ელიზბარ ერისთავი (XIX საუკუნე)

ელიზბარ შანშეს ძე ერისთავი (დ. 1808 ან 1810 — გ. 12 იანვარი, 1872, გორი) — თავადი, ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, მეწარმე. იყო 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდეგ იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო სამსახურში; გორის მაზრის უფროსი (1858-1870), გენერალ-მაიორი (1870).

თავადი ელიზბარ ერისთავი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელიზბარ ერისთავი იყო ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, პირდაპირი შთამომავალი იასე ყულარაღასისა. დაიბადა მეფე გიორგი XII-ის ეშიკაღასბაშის შანშე იესეს ძე ქსნის ერისთავის ოჯახში. 1823–1830 წლებში ცხოვრობდა პეტერბურგში. აქვე დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი. 1830 წელს საქართველოში ჩამოვიდა და პოდპორუჩიკის ჩინით სამსახური დაიწყო კავკასიის გრენადერთა არტილერიის მესამე მსუბუქ ასეულში, რომელიც ლორეში იყო დაბანაკებული. მამის გარდაცვალების შემდეგ (1831 წლის სექტემბერი) სამხედრო სამსახურს თავი გაანება. მუდმივად ცხოვრობდა ქალაქ გორში.

პეტერბურგში ყოფნის დროს ერისთავი ხშირად სტუმრობდა დიმიტრი ბატონიშვილის სალონს, სადაც საფუძველი ჩაეყარა შეთქმულებას რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ. პეტერბურგიდან გამომგზავრებისას მას დაევალა საქართველოში თანამოაზრეთა ჯგუფის შექმნა. ერისთავმა იკისრა შეთქმულთა ჯგუფების კოორდინაცია და აჯანყების მზადების საერთო ხელმძღვანელობა, მუდმივი მიმოწერა ჰქონდა დიმიტრი ბატონიშვილთან, თუმცა შეთქმულთა ნაწილი მას უარყოფითად ახასიათებდა. შეთქმულების გაცემის შემდეგ ერისთავი ავლაბრის ყაზარმაში დაატუსაღეს, გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენი გადასახლებით შეუცვალეს და ჰელსინგფორსში (ფინეთი) რიგით ჯარისკაცად გაამწესეს.

1842 წლის მაისში ერისთავი სამშობლოში დაბრუნდა. მსახურობდა ოფიცრად ქართველ გრენადერთა პოლკში. აქტიურად მონაწილეობდა ქართულ კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. 1843 წელს მან თავის ძმასთან, დიმიტრისთან, ერთად სოფ. ღვარებში ააგო შუშის ქარხანა, რომელმაც მიიღო თბილისის სათადარიგო აფთიაქის მინის ჭურჭლით მომარაგების პრივილეგია. ქარხანა ორჯერ დაიწვა, მაგრამ ორჯერვე აღადგინა. ერისთავმა პირადად იმოგზაურა ბოჰემიაში, რათა ადგილზე შეესწავლა და გადმოეღო იქაური შუშის ქარხნების მუშაობის მეთოდები.

1858 წელს კაპიტანი ერისთავი გორის მაზრის უფროსად დაინიშნა. თავის მამულში აიშენა და ევროპულად მოაწყო სახლი, მაზრაში გაავრცელა ევროპული ჯიშის ხეხილი. მიესალმა რუსეთის იმპერიაში ბატონყმობის გაუქმებას (1861). 1866 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1870 წელს თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით და მუნდირის ტარების უფლებით. 1871 წლის ნოემბრიდან გარდაცვალებამდე (1872) მსახურობდა გორის მაზრის I განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. დაკრძალეს გორის საკრებულოს ტაძრის („სობორო“) გალავანში. იმავე წელს ღვარების მინის ქარხანა მისმა მემკვიდრეებმა იჯარით უცხოელ მეწარმეებს გადასცეს.

ელიზბარ ერისთავს ცოლად ჰყავდა თავისი შორეული ნათესავი ქეთევანი, თავად შალვა (ქსნის) ერისთავის ასული (დ. 1826 — გ. 1906). ჰყავდა რვა შვილი, მ. შ. ელისაბედ ერისთავი, შემდგომში ჟურნალისტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–76.
  • ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის : II მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა–ე), თბ., 1980. — გვ. 234–235.
  • ელიზბარ ერისთავი (კრებული). შემდგენელ-რედაქტორი რ. ჩხეიძე, თბ., 1997.
  • ქენქაძე ვ., ქსნის ერისთავიანთ ქალები: წ. 1 : XIV-XIX სს., თბ., 2010. — გვ. 58-60.
  • ჩიქოვანი ი., ქსნის ერისთავები, თბ., 2010. — გვ. 10..

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება