გამოქვაბული, ქვაბი — კლდეში გამოღრმავებული ადგილი, მღვიმის საპირისპიროდ ქართულ სპელეოლოგიურ და არქეოლოგიურ ლიტერატურაში ადამიანის მიერ გამოკვეთილ ხელოვნურ ღრმულს აღნიშნავს. გამოიყენებოდა საცხოვრებლად, სახიზრად, სალოცავად, პირუტყვის სადგომად, დოვლათის შესანახად და სხვა. განსაკუთრებით ფართოდ იყენებდნენ ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის I ნახევრიდან (რკინის იარაღის ათვისების შემდეგ).

გამოქვაბულები საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში ცნობილია გამოქვაბულთა კომპლექსები უფლისციხე, ვარძია, შიომღვიმე და სხვა.

ისტორიული ძეგლებიდან ჩანს, რომ საქართველოში იყო გავრცელებული სხვადასხვა მასალისაგან აშენებული ნაგებობანი; არსებობდა კლდეებში გამოკვეთილი სახლები და მთელი ქალაქებიც-კი. გამოქვაბული საცხოვრისის შემდეგ ფეხი მოიკიდა ჯერ უქვითკირო ხოლო შემდეგ ქვითკირით ნაშენმა საცხოვრისებმა.

ლეონტი მროველის თქმით სპარსთა გმირის ქაიხოსროსაგან ოტებულნი და საქართველოში შემოხიზნული „თურქნი“, რომ

განიყუნეს ყოველთა ქალაქთა შიგან..., უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოეს ადგილი ერთი მცხეთას, დასავლით კერძო, კლდეთა შორის მოკუეთილი, ღრმა. და მოითხოვეს ადგილი ერთი იგი მცხეთელთა მამასახლისითგან. მისცა და აღაშენა იგი, მოზღუდეს მტკიცედ; და ეწოდა მას ადგილსა სარკინე

— ცხოვრება მეფეთა, *125, გვ. 12

კლდეში კაფვა და მუშაობა, ლეონტი მროველის სიტყვით, შემდეგშიც ყოფილა საქართველოში. როდესაც ალექსანდრე მაკედონელისაგან გარემოცულ სარკინე ქალაქის მცხოვრებთ გაუჭირდათ,

იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და განჴურიდეს კლდე იგი, რომელი ლბილ იყო და ადვილად საჴურეტელი. და განკრბეს ჴურელსა მას სარკინელნი ღამე. და შეილტვოდეს კავკასიად და დაუტევეს ცალიერად ქალაქი

— ცხოვრება მეფეთა *113, გვ. 14-15

კლდეში გამოკვეთილ ნაგებობათა ხნიერების გასათვალისწინებლად საქართველოში საგულისხმოა, რომ ქართლის მოქცევის მატიანის ავტორს „ციხჱ დიდი სარკინისაჲ უფლის ციხჱ“ საქართველოს უძველეს ციხეთა შორის აქვს დასახელებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ივ. ჯავახიშვილი, „მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის — მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში“, თბ., 1946.