ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

(გადამისამართდა გვერდიდან ედპ)
ეს სტატია თანამედროვე პარტიას ეხება. ისტორიული პარტიის შესახებ იხილეთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ისტორიული).

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) — მემარჯვენე პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე 1980-იან და 1990-იან წლებში, როდესაც მისი თავმჯდომარე იყო გიორგი ჭანტურია. პარტია თავს მიიჩნევს პირველი რესპუბლიკის პერიოდის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მემკვიდრედ. ამჟამად პარტიის თავმჯდომარეა ბაჩუკი ქარდავა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა
ისტორია
დაფუძნდა 30 აგვისტო, 1988
პოზიციები
იდეოლოგია ქრისტიანული დემოკრატია
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
1 / 150
ფერები     
შტაბ-ბინა თბილისი, რუსთაველის გამზირი N21
ndp.ge

პარტია დაარსდა 1981 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. ეროვნული მოძრაობის დაწყების წლებში, 1988 წელს სწორედ ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ ინიციატორები ნოემბრის მასშტაბური აქციისა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. გიორგი ჭანტურია ეროვნული მოძრაობის წლებში ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მოვლენების გადატანას კონფლიქტურ რეგიონებში, რადგან ეროვნულ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ეს მყარ ნიადაგს უქმნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს კონფლიქტების გაღრმავებისთვის. ეროვნულ-დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ 1989 წელს ცხინვალის რეგიონში გამსახურდიას მიერ ორგანიზებული მიტინგის ჩატარებას, რადგან მიაჩნდათ, რომ იყო საშიშროება ქართველ და ოს ხსალხს შორის ურთიერთდაპირისპირების, რასაც მართლაც მოჰყვა ქვეყნის ინტერესებისათვის არასასურველი შედეგები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 1990 წელს იყო „ეროვნული კონგრესის“ თანადამფუძნებელი. „მრგვალი მაგიდის“ მიერ „ეროვნული ფორუმის“ დატოვებისა და ოფიციალურ არჩევნებში მონაწილეობის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა ოპოზიციას და მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე 1990 წლის შემოდგომაზე.

1990–1991 წლებში იყო ზვიად გამსახურდიას, ხოლო შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია. 1993–1995 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყო უმცირესობაში, 1993 წლებში პარტია ფლობდა რამდენიმე მინისტრის პოსტს, რომელიც საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა და გადავიდა შევარდნაძის რადიკალურ ოპოზიციაში. ედპ და მისი ლიდერი გიორგი ჭანტურია წარმოადგენდა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას. გიორგი ჭანტურია ღიად აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მოდიოდა. 1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი ირინა სარიშვილი. პარტიამ წარმატებას მიაღწია 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.

ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია „სახალხო პარტია“. ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე. 1999 წლის არჩევნებში ის მონაწილეობდა რესპუბლიკელებთან და მრეწველთა პარტიასთან პოლიტიკური ალიანსში „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი — მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოჰყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში.

2003 წლის არჩევნებში ედპ გაწევრიანდა ალიანსში „ახალი საქართველოსთვის“ მმართველ მოქალაქეთა კავშირთან ერთად. ალიანსმა, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთაო მღელვარება გამოიწვია, რაც ვარდების რევოლუციით დასრულდა. ამის შემდეგ, 2003 წლის დეკემბერში, ირინა სარიშვილს პარტიის პრეზიდიუმმა დაატოვებინა პარტიის ლიდერის პოსტი და თავმჯდომარე გახდა ბაჩუკი ქარდავა.

2004 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა პარტიის ლიდერთა ნაწილი, რომელთაც პარტია დატოვეს 1996 წელს განხეთქილების შემდეგ. ედპ მონაწილეობდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტრადიციონალისტთა პარტიასთან ერთად, მაგრამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. 2008 წლის ნოემბერში პარტიამ მოიგო შუალედური არჩევნები დიდუბის საარჩევნო ოლქში და მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანა გურამ ჩახვაძე. პარტია მონაწილეობას იღებდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღო. მას შემდეგ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა შედიოდა საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიაში.

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[1]

პოლიტიკური პლატფორმა

რედაქტირება

1990-იანი წლების დასაწყისში პარტია მხარს უჭერდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წამყვან როლს სახელმწიფოს მართვაში. საქართველოს სამოქალაქო ომისა და პრეზიდენტ გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ ეროვნულ-დემოკრატები ემხრობოდნენ კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრების იდეას.

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
1992 საპარლამენტო მოიპოვა 12 მანდატი
1995 საპარლამენტო 7,95% მოიპოვა 34 მანდატი
1999 საპარლამენტო 4,45% ვერ გადალახა ბარიერი
2004 საპარლამენტო 2,5% ვერ გადალახა ბარიერი
2012 საპარლამენტო 0,14% ვერ გადალახა ბარიერი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერები დასრულდა