ბარათაშვილები
ბარათაშვილები — ფეოდალური საგვარეულო XV-XIX საუკუნეების საქართველოში. გვარის ფუძემდებელი იყო ბარათა ქაჩიბაიძე (ქაჩიბაძე), რომლის შვილები XV საუკუნის II ნახევრის მოღვაწენი, ჯერ კიდევ ქაჩიბაძის გვარს ატარებდნენ, მათი შთამომავლები კი XV საუკუნის ბოლოდან უკვე ბარათაშვილებად იწოდებიან. ბარათაშვილების სამფლობელო საბარათიანო XV საუკუნის ბოლოსათვის ძირითადად ალგეთის, ქციისა და მაშავერის ხეობებს მოიცავდა (ამ ხეობებში სხვა ფეოდალებიც ფლობდნენ ყმა-მამულს). მათ ეკუთვნოდათ ასობით სოფელი, ჰყავდათ დაახლოებით 250-300 აზნაური და 2500-3000 კომლი გლეხი. სამფლობელოს ცენტრი სამშვილდე იყო. ციხესიმაგრეები და სასახლეები ჰქონდათ აგრეთვე დმანისში, დარბასჭალაში, ტბისში, ენაგეთში და სხვა. მათი საგვარეულო მონასტრები და სასაფლაო იყო ფიტარეთისა და გუდარეხის მონასტრები, დმანისის ღვთისმშობლისა და სოფ. ქედის ეკლესიები.
ბარათაშვილები | |
---|---|
ტიტული | თავადი, სახლთუხუცესი, მდივანბეგი, სომხით-საბარათიანოს სარდლები |
დამფუძვნებელი | ბარათა ქაჩიბაიძე |
განშტოებები | გოსტაშაბიშვილები, გერმანოზიშვილები, ზურაბიშვილები, აბაშიშვილები, ფალვან-ხოსროშვილები, იოთამიშვილები, იარალიშვილები, ორბელიანები |
სამფლობელოები | საბარათიანო |
ბარათაშვილები XVI-XVII საუკუნეებში ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა შორის ერთ-ერთი პირველნი იყვნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბარათაშვილების გვარის წარმომადგენლები იყვნენ მეწინავე სადროშოს — სომხით-საბარათიანოს სარდლები, მათ ხშირად ეჭირათ აგრეთვე სახლთუხუცესის, მდივანბეგებისა და სხვა სახელოები. XVI-XVII საუკუნეებში ბარათაშვილებს გამოეყვნენ და ცალკე ფეოდალურ საგვარეულოებად ჩამოყალიბდნენ გოსტაშაბიშვილები, გერმანოზიშვილები, ზურაბიშვილები, აბაშიშვილები, ორბელიშვილ-ყაფლანიშვილები, ფალავან-ხოსროშვილები, იარალიშვილები და იოთამიშვილები. თვით ბარათაშვილები XVII საუკუნის II ნახევრიდან დაქვეითდნენ და პირველობა ყაფლანიშვილებს დაუთმეს.
ბარათაშვილების საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ბარათა ბარათაშვილი, მიხეილ ბარათაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, სულხან ბარათაშვილი და სხვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
- ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
- ჯამბურია გ., ქსე, ტ. 2, გვ. 198, თბ., 1977