ეშიკაღასბაში, ეშიკაღასი (თურქ. ეშიქ — ზღურბლი, აღა — ბატონი, ბაშ — თავი) — საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის უფროსი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. შემოიღეს სპარსეთის სამოხელეო წყობილების მიხედვით.

ვახუშტის ცნობით, ეშიკაღასბაშობა როსტომ მეფის დროიდან დაწესდა მანდატურთუხუცესობის მაგიერ, თუმცა, ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში ეშიკაღასბაშისა და მისი ქვემდგომი ეშიკაღასის სახელოები სვიმონ I-ის (1556-1600 წწ.) ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ჩანს.[1] ეშიკაღასბაშის ხელქვეითი მოხელეები იყვნენ ხელჯოხიანებიბოქაულთუხუცესი (ეშიკაღასბაშის მოადგილე), ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი და თალიში.

ისინი ეშიკაღასბაშის ხელმძღვანელობით აღასრულებდნენ სხვადასხვა ბრძანებას, სასამართლოს განაჩენ-გადაწყვეტილებას და სხვა. ეშიკაღასბაში იყო სასახლის მთავარი გამრიგე, მეფის მეჯლისებთან დაკავშირებული ცერემონიალის ხელმძღვანელი, წესრიგის დამცველი; მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაჭრაში. ვახტანგ მეფის დასტურლამალში მოხსენიებულია 2 ეშიკაღასბაში. XVIII საუკუნეში არსებობდა ქართლის, დედოფლის, ბატონიშვილების, ე. წ. არმის და ხალვათხანის ეშიკაღასბაშის სახელოები. აქედან მნიშვნელობით და უფლება-მოვალეობებით ყველას აღემატებოდა ქართლის ეშიკაღასბაში. არმის ეშიკაღასბაშის ფუნქცია იყო ზრუნვა სასახლის წესრიგზე, მგზავრობისას მეფის ოჯახის ხლება და ა. შ. ხალვათხანის ეშიკაღასბაში ადგილობრივი დანიშნულების სასახლის ხელშინაური მოხელე უნდა ყოფილიყო.[1]

ეშიკაღასბაშის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ ქართლისა და კახეთის უმაღლესი არისტოკრატიის — ორბელიანების, ციციშვილების, ბარათაშვილების, ვაჩნაძეების, მაყაშვილების, ხერხეულიძეების, საგინაშვილების, ჭავჭავაძეების და სხვ. სახლების წარმომადგენლები.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13, გვ. 185-195;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
  1. 1.0 1.1 1.2 ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (პროექტის ხელმძღვ. — თამარ აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 185-188.