გოსტაშაბიშვილები
გოსტაშაბიშვილები — თავადთა საგვარეულო, ბარათაშვილთა ერთი შტო XVI-XIX საუკუნეებში ქვემო ქართლში.
გოსტაშაბიშვილების გვარის ფუძემდებლად ითვლება გოსტაშაბ ქავთარის ძე ბარათაშვილი, 1523 წელს ბარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გოსტაშაბიშვილების სათავადო მამულები — საგოსტაშაბიშვილო — ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა; ყმა-მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაშაბიშვილების სამფლობელოს ცენტრი იყო სოფ. ამლივი (ახლანდელი ამლევი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული სასაფლაო-მონასტერი. გოსტაშაბიშვილებს სასახლე ჰქონდათ ბირთვისშიც, სასაფლაო-საძვალე კი ბეთანიაში. გოსტაშაბიშვილებს XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე 300-მდე ყმა-გლეხი და 10-მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ.
1713 წელს და 1721-1724 წლებში გოსტაშაბიშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამულები დაქუცმაცდა, ლეკიანობის შედეგად კი, XVIII საუკუნის ბოლოსათვის, გოსტაშაბიშვილების ყმა-მამული შემცირდა, რის გამოც ისინი XIX საუკუნეში წვრილ მფლობელებად იქცნენ. გოსტაშაბიშვილების ფეოდალური სახლის უფროსი — მეორე, ხოლო სახლიკაცები — მესამე ხარისხის თავადებად ითვლედბოდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 124.
- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 235.
- ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 3-4, თბ., 1938;