კრამიტი — გამომწვარი თიხისა (თიხის კრამიტი), ცემენტქვიშის ხსნარის (ცემენტის კრამიტი) ან (იშვიათად) კირქვიშის ხსნარისაგან (სილიკატური კრამიტი) დამზადებული ცალობითი საბურულე მასალა. ფორმისა და დაწნეხის მეთოდის მიხედვით კრამიტი არის კილოებიანი (დაშტამპული და ლენტური) და ბრტყელი (ლენტური). კრამიტს ქვემოდან უკეთებენ ბეტერიან კოტას სახურავის ლარტყებზე მის მისადებად და მისამაგრებლად. კრამიტი ხანგამძლე და ცეცხლმედეგია. ამასთან, მცირეა მისი საექსპლუატაციო ხარჯები, მაგრამ დიდია წონის, სიმყიფისა და სახურავის დიდი ქანობის აუცილებლობის გამო აძვირებს სამშენებლო კონსტრუქციას.

ვარაუდობენ, რომ კრამიტის წარმოება უძველესი დროიდან უნდა დაწყებულიყო. ძვ. წ. VI საუკუნეში საბერძნეთში უკვე სავსებით ჩამოყალიბებული ფორმა ჰქონია. ერთად იხმარებოდა 2 სახის კრამიტი — ბრტყელი და ღარისებრი. ბრტყელი გვერდებაწეული კრამიტები სახურავზე იწყობოდა გვერდიგვერდ: ყოველი ზედა რიგიც კრამიტის ქვედა ბოლო გადადიოდა ქვედა რიგის კრამიტზე. ღარისებრ კრამიტებს აფარებდნენ ბრტყელი გვერდით წიბოებს. სახურავის კეხს ზოგჯერ სპეციალური კეხის კრამიტით ხურავდნენ. სახურავის ქვედა რიგის ღარისებრი კრამიტების ქვედა ბოლოებს ხშირად ჰქონდა დეკორატიული რელიეფი, რომელსაც ანტეფიქსს უქოდებდნენ. კრამიტი საბერძნეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, განსაკუთრებით ელინისტურ ხანაში. ძველ რომში შემოიღეს უფრო ეკონომიური S-ებრი განივკვეთის კრამიტები. ხმარობდნენ ღარისებრ კრამიტსაც, რომელსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. როგორც S-ებრი, ისე ღარისებრი კრამიტი. დასავლეთ ევროპაში ბოლო დრომდე შემორჩა, პირველი ესპანური, ხოლო მეორე თურქული კრამიტის სახელწოდებით. ორივე ტიპი ამერიკაშიც გავრცელდა.

ძველ ჩინეთსა და იაპონიაშიც პრინციპულად იმავე ტიპის კრამიტი იყო გავრცელებული, როგორიც ძველ საბერძნეთში, ოღონდ ჩინური და იაპინური კრამიტი კაშკაშა ფერადი ჭიქურითაა დაფარული. ჩინეთში ტაძრებზე უპირატესად ყვითელი კრამიტი იხმარებოდა, იაპონიის ბუდისტურ ტაძრებს ხურავდნენ რუხი ფერის კრამიტით, რომელიც დაფარული იყო სპეციალური საღებავით-ლუსტრით.

საქართველოში კრამიტი გავრცელდა ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს შავიზღვისპირეთის ბერძნების ახალშენებიდან. კრამიტის ქართული სახელწოდებაც ძვ. ბერძნულიდან მომდინარეობს (karamidos), ანტიკური ხანის ქართული (ე. წ. მცხეთური) კრამიტი ბერძნული პროტოტიპებისაგან განსხვავდება კონსტრუქციის ცალკეული დეტალებით, ნაწილობრივ დამზადების ტექნიკითაც. ანტიკური ხანის საქართველოში კრამიტი წითლად იყო შეღებილი. უძველესი კრამიტი საქართველოში აღმოჩნდა ვანში, სამადლოში, მცხეთაში. გვიანდელი ანტიკურ ხანაში კრამიტის წარმოება ფართოდ გავრცელდა მთელ საქართველოში. შუა საუკუნეებში კრამიტის ტიპი არ შეცვლილა, ოღონდ გავრცელდა კრამიტის ფერადი (მწვანე, ცისფერი და სხვა) ჭიქურით დაფარვის წესი. მოუჭიქავ კრამიტებზე ხანდახან წარწერებია, ზოგჯერ კი სხვადასხვა სახეა ამოტვიფრული. ხშირია რელიეფურგამოსახულებიანი და წარწერებიანი დეკორატიული ანტეფიქსები. შედარებით იშვიათად იხმარებოდა ღარისებრი კრამიტებიც, რომლებსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. ამ ტიპის კრამიტი აღმოსავლეთ საქართველოში დღესაც კახური კრამიტის სახელწოდებითაა ცნობილი. მის პარალელურად ბოლო დრომდე იხმარებოდა აგრეთვე თევზის ქერცლის ფორმის ბრტყელი კრამიტი, რომელიც ქართული კრამიტის სახელითაა ცნობილი. XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო ევროპული ე. წ. მარსელური კრამიტის ქარხნული წარმოება.

ლიტერატურა

რედაქტირება