კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις, ლათ. Cōnstantīnopolis) — რომის (330–395), ბიზანტიის (395–1204 და 1261–1453), ლათინთა (1204–1261) და ოსმალეთის იმპერიის (1453–1923) დედაქალაქი. დაარსდა რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის მიერ ბოსფორის სრუტის ევროპულ ნაპირზე, ანტიკური ქალაქის ბიზანტიონის ადგილზე, 324 წლის შემოდგომაზე, როგორც რომის იმპერიის ახალი დედაქალაქი (ახალი რომი). 330 წლის 11 მაისს მოხდა მისი კურთხევა და ეს დღე ითვლება მის „დაბადების დღედ“.[1] რომიდან კონსტანტინოპოლში დედაქალაქის გადატანა განპირობებული იყო ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებით, კონსტანტინოპოლის სიახლოვით მდიდარ აღმოსავლეთის პროვინციებთან, კარგი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო მდებარეობით. ქალაქის ტერიტორია იკავებდა ფართო ნახევარკუნძულს, სამხრეთიდან აკრავდა მარმარილოს ზღვა, აღმოსავლეთიდან — ბოსფორის სრუტე, ჩრდილოეთიდან — ოქროს რქის ყურე, დასავლეთიდან დაცული იყო მძლავრი კედლებით. ქალაქის ფართობი არსებითად გაიზარდა V საუკუნიდან, როდესაც აშენდა ახალი სამმაგი დასავლეთის კედელი და კედლები სანაპიროს გასწვრივ (იხ. კონსტანტინოპოლის კედლები). VII საუკუნეში კედლების პერიმეტრში მოექცა კონსტანტინოპოლის ჩრდილოეთ ნაწილში ოქროს რქის სამხრეთ ნაპირზე მდებარე ვლახერნების რაიონი, სადაც იდგა განსაკუთრებით პატივსაცემი ვლახერნის ღვთისმშობლის ეკლესია (დაახლ. 453).[2]

კონსტანტინოპოლი
ბერძ. Κωνσταντινούπολις
ლათ. Cōnstantīnopolis
ქვეყანა ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია
კოორდინატები 41°00′50″ ჩ. გ. 28°57′20″ ა. გ. / 41.01389° ჩ. გ. 28.95556° ა. გ. / 41.01389; 28.95556
ფართობი 6 კმ² (კონსტანტინეს კედლების ფარგლებში)
14 კმ² (თეოდოსიუსის კედლების ფარგლებში)
ისტორია
დაარსების დრო 11 მაისი, 330
დამაარსებელი კონსტანტინე I
პერიოდები გვიანი ანტიკური ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე
კულტურები რომაული, ბიზანტიური
კონსტანტინოპოლი ვიკისაწყობში
კონსტანტინეს სვეტი, აგებული კონსტანტინე დიდის მიერ 330 წელს რომის იმპერიის ახალი დედაქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით
აია-სოფია

ქალაქის ძირითადი სტრუქტურა IV–V საუკუნეებში აშენდა. კონსტანტინოპოლის ცენტრს წარმოადგენდა ავგუსტეონის მოედანი, რომლის გარშემო განლაგებული იყო დიდი საიმპერატორო სასახლე (მასში მთავარი შესასვლელი — ხალკის კარიბჭე), აია-სოფიას ტაძარი, იპოდრომი (ნაწილობრივ შემონახულია), ზევქსიპის თერმები (ქალაქის მუზეუმი, სადაც მთელი რომის იმპერიიდან ჩამოჰქონდათ ხელოვნების ძეგლები). ცენტრის ჩრდილოეთით, უწინდელი ბიზანტიონის ტერიტორიაზე, მდებარეობდა კაპიტოლიუმი, სადაც IV საუკუნის ბოლომდე მდებარეობდა წარმართული ტაძრები. ცენტრიდან დასავლეთით მიდიოდა მთავარი ქუჩა — მესა, ორივე მხრიდან პორტიკებით გაფორებული, აერთებდა ქალაქის რამდენიმე მოედანს: კონსტანტინეს ფორუმი (გეგმით წრიული; შემონახულია ცენტრში მდებარე კონსტანტინეს კოლონა), თეოდოსიუსის ფორუმი (გეგმით კვადრატული, ტრიუმფალური არკითა და თეოდოსიუსის ბაზილიკით), აგრეთვე ხარისა და არკადიუსის ფორუმები. თეოდოსიუსის მოედნიდან ქუჩა ორად იყოფოდა: ერთი განშტოება კვლავ დასავლეთისკენ მიემართებოდა, ოქროს კარიბჭისკენ [შემონახულია; წარმოადგენდა სტრატეგიული რომაული გზის ვია-ეგნატიის (Via Egnatia) დასაწყისს, რომელიც დირაქიონისკენ (დღ. დურესი) მიემართებოდა]; მეორე — ჩრდილო-დასავლეთით, ადრიანოპოლის კარიბჭისკენ (შემონახულია; სერდიკისა და სირმიუმისკენ მიმავალი გზის დასაწყისი). ვიზეს რაიონის (თრაკიაში) მთის წყაროებიდან 100 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ კონსტანტინოპოლის ცენტრში მდებარე ცისტერნისკენ გაყვანილი იყო აკვედუკი (ცნობილია როგორც ვალენტის აკვედუკი, აგებულია დაახლ. 370 წელს, ნაწილობრივ შემონახულია).[2]

კონსტანტინოპოლის კედლების ფარგლებს მიღმა მდებარეობდა: ევდომი (სამხედრო ბანაკი, ქალაქის დასავლეთით), პიგი (ცხოველმყოფელი წყაროს მონასტერი, ქალაქის დასავლეთით; ნაწილობრივ შემონახული), გალატა (სიკი; დასახლება ოქროს რქის ჩრდილოეთ ნაპირზე), ქრისტოპოლი (ქალაქი ბოსფორის აღმოსავლეთ ნაპირზე; დღეს სტამბოლის რაიონი — უსქიუდარი), ქალკედონი (ქალაქი ბოსფორის აღმოსავლეთ ნაპირზე, ქრისტოპოლის სამხრეთით; დღეს სტამბოლის რაიონი — ქადიქოი), პრინცის კუნძულები (ბიზანტიის ბერმონაზვნობის ცენტრი).[2]

ქალაქში V საუკუნის ბოლოს დაარსდა კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტი, რომელიც მოიცავდა უდიდეს თეატრალურ და ლიტარატურულ სიმდიდრეებს მანამ, სანამ არ დახურავდნენ პირველად 1204, ხოლო მეორედ 1453 წელს;[3] მის შემადგენლობაში იყო იმპერიული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავდა ალექსადრიის ბიბლიოთეკის ნაშთებს და მთლიანობაში აერთიანებდა 100 000 ტომს და ანტიკურ ტექსტს.[4] რომისა და ბიზანტიის ეპოქაში ქალაქი დაწინაურებული აღმოჩნდა, როგორც მსოფლიო პატრიარქის სახლი და ქრისტიანობის უწმინდესი რელიკვიების, ეკლის გვირგვინისა და ცხოველმყოფელი ჯვარის საცავი.

თეოდოსიუსის კედლები, აღდგენილი მონაკვეთი

IV საუკუნის ბოლოდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბარბაროსთა თავდასხმების გახშირებასთან ერთად კონსტანტინოპოლს ხმელეთიდან საფრთხე დაემუქრა (თრაკიის მხრიდან). ბიზანტიელებმა დაიწყეს ქალაქისა და მისი მისადგომების გასამაგრებლად ზომების მიღება. იმპერატორების არკადიუსისა და თეოდოსიუს II-ის დროს V საუკუნეში აშენდა ახალი კედლები („თეოდოსიუსის კედლები“; შემონახულია); VI საუკუნის დასაწყისში იმპერატორ ანასტასიოს I-ის დროს კონსტანტინოპოლიდან 65 კილომეტრში გაავლეს 45 კილომეტრის სიგრძის კედელი, რომელიც განკუთვნილი იყო ქალაქის ახლო შემოგარენის დასაცავად დასავლეთიდან მომავალი საფრთხისგან (VII საუკუნეში რემონტისა და დაცვის საშუალებათა უკმარისობის გამო უპატრონოდ იქნა მიტოვებული; ნაწილობრივ შემონახულია). IV–VI საუკუნეებში კონსტანტინოპოლი მკვეთრად განვითარდა. ნოტაციის თანახმად, დაახლ. 425 წელს ქალაქი 14 რაიონად იყო დაყოფილი; მოიცავდა 5 სასახლეს, 14 ტაძარს, 4 ფორუმს, 4 საზღვაო პორტს, 4388 სახლმფლობელობას. VI საუკუნის I ნახევარში მოსახლეობის რაოდენობამ დაახლოებით 500 ათასს მიაღწია. V–VII საუკუნეებში საქალაქო ცხოვრების ტიპურ ნიშნად იქცა იპოდრომის პარტიები — დიმები. მხედართა და მეეტლეთა სხვადასხვა გუნდის ათეულობით ათასი გულშემატკივარი გადაიქცა მსხვილ პოლიტიკურ ძალებად, იმპერატორები იძულებულნი გახდნენ მათთვის ანგარიში გაეწიათ.[2]

თავისი ისტორიის დასაწყისიდან კონსტანტინოპოლი განვითარდა როგორც ქრისტიანობის უმსხვილესი ცენტრი. კონსტანტინე დიდმა, აია-სოფიას გარდა, სავარაუდოდ, დააარსა წმინდა ირინეს ეკლესია (აია-სიფიადან ჩრდილოეთით), აგრეთვე აკაკიოსისა (ოქროს რქასთან) და მოკიოსის (სასაფლაოზე ქალაქის კედლებს გარეთ, დასავლეთ გარეუბანში) ეკლესიები. IV საუკუნის შუა ხანებში, იმპერატორ კონსტანციუს II-ის დროს, კონსტანტინეს მავზოლეუმის გვერდით ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში აშენდა წმინდა მოციქულთა ეკლესია, ბიზანტიის იმპერატორთა საძვალე XI საუკუნემდე. V საუკუნეში გაჩნდა პირველი მონასტრები (მ. შ. სტუდიოსის მონასტერი, ჩამოყალიბებული დაახლ. 453 წელს; ნაწილობრივ შემონახული). VI საუკუნის I ნახევარში განხორციელდა საეკლესიო მშენებლობის ფართო პროგრამა. იუსტინიანე I-ის მმართველობისას გადაკეთდა ტაძრები: აია-სოფია (532–537; შემონახული), წმინდა მოციქულთა (536–549), წმინდა ირინეს (დაახლ. 527–536; შემონახული); აიგო წმინდა პოლიევქტის (524–527), წმინდა სერგისა და ბაქოსის (დაახლ. 527–536) ეკლესიები.[2]

ოქროს კარიბჭე დღეს

კონსტანტინოპოლის დაკნინება 541–542 წლების ძლიერი ჭირის შემდეგ დაიწყო, რომელმაც შეიწირა, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნახევარი. სამშენებლო საქმიანობა VI საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. 619 წელს ირანის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ქალაქში მარცვლის იმპორტი შემცირდა, გაუქმდა პურის უფასო გაცემა. 626 წელს კონსტანტინოპოლმა გადაიტანა ავარების, სლავებისა და სპარსთა ალყა, რომლებმაც ააოხრეს გარეუბნები და გაანადგურეს ქალაქის აკვედუკი. მას შემდეგ, რაც VII საუკუნეში არაბთა დაპყრობების გამო ბიზანტიამ დაკარგა თავისი ტერიტორიის ნაწილი აღმოსავლეთში, შესუსტდა ეკონომიკური და კულტურული კავშირები ახლოაღმოსავლურ პროვინციებთან. 674–678 წლებში კონსტანტინოპოლს გარშემორტყმული ჰქონდა არაბთა ფლოტი, რომლებმაც დროებით დაამყარეს ბატონობა მარმარილოს ზღვაზე. 717–718 წლებში არაბების სახმელეთო არმიამ შემოარტყა ალყა. VIII საუკუნისთვის ქალაქის მოსახლეობა რამდენიმე ათი ათასს არ აღემატებოდა.[2]

ეკონომიკური აღმასვლა IX საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო (უფრო ადრე, ვიდრე პროვინციებში). თუმცა IX–X საუკუნეებში საქალაქო მშენებლობა მაინც შეზღუდული რჩებოდა. IX საუკუნის შუა ხანებში იმპერატორმა ბასილი I მაკედონელმა წამოიწყო რიგი ტაძრების რემონტი, აგრეთვე 880 წელს დიდი სასახლის გვერდით აღმართა 5-გუმბათიანი ტაძარი ნეა-ეკლესია, აღმოსავლეთქრისტიანული ჯვარ-გუმბათოვანი არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში. მუდმივად წარმოებდა მცირე გარდაქმნები დიდი სასახლის შიგნით. ლაკაპენოსთა საიმპერატორო გვარის (X საუკუნის I ნახევარი) სამშენებლო მოღვაწეობას უკავშირდება მირელეიონის სასახლისა და ტაძრის მშენებლობა (დაახლ. 920).[2]

ბოსფორზე მდებარეობა კონსტანტინოპოლს საშუალებას აძლევდა, რომ XI–XII საუკუნეებში გაეკონტროლებინა მთელი საზღვაო ვაჭრობა შავი ზღვის აუზში და გადაქცეულიყო დასავლეთ ევროპას, კავკასიას, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის საქონლის გაცვლა-გამოცვლის მსხვილ ბაზრად. განვითარებული საერთაშორისო კავშირების წყალობით ოქროს რქის სანაპიროს გასწვრივ რამდენიმე უცხოური სავაჭრო ფაქტორია (ძირითადად იტალიური) წარმოქმნა. მნიშვნელოვანი მშენებლობები ძირითადად საიმპერატორო გვარისა და მსხვილი მაგნატების ხელში იყო თავმოყრილი, რომლებიც, ეკლესიის მხარდაჭერისკენ მისწრაფულები, ქმნიდნენ ახალ მონასტრებსა და ტაძრებს: პერივლეპტოსისა (დაარსდა 1030-იან წლებში რომანოზ III არგირუსის დროს) და მანგანის (დაარსდა 1043 წელს კონსტანტინე IX მონომახის მიერ) ღვთისმშობლის სახელობისანი, ყოვლისმჭვრეტელი ქრისტეს ეკლესია (პანტეპოპტის, 1081–1087), ყოვლისმპყრობელი ქრისტეს მონასტერი (დაარსდა 1133 წელს იოანე II კომნენოსის მიერ) და სხვ.[2]

ვლახერნების ახალი სასახლე

1203 წლის რამდენიმე დიდმა ხანძარმა და 1204 წელს ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აოხრებამ, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ქალაქში არსებული კულტურული ფასეულობების დიდი ნაწილი შეიწირა. 1204–1261 წლებში იყო ლათინთა იმპერიის დედაქალაქი, ეკონომიკური ბატონობა ვენეციელებს გადაეცათ. ტაძრების, მონასტრებისა და სხვა შენობების ნაწილს ჯვაროსნები საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე იყენებდნენ, თუმცა მრავალი შენობა დაკნინდა ან მთლიანად იქნა მიტოვებული. 1261 წელს ბიზანტიელთა მიერ ქალაქის დაბრუნებამ (მიხეილ VIII პალეოლოგოსის მეთაურობით) ვერ მოიტანა მისი აღორძინება. პალეოლოგოსთა ეპოქის (1261–1453) ბიზანტიის იმპერია უკვე ძალიან შეზღუდულ რესურსებს ფლობდა თავისი დედაქალაქის განსავითარებლად; კონსტანტინოპოლში რჩებოდა უშენი ადგილები, მრავალი შენობა და მთელი რაიონები გამოიყენებოდა როგორც ქვისსამტეხლო. საბოლოოდ იქნა მიტოვებული დიდი სასახლე ქალაქის ძველ ცენტრში, იმპერატორთა ახალი რეზიდენცია ვლახერნებში მდებარე სასახლე გახდა (შემონახულია ერთ-ერთი სასახლე). კონსტანტინოპოლის დაკნინებასთან ერთად მძაფრად განვითარდა გალატის რაიონი, სადაც გენუელ ვაჭართა უმსხვილესი ფაქტორია მდებარეობდა. პალეოლოგოსები და ბიზანტიის არისტოკრატია აგრძელებდა ტაძართა და მონასტერთა მხარდაჭერას, როგორიც იყო, მაგალითად, ხორა (შემონახულია), ლიპსა (შემონახულია; პალეოლოგოსთა ერთ-ერთი საძვალე), პამაკარისტოსის ღვთისმშობლის ეკლესია. XIV საუკუნის ბოლოდან თურქ-ოსმალები მუდმივად ცდილობდნენ ქალაქის დაუფლებას. 1453 წლის 29 მაისს, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, კონსტანტინოპოლი თურქებმა დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი გახდა. ამ დროს მოსახლეობა 50 ათასს შეადგენდა.[2]

ამის შემდეგ თურქები მას თავდაპირველად კონსტანტინიეს უწოდებდნენ, შემდეგ შემოიღეს სტამბოლი.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Janin, Raymond (1964). Constantinople Byzantine, 2 (French), Paris: Institut Français d'Etudes Byzantines. 
  • Janin R. Constantinople byzantine: développement urbain et répertoire topographique. P., 1950;
  • idem. Les églises et les monastères des grands centres byzantins. P., 1975;
  • Dagron G. Naissance d’une capitale: Constantinople et ses institutions de 330 а̀ 451. P., 1974;
  • idem. Constantinople imaginaire: études sur le recueil des Patria. P., 1984;
  • Müller-Wiener W. Bildlexikon zur Topographie Istanbuls. Tüb., 1977;
  • Mango C. Le développement urbain de Constantinople, IVe – VIIe siècles. P., 1985;
  • Петросян Ю. А. Древний город на берегах Босфора. 2-е изд. М., 1991;
  • Constantinople and its hinterland / Ed. C. Mango, G. Dagron, G. Greatrex. Aldershot, 1995;
  • Беляев Л. А. Христианские древности. СПб., 2000;
  • Краутхаймер Р. Три христианские столицы: топография и политика. М., СПб., 2000;
  • Седов В. В. Килисе Джами: столичная архитектура Византии. М., 2008.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Mango, Cyril (1991). „Constantinople“. In Kazhdan, Alexander (ed.). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. pp. 508–512. ISBN 0-19-504652-8.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Попов И. Н. КОНСТАНТИНОПОЛЬ // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 96.
  3. Janin, 1964
  4. Preserving The Intellectual Heritage – Preface.
  5. Кораев Т. К., Павлинов П. С. СТАМБУЛ // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 159-162.