მყინვარის ენა
მყინვარის ენა — ყინულის წაგრძელებული და ვიწრო ფენა, რომელიც ხმელეთიდან წყალსატევში ეშვება. ჩვეულებრივ, წარმოადგენს სწრაფი ხეობის მყინვარისა და მყინვარული ნაკადის გაგრძელებას.[1]
გვხვდება ზღვებისა და ტბების ნაპირებთან. მისი ფართობი მერყეობს 10–800 კმ² ფარგლებში, ხოლო სისქე კიდეებზე 400–600 მ უდრის. მყინვარის ენას რეგულარულად წყდება ფრაგმენტი. ასე, 2006 წელს დრიგალსკის მყინვარის ენამ აისბერგთან შეჯახების გამო დაკარგა მონაკვეთი ზომებით 13×11 კმ, ხოლო 2010 წელს აისბერგის დარტყმამ მერცის მყინვარის ენას ნახევარზე მეტი მოაგლიჯა.[2]
ანტარქტიდაში ზოგიერთი მყინვარის ენა გამოშვერილია შორს ღია ოკეანეში. ასეთი ენების მაგალითია ერებუსის მყინვარის ენა (სიგრძე 11–12 კმ), დრიგალსკის მყინვარის ენა (სიგრძე 80 კმ) და მერცის მყინვარის ენა (160 კმ-ზე მეტი 2010 წლამდე). ამ უკანასკნელის ყინულის ნაკადი წელიწადში შეადგენს 10–12 მლრდ. ტონას. პრიუდსის ყურეში არის ფლეტნესის 6 კილომეტრიანი მყინვარის ენა, რომელიც იკვებება ხმელეთიდან ჩამოდინებული თხევადი წყლით.[3]
არქტიკაში მყინვარის ენა ხშირად ფიორდებითაა შემოსაზღვრული. გრენლანდიის ყინულოვანი ფარიდან ჩამოედინება დაახლოებით 15 სწრაფი მყინვარი, რომელიც თავიანთ გზაზე ღრმა ხეობებს გამოიმუშავებენ; ოკეანეში მოხვედრისას, ფიორდებში ისინი ქმნიან მყინვარის ენებს. ხშირად მათი სიგრძე 10 კმ-ზე ნაკლებია, თუმცა ზოგჯერ სიგრძე რამდენიმე ათეულ კმ-ს აღწევს.[4]
მყინვარის ენა თანამედროვე კონტინენტური მყინვარების კიდურ ნაწილებში ზღვაში ხშირად წინ მიიწევს რამდენიმე ათეული კილომეტრით და გამყვანი მყინვარის სახელწოდებას ატარებს.[5]
მყინვარის ენა ეწოდება აგრეთვე მთის მყინვარის მოძრავ ნაწილს, რომელიც განლაგებულია თოვლის საზღვრის ქვემოთ, კერძოდ აბლაციის არეში. იკავებს მყინვარულ ხეობას. მისი სიგრძე რამდენიმე, ზოგჯერ ათეული კმ-ია.[6] მყინვარისთვის, მ.შ. მისი ენისთვის დამახასიათებელია პულსაციური მოქმედება. ამის მაგალითია მყინვარ ტვიბერის ენა, რომელიც ინტენსიურად იხევს უკან, რასაც მოჰყვა მყინვარის დაშლა. ზოგიერთი მყინვარის ენა დროთა განმავლობაში მაღლა იწევს.[7]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Hambrey M. J. Glacial Environments. — UBC Press, 1994. — P. 276. — 296 p.
- ↑ Massive iceberg calves from the Mertz Glacier
- ↑ Pariona A. What Is An Ice Tongue? WorldAtlas (23 May 2018)
- ↑ Dowdeswell J. A., Jeffries M. O. Arctic Ice Shelves and Ice Islands. Springer, 2017.
- ↑ Геологический словарь. Том 2. К-П. Санкт-Петербург, 2011
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014