ტრაპიზონის იმპერია

ტრაპიზონის იმპერია ტრაპეზუნტის იმპერია (ბერძ. Αυτοκρατορία της Τραπεζούντας) — სახელმწიფო ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ, არსებობდა 1204 წლიდან 1461 წლამდე. მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ძველი პონტოს სამეფოს ადგილზე. დედაქალაქი ტრაპიზონი. ძირითადი მოსახლეობა ლაზები და ბერძნები. მოსახლეთა უმრავლეოსობა მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. ტრაპიზონის იმპერია იყოფოდა სამ სამხედრო ოლქად ანუ ვანდად, მაცუკის, გიმორის და ტრაპიზონის ვანდებად.

ტრაპიზონის იმპერია
ბერძ. Αυτοκρατορία της Τραπεζούντας

1204–1461
 

 

ორთავიანი არწივი
დასავლურ ევროპულ პორტულანებზე გამოსახული ტრაპიზონის იმპერიის გერბი.

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ტრაპიზონის იმპერია 1204 წელს.
დედაქალაქი ტრაპიზონი (1204-1461)
უდიდესი ქალაქები სინოპი, რიზაიონი, კერასუნტი, ლიმნია, ოინეიონო, ტრიპოლისი
ენები ბერძნული (ოფიციალური)
ლაზური
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა ავტოკრატია
ბასილევსი
 -  1204–1222 ალექსი I (პირველი)
 -  1458–1461 დავითი (ბოლო)
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  შექმნა 1204
 -  მონღოლთა ვასალი 1243
 -  სინოპის დაცემა 1265
 -  უარი საიმპერატორო ტიტულზე 1282
 -  სამოქალაქო ომი 1340–1349
 -  დაცემა 1461
ვალუტა ასპრი
დღეს ამ ტერიტორიაზე
ქვეყნები დღეს

იმპერია დაარსდა 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ საქართველოს სამეფო კარის (თამარ მეფე) ინიციატივითა და დახმარებით. პირველი იმპერატორი იყო ალექსი კომნენოსი. იგი კომნენოსთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ანდრონიკე I-ის შთამომავალი იყო.

მანამდე აღნიშნული ტერიტორია ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. თამარს გადაწყვეტილი ჰქონდა ქართული მიწების საქართველოს ფარგლებში მოქცევა; ამისათვის საბაბად გამოიყენა ბიზანტიის კეისრის, ალექსი III-ის მიერ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ საეკლესიო მსახურთა გაძარცვა 1203 წელს. საგანგებოდ შეკრებილმა ქართულმა ჯარმა ერთიმეორის მიყოლებით დაიკავა ჭანეთი, ტრაპიზონი, ლიმნია, სამსუნი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა, ამასტრისი, ჰერაკლეა, პაფლაგონიისა და პონტოს სხვა ადგილები. ბიზანტიის იმპერატორმა ქართველთა წინსვლას ხელი ვეღარ შეუშალა, რადგან სწორედ იმ დროს კონსტანტინოპოლს დასავლეთიდან ჯვაროსნები შეესივნენ და აიღეს კიდეც. თამარმა ახლადჩამოყალიბებული ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე დასვა უფლისწულები, ძმები ალექსი და დავით კომნენოსები, წარმომავლობით ბერძნები. ისინი თამარ მეფის დის რუსუდანის შვილები[1] და საქართველოს სამეფო კარზე, ქართული ტრადიციებით აღზრდილი იყვნენ.

ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი გახდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით — დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. არსებობის ორნახევარი საუკუნის მანძილზე ტრაპიზონის სამეფო კარზე პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული ტენდენცია — ქართული და ბიზანტიური. საქართველოს ძლიერების ხანაში კომნენოსთა დინასტია ქართველობას არ ღალატობდა, მაგრამ მონღოლთა შემოსევებისაგან საქართველოს დასუსტების შემდეგ ტრაპიზონელი კეისრები გუშინდელ პროტექტორს უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ.

1243 წელს ტრაპიზონელები რუმის სასულთნოს და ბიზანტიელებს შეუკავშირდნენ მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდნენ და ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მოხარკეებად გადაიქცნენ. 1282 წელს მეფე დავით VI ნარინმა აღადგინა ქართული ორიენტაციის ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. ქალაქებიდან გააძევა ბიზანტიელთა გარნიზონები და ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ბოლოს ქართველებმა ტრაპიზონიც აიღეს და ტახტზე ქართველ დიდებულთან დამოყვრებული დედოფალი თეოდორა დასვეს, მაგრამ დავით ნარინის სიკვდილისთანავე, 1293 წელს, ისევ დაკარგეს პოზიციები ტრაპიზონის იმპერიაში.

1297 წელს კი ტრაპიზონის კეისარმა ალექსი II-მ ბიზანტიის კეისარ ანდრონიკე II-ს დამოყვრებაზე უარი უთხრა და ცოლად შეირთო სამცხის მთავრის, ბექა ჯაყელის, ასული. ისევ გაიმარჯვა ქართულმა ორიენტაციამ ტრაპიზონში. ალექსი II-მ მესხების ჯარით თურქთა შემოტევაც უკუაგდო და ზღვიდან მოწოლილი მეკობრეებიც გაანადგურა. მაგრამ ალექსი II-ის სიკვდილის შემდეგ (1330 წ.) ისევ მომძლავრდნენ ბიზანტიელები. დაიწყო დევნა და ხოცვა ქართული დასის წარმომადგენლებისა. მაშინ დაიღუპნენ ტრაპიზონის გამოჩენილი ქართველი მოღვაწენი – დიდი დუკა ლეკი ჭანჭიძე და მთავარსარდალი (დიდი დომესტიკოსი) ჯაბა. უკანასკნელად 1341 წელს გიორგი V ბრწყინვალემ აღადგინა ქართველთა ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. 1340-1349 წლებში ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელიც ბიზანტიური პარტიის გამარჯვებით და ალექსი III კომნენოსის გამეფებით დასრულდა. თემურლენგის შემოსევების დასაწყისში ქართველებმა სამუდამოდ დაკარგეს პირველობა ტრაპიზონში. 1456 წელს ოსმალები შეესივნენ და დახარკეს ტრაპიზონის სახელმწიფო. 1461 წელს სულთანმა მეჰმედ II-მ ტრაპიზონის იმპერია მთლიანად დაიპყრო და ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ პროვინციად აქცია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 41.
  • ალ. გამყრელიძე, ბასიანის ომის თარიღი და ტრაპიზონის იმპერიის დაარსების ზოგიერთი საკითხი, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.