სინოპი (თურქ. Sinop) — ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, სინოპის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს თურქეთის შავი ზღვის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. მოსახლეობა 38 571 ადამიანი. ქალაქს გააჩნია ნავსადგური შავი ზღვის სინოპის ყურის ნაპირზე; განვითარებულია კვებისა და ხე-ტყის სახერხი მრეწველობა, სელის ქსოვილების ხელოვნური წარმოება, თევზჭერა.

ქალაქი
სინოპი
Sinop

სინოპი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი შავი ზღვის რეგიონი
პროვინცია სინოპის პროვინცია
კოორდინატები 42°01′36″ ჩ. გ. 35°09′04″ ა. გ. / 42.02667° ჩ. გ. 35.15111° ა. გ. / 42.02667; 35.15111
მმართველი ბარიშ აიჰანი
დაარსდა ძვ. წ. VIII საუკუნე
ადრეული სახელები სინოპე
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 38 571 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 130 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 368
საფოსტო ინდექსი 57XXX
საავტომობილო კოდი 57
ოფიციალური საიტი sinop.bel.tr
სინოპი — თურქეთი
სინოპი

სინოპის ციხე ისტორიული და ტურისტული თვალსაზრისით ქალაქის ყველაზე საინტერესო ადგილია. თურქეთის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი ინჯეს კონცხი, სინოპის პროვინციაშია.

დაახლოებით 2500 წლის განმავლობაში, სინოპე სხვადასხვა დროს დასახლებული იყო კოლხების, ბერძნების (ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს, ძვ. წ. V და ძვ. წ. IV-III სს.) მიერ. ძვ. წ. I საუკუნიდან რომაელები დასახლდნენ, ხოლო XII საუკუნიდან ქალაქის ტერიტორიაზე სახლდება თურქი მოსახლეობა. XIX-XX საუკუნეებში ქალაქში ასევე დასახლდა ბალკანეთიდან და კავკასიიდან გადმოსახლებული მუჰაჯირები.[1]

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი მტკიცებით ხეთების სამეფოს საზღვარი არ ვრცელდებოდა შავ ზღვამდე, სინოპში ნაპოვნი ზოგიერთი არქეოლოგიური ობიექტი, სავარაუდოდ, ხეთური წარმოშობისაა.[2]

ამ ხელსაყრელ ნავსადგურს ბერძნები ჯერ კიდევ მიკენეს ხანაში გაეცნენ, მაგრამ აქ მხოლოდ ძვ. წ. VIII საუკუნეში დასახლდნენ. მილეტელმა მოახალშენეებმა დააარსეს კოლონია, რომელიც მალე შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს ვაჭრობა-ხელოსნობის ცენტრად იქცა.[3] სინოპმა ძვ. წ. VI საუკუნიდან გამოუშვა საკუთარი მონეტები, დააარსა კოლონიები და დაარქვა თავისი სახელი წითელი მიწის პიგმენტს, სახელად სინოპია, რომელიც მოიპოვებოდა კაპადოკიაში და გამოიყენებდა მთელი ძველი სამყარო.[4] ზოგიერთი მეცნიერი სინოპის ყველაზე ადრეულ ბერძნულ კოლონიზაციას ძვ. წ. VII საუკუნით ათარიღებს. სხვა მეცნიერები უფრო ადრეულ საუკუნესაც (ძვ. წ. VIII) ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლიტერატურული მტკიცებულებები, რომლებიც მხარს უჭერენ ადრინდელ დასახლებას, შავი ზღვის რეგიონის გარშემო არსებული არქეოლოგიური მასალა ბერძნული დასახლების დაარსებას ძვ. წ. VII საუკუნით ათარიღებს.[5][6]

სინოპი სტრატეგიულ სავაჭრო გზებს შორის მდებარეობდა, რომლებიც გადიოდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მაგრამ ძვ. წ. IV საუკუნემდე შედარებით იზოლირებული რჩებოდა სხვა შიდა თემებისგან.[1][7] მითოლოგიურ ტრადიციაში კოლხეთსა და სინოპს შორის ადრეული კავშირის ლიტერატურული მტკიცებულება არსებობს. სტრაბონის თხზულება სინოპის ლეგენდარულ დამაარსებელ ავტოლიკეს აკავშირებს იასონთან და არგონავტებთან. პოლიბიოსი აღწერდა სინოპს, როგორც „ფაზისის გზაზე“ მდებარეს.[8] აქემენიდების იმპერიის ჩრდილოეთით გაფართოებამ ძვ. წ. IV საუკუნეში შეაფერხა სინოპის კონტროლი მის აღმოსავლეთ კოლონიებზე, მათ შორის ტრაპეზუნზე (დღევანდელი ტრაპიზონი). სატრაპმა დატამესმა ხანმოკლედ დროით დაიკავა ქალაქი დაახლოებით ძვ. წ. 375 წ.[9][10] არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შესახებ საპორტო ქალაქ სინოპსა და მიმდებარე შიდა ტერიტორიებს შორის ძვ. წ. IV-I საუკუნეებს შორის. სინოპი საბოლოოდ დაეცა ფარნაკე I-ის ძვ. წ. 183 წელს, რის შემდეგაც იგი გახდა პონტოს სამეფოს დედაქალაქი.[1][10] სინოპის ძალაუფლება სწვდებოდა ვრცელ ტერიტორიას, სადაც ისტორიული ქართველური ტომები - მოსინიკები, ხალიბები და კოლხები სახლობდნენ. სწორედ მათ მიწაზე შეიქმნა სინოპის კოლონიები — კოტიორა, კერასუნტი და ტრაპეზუნტი. საქართველოში აღმოჩენილია სინოპის მონეტები, ამფორები, კრამიტი და სხვა.

 
სინოპი ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის დიოგენეს სამშობლოა.

რომაელმა გენერალმა ლუკულუსმა დაიპყრო სინოპი ძვ. წ. 70 წელს, ხოლო იულიუს კეისარმა ძვ. წ. 47 წელს დააარსა რომაული კოლონია იულია ფელიქსი. მითრადატე ევპატორი დაიბადა და დაკრძალულია სინოპში. სინოპი ასევე არის დიოგენეს, ძველი ბერძნული კომედიების ავტორის, დიფილუსის, ისტორიკოს ბატონის და ახ. წ. II საუკუნის ქრისტიანი ღვთისმეტყველის მარსიონ სინოპელის სამშობლო.

395 წელს რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ, სინოპი შევიდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის შემადგენლობაში.[11] 1081 წელს ქალაქი დაიპყრეს სელჩუკებმა, თმცა მალევე დაიბრუნა ალექსი I კომნენოსმა და დაიწყო კომნენოსების აყვავების პერიოდი.[11] 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, იგი ტრაპიზონის იმპერიის შემადგენლობაშია 1214 წლამდე. 1214 წელს რუმის თურქ-სელჩუკებმა ქალაქი აიღეს. 1214-1307 წლებში სინოპი კონიის სასულთნოში შედიოდა.[11][12] ქალაქი მცირე ხნით დაუბრუნდა ტრაპიზონის მმართველობას 1254 წელს, მაგრამ 1265 წელს კვლავ დაუბრუნდა სელჩუკების კონტროლს.[11]

1265 წლის შემდეგ, სელჩუკების დაცემის შემდეგ, სინოპი გახდა ორი დამოუკიდებელი ემირატის ისფენდიარიდების დინასტიის ცენტრი. 1461 წლიდან ქალაქი თურქ-ოსმალების ხელშია.[13]

არაბი მოგზაური და ვაჭარი იბნ ბატუტა ეწვია ქალაქს და დაახლოებით ორმოცი დღე დარჩა. მან აღნიშნა, რომ ეს იყო „შესანიშნავი ქალაქი, რომელიც აერთიანებს საფორტიფიკაციო შენობებს და გალამაზებას“.[14] 1614 წელს სინოპი კაზაკების თავდამსხმელების სამიზნე გახდა, მათ სასტიკად გაძარცვეს და დაწვეს ქალაქი, ამ მოვლენამ სერიოზულად შეაშფოთა ოსმალეთის თანამედროვეები.[15]

 
დიოგენეს ძეგლი სინოპში

1853 წლის ნოემბერში, ყირიმის ომის დაწყებისას, სინოპის ბრძოლაში, რუსებმა ადმირალ ნახიმოვის მეთაურობით გაანადგურეს ოსმალეთის ფრეგატების ესკადრა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს რუსეთს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სინოპი ოსმალეთის იმპერიის კასტამონუს ვილაიეთის შემადგენლობაშია. 1920 წლის მონაცემებით სინოპში ძირითადად ბერძნები, დაახლოებით 8 000 ადამიანი სახლობს. იგი ასევე ითვლებოდა „ყველაზე უსაფრთხო“ პორტად „ბოსფორსა და ბათუმს შორის“. ამ პერიოდში პორტით გადაჰქონდათ ხორბალი, თამბაქო, თესლი, ხე-ტყე და ტყავი. მათ შემოიტანეს პროდუქცია, ქვანახშირი და ტექნიკა.[16]

ცივი ომის პერიოდში სინოპში განთავსებული იყო აშშ-ს სამხედრო ბაზა და რადარი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო დაზვერვისთვის. აღნიშნული ბაზა დაიხურა 1992 წელს.[17]

სინოპის სისტემური არქეოლოგიური გათხრები 1951 წლიდან წარმოებს. მკვლევარმა რობერტ ბალარდმა შავ ზღვაში სინოპის ჩრდილო-დასავლეთით უძველესი გემი აღმოაჩინა, რომელზეც ინფორმაცია National Geographic-ში გამოქვეყნდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

სინოპი მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ვიწრო კონცხზე, ყირიმის ნახევარკუნძული ყველაზე ახლო წერტილია შავი ზღვის ჩრდილოეთით. მიმდებარე მთიანი რელიეფი გამწვანებულია და გამოირჩევა ხე-ტყით.[1][10]

სინოპი მდებარეობს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ზონაში. ქალაქს ახასიათებს თბილი ზაფხული, დღის საშუალო ტემპერატურა 26 °C. ტემპერატურა იშვიათად აღემატება 30 °C-ს. ზამთარი გრილი და ნოტიოა, თებერვლის საშუალო ტემპერატურა 7 °C-ია. დროდადრო თოვლი მოდის დეკემბრიდან მარტამდე, ზოგჯერ დევს ერთი ან ორი კვირა.

ჰავის მონაცემები — სინოპი (1991–2020)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 22.8 25.0 29.3 32.0 33.6 33.2 34.5 39.3 34.0 34.0 27.9 27.3 39.3
საშუალო მაღალი °C 9.7 9.8 11.3 14.5 19.0 24.0 26.8 27.6 24.1 19.9 15.6 12.0 17.9
საშუალო დღიური °C 7.1 6.8 8.1 11.0 15.5 20.5 23.6 24.3 20.8 16.9 12.6 9.2 14.7
საშუალო დაბალი °C 4.9 4.4 5.6 8.4 12.7 17.6 20.6 21.4 18.1 14.4 10.0 6.9 12.1
რეკორდულად დაბალი °C −6.2 −7.5 −8.4 −0.4 −0.7 8.8 13.5 13.2 6.5 0.7 −1.2 −4.1 −8.4
საშუალო ნალექი (მმ) 73.4 54.4 60.1 37.3 34.5 39.1 35.5 37.2 74.6 94.4 82.9 104.4 727.8
ნალექიანი დღეები საშუალოდ 15.80 13.00 13.77 11.37 10.17 8.47 5.83 6.30 10.10 12.73 12.17 16.13 135.8
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 68 68 73 75 76 74 74 67 71 71 68 68 71
საშუალო თვიური მზიანი საათები 62.0 76.3 117.8 159.0 186.0 234.0 269.7 248.0 183.0 124.0 87.0 58.9 1 805,7
საშუალო დღიური მზიანი საათები 2.0 2.7 3.8 5.3 6.0 7.8 8.7 8.0 6.1 4.0 2.9 1.9 4.9
წყარო 1: თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახური[18]
წყარო 2: ამინდის ბაზა[19]

კულტურული და ტურისტული ადგილები

რედაქტირება
 
სინოპის ციხის ჩრდილოეთი კედლები.
 
ალაედინის მეჩეთი.

სინოპში ტურისტებისათვის საინტერესო ადგილებია:[20][21]

ფაშას ბასტიონი (თურქ. Paşa Tabyası) ნახევარმთვარისებური, ნახევარწრიული ბასტიონი, მდებარეობს სინოპის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით. იგი ააგეს ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) დროს ქალაქის რუსებისაგან დასაცავად. ბასტიონს აქვს საარტილერიო ბატარეა, რომელიც შედგება თერთმეტი ქვემეხის, არსენალისა და სარდაფისაგან. დღეისათვის იგი გამოიყენება, როგორც გამაგრილებელი სასმელების გაყიდვის ადგილი.[22]

წყლის ისტორიული გვირაბი (თურქ. Tarihi Su Kanalı) 230 მეტრი სიგრძის უძველესი მიწისქვეშა წყალმომარაგების არხი.[22]

ბალატლარის ეკლესია (თურქ. Balatlar Kilisesi) ბიზანტიის იმპერიის პერიოდის დანგრეული ეკლესია. ის ნაწილობრივაა შემორჩენილი, რადგან მხოლოდ საკურთხეველია დაუზიანებელი, ხოლო ეკლესიის სხვა ნაწილებს სახურავი აღარ აქვს. ფრესკები საკურთხევლში და ნავის კედლებზე დღემდე ხელუხლებელია.[22]

ალაედინის მეჩეთი (თურქ. Alâeddin Camii) XIII საუკუნის სელჩუკური არქიტექტურის მეჩეთი, რომელსაც ეწოდება მისი ამშენებლის ალაედინ ქეიყუბადის (1188–1237 წწ.) სახელი.[23]

სინოპის ციხესიმაგრე (თურქ. Sinop Kalesi) თავდაპირველად ააგეს მილეტიდან მიგრანტებმა ძვ. წ. VIII საუკუნეში. ციხე-სიმაგრემ დღევანდელ მასშტაბებს პონტოს მეფე მითრიდატე IV-ის მეფობის დროს მიაღწია. ციხის ზოგიერთი ნაწილი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის კედლები დანგრეულია.[24]

სინოპის არქეოლოგიური მუზეუმი (თურქ. Sinop Arkeoloji Müzesi) დაარსებულია 1941 წელს, სადაც გამოფენილია ადრეული ბრინჯაოს ხანის და ელინისტური, რომაული, ბიზანტიური, სელჩუკებისა და ოსმალეთის პერიოდის არტეფაქტები.[25]

სინოპის ეთნოგრაფიული მუზეუმი (თურქ. Sinop Etnografya Müzesi) არის რეგიონის ეთნოგრაფიული ექსპონატების მნიშვნელოვანი მუზეუმი. განთავსებულია XVIII საუკუნის დიდ სასახლეში.[26]

დიოგენეს ძეგლი (თურქ. Diyojen Heykeli) არის ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, დიოგენეს ძეგლი, რომელიც დაიბადა სინოპში ძვ. წ. 412 წელს.[27]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Doonan, Owen P. (2004). „Colonizing the Lands of Sinop“, Sinop Landscapes: Exploring Connection in a Black Sea Hinterland. University of Pennsylvania Press, University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology, გვ. 69–92. ISBN 9781931707657. 
  2. M. I. Maksimova (1951). „Hittites in the Black Sea Region“. Journal of Near Eastern Studies. 10 (2): 74–81. doi:10.1086/371024. JSTOR 542257. S2CID 162233229.
  3. იხ. სტრაბონი XII.iii.1 1; დიოდორე სიცილიელი, Historical Library 14.31.2; ფსევდო-სკიმნუსი 995-96; ევსები კესარიელი, Chronographia 631/30 BCE; See also Doonan, Sinop Landscapes p. 71 for details of archaeological research
  4. Thompson, Daniel V. (1956). The Materials and Techniques of Medieval Painting. Dover Publications. ISBN 0-486-20327-1. 
  5. Gorman, Vanessa B. (2001). Miletos, the Ornament of Ionia: A History of the City to 400 B.C.E.. University of Michigan Press, გვ. 63–66. ISBN 978-0-472-11199-2. 
  6. Drews, Robert (1976). „The earliest Greek settlements on the Black Sea“. The Journal of Hellenic Studies. 96: 18–31. doi:10.2307/631221. JSTOR 631221. S2CID 162253005.
  7. Tezgör, Dominique Kassab (2011-10-06). Sinope, The Results of Fifteen Years of Research. Proceedings of the International Symposium, 7-9 May 2009: Sinope, Un état de la question après quinze ans de travaux. Actes du Symposium International, 7-9 May 2009. BRILL. ISBN 978-90-04-22388-2. 
  8. A. KAKHIDZE; I. IASHVILI; M. VICKERS (2001). „Silver Coins of Black Sea Coastal Cities from the Fifth Century BC Necropolis at Pichvnari“. The Numismatic Chronicle. 16: 282–287. JSTOR 42668025.
  9. See Polynaeus, Strategematon VII.21
  10. 10.0 10.1 10.2 Broughton, Thomas Robert Shannon; Mitchell, Stephen (2005) „Sinope“, The Oxford Classical Dictionary. Oxford University Press. ISBN 978-0-19-860641-3. 
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Foss, Clive (1991). „Sinope“. In Kazhdan, Alexander (ed.). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. p. 1904. ISBN 978-0-19-504652-6.
  12. Vasiliev, V. V. (1936). „The Foundation of the Empire of Trebizond (1204-1222)“. Speculum. 11 (1): 26–29. doi:10.2307/2846872. JSTOR 2846872. S2CID 162791512.
  13. Runciman, Steven (1969). The Fall of Constantinople. Cambridge, გვ. 174. 
  14. Battutah, Ibn (2002) The Travels of Ibn Battutah. London: Picador, გვ. 118. ISBN 9780330418799. 
  15. Ostapchuk, Victor (2001). „The Human Landscape of the Ottoman Black Sea in the Face of the Cossack Naval Raids“. Oriente Moderno. 20: 44–7.
  16. Prothero, G. W. (1920). Anatolia. London: H.M. Stationery Office. 
  17. Ayancık Hava Radarının Tarihini Biliyor Musunuz? | Ayancık Gazetesi tr (2020-11-24). ციტირების თარიღი: 2022-04-23
  18. Resmi İstatistikler: İllerimize Ait Mevism Normalleri (1991–2020) tr. Turkish State Meteorological Service. ციტირების თარიღი: 24 April 2021
  19. Sinop, Turkey Travel Weather Averages (Weatherbase).
  20. Sinop. karalahana.com.
  21. About Sinop. karalahana.com.
  22. 22.0 22.1 22.2 Gezilecek Yerler tr. Sinop Arkeoloji Müzesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-06. ციტირების თარიღი: 2016-07-14
  23. Camiler ve Medreseler tr. Sinop Valiliği - İl Kültür ve Turizm Müdürlüğü. ციტირების თარიღი: 2016-07-15
  24. Kaleler tr. Sinop Valiliği - İl Kültür ve Turizm Müdürlüğü. ციტირების თარიღი: 2016-07-15
  25. Sinop Arkeoloji Müzesi tr. Sinop Valiliği – İl Küştür ve Turizm Müdürlüğü. ციტირების თარიღი: 2016-07-15
  26. Sinop Etnoğrafya Müzesi tr. Sinop Arkeoloji Müzesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-28. ციტირების თარიღი: 2016-07-14
  27. Diyojen tr. Rota Senin (15 May 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-18. ციტირების თარიღი: 2016-07-15