორგი XII დაიბადა: 10 ოქტომბერი, 1746 გარდაიცვალა: 28 დეკემბერი, 1800
| ||
წინამორბედი: ერეკლე II |
ქართლ-კახეთის მეფე 1798–1800 |
შემდეგი: სამეფო გაუქმდა |