ფილადელფოს კიკნაძე

ფილადელფოს იოანეს ძე კიკნაძე (დ. დაახლ 1794 — გ. 5 სექტემბერი, 1833) — ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური.

ფილადელფოს კიკნაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფილადელფოსის მშობლები იყვნენ იოანე კიკნაძე და თინათინ აბაშიძე. მისი ნათლობის სახელი ყოფილა ნიკოფორე. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეურქმევიათ, ხოლო იოერომონაზვნად კურთხევისას (1822 წ.) - ფილადელფოსი. დაბადებულა დაახლოებით 1794 წელს. მშობლები ადრე გარდაცვლია.

1826 წელს კათოლიკოს ანტონს გაჰყოლია რუსეთში. ნიჟნი-ნოვგოროდში თავად ციციშვილთან უთანხმოება მოსვლია და დაუპატიმრებიათ. მისი სახლი გაუჩხრეკიათ და ნაწერები გაუნადგურებიათ. ანტონის დახმარებით პატიმრობიდან გაუთავისუფლებიათ და იგი მოსკოვს ჩასულა. აქ დაახლოებია მეფეების - ერეკლესა და გიორგის - შვილებს.

მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს დანარჩენი ნაწილების დაპყრობას შეუდგა, თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით არაერთხელ ააფრიალა აჯანყების დროშა. ჩვენს ისტორიაში აჯანყების ერთ-ერთი ასეთი მცდელობა „1832 წლის შეთქმულების“ სახელითაა ცნობილი. ის რუსეთში, იქ გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. 1825 წელს პეტერბურგში მცხოვრებმა დიმიტრი იულონის ძემ, ხოლო 1826 წელს მოსკოვში იძულებით მყოფმა ოქროპირ გიორგი მეთორმეტის ძემ (ბაგრატიონებმა) გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს კი პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა დიდი ქართველი განმანათლებელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი და შეთქმულების ცენტრმაც თბილისში გადმოინაცვლა.

რუსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქართველ პატრიოტებს სამშობლოში თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში გამოზრდილი ახალგაზრობა დახვდა. აქ თანდათანობით გამოიკვეთა შეთქმულების ხელმძღვანელი ბირთვი სოლომონ დოდაშვილის, ელიზბარ ერისთავის, ალექსანდრე ორბელიანისა და იესე ფალავანდიშვილის შემადგენლობით. ფარული საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ ის მოღვაწეებიც, რომელთაც შემდგომში ფასდაუდებელი ამაგო დასდეს ქართული ენის, ლიტერატურის, კულტურის აღორძინებასა და განვითარებას: ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, გიორგი ერისთავი, მანანა ორბელიანი და სხვები. იგი შეთქმულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოდან რუსების განდევნა და აქ კონსტიტუციური მონარქიის დამყარება. მეფედ კი თავისი ქვეყნის თავისუფლებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, სპარსეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე) უნდა მოეწვიათ.

აჯანყება, წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, მთელ კავკასიას უნდა მოსდებოდა, რათა საბოლოოდ ალაგმულიყო აქ რუსთა თარეში. მაგრამ შეთქმულებს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის სრულიად გაწყვეტა არ ჰქონდათ განზრახული, არამედ სურდათ, რუსეთ-საქართველოს შორის დამყარებულიყო საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა. სწორედ ამას ითვალისწინებდა 1783 წელს რუსეთთან დადებული ტრაქტატიც.

ფილადელფოსი საქართველოში დაბრუნდა 1828 წელს და აქტიურად ჩაება შეთქმულების საქმიანობაში. მან შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა „აკტი გონიური“, რომელსაც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი. შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო ანბანი, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი.

წესდებაში ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციის მიზანდასახულობა, წევრთა მიღების წესი, შეთქმულთა შორის დამოკიდებულების ნორმები, საიდუმლოების დაცვის ხერხი და სხვა. „აკტი გონიურში“ გამოყენებულია ე. წ. „მასონური ლოჟებისა“ და ლიბერალურ-განმანათლებელი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ანალოგიური წესდებანი.

„აკტში“ ფილადელფოსი მოუწოდებდა შეთქმულებს, ყოფილიყვნენ ზნეობრივნი, პატიოსანნი, სამართლიანნი, ჰყვარებოდათ ერთმანეთი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ „სადაც არს სიყვარული, მუნ აღსპობილ არს ყოველივე ბოროტი“.

დედანი დაცულია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1—2, თბ., 1935—1970

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება