ვანი

ქალაქი იმერეთში
ტერმინს „ვანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვანი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში (იმერეთის მხარე), ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ცნობილია ანტიკური ნაქალაქარით და მასთან დაკავშირებული მუზეუმით. 2014 წლის აღწერით ქალაქში 3 744 მცხოვრებია.

ქალაქი
ვანი

თავისუფლების ქუჩა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′02″ ჩ. გ. 42°30′43″ ა. გ. / 42.08389° ჩ. გ. 42.51194° ა. გ. / 42.08389; 42.51194
დაარსდა 1981
ამჟამინდელი სტატუსი 1981
ცენტრის სიმაღლე 60
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3744[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 432[3]
საფოსტო ინდექსი 1900[4]
ოფიციალური საიტი https://vani.gov.ge/
ვანი — საქართველო
ვანი
ვანი — იმერეთის მხარე
ვანი

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება
 
მდ. სულორი ვანის ტერიტორიაზე.

ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, ბაღდათი–დაფნარის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 60 მ-ზე. თბილისიდან დაშორებულია 276 კმ-ით, სამტრედიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 23 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (უახლოესი აეროპორტი) — 35 კმ-ით.

ვანში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9°C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,1°C, ივლისის — 23,4°C. ნალექები 1380 მმ წელიწადში.

 
ქ. ვანი, ცენტრში — საკათედრო ტაძარი (ხედი ახვლედიანების გორიდან, 2010 წ.).
 
ვანის ანტიკური ნაქალაქარი.
 
არქეოლოგიური საგანძური ვანის ნაქალაქარიდან.
 
ვანის სინაგოგა (XIX საუკუნე).

ქალაქის დასახელება, საქართველოს სხვა ანალოგიური ტოპონიმების მსგავსად, წარმოდგება ძველქართული სიტყვიდან „ვანი“, რაც „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“ ნიშნავს. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. VI–IV საუკუნეებში. ნაქალაქარი მდებარეობს თანამედროვე ვანის დასავლეთ განაპირას ახვლედიანების ბორცვის სახელით ცნობილ ადგილზე. უძველესი დასახლებების ნაშთები გამოვლენილია აგრეთვე ვანის ირგვლივ ტერიტორიაზე, რომელსაც არქეოლოგები პირობითად „ვანის ქვეყანას“ უწოდებენ (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარა, ბზვანი და სხვ.).

იმერეთის იმ მხარეს, სადაც ვანი მდებარეობს, XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი საჩინოს სახელწოდებით მოიხსენიებს. ამ მხარის უძველესი წარჩინებული გვარი ჩიჯავაძე იყო, შემდეგ აქ მამულებს ასევე ფლობდნენ ლორთქიფანიძეები და XVIII საუკუნეში ლეჩხუმიდან გადმოსახლებული ახვლედიანები. XIX-XX საუკუნეებში ვანის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადგილობრივი ებრაული თემი, რომელსაც აქ სინაგოგაც ჰქონდა.

სოფელში ძვირფასი ანტიკური ნივთების შემთხვევითი აღმოჩენების შესახებ ცნობები 1850-იანი წლებიდან პერიოდულად ქვეყნდებოდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში. 1896 წელს ვანში სადაზვერვო გათხრები ჩაატარა ექვთიმე თაყაიშვილმა. მანვე შეკრიბა და გამოსცა ვანის სიძველეების, მათ შორის ვანის (ახლანდ. ზედა ვანის) მთავარანგელოზის ეკლესიაში დაცული XII-XIII საუკუნეების ოთხთავის ხელნაწერის აღწერილობა. 1947 წელს დაიწყო ვანის ნაქალაქარის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისისთვის ჩამოყალიბდა 3 სოფელი: ქვედა ვანი (შემდგომში — ვანი), ზედა ვანი და გაღმა ვანი. 1930 წელს სოფელი ვანი ახალშექმნილი ვანის რაიონის ცენტრი გახდა, 1961 წელს მიენიჭა დაბის, ხოლო 1981 წელს — ქალაქის სტატუსი. ქალაქს შეუერთდა სულორის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფელი გაღმა ვანიც. საბჭოთა პერიოდში ვანში მუშაობდა ღვინის, საკონსერვო, კირის და საგრენაჟო ქარხნები, ადგილობრივი მრეწველობის და ცეკავშირის საწარმოო კომბინატები. თანამედროვე ვანში არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასამუშავებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, სახალხო თეატრი და სხვ.

კულტურა და რელიგია

რედაქტირება

ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობაა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი (ოთარ ლორთქიფანიძის ქ. №32). ვანში ასევე არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (სოლომონ II-ის ქ. №2; ორივე მუზეუმი გაიხსნა 1985 წელს). ქალაქში მოქმედებს კ. საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი (დაარსდა 1930 წელს).

ვანში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის რეზიდენცია და ქალაქის ცენტრში აღმართული წმ. ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი (აგებულია 2000-2010 წლებში). ტაძრის კურთხევის დღეს უკავშირდება „ვანელობის“ სახალხო დღესასწაული, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად 2 ივნისს აღინიშნება.

ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების 2 ციხის ნანგრევები: „საჩინო“ (მშვიდობის გორაზე) და „სებეკა“ (საავადმყოფოს ახლოს ბორცვზე), აქვე ჩიჯავაძეების მცირე ზომის კარის ეკლესიის ნანგრევები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ვანში ცხოვრობს 3 744 ადამიანი. ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა ქართულია (დაახლ. 100 %).

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 2328
1989[6]   6404 -- --
2002[6]   4641 -- --
2014[1]   3744 1753 1991

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე ვანის მუნიციპალიტეტში დაბადებული გამოჩენილი პიროვნებები.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს სატელეფონო კოდები. სილქნეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
  4. საქართველოს საფოსტო ინდექსები. საქართველოს ფოსტა
  5. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
  6. 6.0 6.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  7. Sister Cities International – 2013 Membership Directory.
  8. დაძმობილებული ქალაქები Vani.org.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-20. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  9. ვანს უკვე ჰყავს დაძმობილებული ქალაქი აშშ–ში Vani.org.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  10. ვანს უკრაინაში დაძმობილებული ქალაქი ჰყავს Vani.org.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვანი&oldid=4702024“-დან