ნივაცია (ლათ. nix — ნათ. ბრ. nivus — თოვლი) — რელიეფწარმომქმნელი ეგზოგენური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს თოვლის ზემოქმედებით, უმთავრესად პოლარულ, სუბპოლარულ და მაღალმთიან რაიონებში, იქ, სადაც დიდი რაოდენობით გროვდება თოვლი და არსებობს თოვლნარი.[1] ამ პროცესებს მოჰყვება რელიეფის სპეციფიკური ფორმებისა და დანალექების წარმოქმნა. ნივაციას მიეკუთვნება ყინვისმიერი და თერმული გამოფიტვა, სოლიფლუქცია, გრუნტების დინება და ჩამოცურება, წარეცხვა და გადარეცხვა, სუფოზია, ქანების გახსნა და აგრეთვე საკუთრივ თოვლნარის ნელი ჩამოცოცვა ან მისი ცალკეული ნაწილების მოწყვეტა.[2]

ნივაციის აუცილებელი პირობაა ჰაერის ტემპერატურის რყევა წყლის გაყინვის წერტილთან ახლოს და წყლის ჩამოდინება თოვლნარის დნობის გამო. ასეთი პირობების შედეგად ქანები იშლება და წვრილი ნაწილაკები წყალს მიაქვს, მსხვილი ნატეხები წყლით გაჯერებულ ტალახთან ერთად გამოდის თოვლნარიდან და მის ქვეშ ჩნდება დადაბლება, რომელიც ხშირად მყინვარულ ცირკად გარდაიქმნება. მასთან არის დაკავშირებული ნიშებისა და მყინვარული ცირკების წარმოქმნა.[3]

ნივაციით წარმოქმნილ მცირე ჩაღრმავებას ან ცირკისებრ ჩადაბლებას ნივაციის ცირკი ეწოდება, ხოლო ძირითადი ქანებით აგებულ ფერდობებზე თოვლნარების ნაკადების მონაწილეობით წარმოქმნილ ტერასას ნივაციური ტერასა.[4]

ნივაციის ხასიათი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში განსხვავებულია. მისი განვითარების ოპტიმალური პირობაა აბლაციის ცივი პერიოდის ფონზე თოვლნარის ხანგრძლივი არსებობა. იგი ხელს უწყობს რელიეფში თავისებური ნივალური კომპლექსის ფორმირებას. ნივაციის სხვა სახელწოდებაა თოვლის ეროზია.[2]

სქოლიორედაქტირება

  1. Нивация | Большая российская энциклопедия
  2. 2.0 2.1 Гляциологический словарь / Под ред. В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 527 с.
  3. Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др.. 1978.
  4. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.