ვენეციის რესპუბლიკა

ვენეციის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica di Venezia) — შუა საუკუნეების იტალიური სახელმწიფო; არსებობდა VII-VIII საუკუნეებიდან 1797 წლამდე და ფლობდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას ხმელთა შუა ზღვის ნაოსნობისა და ეკონომიკურ საკითხებში. სახელმწიფოს ცენტრი მდებარეობდა ადრიატიკის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ვენეციის რესპუბლიკის ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობა საბოლოოდ კოლონიურ იმპერიაში გადაიზარდა, რომელიც ვენეციიდან ცენტრალურად იმართებოდა და ვრცელდებოდა ზემო იტალიიდან კრეტამდე და ყირიმიდან კვიპროსამდე. გარდა ამისა ვენეციის რესპუბლიკა არაერთ სავაჭრო კოლონიას ფლობდა ფლანდრიასა და მაღრიბში, ალექსანდრიასა და აკოში, კონსტანტინოპოლსა და ტრაპიზონში, ისევე როგორც ადრიატიკის ზღვის მრავალ სახელმწიფოში. არისტოკრატიული რესპუბლიკის სიმდიდრის შედეგად მას ცენტრალური ადგილი ეკავა მთელ რეგიონში, ბიზანტიასა და საღვთო როის იმპერიას შორის და ფლობდა მნიშვნელოვან სასაქონლო მონოპოლიას. მისთვის ხელსაყრელი იყო იტალიის დაქუცმაცებულობაც. მნიშვნელოვან კომერციულ სფეროს, რომელიც შორეულ ქვეყნებში ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ დიდებულები განაგებდნენ და სულ უფრო მეტად იმკვიდრებდნენ პოლიტიკურ ლიდერობას, სანამ არ გაუქმდა სახალხო კრება.

ვენეციის რესპუბლიკა
 

697 წ.1797 წ.
 

 

დროშა გერბი

ვენეციის რესპუბლიკის რუკა.
დედაქალაქი ერაკლეა (697–742)
მალამოკო (742–810)
ვენეცია (810–1797)
ენა ვენეციური, ლათინური, იტალიური, ბერძნული, სამხრეთსლავური ენები
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
ფულის ერთეული ვენეციური ლირა
მმართველობის ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა (დე იურე)
არჩევითი მონარქია (დე ფაქტო)
დოჟი
 - 697–717 წწ პაოლო ლუციო ანაფესტო (პირველი)
 - 1789–1797 წწ ლუდოვიკო მანინი (უკანასკნელი)
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს იტალიის დროშა იტალია
ხორვატიის დროშა ხორვატია
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ალბანეთის დროშა ალბანეთი
კვიპროსის დროშა კვიპროსი
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
სლოვენიის დროშა სლოვენია
თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
უკრაინის დროშა უკრაინა

ვენეციის რესპუბლიკის ისტორიის საწყისი ეტაპის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წერილობითი წყარო და უამრავი ლეგენდა მოიპოვება, თუმცა ისინი ისტორიის ამ პერიოდს სრულად და დეტალურად ვერ აღწერენ. ამის საპირისპიროდ XIII საუკუნიდან ვენეციაში იწყება მძლავრი სამწერლობო ტრადიცია, რომელშიც აღწერილია უკიდურესად წვრილმანი დეტალებიც კი; ამ მხრივ ვენეციის მწერლობა მხოლოდ რომის მწერლობას ჩამოუვარდებოდა. ლეგენდების შექმნას არსებითად ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა ჟამთააღმწერლობამ, რომელიც ხშირად ვენეციური საზოგადოების თავისებურებებს უკავშირებდა წარსულს. ამასთანავე სახელმწიფო ისტორიკოსები ფარავდნენ ან თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდნენ იმ ფაქტებს, რომლებიც ერთიანობას, მართლმსაჯულებას ან სახელმწიფო ძალაუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ვენეციის საზღვაო ძალაუფლებამ, მიუხედავად ნაკლები რესურსებისა, გაფანტული და ერთმანეთისაგან მოშორებული სამფლობელოებისა, უმთავრესი როლი ითამაშა ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისეთ მძლავრ სახელმწიფოებს შორის, როგორიც იყო ბიზანტია, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია და პაპის ხელისუფლება, ვენეცია ახერხებდა გავლენის მოპოვებას თავისი ძლიერი სამხედრო ფლოტისა და კარგი დიპლომატიის მეშვეობით; გარდა ამისა მას სავაჭრო სფეროში უწევდა ისეთ ქალაქებთან კონკურენცია, როგორიც იყო უპირველეს ყოვლისა გენუა, ასევე ამალფი, პიზა, ბოლონია და სხვები. მხოლოდ ისეთმა დიდმა სახელმწიფოებმა, როგორებიც იყო ოსმალეთი და ესპანეთი, სამხედრო ძალით აიძულეს ვენეციის რესპუბლიკა, რომ სავაჭრო პირველობა დაეთმო გაერთიანებულ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთში. 1797 წელს ქალაქი ნაპოლეონმა დაიკავა და დიდმა საბჭომ 12 მაისს ვენეციის რესპუბლიკა გაუქმებულად გამოაცხადა.

ჩამოყალიბება და აღმასვლა

რედაქტირება

ლაგუნის დასახლება

რედაქტირება

ვენეციის ლაგუნაში პირველი დასახლება გაჩნდა კუნძულთა ჯგუფზე, რომლებიც ბრენტასა და ლაგუნაში ჩამდინარე სხვა მდინარეების დანალექებით შეიქმნა. გრანდ-კანალი (Canal Grande) მხოლოდ მდინარე ბრენტას ჩრდილოეთი მკლავის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს კუნძულები და ლაგუნა, რომლის მოსახლეობაც ჯერ კიდევ ეტრუსკების პერიოდიდან ძალიან შემცირდა, ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით 410 წლის შემდეგ ვესტგუთების მეფე ალარიხ I-ის, ხოლო 452 წლიდან კი ჰუნების ბელადის ატილასაგან თავდასაცავად გადმოსახლებული ლტოლვილების უსაფრთხო თავშესაფარი ხდება. როდესაც 578 წელს ზემო იტალიაში ლანგობარდები შეიჭრნენ, ვენეციის ლაგუნას ლტოლვილთა ახალი ტალღა მოაწვა. ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ვენეცია 421 წლის 25 მარტს დაარსდა, შესაძლოა ლაგუნაში სწორედ ლტოლვილთა ჩამოსახლებას უკავშირდებოდეს.

ქალაქის დასახლებული ნაწილი მოიცავდა რამდენიმე ახლომდებარე კუნძულს, მათ შორის ლუპრიოს, კანალეკლოს, ჯემინეს, მენდიკოლას, ომბრიოლას, ოლივოლოსა და სპინალუნგას. დასახლების გასაფართოებლად გაიჩეხა აქ გავრცელებული თელისა და ლარიქსის ხშირი ტყეები. ქალაქის დიდი ნაწილი აიგო დალმაციიდან მოტანილი ხის მასალით, რადგან ახლო შემოგარენის ხის რესურსი მალე ქალაქს ვეღარ აკმაყოფილებდა; ხის რესურსები დიდი რაოდენობით შთანთქა ასევე საზღვაო ფლოტმაც. დალმაციისა და ისტრიის უტყეო კარსტული ლანდშაფტების სიმრავლე ნაწილობრივ სწორედ ვენეციელთა მიერ ტყეების გაჩეხვის შედეგია.

ბიზანტიური მმართველობა

რედაქტირება

ოსტგუთების მიერ დაპყრობის შემდეგ, რომლებიც იმპერატორ იუსტინიანე I-ს (დაახლ. 535—562 წლები) ექვემდებარებოდნენ, ვენეციის ლაგუნა ბიზანტიური მმართველობის ქვეშ მოექცა. 568 წელს იტალიის დიდი ნაწილი ლანგობარდებმა დაიპყრეს, რის გამოც ბიზანტიის იმპერატორი მავრიკიოსი იძულებული გახდა, დარჩენილი სასაზღვრო რეგიონებისათვის ფართო ავტონომია მიენიჭებინა; ამგვარად VI საუკუნის ბოლოს შეიქმნა რავენის საგზარქოსო. ეგზარქოსი პროვინციის უმაღლეს სამხედრო და სამოქალაქო მმართველს წარმოადგენდა. მის დაქვემდებარებაში იყვნენ ვენეციის ლაგუნის ტრიბუნებიც. პროვინციის დედაქალაქი თავდაპირველად ოდერცო იყო, თუმცა 639 წელს ისიც ლანგობარდებმა დაიპყრეს და 666 წელს კი დაანგრიეს. ამით პროვინცია ფაქტობრივად დაიშალა და ლაგუნა უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა. 635 წელს საეპისკოპოსო ცენტრი ალტინოდან უფრო მეტად უსაფრთხო ტორჩელოში (კუნძული ვენეციის ლაგუნაში) გადაიტანეს. ვენეციის გარევაჭრობა, განსაკუთრებით კი მარილითა და მარცვლეულით, უკვე VI საუკუნეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა, როგორც ჩანს VIII საუკუნეში იგი კიდევ უფრო გაფართოვდა. იმდროინდელი სხვა ქალაქების დიდებულებისაგან განსხვავებით, ვენეციელი დიდებულები ქონებას იძენდნენ არა მარტო უძრავი ქონების სახით, არამედ ძირითადად ვაჭრობის მეშვეობით.

ტრადიციული გადმოცემის მიხედვით, ვენეციის პირველი დოჟი (გამგებელი) 697 წელს გახდა პაოლო ლუჩიო ანაფესტო. იგი თავდაპირველად მთელი ლაგუნის წარმომადგენელი იყო. 713-716 წლებში პირველად ჩნდება თანამდებობა დუქსი (ჰერცოგი), როგორც ეგზარქოსის მოადგილე. მისი რეზიდენცია თავიდან იყო ერაკლეა, შემდეგ მალამოკო (დასახლებებია ლაგუნაში). 811 წელს, როდესაც დოჟის თანამდებობა ანჯელო პარტეჩიპაციოს ეკავა, მმართველობის ცენტრი რიალტოში გადავიდა.

ერთ-ერთი ვენეციური ლეგენდის თანახმად, პირველი დოჟის არჩევისას პირველად გამოჩნდა ე. წ. თორმეტი „სამოციქულო“ გვარი: ბადოერი, ბაროცი, კონტარინი, დანდოლო, ფალიერი, გრადენიგო, მემო, მიკელი, მოროზინი, პოლანი, სანუდო და ტიეპოლო.

ვენეციამ ბიზანტიის იმპერიისაგან უფრო მეტად დამოუკიდებლობა პირველად გამოამჟღავნა ბიზანტიური ხატთმებრძოლეობის დასაწყისში, როდესაც მან რომის პაპის მხარე დაიჭრა. ამას მოჰყვა პირველი ხელშეკრულება ლანგობარდებთან, რომელიც ვენეციამ თავისი ნებით, ბიზანტიის დადასტურების გარეშე დადო. ამ მდგომარეობაში დოჟი ფლობდა ეპითეტს „იპატო“, რაც კონსულს ნიშნავს და სავარაუდოდ დაკავშირებულია 729 წლის შემდეგ რავენისა და პენტაპოლისის გათავისუფლებაში მის დიდ დამსახურებასთან. 732 წელს ვენეციის ლაგუნაში მდებარე დასახლებები საკუთარ ეპისკოპოსს დაექვემდებარა, რამაც ამ დასახლებების ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.

ბიზანტიის, ლანგობარდებისა და ფრანკთა სამეფოს შორის

რედაქტირება

751 წელს ლანგობარდების მიერ რავენის დაპყრობით ზემო იტალიაში დასრულდა ბიზანტიური მმართველობა. მიუხედავად ამისა ვენეცია მაინც ინარჩუნებდა ფორმალურ დამოკიდებულებას ბიზანტიაზე, რადგან ზემო იტალიის რეგიონში ის ერთადერთი იყო, რომელიც გადაურჩა კარლოს დიდის მეთაურობით ფრანკების დაპყრობით ომებს 773 წლიდან. იტალიის მეფე პიპინი 803-810 წლებში ცდილობდა ვენეციის კუნძულების დაპყრობას. საბოლოოდ, აახენის 812 წლის ზავით ვენეცია აღიარებულ იქნა ბიზანტიის იმპერიის ნაწილად. ამ ყველაფერმა და დოჟების რეზიდენციის განლაგებამ დღევანდელი დოჟის სასახლის ადგილას მნიშვნელოვანი საფუძვლები შექმნა ვენეციის მომავალი გაბატონებისათვის დანარჩენ იტალიაზე.

ამ პროცესების დროს ვენეციის ლაგუნაში ერთსულოვნება არ იყო; მეოთხე დოჟი დიოდატო იპატო 756 წელს სავარაუდოდ სწორედ პროლანგობარდიული და პრობიზანტიური ფრაქციების დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. მისი მომდევნო პრობიზანტიული დოჟი გალა ლუპანიოც, რომელმაც წინამორბედი დაამხო, მკვლელობას ემსხვერპლა. შემდეგი დოჟი დომენიკო მონეგარიო პროლანგობარდიული ფრაქციის წარმომადგენელი იყო, სანამ ისიც 764 წელს არ დაამხეს; მისი პროლაგობარდიული განწყობა ხელს უწყობდა ვენეციის ვაჭრობის განვითარებას ზემო იტალიაში. ამ პერიოდში იყო მცდელობები, რომ დოჟის ხელისუფლება ორი ტრიბუნის მეშვეობით შეეზღუდათ. მაურიციო გალბაო, რომელსაც დოჟის თანამდებობა 764-787 წლებში ეკავა, მძლავრი წინააღმდეგობების ფონზე შეეცადა თავისი ვაჟი ჯოვანი შემდეგ დოჟად დაენიშნა; ამგვარად მას სურდა ჩამოეყალიბებინა დოჟთა დინასტია და ეს თანამდებობა შთამომავლობით გადასულიყო. თუმცა მას შემდეგ უთანხმოება მოუვიდა ქალაქის სასულიერო პირებთან და საბოლოოდ გაიმარჯვა პროფრანკული ფრაქციის წარმომადგენელმა ობელერიო ანტენორეომ. ეს უკანასკნელი კი 804 წელს პიპინის დაპყრობების დროს, სავარაუდოდ, თავის ოჯახთან ერთად გაიქცა.

პარტეჩიპაციოთა დინასტიის მმართველობის დროს ქალაქის ზრდამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ამ დროს გაიზარდა დამოუკიდებლობის შეგრძნება, თუმცა ვენეციაში სასულიერო ცხოვრება, რაც მაშინდელი ქალაქის მნიშვნელობაზე მეტყველებდა, ჯერ კიდევ დაბალ დონეზე იდგა.

828 წელს ალექსანდრიიდან, სადაც უკვე არსებობდა ვენეციური სავაჭრო კოლონია, მარკოზ მახარებლის წმინდა ნაწილების მოპარვის შემდეგ მარკოზი ვენეციის მფარველად იქცა. როგორც მფარველი, იგი ვენეციის რესპუბლიკამ ოფიციალურადაც აღიარა და მახარებლის სიმბოლო — ფრთიანი ლომი (მარკოზის ლომი), რესპუბლიკის გერბად იქცა. ამ ლომის ხილვა დღესაცაა შესაძლებელი იმ ქალაქებში, რომლებიც ძველად ვენეციას ექვემდებარებოდნენ. ვენეციამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისაკენ, ამჯერად აკვილეიის საპატრიარქოს წინააღმდეგ, რომელსაც მან სულიერი ლიდერობის პრეტენზია წაუყენა. ვენეციის პრეტენზია სწორედ წმინდა მარკოზის ნაწილებთან იყო დაკავშირებული. ვენეცია, როგორც ამ ნაწილების მფლობელი, საკუთარ დამოუკიდებლობასა და სულიერ ლიდერობას ხაზს უსვამდა იმით, რომ მახარებელი, რომელსაც საპატრიარქოს დაარსება მიეწერება, „ფიზიკურად“ ვენეციაში იმყოფებოდა.

ამ სიმბოლურ წარმატებებისაგან კონტრასტულად განსხვავდებოდა ვენეციის დოჟის პარტეჩიპაციო პოლიტიკური წარუმატებლობები; ჯოვანი 829 წელს ვენეციიდან გაიქცა და თავშესაფარს ფრანკების მეფე ლოთარ I-თან ეძებდა; ექვსი თვის განმავლობაში ვენეციის ლაგუნას ბიზანტიელი ტრიბუნი კაროსო განაგებდა. დოჟმა მხოლოდ ფრანკების დახმარებით შეძლო უკან დაბრუნება. კაროსო დოჟის ბრძანებით დააბრმავეს და გააძევეს, რადგან მისი მოკვლა, როგორც კონსტანტინოპოლის სენატორისა, არ შეიძლებოდა. 832 წელს ჯოვანიც ერთ-ერთ მონასტერში გააძევეს.

ტერმინი „ვენეცია“ (დღევანდელ იტალიურ ენაზე ვენეტო) მოიცავს მთელ რეგიონს, რომელიც ზემო იტალიაში გრადოდან კოჯამდეა გადაჭიმული. 840 წლის ლოთარის პაქტში (Pactum Lotharii), რომლითაც ლოთარ I-მა ვენეციას უამრავი უფლება მიანიჭა, დასახელებულია 18 სხვადასხვა დასახლება, მათ შორის რიალტო და ოლივოლო. ამგვარად მათი დამოუკიდებლობა გაუქმებულად ოფიციალურად იქნა მიჩნეული. დოჟ პიეტრო ტრიბუნოს მმართველობის დროს ვენეციამ მიაღწია იმას, რომ ორივე ეს დასახლება საერთო თავდაცვის სისტემაში ჩაერთო. ეს გამოიწვია უნგრეთის თავდასხმებმა, რომელიც 900 წელს ლაგუნამდე შეიჭრა. ქალაქში გაძლიერდა ერთი ჯგუფი შეძლებული ვაჭრებისა, რომლებიც ძირითადად არისტოკრატიულ ოჯახებს ეკუთვნოდნენ. სხვა იმდროინდელი ქალაქებისაგან განსხვავებით ვენეციაში ვაჭრობა შედარებით მაღალ დონეზეა განვითარებული.

პარტეჩიპაციოთა დინასტია

რედაქტირება

ბიზანტიის სისუსტის გამო ვენეციას უწევდა იმ ბრძოლებში ჩარევა, რომლებიც დაკავშირებული იყო სლავების, უნგრელებისა და მუსლიმების (სარაცინები, სარკინოზები) ძარცვებთან და შემოსევებთან. უკვე 827-828 წლებში ვენეციამ იმპერატორის მოთხოვნით გაგზავნა ფლოტი სარაცინების წინააღმდეგ, რომლებმაც სიცილიის დაპყრობა დაიწყეს. გარდა ამისა ვენეცია იბრძოდა ნარენტანების (ცხოვრობდნენ დღევანდელი ხორვატიის სამხრეთში) მეკობრეთა ფლოტის წინააღმდეგ; ამ ბრძოლას ემსხვერპლა დოჟი პიეტრო I კანდიანო 887 წელს. 846 წელს სლავებმა ქალაქ კარადინომდე მიაღწიეს, სარაციენბმა კი 875 წელს ქალაქ გრადოს — ისინი კუნძულ სანსეგოსთან საზღვაო ბრძოლაში ვენეციის ფლოტთან სასტიკად დამარცხდნენ.

880 წელს, იმისათვის, რომ საკუთარი პირველობა და ძალაუფლება ეჩვენებინა რეგიონში, ვენეციამ დაანგრია ქალაქი ალტინო. 854 და 946 წლებში კი ვენეციელებმა დაიპყრეს და დაანგრიეს ქალაქი კომაკიო, რომელიც პოს ხეობას აკონტროლებდა. ამით კონფლიქტი დაიწყო ვენეციასა პაპის ოლქს შორის, რადგან ეს უკანასკნელი ითვლებოდა კომაკიოს მმართველად მას შემდეგ, რაც პიპინ მოკლემ 754 წელს იგი ამ მიწებით დაასაჩუქრა. დამპყრობლები რომის პაპის მიერ განდევნილ იქნენ საერთო ეკლესიიდან.

ამასობაში ბიზანტიასთან ურთიერთობამ ალიანსის ხასიათი მიიღო. ვენეციის ისტორიის ამ ეტაპზე წამყვანი ადგილი პარტეჩიპაციოთა დინასტიას ეკავა (810—887, შემდგომ 911—942 წლებში); მხოლოდ 837 წლიდან 864 წლამდე პიეტრო ტრადონიკოს წარმატებულმა მმართველობამ დროებით შეაფერხა პარტეჩიპაციოების დინასტიის პირველობა.

კანდიანოთა დინასტია, ოტონების იმპერიული პოლიტიკა

რედაქტირება

უკვე პიეტრო II კანდიანოს მმართველობის პერიოდში (932–939) ვენეცია თავის ძალაუფლებას ავრცელებდა კაპოდისტრიაზე (დღევანდელი ქალაქი კოპერი სლოვენიაში), რომელიც იმხანად ისტრიის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. გავლენის მოპოვებაში ვენეციას ეხმარებოდა ბლოკადები, რომლებსაც იგი ადრიატიკის ზღვის სანაპირო ქვეყნების წინააღმდეგ საუკუნეთა განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა. კადიანოთა დინასტია რესპუბლიკის ცხოვრებაში ადრეს დიდ როლს ასრულებდა, 887 წელს კი ამ საგვარეულოდან პირველი დოჟი, პიეტრო I კანდიანო აირჩიეს, თუმცა იგი სულ რაღაც ნახევარწლიანი მმართველობის შემდეგ ნარენტანების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

კანდიანოთა დინასტიის დროს, რომლებიც 942-976 წლებში მუდმივად მმართველობდნენ, გაბატონდა დასავლურევროპული ფეოდალურ სისტემაზე დამყარებული ვასალური დამოკიდებულებანი. პიეტრო III კანდიანომ (942–959) ტახტი დაუთმო თავის ვაჟს პიეტრო IV-ს, რომელსაც მაშინდელი ფეოდალები, განსაკუთრებით კი რავენის მარკგრაფი გვიდო და იტალიის მეფე ბერენგარ II უჭერდნენ მხარს. ოტო I-ს, რომელიც 962 წელს საღვთო რომის იმპერატორი გახდა, პიეტრო IV-მ უარი უთხრა შემოთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც მიხედვითაც მას ხარკი უნდა ეხადა, სანაცვლოდ კი მიიღებდა საკუთრების უფლებას მისი ტერიტორიის ეკლესიაზე.

მამის იმპერიული პოლიტიკის გამგრძელებელი აღმოჩნდა ოტო I-ის ვაჟი ოტო II-ც, რომელმაც ვენეციასთან ურთიერთობის 812 წელს დაწყებული ტრადიცია დაარღვია. შედეგად ვენეციაში 976 წელს დაემხო კანდიანოთა პრო-ოტონური დინასტია. დოჟი და მისი ვაჟი ვიტალე, ვენეციის ეპისკოპოსი, მოკლეს, ხოლო დოჟთა სასახლე დაწვეს — სავარაუდოდ ბიზანტიის შეკვეთით. მოკლული მეუღლის ქვრივმა ვალდრადამ დატოვა დოჟის მემკვიდრე, რადგან იგი იმპერატორის ქვრივის, ადელაიდას მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Patricia Fortini Brown. Private Lives in Renaissance Venice: art, architecture, and the family (2004)
  • Chambers, D.S. (1970). The Imperial Age of Venice, 1380–1580. London: Thames & Hudson. The best brief introduction in English, still completely reliable.
  • Garrett, Martin, "Venice: a Cultural History" (2006). Revised edition of "Venice: a Cultural and Literary Companion" (2001).
  • Grubb, James S. (1986). "When Myths Lose Power: Four Decades of Venetian Historiography." Journal of Modern History 58, pp. 43–94 — the classic "muckraking" essay on the myths of Venice.
  • Deborah Howard and Sarah Quill. The Architectural History of Venice (2004)
  • John Rigby Hale. Renaissance Venice (1974), ISBN 0-571-10429-0
  • Lane, Frederic Chapin. Venice: Maritime Republic (1973) — a standard scholarly history with an emphasis on economic, political and diplomatic history; ISBN 0-8018-1445-6
  • Laven, Mary, "Virgins of Venice: Enclosed Lives and Broken Vows in the Renaissance Convent (2002). The most important study of the life of Renaissance nuns, with much on aristocratic family networks and the life of women more generally.
  • Mallett, M. E. and Hale, J. R. The Military Organisation of a Renaissance State, Venice c. 1400 to 1617 (1984), ISBN 0-521-03247-4
  • Martin, John Jeffries and Dennis Romano (eds). Venice Reconsidered. The History and Civilization of an Italian City-State, 1297–1797. (2002) Johns Hopkins UP — The most recent collection on essays, many by prominent scholars, on Venice.
  • Drechsler, Wolfgang (2002). "Venice Misappropriated." Trames 6(2), pp. 192–201 — A scathing review of Martin & Romano 2000; also a good summary on the most recent economic and political thought on Venice.
  • Muir, Edward (1981). Civic Ritual in Renaissance Venice. Princeton UP — The classic of Venetian cultural studies, highly sophisticated.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება