ვანის ნაქალაქარი
ვანის ნაქალაქარი — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს ქალაქ ვანში, მდინარე ჭიშურის (მდინარე სულორის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, 1 კილომეტრის დაცილებით, „ახვლედიანების გორის“ სახელით ცნობილ ბორცვზე.
ნაქალაქარზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში. ვანის ნაქალაქარი წარმოადგენს ამ უკანასკნელის შემადგენელი ნაწილს.
ვანის ნაქალაქარს განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (2018). შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში (2007).
გათხრების ისტორია
რედაქტირებაპირველი ცნობები ვანის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ ჩნდება ფრანგი აღმოსავლეთმცოდნის მარი ბროსეს ნაშრომში (1851), გაზეთ „დროებასა“ და „კავკაზში“. 1889 წელს ვანში მცირე გათხრები ჩაატარეს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორმა ალექსანდრე სტოიანოვმა და ერთმა ფრანგმა, გვარად იაკობმა; 1896, 1901–1903 წლებში — ექვთიმე თაყაიშვილმა. 1936 წელს დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა „ენიმკის“ ექსპედიციამ (ნ. ბერძენიშვილი, ნ. ხოშტარია, ლ. მუსხელიშვილი). 1947–1962 წლებში (ხანგამოშვებით) გათხრებს ატარებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიცია ნინო ხოშტარიას ხელმძღვანელობით, 1966 წლიდან (რეგულარულად) — არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიცია (ხელმძღვანელი ოთარ ლორთქიფანიძე; 2002 წლიდან — დარეჯან კაჭარავა).
ნაქალაქარი
რედაქტირებანაქალაქარი განლაგებულია სამ ტერასად დანაწილებულ ბორცვზე, რომელსაც ორი მხრიდან იცავდა ღრმა ხევები: სამხრეთიდან — „საქვაბიას ღელე“, დასავლეთიდან — ამჟამად მიწით ამოვსებული ხევი. ნაქალაქარის საერთო ფართობი დაახლოებით 6,5 ჰექტარია.
გამოვლენილია ძვ. წ. VIII ს. – I ს. შუა წლების, აგრეთვე ახ. წ. II–III სს. და შუა საუკუნეების ძეგლები. გამოყოფა განვითარების შემდეგი ეტაპები:
ძვ. წ. VIII–VII საუკუნეები
რედაქტირებაამ პერიოდის კულტურულ ფენებს განეკუთვნება: საკულტო კომპლექსი, ხის მრავალსათავსოიანი ჯარგვალური ნაგებობა; სამშენებლო ნაშთები — ჯარგვალური წესით ნაგები ხის ძელების კვალი, ხის ფოთლებისა და წნულის ანაბეჭდიანი თიხის ბათქაშის ფრაგმენტები; კერამიკა — შავ ან ნაცრისფერზედაპირიანი, მორგვზე დამზადებული, ორნამენტირებული, უნაგირისებურ-შვერილიანი („ზოომორფული“) ყურიანი ქოთნები, დოქები, კონუსურძირიანი სასმისები, საკულტო რიტუალის დროს მოედანზე საგანგებოდ დამსხვრეული; კერამიკასთან ერთად ადამიანის (ქალის — შესაძლოა „დიდი დედის“), ცხოველთა და ორ და სამპროტომიან არსებათა ტერაკოტული გამოსახულებანი, კერამიკაზე ორნამენტის გამოსაყვანი კაჟის იარაღი, ცხოველთა დანახშირებული ძვლები. სავარაუდოა, რომ ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებში ვანი მნიშვნელოვან საკულტო ცენტრს წარმოადგენდა.
ძვ. წ. VII საუკუნის დასასრულიდან IV საუკუნის შუა წლებამდე
რედაქტირებახის „ტაძარი-სამლოცველო“, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სარიტუალო ორმოები და არხები, კულტურული ფენები, მდიდრული სამარხები (ნაქალაქარის სხვადასხვა უბნებზე — ადგილობრივ არისტოკრატთა საცხოვრებელი სახლების ეზოებში გამართული საოჯახო სამარხები); სამშენებლო ნაშთები — ხის ფოთლებისა და წნულის ანაბეჭდიანი ბათქაშები, ჯარგვალური წესით ნაგები ხის ძელები; კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სწორკუთხა ფოსოებში ჩადგმული ხის საძირკვლები — ბალიშები; კულტურულ ფენებში აღმოჩენილი კერამიკა (ძირითადად შავ ან ნაცრისფერზედაპირიანი, მორგვზე დამზადებული) — სამეურნეო (ქედიანი და დაღარულზედაპირიანი ქვევრები ოთხკუთხა ან სამკუთხაგანივკვეთიანი ორნამენტირებული პირის გვირგვინით, ქვევრისებური და ორყურა ფართოპირიანი დერგები); სამზარეულოს (ქილისებური ქოთნები, ქვაბები, საწურები, ხუფები), სუფრის (ყურმილიანი დოქები; ჭიქისებური, კონუსურტანიანი, ცილინდრულტანიანი და ფეხიანი სასმისები; ირიბკალთიანი ბრტყელძირა ჯამები) და დეკორატიული ჭურჭელი (ლარნაკები); კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები: დიადემები, სასაფეთქლეები, ყელსაბამები, სამაჯურები; რკინის ნივთები — სახნისისებური იარაღი, ორფრთიანი ისრისპირი, ლურსმნები, ბრინჯაოს ჯავშნისა და ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვის ხელსაფქვავები. აღმოჩენილია ასევე იმპორტული ნაწარმი: ლესბოსის, ქიოსის ამფორების, ქიოსური პოლიქრომიული თასის, ატიკური შავ და წითელფიგურული, შავლაკიანი კერამიკა. ივარაუდება, რომ ძვ. წ. VI–IV საუკუნეებში ვანი წარმოადგენდა კოლხეთის ერთ-ერთ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრს.
ძვ. წ. IV–III საუკუნეები
რედაქტირებაამ პერიოდს განეკუთვნება: ქვით შედგენილი საკურთხევლები, კულტურული ფენები, მდიდრული სამარხები (ძირითადად ცენტრალურ და ზედა ტერასაზე კონცენტრირებული).
ამ პერიოდის არქიტექტურული ნაგებობებს მიეკუთვნება: სასიმაგრო კედელი — თიხის ხსნარით ერთმანეთთან დაკავშირებულ, თიხის ბრტყელი ქვათლილებით ნაგებ კედლებზე ამოყვანილი რიყის ქვებით შევსებული ხის კონსტრუქცია; რიყის ქვებით აგებული სამლოცველო; სასახლის ტიპის ნაგებობა — რიყის ქვის საძირკველზე ამოყვანილი კირქვის ბრტყელი ფილებით ნაგები კედლები.
კულტურული ფენები წარმოდგენილია შემდეგი სახის მასალით: ადგილობრივი კერამიკა — სამეურნეო (დაღარულზედაპირიანი ქვევრები, „კოლხური ყავისფერკეციანი ამფორები“ (სინოპურის მიბაძვით), ცალყურა დერგები); სამზარეულოს (უყურო და ცალყურიანი ქოთნები, ქვაბები, საწურები, ხუფები, პირგადაშლილი ბადიები), სუფრის (ყურმილიანი დოქები, ჭიქისებური, კონუსურ და ცილინდრულტანიანი სასმისები, ქუსლიანი ჯამები) და სამგზავრო ჭურჭელი (მათარები); კვირისტავები; სამშენებლო კერამიკა (სინოპური კრამიტი, მათ შორის დამღიანი, ადგილობრივი — ყავისფერკეციანი).
ცალკეულ არქიტექტურულ დეტალებს შორისაა: ორმაგბროდომიანი სვეტისთავის ფრაგმენტები; გორგონას გამოსახულებიანი ანტეფიქსები; ბრინჯაოს ფრაგმენტული ნივთები, მათ შორის „მტრედიანი ქალის“ მინიატიურული ბიუსტი, ხარის თავი (ბუნიკის ნაწილი?), აბჯრის ფირფიტები, სამფრთიანი ყუნწიანი ისრისპირები, სამაჯურები, საბეჭდავი ბეჭდები. რკინისა და ბრინჯაოს ანთროპომორფული მცირე ზომის ქანდაკებები. რკინის ნივთები — დანები, მასრიანი შუბისპირები, ლურსმნები. მინის პოლიქრომიული მძივები და ფიგურული მძივსაკიდები; ქარვის, გიშრის, სარდიონის მძივები.
საიუველირო წარმოების ნაშთებია: ოქროს ნამზადი, ფირფიტები, აგრეთვე ძვლის იარაღი.
იმპორტირებული კერამიკა: ქიოსის, თასოსის, მენდესის, ე. წ. სოლოხა I-ის ტიპის, ჰერაკლეის, სინოპის (მათ შორის დამღიანი) ამფორები; ატიკური წითელფიგურული და შავლაკიანი ჭურჭელი; მცირეაზიული სანელსაცხებლეები; ღია (ყვითელი) ფერის ანგობზე წითლად მოხატული (შევრონები, „მძივსაკიდი”) დოქები.
მონეტები: „კოლხური თეთრის” მცირე ნომინალები (ნახევარდრაქმები), მაკედონიის მონარქთა — ფილიპე II-ის, ალექსანდრე მაკედონელის, ფილიპე III-ის — სტატერები; ძვ. წ. IV ს. 40–30-იანი წწ. პანტიკაპეონის მონეტა; ძვ. წ. III ს. დასაწყისი სინოპური ჰემიდრაქმა.
ძვ. წ. III საუკუნის II ნახევრიდან – I საუკუნის შუა წლებამდე
რედაქტირებაანტიკური ქალაქის განვითარების ეს ხანა, თავის მხრივ, იყოფა სამ ძირითად სამშენებლო პერიოდად:
ა) ძვ. წ. III საუკუნის II ნახევრიდან – ძვ. წ. II საუკუნის II მეოთხედი (ე. წ. პერგამული კომპლექსის როდოსული ამფორებით დათარიღებული): კარიბჭე („ცოტა კარი“), კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლო ნიშები, ცენტრალურ ტერასაზე კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი ქვათლილებისათვის განკუთვნილი ფოსოებით ფიქსირებული ნაგებობანი, კლდოვან დედაქანში გამართული სამსხვერპლოები, თიხის ქვის ფილებით მოგებული გზა.
ბ) ძვ. წ. II საუკუნის ბოლოდან – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებამდე: ამ დროს ყალიბდება ძველი ქალაქის ძირითადი არქიტექტურული სტრუქტურა. ამ პერიოდის უმთავრესი ნაგებობებია: კოშკებით გამაგრებული თავდაცვითი კედლები, განახლებული კარიბჭე, ქვედა ტერასაზე დიდი საკულტო კომპლექსი: ტაძარი-პროპილეუმი, ცენტრალურ ტერასაზე „მოზაიკური იატაკიანი“ ტაძარი, „მრგვალი ტაძარი“, 12-საფეხურიანი საკურთხეველი ქვის ფილებით. შედგენილი წყალსაწრეტი არხები, ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსასხმელი სახელოსნო.
გ) ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები: დანგრეული ნაგებობის ადგილზე სასწრაფოდ აშენებული გალავნის კონტრფორსებიანი კედელი, სათავსები.
ქალაქის ისტორიის მე-4 ეტაპზე ძირითადად წარმოდგენილია სწორკუთხა რუსტისებული ქვათლილებით აგებულ საძირკველზე ალიზ-აგურით ამოყვანილი კედლები; გვხვდება აგრეთვე თიხის ბრტყელი ფილებით ამოყვანილი კედლები. გადახურვა — კრამიტით (ბრტყელი და ღარიანი) შედგენილი ორფერდა ან ცალქანობიანი სახურავი. იატაკი — თიხატკეპნილი, ერთ შემთხვევაში — თავწაკვეთილი რიყის ქვებით შედგენილი „მოზაიკური“. კულტურული ფენებსა და სამსხვერპლოებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მრავალფეროვანია: კერამიკა — წითლად გამომწვარი, დაღარული პირისგვირგვინიანი ქვევრები, დერგები და ქოთნები, „წელშეზნექილი ამფორები“, წითელსარტყლიანი ცალყურა და ორყურა დოქები, ქუსლიანი ჯამები, ბერძნული ჭურჭლის მინაბაძი (სათევზე ლანგრები, კანთაროსისებური თასები, თიმიატერიონები — სარიტუალო ცეცხლისათვის განკუთვნილი ფეხიანი თასები). ვერტიკალური საქსოვი დაზგისათვის განკუთვნილი თიხის პირამიდული საწაფები. ადგილობრივი კირქვისაგან დამზადებული არქიტექტურული დეტალები — ლომის თავები, სიმის ნაწილები, ფიგურული კაპიტელები, სვეტის ბაზები და დოლები, აკროტერიუმი, რელიეფურგამოსახულებიანი ფრიზის ფრაგმენტები, ტერაკოტული ანტეფიქსები, რკინის სამაგრები. ბრინჯაოს დიდი ქანდაკებების ფრაგმენტები (ადამიანის სხეულის ნაწილების, აბჯრის, ცხენის), მათ შორის ჭაბუკის ტორსი, „მკაცრ სტილზე“ აქცენტირებული ხელოვნების ნიმუში. იმპორტირებული კერამიკა — სინოპის, ჰერაკლეის, როდოსის, კნიდოსის, კოსის („თეთრანგობიანი“ ამფორები), მცირეაზიული, პერგამული, ალექსანდრიული (რელიეფური და სადა შავ და წითელლაკიანი ჭურჭელი, „მეგრული თასები“, ტერაკოტები). მონეტები — „ახალი სტილის“ ათენური ტეტრადრაქმა, კაპადოკიის, მითრიდატე VI-ის დროის პონტოს ქალაქების (ამასტრისი), ე. წ. კისტოფოროს, ანონიმური (ლოტოსის გამოსახულებიანი), პართიის, რომის რესპუბლიკური. ბრინჯაოს ფილაზე ბერძნული წარწერის — სატაძრო საკანონმდებლო აქტის ფრაგმენტი, ბერძნული გრაფიტოები თიხის ჭურჭელზე. სავარაუდოა, რომ ძვ. წ. III–I საუკუნეებში ვანი წარმოადგენდა სატაძრო ქალაქს, რომელიც დანგრეული და გადამწვარია ძვ. წ. III–I საუკუნეებში.
შემდგომი ეპოქების ძეგლები
რედაქტირებამცირერიცხოვანია: II–III საუკუნეებით თარიღდება ლომისთავებიანი ბრინჯაოს სარკოფაგი, მონეტები (რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსისა და კარაკალასი). შუა საუკუნეებს განეკუთვნება ეკლესია და მასთან დაკავშირებული უინვენტარო სამარხები, მეომრის სამარხი, კერამიკის გამოსაწვავი ქურის ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ო., ვანის ნაქალაქარი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 454-472, თბ., 2013 წელი.