ალგეთის ხეობა — ხეობა („ქვეყანა“) ისტორიული ქვემო ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში.

ალგეთის ხეობა
მდინარე ალგეთი
ალგეთის ხეობა

გეოგრაფია

რედაქტირება

ჩრდილოეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედი, აღმოსავლეთით — მდ. მტკვარი, სამხრეთით — მდ. ხრამი და წინწყაროს პლატო, დასავლეთით — წალკა-თრიალეთის ზეგანი.

ალგეთის ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის კვალი (კიკეთი, აბელია, ფარცხისი, არდისუბანი, მუხათი). ხეობის ზემო წელის სამხრეთ-დასავლეთით, ბედენის პლატოზე, გათხრილია შუაბრინჯაოს ეპოქის ვეებერთელა ყორღანები. ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები, მეტწილად სამოსახლო გორებზე (ზირბითი, ჩხიკვთა, მაწევანი, თონეთი, საფუძრები, არხოტი და სხვა). მათგან ზოგს შემოვლილი აქვს მშრალი წყობით ნაგები ე. წ. ციკლოპური გალავანი.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ვრცელისამაროვანია შესწავლილი ალგეთის ხეობის შუაწელზე — „მადნისჭალაში“. ძნელად მისადგომი ბუნებრივი სიმაგრეები იყო უძველესი სამოსახლოები — ლოდოვანები (ბედენის, ლაკვის, გოხნარის, დურნუკისა და სხვა), რომლითაც დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ საცხოვრებლად. ადრინდელი ანტიკური ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალგეთის სამარხი, ამავე ხანის ძეგლებია აღმოჩენილი აბელიაში, მანგლისში, არდისუბანში, ასურეთში. მანგლისშივეა მოკვლეული ელინისტური ხანის მასალა (ცხოველთა და ფრინველთა ნივთები).

ადრეული პერიოდიდანვე ხეობაში გამავალმა მნიშვნელოვანმა სავაჭრო-ეკონომიკურმა და სამხედრო-სტრატეგიულმა გზებმა მანგლისი ხეობის ერთ-ერთ ცენტრად აქცია. ვახტანგ გორგასლის დროს იგი საეპისკოპოსოს ცენტრი გახდა და ამ დროიდან მთელმა ალგეთის ხეობამ „მანგლისის ხევის“ სახელი მიიღო. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მანგლისის ხევის საზღვრები სცილდებოდა ალგეთის ხეობის გეოგრაფიულ ფარგლებს და ვერეს (სკვითრეთის) ხეობის დიდ ნაწილს მოიცავდა.

ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვემო ქართლი და მასთან მანგლისის ხევიც თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა. IX საუკუნის ბოლოს თრიალეთის ბაღვაშები დაეპატრონნენ და ალგეთის ხეობის თავში კლდეკარის ციხე ააგეს. ალგეთის ხეობა ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის გაყოფილი აღმოჩნდა. მისი ზემოწელი კლდეკარის საერისთავოში შედიოდა, ქვემოწელი კი თბილისის საამიროს შემადგენლობაში რჩებოდა. თბილისის საამიროს იცავდა ორბეთის, ბირთვისისა და ფარცხისის ციხეთა ძლიერი ერთიანი სისტემა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა ალგეთის ხეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში. კლდეკარის ერისთავები აქტიურად ცდილობდნენ ამ ციხეების ხელში ჩაგდებას. XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ალგეთის ხეობა სამეფო დომენად აქცია. განვითარებულ შუა საუკუნეებში ეს იყო მჭიდროდ დასახლებული და დაწინაურებული „ქვეყანა“, რასაც მოწმობს ამ ხანის უამრავი ნასოფლარი და მატერიალური კულტურის ძეგლი. აქ მდებარეობდა საქართველოს მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები: კოჯორი, ტაბახმელა და გუდარეხი.

XV საუკუნისათვის, როდესაც საქართველოს ფეოდალურ საზოგადოებრივ ურთიერთობაში ახალი ვითარება შეიქმნა და სათავადოების სისტემა წარმოიშვა, ალგეთის ხეობა ქვიისა და მაშავერის ხეობებთან ერთად საბარათიანოს შემადგენლობაში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში საბარათიანო რამდენიმე სათავადოდ დაიშალა, რომელთა დიდი ნაწილი ისევ ალგეთის ხეობაში ჩამოყალიბდა (საგოსტაშაბისშვილო — ცენტრით ამლივ-ტბისში, საგერმანოზიშვილო — ცენტრით გუდარეხში და ა. შ.). XIX საუკუნეში ალგეთის ხეობა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის შემადგენლობაში შედიოდა. ამჟამად ალგეთის ხეობის ზემოწელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ქვემოწელი — მარნეულის მუნიციპალიტეტს.

ეკონომიკა

რედაქტირება

ალგეთის ხეობაში მეურნეობის მრავალი დარგი იყო განვითარებული. ხეობის ქვემოწელში წამყვანი ადგილი ოდითგანვე ეკავა სახნავ მიწათმოქმედებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეს მხარე გაპარტახდა და მომთაბარე თურქმანი ტომების საზამთრო საძოვრად იქცა.

ხეობის შუაწელში განვითარებული იყო მევენახეობა, მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები. ზემოწელში უმთავრესად მემინდვრეობა და მესაქონლეობა იყო გავრცელებული. ალგეთის ხეობაზე გადიოდა ცნობილი ცხვრის გზა. თრიალეთ-ჯავახეთის საძოვრებისაკენ მიმავალი კახეთის ცხვარი გაივლიდა კოჟრისა (კოჯრის) და ორბეთის ციხეების ძირას და მდინარე ალგეთზე გადებული სპეციალური ცხვრის ხიდით ადიოდა ბედენის პლატოზე, რომელიც უშუალოდ თრიალეთს ეკვრის.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ., 1, თბ., 1964;
  • თოდრია თ., მანგლისის ხევი, «ძეგლის მეგობარი», 1970, № 21;
  • თოდრია თ., ქსე, ტ. 1, გვ. 282-283, თბ., 1975