მორენა
მორენა (ფრანგ. Moraine)[1] — მყინვარის მიერ გადატანილი ან დაფენილი ნივაციურ-ეგზარაციული და გამოფიტვის პროცესებით წარმოქმნილი ნგრევის დაუხარისხებელი, დაკუთხული პროდუქტი (კაჭარი, თიხნარი, ქვიშნარი).[2] არსებობს მოძრავი და დანალექი (ძველი) მორენები. განვითარებულია ვაკე და მთის რაიონებში. საფარული გამყინვარების არეებში მორენა წარმოდგენილია არაშრეული, დაუხარისხებელი თიხნარით, თიხებით, ქვიშნარით, სხვადასხვა ზომებისა და მომრგვალებულობის ნატეხების არსებობით (ხვინჭიდან და ღორღიდან დაწყებული კაჭარითა და ლოდებით დამთავრებული), რომლის შემადგენლობაშია ადგილობრივი მკვიდრი ქანები და მყინვარების მიერ კვების არედან მოტანილი ერატიკული ლოდები. კაჭარზე დამახასიათებელია ნაღარი ან ნაკაწრი და კაჭარის გრძელი ღერძის გაგნება მყინვარის მოძრაობის მიმართულებით.[3][4]
მთის მყივარების მორენა (ალპები, კავკასიონი, პამირი და სხვა) ვაკე მორენებისაგან განსხვავდება ნატეხი მასალის დიდი რაოდენობითა და დიდი სისქით (რამდენიმე ასეულ მეტრამდე). მორენული დანალექებიდან უფრო მეტადაა გავრცელებული ძირითადი, აბლაციური და ბოლო მორენები. ძირითადი მორენა წარმოიქმნება დაწევისას მყინვარის მიერ გადატანილი ყველა ნატეხი ყინულის ლღობის პროცესში. მეოთხეული საფარული გამყინვარების განვითარების ყოფილ არეებში ისინი ლაბადისებურად ფარავერ ვეებერთელა ტერიტორიებს, რომლებიც აგებენ ბორცვიან მორენულ ვაკეებსა და წარმოადგენენ კარგ ნიშანდების ჰორიზონტს. მათი სიმძლავრე რამდენიმე ათეულ მეტრამდეა. შემადგენლობაში ზოგჯერ ნაშთურებია — მყინვარული საგებიდან მოწყვეტილი ფირფიტები ან სხვადასხვა ხარისხის უფრო მსხვილი, მყინვარის მიერ ათეულ კილომეტრზე გადაადგილებული მკვიდრი ქანებით გათელილი ან დამსხვრეული ბლოკები.[5] ნახევრად წრიული ბოლო მორენული ნაშალის რამდენიმე მწკრივი, რომელიც გარს ეკვრის ძველი მთის მყინვარის ბოლო აუზს მორენული ამფითეატრის სახელწოდებითაა ცნობილი.[3]
აბლაციური მორენა წარმოადგენს ძირითადი მორენის მდნარი წყლით გადარეცხილ ზედა ნაწილს. მას აქვს უფრო ქვიშოვანი, წვრილმარცვლოვანი მასალით გაღარიბებული შედგენილობა. ნატეხები უფრო მომრგვალებულია. ბოლო, ან კიდური მორენა ყალიბდება მყინვარული კიდის ხანგრძლივი დგომის შედეგად, სადაც მყინვარის მიერ მოტანილი მასალის გადმოტვირთვა ხდება. რელიეფში წარმოქმნის ზვინულებს, მრავალ კმ-ზე გადაჭიმულ სერებსა და შემოკონტურებულ მყინვარის ენებს.[3]
გამოყოფენ ნაყარ და დაწნევის ბოლო მორენებს. პირველი წარმოიქმნება ყინულიდან ნატეხების მშვიდი გამოლღობის შედეგად, მეორე — მისი დაწნევით მოძრაობისას, რის შედეგადაც შედგება გადაბეჟილი მორენული მასალისა და ქვეფინილი ქანებისაგან. მყინვარის არათანაბარი უკან დახევისას წარმოიქმნება რამდენიმე სტადიალური ბოლო მორენული სერი. ფართოდ გავრცელებულ მეოთხეულ მორენებთან ერთად, გვხვდება ძველი მორენები — ტილიტები, რომლებიც დაექვემდებარა გამკვრივებასა და ცემენტაციას, ზოგჯერ მეტამორფიზმს (ცნობილია კამბრიუმამდელ და ზედა პალეოზოურის დანალექებში).[3][6][7]
მოძრავი მორენა იყოფა ზედაპირულ, შიგა და ფსკერულ მორენებად. ზედაპირული მორენები ყალიბდება ნატეხი მასალისაგან, რომელიც ხეობის კლდოვანი კალთებიდან ეცემა მყინვარის ზედაპირს, ან ყინულის წყებიდან მისი გამოლღობის შედეგად. ჩვეულებრივ, ეს მორენები წარმოქმნიან გვერდითი მორენის 2 ზვინულს, რომლებიც გადაჭიმულია მყინვარის ენის გვერდითი კედლის გასწვრივ. მყინვარების შერწყმისას გვერდითი მორენები ერთიანდება ერთ ზვინულში, რომელიც შემდეგ გაივლის ქვემოთ მყინვარის ენის შუაგულში შუა მორენის სახით. შიგა მორენა ჩართულია ყინულის წყებაში და წარმოიქმნება ნატეხების ხარჯზე, რომელიც ფირნული აუზის ფარგლებში ჩამოწოლილია თოვლის ზვავთან, ნაწილობრივ, ზედაპირული და ფსკერული მორენების ხარჯზე.[3]
მყინვარული საფარებისთვის ზედაპირული და შიგა მორენები არ არის დამახასიათებელი, ვინაიდან მათ ზედაპირზე ჩვეულებრივ არ არის აზევებული ყინულით დაუფარავი ზედაპირები (ნუნატაკების გამოკლებით). ფსკერული მორენა შეინიშნება მთის მყინვარებთან და ყინულსაფრებთან და წარმოადგენს საგებიდან მოწყვეტილ ნატეხ მასალას, რომელიც ჩართულია ყინულის ბუნებრივ ფენებში. მორენებში ზოგჯერ ჩართულია ოქროს, პლატინის, ალმასისა და სხვათა ღარიბი ქვიშრობები, რომლებიც წარმოადგენენ მდიდარი ალუვიური და ზღვიური ქვიშრობების კვების წყაროს.[3]
მორენების მიერ უსწორმასწორო რელიეფის ამოვსებით წარმოქმნილ ვაკეს მორენული ვაკე ეწოდება, ხოლო მყინვარის მოქმედებით წარმოქმნილი რელიეფის აკუმულაციური ფორმების ერთობლიობას მორენული რელიეფი.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopedia of Geomorphology. Edited by A.S. Goudie. Volume 1, A–I. 2004.
- ↑ Moraine | Encyclopedia Britannica
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Морена | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-04. ციტირების თარიღი: 2021-02-16.
- ↑ Benn, D.I. and Evans, D.J.A. (1998) Glaciers and Glaciation, London: Arnold
- ↑ Hambrey, M.J. (1994) Glacial Environments, London: UCL Press.
- ↑ Knight, P.G. (1999) Glaciers, Cheltenham: Nelson Thornes.
- ↑ Чумаков Н. М. Докембрийские тиллиты и тиллоиды. М., 1978
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.