მთავარი მენიუს გახსნა
ბირთვისის ციხე.

ბირთვისი – ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ფარცხისის აღმოსავლეთით 6-7 კილომეტრზე.

ციხისკენ მიმავალ გზას მივყავართ ვიწრო კარამდე. შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე, პატარა ეზო იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. აქედან, ამ წვეტიანი მთების ძირები ისე ღრმადაა, რომ ზემოდან ძლივს მოჩანს. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ეს კოშკი, როგორც ეტყობა, გვიან პერიოდშია შექმნილი, მაგრამ სხვაგან გვხვდება გაცილებით უფრო ადრეული ფენები.

ისტორიარედაქტირება

 
ბირთვისის ციხის ერთ-ერთი კარი.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. მაგრამ იგი გაცილებით ადრე უნდა იყოს წარმოქმნილი. მას სიმაგრის მნიშვნელობა XVIII ს. ბოლომდე არ დაუკარგავს და აუღებლად ითვლებოდა.

ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი ერთგან წერს:

 
„ბირთვისის ციხის ომი, ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალნენ“.“

თემურ-ლენგი ერთ-ერთი შემოსევის დროს მიადგა ბირთვისის ციხეს, რომელიც „იყო დიდად განმაგრებულ“.

 
„„ხოლო სპანი ლანგ - თემურისანი შიშით მძრწოლარენი ფრიად მჭვუნვარე იყვნეს და უარჰყოფდეს ციხისა მის აღებასა, რამეთუ მრავალგზის ვნებულ იყვნეს მათ მიერ და უწყოდენ ციხისა მის სიმტკიცე“.“

თემურ-ლენგს, რომლის წინაშე მთელი აზია თრთოდა და აუღებელი ციხე არ დარჩენია, ცხადია, აქაც არ შეჩერებულა და ჯარი იერიშზე გადაიყვანა. მეციხოვნეები გამოუხდნენ, მტერი გააქციეს და ისევ შებრუნდნენ. გაბოროტებულმა თემურმა მთელი ჯარით ალყა შემოარტყა და

 
„აღუშენა გარემოს ციხეები საფრად... და თვით მიადგა წინა კერძო ბჭესა მის ციხისასა, და მუნცა აღაშენა ცახე.“

ამასთანავე, გასცა ბრძანება ეწარმოებინათ შეუპოვარი ბრძოლა. ამ ხერხმაც ვერ გასჭრა. პირდაპირი გზით, რომ ვერაფერი გააწყვეს სხვა გზა მოძებნეს. ვიღაცის საშუალებით გაიგეს ციხის სუსტი ადგილი, დაამზადეს თოკის კიბე და ვინმე "მეგვიპტელის" საშუალებით კლდის წვერზე მოაბეს და ჩუმად შეიპარნენ.

ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა.

ლიტერატურარედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • თოდრია თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 399, თბ., 1977 წელი.
  • გიგაური ზ., ბეჟუაშვილი დ., ალგეთის ხეობა, თბ., 2003 წ.
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002 წ.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988 წ.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება