ლათინთა იმპერია, რომანია (ფრანგ. Empire latin de Constantinople, ბერძ. Λατινική Αυτοκρατορία της Κωνσταντινούπολης; Ρωμανία, ლათ. Imperium Romaniae) — შუა საუკუნეების იმპერია, რომელიც ჩამოყალიბდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ 1204 წელს.

ლათინთა იმპერია
Empire latin de Constantinople
Λατινική Αυτοκρατορία της Κωνσταντινούπολης
Imperium Romaniae

იმპერია

12041261
გერბი
დედაქალაქი კონსტანტინოპოლი
ენა ოფიციალური: ლათინური,
ძველი ფრანგული
პოპულარული: ბერძნული
ფართობი 350,000 კმ²
მმართველობის ფორმა მონარქია
იმპერატორი
 - 1204-1205 ბოდუენ I
 - 1237-1261 ბოდუენ II

1204 წლის 13 აპრილს ჯვარსონებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ამავე წლის მაისში ჯვაროსნებსა და ვენეციელებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად გადაწყდა, რომ ბიზანტიის ტერიტორიაზე შეექმნათ ახალი ფეოდალური სახელმწიფო.

ლათინთა იმპერიის პირველი იმპერატორი გახდა ფლანდრიისა და ჰენეგაუს გრაფი ბოდუენ IX ბოდუენ I-ის სახელით. ლათინთა იმპერიაში შედიოდა ბიზანტიის რამდენიმე პროვინცია, როგორებიც არიან თესალონიკის, მაკედონიის, თესალიის, პელოპონესის ოლქები. იმპერია იყოფოდა ფეოდალურ სამფლობელოებად, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო თესალონიკის სამეფო, აქაიიის პრინციპატი და ათენის საჰერცოგო.

სახელმწიფო წყობილება

რედაქტირება

ლათინთა იმპერია იყო ფრანგული ტიპის მონარქია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბიზანტიის სახელმწიფო წყობილების ზოგიერთი ნიშანი. ლათინთა იმპერატორებმა შეინარჩუნეს ბიზანტიის საიმპერატორო კარისათვის ჩვეული ფუფუნება, მაგრამ მათ ძალაუფლებას ზღუდავდა დიდი სენიორებისა და ვენეციელი პოდესტისაგან შემდგარი საბჭო. უმაღლეს თანამდებობათა დიდი ნაწილი შეესაბამებოდა დასავლეთევროპულს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ბერძნული სახელწოდება. ლათინთა იმპერიაში გაბატონებულ წოდებას წარმოადგენდნენ მცირერიცხოვანი დასავლური ტიტულების მქონე „ლათინი“ ფეოდალები, რომელთა რიგებს შეუერთდნენ ბიზანტიური ტიტულის მქონე დიდი მოხელენიც. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ მიწაზე მიმაგრებული ბერძენი გლეხები, რომელთაც ძველთან ერთად დაეკისრათ ახალი, დასავლური ტიპის ვალდებულებანი (ბანალიტეტი).

უმაღლეს საეკლესიო იერარქიას სათავეში ედგა რომის კათოლიკე პატრიარქი, ხოლო რიგითი სამღვდელოება მომეტებულად ბერძნულ-მართლმადიდებლური წესის მიმდევარი იყო.

ლათინთა იმპერიაში, რომელიც სოციალური, ეკონომიკური და რელიგიური წინააღმდეგობების მქონე სუსტი ფეოდალური გაერთიანება იყო, ვერ მოხდა ბერძნული და ლათინური კულტურის ორგანული შერწყმა.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

ლათინთა იმპერიას განუწყვეტელი ბრძოლა უხდებოდა ბულგარეთის სამეფოსთან და ბიზანტიური მიწა-წყლის ნაწილზე აღმოცენებულ ახალ ბერძნულ სახელმწიფოებთან - ნიკეის იმპერიასა და ეპირის დესპოტატთან, ხოლო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე, ქართველი ტომებით დასახლებულ მიწა-წყალზე აღმოცენდა საქართველოს ყმადნაფიცი სახელმწიფო - ტრაპიზონის იმპერია. ლათინთა იმპერია თანდათან კარგავდა თავის ტერიტორიებს; 1222 წელს ეპირის დესპოტმა ხელთ იგდო თესალონიკის სამეფო. ნიკეის იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგოსმა, რომელსაც ფულითა და ფლოტით ეხმარებოდნენ ვენეციის მოქიშპე გენუელები, 1261 წლის 25 ივლისს მოულოდნელად აიღო კონსტანტინოპოლი და ბოლო მოუღო ლათინთა იმპერიის არსებობას. ლათინთა იმპერიაში შემავალი რამდენიმე ფეოდალური სამფლობელო შუა და სამხრეთ საბერძნეთში ერთხანს შერჩათ ლათინებს, ხოლო ყოფილი იმპერატორის ბოდუენ II-ის (გ. 1273) მემკვიდრენი კიდევ დიდხანს აცხადებდნენ პრეტენზიას ლათინთა იმპერატორის ტიტულზე.

ლათინთა იმპერიამ სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ბიზანტიის იმპერიას, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა პირველობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო-პოლიტიკურ ურთიერთობებში და მნიშვნელოვნად განაპირობა ბიზანტიის საბოლოოდ დაცემა.

ლათინთა იმპერატორები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: