ნინო ბაგრატიონ-დადიანი

ნინო ბაგრატიონ-დადიანი (დ. 15 აპრილი, 1772 — გ. 31 მაისი, 1847, პეტერბურგი) — სამეფო ოჯახის წევრი, ერეკლე II-ის შვილიშვილი და გიორგი XII–ის ასული. ისტორიული წყაროები ოდიშ-ლეჩხუმის დედოფლად მოიხსენიებენ.

ნინო ბაგრატიონ-დადიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1789 წელს მან იქორწინა ოდიშის მთავარ გრიგოლ კაციას ძე დადიანზე, რომელთანაც 6 შვილი: ორი ვაჟი და ოთხი ასული შეეძინა. ნინო გიორგის ასული გადედოფლებისთანავე მთავრის ცოლის უფლება–მოვალეობით შეიმოსა. 1790 წელს ერთ-ერთი საბუთის თანახმად, გრიგოლ დადიანმა თანამეცხედრეს მიუჩინა სადედოფლონი ადგილ–მამულნი, უბოძა თავისდა ნაწილად დედოფლობისად საჭილაო მამული საბატიოს კაცით. აზნაურით, გლეხით, საზღვრით-საზღვრამდე, შესავალ-გამოსავალით... ამასთან ხორგა, იქ მყოფის თავადის შვლიანად, აზნაურ–გლეხიანად.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნინო ბაგრატიონი შვილის, ლევანის სრულწლოვანებამდე რეგენტად გამოცხადდა და 1804–1811 წლებში სამეგრელოს მართავდა. მას ჰყავდა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მსაჯულთუხუცესი ნიკოლოზ დადიანი, სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი გიორგი ჩიქვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი. 1805 წელს მან რუსეთში გაგზვნა დეპუტაცია: დეპუტაციამ ალექსანდრე I-ს საჩუქრად მიართვა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, 1806 წელს იმპერატორმა ძვირფასი თვლებით შეამკობინა ხატი და დეპუტაციას სამეგრელოში გამოატანა, ასევე მისცა მილიონი რუბლი ხატისთვის ეკლესიის ასაშენებლად.

1811 წელს ნინო ბაგრატიონ-დადიანი რუსეთში გაიწვიეს, როგორც ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის წევრი. იგი პეტერბურგში ცხოვრობდა, როგორც პატიმარი.

1832 წლის შეთქმულების დროს სამეგრელოს დედოფალი ვორონეჟის მონასტერში იმყოფებოდა. მას ბრალად დასდეს შეთქმულებთან თანამოაზრეობა, მიმოწერა ფილადელფოს კიკნაძესთან. ნინოს სულიერად ამხნევებდა ერთგული მოძღვარი როსტომ იოსელიანი. სიცოცხლის ბოლოს ქალაქ რიაზანში ცხოვრობდა.

გარდაიცვალა პეტერბურგში, 75 წლის ასაკში, 1847 წლის 31 მაისს, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, წმინდა თევდორეს ეკლესიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება