ექვთიმე თაყაიშვილი

ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ექვთიმე თაყაიშვილი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ექვთიმე თაყაიშვილი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაყაიშვილი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ექვთიმე.

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი; დ. 5 იანვარი[1], 1862 [სხვა მონაცემებით 3 იანვარი, 1863], ლიხაური — გ. 21 თებერვალი, 1953, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918, 1945), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ცნობილია როგორც 1921–1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.

ექვთიმე თაყაიშვილი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკას დროშა ადფრ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

ბიოგრაფია

განათლება

 
ამონარიდი მეტრიკულიდან
„ჩყჲბ წელს, იანვრის 5“

როგორც ექვთიმე თაყაიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში იგონებდა, „მატრიკის მიხედვით, დავბადებულვარ 1863 წლის 5 იანვარს, მაგრამ შესაძლოა ამაზე ერთი წლით უწინ მაინც უნდა ვიყო დაბადებული, ვინაიდან ჩვენში მეტრიკას მონათვლისას ადგენდნენ ხოლმე“[2]. მისი მამა, აზნაური სვიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი რუსეთის იმპერიის ჯარში მსახურობდა — ოსმალეთის იმპერიასთან საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო „კორდონის უფროსად“ იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტული ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.

მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.

მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს. მეურვეს სურდა ექვთიმე სოფლის მწერლად გაემწესებინა, რაც იმდროისთვის რამდენამდე შემოსავლიანი საქმე იყო, მაგრამ ექვთიმემ თავისი გაიტანა და 7 წლისამ სწავლა გააგრძელა ჯერ ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში. აქ მას ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ძმა სიმონი ასწავლიდა. სკოლაში ექვთიმემ გაიცნო ნიკო მარი. შემდგომში ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. მესამე კლასში სასწავლებელი საქალაქოდ გადააკეთეს და პროგრამა შეცვალეს, ამიტომ ექვთიმეს სასწავლებლის დასრულება ფოთში მოუხდა. შემდეგ თაყაიშვილი შევიდა ქუთაისის პროგიმნაზიის მეორე კლასში, იქიდან კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, მეხუთე კლასში. გიმნაზიაში სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს. სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერდა:

 
„მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...“

1887 წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც „გატეხია ენა“. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო.

სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

 
ექვთიმე თაყაიშვილი ახალგაზრდობაში

1887 წლის ოქტომბერში თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლის დირექტორმა, ალექსი ჭიჭინაძემ ექვთიმე თაყაიშვილი მიიწვია ბერძნულ და ლათინურ ენების მასწავლებლად. მას განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამმართველოსთან, რადგან მათ თვალში სკოლა ქართული ნაციონალიზმის და ანტირუსული მიმართულების ბუდე იყო. ამავდროულად ასწავლიდა ლათინურს, ბერძნულს, ისტორიასა და გეოგრაფიას თბილისის სხვადასხვა სკოლებში. 1889 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. 1889 წელს მათ ერთად დააარსეს საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ საეკლესიო წიგნებს, ნივთებს, ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში, მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.

არქეოლოგიური ექსპედიციები

1889 წელი – პირველი აქეოლოგიური ექსპედიცია

17 თებერვალს იგი დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მცხეთაში იმოგზაურა, 18 წლლის ახალგაზრდამ მაშინ დიდი გამოცდილება მიიღო. სვეტიცხოველში საინტერესო ხელნაწერები აღმოჩნდა, საყურადღებო წიგნებს მიაკვლიეს მრევლიშვილების ოჯახშიც. მცხეთიდან ექსპედიციამ 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი წაიღო. შეგროვებული მასალები საეკლესიო მუზეუმის მცველს, თედო ჟორდანიას ჩააბარეს. შემდეგ, ზაფხულში, თაყაიშვილი პედაგოგიური მივლინებით იმყოფებოდა სურამში. მოიარა იტრია, ზემო ჭალა და სხვა ახლო-მახლო ადგილები. ახალგაზრდა მეცნიერმა მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაგნო 973 წელს იოანე ბერას მიერ გადაწერილ სახარებას, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელწოდებითაა ცნობილი. 1890 წელს, დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვლაების შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის ჟორდანიასთან კონფლიქტის გამო საეკლესიო მუზეუმს ჩამოშორდა.

 
„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე - ექვთიმე თაყაიშვილი“

თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. 1906 წელს მან გამოსცა „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული ვარიანტი, რომლს ხელნაწერი დიმიტრი ბაქრაძეს ჰქონდა აღმოჩენილი. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოსცა „სიბრძნე ბალავარისა“ (1895), „მელის წიგნი (1899), „თიმსარიანი“ (1903), მეცნიერულად აღწერა „აბდულმესიანის“, „თამარიანის“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.

1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული. 1894 წლის ზაფხულში იმყოფებოდა ახტალაში და სწავლობდა ეკლესიებზე შემორჩენილ ქართულ წარწერებს[3]. ექვთიმე სათავადაზნაურო სკოლაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. 1894 წელს დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. მისი ხელმძღვანელობით სკოლა რვაწლიან გიმნაზიად გადაკეთდა და 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. 1895 წელს მან ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო ივანე პოლტორაცკის ასული ნინო. მათი მეჯვარეები ოლღა გურამიშვილი და ილია წინამძღვრიშვილი იყვნენ. ექვთიმეს მეუღლეს დიდი მამულები ჰქონდა ოქროყანასა და მთაწმინდაზე, სადაც ექვთიმეს ხშირად უყვარდა დასვენება.

პირველი არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში

ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში. პირველ ასეთ ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოკრუგის ძეგლები და ოლთისის ოკრუგის ნაწილი. კლდიაშვილმა და თაყაიშვილმა ამ მოგზაურობის შედეგად შეადგინეს ადრინდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი უმთავრესი ნიმუშის, ბანას, რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის მიხედვით კლდიაშვილმა ააშენა თავად-აზნაურობის ბანკის შენობა.

1904 წელს მან დატოვა სამსახური სათავადაზნაურო გიმნაზიაში და იმისთვის, რათა შემოსავალი ჰქონოდა, ისტორიას ასწავლიდა ჯერ თბილისის ქალთა პირველ, შემდეგ კი მეექვსე გიმნაზიაში.

მეორე არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში

ექსპედიციის წევრები იყვნენ არქიტქტორი ანატოლი კალგინი და მოყვარული ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. საზოგადოებამ შეაგროვა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ხელნაწერები, ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული 73 ძველი ფრესკის პირი. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.

1908 წელი – ახლად დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ მოაწყო თავისი პირველი არქეოლოგიურ მოგზაურობას. ექსპედიციის წევრები ექ. თაყაიშვილი და არისტო ქუთათელაძე გაემგზავრნენ სოფ. ატენში და გაეცნენ ადგილობრივ სიძველეებს.

1909 წელი – საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი და საზოგადოების ხაზინადარი ალექსანდრე სარაჯიშვილი ესტუმრნენ ქ. გორსა და ქართლის შემდეგ სოფლებს: ახალქალაქი, დოესი, ოთარაშენი, მეჯვრისხევი, იკორთა, ხელთუბანი, კასპი, ლამისყანა, ოძისი, ქსოვრისი, მუხრანი. შეკრიბეს მრავალი სიგელ–გუჯარი და რამდენიმე ხელნაწერი. აღნიშნული ექსპედიცია იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მან ქართულ სოფლებში სხვადასხვა სიძველის დიდძალი რაოდენობით არსებობა დაადასტურა და საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოება დააყენა ფართომასშტაბიან ექსპედიციათა მოწყობის აუცილებლობის წინაშე: „საჭიროა მთელი საქართველოს მოვლა და ამ ძვირფასი საუნჯის პატრონობა, დღევანდელ პირობებში ადვილად შესაძლოა ეს დაუფასებელი საუნჯე სამუდამოთ დაიღუპოს“[4]. ამავე წელს სამსონ ფირცხალავასთან და მიხაკო წერეთელთან ერთად იმოგზაურა ძირულას ხეობაში, ბორსა და უბისაში, იქ მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესასწავლად.

არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში

ხელმძღვანელი ექვთიმე თაყაიშვილი, წევრები: სიმონ კლდიაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი (ფოტოგრაფი) და ივანე ნიჟარაძე. მოგზაურობა დააფინანსა საზოგადოების წევრმა და მისმა მეცენატმაპეტრე თუმანიშვილმა. ექსპედიციამ შეისწავლა სვანეთისა და ლეჩხუმის ქრისტიანული კულტურის ძეგლების დიდი ნაწილი, ფოტოგრაფიულად გადაიღო სოფლების საერთო ხედები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები, შეგროვილ იქნა დიდძალი სამუზეუმო მასალა. ექსპედიციის დროს შეკრებილი მასალა წარწერათა და სიძველეთა მოკლე აღწერილობის სახით გამოიცა პარიზში 1937 წელს – „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში 1910 წელს“. სვანეთის სიძველეთა შესწავლას ექვთიმე თაყაიშვილი მიჰყავს ორ მნიშვნელოვან დასკვნამდე: 1) ,,წინათ ფიქრობდნენ, სიმრავლე ჯვარ–ხატებისა და ხელნაწერებისა, რომელნიც სვანეთში იყო..., აიხსნებოდა იმით, რომ სვანეთში ეზიდებოდენ... ამ ნივთებს შესანახად და გადასარჩენად განადგურებისაგან მტერთა შემოსევის დროს. ეჭვი არ არის, ამასაც ადგილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენის დაკვირვებით, ცხრა მეათედი ჯვარ–ხატებისა თვით სვანეთშია დამზადებული. ამას მოწმობს სვანიზმები წარწერებისა, გვარები შემკვეთელებისა და ოქრომჭედელთა“; 2) ძველი სასაფლაოებიდან ამოღებული და სოფლის ეკლესიებში დაცული მრავალი არქეოლოგიური ნივთი ნათლად მოწმობს, რომ „არქეოლოგიურმა გათხრამ სვანეთში დიდი შედეგები უნდა მოგვცეს“. თაყაიშვილი მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში. ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

არქეოლოგიური ექსპედიცია გურია-სამეგრელოსა და იმერეთში

1913 წლის ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილს თან ახლდა ფოტოგრაფი თეოდორე კიუნე. გურიაში მათ შეისწავლეს შემოქმედის მონასტერი, ხოლო იმერეთში – ხონი და ვანი. ექსპედიციას მიზნად ჰქონდა, ფოტოგრაფიულად გადაეღო ისტორიული ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები, გასცნობოდა ეკლესიათა მოხატულობას. ექსპედიცია აგროვებდა სხვადასხვა სამუზეუმო ნივთს, არქეოლოგიურ და ეპიგრაფიკულ მასალას, ხატების, ჯვრებისა და სხვა საეკლესიო ნივთების წარწერებს, სიგელ–გუჯრებსა და ხელნაწეთა მინაწერებს. ამ ღონისძიებას დიდი დახმარება აღმოუჩინა ყოვლად სამღვდელო გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ. ექვთიმე თაყაიშვილი გაეცნო სამეგრელოს ძირითად ეკლესიებსა და მონასტრებს. ექსპედიციის შედეგებს მან თავი მოუყარა ნაშრომში – ,,არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“. ამ წელსვე ექვთიმე თაყაიშვილი, თეოდორ კიუნე და საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების მდივანი სერგი გორგაძე შიომღვიმის მონასტერს ეწვივნენ. ექსპედიციამ გადაიღო მნიშვნელოვან სიძველეთა ფოტოები და შეადგინა შიო მღვიმელის საფლავზე აგებული ტაძრის გეგმა. ამავე წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთან – არქიმანდრიტ ლაზარისთან (ლეჟავა) ერთად მოინახულა დავითგარეჯის მონასტერი. წლის დასასრულს ექვთიმე გაემგზავრა ქუთაისს, საიდანაც მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა ჩამოიტანა.

მესამე არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში

ყველაზე ნაყოფიერი და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არქეოლოგიური მოგზაურობა ექვთიმე თაყაიშვილის ექსკურსიათა შორის. ექვთიმე თაყაიშვილს ახლდნენ: ხუროთმოძღვრები – ანატოლი კალგინი და ილია ზდანევიჩი, მხატვრები – დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი და ლადო გუდიაშვილი. ექსპედიციამ შეისწავლა ხახულის მონასტერი, თორთომის ციხე, ექექისა და სოხთოროთის ტაძრები, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლები – ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა ეკლესია და სხვ. ექსპედიციის მიერ ჩამოტანილი მასალები საფუძვლად დაედო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას 1920 წელს. ამ ექსპედიციის მნიშვნელობა მარტოოდენ მისი შედეგებით როდი განისაზღვრება. რამდენიმე თვის შემდეგ ეს მხარე კვლავ თურქეთმა ჩაიგდო ხელთ და ქართველი სპეციალიტებისთვის იგი მრავალი წლის მანძილზე მიუწვდომელი გახდა. სინტერესოა ერთი დეტალიც: ექვთიმე თაყაიშვილმა ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ სთხოვა ქართულ ეკლესიას, გაეგზავნათ სასულიერო პირები ტაოს ქართული მონასტრების სამეთვალყურეოდ. ეკლესიამ დააკმაყოფილა ეს თხოვნა და იქ საკუთარი სახსრებით 1 ბერი და 2 მორჩილი გაგზავნა.

 
„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! - ექვთიმე თაყაიშვილი“

არქეოლოგიური ექსპედიცია რაჭაში

ექვთიმე თაყაიშვილს თან ახლდა ფოტოგრაფი თეოდორ კიუნე. 1919 წლის ზაფხულში აღწერა რაჭის ერთი ნაწილი: ნიკორწმინდა, ბეთლევი, ჭელიშის მონასტერი, აგარა, ხოტევი, ამბროლაური, ბარაკონის ეკლესია, სორი. მომდევნო წლის ზაფხულში ექვთიმემ მოინახულა რაჭის თითქმის ყველა სოფელი, სადაც კი ძველი ეკლესია და საეკლესიო ნივთები ეგულებოდა. ეს სოფლებია: ბუგეული, მიქაწმინდა, ქედისუბანი, ხონჭიორი, ონი, გლოლა, ღები, ჭიორა, მრავალძალი, სხვავა. აღწერეს ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ცალკეული ნიმუშები, წარწერები. გაკეთდა სიძველეთა ფოტოფიქსაცია. შეკრებილი მასალის კვლევითი ანგარიში გამოქვეყნდა ექ. თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მოღვაწეობა პირველი რესპუბლიკის პერიოდში

 
ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებს შორის

1910-იანი წლებში ექვთიმე თაყაიშვილი მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა რიგებში. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თაყაიშვილმა უარი განაცხადა საკათალიკოსო საბჭოს წევრად არჩევაზე. ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი 1917 წელს. ამავე წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში. დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას, იყო არქეოლოგიის კათედრის გამგე.

მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. თაყაიშვილის წინადადება იყო, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის რესპუბლიკის საბჭო ეწოდებინათ, თუმცა უმრავლესობამ ეს აზრი არ გაიზიარა და ტერმინი პარლამენტი ამჯობინა. 1919-1921 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. ამ პარტიამ სულ 8 მანდატი მიიღო. 1919 წლის 18 მარტს თაყაიშვილი არჩეული იქნა კრების თავმჯდომარის მოადგილედ, იყო განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის 22 ივლისს მას დაევალა ეკლესია-მონასტრების მდგომარეობისა და სიძველეების აღწერა. თაყაიშვილა სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა შეაგროვა. თაყაიშვილი მთავრობისგან ითხოვდა ეკლესიისთვის მიწების დაბრუნებას, ფოტოების გამოცემას ალბომის სახით, ეკლესიების მოვლა-პატრონობას, ხოლო წირვა-ლოცვისას გამოუყენებელი სიძველეების დაბინავებას მუზეუმებში. 1920 წლის არჩევნების შემდეგ თაყაიშვილი კვლავ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო წევრი სატერიტორიო კომისიისა, რომელსაც სომხეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიების საკითხის შესწავლა ევალებოდა.

ემიგრაცია (1921-1945)

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა მის წევრებს აუკრძალა ემიგრირებულ მთავრობასთან თანამშრომლობა, რამდენიმე ეროვნულ-დემოკრატი მაინც აღმოჩნდა ემიგრაციაში და მათ შორის იყო ექვთიმე თაყაიშვილიც. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. თაყაიშვილი და მისი მეუღლე არ აუშვეს გემ „ერნს რენანზე“, რომელზეც განძეულობა იყო, რადგან გემი სამხედრო იყო. ისინი სხვა გემით გაყვნენ ხომალდს კონსტანტინიპოლამდე, სადაც განძეულობა გადატანილი იქნა გემზე „ბიენ ჰოა“. ექვთიმე თაყაიშვილი ამ გემზე დაუშვეს. ისინი ტუნისის გავლით ჩავიდნენ მარსელში. მარსელში მოხდა განძეულობისგან სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ქონების გამოყოფა და 39 დაბეჭდილი ყუთი შენახულ იქნა ბანკში.

თაყაიშვილი დასახლდა თავდაპირველად პარიზში, ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე, სასტუმროში, სადაც ქართული დელეგაცია ცხოვრობდა. 1922 წლიდან გადავიდა ლევილში. თაყაიშვილი ემიგრაციაშიც რჩებოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. მონაწილეობდა სხდომებსა და კონფერენციებში. არ უჭერდა მხარს შეიარაღებული აჯანყების მოწყობას. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[5] 1924 წლიდან ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდა და განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე. ამასთან, მისი სტატიები იბეჭდებოდა „ბიზანტიონში“, “Georgica-ში”, „ჟურნალ აზიატიკში“. 1928-31 წლებში შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი, რომელის 55 რვეული შემდგომში საქართველოში ჩაიტანა. საფრანგეთში ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მდგომარეობა 1931 წელს კიდევ უფრო დაამძიმა მეუღლის გარდაცვლებამ. ამის შემდეგ ექვთიმე დროებით ბრიუსელში გადავიდ ასაცხოვრებლად. 1934 წელს მან ფეხი მოიტეხა.

განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. 1926 წელს ფილადელფიაში უნდა გამართულიყო საერთაშორისო გამოფენა აშშ-ის დამოუკიდებლობის 150 წლისთავის აღსანიშნავად. თაყაიშვილს შესთავაზეს, შეერჩია ექსპონატები გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მან უარი განაცხადა. მან ასევე უარი განუცხადა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს მომინანქრებული ხატების მიყიდვაზე. ამ მუზეუმს უკვე შეძენილი ჰქონდა მინანქრების ერთი, ჯუმათის მონასტრიდან წამოღებული კოლქეცია რუსეთის ქალაქ ზვენიგოროდსკიდგან. ბრიტანეთის მუზეუმი ითხოვდა ახალგორის განძიდან ერთი ნივთის შეძენას და სანაცვლოდ პირობას დებდა, რომ გამოყოფდა სხვა ნივთების დაცვის თანხას და გამოსცემდა ალბომებს. თაყაიშვილმა ეს მოლაპარკებაც ჩაშალა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. პროცესი შვიდ წელს გაგრძელდა.

ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. გახსნილი იქნა ყუთები და განძეულობა მარსელიდან პარიზში გადაიტანეს. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ-ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.

 
„თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.“
(ექვთიმე თაყაიშვილი)

ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953)

 
ექვთიმე ღვთისკაცის ხატი

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს განძით დატვრითული ამერიკული თვითმფრინავით თბილისში დაბრუნდა. იმავე წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს პროფესორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე, ხოლო 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

1951 წელს დააპატიმრეს ექვთიმეს შვილიშვილი ლიდა პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში. 1952 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“ მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე ვაკის სასაფლაომდე, მისი ნეშტი მხოლოდ ორმოცდარვა ადამიანმა გააცილა.

ხსოვნა

 
ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი თბილისში

1963 წელს, დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

1982 წლის 30 მაისს თაყაიშვილის მშობლიურ სოფელ ლიხაურში გაიმართა სახალხო დღესასწაული „ექვთიმეობა“, სოფლის ცენტრში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მხატვარი ანზორ გომართელი, არქიტექტორი რობერტ გოგოლიშვილი). ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი მოეწყო მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი მის შესახებ. 1987 წელს ლევილიდან თბილისში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო-პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტი.

2000 წელს ექვთიმე თაყაიშვილი გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2010 წელს სოფელ ლიხაურის ცენტრში აშენდა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა[6] იმავე წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. 2018 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი ექვთიმე ღვთისკაცი.

 
საფოსტო მარკა ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებით
 
„ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს.“
(პროფესორი მიხაკო წერეთელი)

ბიბლიოგრაფია

ლიტერატურა

  • ჯანელიძე, ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 180-181.
  • მეტრეველი, რ., მეგრელიძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 593-595.
  • „ექვთიმე თაყაიშვილი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 4 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1965 წელი. — გვ. 35-46
  • „მშვენიერების ტყვეობაში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 19 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 5-9
  • ხვადაგიანი, ი, „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016. — გვ. 242-245, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • თავბერიძე, ი, „ღვთისკაცი ექვთიმე თაყაიშვილი“, თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2007. — გვ. 242-245, ISBN 978-99940-852-0-0.
  • „ექვთიმე თაყაიშვილი 150“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბ., 2013
  • ლომთათიძე, გ., „ქართული კულტურის მემატიანე: ექვთიმე თაყაიშვილი“ — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1990
  • სურგულაძე, ა., ექვთიმე თაყაიშვილი — თბილისი, 1977
  • კელენჯერიძე, ე., „აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის არქივი“ — „მეცნიერება“, თბილისი, 1972
  • მეგრელიძე, ი. „რუსთველოლოგები“, — თბილისი, 1970
  • აფაქიძე, ა., „აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი“ — „მეცნიერება“, თბილისი, 1966
  • კელენჯერიძე, ე., „აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის შრომათა ბიბლიოგრაფია“ — საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი 1963
  • მეტრეველი, რ., ბადრიძე, ი., „ექვთიმე თაყაიშვილი“ — თბილისი, 1962
  • წერეთელი, მ. ექვთიმე თაყაიშვილი, ჟურნალი „ბედი ქართლისა“, N16, გვ. 8-12 — 1954 წ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების ზუსტი თარიღი 1tv.ge
  2. თაყაიშვილი ე., „რჩეული ნაშრომები“, ტ. I, 1968, გვ. 182
  3. Е. Такаишвили, «Грузинския надписы Ахталы», Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып 29, 1901 г. ст. 138
  4. „ძველი საქართველო“, ტ. III, 1913-14, განყ. მესამე, გვ. 54
  5. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.
  6. ექვთიმე თაყაიშვილი, ერისკაცობის ეტალონი ამერიკის ხმა, კვირა, 20 იანვარი, 2013