უღელტეხილი

მთის ქედზე ან მასივზე ფეხით ან ტრანსპორტით გადასასვლელი ადგილი

უღელტეხილიქედის ან მთის მასივის გადასასვლელად მოხერხებული ყველაზე დაბალი ადგილი. წარმოადგენს თხემის დადაბლებას, რომელიც ემსახურება ერთი პუნქტიდან (მაგ., ხეობიდან) მეორე პუნქტზე (მაგ., მეზობელ ხეობაში) გადასვლას. უღელტეხილზე შეიძლება გადიოდეს: საფეხთმავლო, საავტომობილო და იშვიათად სარკინიგზო გზები. საფეხთმავლოს მიეკუთვნება სასაპალნე და საჭაპანო გზები. გადის ასევე ბილიკები.

უნაგირა. წითელი წერტილი წარმოადგენს უნაგირას ზედაპირს, ხოლო მწვანე ხაზი წარმოადგენს ციცაბო დაქანების მარშრუტს
სენ-ბერნარის უღელტეხილი

უღელტეხილზე ხშირად გადადის სამხედრო გზებიც. ასეთი უღელტეხილები კარგად არის გამოკვეთილი საქართველოში. მაგ., ჯვრის უღელტეხილი, ან ქლუხორის უღელტეხილი. პირველზე გადადის საქართველოს სამხედრო გზა, ხოლო მეორეზე სოხუმის სამხედრო გზა. სამხედრო სტრატეგიისათვის ორივე უღელტეხილი მნიშვნელოვანია.

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განასხვავებენ მრავალწლიურ და სეზონური მოქმედების უღელტეხილებს. ხოლო სიმაღლე განსაზღვრულია ქედების სიმაღლესთან დაკავშირებით, მაგ., ურალზე მათი სიმაღლე მხოლოდ 400 მ-მდეა, ალპებში – 4000 მ-მდე, ჰიმალაიში – 5500 მ-მდე.

გამოიყოფა:

  • პირველეულ-ტექტონიკური უღელტეხილი - წარმოქმნილი ადგილობრივი ანტიკლინური ნაოჭის დაძირვისას, რომელიც შეიცავს ქედის თხემს;
  • მდინარეული უღელტეხილი - წარმოქმნილი ორი ხეობის ზემო მონაკვეთის შეერთებით, რომლებიც განლაგებულია ქედის ფერდობის საპირისპირო მიმართულებით;
  • მყინვარული უღელტეხილი - წარმოქმნილი მყინვარული ცირკების კედლების გადაკვეთის შედეგად, ან ხშირად ეროზიული უღელტეხილი, რომელიც დამუშავებულია ფირნითა და ყინულით.

არსებობს დიფლუენტური და კონფლუენტური უღელტეხილი.

დიფლუენტური ისეთი უღელტეხილია, რომელიც ეროზიული წარმოშობისაა და წარმოქმნილია ყინულის კვების არედან ყინულის გალღობის შედეგად.

კონფლუენტური ისეთი უღელტეხილია, რომელსაც გააჩნია ამა თუ იმ მხარეზე ე. წ. კონფლუენტური საფეხური.

კლასიფიკაციის მიხედვით შეიძლება არსებობდეს რთული და მარტივი უღელტეხილი. რთული უღელტეხილები როგორც წესი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობენ, გააჩნიათ რა, ციცაბო კალთები, გამოირჩევიან მუდმივი თოვლითა და მყარი ყინულის არსებობით, ამასთანავე ასეთი უღელტეხილები ზოგჯერ მხოლოდ ალპინისტებისთვის არსებობენ.

მარტივი უღელტეხილები არც თუ ისე მაღლა ვრცელდებიან, სეზონურად თავისუფალი არიან მყარი ატმოსფერული ნალექებისაგან და ახასიათებთ მარტივი გადასავალი. დამალმთიანი და მარტივად გადასასვლელია მაგალითად გოითხის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 336 მ), რომელზედაც გადადის საავტომობილო გზატკეცილი და რკინიგზა.

ევროპაში მეტად მნიშვნელოვანია სიმპლონის, სენ-ბერნარისა და სენ-გოტარდის უღელტეხილი უღელტეხილები. სენ-ბერნანის უღელტეხილზე არსებობს ცნობილი საავტომობილო გზა, ხოლო სენ-გოტარდზე გადის საავტომობილო გზა, რომლის ქვეშ გაჭრილია გვირაბი, რომელშიაც სარკინიგზო გზა მიდის. ე.ი. სენ-გოტარდის უღელტეხილს გააჩნია ორმაგი დატვირთვა.

საქართველოს უღელტეხილები

რედაქტირება
 
ჭაუხი

საქართველოში, როგორც მთიან ქვეყანაში, არსებობს მრავალი უღელტეხილი. ყველაზე მაღალი და მიუვალი უღელტეხილები კავკასიონზე მდებარეობს. საქართველოს 4000 მ-ზე უფრო მაღალი უღელტეხილებია: მაილის, ჭალაათის, ლაჰილის.

აფხაზეთის კავკასიონზე მნიშვნელოვანია — ქლუხორისა და მარუხის უღელტეხილები; ცენტრალურ კავკასიონზენაკრის, ბეჩოს, მამისონის, ზეკარის, როკის უღელტეხილები; აღმოსავლეთ კავკასიონზეუყერიჩოს, ქერიღოს, ყადორის უღელტეხილები. ამ უღელტეხილების გავლით შესაძლებელია დაკავშირება საქართველო-რუსეთის სახელმწიფოებისა.

ქვეყნის შიდა (კავკასიონის განშტოებების) უღელტეხილებიდან აღსანიშნავია რიკოთის, გოდერძის, ჯვრისა და გუდამაყრის უღელტეხილები.

ცენტრალური კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჯვრისა და გუდამაყრის უღელტეხილები ყურადღებას იპყრობენ თავიანთი დაბალი ჰიფსომეტრიული მდებარეობით და მორფოლოგიური თავისებურებებით, რაც მათ გენეზისთანაა დაკავშირებული. ამ უღელტეხილების სიმაღლე ერთიმეორეს უახლოვდება (ჯვრის უღელტეხეილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2379 მ, ხოლო გუდამაყრის - 2347 მ); ისინი უდაბლეს უღელტეხილებს წარმოადგენენ არა მარტო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ამ მონაკვეთზე, რომელიც მთიულეთის ქედის სახელწოდებითა ცნობილი, არამედ მთელ ცენტრალურ კავკასიონზე.

 
სურამის უღელტეხილი

აღსანიშნავია, რომ კავკასიონის განშოტებების უღელტეხილთა უმრავლესობა უფრო მაღალი და ძნელად მისადგომია, ვიდრე ზემოაღნიშნული გადასასვლელები, თუმცა ეს განშტოებები სიმაღლით მთიულეთის ქედს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან.

საინტერესოა ამ უღელტეხილების გენეზისის საკითხი. მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ორივე უღელტეხილი მყინვარის მოქმედების მკაფიო კვალს ატარებს. მყინვარის მოქმედებაზე ლაპარაკობს როგორც უღელტეხილების ტროგული ხაისათი, ასევე ორთავე უღელტეხილზე კარგად შერჩენილი მორენული მასალა.

ქედში უღელტეხილების ღრმად ჩაჭრა და ზოგიერთი სხვა ნიშანი იმაზე მოუთითებს, რომ ისინი ძველ (პალეო) მდინარეთა ხეობებს წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, ჯვრის უღელტეხილს აგებენ ახალგაზრდა ვულკანური ქანები, რომლებიც აქ გაჩნდენ პატარა ნეფისკალოდან ლავების ამოღვრის შემდეგ. ამოღვრილმა ლავებმა წარმოშვა ნაკადი ჯვრის უღელტეხილისაკენ. ლავურმა ნაკადმა ამოავსო იმ ძველი მდინარის ხეობა. ლავების ამოღვრამდე ჯვრის უღელტეხილის სიმაღლე დაახლოებით 2000 მ ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო (ლავის ნაკადის სისქე 360 მ).[1] ლავის ნაკადმა უღელტეხილის სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა. შემდეგში, ჯვრის უღელტეხილის თანამედროვე სახის გამომუშავებაში, მყინვარებმა უდავოდ დიდი როლი ითამაშეს.[2]

გუდამაყრის უღელტეხილიც ჯვრის უღელტეხილის ანალოგიური მორფოლოგიით ხასიათდება. ზოგიერთი ფაქტობრივი მასალა იმის სასარგებლოდ ლაპარაკობს, რომ ბურსაჭირის უღელტეხილზე წარსულში მიედინებოდა მდინარე (პალეოქვენამთისწალი), რომელიც მდინარე ბურსაჭირისხევის სათავეებისაგან დაბალი წყალგამყოფით იყო გამოყოფილი. მაქსიმალური გამყინვარების დროს მდინარე პალეოქვენამთისწყალის ხეობა მძლავრმა მყინვარმა დაიჭირა, რომელიც უღელტეხილის რაიონში დაბალ წყალგამყოფზე სამხრეთისაკენ გაედინებოდა.

დასაშვებია, რომ ჯვრისა და გუდამაყრის (ბურსაჭირის) უღელტეხილებს მდინარეული წარმოშობა აქვთ. ამ უღელტეხლების წარმოშობაში მთავარი როლი ითამაშეს მდინარეებმა, რომლებიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინებოდნენ (პალეობიდარა და პალეოქვენამთისაწყალი). მყინვარებმა კი უღელტეხილებს ტროგის ფორმა მისცეს და განაპირობეს ზემოაღნიშნული მდინარეების დინების მიმართულების შეცვლა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 193.
  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, ტ. V. თბ., 1959;
  • Геологический словарь, т2, М-Я., М. 1955;
  • Пармурзин Ю.П., Карпов Г.В. Словарь по физической географии. Учебное издание. М.: Просвещение, 1994;
  • Целесообразность пересмотра существующих представлений о палеогеографических условиях ледникового времени на Кавказе. Тб., 1956;
  1. Ренгартен В. П., Геологический очерк района Военно-Грузинской дороги, Труды Всесоюзн. Геол. Развед. объединения В.С.Н.Х. СССР, вып.148, Геологиздат Всесоюзн. Геол.-развед. Объединения, М.-Л., 1932. ст. 49
  2. Гросгейм В. А., О смещении главного водораздела Большого Кавказа, Изв. ВГО, т.82, вып.3, 1950.