ვახტანგ I გორგასალი

საქართველოს მეფე
(გადამისამართდა გვერდიდან გორგასალი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ.

ვახტანგ გორგასალიქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი.

ვახტანგ გორგასალი

ვახტანგ გორგასლის სვეტიცხოვლის ფრესკის ასლი. შესრულებულია პიერ როსის მიერ. შემდეგ ეს ფრესკა ხსენებულ ეკლესიაში ჩამოირეცხა[1].
ქართლის I მეფე
კორონაცია: 449
მმართ. დასაწყისი: 449
მმართ. დასასრული: 502
წინამორბედი: მირდატ VIII (ან VII)
მემკვიდრე: დაჩი უჯარმელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: V საუკუნის დასაწყისი
დაბ. ადგილი: მცხეთა
გარდ. თარიღი: 502
გარდ. ადგილი: უჯარმა
მეუღლე: ბალენდუხტი
ელენე
შვილები:

დაჩი უჯარმელი
ლეონი
მირდატი
უცნობი ვაჟი

ორი ასული
მამა: მირდატ VIII
დედა: საგდუხტი

ყრმობა და სიჭაბუკე

რედაქტირება

სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. მისი აღმზრდელი ყოფილა საურმაგ სპასპეტი. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.

ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო დედამ, საგდუხტ დედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ - მცხეთაში მოგვები უნდა დამსხდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული.

მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი აცდუნა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდეანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და მძაფრად აღუდგა წინ ბინქარანს.

ვახტანგის მცირეწლოვანებით და ქვეყნის უპატრონობით ისარგებლეს ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი.

ამ მომენტით ბიზანტიამაც ისარგებლა. მან ჯერ კლარჯეთი დაიჭირა და შემდგომ აფხაზეთშიც გადმოსხა ლეგიონები. ამის შემდეგ ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მოვიდნენ.

ვახტანგი 15-დან 23 წლამდე

რედაქტირება

458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი ქართლის ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა საომარი სამზადისი და 16 წლის ასაკში საპასუხო ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ალანთა დამარცხებით დასრულდა. ვახტანგმა დაიმორჩილა ალანები, გამოიხსნა ტყვეები, მათ შორის, თავისი მცირეწლოვანი და -მირანდუხტი. დაიკავა დარიალის ციხე, იქ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა და გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.

ალანთა დამორჩილების შემდგომ, ვახტანგმა გაილაშქრა და დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ოლქები. გადმოსასვლელები შეკრა და მეციხოვნეები ჩააყენა. ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან ვახტანგ მეფე გადავიდა აფხაზეთში, განდევნა იქიდან ბიზანტიელები და ეგრისის დიდი ნაწილი და კლარჯეთი შემოიერთა. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა. ამ ლაშქრობის შემდეგ მიიღო ვახტანგ გორგასალმა „იალბუზის გმირის“ წოდება და ცნობილი ხალხური ლექსი დარჩა ისტორიაში, რომელიც მას სიყვარულით მიუძღვნა ხალხმა:

„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,

ციდან ჩამოესმა რეკა;

იალბუზზე ფეხი შედგა

დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.“

ვახტანგ გორგასლის ოჯახი

რედაქტირება

ვახტანგი პირველად 20 წლის ასაკში დაქორწინდა, მას შემდეგ, რაც დალაშქრა მთელი კავკასია და დაიბრუნა წართმეული ტერიტორიები.

I მეუღლე — დედოფალი ბალენდუხტი, სპარსეთის შაჰის ჰორმიზდ III-ის ასული. ბალენდუხტ დედოფალმა უშვა ვახტანგს ძე და ასული (ტყუპი) და მშობიარობას გადაყვა. ვახტანგმა ძეს უწოდა დაჩი ანუ დარჩილი. დაჩი გახდა ტახტის მემკვიდრე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა. მეფობდა დაახლოებით 502-514 წ.წ.

II მეუღლე — დედოფალი ელენე, ბიზანტიის კეისრის ლეონ I-ის „ასული“. ბერძენი ცოლისაგან ვახტანგ გორგასალს შეეძინა სამი ძე და ორი ასული, რომელთაგან ცნობილია ლეონი და მირდატი.

დაჩის გამეფების შემდეგ დანარჩენ ძმებს ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მორჩილების ქვეშ. ლეონი ადრე გარდაცვლილა, ხოლო მირდატი ერისთავის ხარისხში ფლობდა ტერიტორიას ტაშისკარიდან და ფარავნიდან სპერის ზღვამდე. ის მორჩილობდა მეფე დაჩის და ქრისტიანული აღმშენებლობით იყო დაკავებული. მის მიერ აგებულ ტაძართა შორის გამოირჩევა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.

ლაშქრობა შუა აზიასა და ინდოეთში

რედაქტირება
 
ვახტანგ გორგასალი ქართულ საფოსტო მარკაზე.

459 წელს სპარსეთის შაჰი ჰორმიზდ III ჰუნების დახმარებით მოკლა თავისმა ძმამ, პეროზმა. სპარსეთის სამეფოს სასანიდთა დინასტიის მეჩვიდმეტე მეფე პეროზ I (459-484), დაეპატრონა. თავისი გამეფებიდან ცოტა ხნის შემდეგ პეროზმა ომი დაიწყო შუა აზიაში.

პეროზ მეფემ ვახტანგი გაიწვია შუა აზიაში სალაშქროდ. ვახტანგ მეფეს 40 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავდა: ათი ათასი ქართველი, ათი ათასი სომეხი, ოცი ათასი ბიზანტიელი.

მათ პირველად დალაშქრეს ჯორჯანეთი (გურგანი) და იქ სპარსელები დაასახლეს, ხოლო ჯორჯანელები დაბეგრეს. შემდეგ გაილაშქრეს ინდოეთში და გადაიხადეს. პირისპირ ბრძოლაში ვახტანგმა მოკლა თხუთმეტი ბუმბერაზი, „რომელთაც მოეკლათ მრავალნი ბუმბერაზნი სპარსთანი“. ინდოეთში სამი წელი იბრძოდნენ, მაგრამ გამაგრებული ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. მაშინ ხარკი აიღეს ინდოეთის მეფისაგან და სინდეთში გადავიდნენ. ერთ-ერთ ბრძოლაში სინდთა მეფემ გამოიწვია ორთაბრძოლაში ვახტანგი. ვახტანგმა თავის თანმხლებთ მიმართა: ღმერთს ევედრეთ და ზურგი გამიმაგრეთო და საბრძოლველად გავიდა. ორივეს ჰქონდა ლახვარი (შუბი). სინდთა მეფემ შეუტია, მაგრამ ვახტანგი „სიმჴნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა“ განერიდა და თვითონ აძგერა შუბი მარცხენა ბეჭში. ვერ დაიფარა სინდთა მეფე საჭურველმა და მძიმედ დაიჭრა, და როცა ცხენიდან ჩამოვარდა, ფეხით დაითრია ვახტანგმა და სპარსთა მეფესთან მიიყვანა. სპარსთა ლაშქარმა მაღალი ხმით ქება შეასხა ვახტანგს, ხოლო სპარსთა მეფე და მისი წარჩინებულები დიდი სიხარულით აღივსნენ და დიდი ძღვენიც მიართვეს მას. სპარსთა მეფემ მოიყვანა მკურნალნი და თავზე დაახვია სინდთა მეფეს, ხოლო სინდელებმა მეფის მაგივრად მისი ძე აამაღლეს. მაშინ ვახტანგმა სპარსთა მეფეს ურჩია რომ, სინდთა მეფე გაეთავისუფლებინა, ხარკი აეღო და მძევლები აეყვანა. მასაც მოეწონა ვახტანგის რჩევა. სინდთა მეფე გაუშვა და მისგან ორჯერ მეტი ხარკი აიღო, ვიდრე ინდოელებისგან, მისი ორი შვილი მძევლად აიყვანა, და აღებული ხარკი მთლიანად ვახტანგს მისცა. სინდთა მეფე კი დიდი სიყვარულით დაემოყვრა ვახტანგს, პირველად იმისათვის, რომ როცა მის ხელში ჩავარდა, მან არ მოკლა და ცოცხალი მიიყვანა სპარსთა მეფესთან. შემდგომ კი იმისათვის, რომ მისი რჩევის შედეგად გათავისუფლდა ტყვეობისაგან. ამიტომ უძღვნა მას „ძღუენი მიუწვდომელი დიდძალი“.

პეროზ შაჰმა და ვახტანგ მეფემ დატოვეს სინდეთი იქ შესვლიდან მეოთხე წელს, ისე რომ არ მოუოხრებიათ მისი ქალაქები და მივიდნენ მოსაზღვრე აბაშეთში. აბაშნი ცხოვრობდენ ისეთ ქვეყანაში, რომელიც შემოსაზღვრული იყო წყლითა და ლერწმით, სადაც ვერც ნავი და ვერც ოთხფეხი ვერ გაივლიდა. მაშინ წყალი გადაუკეტეს და ლერწმოვანი გადაუწვეს და ასე დაიპყრეს. სპარსთა მეფემ აბაშნი ორად გაყო, ნახევარი იქვე დატოვა, ხოლო ნახევარი თან წამოიყვანა (ათასი ოჯახი), და სხვადასხვა ადგილებზე ჩაასახლა. ესენი არიან ქურთები. შაჰმა მეფე ვახტანგს შესთავაზა ცოლად შეერთო მისი ნათესავი, მაგრამ მან უარი უთხრა: არა მაქვს უფლება ორი ცოლის ყოლისაო, რადგან ერთი ცოლი უკვე მყავს - კეისრის ასულიო. პეროზს ეწყინა, მაგრამ აღარაფერი თქვა.

დიდი ომები და გორგასლის გარდაცვალება

რედაქტირება
 
ვახტანგ გორგასლის საფლავი სვეტიცხოველში.

ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

პეროზ-შაჰმა დიდძალი ჯარი დასძრა საქართველოსკენ მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი ელოდა დახმარებას ბიზანტიიდან, ჰუნებიდან და სომხებიდან. სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ხოლო ბიზანტიელები და ჰუნები საერთოდ არ გამოჩენილან. პირველივე შეტაკებაში ვახტანგი დამარცხდა წარჩინებულთა ღალატის გამო. მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალი უკან გაბრუნდა, რადგან პეროზი დაიღუპა ჰუნებთან ბრძოლაში და მისი გვამი ვერ იპოვეს.

სასანიანთა სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა, ბალაში (484-488). ამ დროისთვის ვახტანგ გორგასალმა აღიდგინა პირველობა წინა აზიაში. 488 წელს სპარსეთში არეულობა დაიწყო - ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავად I (488-531). ირანის არეულობა გამოიყენა ვახტანგმა იმით, რომ ახალი ქალაქის - თბილისის მშენებლობა დაიწყო. ახალმა შაჰმა, კავადმა მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.

გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზი და მისი შემოგარენი სამ ერისთავს - დემეტრეს, ნერსესა და ბივრიტიანს ჩააბარა.

502 წელს სპარსეთის ურდო ისევ შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაში, რუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.

ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ უჯარმაში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე. ამასობაში ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოადგა ქართლს დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა. კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები ერთმანეთს. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად თვლიდა, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.

რეფორმები

რედაქტირება

ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება. ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი მეფესა და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის. შუა აზიასა და ინდოეთის ლაშქრობებიდან დაბრუნებულ ვახტანგს მიქაელმა ქრისტიანობის უარყოფა დასწამა. მეფემ უარყო აბსურდული ბრალდება და თავის მხრივ მთავარეპისკოპოსი „ვერცხლისმოყვარეობაში“ დაადანაშაულა. მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეწმინდა ეკლესიები უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირებისაგან. მიქაელი ამის წინააღმდეგ გამოვიდა და სავარაუდოდ, კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ვახტანგი პირადად მივიდა მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მიქაელმა ფეხი მოუქნია და კბილებში სცა. ვახტანგს წინა კბილი ჩაემტვრა და სისხლი წარსდინდა. განრისხებული მეფის ბრძანებით მიქაელი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად გააგზავნეს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მეთაურად (კათალიკოსად) ბიზანტიის იმპერატორს პეტრეს კურთხევა სთხოვა. პეტრე და სამოელი იყვნენ გრიგოლ ნაზიანზელის ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირები, მღვდელი და დიაკონი, რომლებიც ვახტანგ მეფემ ბიზანტიის წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანა, ხოლო შემდეგ და ძალიან მოიხიბლა მათი სიბრძნით.

მალე ბიზანტიიდან ჩამოვიდა პეტრე კათალიკოსი, სამოელი და კიდევ სხვა 11 ეპისკოპოსი, რომელთაც ახლადშექმნილი საეპისკოპოსოები ჩააბარა (მანამდე არსებობდა მხოლოდ ქართლის მთავარეპისკოპოსის ჩინი და არ იყო ეპარქალური დაყოფა).

კათალიკოსობის შემოღება მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) მოპოვების ფაქტად, რამაც აამაღლა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე.

აღმშენებლობა გორგასლისა

რედაქტირება

ვახტანგ მეფე დაკავებული იყო დიდი აღმშენებლობითი საქმიანობით. მან შექმნა საფორტიფიკაციო ნაგებობათა მთელი სისტემა, ააგო ციხე-ქალაქები - თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა, ასევე, ბოჭორმა, ხორნაბუჯი და ჭერემი, რაც ქვეყნის აღმოსავლეთიდან დაცვას ემსახურებოდა. მან ბიზანტიელთაგან მიტაცებულ და შემდგომში უკანდაბრუნებულ კლარჯეთის ტერიტორიაზე შექმნა საერისთავო და ააგო არტანუჯის ციხე. მისი მითითებით შეაკეთეს შორაპნისა და დიმნის ციხეები.

ვახტანგის ბრძანებით აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები: ნიქოზს, ნინოწმინდას, ჭერემსა და ჩელეთს. ასევე, მან წამოიწყო მცხეთაში, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ძველი ხის ეკლესიის ადგილას ქვის დიდი ტაძრის, სვეტიცხოვლის მშენებლობა.

თბილისი და ვახტანგ გორგასალი

რედაქტირება
 
აბანოთუბანი — თბილისის უძველესი უბანი

თბილისის მშენებლობა და გადედაქალაქება ასევე, დაკავშირებულია ვახტანგ გორგასალის სახელთან.

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. ქართველ მეფეს ერთ-ერთი ვერსიის შესაბამისად, ნადირობის დროს შველი დაუჭრია. შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს. სხვა ვერსიით, მეფის მიმინო თავს დასხმია ხოხობს, ბრძოლის დროს ცხელ წყალში ჩავარდნილან და ორივე დაფუფქულან. ვახტანგს მსგავსი ცხელი წყლები მანამდე სპარსეთში ყოფნისას უნახავს და კარგად სცოდნია მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. სწორედ ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია.

სახელწოდება „თბილისი“ („ტფილისი“) ქალაქს აქ არსებული „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) წყაროების გამო უწოდეს.

ვახტანგმა „ტფილისი“ სამ ნაწილად დაჰყო, პირველი კალა ანუ კალოუბანი, მდებარეობდა ქალაქის ბჭის ჩრდილო-დასავლეთით მიდამოებში. მეორე ნაწილი - „ტფილისი“, ტერიტორია, სადაც თბილი გოგირდოვანი წყაროები ამოდიოდა; მესამე - ისანი, დღესდღეობით ავლაბარი, მტკვრის მარცხენა სანაპირო.

ვახტანგ მეფეს „ტფილისი“, პატარა იერუსალიმად ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომაც გვაქვს აქ უძველესი, იმ სახელის მქონე ეკლესიები, რომლებიც იერუსალიმში იყო: თაბორის, ფერისცვალების, ღმრთისმშობლის, და ბეთლემისა

მეფე თავად ვერ მოესწრო ქალაქის მშენებლობის დასრულებას. მოგვიანებით, დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს-ის დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა, ხოლო უძველესი დროიდან ქართველთა დედაქალაქი მცხეთა საეკლესიო ქალაქად, ცენტრად გამოცხადდა. შემდგომში თბილი წყლების უბანში გოგირდის აბანოები გაშენდა. დღეისათვის, აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია.

სიკვდილის შემდგომ

რედაქტირება

ვახტანგმა სიკვდილის წინ ახალ ხელმწიფედ გამოაცხადა დაჩი და დაუტოვა ქართველ ერს ანდერძი: - ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის.

ერისათვის ვახტანგის გარდაცვალება იყო სასჯელის დღე. უბრალო ხალხიცა და წარჩინებულებიც თავში იცემდნენ და ნაცარს იყრიდნენ. ხმამაღალი ტირილისა და გოდებისაგან ქვეყანა იძვროდა. მორწმუნე ერი შენატროდა მეფეს, რადგანაც ქრისტესათვის მოიკლა. „გარდიცვალა მჴნე და მოწამეობისა ღირსი ვახტანგ გორგასალი „უჯარმაში, დაკრძალეს მცხეთას, საკათალიკოსო ეკლესიაში, სვეტთან, „რომელშიც არის ღმრთივაღმართული სვეტისაგან დაპყრობით“ - წერს მემატიანე.

ვახტანგ გორგასალი ყოფილა მეტად ჭკვიანი, წინდახედული, გამჭრიახი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და გულადი მეომარი და მხედართმთავარი. საარაკო გმირობით იბრძოდა ყოველთვის. იგი იყო ყველგან, სადაც მისჭირდებოდა ქართულ ლაშქარს. სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსელები იქ გაიელვებდა და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს და აფრთხილებდნენ ერთმანეთს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). მეფის მუზარადზე ერთ მხარეს მგლის თავი იყო გამოსახული და მეორე მხარეს ლომის. ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.

გორგასალზე ცალკე საისტორიო თხზულებაც კი დაიწერა, რომლის ავტორად ითვლება XI ს-ის ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერ ჯუანშერიანი. „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მას მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგსალის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით. ისტორიკოსი უდიდესი ქება-დიდებით ამკობს სახელოვან მეფეს. ჯუანშერი თავის თხზულების შედგენისას, როგორც ჩანს იყენებდა ძველ წყაროებსაც და შესაძლოა ვახტანგ გორგასლის თანამედროვესაც.

არსენ კათალიკოსის (1218-1227) სიტყვით მეფე ვახტანგი ძალიან მაღალი ტანის კაცი ყოფილა. მეფის სამხედრო იარაღი და სამოსელი თურმე არსენის დროსაც კი ინახებოდა. იგი ამბობს: ვახტანგ მეფე იყო „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2.40 მ) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს“ მეფის გოლიათური სიმაღლეო. იმავე ავტორის მოწმობით, ვახტანგ გორგასალი დასაფლავებული ყოფილა მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ სიონში, თვით ეკლესიაში, წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა“-ო. ე.ი, საფლავის ქვაზე მისი გამოსახულება ყოფილა გამოყვანილი იმავ ზომისა, რა ზომისაც დიდებული გვირგვინოსანი ყოფილა, - ეს ალბათ მისი საფლავის ქვის ძეგლი იქნებოდა. საუკუნეთა მანძილზე ქართველნი და მათი მტერ-მოყვარენი გაოცებულნი შესცქეროდნენ იქვე, სვეტიცხოველში გამოფენილ უზარმაზარ სამოსელსა და საჭურველს, ხოლო ქართულ სახელმწიფოს დროშას საუკუნეთა მანძილზე „ვახტანგიანსა“ და „გორგასლიანსაც“ უწოდებდნენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 59-62, ISBN 978-99940-27-10-1.
  • კაკაბაძე ს., ვახტანგ გორგასალი, თბ., 1959;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1960;
  • ჯანაშია ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, შრომები, ტ. 1, თბ., 1949.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სარგის კაკაბაძე, ვახტანგ გორგასალი, თბილისი, 1959, გვ.4
წინამორბედი:
მირდატ VIII
ქართლის (იბერიის) მეფე
449 - 494
შემდეგი:
დაჩი უჯარმელი
  ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.
  საქართველოს ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს ისტორიის შესახებ.