თოვლნარითოვლის, ფირნისა და ყინულის უმოძრაო გროვები ქარისა და მზისგან დაცულ ადგილებში, რომელიც შეიძლება იყოს სეზონური ან მუდმივი.[1] თოვლნარი სეზონურია, თუ ირგვლივ დადებულ თოვლზე უფრო მეტხანს ინახება, ხოლო მუდმივია, თუ მთელი წლის განმავლობაში არ დნება. სეზონური თოვლნარის სისქე ჩვეულებრივ 2–4 მ-ს შეადგენს.[2]

თოვლნარი

თოვლნარი წარმოიქმნება ქარისა (მონაბერი თოვლნარი) და ზვავის (ზვავური თოვლნარი) მიერ მოტანილი თოვლის დაგროვების ადგილებში; დაბალი დნობის გამო ხშირად შენარჩუნებულია დაჩრდილებულ ადგილებში. მონაბერი თოვლნარი ჩვეულებრივ, თოვლის კონცენტრაციის გზით ქარზურგა კალთებზე წარმოიქმნება; მას მიეკუთვნება ვაკეებზე არსებული და მთების თოვლნარი. ზვავური თოვლნარი განირჩევა მომატებული სიმძლავრითა და დაბინძურებით, წელიწადის სხვადასხვა დროს ზომებისა და ფორმების მკვეთრი ცვალებადობით, ხასიათდება როგორც ზვავის პირდაპირი ნიშანი. ზვავური თოვლნარი ნაზვავი თოვლის დიდი მასის გამო დიდხანს ძლებს ხეობის ძირზე. ზოგჯერ გვხვდება დამარხული თოვლნარი — თოვლისა და ყინულის ლინზები.[3]

თოვლნარი გაბატონებულია მდგრადი თოვლის საფარის ზონებში. ვაკეებზე თოვლნარი დამახასიათებელია ტუნდრისა და სტეპებისთვის, ხოლო მთებში — სუბნივალური და ალპური სარტყლებისათვის. სტეპებში ნიშანდობლივია ხეობებისთვის, ტუნდრაში — ნაპირის ბექისთვის, პატარა ხეობებისთვის და ხევებისთვის, სერებისა და ბორცვების მთისძირებისთვის, მთებში — ეროზიული ჩაჭრილობისა და კალაპოტის კარნიზებისთვის, კალთების ბექობებისთვის და მთისძირისთვის.[3]

თოვლნარი მდგრადი წარმონაქმნია, მუდამ განიცდის განახლებას რელიეფის ერთსა და იმავე ფორმაზე, ხელს უწყობს კარების წარმოშობას. მრავალრიცხოვანი გალღობის, გაყინვისა და კრისტალიზაციის შედეგად თოვლნარის ფენაში ფირნი წარმოიქმნება.[3]

  1. Тушинский Г. К., Ледники, снежники, лавины Советского Союза, М., 1963;
  2. Снежник | Научно-популярная энциклопедия «Вода России»
  3. 3.0 3.1 3.2 Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.