თრიალეთის ქედი
თრიალეთის ქედი — ქედი საქართველოში, მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში. გაწოლილია დასავლეთით — ახალციხის და აღმოსავლეთით — თბილისის ქვაბულებს შორის. იწყება საბადურის და მთავრდება თბილისთან, თელეთის ქედით. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, მაქსიმალური სიგანე 30 კმ.
თრიალეთის ქედი | |
---|---|
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
კოორდინატები: 41°41′10″ ჩ. გ. 43°30′50″ ა. გ. / 41.68611° ჩ. გ. 43.51389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | შავიკლდე |
სიმაღლე | 2850 მ |
სიგრძე | 150 კმ |
სიგანე | 30 კმ |
![]() |
თრიალეთის ქედი ძირითადად აგებულია პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები.
თრიალეთის ქედის მთავარი განტოტებებია დასავლეთ ნაწილში — გვირგვინი, საბადური, ჭობარეთი, აღმოსავლეთ ნაწილში — საწკეპელა, თელეთი. ქედის უმაღლესი ადგილია მწვერვალი შავიკლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების სიმაღლე — (არჯევანი, საყველო, კოდიანი, ოშორა, ორთათავი, ქვაჯვარი, კენჭიყარა და სხვა) 2300—2800 მ აღწევს.
თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო, რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკანური წარმონაქმნები, ქვაბულები, მერწყრები, გამოქვაბებულები და სხვა. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200—1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი — ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200—1300-დან 2000—2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარმუქწიწვიანი ტყეებია. ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეუულობით.
ლიტერატურა რედაქტირება
- ცხოვრებაშვილი შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 113.